globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 11 მარტი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Mar 11th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): თბილისი მზადაა მშვიდობის ესტაფეტის მისაღებად // თანამედროვე გამოწვევები ჰელსინკის შეთანხმებიდან ახალ ქარტიაზე გადასვლას გვკარნახობენ

«Stratfor» (აშშ): რუსეთის როლის შეცვლა კავკასიაში

«Deutsche Welle» (გერმანია): ბარაკ ობამას ინტერვიუდან: ვლადიმირ პუტინის მოქმედებას უკრაინისა და საქართველოს მიმართ ერთი მიზეზი აქვს – მოსკოვს სურს, რომ პოსტსაბჭთა რესპუბლიკები თავისი გავლენის სფეროში ჰყავდეს

«Le Monde» (საფრანგეთი): აბუ-უმარ ალ-შიშანი – სირიული ისლამიზმის კერპი

—————–

«Независимая газета» (რუსეთი), 11 მარტი, 2016 წელი

http://www.ng.ru/cis/2016-03-11/3_kartblansh.html

თბილისი მზადაა მშვიდობის ესტაფეტის მისაღებად

თანამედროვე გამოწვევები ჰელსინკის შეთანხმებიდან ახალ ქარტიაზე გადასვლას გვკარნახობენ

სტატიაში საუბარია ევროპულ უსაფრთხოებაზე, რომელიც ჰელსინკის 1975 წლის ცნობილ აქტს ეფუძნება და რომელიც, მიმდინარე დაძაბული პოლიტიკური პროცესების ფონზე, ახლებურ მიდგომებს, ტრანსფორმირებას და ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს. აუცილებელი ხდება ექსპერტთა პოტენციალის გაერთიანება და გარკვეული კრიტერიუმების შემუშავება პრობლემების თავიდან აცილებისა და მათი პროფილაქტიკის მიზნით. სტატიაში  ამ თვალსაზრისით განხილულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პრობლემები და მხარეთა პოზიციების განსხვავება ფაქტებისა და მოვლენების შეფასებების დროს – მაგალითად, 2008 წლის აგვისტოს ომის მიზეზების საკითხში (ავტორები: ალექსანდრე რუსეცკი, რეგიონული უსაფრთხოების კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი და გრიგორი ტროფიმჩუკი, ევრაზიული კვლევების მხარდამჭერი ფონდის ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე).

„საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გამწვავების ფონზე, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს  ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულობების გამოძიების დაწყებამ გამოიწვია, ქართველი და რუსი ექსპერტები შეშფოთებულნი არიან ცივი საინფორმაციო ომის დაბრუნებით, ამიტომაც მათ ინტენსიური კონსულტაციები დაიწყეს.

საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში აგრესიია განახორციელა, რუსეთი კი თვლის, რომ ეს აგრესია კი არა, მშვიდობის იძულებითი დაცვისაკენ მიმართულ მოქმედებას წარმოადგენდა. ევროკავშირის მიერ შექმნილმა კომისიამ, რომელსაც ცნობილი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა, მილიონახევარ დოლარზე მეტი დახარჯა და შექმნა ისეთი პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე დოკუმენტი, რომელიც საკმაოდ შორს დგას ობიექტურობისაგან – მასში არაა ნაჩვენები სამხედრო კონფლიქტის რეალური სურათი.

გეოპოლიტიკური კატაკლიზმების ფონზე პერმანენტულად გრძელდება საინფორმაციო ომები, რომლებიც ხელს უწყობენ კონფლიქტების გაღვივებას და დაპირისპირების ზრდას. სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებიც საინფორმაციო ომების უშუალო მონაწილეები არიან, ადექვატური შემფასებლური დოკუმენტების შემუშავება არ შეუძლიათ. შესაბამისად, ის საერთაშორისო ორგანიზაციებიც, რომლებიც ამ სახელმწიფოთა გავლენის ქვეშ იმყოფებიან, ამ მიმართებით ასევე ვერაფერს ღირებულს ვერ ქმნიან. ასეთი ვთარების შედეგი კი ისაა, რომ სამშვიდობო ფორმატები, რომლებიც კონფლიქტების მოგვარებას უნდა ემსახურებოდნენ, უბრალოდ, არაეფექტურია. საუკეთესო შემთხვევაში მოლაპარაკებები ორიენტირებულია არა კონფლიქტის დარეგულირებასა და მათ მოგვარებაზე, არამედ მათ გაყინვასა და მიყუჩებაზე. ამრიგად, აშკარაა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა ნამდვილ სამშვიდობო, არამედ ფსევდოსამშვიდობო  პროცესებთან, რომლებიც ხელს უშლიან სამშვიდობო ინიციატივების ჩამოყალიბებას და მათ რეალიზაციას.

სწორედ იმ მიზნით, რომ თავიდან იქნეს აცილებული კონფლიქტების მოგვარების მცდელობის უარყოფითი შედეგები, 2015 წლის დეკემბერში დამოუკიდებელი ექსპერტების ინიციატივით, ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი კონფლიქტებისა და სამშვიდობო პროცესების შეფასებების საერთაშორისო ლაბორატორიის შექმნის მიზნით. კერძოდ, ლაბორატორია დაინტერესებულ მხარეებს სესთავაზებს კონფლიქტების მოგვარების ახალ ინოვაციურ მიდგომებს, არაორდინალურ პროექტებს და ა.შ. თბილისში უკვე გაიმართა აზერბაიჯანე;ლი, რუსი, ქართველი, თურქი და უკრაინელი ექსპერტების სამუშაო შეხვედრა, სადაც გაცხადებული  ევროპული უსაფრთხოების ახალი სისტემის ჩამოყალიბების აუცილებლობა, რომელიც არამარტო მიიღებდა ესტაფეტას 1975 წელს ფინეთის დედაქალაქში გამართული უსაფრთხოების თათბირისაგან, არამედ საერთაშორისო საზოგადოებას მშვიდობიანი თანაცხოვრების ახალ პრინციპებს შესთავაზებდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო „მშვიდობის თბილისური ინიციატივა“.

თბილისი, რომელიც გეოგრაფიულად გეოპოლიტიკური ღერძების – „აღმოსავლეთი-დასავლეთის“ და „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ გადაკვეთაზე მდებარეობს, შეიძლება ჰელსინკის პროცესის რეანიმაციის ხელშეწყობის სიმბოლო გახდეს. სულ უფრო აუცილებელი ხდება ფართო ფორმატით იქნეს განხილული რეკომენდაციები ახალი ფუძემდებლური დოკუმენტის (მშვიდობის ახალი ქარტიის) სავარაუდო მომზადებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი მექანიზმების შემმუშავებელი თათბირის მოწვევის მიზნით. „მშვიდობის თბილისური ინიციატივის“ ორგანიზატორებს განზრახული აქვთ ამ მხრივ თანამშრომლობა დაიწყონ ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეებთან, გამოცდილ ექსპერტებთან და სხვადასხვა სფეროებისა და პროფესიების წარმომადგენლებთან“, – ნათქვამია სტატიაში.

«Stratfor» (აშშ), 10 მარტი, 2016 წელი

https://www.stratfor.com/analysis/russias-evolving-role-caucasus

რუსეთის როლის შეცვლა კავკასიაში

ამერიკულმა ანალიტიკურმა კომპანია „სტრატფორმა“ გამოაქვეყნა კვლევითი მოხსენება, რომელშიც გაანალიზებულია სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, საგარეოპოლიტიკური ფაქტორების როლი, მოცემულია გარკვეული დასკვნები და პროგნოზები.

„კავკასიის რეგიონი – ევროპასა და აზიას შორის მდებარე ტრანსკონტინენტური ზონა – დიდი ხანია გეოპოლიტიკური დაპირისპირების კერას წარმოადგენს. კავკასია, რომელიც რუსეთის, თურქეთისა და ირანის გარემოცვაში იმყოფება, რთული და პერმანენტული პროცესების ქსელშია გახლართული. კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას ის ფაქტი, რომ თავისი მდებარეობითა და ენერგორესურსების წყალობით კავკასია დასავლეთის ინტერესების ობიექტს წარმოადგენს. ზოგადად, თუ საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტებისა და უპირატესობებით მიხედვით ვიმსჯელებთ, საქართველოზე ორიენტირებულია დასავლეთზე (ევროკავშირზე და ნატოზე), სომხეთი – ჩრდილოეთზე (რუსეთზე), აზერბაიჯანს კი მჭიდრო ურთიერთობა აქვს თავის მონათესავე სახელმწიფოსთან – თურქეთთან. პრაქტიკაში კავკასიის სამ სახელმწიფოს ერთმანეთთან საკმაოდ რთული ურთიერთობა აქვთ, რაც განაპირობებს იმას, რომ ყოველ მომენტში შეიძლება რაღაც მოულოდნელი ტაქტიკური მოძრაობები მოხდეს.

პოსტსაბჭოთა ეპოქის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე კავკასიის რეგიონში ყველაზე ძლიერ მოთამაშესა და დომინირებულ ძალას რუსეთი წარმოადგენდა. ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება: 2008 წლის ომში რუსეთმა გაანადგურა საქართველო და მის სეპარატისტულ რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავისი სამხედრო გავლენა განამტკიცა. მოსკოვმა ასევე მოახერხა იმის უზრუნველყოფა, რომ დასავლეთი (ნატო და ევროკავშირი) საქართველოს კონფლიქტების მოგვარებაში აქტიურად არ ჩარეულიყო. გარდა ამისა, სომხეთში ხუთი ატასი რუსი სამხედრო მოსამსახურეა დისლოცირებული და მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანში რუსული ჯარები არ არის, კრემლი მაინც ახერხებს იმას, რომ ბაქომ თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს მოსკოვის სტრატეგიულ ინტერესებიც გაითვალისწინოს“, – აღნიშნულია მოხსენებაში.

ამასთან, გარეგნულად გაბატონებული მდგომარეობის მიუხედავად, რუსეთის გავლენა რეგიონში საკმაოდ შესუსტდა, განსაკუთრებით ეს ტენდენცია შესამჩნევია 2014 წლიდან, როცა უკრაინის მოვლენები დაიწყო. კიევში მომხდარი ანტისამთავრობო აჯანყების გამო მოსკოვს სერიოზული სამხედრო რესურსების გადასროლა მოუწია ყირიმსა და დონბასში. ამას დაემატა ნავთობზე ფასების კატასტროფული დაკლება და დასავლეთის მიერ სანქციების დაწესება, რამაც რუსეთის ეკონომიკა დაასუსტა. გარდა ამისა, სირიის მოვლენებმა რუსეთი იძულებული გახადა სამხედრო-პოლიტიკური ძალების პროეცირება კავკასიიდან ახლო-აღმოსავლეთში გადაეტანა.

შესაბამისად, კიევის მაიდნის შედეგად რუსული გავლენის დასუსტებით ისარგებლა საქართველომ, რომელმაც დასავლეთთან თავისი ინტეგრირების დონე გაზარდა: ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან და მიაღწია თბილისში ნატოს სასწავლო-საწრთვნელი ცენტრის გახსნას. გარდა ამისა, საქართველომ საფრანგეთისგან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები შეისყიდა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა იმ ფონზე, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოსათვის იარაღის მიწოდების საკითხში დასავლეთს, ფაქტიურად, ემბარგო ჰქონდა დაწესებული. მართალია, ჯერ-ჯერობით ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი საქართველოსთვის განუხორციელებელია, მაგრამ უკრაინის ევრომაიდნის პერიოდიდან, დასავლეთის მხარდაჭერამ თბილისისთვის მნიშვნელოვნად მოიმატა.

ზოგიერთი მოვლენა მიგვანიშნებს, რომ კავკასიაში რუსეთის პოზიციები რადიკალურად არ შეიცვლება. საქართველოს პროდასავლური გადახრების მიუხედავად, მოსკოვმა თბილისთან კონტაქტები შეინარჩუნა. საქართველოს მთავრობამ, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერაა შექმნილი (კოალიციას ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს – მილიარდერი და ყოფილი მაგნატი, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა), აშკარად გამოხატა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის სურვილი. 2012 წლიდან ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა განახლდა და მნიშვნელოვნად გაფართოვდა. გარდა ამისა, გასულ წელს თბილისმა მოსკოვთან მოლაპარაკება დაიწყო გაზის მიწოდების მოცულობის გაზრდაზეც. იგივე მოთხოვნა წაუყენა საქართველომ აზერბაიჯანსაც. მოლაპარაკებები საკმაო ხანს გაგრძელდა და საბოლოო ჯამში საქართველოს მცდელობა წარმატებით დასრულდა: თბილისმა მიიღო ის, რაც სურდა – გაზის მეტი მოცულობა აზერბაიჯანისაგან, რუსეთთან მიმართებით კი ძველი კონტრაქტის პირობები გაგრძელდა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ თბილისს რუსეთისაგან დამატებითი გაზის შესყიდვა კი არ სურდა, არამედ მოსკოვთან მოლაპარაკების გამოყენება თავისი ჭეშმარიტი მიზნის მისაღწევად – აზერბაიჯანი რომ დათმობაზე წასულიყო. თუმცა [გაზთან დაკავშირებული „ინტრიგის“ მიუხედავად],  სრულიად შესაძლებელია, რომ საქართველოსა და რუსეთის კომერციული კავშირები სამომავლოდ გაფართოვდეს: კერძოდ, შემოდგომაზე დაგეგმილია ქართულ-რუსული ბიზნესფორუმის ჩატარება. შეიძლება დავასკვნათ, რომ მოსკოვ-თბილისის ურთიერთობა მაინცდამაინც არ გართულდება და თითქმის იგივე დონეზე დარჩება, – ნათქვამია მოხსენებაში.

„სტრატფორის“ გამოკვლევაში ყურადღება ეთმობა აგრეთვე რუსეთ-აზერბაიჯანისა და რუსეთ-სომხეთის ურთიერთობის თანამედროვე მდგომარეობას: აღნიშნულია, რომ მოსკოვი იარაღს აწვდის ორივე მოწინააღმდეგე მხარეს – ბაქოსაც და ერევანსაც, რაც საბოლოო ჯამში უნდობლობის ფაქტორს აღვივებს. გარდა ამისა, სირიის მოვლენებში რუსეთის აქტიურმა ჩარევამ თავისი ასახვა ჰპოვა კავკასიაშიც: თურქეთი იძულებული გახდა ბერკეტების ძიება დაეწყო რუსეთის გავლენის შესასუსტებლად. ბოლო დროს დასავლეთის სანქციებმოხსნილმა ირანმაც მოისურვა [თავისი ისტორიული] ადგილის დაბრუნება კავკასიური მზის ქვეშ: თეირანს უკვე შეუძლია რეგიონში აქტიური მოთამაშის როლი შეასრულოს.

“უეჭველია, რომ რუსეთის სტრატეგიულ პოზიციებს კავკასიაში თავისი სუსტი ადგილები აქვს, რომლითაც თურქეთი და დასავლეთი აუცილებლად ისარგებლებენ. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში რუსეთი კავკასიაში კვლავ დომინირებად სამხედრო ძალად დარჩება, მაგრამ მოსკოვს თავისი ინტერესების რეალიზება, უკრაინისა და სირიის კონფლიქტების ფონზე, აშკარად გაუჭირდება და მისთვის უფრო რთულ ამოცანად გადაიქცევა”, – ასეთი დასკვნა და პროგნოზია მოცემული „სტრატფორის“ კვლევით მასალაში.

«Deutsche Welle» (გერმანია), 11 მარტი, 2016 წელი

http://www.dw.com/ru/обама-ни-захват-крыма-ни-помощь-асаду-не-делают-путина-глобальным-игроком/a-19110020

ბარაკ ობამა: ვლადიმირ პუტინის მოქმედებას უკრაინისა და საქართველოს მიმართ ერთი მიზეზი აქვს – მოსკოვს სურს, რომ პოსტსაბჭთა რესპუბლიკები თავისი გავლენის სფეროში ჰყავდეს

როგორც გერმანული „დოიჩე ველე“ იუწყება, ამერიკელმა ყოველთვიურმა ჟურნალმა „ეთლენთიქ“-მა აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ინტერვიუ გამოაქვეყნა.

ბარაკ ობამა თავის რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრების შთაბეჭდილებებზე საუბრობს: „იგი ჩემთან საუბრის დროს ძალიან თავაზიანი და გულწრფელია. არასოდეს დაუგვიანია ჩემთან მოლაპარაკების დაწყებაზე, სხვებთან შედარებით, რომლებთაც საათობით ალოდინებს ხოლმე“, – ამბობს ბარაკ ობამა და აღნიშნავს, რომ „ვლადიმირ პუტინი მუდმივად ცდილობს [აშშ-სთან] თანასწორობის დაცვას, ამასთან იგი სულელი არ არის და აცნობიერებს იმას, რომ რუსეთმა მსოფლიოში თავისი პოზიციები დათმო“. აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, მსოფლიო პოლიტიკაში ვლადიმირ პუტინი თამაშგარე აღმოჩნდა: ბოლო დროს იგი არცერთ საერთაშორისო სამიტზე არ გამოჩენილა, დღის წესრიგის შემუშავებაში არ მონაწილეობს, მაგალითად, „დიდ ოცეულში“. ბარაკ ობამას თქმით, ის, რომ ვლადიმირ პუტინმა ყირიმი მიიტაცა და სირიაში ბაშარ ასადს ეხმარება, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი გლობალურ მოთამაშედ თვალის ერთი დახამხამებით გადაიქცევა.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, „ნამდვილი ხელისუფლება იმას ნიშნავს, რომ სასურველ შედეგს ძალის აუცილებელი გამოყენების გარეშე უნდა მიაღწიო“. მისი აზრით, რუსეთი უკრაინის მიმართ არასწორად მოიქცა. იგივეს აკეთებს ვლადიმირ პუტინი სირიის მიმართაც – ერთი მხრივ, მხარს უჭერს დიქტატორ ბაშარ ასადს, მეორე მხრივ კი საკუთარ ქვეყანას და საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობას ზიანს აყენებს.

ბარაკ ობამამ ერთმანეთს შეადარა ორი კონფლიქტი – ვლადიმირ პუტინის მიერ 2014 წელს უკრაინის ტერიტორიის მიტაცება (ამ დროს აშშ სირიის მოვლენებით იყო დაკავებული) და საქართველოში 2008 წელს მომხდარი ომი (როცა ამერიკა ერაყის პრობლემას აგვარებდა). ორივე კონფლიქტის მიზეზი ერთია – რუსეთის სწრაფვა, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები თავისი გავლენის სფეროში ჰყავდეს

წყარო: ჟურნალი The Atlantic. http://www.theatlantic.com/magazine/archive/2016/04/the-obama-doctrine/471525/

«Le Monde» (საფრანგეთი), 10 მარტი, 2016 წელი

http://www.lemonde.fr/international/article/2016/03/10/omar-al-chichani-l-icone-djihadiste-touchee-par-une-frappe-americaine_4879684_3210.html

უმარ ალ-შიშანი – სირიული ისლამიზმის კერპი

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ შესაძლოა უმარ ჩეჩენი, „შავი არმიის გენერალი“, „ხალიფატის ომის მინისტრი“ და „ისლამური სახელმწიფოს საკულტო ფიგურა, 4 მარტს განხორციელებული ავიადაბომბვის შედეგად სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გავანადგურეთო, მაგრამ  მალე ცნობილი გახდა, რომ იგი არ დაღუპულა, მხოლოდ მძიმედაა დაჭრილი“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – იზაბელ მანდრო).

პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული აბუ-უმარ ალ-შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის ბიოგრაფიის დეტალები: პანკისური ბავშვობა, სამხედრო კარიერა ქართულ ჯარში, ქართული საპყრობილე, პატიმრობიდან გათავისუფლება და შემდეგ ჯერ თურქეთში წასვლა, იქიდან კი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში: „რაც არ უნდა იყოს, სირია აბუ-უმარს მაინდამაინც არ იზიდავდა. მან თავდაპირველად ეგვიპტეში და იემენში სცადა მოღვაწეობა, მაგრამ დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, საბოლოო ჯამში კი სირიაში აღმოჩნდა, სადაც „კავკასიის ემირატის“ ბატალიონს ჩაუდგა სათავეში. საბრძოლო ნათლობა ქალაქ ალეპოსთან მიიღო, „ალ-ქაიდა“-სთან დაკავშირებულ მოძრაობა „ჯებჰად ან-ნუსრა“-სთან ერთად.

თარხან ბათირაშვილის დაჯგუფება ერთ-ერთ მთავარ დამრტყმელ ძალად იქცა ბაშარ ასადის სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ: 2013 წელს აბუ-უმარის მებრძოლებმა ავიაბაზა „მანაგი“ აიღეს (რაც მანამდე ვერავინ მოახერხა) და ამით სამთავრობო ჯარებს დიდი ზიანი მიაყენეს. მას შემდეგ ალ-შიშანი „ისლამურ სახელწმიფოში“ („დაიშ“) გავლენიან ფიგურად იქცა.

მოგვიანებით თარხან ბათირაშვილის დაჯგუფებაში განხეთქილება მოხდა: ზოგიერთებმა ერთგულება „დაიშ“-ის ლიდერს აბუ-ბექრ ალ-ბაღდადის შეჰფიცეს, ზოგმა კი უარი თქვა. უმარმა „დაიში“ აირჩია. მან სწრაფად დაიწყო კარიერული წინსვლა – დაინიშნა „დაიშ“-ის ჩრდილოეთი რეგიონის სამხედრო ემირად და მეჯლისის (შურის) წევრად, რომელიც „დაიშ“-ის ცენტრალურ მმართველ ორგანოს წარმოადგენს. 2014 წლის ზაფხულში ერაყის ქალაქ მოსულის აღების დროს თარხან ბათირაშვილი „დაიშ“-ის ბოევიკების წინა რიგებში იბრძოდა. მისმა სამხედრო ქვედანაყოფმა სირია-ერაყის საზღვარზე სასაზღვრო პოსტები და საკონტროლო-გამსვლელი პუნქტები ააფეთქა. ამით ხაზი გაუსვა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპული კოლონიური სახელმწიფოების მიერ საიქს-პიკოს შეთანხმებით დადგენილი საზღვრების წაშლას. საბოლოო ჯამში აბუ-უმარ ალ-შიშანი ტრანსეროვნული ისლამური უტოპიის კერპად იქცა.

შორეულ სირიაში ყოფნის მიუხედავად, თარხან ბათირაშვილითავის ისტორიულ სამშობლოს და ფესვებს არ ივიწყებს: 2014 წლის სექტემბერში მან ხუთი მილიონი დოლარი აღუთქვა იმ პიროვნებას, ვინც ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს მოკლავდა. მის მიერ შედგენილ მოსაკლავთა სიაში ჩეჩნეთის რესპუბლიკის კიდევ 11 ოფიციალური პირი შედის. ერთი წლის წინ რამზან კადიროვი თვითონ აცხადებდა, რომ „აბუ-უმარი უკვე მკვდარია, ჩემმა ხალხმა გაანადგურაო“, მაგრამ შეცდა. ჯერ-ჯერობით ჩეჩნეთის ლიდერს პენტაგონის განცხადებაზე რაიმე კომენტარი არ გაუკეთებია.

Comments are closed