«Lragir» (სომხეთი): საქართველო თურქეთის რეგიონულ პოლიტიკაში
«Trend» (აზერბაიჯანი): აშშ-ის სომხური ლობი თვითნებურად ცდილობს საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების განაწილებას
———————-
«Lragir» (სომხეთი), 11 თებერვალი, 2016 წელი
http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/46828
საქართველო თურქეთის რეგიონულ პოლიტიკაში
იგორ მურადიანი, პროფესორი
თურქეთი აქტიურ რეგიონულ პოლიტიკას ატარებს, მათ შორის შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში. აზერბაიჯანი თურქეთის მნიშვნელოვანი მოკავშირეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ანკარა ბაქოს ყოველთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას მიანიჭებს ეროვნული თუ რეგიონული უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტაში. კავკასიაში უფრო საიმედო პოზიციების მოსაპოვებლად თურქეთისათვის საკვანძო პარტნიორად საქართველო უნდა განვიხილოთ.
თურქეთისა და საქართველოს ერთმანეთთან დაახლოება საბჭოთა იმპერიის დაშლის სემდეგ ეტაპობრივად ხორციელდებოდა. საქართველო თურქეთისათვის მნიშვნელოვანი სატრანზიტო-სამომსახურო ქვეყნად იქცა და მისი ასეთი ფუნქცია გამოიყენებოდა არამხოლოდ ვაჭრობისა და პროდუქციის გადასაზიდად, არამედ ჩრდილოეთ კავკასიაში რადიკალური ჯგუფების გადასაყვანადაც.
თურქეთი თავის საგარეო პოლიტიკაში მოქმედებს კარგად ცნობილი ნეოსმანიზმის დოქტრინით, რაც ნიშნავს იმ ქვეყნებში თურქეთის გავლენის ზრდას, რომლებიც ოდესღაც ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდნენ. სხვათა შორის, დიდი ხნის განმავლობაში დასავლელი ექსპერტები თვლიდნენ, რომ ნეოსმანიზმი სუფთა მულტიკულტუროლოგიური პრობლემაა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სივრცობრივ პოლიტიკურ გავლენასთან, მაგრამ ანკარის გეოპოლიტიკურმა ამბიციებმა დაადასტურა, რომ ექსპერტები ცდებოდნენ. პარალელურად თურქეთისა და აშშ, თურქეთისა და ევროპის დამოკიდებულება შესამჩნევად შეიცვლა: ანკარის პოლიტიკა ახლა განიხილება როგორც ძალიან აგრესიული და გამომწვევი.
სირიის მოვლენების გამო რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობა მტრული გახდა. ასევე თავისი არსით მტრული რჩება რუსეთისა და საქართველოს ერთმანეთთან დამოკიდებულება. ამასთან, ქართველები თურქებს ეჭვის თვალით უყურებენ და ბოლო დროს თანდათან ნეგატიურ პოზიციას გამოხატავენ თურქეთის გავლენის ზრდის გამო.
2014 წლის არჩევნებამდე თურქეთის სამხრეთკავკასიურ პოლიტიკაში აქტიურობას ზოგჯერ შედარებითი პასიურობა ცვლიდა, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკური პრობლემებით, თუმცა აქტიური პოლიტიკის უქონლობა პოზიციის არარსებობას არ ნიშნავს. თურქეთი ყურადღებით აკვირდება ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას: ანკარა ეჭვობს, რომ ვაშინგტონი რეგიონში – საქართველოსა და აზერბაიჯანში – ახალ „საყრდენ წერტილებს“ ეძებს, რაც თურქეთში ყოფნის ალტერნატივად შეიძლება იქნეს განხილული. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე აშშ-ის ინჯირლიკის ავიაბაზამ თავისი ძველებური მნიშვნელობა დაკარგა. გარდა ამისა, შეერთებული შტატების მიერ ევროპიდან ჯარების გაყვანის ტენდენცია და მათი ბალკანეთსა და პოლონეთი გადაჯგუფება თურქეთს იმის ეჭვს უძლიერებს, რომ არაა გამორიცხული, ამერიკის ჯარმა თურქეთის ტერიტორია მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ დატოვოს. დღეს აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აკონტროლებს იორდანიას, კუვეიტს, ყატარს, ომანს, ერაყს და აქედან გამომდინარე, შეცვლილი გეოსტრატეგიული სიტუაციის გამო, ვაშინგტონი თურქეთს ძველებურად მნიშვნელოვან ყურადღებას აღარ აქცევს. შესაბამისად, აშშ-ს უფრო მეტად მზერა საქართველოსა და აზერბაიჯანისკენ აქვს მიპყრობილი. ანუ ამერიკას არ სურს თურქეთის გავლენის ზედმეტი ზრდა საქართველოსა და აზერბაიჯანზე.
თურქეთი აზერბაიჯანთან და საქართველოსთან უსაფრთხოების ხელშეკრულებებითაა დაკავშირებული, ამიტომაც ამერიკულ-თურქულ წინააღმდეგობრიობას ჯერ-ჯერობით ლატენტური ხასიათი აქვს და ანაკარა დაინტერესებული არ არის მათ გამოვლენაში. სწორედ ეს განაპირობებს თურქეთის უმოქმედობას შექმნილ ვითარებაში.
მხედველობაშია მისაღები, რომ თურქეთს საქართველოს, აზერბაიჯანის და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების სახელისუფლებო, ძალოვან და პოლიტიკურ სტრუქტურებში ფართო აგენტურული ქსელი აქვს შექმნილი, ჰყავს გავლენის აგენტებიც. არის მონაცემები იმისა, რომ თურქეთი დაინტერესებულია საქართველოსაგან აჭარის გაუცხოების (დისტანცირებით) და ამ ავტონომიის პოლიტიკური დამოუკიდებლობით [თბილისისაგან].
აფხაზეთში თურქეთი ცდილობს ძლიერი ოპოზიცია შექმნას, რომლის მიზანია ათი და ასი ათასობით აფხაზური დიასპორის წარმომადგენლების დაბრუნება ისტორიულ სამშობლოში. ანკარას სურს, რომ აფხაზეთში პროთურქული კლანი შექმნას, რითაც საქართველოს აფხაზეთის გაკონტროლებაში დაეხმარება და მეორე მხრივ, გააძლიერებს საქართველოზე თავის გავლენას. კიდევ ერთი მომენტი, თუ რა მნიშვნელობა აქვს აფხაზეთს თურქეთისათვის: ანკარა აფხაზეთში ისეთ პლაცდარმს ხედავს, რომლის მეშვეობით ჩრდი;ლოეთ კავკასიის რესპუბლიკებზეც გავლენას მოახდენს. ამრიგად, შეინიღბება საქართველოს კონტროლის აღდგენით აფხაზეთზე, თურქეთი აფხაზეთს ჩრდილოეთ კავკასიაში თავისი პოლიტიკის გატარების ინსტრუმენტად გამოიყენებს.
საქართველოში თურქეთის პრეზიდენტის აჰმედ სეზერის ვიზიტის დროს, 2001 წლის ოქტომბერში, მას და ედუარდ შევარდნაძეს შორის მოლაპარაკება გაიმართა. განიხილეს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში თურქეთის მონაწილეობის საკითხიც. შექმნილი სიტუაციის წყალობით მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ პროთურქული ელემენტები აფხაზეთში, თურქეთში და აშშ-ი არსებულ აფხაზურ დიასპორაში.
შეერთებული შტატებს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთზე, თურქეთზე და ირანზე ბევრად უფრო მეტი საინვესტიციო რესურსები აქვს, მაინც არ შეუძლია გადაჭრას სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების ეკონომიკური პრობლემები. თავის მხრივ, რუსეთს საკმაოდ ბევრი შესაძლებლობა აქვს სამხრეთ კავკასიაში თავისი პოზიციების დასაბრუნებლად – პოლიტიკური, სამხედრო, ენერგეტიკული, საინვესტიციო და ადამიანური რესუსრსები.
თურქეთი ცდილობს საქართველოსა და აზერბაიჯანთან ურთიერთობა თითქოსდა ნატოს ინტერესების გავლენით განახორციელოს, თუმცა ასე მხოლოდ ზედაპირულად ჩანს. ანკარას თავისი კერძო ინტერესებიც აქვს. ამერიკა თურქეთის სამხრეთკავკასიურ პოლიტიკას ძალიან ეჭვიანად უყურებს. ბოლო 20 წლის განმავლობაში თურქეთის მოქმედება ნატოსათვის ხშირად კრიზისულ მდგომარეობის ფაქტორს წარმოადგენდა, თუმცა, რასაკვირველია, ალიანსში თავს იკავებდნენ ასეთი ნეგატიური ფორმულირებებისაგან. ამჟამად ევროპისათვის, სირიელი ლტოლვილების გამო, თურქეთის მნიშვნელობა გაიზარდა, ევროკავშირი მზად არის თურქეთს რაღაც დაუთმოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს ურთიერთობების გათანაბრებას.
ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის თვალსაზრისით საქართველო, სომხეთისა და აზერბაიჯანისაგან განსხვავებით, საკმაოდ წინ წავიდა. თბილიში ნატოს საწრთვნელი ცენტრი დაარსდა, საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირი მალე უვიზო რეჟიმს დააწესებს. საქართველო აქტიურად მონაწილეობს ნატოს და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე თითქმის ყველა სამშვიდობო ოპერაციებში, დედამიწის სხვადასხვა წერტილში. საქართველოს ნატოს მიერ გატარებულ რეგიონ პოლიტიკაში მნიშვნელოვან მონაწილედ იქცა. საქართველო ნატოს აღმოსავლეთევროპული პოლიტიკის ფავორიტსაც წარმოადგენს.
საქართველო ნატოს წევრ თურქეთთან მიმართებით არაერთგვაროვან პოლიტიკას ატარებს. დიახ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მრავალი წლის მანძილზე თბილისი ანკარას თავის საიმედო პარტნიორად განიხილავდა, რომელიც ხელს უწყობდა საქართველოს ნატოში ინტეგრირებას (ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას). მაგრამ იმავდროულად, საქართველო თურქეთისაგან მოულოდნელ ნაბიჯების გადადგმასაც არ გამორიცხავს, მათ შორის აჭარისა და ქვემო ქართლის მიმართ, სადაც მუსულმანური მოსახლეობა ჭარბობს. თურქეთის გავლენის ზრდის გამო უკმაყოფილონი არიან არამარტო ხელისუფლებაში, არამედ საზოგადოებაშიც.
საქართველოში აზერბაიჯანის მიმართ ზოგჯერ აგდებული დამოკიდებულება შეინიშნება, მაგრამ თბილისი მაინც იძულებულია ბაქო თავის პარნიორად განიხილოს. დღეს საქართველოს სხვა გზა არ აქვს – სანამ ნატოს წევრად არ მიიღებენ, თბილისს რეგიონში თავისი პოზიციებისა და მდგომარეობის განმტკიცება მხოლოდ თურქეთთან და აზერბაიჯანთან მჭიდრო კონტაქტებით შეუძლია. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში პოზიტიურად უყურებენ საქართველოს კონტაქტებს თურქეთთან და აზერბაიჯანთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, რადგან ამით რეგიონში გარკვეულწილად ნატოს პრობლემებიც წყდება, განსაკუთრებით, ენერგეტიკული კომუნიკაციების დაცვის საკითხში. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ალიანსი თურქეთის მიმართ თავის პოზიციას რადიკალურად შეცვლის. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ რაც დრო გადის, სულ უფრო მეტად ჩანს თურქეთის წინააღმდეგობა აშშ-სთან და ნატოსთან, საქართველოს მდგომარეობა როგორც თურქეთის პარტნიორისა, სულ უფრო მოწყვლადი ხდება. (…)
უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის გამწვავების გამო საქართველოს ახალი პრობლემები გაუჩნდა. მართალია, ნატო დაინტერესებული არ არის, რომ მოსკოვ-ანკარის დამოკიდებულების გაურესებამ თბილისზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში ეს საკითხი უკვე საკმაოდ აქტიურად განიხილება.
ზოგადად, საქართველოს დღევანდელი ვკავშირები თურქეთთან და აზერბაიჯანთან სომხეთზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. სომხეთი პრაქტიკულად სრულ სატრანსპორტო ბლოკადაში აღმოჩნდა. თუმცა ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველო ცდილობს ხელი შეუწყოს სომხეთს ნატოსთან ინტეგრაციაში. თავის მხრივ, თურქეთს არაერთხელ უცდია ნატოსთან სომხეთის კავშირების ჩაშლა, ალიანსთან მისი ინტეგრირების შეზღუდვა
საქართველო აცნობიერებს, რომ სომხეთთან პარტნიორულ ურთიერთობებზე უარის თქმა [როგორც ეს თურქეთს და აზერბაიჯანს სურს], მის ინტერესებში არ შედის. თბილისი დაინტერესებული არაა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის განახლებისა და მის მასშტაბურ ომად გადაქცევაში, რადგანაც ეს ქართული ეკონომიკისათვის კატასტროფა იქნებოდა. გარდა ამისა, თბილისს სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევდა ლოჯისტიკურ პრობლემების მიმართაც, რადგან აზერბაიჯანი და თურქეთი მას სომხეთის ბლოკირებას მოსთხოვდა. მოკლედ, თურქეთისა და აზერბაიჯის პოზიციების გამო, საქართველო-სომხეთის ინტერესები ზოგჯერ ერთმანეთს არ ემთხვევა და წინააღმდეგობრივია.
სომხეთის ინტერესებშია ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრირების დაჩქარება, რისთვისაც კარგი ფონი იქმნება დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირების გამო.
საქართველო კი ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა მისი სამხრეთკავკასიური პოლიტიკის გამო თურქეთის პოლიტიკა სერიოზულ დაპირისპირებას აწყდება.
«Trend» (აზერბაიჯანი), 11 თებერვალი, 2016 წელი
http://www.trend.az/scaucasus/armenia/2492743.html
აშშ-ის სომხური ლობი საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების განაწილებას თვითნებურად ცდილობს
ელმირა ტარივერდიევა
(შემოკლებით)
ის, რომ დედამიწის ყოველი კუთხე, სადაც კი სომეხმა ფეხი დაადგა (გინდაც ტურისტის სახით), სომხების თვალში მომენტალურად რომ ისტორიული სამშობლოს ნაწილი ხდება, ახალი ამბავი არ არის. ძალიან ბევრჯერ გაგვიგონია სომეხთა მოწოდებები რეგიონის სხვადასხვა ქვეყნების მიმართ „სომეხთა ისტორიული ტერიტორიების დაბრუნების“ თაობაზე, რომლებიც რატომღაც აზერბაიჯანის, საქართველოს და რუსეთის შემადგენლობაშიც კი შედიან.
მაგრამ ის, რომ როგორ ადვილად გადაწყვიტა აშშ-ის სომხურმა ლობმა ვაშინგტონის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების განაწილება საქართველოში მცხოვრები თავიანთი თამემამულეების სასარგებლოდ, ამ ფაქტს სხვას ვერაფერს ვუწოდებთ, თუ არა თავხედობას.
აშშ-ის სომხურმა ეროვნულმა კომიტეტმა შეერთებული შტატების ხელისუფლებას მოსთხოვა, რომ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების მინიმუმ 10% სომხებით დასახლებულ რეგიონს – სამცხე-ჯავახეთს უნდა მოხმარდესო. ესე იგი, არც მეტი, არც ნაკლები, სომხურმა ლობმა გადაწყვიტა თავისი შეხედულებისამებრ გაანაწილოს იმ დახმარების 10%, რომელიც მთელი საქართველოსთვისაა გამოყოფილი.
სხვადასხვა ქვეყნების ტერიტორიაზე მდებარე „ისტორიული სამშობლოს“ მარადიული საკითხი სომხებმა საქართველოს მიმართ საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე დააყენეს. უკვე ოცი წელია საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონზე დარდი, სადაც საკმაოდ ბევრი სომეხია მოკალათებული, ერევანს ნორმალურად ძილის საშუალებას არ აძლევს.
რეგულარულად ისმის სომეხი პოლიტიკოსებისა და რელიგიის მსახურთა ბრალდებები იმის შესახებ, რომ თითქოსდა სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხური მოსახლეობა ქართული ხელისუფლებისაგან იჩაგრება, არის მინიშნება [ავტონომიაზე], რომ კარგი იქნებოდა რეგიონის მაქსიმალური დამოუკიდებლობა ცენტრისაგან, ანუ უშუალოდ თბილისისაგან. ყველგანმყოფი სომხური დისპორა მუდმივად ბრალს სდებს საქართველოს მთავრობას ყველა სასიკვდილო ცოდვაში, რომელსაც თბილისი სჩადის სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ „მრავალტანჯული სომხების“ მიმართ, რომლებიც, იმავე სომხების აზრით, საქართველოს ტერიტორია კი არ არის, არამედ პირიქით.
რასაკვირველია, ასეთ სიტუაციაში ყველაზე მცირე, რისი გაკეთებაც საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია, მსოფლიო სომხობის აზრით, ესაა ის, რომ სამცხე-ჯავახეთს ავტონომიის სტატუსი მიანიჭოს და ამ რეგიონში მეორე სახელმწიფო ენად… ცხადია, სომხური ენა გამოაცხადოს. მაგრამ სანამ ეს არ მომხდარა, სომხური ლობის აზრით, „მრავალტანჯული სომხების მიმართ ზრუნვა აუცილებელია და ეს კონკრეტულად საქართველოში მაცხოვრებლებს ეხება.
სომეხტა მოთხოვნების სამწუხარო გამოცდილებით (რომელიც, მთიანი ყარაბაღის მაგალითზე, კონფლიქტში გადაიზარდა), გვინდოდა გაგვეფრთხილებინა საქართველო ტავიდან აიცილოს ის სცენარი, თუ რა საფრთხე ელოდება თბილისს, როცა სომხებით დასახლებული ტერიტორია უშუალოდ სომხეთს ესაზღვრება. ეს ერევანს ტერიტორიული პრეტენზიების წაყენების შანსს აძლევს.
დღეს სომხეთისათვის მთავარ მიზანს სამცხე-ჯავახეთის საქართველოს დანარჩენი ტერიტორიისაგან და საქართველოს ხელისუფლებიდან დაშორება-დისტანცირება წარმოადგენს და ამ თვალსაზრისით, [სომხური ლობის მიერ მოთხოვნილი] ფინანსური „გადასხმა“ კარგ ნიადაგს შექმნის სომხური სეპარატიზმის ასაყვავებლად.
რასაკვირველია, ყველაფერი ჯერ ავტონომიის მოთხოვნით დაიწყება. სომხური გაგებით, ავტონომია საკუთესო და წარმატებული დასაწყისი იქმნებოდა უცხო სახელმწიფოებისაგან იმ რეგიონების „ამპუტირების“ მიზნით, რომლებიც სომხებით არიან დასახლებული.