globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მასმედიაში 10 დეკემბერი, 2014 წელი

Posted by Globalresearch on Dec 10th, 2014 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთი): გერმანიამ საქართველო ვერ დაარწმუნა
«Каспiй» (აზერბაიჯანი): „ლოდი დაბრკოლებისა“: აზერბაიჯან-საქართველოს დელიმიტაცია 2015 წელს დასრულდება
«Арка» (სომხეთი): „აფხაზეთის რკინიგზის ამუშავების გარეშე სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სრულფასოვანი წევრი ვერ იქნება“
«Frankfurter Allgemeine» (გერმანია): ჯიჰადის შემტევი ჯგუფი // მუსლიმ აბუ-ვალიდი – პანკისელი მურად მარგოშვილი
———————-

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 10 დეკემბერი, 2014 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2629833

გერმანიამ საქართველო ვერ დაარწმუნა
გიორგი დვალი, თბილისი
გუშინ დასრულებული თბილისური ვიზიტის დროს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი შეეცადა გაეფანტა საქართველოს ხელმძღვანელთა ეჭვები ბერლინის მხარდაჭერის თაობაზე ნატოში გაწევრიანებასთან მიმართებით („როდესმე, მომავალში“), თუმცა მიანიშნა, რომ ახლა გერმანიისათვის და შესაბამისად, ალიანსისათვის მთავარ პრობლემას უკრაინის კრიზისის დარეგულირება წარმოადგენს.
გერმანული დიპლომატიური უწყების მეთაური შეხვდა თავის ქართველ კოლეგას – თამარ ბერუჩაშვილს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს. ქართველი საგარეო საქმეთა მინისტრმა სტუმარს შესჩივლა, რომ რუსეთმა აფხაზეთთან სამოკავშირეო და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმაო და აცნობა, რომ მოსკოვი მსგავს დოკუმენტზე ხელმოწერას ახლა სამხრეთ ოსეთთანაც ცდილობსო. თავის მხრივ, გერმანელ მინისტრს საქართველოს ყოფილ ავტონომიებთან რუსეთის ხელშეკრულებებზე არაფერი უთქვამს, სამაგიეროდ აღნიშნა, რომ საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირთან წარმატებით მიმდინარეობს: „ჩვენ უკვე ერთი ნაბიჯიღა გვაშორებს უვიზო რეჟიმისაგან“, – განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.
ბერლინიდან თბილისში ჩასული სტუმარი შეეცადა აგრეთვე გაეფანტა საქართველოს ხელისუფლების ეჭვები, თითქოსდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს წევრობის მთავარ ოპონენტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა წარმოადგენს. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა: „ჩვენ სრულიად მხარს ვუჭერთ ბუქარესტის სამიტის დადგენილებას: საქართველო როდისმე აუცილებლად გახდება ნატოს წევრი“. მისი თქმით, უელსის სამიტზე სწორედ გერმანიამ მოითხოვა დაბეჯითებით, რომ საქართველოს „თანამშრომლობის განსაკუთრებული პაკეტი“ გადაცემოდა, რომლის ჩარჩოებში უახლოეს მომავალში ალიანსი თბილისში სამხედრო-საწრთვნელ ცენტრს გახსნის.
თუმცა უნდა ითქვას, რომ ვიზიტის დროს ბატონმა შტაინმაიერმა ყურადღება უმთავრესად მაინც უკრაინის ამბებს დაუთმო. ალბათ, სწორედ ამის გამო შეაქვს თბილისს ეჭვი გერმანიის განცხადებებში, რომ ბერლინი თითქოსდა მხარს უჭერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრად მიღებას.
როგორც დიპლომატიური აკადემიის რექტორმა სოსო ცინცაძემ „კომერსანტს“ განუცხადა, „საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული დიპლომატიური ფრაზეოლოგია უკვე ნიკიტა ხრუშჩევის დაპირებას ემსგავსება, რომლის თანახმად, საბჭოთა მოქალაქეები მალე კომუნიზმში იცხოვრებდნენ“.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 9 დეკემბერი, 2014 წელი

http://www.kaspiy.az/news.php?id=20256

„ლოდი დაბრკოლებისა“: აზერბაიჯან-საქართველოს დელიმიტაცია 2015 წელს დასრულდება
სალეჰ ბაიათი
(შემოკლებით)
აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის მკაფიოდ განსაზღვრის პროცესი შესაძლოა უკვე მომავალ წელს დასრულდეს, – დაარწმუნა ჟურნალისტები აზერბაიჯანის საგარეო საქმეტა მინისტრის მოადგილემ ხალაფ ხალაფოვმა. მისი თქმით, სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის კომისია აპირებს მომავალი წლისათვის დაასრულოს მუშაობა საზღვრების იმ მონაკვეთების მიმართ, რომლებიც ჯერ კიდევ არაა შეთანხმებული [ქართულ მხარესთან] და რომლის სიგრძე საზღვრის საერთო პერიმეტრის ერთ მესამედს შეადგენს.
აზერბაიჯან-საქართველოს 480-კილომეტრიანი საზღვრიდან 160 კილომეტრი ჯერ კიდევ შეუთანხმებელია. მისი დელიმიტაცია (რუკაზე ზუსტად მონიშვნა) და დემარკაცია (ადგილზე გაყვანა) ჯერ კიდევ 1996 წელს დაიწყო ორმხრივ მთავრობათაშორისო კომისიის სხდომებზე, მაგრამ უკვე 2007 წელს გადაულახავი პრობლემა გაჩნდა: „დაბრკოლების ლოდად“ იქცა კულტურული და რელიგიური ღირსშესანიშნაობა – უმნიშვნელოვანესი სამონასტრო კომპლექსი ქეშიშ-დაღი, რომელიც ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობს, თბილისიდან სამხრეთ-არმოსავლეთით, 60 კილომეტრის მოშორებით.
ტერიტორიული დავა 1991 წლიდან გრძელდება. იყო მომენტები, როცა დავა დესტრუქციულ მონოლოგებში გადაიზრდებოდა ხოლმე. ქართულ მხარეს ერთი არგუმენტი აქვს: „ქართველები ქრისტიანები არიან და ამიტომაც მათ ხელში კოზირები აქვთ“. ამავე დროს ისიც უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ალბანური ეკლესია მდებარეობს, რომლებთანაც ჩვენს მოსახლეობას პირადპირი კავშირი აქვს და მისი ბრალი სულაც არ არის, რომ ისტორიული პირობები ისე ჩამოყალიბდა (მოსახლეობის ისლამიზაცია, ქრისტიანული კულტურის ძეგლების „პრივატიზება“ მეზობლების – საქართველოსა და სომხეთის მიერ).
მაგრამ დავუბრუნდეთ მთავარ საკითხს: ქეშიშ-დაღი წარმოადგენს წმინდა დავითის ლავრას, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის ტერიტორიის გამყოფი მთის ორივე მხარესაა გაფენილი. ქართველები მონასტერს „დავით გარეჯს“ უწოდებენ და ეროვნული კულტურის უმნიშვნელოვანეს ძეგლად მიიჩნევენ. ასე რომ, ეს საკითხი მტკივენეულია როგორც ჩვენი სახელმწიფოსათვის, ასევე ქართული საზოგადოებისთვისაც. სხვათა შორის, ქართველი ბერ-მონაზვნები, რომლებიც მონასტერში ცხოვრობენ, ტურისტებს ეუბნებიან, რომ ყველაფერი ის, რაც ამ კულტურული ძეგლის ირგვლივ ხდება, იმ გეგმის ნაწილია, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდშია შემუშავებული ქართველ-ქრისტიანებსა და აზერბაიჯანელ-მუსულმანებს შორის შუღლის ჩამოგდების მიზნითო.
ქართულმა მხარემ არერთხელ შესთავაზა აზერბაიჯანს წინადადება ტერიტორიის გადაცვლის თაობაზე, მაგრამ განა მისაღებია ასეთი ვარიანტი? გასაგებია, რომ ამ კომპლექსს საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არა მარტო მისთვის… ოფიციალური თბილისი და სხვა მეზობლები ცდილობენ, რომ აზერბაიჯანი ქრისტიანული ველიდან მთლიანად გააძევონ… შეიძლებოდა ბევრი გველაპარაკა ამ მცდელობების მიზეზებზე, მაგრამ ერთს ავღნიშნავთ: „ამ საკითხზე ვაჭრობა უადგილოა“ იმიტომ, რომ ჩვენი აზრით, ეს შუა საუკუნეების კომპლექსი ალბანური წარმოშობისაა, ხოლო თვით აღმოსავლეთ საქართველო კავკასიის ალბანეთის ნაწილი იყო.
სიტუაციის გამწვავებაზე გავლენა იმანაც მოახდინა, რომ 1970-იანი წლების ბოლოს მდინარე ალაზანმა, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის სსრ-ებს ჰყოფდა სიღნაღის რაიონის ტერიტორიაზე, კალაპოტი შეიცვალა და ამის შედეგად ჩვენი თანამემამულეების მიერ ათვისებული მიწები მდინარის იქით მხარეს დარჩა. საქართველომ 1980-იანი წლებში იქ სოფელი ერისიმედი გაააშენა და მასში აჭარელი და პანკისელი მიგრანტები ჩაასახლა. ფორმალურად, ეს საქართველოს ტერიტორიაა, მაგრამ ჩვენი მხარე აცხადებს, რომ „ქეშიშ-დაღისა“ და ხსენებული სოფლის ტერიტორია აზერბაიჯანს ეკუთვნის.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის მოვალეობის შემსრულებელმა ჰიქმეთ გაჯიევმა გაზეთ „კასპიის“ კორესპონდენტს ვრცელი კომენტარის გარეშე განუცხადა, რომ აზერბაიჯანი მომხრეა საქართველოსთან ტერიტორიული უთანხმოების საკითხი ტრადიციული კეთილმეზობლობისა და ურთიერთგაგების საფუძველზე გადაიჭრას.
არის თუ არა ასეთი პასუხი „სინათლედ გვირაბის ბოლოს“, ამას დრო გვაჩვენებს.

«Арка» (სომხეთი), 9 დეკემბერი, 2014 წელი

http://arka.am/ru/news/economy/bez_zapuska_abkhazskogo_uchastka_transkavkazskoy_zh_d_armeniya_ne_budet_polnotsennym_chlenom_eaes_ek/

„აფხაზეთის რკინიგზის ამუშავების გარეშე სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სრულფასოვანი წევრი ვერ იქნება“
სომხეთში ამ დღეებში სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის („მგიმო“) თანამშრომლები – მიხეილ ვოლკონსკი და ნიკოლაი სილაევიც მონაწილებდნენ.
სომეხმა მკვლევარმა არამ საფარიანმა კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება თემაზე „რუსეთი და სომხეთი: ინტეგრაცია გლობალური კრიზისის ფონზე“.
ავტორის აზრით, სომხეთი ვერ იქნება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სრულუფლებიანი წევრი ტრანსკავკასიური რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის ამუშავების გარეშე. ამ გზის გახსნა სომხეთისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს. ვლადიმერ პუტინმაც სწორედ ამიტომ განაცხადა, რომ სოხუმიდან თბილისისა და ერევნის მიმართულებით სატრანზიტო რკინიგზის გახსნა შესაძლებელია. სომხეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციების, პოლიტიკური წრეებისა და მასმედიის ამოცანაა მიაქციონ ყურადღება ყველას, ვინც კი აფხაზეთის რკინიგზის ამუშავების, აგრეთვე დაღესტან-საქართველოს გზატკეცილის მშენებლობის მხარდამჭერად გამოდის. როგორც ავტორი აღნიშნავს, დაღესტან-საქართველოს გზის ერთი მიმართულება სომხეთისკენ, ხოლო მეორე – თურქეთისაკენ შეიძლება იყოს. „სრულიად აშკარაა, რომ ამ პროექტების რეალიზების გარეშე ევრაზიული სივრცის სატრანსპორტო კომუნიკაციებით დაკავშირება ვერ მოხერხდება, შესაბამისად, სომხეთი ვერანაირად ვერ იგრძნობს თავს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სრულფასოვან წევრად“, – ასკვნის არამ საფარიანი.

«Frankfurter Allgemeine»(გერმანია), 10 დეკემბერი, 2014 წელი

http://www.faz.net/aktuell/politik/ausland/naher-osten/krieg-in-syrien-der-stosstrupp-des-dschihad-13306794.html

ჯიჰადის შემტევი ჯგუფი
მუსლიმ აბუ-ვალიდი – პანკისელი მურად მარგოშვილი
სირიასა და ერაყის ჩრდილოეთში მეომარ ჯიჰადისტებს შორის განსაკუთრებული პატივიცემით სარგებლობენ ჩეჩნები, რადგან ისინი გამოცდილი მებრძოლები არიან – მათ საბრძოლო ნათლობა ჯერ კიდევ რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილებთან შეტაკებებში მიიღეს, – ნათქვამია გაზეთ „ფრანკფურტერ ალჰემაინე ცაიტუნგის“ (გერმანია) პოლიტიკური მიმომხილველის მარკუს ვენერის სტატიაში.
ჩეჩენ მებრძოლებს შორისაა ერთ-ერთი ბრიგადის მეთაური, 42 წლის მუსლიმ აბუ-ვალიდი. „გარეგნულად იგი მკაცრ საველე მეთაურს ნაკლებად ჰგავს, მას გრძელი ქერა თმა აქვს, ჟღალი წვერი და ცისფერი თვალები, რის გამოც აბუ-ვალიდი დიდსულოვან და კეთილ ადამიანად მოგეჩვენებათ, – წერს ჟურნალისტი, – მაგრამ სინამდვილეში ეს კაცი, რომელსაც ხშირად „ვიკინგსაც“ ეძახიან, გერმანიიდან სირიაში წასული მრავალი ისლამისტის კერპად ითვლება. გერმანელი კონტრმზვერავების თქმით, აბუ-ვალიდი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა ადგილობრივ ჯიჰადისტებში და ძალიან ბევრს სწორედ მასთან ერთად სურდა ბრძოლა. სირიაში მუსლიმ აბუ-ვალიდი მოძრაობა „იუნულ ალ-შამ“-ის („სირიელი ჯარისკაცების“) ხელმძღვანელია.
მუსლიმ აბუ-ვალიდის ნამდვილი სახელი და გვარია მურად მარგოშვილი. მისი საგვარეულო საქართველოში, ჩეჩნეთის საზღვართან ახლოს, პანკისის ხეობაში ცხოვრობს და რეგიონში ერთ-ერთ გავლენიან კლანად ითვლება. ხეობის მოსახლეობა შვიდი ათასამდე ქისტისაგან [ეთნიკური ჩეჩენი] შედგება. ჩეჩნეთის წინააღმდეგ განხორციელებულ ორივე რუსულ კამპანიაში პანკისის ხეობას ჩეჩენი „ბოევიკები“ თავშესაფრად იყენებდნენ, რის გამოც რუსეთი დაბომბვით იმუქრებოდა. მურად მარგოშვილი მსახურობდა საბჭოთა კავშირის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ჯარებში, რომლის ერთ-ერთი სამხედრო ბაზა მონღოლეტში იყო დისლოცირებული. იგი რუსეთის ანტიჩეჩნური კამპანიის დროს ჰატაბის რაზმში იბრძოდა.
2003 წელს მურად მარგოშვილი, რომელიც, როგორც ამბობენ, ამ დროისთვის უკვე კონტრაბანდულ საქმეებში მონაწილეობდა (მადაევის გვარით), რუსებს ტყვედ ჩაუვარდა, თუმცა ორი წლის შემდეგ როგორღაც გაათავისუფლეს და საქართველოში დაბრუნდა.
„2008 წელს მურად მარგოშვილი ექსტრემიზმის კერაში – დაღესტანში გამოჩნდა. სწორედ იქ დაირქვა მან სახელად მუსლიმ აბუ-ვალიდი. რაც დრო გადიოდა, კრემლის სპეცსამსახურების გავლენის გაფართოების გამო, „კავკასიის ემირატის“ მებრძოლებს რუსეთში ბრძოლა უძნელდებოდათ. „გარდა ამისა, საქართველოშიც ძველებურად აღარ ხერხდებოდა საიმედო თავშესაფრით სარგებლობა, – წერს მარკუს ვენერი, – 2012 წლის ზაფხულში ლოპოტის ხეობაში მოხდა შეტაკება საქართველოს სპეცსამსახურებსა და ჩეჩენთა შეიარაღებულ რაზმს შორის. ამის შემდეგ მურად მარგოშვილი იძულებული გახდა სირიაში წასულიყო“.
სპეცსამსახურების მონაცემებით, სულ ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში დაახლოებით ათასამდე ჩეჩენი და სხვა ჩრდილოეთკავკასიური წარმოშობის მქონე „ბოევიკი“ იბრძვის. მათ მიაჩნიათ, რომ იქ ისინი რუსეთს ებრძვიან, რადგან სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი კრემლის მოკავშირეა. ჩეჩნებს „ისლამურ სახელმწიფოში“ დიდ პატივს სცემენ: იქ არის კიდევ ერთი გავლენიანი ჩეჩენი აბუ-ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი, რომელიც მურად მარგოშვილის სამშობლოდანაა – საქართველოში მდებარე პანკისის ხეობიდან. თარხანი საქართველოს არმიაში მსახურობდა და ცნობილი „ხუთდღიანი ომის“ დროს რუსებს სამხრეთ ოსეთში ებრძოდა, შემდეგ კი, 2012 წელს, სირიაში საომრად წავიდა, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

Comments are closed