globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 11 იანვარი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jan 11th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ ჯოშუა კუჩერასთან: „აშშ საქართველოს, სამხედრო თვალსაზრისით, ასე აქტიურად არასოდეს დახმარებია, მაგრამ არავინ იცის, ასე გაგრძელდება თუ არა“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): რუსეთი გალის ქართველობის იზოლაციას აგრძელებს

«TRT – რადიო თურქეთის ხმა» (თურქეთი): „მემლექეთზე ფიქრებით“ //

თურქეთში მცხოვრები ქართველები ოფიციალურად „ქართული წარმომავლობის თურქებად“ იწოდებიან, არაოფიციალურად – „გურჯები“ არიან, ერთმანეთისთვის კი –  „ჩვენებურები“

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 11 იანვარი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/joshua-kucera-interview/3670284.html

ინტერვიუ ჯოშუა კუჩერასთან: „აშშ საქართველოს, სამხედრო თვალსაზრისით, ასე აქტიურად არასოდეს დახმარებია, მაგრამ არავინ იცის, ასე გაგრძელდება თუ არა“

ანა კალანდაძე

„ამერიკის ხმა“ აშშ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე, საქართველოში სენატორების ჯონ მაკკეინის, ლინდსი გრემის და ემა კლობუჩარის ვიზიტის მნიშვნელობასა და აშშ-ის პოლიტიკის სხვა პერიპეტიებზე პორტალ “ევრაზიანეტის” კავკასიის რედაქციის მთავარ რედაქტორს ჯოშუა კუჩერას ესაუბრა.

„ამერიკის ხმა“: როგორ შეაფასებდით სამი სენატორის (ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრემი, ემა კლობუჩარი) ორპარტიულ დელეგაციას საქართველოში და რა გზავნილი მიიღეს ამ ვიზიტით მოსკოვსა და ვაშინგტონში?

ჯოშუა კუჩერა: ცხადია, მათ იმის ჩვენება სურდათ, რომ დღევანდელი გაურკვევლობის მიუხედავად, თუ როგორი იქნება აშშ-ის პოლიტიკა რუსეთისა და მისი მეზობლების მიმართ, შეერთებული შტატების მთავრობის ერთი ნაწილი კვლავ საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი და რუსეთის მოწინააღმდეგეა. მოგზაურობის მარშრუტიც – ბალტიისპირეთი, უკრაინა და საქართველო – ცხადყოფს დელეგაციის გზავნილებს, რომელიც რუსეთისა და ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპისათვის იყო განკუთვნილი: თუ დონალდ ტრამპი აპირებს, რომ რუსეთისა და საქართველოს მიმართ ამერიკის პოლიტიკა კარდინალურად შეცვალოს, კონგრესი მას წინ აღუდგება.

„ამერიკის ხმა“: შეძლებენ თუ არა აღნიშნული სენატორები აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციაზე გავლენის მოხდენას საკუთარი პოზიციების დასაცავად და რეგიონის ქვეყნების გვერდში დგომას?

ჯოშუა კუჩერა: ვფიქრობ, თუ დონალდ ტრამპმა პოლიტიკის შეცვლა ისურვა, ბევრ წინააღმდეგობას შეხვდება კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, პენტაგონსა და სხვა სამთავრობო უწყებებში. შესაძლოა, სენატორების ვიზიტი არჩეულ პრეზიდენტთან საჯარო ოპონირების მცდელობა იყო.

„ამერიკის ხმა“: რისი თქმა მოახერხეს მათ ოფიციალური თბილისისთვის და რა იყო აქ ყველაზე საყურადღებო?

ჯოშუა კუჩერა: მე რომ ქართველი ვიყო, ჩემ თავს ვკითხავდი, რითაა დღევანდელი ვითარება განსხვავებული იმისაგან, რასაც უკანასკნელი ათი წელია ვხედავთ. კვლავ გვესმის გზავნილები საქართველოს მიმართ ამერიკის მადლიერებისა და ორი ქვეყნის მტკიცე მეგობრობის შესახებ, მაგრამ იცავს ეს გზავნილები საქართველოს რუსეთისაგან? არა. ჩვენ ეს 2008 წელსაც ვნახეთ. არა მგონია, მას შემდეგ თვისობრივად რაიმე შეცვლილიყოს. ამგვარად, ქართველი რომ ვიყო, ამ ყველაფერს ეჭვით შევხედავდი. მეჩვენება, რომ ეს სტუმრობა სენატორებისათვის კამერებთან პოზირების საშუალება იყო, რაც სინამდვილეში ბევრს არაფერს ნიშნავს. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია ამერიკის პოლიტიკის წვრილმანებს გადავავლოთ თვალი.

„ამერიკის ხმა“: როგორ ფიქრობთ, რამდენად მტკიცედ შეეცდება აშშ-ის მომავალი ადმინისტრაცია საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას და მისი ინტერესების დაცვას რუსეთთან დიალოგის თუ ოკუპაციონისტური ხელისუფლების ჰიბრიდული ზრახვების, მოქმედებების გასანეიტრალებლად?

ჯოშუა კუჩერა: ჯონ მაკკეინს, ლინდსი გრემსა და ემა კლობუჩარს პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად ბევრი ბერკეტი არ გააჩნიათ. გასულ ზაფხულს შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის ახალი შეთანხმება გააფორმა. ეს შეთანხმება უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის დახმარების მიმართულებას ცვლის. აქამდე აშშ საქართველოს ავღანეთში გასაგზავნი კონტიგენტის მომზადებაში ეხმარებოდა. ამიერიდან აქცენტი გაკეთდება ტერიტორიულ თავდაცვაზე, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა უკეთ დაიცვან ქვეყნის ტერიტორია. ქართველებს ყოველთვის ეს სურდათ. საქართველო სამშვიდობო მისიებში იმიტომ მონაწილეობდა, რომ მისიები მისთვის ერთადერთი ამერიკული სამხედრო დახმარება იყო. ამგვარად, საქართველოსათვის უსაფრთხოების სფეროში ამერიკის დახმარების ტრაექტორია პოზიტიურად შეიცვალა, მაგრამ არავინ იცის, ასევე გაგრძელდება თუ არა 20 იანვრის შემდეგ. ზოგადად, სხვა თუ არაფერი, სამხედრო თვალსაზრისით მაინც ამერიკა საქართველოს ასე აქტიურად არასოდეს დახმარებია.

„ამერიკის ხმა“: უშუალოდ ორმხრივი ურთიერთობების [საქართველო-აშშ] პოტენციაზე რას გვეტყვით?

ჯოშუა კუჩერა: ეს ის თემაა, რომელზეც ჯერჯერობით წარმოდგენა არგვაქვს. მოვლენები, შეიძლება, ორივე მიმართულებით განვითარდეს. დონალდ ტრამპმა ნატოსთან დაკავშირებით ეჭვები უკვე გამოთქვა. ახალი ადმინისტრაცია ნატოს გაფართოებას, ალბათ, ნაკლებ ყურადღებას დაუთმობს. სიმართლე ითქვას, ნატოში შეერთებული შტატების გავლენა არასოდეს ყოფილა ისეთი უსაზღვრო, რომ საქართველო ალიანსში შეეყვანა. ამ მიმართულებით ბევრი არაფერი შეიცვლება. ასე ვიტყოდი: ჯერჯერობით ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს. ნათელია, რომ დონალდ ტრამპმა რუსეთზე ბევრი არაფერი იცის. ნათელია, რომ მას მოსწონს ვლადიმირ პუტინის, როგორც ძლიერი ტიპის იმიჯი. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დონალდ ტრამპსა და რუსეთს საერთო პოლიტიკური ინტერესები აქვთ? ვეჭვობ. არა მგონია, თავად დონალდ ტრამპმა იცოდეს. ჩვენ, მით უმეტეს, წარმოდგენაც კი არა გვაქვს.

„ამერიკის ხმა“: აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის გარდამავალ გუნდს, რუსეთთან მიმართებაში მათ განცხადებებს და არჩეული პრეზიდენტის ნომინაციების დამტკიცების პერსპექტივას როგორ უყურებთ სენატში?

ჯოშუა კუჩერა: არ ვიცი, რა გავლენა აქვს ჯონ მაკკეინს ვაშინგტონში. მეჩვენება, რომ დონალდ ტრამპისა და რუსეთის თემამ მას ენერგია შემატა. ჯონ მაკკეინი ძალიანაა გააქტიურებული. პრესა მას დიდ ყურადღებას უთმობს. მაგრამ მე ყურადღებას [ტრამპის] კაბინეტის წევრებზე უფრო გავამახვილებდი. ბევრი განხილვა და სპეკულაცია მოვისმინეთ. არა მგონია, [კაბინეტის წევრების შესახებ] ვინმეს ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეს. ზოგიერთი მათგანი რუსეთის მიმართ უფრო შემრიგებლურია, ზოგიერთი – ნაკლებად. ვვარაუდობ, რომ მათი ხმა იქნება გადამწყვეტი და არა ჯონ მაკკეინის, რომელსაც დონალდ ტრამპთან ცუდი ურთიერთობა აქვს. არ მესმის, როგორ შეიძლება, მან დონალდ ტრამპს აზრი შეაცვლევინოს. ვნახავთ, შეძლებს თუ არა ჯონ მაკკეინი რუსეთის მიმართ პოლიტიკის შეცვლის საწინააღმდეგოდ კონგრესის დარაზმვას, მათ შორის, დონალდ ტრამპის მიერ რუსეთისაკენ გადადგმული ნაბიჯების წინ აღდგომას.

და ბოლოს, მოკლედ ისევ ჯონ მაკკეინოს ვიზიტზე საქართველოსა და უკრაინაში:

არ ვიტყოდი, რომ ვიზიტი უმნიშვნელო იყო, მაგრამ თითქმის უმნიშვნელო. ისინი გზავნილის გაგზავნას შეეცადნენ. ამ წუთისათვის ყველაფერი ძალიან სათუოა, მაგრამ თუ დონალდ ტრამპი შეეცდება საქართველოსა და რუსეთის მიმართ ამერიკის პოლიტიკის დრამატულად შეცვლას, მთავრობის სხვა შტოებისაგან მას დიდი წინააღმდეგობა შეხვდება. ვფიქრობ, სწორედ ეს შეტყობინება გაეგზავნა მას. რას მოიმოქმედებს ჯონ მაკკეინი, რა გავლენას მოახდენს სენატორების ვიზიტი, არ ვიცი, მაგრამ ვხედავთ ნიშნებს, რომ პოლიტიკის შეცვლა ყველას არ მოეწონება.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 11 იანვარი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-abkhazia-russian-invaders-isolate-the-gali-area/3670156.html

რუსეთი გალის ქართველობის იზოლაციას აგრძელებს

ზაზა წულაძე

რუსული საოკუპაციო რეჟიმი აფხაზეთში, საოკუპაციო ზონაში მცხოვრები ადამიანებისთვის, ერთი-ერთი ფუნდამენტური – თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვის პოლიტიკას აგრძელებს. ოკუპანტების გეგმის მიხედვით, 2017 წელს, მდინარე ენგურზე მხოლოდ ერთი „საკონტროლო-გამშვები პუნქტი“ დარჩება, ყველა დანარჩენი კი გაუქმდება. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დაიკეტება ნაბაკევი-ხურჩას, ოტობაია-ორსანტიას და საბერიო-ფახულანის დამაკავშირებელი „გამშვები პუნქტები“. ამ გზებით, ყოველდღიურად, ოკუპირებული გალის რაიონის ათასობით მცხოვრები სარგებლობს. დილით, ზუგდიდის რაიონში გადმოდის, საღამოს, საოკუპაციო საზღვრის ჩაკეტვამდე კი ისევ უკან ბრუნდება.

რუსულ-აფხაზური გეგმის მიხედვით, ეს გადასასვლელები 2017 წლის თებერვლის ბოლომდე უნდა დაიხუროს. საოკუპაციო საზღვარზე კი მხოლოდ ერთი გადასასვლელი დარჩება: მდინარე ენგურის ხიდი, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხსა და გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯს აკავშირებს. რუსები ასევე ტოვებენ, ერთ ტექნიკურ გადასასვლელს, ამ გზით მხოლოდ „ენგურ ჰესის“ თანამშრომლები სარგებლობენ.

ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების აზრით, ეს გადაწყვეტილება უკიდურესად გაართულებს ზუგდიდის რაიონში გადმოსვლას, შექმნის დამატებით რიგებს ენგურის ხიდზე, სადაც ახალი საშვების გამო. ისედაც პრობლემები ექმნებათ. სოფელ ქვემო ბარღების მცხოვრებლების, კერძოდ, ერთ-ერთი ქალბატონის თქმით, „ე.წ მე-9 ფორმაზე ბეჭდებს გვირტყამენ და ისე გადმოვდივართ. თუ, ბევრი ბეჭედია დასმული ამ ფორმაზე გვიჭერენ და არ გვიშვებენ. ხან აქვთ ბრძანება რომ გადმოგვიშვან, ხან – არა. ამას წინათ კამათი გვქონდა და არ გადმომიშვეს. წარმომიდგენია ერთ გადასასვლელს რომ დატოვებენ, იქ რა იქნება“. ბარღებელი მამაკაცის თქმით, „რუსი ოფიცრები გალში ხალხს პირდაპირ ეუბნებიან, რომ აწი გენოციდს აღარ მოგიწყობთ, თქვენ თვითონ იქნებით იძულებულნი რო დატოვოთ გალის რაიონიო.“

ოკუპირებულ აფხაზეთში ზუგდიდის რაიონთან დამაკავშირებელი „საკონტროლო-გამშვები პუნქტების“ გაუქმება სეპარატისტების ამჟამინდელი ლიდერის რაულ ხაჯიმბას წინასაარჩევნო დაპირება იყო.

რაულ ხაჯიმბა 2004, 2009 და 2011 წლებში ზედიზედ 3-ჯერ დამარცხდა „საპრეზიდენტო არჩევნებში“ და სამივეჯერ გალის რაიონის ქართველობის ხმების “წყალობით”. დამატებითი გადასასვლელები მდინარე ენგურზე, 2013 წელს, სწორედ რაულ ხაჯიმბას მოწინააღმდეგე დე ფაქტო „პრეზიდენტმა“ ალექსანდრე ანქვაბმა გახსნა, რომელსაც გალში დიდი მხარდაჭერა ჰქონდა.

2014 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც მოსკოვის დახმარებით, რაულ ხაჯიმბამ ალექსანდრე ანქვაბი აფხაზეთიდან გააძევა, მან საარჩევნო ხმის გარეშე დატოვა ეთნიკური ქართველებიც, გააუქმა რა მათზე გაცებული „აფხაზური პასპორტები“ და შედეგად, უპრობლემოდ მოიგო რიგგარეშე „საპრეზიდენტო“ არჩევნები.

ენგურზე არსებული გადასასვლელების ჩაკეტვა, რუსი მესაზღვრეების მხარდაჭერით, რაულ ხაჯიმბამ 2016 წლის აპრილში, თაგილონი-შამგონას დამაკავშირებელი ხიდის გადაჭრით დაიწყო, რასაც მალევე, ლეკუხონა-ფახულანის გამშვები პუნქტის გაუქმებაც მოჰყვა. ამჟამად, რიგში კიდევ სამი გადასასვლელის დაკეტვაა. რუსეთის საოკუპაციო ძალების პოზიციაა, რომ მდინარე ენგურის გასწვრივ, საავტომობილო გზის მოწესრიგება, ავტობუსების დანიშვნა და ენგურის ხიდზე მიმდინარე რეაბილიტაცია, ასევე ხიდზე უფასოდ მოძრავი გაერო-ს მიკროავტობუსი, მოსახლოებას მიმოსვლას პირიქით გაუადვილებს.

რუსულ-აფხაზურ მორიგ სეგრეგაციულ გეგმას, ოფიციალური თბილისი ისევ ვერაფერს უპირისპირებს და მხოლოდ საერთაშორისო მხარდაჭერის იმედზეა დარჩენილი. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი ამბობს: „ეს არის დაუშვებელი და მიუღებელი. აუცილებელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის, ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯომარეებმა ქმედითი ზომები მიიღონ, იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლება – რაც არის თავისუფლად გადაადგილების უფლება იყოს უზრუნველყოფილი“.

საქართველო სახალხო დამცველმა ოკუპირებულ აფხაზეთში თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვის გამო, მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა, როგორც ამ ზონაში კონტროლის განმახორციელებელ ერთადერთ ქვეყანას.

უჩა ნანუაშვილის შეფასებით, გამშვები პუნქების გაუქმება „ზღუდავს გალის რაიონის მკვიდრთა გადაადგილების თავისუფლებას, უქმნის მათ გაუმართლებელ დაბრკოლებებს ჯანდაცვის, განათლების, ვაჭრობის, ოჯახური კავშირების შენარჩუნების მიმართულებით“.

ოკუპირებულ ზონაში მცხოვრები მოქალაქეების იძულება ისარგებლონ მხოლოდ ენგურის ხიდით, სახალხო დამცველის აზრით, „ნიშნავს მეტი დროისა და ფინანსების ხარჯვას და გალის მოსახლეობის კიდევ უფრო იზოლაციას”.

ეს პოლიტიკა გაზრდის უკანონო დაკავებების რიცხვს, ვინაიდან, ადგილობრივები იძულებულნი გახდებიან, ზუგდიდის რაიონში, შემოვლითი გზებით გადმოვიდნენ.

«TRT – რადიო თურქეთის ხმა» (თურქეთი), 10 იანვარი, 2017 წელი

http://www.trt.net.tr/georgian/programebi/2017/01/04/memlek-et-ze-p-ik-rebit-1-2017-644345

მემლექეთზე ფიქრებით

თურქეთში მცხოვრები ქართველები ოფიციალურადქართული წარმომავლობის მქონე თურქებადიწოდებიან, არაოფიციალურადგურჯებიარიან, ერთმანეთისთვის კიჩვენებურები

მარიამ გაფრინდაშვილი

მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა, სახელწოდებით „მემლექეთზე ფიქრებით“. ჩვენ, რადიო „თურქეთის ხმის“ კოლეგიურმა ჯგუფმა გადავწყვიტეთ, რომ მოვიდა დრო ვისაუბროთ თურქეთელ ქართველებზე, მათ ცხოვრებასა და საქმიანობაზე.

თურქეთელი ქართველების ხსენებისას სიფრთხილე მმართებს, რადგანაც თუკი მათ საქართველოს ქართველებისგან განსხვავებულ ეთნოსად მოვიხსენიებ, ვიცი, რომ მათი კრიტიკის ქარცეცხლში გავეხვევი. თუმცა ერთი რამ ისედაც ცხადია, რომ საზღვრის აქეთა და იქეთა ქართველები ერთი ფესვიდან არიან ამოზრდილნი. ამიტომაც გადის საუკუნეები და ამ ფესვებისადმი დამოკიდებულება შეიძლება დროსთან ერთად შეიცვალოს, მაგრამ მეხსიერებაში დარჩენილი გენეტიკური კოდი არ იკარგება.

თურქეთელ ე.წ. მუჰაჯირ ქართველებზე საუბარს, მათ შესახებ სხვადასხვა ენაზე გამოცემული წყაროები მიადვილებს. თუმცა მხოლოდ წიგნებსა თუ სტატიებში გამოქვეყნებულ ლიტერატურას რომ არ დავჯერდებით, ესეც ცხადია. გადაცემაში თურქეთელი ქართველების ინტერვიუებსა და მათ მოგონენებს ჩანაწერის სახითა თუ თარგმანის მეშვეობით გაგიზიარებთ. ეს ალბათ, უფრო ცოცხალს გახდის ჩვენი გადაცემის ფორმატს და საზღვრის აქეთ დარჩენილი ქართველები საზღვრის მიღმა ქართველებს ჩვენი გადაცემის საშუალებითაც მიაწვდენენ ხმას. როგორც აღვნიშნე, გადაცემა იქნება სხვადასხვა შინაარსის. თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ყოფა-ცხოვრებასა და საქმიანობას ეთნოგრაფიის, ლიტერატურის, სოციოლოგიის, მიგრაციის, ისტორიის ჭრილში დავინახავთ და ამ თემებს მსმენელსაც გავუზიარებთ.

გარდა ამისა, აქვე მინდა გავიხსენო ერთი ამბავი, რომელმაც უფრო საფუძვლიანად გადამაწყვეტინა, რომ აქ, ამ რადიოს მეშვეობით, არა მარტო საჭირო, არამედ აუცილებელიც კი იყო, რომ საზღვრის ორივე მხარეს მყოფ ქართველებს ერთმანეთისთვის სათქმელი გაეზარებინათ. ანკარის ტექნიკურ უნივერსიტეტში (ODTU-ში) ყოფნისას, ბიბლიოთეკაში ლექციისთვის მასალის მოძიების შემდეგ, უკვე საღამო ხანს ჩემს თურქ მეგობართან ერთად კაფეში ჩაის თანხლებით საუბარი გადავწყვიტე და ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივებული კაფეებიდან გულმა იქეთ გაგვიწია, საიდანაც ცოცხალი მუსიკის ხმა მოდიოდა, და განსაკუთრებით, აკორდიონის ე.წ. გარმონის ხმა ქუჩაშიც აღწევდა. ამ ამბავში, ალბათ, მოსაყოლად ღირებული ბევრი არაფერია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ კაფეში შესვლისას, პატარა სცენაზე სამი წვერიანი ახალგაზრდა საკმაოდ შესამჩნევი აქცენტით ქართულად „გელინოს“ მღეროდა და გაკვირვებისაგან დაბნეულმა დაჯდომაც ვერ მოვიფიქრე, ასე ფეხზე მდგარმა მოვუსმინე მათ ქართულ სიმღერას, რბილი „ლ“, „ყ“-ს ნაცვლად „კ“ და კიდევ ბევრი ასო-ბგერის შერბილებულმა ვერსიებმა ყური მომჭრა. მაგრამ ეს არაფერი, იმასთან შედარებით, რამაც ჩემი გაკვირვება გამოიწვია. მე არ მიკითხავს მათი ეროვნება, როგორც მერე გავარკვიე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ ართვინიდან.

სწორედ ამ შემთხვევითმა ამბავმაც დამაფიქრა იმაზე, რომ ისეთ დიდ ქვეყანაში, როგორიც თურქეთია (მის ტერიტორიასა და მოსახლეობის რაოდენობას ვგულისხმობ) ქართველები თვითმყოფადობას, კულტურასა და ტრადიციებს როგორ ინარჩუნებენ. მე წლების მანძილზე მიმოგზაურია თურქეთში საუკუნეების წინ საქართველოდან ემიგრირებული ქართველებით დასახლებულ რეგიონებში, სოფლებში. ახლოდან მინახავს და მეც ჩავრთულვარ მათი ტრადიციული რიტუალების შესრულებაში. მომისმენია და ავუტირებივარ კიდეც მათი აჭარული ქართულით გამოხატული დარდითა თუ სიხარულით გადმოცემულ სათქმელს. მე სწორედ მათთან საუბრისას და ურთიერთობისას მივხვდი, თუ რა ძალა აქვს სალაპარაკო ენას. ენამ შეიძლება შემოინახოს ის, რასაც ისტორია ვერ ინახავს. ენა ერთგვარი ინდიკატორია იმისა, თუ რას ფიქრობს, რას გრძნობს ხალხი, მითუმეტეს საუკუნეების მანძილზე თავის მიწას მოწყვეტილი და მეზობელ ერში უმცირესობის სტატუსით დარჩენილი ადამიანები. ამიტომაც ენა ხშირად რელიგიასაც უკან იტოვებს და თვითმყოფადობის შენარჩუნების ერთადერთ გზად გვევლინება.

თურქეთში მცხოვრები ქართველები ოფიციალურად „ქართული წარმომავლობის მქონე თურქებად“ იწოდებიან, არაოფიციალურად „გურჯები“ არიან, ერთმანეთისთვის კი –  „ჩვენებურები“. ადრე „ქართველი“-ს ხმარებას ერიდებოდნენ – მათთვის იგი „ქრისტიანსაც“ ნიშნავდა. დღეს თურქეთში ქართველის ხსენება არავის აფრთხობს, თუმცა „თურქეთის ქართველს“ „თურქეთელ ქართველს“ ამჯობინებენ.

დღეს უკვე ბევრი მკვლევარია, ვინც თურქეთში არსებულ ქართულ სოფლებსა და ქართველების ყოფა-ცხოვრებას იკვლევს. ერთ-ერთი პირველი გახლდათ ამერიკელი ეთნოგრაფი პოლ მაგნარელა, რომელმაც თურქეთში ინეგოლის რეგიონის ქართული სოფელი ჰაირიე შეისწავლა ეთნოგრაფიული კუთხით და მასზე წიგნიც კი გამოსცა. ამიტომაც მისი ეს წიგნი შემდგომში მსგავსი კვლევების ჩასატარებლად მაგალითიც კი გახდა. ამ ეთნოგრაფის შესახებ ჩვენ ცალკე ერთ გადაცემას მოვამზადებთ. რაც შეეხება ჩვენს შემდგომ გადაცემას, საუბარს ისევ თურქეთელი ქართველების შესახებ გავაგრძელებთ და მათი თურქეთში გადასახლების პერიოდსა და მიზეზებზე ვისაუბრებთ.

Comments are closed