globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 11 ივლისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jul 11th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Die Zeit» (გერმანია): მიზნის მიღწევა ადვილი არ არის // საქართველოს მრავალი წლის წინათ აღუთქვეს ნატოში გაწევრიანება, მაგრამ დაპირება არ შესრულებულა – ალიანსს რუსეთის გაღიზიანება არ სურს, თბილისის იმედგაცრუება კი მატულობს

«КоммерсантЪ» (რუსეთი): ვარშავული განაჩენი: ნატოს სამიტზე რუსეთი ყველა მხრიდან განსაჯეს, საქართველოს და უკრაინას კი მომატებული ყურადღება დაუთმეს

«Незавсимая газета» (რუსეთი): ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები შეიძლება საქართველოშიც გამოჩნდეს // ნატოს ვარშავის სამიტზე მიღებული დადგენილებით, ალიანსი აღმოსავლეთით კვლავ გაფართოვდება

«Pars Today» (ირანი): ირანის სახელმწიფო რადიოსადგურის კომენტარი: საქართველოს ნატოში ინტეგრირება თბილისისა და მოსკოვის განმეორებითი შეტაკების საწინდარია

«Deutsche Welle» (გერმანია): ნატო აბსოლუტურად სწორად მოქმედებს // ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება სულაც არ ნიშნავს ცივი ომის დაწყებას, პირიქით – ეს გათვლილი რეალური პოლიტიკაა

«Osservatorio Balkani e Caucaso» (იტალია): საქართველო საპარლამენტო არჩევნების წინ: უსაფრთხოების სექტორის რეფორმა

«Комсомольская правда» (რუსეთი): უიმედო აფხაზეთი // როცა აფხაზებს ვუყურებ, მინდა ის ვთქვა, რისი თქმაც მეძნელება

«Независимая газета» (რუსეთი): რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის პრეზიდენტად რჩება: ოპოზიცია შავიზღვისპირა რესპუბლიკის ხელისუფლებას ცხელ პოლიტიკურ დღეებს პირდება

———————-

«Die Zeit» (გერმანია), 09 ივლისი, 2016 წელი

http://www.zeit.de/politik/ausland/2016-07/georgien-nato-mitgliedschaft-russland

მიზნის მიღწევა ადვილი არ არის

საქართველოს მრავალი წლის წინათ აღუთქვეს ნატოში გაწევრიანება, მაგრამ დაპირება არ შესრულებულაალიანსს რუსეთის გაღიზიანება არ სურს, თბილისის იმედგაცრუება კი მატულობს

შალვა ძიძიგური

(თავისუფალი თარგმანი)

ის, ვინც საქართველოს დედაქალაქს თვითმფრინავით ეწვევა, აეროპორტიდან თბილისის ცენტრისაკენ ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩით უნდა წავიდეს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ქართველებში ძველებურად პოპულარულია: როგორც ცნობილია, იგი მტკიცედ უჭერდა მხარს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების დემოკრატიზაციის პროცესს და ძალიან სურდა საქართველოს ნატოში გაწევრიანება. ჯორჯ ბუში ის კაცია, ვინც ცდილობდა თავისი ევროპელი კოლეგები საქართველოსთვის „მაპ“-ის, ანუ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემაში დაერწმუნებინა – გეგმისა, რომელიც საქართველოს ნატოში შესვლის გზაზე დააყენებდა. მაგრამ რადგანაც საფრანგეთმა და გერმანიამ აშშ-ის პრეზიდენტის სურვილს მხარი არ დაუჭირეს, ალიანსის 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში მხოლოდ ის ჩაიწერა, რომ „საქართველო ოდესმე გახდებაო ნატოს წევრი“.

მას შემდეგ რვა წელი გავიდა, მაგრამ საქართველო ჯერ კიდევ არ არის ნატოს წევრი, ანუ ალიანსს თავისი დაპირება დღემდე არ შეუსრულებია. აქედან გამომდინარე, ვარშავის სამიტი თბილისისთვის კიდევ ერთ იმედაგამაცრუებელ შეხვედრას წარმოადგენს: საქართველოს დელეგაცია ალიანსის უმაღლესი დონის შეხვედრაში უკვე მეხუთედ მონაწილეობს, მაგრამ მისი წევრი მაინც არ არის, მრავალი წლის ძალისხმევის მიუხედავად.

ნატოსათვის დაპირების შესრულება ძალიან რთული აღმოჩნდა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საქართველოს გაწევრიანების მოწინააღმდეგეები არ ელოდნენ, რომ თბილისი ასეთ მიზანდასახულ, ურყევ პოზიციას გამოავლენდა. ქართველების ოცნება რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომმაც კი ვერ გააქრო. თბილისმა ნატოში გაწევრიანებისთვის აუცილებელი ყველა პირობა ზედმიწევნით შეასრულა. ამის მიუხედავად ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, არავის არ შეუძლია თქვას, თუ როდის იქნება ალიანსი მზად თავის რიგებში საქართველოს მისაღებად.

საქართველოს მაგალითი ნათლად ადასტურებს იმას, თუ რამდენად პოლიტიზებულია ნატოს გაფართოების საკითხი, რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობის კრიზისის ფონზე. „ღია კარის პოლიტიკა“, რომელსაც ნატო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისადმი ახორციელებს, რუსეთის მიერ ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ მუქარად აღიქმება. ახლა კი, როცა ევროპის ქვეყნებს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურთ, გამოდის, რომ  საქართველო კვლავ იმედგაცრუებული რჩება.

რითაა ჩერნოგორია საქართველოზე უკეთესი?

საქართველოს წინაშე მდგარი დილემის („მიღება თუ არმიღება“) არსი ძალიან მკაფიოდ ჩანს ჩერნოგორიასთან შედარების დროს. გასულ წელს ნატომ ეს ქვეყანა თავის 29-ე წევრად მიიღო, რაზედაც თბილისმა შერეული, თავშეკავებული რეაქცია გამოხატა.

ერთი მხრივ, ჩერნოგორიის ნატოში მიღება დადებითი მოვლენაა, რადგანაც ალიანსი, რიგი პრობლემებისა და  რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, კვლავ ფართოვდება და „ღია კარის“ პოლიტიკა გრძელდება, ანუ თბილისს იმედი აქვს – დადგება დრო და ნატო თავის პირობას შეასრულებს; მეორე მხრივ, ქართველებში გულის გატეხვა შეიმჩნევა, რომ ჩერნოგორია მიიღეს და საქართველოს უარს უცხადებენ – მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თავისი 4,5 მილიონიანი მოსახლეობით ნატოს ყველა პირობას აკმაყოფილებს და მასთან აქტიურად თანამშრომლობს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში.

ამჟამად საქართველო, ნატოს არაწევრი სახელმწიფო, ავღანეთში ალიანსის სამშვიდობო მისიაში 861 ჯარისკაცითაა წარმოდგენილი, ჩერნოგორია კი, ნატოს წევრი სახელმწიფო, მხოლოდ 14 ჯარისკაცით. გარდა ამისა, საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთადერთი არაწევრი სახელმწიფოა, რომელიც სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობს.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 11 ივლისი, 2016 წელი

http://www.kommersant.ru/doc/3035520

ვარშავული განაჩენი: ნატოს სამიტზე რუსეთი ყველა მხრიდან განსაჯეს, საქართველოს და უკრაინას კი მომატებული ყურადღება დაუთმეს

სტატიაში გადმოცემულია ნატოს ვარშავის სამიტის შედეგები რუსეთთან მიმართებით: „ყირიმის რეფერენდუმიდან ორი წლის შემდეგ ალიანსმა საბოლოოდ ჩამოაყალიბა თავისი კურსი მოსკოვის მიმართ, რომელიც მოკლედ შეიძლება ამგვარი სახით გამოიხატოს: „თუ მშვიდობა გინდა, ომისათვის უნდა მოემზადო“, – წერს გაზეთის კორესპონდენტი პავლე ტარასენკო და იქვე საქართველო-ნატოს ურთიერთობის საკითხსაც აშუქებს.

გთავაზობთ ამონარიდს:

ნატოს ვარშავის სამიტზე მომატებული ყურადღება იყო მიპყრობილი რუსეთის მეზობელი ორი ქვეყნის – საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებისადმი. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამოცხადდა, რომ „თბილისი ადრე თუ გვიან, ალიანსის წევრი მაინც გახდებაო“. დასკვნით განცხადებაში საუბარია იმ „მნიშვნელოვან პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია ნატოში ინტეგრირების გზაზე 2008 წლიდან“, დოკუმენტში მოცემულია დაპირება, რომ ნატო საქართველოს სამხედრო რეფორმების გატარებასა და შეიარაღებაში დაეხმარება, კერძოდ კი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებითა და საჰაერო დაკვირვების აპარატებით აღჭურვაში“. საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია იმას, რომ „საქართველო ჩართული იქნება იმ სტრატეგიული საკითხების განხილვაში, რომელიც შავი ზღვის რეგიონის უსაფრტხოებასთანაა დაკავშირებული“. უახლოეს გეგმებშია საქართველო-ნატოს ერთობლივი სამხედრო წრთვნებისათვის მომზადება, აგრეთვე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესიის ჩატარება თბილისში (ორივე ღონისძიება შემოდგომაზე გაიმართება).

საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ვარსავის სამიტმა ქვეყნის ხელისუფლების მოლოდინი გაამართლა: „საქართველო თანდათან ნატოსაკენ მიდის, თუმცა ეს რევოლუციური სვლა არ გახლავთ. ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს“. დეპუტატმა თქვა, რომ გაწევრიანების ვადებზე მკითხაობა არ გამოდგება, თუმცა იქვე შენიშნა: „რეფორმები, რომლები ქვეყანაში უნდა გატარდეს, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე თვით გაწევრიანება“. შეკითხვაზე, რამდენად ხელს შეუშლის ნატოში შესვლას ტერიტორიული დავების არსებობა, ბატონმა თედო ჯაფარიძემ განაცხადა: „ჩვენ ვსაუბრობთ საქართვლოს გრძელვადიან პერსპექტივაზე. იმ მომენტისათვის, როცა ქვეყანა ალიანსის წევრი გახდება, ეს პრობლემები მოგვარებული იქნება“. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რეფორმები გატარების პერიოდში ტერიტორიული დავების მოგვარების საკითხშიც პროგრესი იქნება“, – დაუდასტურა ჟურნალისტებს კულუარებში შეხვედრისას ნატოს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმაც.

«Незавсимая газета» (რუსეთი), 11 ივლისი, 2016 წელი

http://www.ng.ru/editorial/2016-07-11/2_red.html

ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები შეიძლება საქართველოშიც გამოჩნდეს //

ნატოს ვარშავის სამიტზე მიღებული დადგენილებით, ალიანსი აღმოსავლეთით კვლავ გაფართოვდება

რედაქცია

(შემოკლებით)

„ვარშავის სამიტის შემდეგ საეჭვო აღარაა, რომ საქართველო და უკრაინა უკვე ნატოს შესასვლელში არიან. ვინ გადააბიჯებს პირველი სანატრელ ზღურბლს, ამას დრო გვაჩვენებს, მაგრამ აშკარაა, რომ ნატოს სწორედ თბილისზეა აქვს განსაკუტრებით ყურადღება მიპყრობილი, რაც ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი განცხადებიდანაც ჩანს.

ტრადიციული პასაჟები იმის თაობაზე, რომ ალიანსი ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას და რომ „რუსეთმა უნდა გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაო“, შეიძლება გვერდზე გადავდოთ – ეს უკვე ძველი სიმღერაა. უფრო საინტერესოა განცხადების ის ნაწილი, სადაც ნათქვამია ოფიციალური თბილისის დახმარებაზე ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის (ПВО – „პროტივოვოზდუშნაია ობორონა“) სისტემების განვითარების საკითხში, რაც აბსტრაქტულად არის ახსნილი – ეს აუცილებელია საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისათვის და დახმარების პროცესის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენსო.

ახლა მხოლოდ იმის გარკვევა დარჩა, ვინ ცდილობს ქართული ცის კაბადონის დარღვევას და რატომაა ასე შეშფოთებული ამ საკითხით ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. ყველაფერი თავის ადგილზე დგება, თუ  ПВО-ს აბრევიატურას ПРО-თი შევცვლით („პროტივორაკეტნაია ობორონა – რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა“) შევცვლით: ექსპერტების აზრით, მათ შორის მაინცდამაინც დიდი განსხვავება არ არსებობს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის იარაღი წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც თვითმფრინავების, ასევე რაკეტების წინააღმდეგაც. სხვათა შორის, საქართველოში ამერიკული ПРО-ს ანუ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განლაგების იდეა ახალი არ არის – მსგავსი წინადადებით ბარაკ ობამას რესპუბლიკელმა სენატორებმა ჯონ კაილმა, ჯეიმს რიშმა და სხვებმაც მიმართეს, მაგრამ იმ დროს, როგორც ამას  ჟურნალი Foreign Policy წერს, ეს წინადადება ნაადრევად ჩათვალეს, რადგან საქართველო ნატოს წევრი არ არის და საერთოდ, ასეთი ნაბიჯი რუსეთთან ურთიერთობას კატასტროფულად გააუარესებსო. დღეს კი, როცა რუსეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობა უკვე ისეა გაფუჭებული, რომ უარესს ვერ წარმოიდგენ, ხოლო ვარშავის სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში ჩაწერილია – „საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ნატოში ინტეგრირების გზაზეო“, ბარიერები პრაქტიკულად აღარ რჩება. და ეჭვი არავის შეეპაროს იმაში, რომ ახლა „ჯორჯიის“ ინტეგრირების პროცესი ალიანსში უფრო დაჩქარდება.

მართალია, თბილისი ჯერ კიდევ არაა ნატოს ერთ-ერთი დედაქალაქი, მაგრამ ადგილობრივი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის განვითარების მოტივით საქართველოში უკვე შეიძლება ნელ-ნელა ისეთი აპარატურაც იქნეს შეტანილი, რომელიც რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებისთვისაა აუცილებელი. ეს არ არის ძალიან დიდი სამხედრო ეშმაკობა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ისეთი ეფემერული მაინც არაა, როგორიც, ვთქვათ, ე.წ. ირანის სარაკეტო-ბირთვული საფრთხე, რომლის მოტივით ამერიკული ПРО-ს სისტემები აღმოსავლეთ ევროპაში განლაგდა. (…)

«Pars Today» (ირანი), 11 ივლისი, 2016 წელი

http://parstoday.com/ru/news/world-i33913

ირანის სახელმწიფო რადიოსადგურის კომენტარი: საქართველოს ნატოში ინტეგრირება თბილისისა და მოსკოვის განმეორებითი შეტაკების საწინდარია

ირანის სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანიის რადიოსადგურ «Rars Today»-ის რუსულმა სამსახურმა კომენტარი გაუკეთა საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საკითხს ეხება და რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვარშავის სამიტზე გაჟღერდა.

გთავაზობთ ამონარიდს კომენტარიდან:

საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის ერთობლივ დეკლარაციაში გამოხატულია თხოვნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნებისადმი, რომ მათ მხარი დაუჭირონ საქართველოს მიღებას ნატოში. დეკლარაცია იმას ნიშნავს, რომ მოქმედი ხელისუფლება და მისი მოწინააღმდეგეები ერთხმად უჭერენ მხარს ნატოს შემადგენლობაში საქართველოს გაწევრიანებას. ექსპერტების აზრით, მსგავსი ერთობლივი მოქმედება იმასაც მოწმობს, რომ ამ ქვეყანაში არსებული პროდასავლური განწყობების ფონზე, ხელისუფლება კვლავ შეშფოთებულია რუსეთის პოლიტიკით.

მიუხედავად იმ ძალისხმებისა, რომელიც თბილისმა ბოლო წლებში განახორციელა მოსკოვთან არსებული უთანხმოების მოსაგვარებლად, გამოდის, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები სათანადო და გადამწყვეტი არ ყოფილა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საქართველო შეეცადა ერთდროულად რუსეთთან ურთიერთობაც მოეგვარებინა და პროდასავლური პოლიტიკაც გაეტარებინა, ნატოშიც გაწევრიანებულიყო.

იმ დროს, როცა რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას და, შესაბამისად, საქართველოს პროდასავლურ კურსს ეწინააღმდეგება, მოსკოვმა პრაქტიკულად აჩვენა, რომ მსგავს პოლიტიკურ ტენდენციებს წინ ყველანაირი მეთოდებით  აღუდგება. მაგალითად, გავიხსენოთ, რა მოჰყვა იმ ფაქტს, როცა ნატოს ხელმძღვანელობა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას ნატოში გაწევრიანებას დაპირდა. სულ ახლახანს კი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას თბილისის კანდიდატურას ნატოში გასაწევრიანებლად მხარი კი დაუჭირა, მაგრამ იქვე შენიშნა, რომ ამას რამდენიმე წელი დაჭირდებაო.

მსგავსი დაპირებები გაისმის იმ ფონზე, როცა რუსეთის მთავრობა, გამოხატავს რა შეშფოთებას მის საზღვრებთან ახლოს ნატოს ჯარების განლაგების თაობაზე, კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. ამრიგად, რაც უფრო უახლოვდება საქართველო ნატოს, მით უფრო სერიოზული იქნება რუსეთის მუქარები, და პირიქით – [თუ საქართველო შეანელებს ნატოსაკენ ლტოლვას, მოსკოვის მუქარებიც ისეთი მკაცრი აღარ იქნება].

საქართველოს მიერ გატარებულ ამგვარ პოლიტიკას უფრო კარგად გავიგებთ, თუ 2008 წლის მოვლენებს გავაანალიზებთ: თბილისის ხელისუფლებისადმი ნატოს დაპირების შემდეგ,  ალიანსის წევრები გახდებითო, საქართველოსა და რუსეთს შორის ხუთდღიანმა მძიმე ბრძოლებმა იფეთქა, რომლის შედეგად ქვეყანამ უდიდესი ზარალი განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ ომის შემდეგ ათ წელზე მეტი გავიდა, ქვეყანამ ბრძოლების შედეგად მიყენებული ჭრილობები დღემდე ვერ გაიმრთელა, ზიანიც კომპენსირებული არ არის.

მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ის ფაქტიც, რომ ომის შედეგად აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, [რომელიც რუსეთმა აღიარა]. თუ მომხდარ მოვლენებს გავითვალისწინებთ, აგრეთვე იმ რეალობას, რომ საქართველოს პოლიტიკა მისი დამოუკიდებლობის აღდგენის მომენტიდან არ შეცვლილა, ექსპერტები თვლიან, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის მსგავსი შეიარაღებული შეტაკების შესაძლებლობა კვლავ არსებობს.

«Deutsche Welle» (გერმანია), 10 ივლისი, 2016 წელი

http://www.dw.com/ru/a-19390618?maca=rus-yandex_new_politics_mm-9641-xml

ნატო აბსოლუტურად სწორად მოქმედებს

ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება სულაც არ ნიშნავს ცივი ომის დაწყებას, პირიქით – ეს გათვლილი რეალური პოლიტიკაა

ბერნდ რიგერტი, ანალიტიკოსი

(შემოკლებით)

ნატომ იარაღი ააჟღარუნა, მაგრამ ჩუმად, ოდნავ გასაგონად. რატომ ჩუმად/ იმიტომ, რომ სამხედრო კატეგორიებით თუ ვიმსჯელებთ, ნატოს მიერ ოთხი ბატალიონის გაგზავნა აღმოსავლეთში (ბალტიისპირეთში) დიდ ვერაფერ საფრთხეს ვერ წარმოადგენს რუსული ჯარების არმადასთვის. აბა, ოთხი ბატალიონით მოსკოვს შეაშინებ? თუმცა ნატოში მოსკოვის სეშინებას არავინ არ ცდილობდა. მთავარი იყო, რომ ალიანსის წევრებმა ამ ბატალიონების გაგზავნით რუსეთს თავისი ერთიანობა აჩვენეს. გარდა ამისა, ნატოელებმა ბალტიისპირელებს, რომლებიც ოდესღაც სსრკ-ის შემადგენლობაში შედიოდნენ და აგრეთვე იმ ქვეყნებს, რომლებიც იგივე სსრკ-ის მიერ შექმნილი ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები იყვნენ, იმის დემონსტრირება მოუხდინეს, რომ „ჩვენ, ნატოელები, თქვენს შეშფოთებას ყურადღებით და სერიოზულად ვუდგებითო“.

იმავდროულად ნატოში არც იმისი არ სჯერათ, რომ რუსეთი დღეს ბალტიისპირეთში შეიჭრება და დაიპყრობს, ან ჰიბრიდული ომის ინიცირებას მოახდენს და „მწვანე კაცუნებს“ გამოიყენებს, როგორც ეს უკრაინაში, ყირიმში მოხდა. ნატოელების აზრით, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სხვა გეგმები აქვს: მას სურს თავისი [ანუ რუსეთის] გავლენის გაძლიერება ბელარუსში, უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. და მან ეს შეძლო: ბელარუსი მისი მოკავშირეა, დანარჩენი ქვეყნები კი ისეთ კონფლიქტებში არიან ჩათრეულნი, რომლებიც რუსეთის ხელშეწყობით იქნენ გაჩაღებულნი. იმ დროიდან, სანამ ამ ქვეყნების ტერიტორიებზე ეს „გაყინული კონფლიქტები“ ღვივიან, რუსეთს თავი ქუდში აქვს – ვერცერთი ამ ქვეყანატაგანი ნატოს წევრი ვერ გახდება. ეს ტერიტორიები მოსკოვს თავისად უკვე წლობით კი არა, ათწლეულობით აქვს მონიშნული.

თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინიც სიძნელეებს აწყდება: ფინეთში რომ იყო ჩასული ამას წინათ, ფინელებმა აშკარად მიანიშნეს, რომ თუ რუსეთ-ფინეთის საზღვარზე რაიმე მოხდება, ჰელსინკი კურსს ნატოსაკენ აიღებს. ნატოც რუსეთს სიგნალებს უგზავნის, „ჩემი მოთმინების ფიალა ივსებაო“. ალიანსი ერთხმად გამოდის რუსული ამბიციების წინააღმდეგ. დღემდე ვლადიმირ პუტინმა ნატოს წევრებს შორის განხეთქილების შეტანა ვერ მოახერხა.

სხვათა შორის, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა, რომლის ბალტიის ქვეყნებში განლაგება ვარშავის სამიტზე გამოცხადდა, იმ იარარღს არ მიეკუთცნება, რომლის „აჟღარუნება“ შეიძლება. ტექნიკური თვალსაზრისით, ნატოს ანტირაკეტულ სისტემას რუსული საკონტინენტთაშორისო რაკეტების შეჩერება არ შეუძლია. საუკეთესო შემთხვევაში ამ სისტემას შეუძლია მხოლოდ შორიდან (ვთქვათ, ჩრდილოეთ კორეიდან ან ირანიდან) გაშვებული რაკეტების ჩამოგდება. რუსეთმა ეს ძალიან კარგად იცის. ამიტომაც ვლადიმირ პუტინი გაბედულად ელაპარაკება ბარაკ ობამას, ანგელა მერკელს და ფრანსუა ოლანდს. დიალოგი მაღალ დონეზე მიდის. წესით, ასეც უნდა იყოს, რადგანაც ნატოს წევრებსა და რუსეთს ერთი და იგივე პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებთ: სირიის კონფლიქტის მოგვარება, თავდაცვა ისლამური ტერორიზმისაგან, სამოაქალაქო საზოგადოების განვითარება ავღანეთსა და ირანში, რომ აღარაფერი ვთქვათ ერთობლივ ეკონომიკურ ინტერესებზე.

ამრიგად, ნატოს ვარშავის სამიტის შემდეგ ბრიუსელსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა თანდათან გაცხოველდება და ის „რეალ-პოლიტიკით“ იქნება განპირობებული. ვინც მართლაც ზარალდება ნატოს ამგვარი ორმაგი სტრატეგიის პოლიტიკით, იარაღის „ფრთხილი ჟღარუნით“ და დიალოგით, ესენია უპირველესად უკრაინა და საქართველო. კიევმა და თბილისმა უკვე დროა გააცნობიერონ, რომ რუსული „ხიწვი“ მათ სხეულზე დიდი ხნის განმავლობაში დარჩება, ნატო კი ვერ შეძლებს ან არ მოისურვებს სამხედრო ნაბიჯების გადადგმას მათ დასახმარებლად.

ვლადიმირ პუტინი იქ უნდა გაჩერდეს, სადაც დღეს იმყოფება. ყირიმის დაბრუნება, ჯარების გაყვანა აფხაზეთიდან, [სამხრეთ ოსეთიდან] და დნესტრისპირეთიდან, მხოლოდ ილუზიაა და მეტი არაფერი. ამავე დროს ამგვარ სიტუაციას ვერც ცივ ომს ვერ ვუწოდებთ. საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ერთმანეთს ევროპის ცენტრში ორი იდეოლოგია და კბილებამდე შეიარაღებული ჯარები უპირისპირდებოდნენ, დღეს კი არც იდეოლოგიაა და ჯარების რაოდენობაც ბევრად მცირეა.

«Osservatorio Balkani e Caucaso» (იტალია), 09 ივლისი, 2016 წელი

http://www.balcanicaucaso.org/aree/Georgia/Voto-in-Georgia-la-sicurezza-171736

საქართველო საპარლამენტო არჩევნების წინ:

უსაფრთხოების სექტორის რეფორმა

(თავისუფალი თარგმანი)

„როცა საკითხი საქართველოს უსაფრთხოებას ეხება, უცხოელი დამკვირვებლები ფოკუსირებას ძირითადად რუსეთთან 2008 წლის კონფლიქტის ეფექტზე აკეთებენ, რომელმაც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკებთან დაკავშირებული სიტუაცია გამოიწვია. თუმცა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა უფრო რთული და ვრცელია, ამიტომ მიმდინარე წელს, არჩევნების წინა პერიოდში, ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს“, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – მარილისა ლარუსო).

პუბლიკაციაში საუბარია საქართველოს სამხედრო და სამართალდამცველი, აგრეთვე მართლმსაჯულების სტრუქტურების – თავდაცვის, უშიშროების, სასამართლოს, პოლიციის, პენიტენციალური სისტემის რეფორმირების საკითხზე, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების დროიდან ხორციელდება და რომელშიც „ქართულმა ოცნებამაც“ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. „სავარაუდოდ, ქართველი ამომრჩეველი ამ სფეროში „ოცნების“ დამსახურებას გაითვალისწინებს, ოქტომბერში, საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის დროს“.

„დღევანდელი საარჩევნო სიტუაცია აბსოლუტურად განსხვავდება 2012 წლის არჩევნების დროს შექმნილი ვითარებისაგან, როცა მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ერთიანი ნაცმოძრაობის“ გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ვერცერთ პოლიტიკურ ძალას ვერ შესწევდა იმის უნარი, რომ „ნაციონალები“ ხელისუფლებისაგან ჩამოეცილებინა“, – წერს ავტორი და იქვე აღნიშნავს, რომ „საქართველოს პოლიტიკურ თეატრში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ თამაში შეცვალა – „ნაციონალების“ ბატონობით შეწუხებულ მოსახლეობას იმედისმომცემი ალტერნატივა გაუჩინა. 2012 წლის ხისტ საარჩევნო კამპანიაში გარდატეხა საპყრობილეში მომხდარი წამების ფაქტების საჯარო ჩვენებამ მოახდინა. ამ სკანდალმა ფარდა ახადა საქართველოს მაშინდელი ლიდერების, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი პოლიტიკური ხელმძღვანელის ვანო მერაბიშვილის მოქმედებას, რის შედეგადაც არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.

ოთხი წლის წინათ „ოცნების“ გამარჯვებას ელექტორატი დიდ იმედებს უკავშირებდა. ის ადამიანები, რომლებმაც „ნაციონალების“ ავტორიატარული მმართველობა საკუთარ თავზე გამოსცადეს, იმედოვნებდნენ, რომ მმართველი კოალიცია უშიშროების სისტემის რეფორმას განახორციელებდა და ექს-სახელმწიფო მაღალჩინოსნებს, კანონდამღვევებს, გაასამართლებდა. სამართლებრივი დევნა მართლაც დაიწყო: დააკავეს და გაასამართლეს ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა… თუმცა ამ პროცესმა დასავლეთში კრიტიკული რეაქცია გამოიწვია – სამართლებრივი დევნა, რომელიც ზოგიერთი პირის წინააღმდეგ განხორციელდა, პოლიტიკურ დევნად იქნა შეფასებული.

ასეთ რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში უსაფრთხოების სფეროს რეფორმირება უფრო ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე „ვარდების რევოლუციის“ დროს, როცა საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ მკვეთრი ნაბიჯები გადადგა და ძალოვან-სამართლებრივ ორგანოები ერთბაშად გარდაქმნა. იმ დროს საქართველოს უსაფრთხოების სექტორში განხორციელებული რეფორმები პოსტსაბჭოთა სივრცეში მოდელად იქცა. ისევე როგორც სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, საქართველოშიც არსებობდა კლანური კავშირები, ძველი პარტიული სტრუქტურების გადმონაშთები, აქედან გამომდინარე, კადრების ცვლილებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა – დაწესებულებებსა და უწყებებში ძველი კადრები ახალგაზრდებმა, ახლებურად მოაზროვნე ადამიანებმა  ჩაანაცვლეს, თუმცა ამ დროს შეცდომებიც იქნა დაშვებული.

რა წვლილი შეიტანა „ქართულმა ოცნებამ“ უსაფრთხოების სფეროს განვითარებაში?

„უპირველეს ყოვლისა, რაც „ოცნებამ“ გააკეთა, ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკისაგან დისტანცირება იყო: მიუხედავად აწ უკვე ოპოზიციაში მყოფი „ნაციონალების“ კრიტიკისა, განახორციელდა პატიმრობის ვადების შემცირება და ვადაზე ადრე გათავისუფლება. ოპოზიცია აცხადებდა, რომ ეს ნაბიჯი დამნაშავეობის გაზრდას გამოიწვევდა და უსაფრთხოების სფეროში  სიტუაციას გააუარესებდა; რეფორმის შედეგად შემცირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური წონა, შეიკვეცა მისი ფართო ფუნქციები, რომელიც ამ უწყებას ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს ჰქონდა მინიჭებული, თუმცა, ამ უწყების მიმართ მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილება საკამათო გახდა, მაგალითად, მობილური ტელეფონებით განხორციელებული საუბრების მოსმენების თაობაზე, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტოც კი დაადო“, – აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციაში ავტორი ეხება აგრეთვე თავდაცვის სამინისტროში მომხდარ სკანდალურ შემთხვევას, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდს დაემთხვა: სამხედრო უწყების ხუთი თანამშრომელი დამნაშავედ იქნა შერაცხული. ყოფილი მინისტრის მტკიცებით (მან მმართველი კოალიციაც დატოვა),  ქართული მართლმსაჯულება გავლენების ქვეშაა მოქცეული, გარკვეული პირების ინტერესებს ემსახურება და ეს ეჭვს ბადებს სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ.

როგორც სტატიის დასასრულს არის აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უსაფრთხოების სფერო გარკვეულწილად ჯერ კიდევ პოლიტიკური მანიპულაციის ობიექტს წარმოადგენს, შეცდომა იქნებოდა იმის თქმა, რომ განვლილ ოთხ წელიწადში არაფერი არ შეცვლილა. განმტკიცდა კანონის უზენაესობის პრინციპი და აღქმა იმისა, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი დაუსჯელი არ დარჩება. ამასთან, სამომავლოდ, კარგი იქნებოდა კანონში სახელმწიფო სამსახურის შესახებ ცვლილებების შეტანა, ქართველი სახელმწიფო ჩინოვნიკების მარალი პროფესიონალური და მორალურ-ეთიკური დონის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, სტატიაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ყველა ადამიანის მოქმედება ინსტიტუციონალური კანონიერების ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული და რომ სახელმწიფო მოსამსახურეების, ჩინოვნიკების მოქმედებები კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლებამოსილებას არ უნდა გასცილდეს: „ეს ყველაფერი კიდევ უფრო განამტკიცებს ქართულ სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას“.

«Комсомольская правда» (რუსეთი), 09 ივლისი, 2016 წელი

http://www.kp.ru/daily/26552.4/3568590/

უიმედო აფხაზეთი

როცა აფხაზებს ვუყურებ, მინდა ის ვთქვა, რისი თქმაც მეძნელება

ვლადიმირ ვორსობინი

(შემოკლებით)

რამდენჯერაც ვიყავი ჩემს საყვარელ აფხაზეთში, რამდენჯერაც დავწერე მასზე (ეს ფილმ „ზაზუნას დღეს“ ჰგავს – ათი წლის განმავლობაში სულ ერთიდაიგივე მდგომარეობა…), ზოგიერთ რაღაცას მკითხველს ვუმალავდი და არ ვაქვეყნებდი. იმედი მქონდა, რომ ყველაფერი ისეთი ცუდად არაა, როგორც მგონია, შეიძლება ვცდები, ვაჭარბებ-მეთქი… ვფიქრობდი, დადგება ის ნათელი დღე, როცა ეს უცნაური მცირერიცხოვანი რესპუბლიკა გამოფხიზლდება და თავის საყვარელ ტრადიციას – „ფოცხისათვის ფეხის დადგმას“ თავს დაანებებს…

მაგრამ პრემიერ-მინისტრ არტურ მიქვაბიას განცხადებამ (მადლობა მას!) მოთმინების ფიალა ამივსო. პრემიერმა კომენტარი გაუკეთა მოსახლეობის უკმაყოფილებას პერმანენტული სიღარიბისა და მოშლილი ეკონომიკის თაობაზე და აფხაზეთში შექმნილი სოციალური დაძაბულობა… მსოფლიო კრიზისს დააბრალა. დიახ, მსოფლიო კრიზისს! ანუ პრემიერს თუ დავუჯერებთ,  მსოფლიო კრიზისი უკვე 20 წელზე მეტია მიმდინარეობს და ვერ მიმხვდარვართ.  უფრო ზუსტი იქნებოდა ეთქვა, რომ კრიზისი მსოფლიოში კი არა, აფხაზეთშია დაბუდებული – რესპუბლიკა სულ სიღარიბეშია და ვერადავერ გამოსულა.

და თუ ამ ოცი წლის მანძილზე რაღაც მაინც შეიცვალა, მხოლო აი, ასეთი სახით:

ჩავიდნენ აფხაზეთში რუსი რკინიგზელები და რუსეთის ხაზინის ხარჯზე ფსოუ-სოხუმის გზა გაარემონტეს, აფხაზეთის ხელისუფლება კი მათ გაკეთებულს თავისად ასაღებდა  მილოცვებს იღებდა; ჩავიდნენ აფხაზეთში რუსი (ან თურქი) მშენებლები და რუსეთის ხარჯზე საცხოვრებელი კორპუსები ან სტადიონი ააშენეს, აპლოდისმენტებს კი პრეზიდენტი იღებს… წლიდან წლამდე კი გამოდის ტრიბუნაზე რომელიღაც აფხაზი მინისტრი და იმავეს ამბობს, რაც ახლა არტურ მიქვაბიამ თქვა: „რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ასეთ მძიმე პირობებშიც კი, როცა მსოფლიოში კრიზისია, სერიოზული რეფორმების განხორციელებას შეუდგა და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი თანამემამულეები სოციალური რყევებისაგან დაიცვას“.

„სერიოზული რეფორმები“… ზუსტად ისე, როგორც წინა პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები 20 წლის განმავლობაში ეუბნებოდნენ საკუთარ ხალხს და მოსკოვს. ყოველმა აფხაზმა იცის, ვინ მყავს კიდევ მხედველობაში…

თუმცა რაზე ვლაპარაკობ, ვითარება ისედაც ნათელია.

მაპატიე, აფხაზეთო, მაგრამ მაინც ვიტყვი: შენი მდგომარეობა უიმედოა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ 10 ივლისს რეფერენდუმზე აფხაზები ხმას მისცემენ პრეზიდენტის ვადამდელ არჩევნებს და ხელისუფლებას შეცვლიან. აფხაზეთის ახალი ხელისუფლება, რომელიც მთლიანად რუსეთის ბიუჯეტის ხარჯზე იცხოვრებს, სწრაფად გაიაზრებს: უფრო ადვილია „პატარა, მაგრამ დამოუკიდებელი და ამაყი ქვეყნის“ სტატუს-ქვოს შენარჩუნება და იმის ახსნა, რომ ყველა პრობლემა მსოფლიო კრიზისით თუ გალაქტიკების შეჯახებითაა გამოწვეული, ვიდრე ბოლოს და ბოლოს, გარისკავენ და მუშაობას დაიწყებენ.

ჰოდა, სამი წლის შემდეგ უკმაყოფილო აფხაზები იმათაც რომ დაამხობენ, ისევ სხვები მოვლენ, მათნაირები… ჩვენ კი, რუსები, განწირულნი ვართ „ზაზუნას დღეს“ ვუყუროთ და ველოდოთ, როდის გამოჩნდება ის ვიღაც, რომელიც სიტუაციას შეცვლის…

————-

ბოლო მონაცემების თანახმად, აფხაზეთში პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების თაობაზე გამართული რეფერენდუმი ჩაშლილად გამოცხადდა, ხმის მიცემის უბნებზე ამომრჩეველთა დაბალი აქტიურობის გამო: 132 877 ამომრჩევლიდან მონაწილეობა მხოლოდ 1628 ამომრჩეველმა მიიღო (წყარო: http://ria.ru/world/20160711/1463422306.html).

«Независимая газета» (რუსეთი), 11 ივლისი, 2016 წელი

http://www.ng.ru/cis/2016-07-11/6_abhazia.html

რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის პრეზიდენტად რჩება: ოპოზიცია შავიზღვისპირა რესპუბლიკის ხელისუფლებას ცხელ პოლიტიკურ დღეებს პირდება

იური როქსი, პოლიტიკური მიმომხილველი

(შემოკლებით)

აფხაზეთში ჩატარებული რეფერენდუმის თაობაზე, რომელიც პრეზიდენტის ვადამდელ არჩევნებს ეხებოდა, ოფიციალური შეფასება რამდენიმე დღის შემდეგ გამოქვეყნდება, მაგრამ უკვე ცხადია, რომ რაულ ხაჯიმბა ამ ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტად დარჩა. რეფერენდუმის წინ ოპოზიციურმა ბლოკმა (რომელმაც პლებისციტის გადატანა მოითხოვა, მაგრამ ხელისუფლება არ დაეთანხმა), განაცხადა, რომ მასში მონაწილეობას არ მიიღებდა. საბოლოო ჯამში, კვირას, 10 ივლისს, გამართულ რეფერენდუმში აფხაზეთის მოქალაქეთა მონაწილეობა რეკორდულად დაბალი იყო.

სხვათა შორის, რეფერენდუმის ჩატარების იდეა თვით ოპოზიციას ეკუთვნის. მისი ისტორია ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დაიწყო: ოპოზიცია, რომელიც უკმაყოფილო იყო აფხაზეში შექმნილი ვითარებით, ეკონომიკური წარუმატებლობით და კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესებით, ცვლილებების აუცილებლობაზე ალაპარაკდა. ის პრობლემები, რომლის გამოც წინა პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი გადადგა (2014 წლის მაისში), არსად არ გამქრალა, ისევ დარჩა და კიდევ უფრო გამძაფრდა. უფრო მეტიც – აფხაზური საზოგადოების გავლენიანმა ნაწილმა რაულ ხაჯიმბას ორწლიანი მმართველობის განმავლობაში იგრძნო, რომ აფხაზეთის სახელმწიფო სუვერენიტეტიც შეიკვეცა (რუსეთთან ხელმოწერილი შეთანხმების კვალობაზე). ეს კი ოპოზიციის მიზნებს სრულებით არ შეესაბამებოდა: „ჩვენ იმისთვის კი არ ვიბრძოლეთ საქართველოსთან დამოუკიდებლობის გამო, რომ რუსეთის შემადგენლობაში აღმოვჩენილიყავით“.

სხვათა შორის, უნდა გავითვალისწინოთ, რომ აფხაზთა ასეთი განწყობა ანტირუსულ განწყობად არ უნდა ჩავთვალოთ – სოხუმში მშვენივრად ხვდებიან იმას, რომ რესპუბლიკა თავის არსებობას, პირველ რიგში, რუსეთს უნდა უმადლოდეს, რომელიც აფხაზეთის ერთადერთი მოკავშირე და მფარველია. მაგრამ აფხაზები ასევე ფიქრობენ, რომ მფარველობა სუვერენიტეტის შეკვეცის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. აი, სწორედ ეს, სუვერენიტეტის შეზღუდვაა ჩადებული 2024 წლის ნოემბერში ხელმოწერილ მოკავშირეობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებაშიო. ოფიციოზი თავდაპირველად პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების თაობაზე რეფერენდუმის ჩატრების იდეას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ შემდეგ დათანხმდა. კითხვა საბოლოოდ ასეთი სახით ჩამოყალიბდა: „თვლით თუ არა აუცილებლად აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარებას“. რეფერენდუმი 10 ივლისს დაინიშნა.

მაგრამ, როგორც შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, ოპოზიციის სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. რეფერენდუმის ჩატარების თარიღის მოახლოების კვალობაზე ბიუროკრატიული ხასიათის პრობლემები გაჩნდა: სხვადასხვა მიზეზთა გამო რაულ ხაჯიმბას მოწინააღმდეგეთა ბანაკი მნიშვნელოვნად შემცირდა. ოპოზიციამ განგაში ატეხა და გასულ კვირას გამართულ მიტინგზე ჯერ რეფერენდუმის თარიღის მოგვიანებით გადატანა, შემდეგ კი შინაგან საქმეთა მინისტრის ლეონიდ ძაბშბას გადადგომა მოითხოვა (ფორმალური მიზეზით – კრიმინოგენური სიტუაცია გაუარესდაო). სინამდვილეში კი ოპოზიციამ ამ ჩინოვნიკზე შური იძია, რადგან, როგორც ამბობენ, მინისტრმა თავის თანამშრომლებს, ზეპირი განკარგულებით, რეფერენდუმში მონაწილეობის მიღება აუკრძალაო.

რეფერენდუმის წინ რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთის ტელევიზიით მოსახლეობას მიმართა და ხალხს ამ ღონისძიების ღირსეულად ცატარებისაკენ მოუწოდა, პროვოკაციებისა და ქუჩის უწესრიგობების გარეშე, კანონის უზენაესობისა და ადამიანური ურთიერთობების პატივისცემის საფუძველზე“. საპასუხოდ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რეფერენდუმის გადატანის თაობაზე მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო ისინი პლებისციტში მონაწილეობას არ მიიღებენ.

საბოლოო ჯამში, 10 ივლისს გამართული რეფერენდუმი ჩაიშალა. აშკარაა, რომ მასში მონაწილეობა არც ხელისუფლების მომხრეებმა და არც ოპოზიციის მხარდამჭერებმა არ მიირეს. ამრიგად, რაულ ხაჯიმბამ თანამდებობა შეინარჩუნა. აფხაზური კანონმდებლობის თანახმად, იგივე საკითხზე რეფერენდუმი მხოლოდ ორი წლის შემდეგ შეიძლება ჩატარდეს.

Comments are closed