globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 11 ივნისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jun 11th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«РИА Новости» (რუსეთი): ინტერვიუ აფხაზეთის პრემიერ-მინისტრ არტურ მიქვაბიასთან: „აფხაზეთი მზად არის საქართველოსთან დიალოგისთვის, მაგრამ მხოლოდ თანასწორუფლებიანობის პირობებში“

«The Christian Science Monitor» (აშშ): რუსები „კავკასიის შავიზღვისპირა რივიერას“ უბრუნდებიან // თურქეთი და ეგვიპტე რუსი ტურისტებისათვის მიუწვდომელია, თუმცა მათ ალტერნატივა აქვთ – შავი ზღვის ჩრდილოეთი სანაპირო – ყირიმი, სოჭი და აფხაზეთი

———————-

«РИА Новости» (რუსეთი), 10 ივნისი, 2016 წელი

http://ria.ru/interview/20160610/1445373669.html

ინტერვიუ აფხაზეთის პრემიერ-მინისტრ არტურ მიქვაბიასთან: „აფხაზეთი მზად არის საქართველოსთან დიალოგისთვის, მაგრამ მხოლოდ თანასწორუფლებიანობის პირობებში“

რუსეთის საინფორმაციო სააგენტომ „ნოვოსტი“ (РИА «Новости») ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს სეპარატისტული რეგიონის – აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის პრემიერ-მინისტრ არტურ მიქვაბიას. იგი საუბრობს „რესპუბლიკის“ დღევანდელ მდგომარეობაზე, აფხაზეთის დამოკიდებულებაზე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რუსეთთან და ა.შ. გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებით.

ა) დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებასთან

„აფხაზეთი მზად არის საქართველოსთან დიალოგისთვის, მაგრამ მხოლოდ თანასწორუფლებიანობის პირობებში. თუ საუბარი ასეთ რეჟიმში წარიმართება, მაშინ ბევრის მიღწევაა შესაძლებელი, თუ არა – მაშინ საუბარი საერთოდ არ შედგება. საერთოდ, ურთიერთობების აღდგენა მარტივი პროცესი არ იქნება. ვფიქრობ, საქართველოში ამჟამად  მიმდინარეობს იმის გადაფასება, თუ რა მოხდა აფხაზეთთან დაკავშირებით. აფხაზები იმ ტრაგედიაში დამნაშავეები არ არიან, ჩვენ ომი არ დაგვიწყია. გაიზარდა მთელი თაობა, რომელიც ქართველებს არ იცნობს, ამის გამო ნორმალური ურთიერთობების დამყარება საკმაოდ რთული იქნება… ჩვენ დაინტერესებული ვართ სარკინიზო მოძრაობის აღდგენით თბილისი-ერევნის მიმართულებით. ვფიქრობ, ეკონომიკური თვალსაზრისით ის მომგებიანია, მაგრამ ამას ეწინააღმდეგება საქართველო, რომელიც აცხადებს, რომ ჩვენთან შეთანხმებას არ დადებს. მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენ საქართველოს შემადგენლობაში უნდა ვიყოთ, ანუ ეს საკითხი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. მიმაჩნია, რომ მას საღი აზრისა და ეკონომიკური თვალსაზრისით უნდა შევხედოთ. ყველასათვის უკვე გასაგებია, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში არ დაბრუნდება. ამასთან, საქართველოსთან გარკვეული შეხების წერტილები გვაქვს. მაგალითად, იყო პრობლემები ენგურჰესის ერთობრივი გამოყენების საკითხში, მაგრამ ისინი პოლიტიკის გარეშე გადავწყვიტეთ. როცა მოსახლეობის ინტერესებს და საღ აზრს უპირატესობა ეძლევა, მაშინ ბევრი საკითხის მოგვარება შეიძლება“.

ბ) რუსეთთან დამოკიდებულება: ჩატარდება თუ არა რეფერენდუმი?

სეკითხვაზე, სამხრეთ ოსეთის მსგავსად, აფხაზეთშიც ხომ აპირებენ რუსეთტან მიერტების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებასო, პრემიერ-მინისტრი პასუხობს:  «ცხინვალის მოტივები გასაგებია: რადგან ოსების ნაწილი რუსეთში, დანარჩენი კი სამხრეთ ოსეთში ცხოვრობს, ამიტომ ისინი გაერთიანებას ესწრაფვიან. ჩვენთან კი სულ სხვა სიტუაციაა – ჩვენ გვინდა ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ამავე დროს დიდი რუსეთის საიმედო და ერთგული მოკავშირე. ჩვენ ბრძოლით დავიმსახურეთ დამოუკიდებლობა და ამას  ათასობით ჩვენი საუკეთესო შვილების სიცოცხლე შევწირეთ. ვფიქრობ, 2008 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარება იყო ერთადერთი სწორი გზა აფხაზური ეთნოსის გადასარჩენად, რისთვისაც მადლობას ვუხდით რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას – პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს. იყო იმის დიდი საფრთხე, რომ საქართველოსთან ომი განახლდებოდა, რომლის შედეგებიც, დანაკარგების სახით, შეიძლება ჩვენთვის გამოუსწორებელი ყოფილიყო. აფხაზები არასდროს არავის დავნებდებით, ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, მის გარეშე სიცოცხლე და არსებობა არ შეგვიძლია, მაგრამ [ახალი ომი] ჩვენი მომავლისათვის, ჩვენი ბავშვებისათვის დიდი დარტყმა იქნებოდა. რუსეთს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით რაიმე დივიდენდები არ მიუღია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება სწორი იყო ჰუმანიზმის, სამართლიანობისა და ჩვენი ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის გათვალისწინებით. ამით რუსეთმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ გაჭირვებაში ჩავარდნილ თავის მეგობრებს დახმარების გარეშე არ მიატოვებს.

შეკითხვას, რომელიც „როსნეფტის“ აფხაზეთში საქმიანობის პერსპექტივას ეხება, არტურ მიქვაბია პასუხობს: „ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის დამოკიდებულება ნავთობის მოპოვების საკითხთან ერთმნიშვნელოვანი არ არის. მიგვაჩნია, რომ ნავთობის მოპოვებას შეუძლია ნეგატიური გავლენა მოახდინოს ეკოლოგიაზე, თუმცა ვალდებულნი ვართ „როსნეფთთან“ დადებული კონტრაქტის პირობები შევასრულოთ. ჩვენ ახლა თვითონ „როსნეფტის“ ნაბიჯს ველოდებით, როდის დაიწყებს ეს კომპანია თავისი პროექტის განხორციელებას. ვადები უკვე გადის და ამიტომ ჩვენ გვსურს ახსნა-განმარტება მივიროთ ამ საკითხზე. თუ „როსნეფტი“ არაფერს გააკეთებს, მაშინ ჩვენ [შავი ზღვის შელფის დაზვერვას] სხვა კომპანიას შევთავაზებთ. აბა, რა, თუ საქართველო ნავთობის მოპოვებას დაიწყებს, თუ სოჭთანაც იგივე მოხდება, ჩვენ გულზე ხელდაკრეფილები ხომ არ ვისხდებით? აგერ, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთიც იღებს ნავთობს… ამ დროს, რასაკვირველია, ნდა გვქონდეს მტკიცე გარანრიები იმისა, რომ ჩვენს უნიკალურ ეკოლოგიას რაიმე ზიანი არ მიადგება“.

გ) თურქეთთან დამოკიდებულება: ეკონომიკური სანქციები

„აფხაზეთმა რუსეთის მიმართ თავისი სამოკავშირეო ვალდებულება შესრულა და თურქეთის წინააღმდეგ დაწესებულ სავაჭრო-ეკონომიკურ სანქციებს შეუერთდა. ამ ქვეყანასთან საქონელთბრუნვა ჩვენი მთლიანი საქონელთბრუნვის 20%-ს შეადგენდა, რაც ფულადი სახით დაახლოებით 1,5 მილიარდ რუბლს უდრიდა. ჩვენთვის ეს დიდი რიცხვია. თუმცა კავშირები მთლიანად არ გამწყდარა, რადგანაც თურქეთში საკმაოდ დიდი აფხაზური დიასპორა არსებობს, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ წლებში ისტორიული ნათესაური კავშირები თანდათან აღდგა, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ აფხაზური წარმოშობის თურქმა ბიზნესმენებმა აფხაზეთში დიდი ინვესტიციები შემოიტანეს. დიახ, ამბობენ, რომ დიდი ინვესტიციები მაგრამ ასე არაა. მარაზიები, კაფეები, მინი-სასტუმროები, სათბურები – აი, სულ ამაში გამოიხატება თურქული ინვესტიციები. არანაირი თურქული ქარხნები და პანსიონატები ჩვენთან არ აშენებულა. თურქული კაპიტალი დიდი რაოდენობით აფხაზეთში მაშინაც არ შემდიოდა,როცა ანკარა-მოსკოვის ურთიერთობა ნორმალური იყო. მით უმეტეს, თურქეთთან ჩვენს ურთიერთობას ქართველები ეჭვის თვალით უყურებენ და ხელს გვიშლიან, ბარიერებს ქმნიან. რა თქმა უნდა, აფხაზეთში ყველაზე მეტად რუსული ბიზნესია წარმოდგენილი, თუმცა თურქ პარტნიორებთან, საქმიან წრეებთან, დიასპორასთან ურთიერთობის და კონტაქტების გაწყვეტას არ ვაპირებთ. სხვათა შორის, ჩვენი დიასპორა გაგებით მოეკიდა იმ შემზღუდავი ზომების დაწესებას, რაც ჩვენ ანკარასთან მიმართებით განვახორციელეთ“.

დ) უძრავი ქონების გაყიდვის საკითხი

შეკითხვაზე, „აფხაზეთში დღემდე მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვით, უცხოელებზე (მათ შორის, რუსებზეც) უძრავი ქონების მიყიდვა იკრძალება. როგორ მიგაჩნიათ, ეს სერიოზული დაბრკოლებაა რუსული ინვესტიციების მიღების თვალსაზრისით“, არტურ მიქვაბია პასუხობს: „აფხაზეთში რუსული კომპანიების წარმომადგენლებს არასაცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების შეძენა შეუძლიათ. რაც შეეხება საცხოვრებელ ბინებს, აფხაზები ძალიან მგრძნობიარედ უდგებიან დემოგრაფიულ  საკითხს, ისინი ხომ ისტორიულად იჩაგრებოდნენ საკუთარ ტერიტორიაზე განხორციელებული ძალადობრივი დემოგრაფიული ცვლილებებით. ეს გენეტიკური ხსოვნაა. თუმცა ვფიქრობ, რომ ამგვარი საკითხების მოგვარება შეიძლება, შევისწავლით ყველა პლუსს და მინუსს და გადაწყვეტილებას ისე მივიღებთ. მთავარია, რომ ისეთი კანონმდებლობა მივიღოთ, რომ აფხაზებს შიში გაუქრეთ, საფრთხე აღარ არსებობდეს. ეს ჩვენ ეკონომიკის განვითარებაშიც დაგვეხმარება, განსაკუთრებით სამშენებლო ინდუსტრიაში, საცხოვრებელი ბინების მშენებლობის ჩათვლით. ალბათ, კანონპროექტის შემუშავება-განხილვის დროს იქნება კამათი, აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ეს ნორმალურია“.

ე) ტურიზმი: როგორ ემზადება აფხაზეთი

„ამ ზაფხულს აფხაზეთში დასასვენებლად ჩასულთა აოდენობა 30%-ით გაიზრდება. თუ 2015 წელს დამსვენებლთა რაოდენობა მილიონნახევარი იყო, ახლა თითქმის 2 მილიონს მიაღწევს. ვითარდება აფხაზეთის ტურისტული ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, სასტუმროებსა და პანსიონატებში იქმნება დამატებითი ადგილები, რაც 10%-იან მატებას შეადგენს. არაა გამორიცხული, რომ ტურისტთა ასეთი დიდი ნაკადის დროს საზღვარზე გადასვლა შეყოვნდეს, თუმცა შარშანდელი გამოცდილების გათვალისწინებით, როცა ტურისტი პროცედურებისთვის რიგში დგომით ხუთ-ექვს საათს კარგავდა, ახლა ლოდინი საათნახევრამდე შემცირდება. „ფსოუს“ საკონტროლო-გამშვები პუნქტს დღე-ღამეში 28 ათასი ადამიანისა და 2 ათასამდე სატრანსპორტო საშუალების გატარება შეუძლია, თუმცა რადგანაც ტურისტები აფხაზეთში სოჭი-გაგრის ელექტრომატარებლითაც შემოდიან, გასული წლის ზაფხულის პერიოდში დღე-ღამეში საერთო ნაკადი 60 ათას ადამიანს აღწევდა. ჯერ-ჯერობით, საზღვაო-სატრანსპორტო საშუალებები გამოყენებული არ არის, თუმცა სამომავლოდ გაგრაში, ახალ ათონსა და სოხუმში სპეციალური ნავმისადგომები აიგება დიდი ტურისტული გემებისათვის“.

«The Christian Science Monitor» (აშშ), 11 ივნისი, 2016 წელი

http://www.csmonitor.com/World/Europe/2016/0610/With-vacation-options-limited-Russians-return-to-Black-Sea-Riviera

რუსები „კავკასიის შავიზღვისპირა რივიერას“ უბრუნდებიან

ამჟამად თურქეთი და ეგვიპტე რუსი ტურისტებისათვის მიუწვდომელია, თუმცა მათ ალტერნატივა აქვთ – შავი ზღვის ჩრდილოეთი სანაპირო – ყირიმი, სოჭი და აფხაზეთი

სტატიაში გადმოცემულია საქართველოს სეპარატისტული რეგიონის – აფხაზეთის დღევანდელი მდგომარეობა, განსაკუთრებით ყურადღება ეთმობა ტურისტულ პოტენციალს, საკურორტო შესაძლებლობებს (ავტორი – ფრედ უეირი).

ვრცელი პუბლიკაცია იწყება რიწის ტბაზე მიღებული შთაბეჭდილებებით, რომელიც ამერიკელმა ჟურნალისტმა საკუთარი თვალით ნახა: „რიწის ტბა – ესაა ალპური მარგალიტი, რომელიც კავკასიის ტყითა და თოვლით დაფარული მაღალი მთებითაა გარშემორტყმული. აქ არის აგარაკი, რომელშიც ადრე იოსებ სტალინი ისვენებდა ხოლმე“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ სუბტროპიკულ აფხაზეთს, „კავკასიის შავიზღვისპირა რივიერას“, ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს: „აფხაზეთი საქართველოსაგან გამოყოფილი რეგიონი და ფაქტიურად, დამოუკიდებელ სახელმწიფოა – რუსეთმა მისი სუვერენიტეტი 2008 წელს ოფიციალურად სცნო, საქართველოსთან მომხდარი ომის შემდეგ. აქ, ამ შავიზღვისპირა რესპუბლიკაში, ბევრია პლაჟები, ხელშეუხებელი მთიანი ბუნება, მსოფლიოში ყველაზე ღრმა კარსტული მღვიმეები, ცხელი მინერალური წყაროები, ბიზანიის იმპერიის დროინდელი ეკლესია-მონასტრები… მოკლედ, აფხაზეთი მსოფლიოს ჯერ კიდევ აუთვისებელ ტურისტულ საგანძურს წარმოადგენს, მაგრამ ჯერ-ჯერობით აფხაზეთში მხოლოდ რუსები ისვენებენ. გასულ წელს ამ იდეალურ დასასვენებელ რეგიონს მილიონნახევარი რუსი ტურისტი ეწვია. აქ რუსულ ენაზე საუბრობენ, რუსული ვალუტა ბრუნავს, რუსეთის მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობენ… მართალია, უმაღლესი დონის მდიდრული სასტუმროები ჯერ არ არის, მაგრამ რადგანაც მოსახლეობა მეგობრულადაა განწყობილი, რესტორნები ძალზე იაფია, ბუნება კი მიმზიდველი, ასეთ დროს სამვარსკვლავიანი სასტუმროც კი სასახლედ გეჩვენება. აფხაზეთში ჩასვლა ყველაზე ადვილად რუსეთიდან შეიძლება“, – წერს ავტორი, რომელიც ტურიზმის მინისტრს ავთანდილ ღურწკაიას ესაუბრება: „ჩვენ ფოკუსირებულები ვართ ეკონომიურ ტურიზმზე. ვიცით, რომ ჩვენთან მდიდარი [ევროპელები] არ ჩამოვლენ, რადგან მათ აფხაზეთის პოლიტიკურ-დიპლომატიური სტატუსი აშინებთ. ისინი საქართველოს მიერ დაწესებულ სანქციებს უფრთხიან, რომლის თანახმად, ყველა დაისჯება, ვინც კი უკანონოდ გადალახავს საქართველოს კუთვნილი ტერიტორიის საზღვრებს“. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2015 წელს ამერიკელებისათვის მხოლოდ 15 ვიზაა გაცემული.

ავტორი აღნიშნავს, რომ აფხაზეთში რუსული ინვესტიციების მიზიდვას დღეს მოქმედი კანონმდებლობა ხელს უშლის, მაგალითად, უძრავი ქონების უცხოელებზე მიყიდვის ამკრძალავი კანონი. დაგეგმილი იყო მასში ცვლილების შეტანა, მაგრამ პარლამენტმა განხილვა გადადო.

დღეს, როცა გეოპოლიტიკური კრიზისების გამო, ეგვიპტისა და თურქეთის კურორტები დახურულია, რუსი ტურისტები დასასვენებლად ყველაზე მეტად შავი და აზოვის ზღვის ნაპირებზე, ყირიმის ნახევარკუნძულზე მიემგზავრებიან, ანუ საზღვაგარეთული ტურიზმი შიდა ტურიზმმა მნიშვნელოვნად ჩაანაცვლა. „რუსებისათვის მცხუნვარე ქვიშიან პლაჟზე დასვენება ყოველთვის პოპულარული იყო. ისინი ჩრდილოურ ქვეყანაში ცხოვრობენ, ცივ პროვინციებში, მათთვის სამხრეთული მზე და შვებულების სამხრეთში გატარება საოცნებოა“, – ამბობს ამერიკელ ჟურნალისტთან საუბარში სოჭის უნივერსიტეტის რექტორი გალინა რომანოვა.

პუბლიკაციაში, აფხაზეთთან ერთად, მიმოხილულია რუსეთის შავიზღვისპირეთის კურორტები და, რასაკვირველია, აქცენტი გადატანილია ყირიმზე, სოჭსა და მის შემოგარენზე.

—————-

ამერიკელმა ჟურნალისტმა ფრედ უეირმა ბოლო ხანებში გაზეთ „ქრისჩენს საიენს მონიტორში“ აფხაზეთის შესახებ რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა. იგი სოხუმში იმყოფებოდა და არაღიარებული ქვეყნების საფერხბურთო ჩემპიონატსაც დაესწრო, რომელც „კონიფას“ ეგიდით ჩატარდა.

Comments are closed