globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 11 აპრილი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Apr 11th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Deutsche Welle» (გერმანია): საქართველოს პრეზიდენტები: მიღწეული წარმატებები და დაშვებული შეცდომები // რის გაკეთება შეძლეს და ვერ გააკეთეს საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა განვლილი 25 წლის განმავლობაში?

«Foreign Policy» (აშშ): სმოლენსკის აჩრდილი: როგორ ახდენს გავლენას განსვენებული პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის მემკვიდრეობა პოლონეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზე

———————–

«Deutsche Welle» (გერმანია), 09 აპრილი, 2016 წელი

http://www.dw.com/ru/25-лет-независимости-грузии-президенты-их-успехи-и-промахи/a-19173965

საქართველოს პრეზიდენტები: მიღწეული წარმატებები და დაშვებული შეცდომები

რის გაკეთება შეძლეს და ვერ გააკეთეს საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა განვლილი 25 წლის განმავლობაში?

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისტავტან დაკავშირებით გერმანულმა სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველემ“ („გერმანულმა ტალღამ“) გამოქვეყნა სტატია საქართველოს პრეზიდენტების შესახებ, რომელშიც საუბარია მათ მიერ მიღწეულ წარმატებებზე და დაშვებულ შეცდომებზე (ავტორი – ამალია ოგაჯანოვა).

როგორი როლი შეასრულეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში ქვეყნის პრეზიდენტებმა? რის გაკეთება შეძლეს და ვერ გააკეთეს საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა განვლილი 25 წლის განმავლობაში?

ზვიად გამსახურდია:

პრეზიდენტი-დისიდენტი და ნაციონალიზმი

„საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომლის მმართველობის დროს მსოფლიოს რუკაზე ქვეყანა გაჩნდა სახელწოდებით „საქართველო“, დისიდენტური მოძრაობის წარმომადგენელი იყო“, – ამბობს  ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი, ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი, – „ზვიად გამსახურდია აქცენტს აკეთებდა ქართული ეთნოსის მითოლოგიურ წარმოშობასა და ქვეყნის გათავისუფლებაზე ბოროტებისაგან, რუსეთის იმპერიის სახით“. ყოველივე ამან, დავით ჯიშკარიანის აზრით, ხელი შეუწყო ქართული ნაციონალიზმის განვიტარებას 1990-იანი წლების დასაწყისში. თუმცა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ხელიდან გაუშვა ესარგებლა რუსეთის დასუსტების შანსით და დაეწყო სამხრეთკავკასიური თანამშრომლობა, – აღნიშნავს ქართული პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია. გარდა ამისა, ზვიად გამსახურდიამ ვერ შეძლო ურთიერთობის დამყარება ქვეყნის ყოფილ პოლიტიკურ ელიტასთან. „მას არ ჰქონდა სახელმწიფოს მართვის გამოცდილება, ხელისუფლებაში მხოლოდ ერთი წელი გაძლო და გადატრიალების შედეგად იძულებული გხდა ქვეყანა დაეტოვებინა“, – იხსენებს დავით ჯიშკარიანი. მოგვიანებით საქართველოს პირველი პრეზიდენტი ქვეყანაში – მის დასავლეთ ნაწილში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა დევნილ მთავრობას. ზვიად გამსახურდია 1993 წელს გარდაიცვალა: ერთი ვერსიით, მან თითქოსდა თავი მოიკლა, მეორე ვერსიით – იგი მოკლეს.

ედუარდ შევარდნაძე: კორუფციული მართვა და ახალი პოლიტელიტის წარმოშობა

1992 წელს საქართველოს ლიდერად რესპუბლიკის კომპარტიის ყოფილი ლიდერი და სსრკ საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი ედურად შევარდნაძე გახდა. „მისი კლანური მმართველობის დროს ფართოდ გავრცელდა კორუფცია, თუმცა სწორედ ედუარდ შევარდნაძის დროს გადაიდგა პირველი ნაბიჯები ქვეყნის ინსტიტუციური მართვის მცდელობის მიზნით“, – აღნიშანვს ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი. დადებითი მოვლენა იყო ისიც, რომ ე.შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში იქნა მიღებული საქართველოს კონსტიტუცია და გამოცხადდა ქვეყნის სწრაფვა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ. ედუარდ შევარდნაძეს ჰქონდა წარმატებებიც და ჩავარდნებიც კონფლიქტების მოგვარების საკითხშიც (1992-2003 წლებში). ერთი მხრივ, თბილისს არ ემორჩილებოდა ქვეყნის შავიზღვისპირა რეგიონი აჭარა, სამაგიეროდ, ერგნეთის ბაზრობის გაჩენით, 1990-იანი წლების დასაწყისში, მიღწეულ იქნა გარკვეული პროგრესი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირების მცდელობაში (ბაზრობა მოქმედებდა 2004 წლამდე და ითვლება, რომ ის ხელს უწყობდა ქართველებისა და ოსების ურთიერთობის განვითარებას). „ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს ქვეყანაში გაჩნდა ახალი პოლიტიკური ელიტა ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის სახით, რომლებმაც 2003 წლის შემოდგომაზე საქართველოში „ვარდების რევოლუცია“ მოაწყეს და რომლის შედეგად ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის გუნდი მოვიდა“, – ამბობს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.

მიხეილ სააკაშვილი: რადიკალური რეფორმები და ავტორიტარული რეჟიმი

საქართველოს პრეზიდენტად „ნაცმოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი 2004 წლის დასაწყისში იქნა არჩეული. მისი მმართველობის პერიოდი გამოირჩეოდა რადიკალური რეფორმებითა და კორუფციასთან ბრძოლით. ამასთან, როგორც დავით ჯიშკარიანი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის მთავრობა იყო პიარზე ორიენტირებული ავტორიტარული რეჟიმის გამოხატულება“, თუმცა ისტორიკოსი აღიარებს, რომ პრეზიდენტმა მოახერხა ეფექტური ფისკალური პოლიტიკის გატარება და წარმატებით შეძლო სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირება. რაც სეეხება საქართველოს საგარეოპოლიტიკურ კურსს, ამ სფეროშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა: „რუსეთთან ურთიერთობაში აშკარად შეიმჩნეოდა რადიკალური კრიტიკა, მაგრამ ეს მხოლოდ რიტორიკის დონეზე იყო. სინამდვილეში საქართველოში დაბანდებული მრავალი უცხოური კაპიტალის უკან რუსული კომპანიები იდგნენ“, – ამბობს ქართველი ისტორიკოსი, – ამასთან, პარალელურად ვითარდებოდა ურთიერთობა დასავლეთთან, საქართველო ბოლონიის პროცესის მონაწილე გახდა“. თუმცა, თვალშისაცემი გახდა ნეგატიური მოვლენებიც: მიხეილ სააკაშვილის ათწლიანი მმართველობის დრო აღინიშნა მასმედიაზე ტოტალური კონტროლით, რაც ყველაზე აშკარად ტელევიზიის მიმართ გამოიხატა. „2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის [უარყოფითი შედეგების] მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ სამხრეთ კავკასიაში სრულიად შესაძლებელია ევროპული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობა, – აღნიშნავს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, – სწორედ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროიდან დაიწყეს მსოფლიოში საქართველოს შესახებ, როგორც შემდგარ სახელმწიფოზე, საუბარი მსოფლიოში“.

გიორგი მარგველაშვილი: „გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე“

2012 წლის ოქტომბრის დასაწყისში მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაცმოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, ხელისუფლებაში მოვიდა კოალიცია „ქართული ოცნება“ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც მალე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა. მიხეილ სააკაშვილმა, პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ, თავი უცხოეთს შეაფარა… 2013 წლის ნოემბერში საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ქვეყნის რიგით მეოთხე მეთაური გახდა მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი. მან განვლილ 25 წელს „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ მიმავალი გზა“ უწოდა. იგი აცხადებს, რომ ერთია დამოუკიდებლობის მიღწევა ვიღაცასთან მიმართებით (რაც მნიშვნელოვანი იყო 1990-იან წლებში), მეორეა რეალური თავისუფლება, (რაც თანამედროვე საქართველოს მიზანს წარმოადგენს). „დღეს ქართული საზოგადოება პრეზიდენტის მოწოდების გარკვეულ იგნორირებას ახდენს, რადგან ამჟამად წინა პლანზე სოციალური პრობლემების მოგვარებამ წამოიწია. ამ საკითხმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემაც კი დაჩრდილა“, – აღნიშნავს დავით ჯიშკარიანი. თავის მხრივ, კორნელი კაკაჩიას თქმით, „საქართველოს ნამდვილად აქვს იმის ამბიცია, რომ რეალურ დამოუკიდებლობას მიაღწიოს, რაც, კერძოდ, შეიძლება საგარეოპოლიტიკური საკითხების თავისუფლად გადაწყვეტაში გამოიხატოს“.

—————–

„ოცდახუთი წლის განმავლობაში ეკონომიკური პრობლემების მოგვარება საქართველოს ვერცერთმა პრეზიდენტმა ვერ მოახერხა“, – ამბობს კორნელი კაკაჩია. დავით ჯიშკარიანი ნეგატიურად აფასებს განათლების დონეს, რომელიც ბოლო ათწლეულში გაუარესდა. ქართველი ლიდერების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმატებად ექსპერტები მიიჩნევენ იმას, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდა სახელმწიფო ინსტიტუტები და პოლიტიკური ელიტა, რომელსაც სახელმწიფოს მართვა  სამართლებრივ ჩარჩოებში შეუძლია.

ექს-ლიდერების როლზე საუბრისას კორნელი კაკაჩია აღნიშნავს, რომ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ისინი თავისი ქვეყნისათვის საჭირონი აღარ აღმოჩნდნენ: „მაგალითად, ედუარდ შევარდნაძე, მართალია, სამშობლოში დარჩა, მაგრამ სიკვდილამდე განდეგილივით ცხოვრობდა. მას ადგილობრივ უნივერსიტეტებშიც კი იწვევდნენ ლექციების წასაკითხად… მიხეილ სააკაშვილი კი ჯერ აშშ-ში იყო, ახლა კი უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორია“.

დავით ჯიშკარიანის თქმით, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, როგორი ბედი ელოდება წინ „ქართულ ოცნებას“ და მის არაფორმალურ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს. „ქართული ოცნება“ ისეთი პოპულარული უკვე არარ არის, როგორიც ადრე იყო. პარტიამ ვერ შეძლო ქვეყნის ეფექტურად მართვის სწავლა და მის წინაშე მდგარი პრობლემების ადექვატურად აღქმა“.

«Foreign Policy» (აშშ), 11 აპრილი, 2016 წელი

http://foreignpolicy.com/2016/04/08/the-ghosts-of-smolensk-poland-kaczynski-russia/

სმოლენსკის აჩრდილი: როგორ ახდენს გავლენას განსვენებული პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის სადაო მემკვიდრეობა პოლონეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზე

სტატიაში განხილულ-გაანალიზებულია პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის პოლიტიკური მოღვაწეობის ასპექტები, მისი დაღუპვის  მორიგ წლისთავთან დაკავშირებით (ავტორი – ქრისტიან დევისი). როგორც ცნობილია, 2010 წლის 10 აპრილს ლეხ კაჩინსკი ავიაკატასტროფაში დაიღუპა რუსეთის ქალაქ სმოლენსკის აეროდრომზე დაშვების დროს.

პუბლიკაციაში ავტორი ეხება ლეხ კაჩინსკის საშინაო და საგარეოპოლიტიკურ კურსს, კერძოდ, საქართველოსადმი დამოკიდე-ბულებას, მის ვიზიტს თბილისში და ამ ფონზე მკითხველს პოლონეთის პრეზიდენტის პორტრეტს, მის ჯიუტ ხასიათს აჩვენებს. გარდა ამისა, სტატიაში გადმოცემულია დღევანდელ პოლონეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ლეხ კაჩინსკის მემკვიდრეობისა და როლის გათვალისწინებით.

„2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს გაგანია ომის დროს, პოლო-ნეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი სათავეში ჩაუდგა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ლიდერების დელეგაციას, რათა თბილისში ჩამოსულიყო საქართველოს პრეზი-დენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად.

თავდაპირველად დელეგაცია აზერბა-იჯანის ქალაქ განჯაში უნდა ჩაფრენილიყო, იქიდან კი თბილისში ავტომანქანებით გაემგზავრებოდა, მაგრამ როცა დელეგატები ყირიმში გაჩერდნენ, სადაც მათ ლატვიის პრემიერ-მინისტრი და უკრაინის პრეზიდენტი ელოდებოდათ, ლეხ კაჩინსკიმ მოულოდ-ნელად გამოაცხადა, გეგმები იცვლება და თვითმფრინავი პირდაპირ თბილისში დაეშვებაო. ავიალაინერის პილოტმა უარი განაცხადა პრეზიდენტის ნებას დამორჩი-ლებოდა: მან ლეხ კაჩინსკის აუხსნა, რომ იმ რთულ მომენტში და ისეთ მოკლე დროში შეუძლებელი იყო საომარი მოქმედების ზონაში უსაფრთხო ფრენის გარანტიის მიღება და აქედან გამომდინარე, რადგან იგი ვერ შეძლებს თავისი მოვალეობის შესრულებას, ანუ მგზავრებისათვის უსაფრთხო ფრენის უზრუნველყოფას, იგი უარს აცხადებს პრეზიდენტის ბრძანების რეალიზებაზე.

პოლონური გაზეთ „დზენნიკს“ თუ ვენდობით, ლეხ კაჩინსკი დაბეჯითებით მოითხოვდა ბრძანების შესრულებას და პილოტს ეუბნებოდა: „მე სახელმწიფოს მეთაური ვარ და ჩემს ნებას პატივი უნდა სცეთ… რადგანაც თქვენ პილოტი ბრძანდებით, არ გაქვთ შიშის უფლება… ჩვენ ამ ფაქტს აუცილებლად დავუბრუნდებით, უკან რომ წამოვალთ“. მართლაც, რამდენიმე დღის შემდეგ, „კანონიერებისა და სამართლიანობის პარტიის“ ლიდერმა, პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ მფრინავის გასამართლება მოითხოვა, „ფრენის დროს გამოჩენილი სიმხდალის გამო“.

სხვადასხვა ადამიანებმა სხვადასხვანაირად დაიმახსოვრეს ლეხ კაჩინსკის თბილისური ვიზიტი: მისმა გამოჩენამ საქართველოს დედაქალაქში და მწვავე განცხადებამ, რომ პოლონეთი მზად არის საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში დაეხმაროსო, ლეხ კაჩინსკი საქართველოს ეროვნულ გმირად აქცია და აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში პოპულარობა მოუტანა. მაგრამ დრეს პოლონელებს ასევე ძალიან კარგად ახსოვთ იმ ავიაეკიპაჟის ბედი, რომელმაც პრეზიდენტი თბილისში ჩაიყვანა: ხომალდის მეთაური, რომელსაც ლეხ კაჩინსკიმ სიმხდალე დააბრალა, სამსახურიდან გაათავისუფლეს და იგი დეპრესიაში ჩავარდა; მეორე პილოტი და შტურმანი კი ორი წლის შემდეგ, სმოლენსკის აეროპორტის ახლოს მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ, პრეზიდენტთან ერთად… სქელ ნისლში დაშვების დროს.

დღეს პოლონეთის მმართველი ძალა ისევ „კანონისა და სამართლიანობის პარტიაა“, რომელსაც ლეხ კაჩინსკის ტყუპი ძმა იაროსლავ კაჩინსკი ხელმძღვანელობს, იგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია. რასაკვირველია, პარტია მიიჩნევს, რომ ლეხ კაჩინსკი არამარტო პოლონეთის უდიდესი პრეზიდენტი იყო, არამედ განუზომელი მასშტაბის მქონე ისტორიული ფიგურა და, შესაბამისად, მისი სიკვდილი შემთხვევითი არ ყოფილა. პარტიის ლიდერების განცხადებით, სმოლენსკში მომხდარი ტრაგედიის მიზანს პოლონეთის ხელმძღვანელობის ლიკვიდაცია, პოლონეთის დამოუკიდებლობის მოსპობა წარმოადგენდა“. მოწინააღმდეგეები კი მიიჩნევენ, რომ ლეხ კაჩინსკის აგრესიული პატრიოტიზმი სულელური და არაპროდუქტიული იყო, ხოლო მის ჯიუტობას პოლონეთისთვის ზიანის მეტი არაფერი მოუტანიაო. მოკლედ, საზოგადოება ორადაა გაყოფილი, – აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციაში ავტორი წერს, რომ ლეხ კაჩინსკის პრეზიდენტობის დროს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი იყო დონალდ ტუსკი, რომელიც ცდილობდა პრეზიდენტის ანტირუსული პოლიტიკა ერთგვარად გაენეიტრალებინა.  დონალდ ტუსკს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის მაშინდელ პრემიერ ვლადიმირ პუტინთან და ამით მკვეთრად განსხვავდებოდა ლეხ კაჩინსკისაგან, რომელსაც დაძაბული დამოკიდებულება ჰქონდა თავის რუს კოლეგასთან – მაშინდელ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან. 2009 წელს ვლადიმირ პუტინმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და დონალდ ტუსკთან ერთად კატინის მსხვერპლ პოლონელი ოფიცრების ხსოვნის აღსანიშნავად გამართულ ისტორიულ ცერემონიას დაესწრო, რაც მანამდე არცერთ რუს ლიდერს არ გაუკეთებია. ამით რუსეთმა ფაქტიურად თავისი დანაშაული აღიარა პოლონეთის წინაშე. ცერემონიაზე პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი არ მიიწვიეს. პუტინმა და ტუსკმა ჩათვალეს, რომ პრეზიდენტის აგრესიულობა სიტუაციას გააუარესებდა. განაწყენებულმა ლეხ კაჩინსკიმ, რომელსაც დონალდ ტუსკის პოლიტიკა არ მოსწონდა, სასწრაფოდ შეადგინა ახალი დელეგაცია მინისტრების შემადგენლობით და კატინისაკენ გაფრინდა იმავე თვითმფრინავით, რომლითაც სამი დღით ადრე დონალდ ტუსკმა იმგზავრა. სამწუხაროდ, დელეგაცია დანიშნულების ადგილზე ვერ ჩავიდა…

ლეხ კაჩინსკის მომხრეები ირწმუნებიან, რომ ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტუსკი პოლონელი ხალხის ზურგს უკან ერთმანეთს გაურიგდნენ. ისინი ამტკიცებენ, რომ პოლონეთის შემრიგებლური პოლიტიკა რუსეთის მიმართ ეროვნული სირცხვილია, სიმხდალისა და არაპატრიოტობის ტოლფასი მოქმედებააო. სწორედ ლეხ კაჩინსკი იყო პოლონეთის სიამაყის სიმბოლო, უდრეკი ხელმძღვანელი… იგი იმდენად საშიში იყო პუტინისა და ტუსკისათვის, რომ მათი განადგურება გადაწყვიტესო. კრიტიკოსების აზრით კი, ყველაფერს პროზაული ახსნა აქვს: 2010 წლის შემოდგომაზე პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გამართულიყო, ამ დროს კი ლეხ კაჩინსკის საქმეები მაინცდამაინც კარგად არ მიდიოდა. იგი მარგინალური ფიგურად იქცა როგორც პოლონეთში, ასევე საერთაშორისო არენაზეც. იგი იმუქრებოდა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებებს დაბლოკავდა. პრეზიდენტის ავტორიტეტი ეცემოდა. მისმა ანტირუსულმა პოლიტიკამ პოლონეთს რიგი მეზობელი ქვეყნები აუმხედრა, რომლებსაც რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურდათ. საპრეზიდენტო არჩევნებში ლეხ კაჩინსკის გამარჯვება საეჭვო ხდებოდა. ჰოდა, პრეზიდენტმა განიზრახა თავისი კატეგორიული ნება ეჩვენებინა… როცა რუსეთიდან ცნობა მიიღეს, რომ სმოლენსკის აეროპორტში სქელი ნისლია, დაშვება შეუძლებელიაო, ეს ლეხ კაჩინსკიმ კეთილ გაფრთხილებად კი არ აღიქვა, არამედ მოსკოვის მხრიდან პოლონეთის პრეზიდენტის დამცირებად. საბორტო „შავი ყუთების“ ჩანაწერები ცხადყოფს, რომ დელეგაციის წევრი მაღალჩინოსნები კაბინაში შედიოდნენ და ეკიპაჟისაგან სმოლენსკში დაშვებას ითხოვდნენ. გავიხსენოთ: პრეზიდენტი ადრეც ითხოვდა მფრინავებისაგან, რომ ავიალაინერი საფრთხისშემცველ პირობებში  დაშვებულიყო. ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ სრულ სიმართლეს, იყო თუ არა პრეზიდენტის ან რომელიმე ჩინოვნიკის ეკიპაჟზე ზეწოლა ავიაკატასტროფის მიზეზი, მაგრამ ფაქტია, რომ „პუტინ-ტუსკის გარიგება“ აქ არავითარ შუაში არ არის.

„საბოლოო ჯამში ის სამწუხარო მოვლენა, რომელსაც შეეძლო პოლონეთის საზოგადოება გაერთიანებინა, დღეს უფრო მეტად ხელს უწყობს განხეთქილებას და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებას წამლავს“, – ასკვნის ავტორი.

Comments are closed