globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 11 მაისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on May 11th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«El Pais» (ესპანეთი): საქართველოში ევროპასთან მიმართებით ეჭვები მატულობს // ხელისუფლებამ ისეთი რეფორმები უნდა დააჩქაროს, რომლებიც ქვეყანას ნატოსთან და ევროკავშირთან დააახლოებს და მოსახლეობის იმედგაცრუებას გაანეიტრალებს

«Deutsche Welle // რადიო გერმანული ტალღა» (გერმანია): საქართველოს გრძელი გზა ევროპისაკენ

———————–

«El Pais» (ესპანეთი), 10 მაისი, 2016 წელი

http://internacional.elpais.com/internacional/2016/05/08/actualidad/1462717717_673340.html

საქართველოში ევროპასთან მიმართებით ეჭვები მატულობს

ხელისუფლებამ ისეთი რეფორმები უნდა დააჩქაროს, რომლებიც ქვეყანას ნატოსთან და ევროკავშირთან დაახლოებს და მოსახლეობის იმედგაცრუებას გაანეიტრალებს

„დღეს საქართველოს მდგომარეობა ისეთია, რომ თბილისმა რუსეთთანაც უნდა იმეზობლოს და ისეთი დასავლური რეფორმებიც უნდა გაატაროს, რომლებიც  ხელ უწყობს ამ ქვეყნის ნატოსან და ევროკავშირთან ინტეგრირებას“, – ნათქვამია ესპანურ გაზეთ „ელ პაის“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ავტორი მარია სოსა ტროია თბილისში იმყოფებოდა და შესაბამისად, პუბლიკაციაში საკუთარი თვალით დანახულ სიტუაციას გადმოსცემს: „საქართველოს ხელისუფლება ამჩნევს, რომ მოსახლეობა ევროპული კურსისაგან იმედგაცრუებულია, დასავლურ სტრუტქურებთან ინტეგრირება ნელი ტემპით მიმდინარეობს, პარალელურად კი იზრდება ანტიევროპული პროპაგანდა“.

ჟურნალისტი აღწერს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, კერძოდ, სოფელ ჯარიაშენში შექმნილ ვითარებას. იგი ესაუბრება ორ ადგილობრივ მცხოვრებს – 75 წლის ელიზბარ მესტუმრიშვილს და 48 წლის დავით გოგიაშვილს, რომლებიც ორივე ქართველია, მაგრამ, ავტორის მტკიცებით, სხვადასხვა საგარეოპოლიტიკლურ პოზიციებზე დგანან: პირველს, უფრო ხანდაზმულს, პრორუსული განწყობები აქვს, მეორეს კი, შედარებით ახალგაზრდას, პროევროპული. აი, რას ამბობს ელიზბარ მესტუმრიშვილი: „მართალია, [რუსებმა] ოსებთან ურთიერთობა შეგვიზღუდეს, მაგრამ თავს უსაფრთხოდ მაინც [რუსეთთან] ვგრძნობ… რუსები კარგად მეპყრობიან. ჩემთვის ევროპა რაღაც დიდი და შორეულია, რუსეთი კი – ახლობელი, ჩემი მეორე სახლი“. ჟურნალისტი განმარტავს, რომ ელიზბარის სახლი რუსული ბაზიდან ერთ კილომეტრზე მდებარეობს. დავით გოგიაშვილი კი პირიქით ლაპარაკობს და ჟურნალისტს უხსნის, თუ რატომაა ელიზბარი პრორუსულად განწყობილი: „იგი ყოველდღე ხედავს რუსებს და მათი ეშინია… ჩვენ 2008 წლამდე ოსებთან ვმეგობრობდით, მოსკოვმა კი ეს ურთიერთობები გაგვიწყვიტა. რუსეთი აქედან უნდა წავიდეს“.

სტატიის ავტორი ეხება კავკასიის კვლევითი რესურს-ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს, რომელთა თანახმად, 2008 წელს ქართველების 54% მხარს ევროპულ კურსს უჭერდა, 2013-ში კი მხოლოდ 33%. „საქართველოში პრორუსული პოლიტიკა არაპოპულარულია“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბარში, მაგრამ მან ასევე აღნიშნა, რომ მატულობს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის რაოდენობა, რომლებიც რუსეთთან დაახლოებას ესწრაფვიან.

საქართველოს ეკონომიკაში ტრადიციულად სოფლის მეურნეობა დომინირებს. ეს კარგად იცის ხელისუფლებამ, რომელმაც რეფორმები დაიწყო ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოების მიზნით. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამინისტროში შეიქმნა ახალი სტრუქტურა, რომლის ფუნქცია იქნება მოსახლეობას განუმარტოს და აუხსნას ევროპული კურსის სარგებლიანობა და პოზიტიური მნიშვნელობა. ეს სტრუქტურა წინააღმდეგობას გაუწევს ანტიევროპულ პროპაგანდასაც: პირველ რიგში, გაანეიტრალებს იმ განცხადებებს, რომ საქართველო ევროსტრუქტურებში – ნატოსა და ევროკავშირში ვერ გაწევრიანდებაო, რეკლამას გაუწევს ევროპულ ფასეულობებს, სწორად ახსნის ევროპული ცხოვრების წეს-ჩვეულებების არსს, ფასეულობების მნიშვნელობას, მოქალაქეებს განუმარტავს, რომ მათ შიში არ უნდა ჰქონდეთ (მაგალითად, რადგანაც საქართველო ძირითადად ქრისტიანულ-მართლმადიდებელი ქვეყანაა, ქართველ მორწმუნეებისათვის მიუღებელია ერთსქესიანთა ქორწინებების დაკანონება) და მეორე – დაარწმუნებს მოსახლეობას იმაში, რომ რუსეთთან დაახლოება საქართველოს არანაირად არ გამოადგება.

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრი დავით ბაქრაძე აღიარებს, რომ ევროპული კურსისი მომხრეები დღეს უფრო ნაკლები რაოდენობისაა, ვიდრე წინა წლებში, მაგრამ იქვე ამბობს, რომ ამჟამინდელი მომხრეები უკვე შეგნებული და მტკიცე მხარდამჭერები არიან. მინისტრი ასევე აცხადებს, რომ საქართველოში ევრაზიული კავშირის მომხრეთა რაოდენობაც შემცირებულია.

საქართველოში დღეს ორი სეპარატისტული რეგიონია – სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, რომლებმაც რუსეთის წაქეზებითა და მხარდაჭერით, ჯერ თბილისისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, შემდეგ კი, 2008 წლის აგვისტოში, როცა ქართული არმია ოსი სეპარატისტების ცენტრის – ცხინვალის გაკონტროლებას შეეცადა, რუსეთი მათ დაეხმარა და ქართველებმა უკან დაიხიეს. საბოლოოდ, აფხაზეთმაც და სამხრეთ ოსეთმაც რუსეთთთან შეთანხმებები გააფორმეს, რომლებსაც თბილისი საქართველოს კუთვნილი ტერიტორიების ანექსიად მიიჩნევს.

საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს მთავრობა ნატოსა და ევროკავშირისაგან რაიმე კეთილი ჟესტის გაკეთებას ელოდება. მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ თვლის, რომ თბილისმა ყველა ვალდებულება შეასრულა, მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა და მტკიცედ მიჰყვება ევროპისაკენ მიმავალ გზას: „ჩვენ ველოდებით, რომ ნატოს ვარშავის სამიტზე ერთმნიშვნელოვან სიგნალს მივიღებთ. ჩვენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება გვსურს. დარწმუნებული ვარ, ვარშავის სამიტზე ამ მხრივ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – აცხადებს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.

„ჩვენს უპირველეს მოკლევადიან მიზანს ვიზალიბერალიზება წარმოადგენს“, – ამბობს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, – იმედი მაქვს, რომ ოქტომბრამდე უვიზო რეჟიმს მივიღებთ. მე ვიწროპარტიული ინტერესებით არ ვხელმძღვანელობ. ვიცი, რომ ეს ქვეყნისთვის სასარგებლო და აუცილებელია. უვიზო რეჟიმი საქართველოს მოსახლეობაში პროევროპულ განწყობასს გააძლიერებს“.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრთხედ არ მიიჩნევს იმას, რომ შესაძლებელია პარლამენტის არჩევნების დროს საკანონმდებლო ორგანოში პრორუსული კურსის მქონე პოლიტიკოსებიც მოხვდნენ. მისი თქმით, ამომრჩეველი საარცევნო ყუთებთან მხოლოდ საგარეო პოლიტიკაზე არ ფიქრობს: „და თუ ასეთი პარტიები პარლამენტში იქნებიან არჩეულნი, ეს იმის დადასტურება იქნება, რომ საქართველოში დემოკრატია მოქმედებს“.

«Deutsche Welle // რადიო გერმანული ტალღა» (გერმანია), 10 მაისი, 2016 წელი

http://www.dw.com/de/georgien-der-lange-weg-nach-europa/a-19247281

საქართველოს გრძელი გზა ევროპისაკენ

(შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)

საქართველო კავკასიის ქვეყნებიდან ყველაზე მეტადაა ევროპაზე ორიენტირებული. ნატოს მიერ აქ დაგეგმილი სამხედრო წრთვნები კი ძლიერი მეზობლის გაღიზიანებას იწვევს და ახალ პრობლემებს ქმნის. ფოლკერ ვიტინგის რეპორტაჟი საქართველოდან.

თბილისის ახლოს მდებარე საწრთვნელ პოლიგონთან მდგარი კონტეინერების ფონზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბრიფინგს ატარებს. ოფიცრებს კამუფლირებული ფორმა აცვიათ. სამხედრო მოსამსახურეები გერმანულად საუბრობენ, მინისტრი-ქალი კი ინგლისურად. ოფიცრებმა მომზადება გერმანიაში გაიარეს. შეკითხვაზე, თუ რა არის მათთვის, როგორც სამხედრო მოსამსახურეებისათვის, მნიშვნელოვანი, დემოკრატიისაკენ ორიენტირებული მოქალაქეების კვალობაზე ისინი ერთხმად აღნიშნავენ მმართველობის სტილის მნიშვნელობას. ამ თვალსაზრისით ქართველი სამხედროები და მათი მინისტრი მზად არიან აიღონ პასუხისმგებლობა ქვეყნის ბედზე, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთი საქართველოს რთულ და არაპოპულარულ მეზობელს წარმოადგენს. დაგეგმილი ერთობლივი წრთვნები, რომლის კოდური სახელწოდებაა „ღირსეული პარტნიორი-2016“, მოსკოვის გაღიზიანებას იწვევს და მას ქართული მხარის „პროვოკაციად“ მიიჩნევს. თავის მხრივ, მოსკოვის განცხადების ტონს არც თინა ხიდაშელი განცხადების ტონი არ ჩამოუვარდება: „რუსეთის საგარეო პოლიტიკა – ეს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ყოველდღიური აგრესიაა“, – აცხადებს იგი და აღნიშნავს, რომ საქართველოს კუთვნილი ტერიტორიები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ყოველდღიურად ხდება მძევლების აყვანა რუსების მიერ. შესაძლოა ეს ვინმეს გაზვიადებულად მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთი მფარველობს.

მართალია, საქართველო აქტიურად მონაწილეობს ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში (ავღანეთსა და მალიში), მაგრამ თბილისს ჯერ-ჯერობით „მაპ“-ის („გაწევრიანების სამოქმედო გეგმის“) მიღების ღირსადაც კი არ თვლიან. არადა, „მაპ“-ი ალიანსში სრულფასოვანი გაწევრიანების აუცილებელ და უპირველეს საფეხურს წარმოადგენს.

„ჩვენი მოსახლეობის 75% ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა“, – ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. იგი აღნიშნავს ყველა იმ მიღწევას, რასაც 3,7 მილიონიანმა საქართველომ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე მიაღწია: ეფექტური ბრძოლა კორუფციასთან, სიტყვისა და ბეჭდვის თავისუფლება, ეკონომიკის ზრდის კარგი მაჩვენებლები, ადამიანის უფლებების დაცვა…. [ამ დამსახურებისათვის] საქართველომ 2014 წელს ევროკავშირთან უკვე გააფორმა ასოცირების შეთანხმება, უახლოეს თვეებში კი, ალბათ, ზაფხულის ბოლოს, ქართველები ვიზა-ლიბერალიზებით ისარგებლებენ. გიორგი კვირიკაშვილს იმედი აქვს, რომ ეს დრო აუცილებლად დადგება. მის რეზიდენციაზე საქართველოს დროშასთან ერთად ქარი ევროკავშირის დროშასაც აფრიალებს.

საქართველო კავკასიის რეგიონის სახელმწიფოებს შორის ყველაზე მეტად პროდასავლურ ქვეყანას წარმოადგენს. არც სომხეთი და არც აზერბაიჯანი ისე არ არიან ორიენტირებული ევროპაზე, როგორც საქართველო. რეგიონის არცერთ ქვეყანას არ აქვს ისეთი კარგი კავშირები გერმანიასთან, როგორც საქართველოს, მაგრამ ამ ყველაფერს ჩრდილს აყენებს… ქართველების ორგანიზებული დამნაშავეობა. გერმანიის სისხლის სამართლის ფედერალური პოლიციის ყოველდღიურ მონაცემებში ხშირად წაიკითხავთ, თუ როგორ ძარცვავენ სახლებს კრიმინალური ბანდები, რომელთა წევრები ქართული წარმომავლობის ყაჩარები არიან. ფედერალურმა პოლიციამ ჯერ კიდევ 2014 წელს გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ გერმანიაში ქართველები მიზანდასახულად, საქურდლად ჩადიოდნენ. საქართველოს ხელისუფლება ამ ფაქტს დიდი ხნის განმავლობაში ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ საბოლოოდ გერმანიის მოთმინების ფიალა აივსო და ქართველების დეპორტირება მოახდინა. აპრილში გერმანიას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია და მხარეებმა დამნაშავეობის წინააღმდეგ ერთობლივი სამოქმედო გეგმა მიიღეს.

საქართველო დასავლეთთან ინტეგრირების პროცესში მომთმენი და დამყოლი უნდა იყოს. ალტერნატივა არ არსებობს. ეს კარგად ესმის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს: „ჩვენ მოვითმენთ და დაველოდებით“.

Comments are closed