globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 11 თებერვალი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Feb 11th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFE//RL – Radio Free Europe//Radio Liberty» (აშშ): რექს ტილერსონმა საქართველოს, სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებით, აშშ-ის მხრიდან სრული მხარდაჭერა გამოუცხადა

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): მოსკოვში „ყოველგვარი პოლიტიკური მესიჯის გარეშე“: „მოდით რა, შევეშვათ „ოკუპანტ ქვეყნებს“, მე ამ წუთში ვსაუბრობ ტურიზმზე და არა „ოკუპანტ სახელმწიფოზე“

«Türkiye» (თურქეთი): რას უზამს საქართველო „ფეტოს“ სკოლებს?

«Накануне» (რუსეთი): პოლონეთის ელჩმა უკრაინას მოუწოდა, რომ ნატოში გაწევრიანების თხოვნებს თავი დაანებოს: „მახსოვს ბუქარესტის სამიტი, როცა საქართველოს და უკრაინას ნატოში გაწევრიანება სურდათ, მაგრამ უარი მიიღეს“

—————–

«RFE//RL – Radio Free Europe//Radio Liberty» (აშშ), 10 თებერვალი, 2017 წელი

http://www.rferl.org/a/georgia-us-support-russia-standoff-south-ossetia-abkhazia/28302833.html

რექს ტილერსონმა საქართველოს, სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებით, აშშ-ის მხრიდან სრული მხარდაჭერა გამოუცხადა

კარლ შრეკი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან შეხვედრის დროს ვაშინგტონმა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

მიხეილ ჯანელიძემ კომენტარი გაუკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან – ExxonMobil-ის ყოფილ გენერალურ დირექტორთან შეხვედრას, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესთავაზა ამერიკული დიპლომატიური უწყების მეთაური გამხდარიყო.

დონალდ ტრამპის განცხადებებმა მოსკოვთან უფრო ახლო ურთიერთობების თაობაზე ბევრი კითხვა გააჩინა აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც რუსეთმა 2014 წელს უკრაინისაგან ყირიმი მიიტაცა, მხარი დაუჭირა აღმოსავლეთ უკრაინაში [დონბასში] მოქმედ სეპარატისტებს და კვლავ მფარველობს საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებს – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს.

მაგრამ როგორც მიხეილ ჯანელიძემ განუცხადა რეპორტიორებს, რექს ტილერსონმა თბილისს ნდონალდ ტრამპის მხარდაჭერა გადასცა რუსეთთან უთანხმოების საკითხში: „ჩვენ, რასაკვირველია, ვისაუბრეთ რუსულ-ქართულ კონფლიქტზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე და შეერთებული შტატებისაგან კიდევ ერთხელ მივიღეთ სრული მხარდაჭერა  ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში“, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ. „აშშ მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს ყველა იმ პროცესში, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი სტაბილურობის განმტკიცებას, მშვიდობიან განვითარებას, ანუ ყოველივე იმას, რაც ჩვენი სახელმწიფოს ძლიერების გარანტი იქნება“, – დაამატა მან.

რუსეთმა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად საქართველოსთან 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ხანმოკლე ომის შემდეგ აღიარა, თუმცა მოსკოვის მაგალითს მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ მიბაძა. დღეს რუსეთს აღნიშნულ რეგიონებში [დისლოცირებულ სამხედრო ბაზებში] ათასობით ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული, რაც ნატოს წევრი სახელმწიფოების და საერთოდ, დასავლეთის განცხადებით, იმ შეთანხმების უხეში დარღვევაა, რომელიც, ევროკავშირის შუამდგომლობით, რვადღიანი ომის დასრულების მიზნით გაფორმდა.

ამ მასალის მომზადების დროს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გამოქვეყნებული მიხეილ ჯანელიძისა და რექს ტილერსონის შეხვედრის ოფიციალური ანგარიში. მათი საუბარი მას შემდეგ გაიმართა, როცა მ.ჯანელიძე დონალდ ტრამპის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინს შეხვდა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, მ.ჯანელიძემ და მ.ფლინმა  აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის პრობლემატიკა განიხილეს. თეთრმა სახლმა კვლავ დაადასტურა თავისი ძლიერი მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი“.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ),11 თებერვალი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/gori-moscow-turism-ties/3718431.html

მოსკოვშიყოველგვარი პოლიტიკური მესიჯის გარეშე: „მოდით რა, შევეშვათ ოკუპანტ ქვეყნებს, მე ამ წუთში ვსაუბრობ ტურიზმზე და არა ოკუპანტ სახელმწიფოზე“

ნინო დალაქიშვილი

გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის წარმომადგენლები მიმდინარე წელს მოსკოვში აპირებენ გამგზავრებას, რათა მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ტურისტულ ბაზრობაზე და რუს მომხმარებელს საქართველოში და კერძოდ, გორში მოგზაურობის პერსპექტივის შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ. ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის „ფეისბუქის“ გვერდზე წაიკითხავთ და შეიტყობთ იმის შესახებაც, რომ ინფორმაციას, რაც ტურიზმის ცენტრის თანამშრომლებმა აუდიტორიას წარუდგინეს, ყველა მოწონებით შეხვდა. „პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების მაღალი შეფასება დაიმსახურა“, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

„ამერიკის ხმა“ გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს დავით ონიაშვილს დაუკავშირდა, რომელიც ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მოსკოვში წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ საკრებულოზე უნდა გავიდეს.

„ჯერ ვფიქრობთ ამაზე. ჩვენ თბილისიდან მოგვივიდა, რომ რამდენიმე ქვეყანაში გამოფენებზე წარგვედგინა ჩვენი კუთხე. ჯერ ვფიქრობთ და საბოლოო ჩამოყალიბებული ვარიანტი არც გვაქვს მოფიქრებული. ტურისტული ნაკადი რუსეთიდანაც შემოდის. აქ ხომ არაა პოლიტიკური სვლები. ნებისმიერ ჩვენს ობიექტზე რუსების ნაკადი საკმაოდ დიდია. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, შეიძლება [ჩვენი დელეგაცია] არცერთგან არ გავუშვათ. ეს ისეთი საკითხია, ერთპიროვნულად ვერ გადავწყვეტ, საკრებულოზე უნდა ვიმსჯელოთ. თუმცა ჯერ კიდევ კონსულტაციების რეჟიმში ვართ – გავიტანოთ საკრებულოზე თუ არ გავიტანოთ. საბოლოო გადაწყვეტილება არ გვაქვს. დიახ, შემოთავაზება არის, მაგრამ ყველა შემოთავაზებაზე ხომ არ ვთანხმდებით“, – ამბობს დავით ონიაშვილი.

თავად გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი რობერტ მაღლაკელიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ პოლიტიკა და ტურიზმი არანაირ კავშირში არაა ერთმანეთთან, ამიტომ მოსკოვში გამგზავრებისას უხერხულობის ფაქტორს გამორიცხავს: „არავითარი პოლიტიკა! შორს ჩვენგან პოლიტიკა! პოლიტიკა ჩვენგან გამორიცხულია! ესაა სუფთა ტურიზმის კუთხით მიმართული, აქაა ტურისტების მოზიდვის მიზნით, ტურიზმის ცენტრის ფუნქციიდან გამომდინარე, ეს ერთ–ერთი აქტივობაა. მოდით რა, შევეშვათ „ოკუპანტ ქვეყნებს“, მე ამ წუთში ვსაუბრობ ტურიზმზე და არა „ოკუპანტ სახელმწიფოზე“. [ჩვენი ქვეყნის] ოკუპაცია ისევე მტკივა, როგორც თქვენ და როგორც თითოეულ მოქალაქეს. მაგრამ აქ ეს არაფერ შუაში არ არის. აქ საუბარია ტურისტების მოზიდვაზე. სტატისტიკა აჩვენებს, რომ უამრავი რუსი ტურისტი ჩამოდის და ჩვენ გვინდა, კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდეს. კიდევ გიმეორებთ, გარკვევით, ყოველგვარი პოლიტიკური მესიჯის გარეშე“.

არასამთავრობო ორგანიზაცია გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მიშა ჩიტაძე „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ამბობს: „ამ შემთხვევაში, არ დავაყენებდი საკითხს ასე – ოკუპირებული და ოკუპანტი. რა თქმა უნდა, საქართველოს ნაწილი არის ოკუპირებული, მაგრამ თუ ტურიზმზეა ლაპარაკი, ტურიზმი არის ჩვეულებრივი ბიზნესი და თუ ბიზნესის განვითარება გვინდა, ჩვენ ამით ფული უნდა ვიშოვოთ. რაც უფრო მეტს გავყიდით და მეტად გავყიდით, მით უფრო მეტი ხეირია ჩვენთვის. მასე რომ ვთქვათ და ამ ლოგიკას მივყვეთ, თურქეთსაც დიდი ნაწილი აქვს ანექსირებული საქართველოსი, სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც. ახლა სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები აღარ შემოვუშვათ? და ვიღა დარჩა? ბრიტანეთს არაფერი წაურთმევია იმიტომ, რომ ახლოს არ იყო. ტურიზმის პოლიტიზირებას თავს დავანებებდი, ამაში საგანგაშოს და რთულს ნამდვილად ვერაფერს ვხედავ“.

გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის დღის წესრიგში მოსკოვთან ერთად, კიდევ ერთი ქალაქი – პეკინია მითითებული, თუმცა, როგორც ცენტრის თანამშრომლები გვიხსნიან, „ალტერნატივა კიდევ უფრო ბევრია. უამრავი ტურისტული გამოფენა ტარდება და იქ მოსახვედრად და საკუთარი პროდუქციის წარსადგენად ბიუჯეტიდან ერთნაირი ოდენობის თანხის გამოყოფაა საჭირო. მოსკოვში წახვალ, ტალინში თუ მადრიდში, ფინანსური დანახარჯების თვალსაზრისით, დიდი სხვაობა არაა“. აქედან გამომდინარე, ტურიზმის ცენტრმა მოსკოვსა და პეკინზე არჩევანი პოტენციური ტურისტების რაოდენობის მიხედვით გააკეთა.

კატო ქოთოლაშვილი, საზოგადოებრივი აქტივისტი და ორგანიზაცია „დროას“ წარმომადგენელი კი დარწმუნებულია, რომ ტურიზმი და პოლიტიკა პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან, როდესაც საქმე ოკუპირებულსა და ოკუპანტს შორის ურთიერთობას ეხება. „ამერიკის ხმასთან“ ის ამბობს: „როდესაც „ფეისბუქზე“ გავიგე ეს ამბავი, გავოცდი. ვერ გავეცი პასუხი კითხვას: რატომ უნდა ჰქონდეს რომელიმე მუნიციპალიტეტს სურვილი წავიდეს მოსკოვში მაშინ, როდესაც წასასვლელი სხვაგანაც ბევრია. ტურიზმიც, სპორტიც, ხელოვნებაც, ყველაფერი კავშირშია პოლიტიკასთან, თუ საქმე ეხება ოკუპირებული და ოკუპანტი ქვეყნების ერთმანეთთან ურთიერთობას. ესაა პრინციპულად სახელმწიფოებრივი საკითხი, ნებისმიერ კონტექსტში. რაც არ უნდა მაღალი დონის გამოფენა იყოს, არანაირი მნიშვნელოვანი და ღირებული სარგებელი არ იქნება მისგან, რადგან არაფერი გადაწონის ღირსების შელახვას. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანია, ვინც ჩემს მსგავსად ფიქრობს“.

როგორც ჩანს, რუსული პოლიტიკის მიხედვითაც გამიჯნულია ერთმანეთისგან პოლიტიკა, ტურიზმი, კულტურა და სპორტი, რადგან სხვაგვარად რთულია აიხსნას, რატომ გრძელდება ბორდერიზაციისა და ადამიანთა უკანონო გატაცებების პროცესი კონფლიქტის ზონაში, გორთან ახლოს. სხვათა შორის, დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის სამი მაცხოვრებელი: ავთანდილ თაყაძე, ჯემალ აბალაკი და ლაშა თოდიაშვილი დააკავეს და ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს რუსმა მესაზღვრეებმა.

«Türkiye» (თურქეთი), 09 თებერვალი, 2017 წელი

http://www.turkiyegazetesi.com.tr/yazarlar/fuat-ugur/595420.aspx

რას უზამს საქართველო „ფეტოს“ სკოლებს?

ფუატ უღური

საქართველოსა და თურქეთს ერთმანეთთან მტკიცე ურთიერთობები აქვთ ნავთობსადენ ბაქო-ჯეიჰანთან დაკავშირებით. საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა იმ სამეულიდან, რომლებმაც საბოლოო ჯამში ხელი მოაწერეს ამ გიგანტურ პროექტს, ამიტომაც თურქეთი თბილისისადმი შესამჩნევ კეთილგანწყობას ამჟღავნებს. მაგრამ თანაზიარობის პრინციპისა და საერთო ინტერესების შესაბამისად მოსალოდნელია, რომ ეს კეთილგანწყობა ორმხრივი იქნება. ბოლოსდაბოლოს, ეს ნავთობსადენი ხომ მარტო თურქეთისთვის არ არის მომგებიანი, არამედ ორივე მხარისათვის.

დასავლეთის ინტერესი საქართველოსადმი, რომელიც რუსეთის ე.წ. „ჰინტერლანდად“ (მიმდებარე ქვეყნად) ითვლება, საყოველტაოდაა ცნობილი. მაგალითად, გასულ კვირაში ევროკავშირმა კვლავ წაახალისა ეს ქვეყანა და მისი მოქალაქეებისათვის ვიზები გააუქმა. მიუხედავად ამისა, თურქეთში მომხდარი მოღალატეობრივი გადატრიალების მცდელობის შემდეგ ანკარა-თბილისის ურთიერთობებში გარკვეული პრობლემის სახით ფეთულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაცია „ფეტო“ გაჩნდა. თურქული მასმედიის მიერ გავრცელებულ ახალ ამბებში ისეთი შინაარსი იყო ჩადებული, რომ იგრძნობოდა – „საქართველო „ფეტოს“ ბუდე გახდა“. ასეთი სიტუაცია ყველაში კითხვას იწვევდა – რა ხდება? შემდეგ და შემდეგ ასეთი ცნობები მრავლდებოდა და ჩვენ უცებ გავიგეთ, რომ ამ ქვეყანაში თურმე „ფეტოს“ 16 სკოლა არსებობს, ასევე მოქმედებს მეწარმეთა ასოციაცია GÜRSİAD და უმაღლესი სასწავლებელიც სახელწოდებით „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი“. მას შემდეგ საკმაოდ დიდმა დრომ გაიარა, მაგრამ ამ საკითხს არავინ არ შეხებია. მიმართა თუ არა თურქეთმა საქართველოს რაიმე შეკითხვით? უცნობია. შეიძელება კიდეც მიმართა, მაგრამ საქართველო, ალბათ, იტყოდა – „თავი დამანებე, რა… ხომ იცი, ჩემს უკან დასავლეთი და ევროკავშირი დგას“, ანუ გამოდის, რომ საბერძნეთის მსგავსად [ათენმა ანკარას გაქცეული ოფიცრები არ გადასცა – მთარგმნ.), თურქეთს საქართველომაც მიაფურთხა?

გარდა ამისა, იჟონება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ „ფეტომ“ საქარტველო არამარტო თავის ბაზად გადააქცია, არამედ თავის საქმიანობას ქართველ მაღალჩინოსან პოლიტიკოსებზე და მათი ოჯახის წევრებზეც ავრცელებს. მაგალითად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ პრორექტორია, რომელიც ფეთულა გიულენის მნიშვნელოვანი ხელშემწყობია საქართველოში. „ფეტოს“ წევრები არიან ამ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ილიას ჯილოღლუ, ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სხვა ცნობილი პერსონები – პროფესორი ილიას უსტიუნერი, პროფესორი რამაზან აქბაში, დოცენტი ჯიჰან მერტი და დოცენტი მეთინ მერჯანი.

„ფეტოს“ სკოლები საქართველოში ადემ ონალმა გახსნა, „ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ორგანიზაციის“ ხელმძღვანელმა, იგი ჩვენს მეზობელ ქვეყანაში „ფეტოს“ „იმამადაა“ ცნობილი. საქმე ეხება დაახლოებით 16 სკოლას და ენის შემსწავლელ ცენტრებს ქალაქებში – თბილისში, ბათუმში, ქუტაისში, რუსთავსა და მარნეულში.

აი, ასეთი სურათია. რას გააკეთებს საქართველო?

რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, ბათუმში მდებარე რაფაიდინ შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს, გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე, სწავლის პროცესის განახლება აეკრძალა, ხოლო მოსწავლეები სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში გადანაწილდნენ. ცოტა უფრო ადრე თბილისში არსებულ ნიკოლოზ წერეთლის სახელობის სკოლას კი ლიცენზია აღარ გაუგრძელეს, რომლის მოქმედების ვადა იანვრის დასაწყისში დამთავრდა.

კარგია, მაგრამ გაგრძელდება ასეთი პრაქტიკა?

საქართველო ამ საკითხის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა. მე ვესაუბრე ერთ-ერთ ცნობილ ბიზნესმენს, „ფეტოს“ მოქმედებით დაზარალებულ გალიპ ოზთურქს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. როგორც გალიპ ოზთურქი ჰყვება, საქართველო ძალიან ფრთხილად უყურებს ამ საკითხს და ჯერ კიდევ თურქეთის მიმართვამდე დაიწყო აქტიური მუშაობა. 15 ივლისის შემდეგ გალიპ  ოზთურქს საქართველოს სადაზვერვო უწყების ორი თანამშრომელი ეწვია. იგი მათ მოუყვა, თუ რა თავგადასავალი გადახდა და გაუზიარა ინფორმაცია „ფეტოს“ საქმიანობის შესახებ როგორც თურქეთში, ასევე საქართველოში. გალიპ ოზთურქის თქმით, ამჟამად „ფეტოს“ საქმიანობის შესახებ კომპლექსური დოსიე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მაგიდაზე დევს, პარალელურად წყდება საკითხი ქვეყანაში არსებული „ფეტოს“ ყველა სკოლის დახურვის თაობაზე. მაგრამ, როგორც გალიპ ოზთურქი ამბობს, შესაძლოა, პროცესი შეიძლება გაჭიანურდეს: საქართველოს სურს სამართლებრივ ჩარჩოებში იმოქმედოს.

„თურქ ეთთან მიმართებით საქართველო საბერძნეთის მსგავსად არ მოიქცევა. თუ ანკარა ამ საკითხზე თბილისს სთხოვს, 99%-ით ვარ დარწმუნებული, რომ თხოვნა შესრულებული იქნება. დღეს საქართველოში მხოლოდ იერარქიის დაბალ საფეხურზე მდგომი გიულენისტები არიან, რომლებმაც თურქეთიდან გამოქცევა მოახერხეს. ზექერია ოზი და ჯელალ ყარა (ის თურქი პროკურორები, რომლებიც ფეთულა გიულენის მხარდაჭერაში არიან დადანაშაულებულნი და რომლებიც საქართველოდან სომხეთში გადავიდნენ – მთარგმნ.), საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ 13 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. არის გამოქცეულთა კიდევ ერთი ჯგუფი, თუმცა მათ, თუ თურქეთი მოითხოვს, საქართველო გადასცემს. ვიცი ისიც, რომ მთავრობა რიგი სასწავლო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახურვას აპირებს, მათ შორისაა „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიც“, – ამბობს გალიპ ოზთურქი.

გადმოეცემა თუ არა დახურული სკოლები ჩვენს ფონდს „მაარიფს“ ისევე, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდა? როგორცდ ჩანს, საქართველო თითქოსდა უპირატესობას ანიჭებს სკოლების სრულ გაქუმებას და მოსწავლეთა გადანაწილებას სხვა სასწავლო დაწესებულებებში. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის, რომ თვითონ გალიპ ოზთურქმა თავისი სკოლა გახსნა ბათუმში, სადაც 150 მოსწავლე სწავლობს, თუმცა ჯერ-ჯერობით ისინი მხოლოდ თურქეთის მოქალაქეები არიან. ალბათ, მომავალ სასწავლო წელს სკოლაში ქართველი მოსწავლეებიც ისწავლიან.

მოკლედ, თურქეთი ელოდება, რომ ფეთულა გიულენის სკოლები საქართველოში სწრაფად შეწყვეტენ არსებობას, მაგრამ თუ დახურვის პროცესი ძველი ტემპებით გაგრძელდება, მაშინ შეიძლება გაჭიანურდეს. ალბათ, საჭირო იქნება რადიკალური გადაწყვეტილების მიღება.

როგორც გალიპ ოზთურქი ამბობს, საქარტველოს მთავრობაც შიშობს, რომ ამ სკოლებში მომზადებული კადრები, აგენტების სახით, სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე არიან ჩანერგილნი. ვნახოთ. ვფიქრობ, დიდხანს ლოდინი არ დაგვჭირდება.

«Накануне» (რუსეთი), 10 თებერვალი, 2016 წელი

http://www.nakanune.ru/news/2017/02/10/22460703

http://www.politnavigator.net/posol-polshi-prizval-ukrainu-bolshe-ne-prositsya-v-nato.html

პოლონეთის ელჩმა უკრაინას მოუწოდა, რომ ნატოში გაწევრიანების თხოვნებს თავი დაანებოს: „მახსოვს ბუქარესტის სამიტი, როცა საქართველოს და უკრაინას ნატოში გაწევრიანება სურდათ, მაგრამ უარი მიიღეს“

უკრაინული და რუსული ელექტრონული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, პოლონეთის ელჩმა უკრაინაში იან პეკლომ ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა და  სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინა-ნატოს და საქართველო-ნატოს ურთიერთობის თემაზეც  ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირის მსგავსად, ნატო დღეს კრიზისულ სიტუაციაში იმყოფება და მნიშვნელოვან წევრს – თურქეთს კარგავს. ამიტომაც უკრაინამ უმჯობესია შეწყვიტოს თხოვნა ნატოში მიღების მიზნით.

„ევროკავშირი ამჟამად კრიზისს განიცდის. ნატოშიც თითქმის იგივე პროცესი მიმდინარეობს. მართალია, ნატო ჯერ კიდევ ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი სამხედრო ალიანსია მსოფლიოში, მაგრამ იმის გამო, რაც რამდენიმე თვის წინ თურქეთში მოხდა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თანდათან კარგავს თავის მნიშვნელოვან ელემენტს“, – აღნიშნა პოლონელმა დიპლომატმა. ამიტომაც მან, ამ ფაქტორის გათვალისწინებით, უკრაინას მოუწოდა თავის დაანებოს ნატოს კარზე კაკუნს.

„იყო დრო, როცა უკრაინამ ნატოში გაწევრიანება ითხოვა, მაგრამ უარი მიიღო. არაა გამორიცხული, რომ ანალოგიური სიტუაცია განმეორდეს… მე კარგად მახსოვს ბუქარესტის სამიტი 2008 წელს, როცა საქართველომ და უკრაინამ ნატოში გაწევრიანება და სამოქმედო გეგმის (მაპ) მიცემა ითხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს. ასევე კარგად მახსოვს, რომ ჩემმა ქვეყანამ, პოლონეთმა მხარი დაუჭირა უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებას, მაგრამ ძლიერ წინააღმდეგობას წავაწყდით“, – ხაზი გაუსვა პოლონეთის ელჩმა.

ამასთანავე, იან პეკლომ აღნიშნა, რომ გარკვეული სახით, უკრაინა უკვე არის ნატოს შემადგენლობაში, რასაც პოლონურ-ლიტვურ-უკრაინული ბრიგადის არსებობაც ადასტურებს. „შეიძლება არც ღირდეს სრული წევრობა? განა უფრო უკეთესი არ იქნება პრაქტიკულად რაღაც გაკეთდეს? მაგალითად, უკრაინა ძალიან კარგ საქმეს იზამს, თუ ნატოს რუსეთის პოტენციალისა და „ჰიბრიდული ომების“ შესწავლაში დაეხმარება“, – განაცხადა პოლონელმა დიპლომატმა.

Comments are closed