globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 11 ივლისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jul 11th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ოკუპირებული სამურზაყანო – თანამედროვე ბანტუსტანი

«Независимая газета» (რუსეთი): როგორ სწავლობდნენ სამხრეთ ოსეთში ომის შეჩერებას // სისხლისღვრის შეწყვეტის პირველი გამოცდილება პოსტსაბჭოთა სივრცეში

«RFE//RL//Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ): „ტრანსკამი“: ტრანზიტის პერსპექტივები // „აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის გავლით ტრანზიტის დაწყება არც საქართველოს და არც რუსეთს არ ჭირდებათ“

—————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 11 ივლისი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/georgians-and-russian-segregation-policy-in-occupied-abkhazia-gali-area/3935818.html

ოკუპირებული სამურზაყანოთანამედროვე ბანტუსტანი

ზაზა წულაძე

რუსული შოვინისტური პოლიტიკის წყალობით, ოკუპირებული გალის რაიონი სულ უფრო ემსგავსება თანამედროვე ბანტუსტანს – აპარტეიდის დროინდელ რეზერვაციას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. კრემლი მიზანმიმართულად აგრძელებს სამურზაყანოს მკვიდრი მოსახლეობის – ეთნიკური ქართველების როგორც ინსტიტუციური, ისე ტერიტორიული სეგრეგაციის პოლიტიკას.

გალის ქართველობას უკვე აკრძალული აქვს მშობლიურ ენაზე განათლების და ინფორმაციის მიღების უფლება, შეზღუდული აქვს საკუთრების, უსაფრთხოების, სამართლიანი სასამართლოს, არჩევნებისა და თავისუფალი გადაადგილების უფლებები.

რუსეთმა ამჯერად ადგილობრივი ქართველებისთვის ე.წ „დროებითი ბინადრობის მოწმობა“ დაბეჭდა და გაცემაც დაიწყო. ეს შეკვეთა რუსულმა საწარმო Монетный Двор-მა სახელმწიფო შეკვეთის ფარგლებში განახორციელა. ამიერიდან გალში დროებითი ცხოვრების უფლებას რუსები მხოლოდ იმ ქართველებს მისცემენ, რომლებიც „დოკუმენტურად დაადასტურებენ“, რომ ნამდვილად დაიბადნენ გალის რაიონში, არიან „უცხოეთის მოქალაქეები“ და 1999 წლის ოქტომბრიდან, ბოლო ათი წლის მანძილზე, სამურზაყანოს ტერიტორიაზე, „მუდმივად ცხოვრობდნენ“.

საოკუპაციო რეჟიმის მთავარი მოთხოვნაა, რომ აპლიკანტმა საკუთარი სურვილით “აღიაროს”, რომ საქართველოს მოქალაქეა და წარმოადგინოს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი პირადობის მოწმობა. ამის შემდეგ ოკუპანტები თავად გადაწყვეტენ, რა სტატუსს იმსახურებს ეს ადამიანი, „დროებითი ბინადრობის მოწმობას“, ე.წ „აფხაზეთის მოქალაქეობას“ თუ „მოქალაქეობის არმქონე პირის“ სტატუსს.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა ედუარდ მანარღიამ გალში მოქმედი რუსულ და მეგრულენოვანი „გალ ტვ“-ის ეთერით გამოსვლისას, კერძოდ, განაცხადა: „საქართველოს მოქალაქეს შეუძლია დააჩქაროს ეს პროცესი. „დროებითი ბინადრობის მოწმობის“ ასაღებად განაცხადის წარმოდგენისას მას შეუძლია, მოიტანოს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტიც. ამ შემთხვევაში, იქნება ცალკე სია, რომელიც უფრო სწრაფი სქემით შემოწმდება. აღარ იქნება საჭირო დამატებით იმის შემოწმება აქვს თუ არა მას საქართველოს მოქალაქეობა, რადგან იგი თავად აღიარებს ამ ფაქტს“.

რა არის რუსული პოლიტიკის საბოლოოდ მიზანი გალში?

ექსპერტების აზრით, ეს არის ოკუპირებული სამურზაყანოს რეგიონის სრული რუსიფიკაცია, სამეგრელოსა და აფხაზეთის გამთიშველ სამხედრო ანკლავად გადაქცევა და ქართული ელემენტის სრული ამოძირკვა. ანკლავში „მოქალაქეების აღრიცხვის“ ახალი, რუსული დისკრიმინაციული პოლიტიკა გულისხმობს, ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რეალური რაოდენობის დადგენას და მათ სრულ იდენტიფიცირებას, ენგურს გამოღმა მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით.

„დროებითი ბინადრობის მოწმობა“ გაიცემა მხოლოდ ხუთი წლის ვადით. მის მფლობელს არ აქვს ანკლავში არავითარი პოლიტიკური უფლება, მათ შორის, „არჩევნებში“ მონაწილეობის უფლება; შეზღუდული აქვს საკუთრების უფლებაც: კერძო ქონება შეუძლია მხოლოდ გაყიდოს ან მემკვიდრეობით გადასცეს, მაგრამ არ აქვს უძრავი ქონების, მათ შორის, მიწის ან სახლის შეძენის უფლება.

„დროებით ბინადრობის მოწმობაზე“ უარის თქმის საფუძველი ნებისმიერი ფაქტორი შეიძლება გახდეს, მათ შორის აივ (შიდსის) ვირუსის არსებობა.

„დროებითი ბინადრობის მოწმობის“ მფლობელს მხოლოდ ერთი კვირის ვადით, შეეძლება მდ.ენგური გადაკვეთოს. უფრო ხანგრძლივი ვადისთვის აუცილებელია სამედიცინო ცნობა, ვიზიტის აუცილებლობის წერილობითი დასაბუთება და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) თანხმობა. იმ შემთხვევაში, თუ „მოწმობის“ მფლობელი 6 თვის მანძილზე უკან, ანკლავში არ დაბრუნდება, მას „სტატუსს“ სამუდამოდ შეუჩერებენ და ანკლავიდან გააძევებენ.

როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი მთავრობის თავმჯდომარე ვახტან ყოლბაია ამბობს, ოკუპანტების საბოლოო მიზანი სწორედ ქართული მოსახლეობის გამოძევება და მათი ქონების კონფისკაციაა. „გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ შენ არ იტყვი უარს საქართველოს მოქალაქეობაზე, კარგავ ყველანაირ სტატუსს და იქნები გამოძევებული აფხაზეთის ტერიტორიიდან. სტატუსთან ერთად კარგავ ყველაფერს, რაც დაგიგროვებია შენ და შენს მოდგმას წარსულში“.

ნიშანდობლივი დეტალია, რომ ანკლავში „აფხაზური პასპორტის“ აღება ან გამოცვლა ეთნიკურ აფხაზს 450 რუსული რუბლი – 18 ლარი უჯდება. მაშინ როცა „დროებითი ბინადრობის მოწმობის“ ასაღებად ეთნიკურმა ქართველმა 940 რუბლი ანუ 38 ლარი უნდა გადაიხადოს. „დაჩქარებული წესით“, ქრთამის გადახდის შემთხვევაში, გალში, „დროებითი ბინადრობის მოწმობა“ 50 000 რუბლი, დაახლოებით 2000 ლარი, ხოლო ე.წ „ფორმა 9“ – 18 000 რუბლი – 715 ლარი „ჯდება“. თუ „დროებით ბინადრობის მოწმობის“ ასაღებად დოკუმენტები დროულად არ წარადგინე, რუსული საოკუპაციო რეჟიმი „ფორმა 9“-ს აღარ იძლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ გალის რაიონში მცხოვრები, ვერც შიგნით და ვერც გარეთ, გადაადგილებას საერთოდ ვერ შეძლებს.

იურისტების შეფასებით, სამართლებრივად ოკუპირებულ ანკლავში გაცემულ არცერთ დოკუმენტს იურიდიული ძალა არ აქვს და საოკუპაციო რეჟიმმა ეს “მოწმობებიც“ ისევე შეუძლია გააუქმოს, როგორც ბოლო წლებში, გალის ქართველებზე გაცემული 15 000-მდე „აფხაზურ პასპორტი“ გააუქმა.

ოფიციალური თბილისი, მართალია არ აღიარებდა, მაგრამ ბოლო წლებში ირიბად მხარს უჭერდა გალის რაიონში ქართველების მიერ „აფხაზური პასპორტების“ აღებას, რაც ხელს უწყობდა საქართველოს მთავარ ინტერესს – ოკუპირებულ სამურზაყანოში ქართველობის შენარჩუნებას. ახლა კი, რუსეთის სეგრეგაციულ პოლიტიკაში ახალი კომპონენტის გაჩენის შემდეგ, როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები დაახლოებით 40 000-მდე ეთნიკური ქართველის ინტერესების დაცვას, ჯერჯერობით ბოლომდე ნათელი არ არის.

«Независимая газета» (რუსეთი), 11 ივლისი, 2017 წელი

http://www.ng.ru/armies/2017-07-11/7_7026_osetia.html

როგორ სწავლობდნენ სამხრეთ ოსეთში ომის შეჩერებას

სისხლისღვრის შეწყვეტის პირველი გამოცდილება პოსტსაბჭოთა სივრცეში

„რუსეთი და სამხრეთ ოსეთი 2017 წლის 14 ივლისს პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი სამშვიდობო ოპერაციის ჩატარების 25 წლისთავს აღნიშნავენ. მეოთხედი საუკუნის წინათ რუსული მხრიდან ამ ოპერაციის ჩატარება დაევალა სერგეი შოიგუს – რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს სამოქალაქო თავდაცვის, საგანგებო სიტუაციების და სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის საკითხებში“, – ასე იწყება სტატია, რომელშიც გადმოცემულია სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო კონტინგენტის შექმნის ისტორია (ავტორი – ალექსანდრე სარკოვსკი).

1992 წელს რუსეთს ისეთ პროცესებში ჩარევა მოუწია, რომელსაც გენოციდის გარდა სხვას ვერაფერს უწოდებ. სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ძალების შეყვანამდე ქართველებსა და ოსებს შორის უკვე დიდი ხანია შეიარაღებული შეტაკება მიმდინარეობდა.

სერგეი შოიგუ მოგვიანებით იხსენებდა, თუ როგორ დაიწყო მისი სამშვიდობო მისია (მანამდე იგი ჯავაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციას ხელმძღვანელობდა):

„სამხრეთ ოსეთში იმ დროს ჩავედი, როცა კონფლიქტი უკვე ორი წელია დაწყებული იყო. არც წყალი, არც გაზი, არც დენი… რეგიონი უპატრონო, მიტოვებულ მიწას ჰგავდა. ჩრდილოეთ ოსეთში უამრავი ლტოლვილი მოგროვდა საქართველოს შიდა რაიონებიდან. სწორედ მაშინ მივმართეთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, რომ აუცილებელი იყო სიტუაციის სასწრაფოდ მოგვარება… კვირაში ორჯერ თბილისში დავფრინავდი ედუარდ შევარდნაძესთან შესახვედრად. იგი ერთსა და იმავეს იმეორებდა – ცხინვალში ქართული ჯარები არ ისვრიან, ეს ყველაფერი რომელიღაც უკანონო სამხედრო ფორმირებების ბრალიაო. ყველაფერს მათ აბრალებდა. არადა, ამ ე.წ. „უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს“ ტანკები ჰქონდათ, რეაქტიული „გრადები“! იმ დროისთვის ქართველებს უკვე მიტაცებული ჰქონდათ ცხინვალში დისლოცირებული ორი სამხედრო ქვედანაყოფის – საავიაციო (ვერტმფრენების) და საინჟინრო-მნაღმავი პოლკების ქონების ნაწილი და გვინდოდა, რაც დარჩა, ის მაინც წაგვეღო. ერთხელაც ვურეკავ ედუარდ შევარდნაძეს და ვთხოვ, რომ თავისიანები გააფრთხილოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ის კიდევ იგივეს ამბობს: „მე, ცხადია, ვეტყვი ვიღაცეებს, მაგრამ მანდ არაკონტროლირებული უკანონო ფორმირებები არიან“. კარგი, გავიგეთ. მივდივართ ცხინვალში. იწყება გაცხარებული სროლა – არტილერიიდან, ტანკებიდან… ქალაქს ყოველ მხრიდან ბომბავენ. როგორც იქნა, პოლკების ადგილზე მივედით, მაგრამ ჭურვები პირდაპირ ეზოში ფეთქდება. მინდა ისევ ედუარდ შევარდნაძეს დავუკავშირდე, მაგრამ არ პასუხობს. იძულებული გავხდით, ჩვენც სროლა დაგვეწყო. იმავ წუთს შევარდნაძე რეკავს: „რას აკეთებთ? მანდ ხომ ხალხი ცხოვრობს!“. მე ვპასუხობ: „ჩვენ კი არა, არაკონტროლირებული ფორმირებები ისვრიან“.

სტატიაში გადმოცემულია ქართული, რუსული და ოსური სამშვიდობო ბატალიონების ჩამოყალიბების გარემოებები, დაგომისში 1992 წლის 24 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმების შესაბამისად. „14 ივლისს რუსული სამშვიდობო ბატალიონი, თავისი БТР და БМП-ებით (ჭურვების გარეშე), ვლადიკავკაზიდან ტრანსაკვაკასიური ავტომაგისტრალით ცხინვალში ჩავიდა. მათ მხოლოდ ავტომატები ჰქონდათ, თითოეულს 450 საბრძოლო მასრით. ქართულ მხარესთან შეთანხმდა დაშორიშორების ხაზი, ბლოკ-პოსტების მდებარეობა. სიტუაციას ძალიან ართულებდა ის, რომ  არსებობდნენ სოფლები შერეული მოსახლეობით. სამშვიდობო ძალების შტაბი ცხინვალში განლაგდა, იქვე იყო დისლოცირებული რუსული საჰაერო-სადესანტო ბატალიონი 600 სამხედრო მოსამსახურით, რეზერვის სახით. ქართულ მხარეს ბატალიონის შექმნასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, ამიტომ რუსებს მათთვის დახმარების გაწევა მოუწიათ – უნიფორმით, საწვავით და ა.შ. მას შემდეგ, რაც ქართველებმაც და ოსებმაც მათთვის განკუთვნილი პოზიციები დაიკავეს, სისხლისღვრა თითქმის შეწყდა, იყო მხოლოდ მცირე ინდიდენტები. შემუშავდა და ძალაში შევიდა რიგი დოკუმენტები და შეთანხმებები, რომლის მიხედვით სამშვიდობო ძალები 2008 წლის 8 აგვისტომდე ასრულებდნენ მოვალეობას… ასე რომ, 14 ივლისი სამხრეთ ოსეთში ეროვნულ დღესასწაულად, თავისუფლების დღედაა მიჩნეული – ისე, როგორც  საფრანგეთში ბასტილიის აღების დღე“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

«RFE//RL//Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ), 11 ივლისი, 2017 წელი

https://www.ekhokavkaza.com/a/28606851.html

„ტრანსკამი“: ტრანზიტის პერსპექტივები

„აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის გავლით ტრანზიტის დაწყება არც საქართველოს და არც რუსეთს არ ჭირდებათ“

სტატიაში კომენტირებულია მოსკოვში გუშინ, 10 ივლისს გამართული მოლაპარაკება რუსეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საგარეო საქმეთა მინისტრებს – სერგეი ლავროვსა და დიმიტრი მედოევს შორის (ავტორი – მურატ გუკემუხოვი).

როგორც ცნობილია, 7 ივლისს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართა ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მოლაპარაკებაც. ეს ორი მოვლენა გარკვეულწილად ერთმანეთთანაა დაკავშირებული: ორივე შეხვედრაზე ტვირთების ტრანზიტის საკითხი განიხილეს, ე.წ. „სავაჭრო დერეფნების შესახებ“ 2011 წლის საქართველო-რუსეთის შეთანხმების მიხედვით.

მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ ყველანაირი ინფორმაცია მიაწოდა ცხინვალის წარმოამდგენლებს აბაშიძე-კარასინის პრაღის მოლაპარაკების თაობაზე, ტვირთების ტრანზიტთან დაკავშირებით: „სამხრეთ ოსეთის მხარემ დაადასტურა, რომ ცხინვალი მზადაა მონაწილეობა მიიღოს ტრანზიტის საქმეში. ძალიან ვაფასებთ სამხრეთ ოსეთის მზადყოფნას, რადგან მის გარეშე პროექტი ვერ განხორციელდება“.

თავის მხრივ, პრეს-კონფრენციის დროს დიმიტრი მედოევმა გაიმეორა „პრეზიდენტ“ ანატოლი ბიბილოვის ნათქვამი (რომელიც მან რამდენიმე კვირის წინათ, სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის დროს განაცხადა): „მინდა ვთქვა, რომ სამხრეთ ოსეთი დაიცავს თავის იმ პოზიციას, რომელიც ანატოლი ბიბილოვმა სანკტ-პეტერბურგის ფორუმზე გააჟღერა: სამხრეთ ოსეთი მზადაა მონაწილეობა მიიღოს პროექტში მხოლოდ თანასწორუფლებიან მხარის სახით და თუ ჩვენი მიდგომა მისაღები იქნება სხვა მხარეებისთვის, ამ შემთხვევაში პროექტის რეალიზების თვალსაზრისით ვერავითარ დაბრკოლებას ვერ ვხედავთ“.

ეს ყველაფერი საკმაოდ უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან რუსეთ-საქართველოს 2011 წლის ხელშეკრულება სავაჭრო დერეფნების შექმნაში სამხრეთ ოსეთის მონაწილეობას არ ითვალისწინებს. იბადება კითხვები: ნიშნავს თუ არა ცხინვალის პოზიცია იმას, რომ შეთანხმება ვერ შესრულდება? ყოველ შემთხვევაში, იმ დრომდე მაინც, სანამ ცხინვალი თავის პოზიციას არ შეცვლის? და კიდევ: რამდენადაა წაქეზებული შეთანხმების ბლოკირება რუსეთის მიერ?

ამ კითხვებით მივმართეთ პოლიტოლოგ ნიკოლაი სილაევს, რომლის აზრით, პრაღის 7 ივლისის შეხვედრაზე 2011 წლის შეთანხმების რეალიზების საკითხში შესამჩნევი წინსვლა არ მომხდარა. მხარეებმა ამჯერადაც გაიმეორეს ადრინდელი პოზიციები, ანუ დაპირება, რომ ხელს მოაწერენ შეთანხმებას შვეიცარიულ კომპანიასთან:

„ქართული მხარის პოზიცია ძალიან მარტივია: თბილისს 2011 წლის ხელშეკრულების შესრულება არ სურს, რადგან მისი რეალიზება საქართველოს ხელისუფლებას მძიმე საშინაოპოლიტიკურ ზიანს მოუტანს. ამიტომაც ამბობენ, რომ მისი შესრულება, პირიქით, რუსეთს არ უნდაო. მოსკოვი კი თბილისს ეთამაშება და ამ დროს ცხინვალს ეუბნება – ნახე, თბილისი როგორ ლაპარაკობსო. ასეთ სიტუაციაში ქართველებს ყოველთვის შეუძლიათ განაცხადონ, რომ რამდენადაც სამხრეთ ოსეთიც რაღაცას მოითხოვს, ამიტომ ტრანზიტი შეუძლებელიაო. აი, მაშია საქმე. ესე იგი, თბილისს საბაბი ჭირდება, რომ 2011 წლის შეთანხმება არ შეასრულოს, თუმცა იმავდროულად არ სურს, რომ ეს საქვეყნოდ, ყველას გასაგონად აღიაროს. ზურაბ აბაშიძე კარგი დიპლომატია და ამ ამოცანას მშვენივრად ასრულებს უკვე მერამდენე წელია.

- რატომ მიგაჩნიათ, რომ ამ შეთანხმების რეალიზება საქართველოს შიდაპოლიტიკურ ზიანს მოუტანს?

- იმიტომ, რომ თუ შეთანხმების პირობების შესრულება დაიწყება, მაშინ საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებელ საბაჟო ტერიტორიებად“ აღიარება მოუწევს. იმისათვის, რომ იმ ტერიტროიებზე საქართველოდან ტვირთი შევიდეს, მათ საბაჟო კონტროლი უნდა გაიარონ – ამაშია შეთანხმების მთელი აზრი. უბრალოდ, 2011 წელს ქართველებზე ზეწოლა ამერიკელებმა მოახდინეს, მათ კი ეს მომენტი „გამოეპარათ“.

ნიკოლაი სილაევის აზრით, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის გავლით ტრანზიტის დაწყება არც საქართველოს და არც რუსეთს არ ჭირდებათ, ამისათვის სულაც არაა აუცილებელი პოლიტიკურ მსხვერპლზე წასვლა. ამ შემთხვევაში ყველაზე დაინტერესებული სამხრეთ ოსეთია (ცხინვალს იმედი აქვს, რომ აღიარებენ).

რაც შეეხება სომხურ ტრანზიტს: ერევანს,ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გარდა, შეუძლია ბათუმი-ნოვოროსიისკის საბორნო გაზიდვებით ისარგებლოს. რუსეთში თურქული ტრანზიტი ძირითადად შავი ზღვით ხორციელდება, ირანს კი არც აფხაზური და არც სამხრეთოსური გზა არ აინტერესებს: თეირანისთვის არსებობს როგორც საზღვაო მარშრუტი (კასპიის ზღვის მეშვეობით), ასევე სახმელეთოც – აზერბაიჯანის და დაღესტნის გავლით. ეს გზა უფრო მეტად გამტარუნარიანია, ვიდრე ზემო ლარსი ან ტრანსკამი, ან აფხაზური მარშრუტი და ნაკლებადაა დამოკიდებული კლიმატურ და [პოლიტიკურ] კაპრიზებზე, – ამბობს ნიკოლაი სილაევი.

Comments are closed