globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 11 აგვისტო 2016 წელი

Posted by Globalresearch on Aug 11th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Красная звезда» (რუსეთი): პოლიშინელ (ტაკიმასხარა) მიხო სააკაშვილის საიდუმლო

«TV Russian Today» (რუსეთი): დახმარება ჩრდილოეთიდან // მიხეილ სააკაშვილი და საქართველო-რუსეთის ომის შედეგები

«Московский комсомолец» (რუსეთი): აშშ-ის კვალი საქართველოსა და უკრაინის მოვლენებში // 2008 წელი თბილისში და 2016 წელი ყირიმში

«Ժողովուրդ ჟოხოვურდი» (სომხეთი): ქართველები სომეხი მეწარმეების გადაბირებას ცდილობენ

«Radio Voice of America - რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ქორწინების „განსაზღვრის“ პოლიტიკური ქვეტექსტი

———————-

«Красная звезда» (რუსეთი), 10 აგვისტო, 2016 წელი

http://www.redstar.ru/index.php/newspaper/item/29964-sekret-polishinelya-mikho-saakashvili

პოლიშინელ (ტაკიმასხარა) მიხო სააკაშვილის საიდუმლო

ვლადიმირ მოლჩანოვი, „კრასნაია ზვეზდა“

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი განცხადება 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შესახებ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის მერვე წლისთავს მიუსადაგა. „მიხაილ ნიკოლაევიჩის“ ჩანაფიქრის მიხედვით, მისი ნათქვამი სენსაციად უნდა ჩათვლილიყო: მან გადაწყვიტა იმის მოყოლა, თუ როგორ „გადარჩა“ საქართველო მისი „ბრძნული“ ხელმძღვანელობის შედეგად…

ოდესის გუბერნატორმა საჯაროდ განაცხადა, რომ 2008 წლის ზაფხულში უკრაინის მაშინდელმა ხელისუფლებამ, კონკრეტულად კი პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ მხარი დაუჭირა სამხედრო ოპერაციის განხორციელებას სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. უფრო მეტიც – მან ისიც თქვაა, თუ როგორ აქტიურად ეხმარებოდა უკრაინა მაშინ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. მიხო სააკაშვილის აღიარებით, სწორედ უკრაინის მიერ ქართული არმიისათვის გადაცემული ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების წყალობით მიიღო საქართველომ „სტრატეგიული უპირატესობა“: როცა ჩვენმა ქვეყანამ სამხრეთ ოსეთს დახმარების ხელი გაუწოდა, უკრაინული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების „ბუკ“-ისა და „ოსა“-ს მეშვეობით რამდენიმე რუსული თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული. გარდა ამისა, უკრაინამ ქართველი სამხედრო მოსამსახურეებიც მოამზადა.

მიხო სააკაშვილმა, რომელიც დღეს უკვე „უკრაინელობას“ ჩემულობს, თავი ვერ შეიკავა იმისგან, რომ კიევის ხელისუფლება რუსეთის საფრთხით არ შეეშინებინა: მისი მტკიცებით, უკრაინას თავდაცვისათვის ამერიკული იარაღი ჭირდება. „უკრაინის მთავარი პრობლემა ისაა, რომ მოძველებული ტანკსაწინააღმდეგო იარაღი აქვს“, – განაცხადა „ახლადგამომცხვარმა“ სამხედრო სპეციალისტმა, – „უფრო ახალი იარაღი ამერიკას აქვს და თუ [პენტაგონი] უკრაინას ამ იარაღს მისცემს, 50 რუსული ტანკის აფეთქების შემდეგ ყველაფერი სხვაგვარად იქნება“.

ქართველმა თუ უკრაინელმა პოლიტიკოსმა გატაცებით ლაპარაკობდა, რომ „უკრაინელი ჯარისკაცის მეომრული სული მსოფლიოში საუკეთესოა“. „მას რომ ასწავლო და იარაღი მისცე, – გაშმაგდა მიხო საუბრისას, – „მთელ რუსეთს გადაუვლის და დაიპყრობს“. მან წაიტრაბახა, რომ ქართველ ოფიცრები „ამერიკელებმა მოამზადეს“ და ისინი ახლა კიევის მხარეზე იბრძვიან, თან უკრაინელებსაც ასწავლიან ბრძოლის წესებსო.

საერთოდ, მიხეილ სააკაშვილი ყოველწლიურად ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ პირველმა სწორედ რუსეთმა განახორციელმა  თავდასხმა ქართული არმიის ქვედანაყოფებზეო, მაგრამ 2008 წლის მოვლენებში უკრაინის მაშინდელი ხელისუფლების მონაწილეობაზე ასე ოფიციალურად მან მხოლოდ ახლა განაცხადა. პრინციპში, ეს გასაკვირი არაა – მიხეილ სააკაშვილი ხომ დღეს უკრაინის ანტირუსულ ხელისუფლებაში მუშაობს და, შესაბამისად, მისთვის მომგებიანია, რაც მეტად დაიძაბება სიტუაცია უკრაინასა და რუსეთს შორის.

ისე, გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი სენსაციაზე ვერ ქაჩავს. ექსპერტებმაც და საზოგადოებამაც დიდი ხანია იციან, რომ იმ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს სწორედ უკრაინული სამხედროები მართავდნენ და ემსახურებოდნენ. არის აგრეთვე ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ საქართველოში იმ ხანებში განსაკუთრებული „სპეცნაზიც“ ჩამოყალიბებულა, რომელიც უცხოელი კადრის სამხედროებითა და დაქირავებულებით დაკომპლექტდა…

რისთვის დაჭირდა ოდესის ოლქის გუბერნატორს სამხრეთ ოსეთის თემაზე გამოსვლა?

ალბათ, მიხომ მსოფლიოს საზოგადოებას საკუთარი თავი გაახსენა, ანდა შეიძლება ამით კიდევ ერთხელ შეეცადა პირადი პასუხისმგებლობის მოხსნას ომის გაჩაღებაში, რომელიც საქართველოსთვის კატასტროფით დასრულდა და რომელმაც ბევრ ქართულ ოჯახს ძაძები ჩააცვა, შვილებისა და ახლობლების დაღუპვის გამო. ის, რაც ამ ავანტიურისტმა 2008 წლის აგვისტოში ჩაიდინა, სამხედრო დანასაულია. პრეზიდენტი მიხო სააკაშვილი მაშინ მხოლოდ გავლენიანმა ნატოელმა მფარველებმა გადაარჩინეს. არადა, იგი უკვე მზად იყო თბილისიდან გასაქცევად, როცა რუსი მედესანტეების მოახლოება გაიგო…

ოდესის ოლქის გუბერნატორის განცხადებები „მსოფლიოში საუკეთესო უკრაინის არმიის“ თაობაზე იმას ნიშნავს, რომ მიხო კიევის ხელისუფლებას ელაქუცება. ხომ ყველასთვის ცნობილია ის ამბავი, რომ მიხომ სამსახური უკრაინაში აშშ-ის თხოვნით მიიღო? საქართველოს კი არაადექვატურობით ცნობილი მიხეილ სააკაშვილი არ ჭირდება.

«TV Russian Today» (რუსეთი), 10 აგვისტო, 2016 წელი

https://russian.rt.com/opinion/316071-podmoga-s-severa

დახმარება ჩრდილოეთიდან

მიხეილ სააკაშვილი და საქართველო-რუსეთის ომის შედეგები

რუსულმა საერთაშორისო მაუწყებლობის ტელეკომპანია „რაშა თუდეიმ“, რომელიც რუსული პროპაგანდის მთავარი საშუალებაა დასავლური აუდიტორიისათვის, თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ცნობილი პუბლიცისტის მაქსიმ სოკოლოვის სტატია, რომელშიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენები რუსულ ჭრილშია განხილული და კომენტირებული.

გთავაზობთ მის შემოკლებულ ვერსიას:

„რვა წლის წინათაც ნაკიანი აგვისტო იდგა და მაშინაც ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობდა. მაშინაც უნდოდათ, რომ ოლიმპიადა პოლიტიკით გაეზავებინათ – დაიწყო კამპანია პეკინის ოლიმპიური თმაშების ბოიკოტისათვის: ჩინეთი ტიბეტს ჩაგრავს, პეკინში უჰაერობა იგრძნობა, ცუდი ეკოლოგიური გარემოა და საერთოდ, ჩინური დემოკრატია მავნეა ჯანმრთელობისთვისო… კამპანია მაგრად დაიწყეს, მაგრამ მერე ჩუმად შეწყვიტეს. მიხვდნენ, რომ ჩინელები თუ გაბრაზდებოდნენ, დასავლეთი პასუხს მიიღებდა… მოკლედ, შეეშინდათ.

სამაგიეროდ, რუსეთმა იმ დროს საჩუქარი მიიღო: საქართველომ, რომელიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით გამალებით იარაღდებოდა, გადაწყვიტა, რომ დადგა დრო სამხრეთ ოსეთის (და აფხაზეთის) კონფლიქტების გასალღობად და 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალს შეუტია. თავდაპირველი სამხედრო ცნობები პესიმისტური იყო – ქართული არმია წინ მიდიოდა, რუსეთი კი დუმდა. სულ უფრო მეტად მტკიცდებოდა აზრი, რომ რუსეთი ამ ყველაფერს „გადაყლაპავდა“ და ბევრს არაფერს მოიმოქმედებდა. ცნობილი პოლიტოლოგი სერგეი ბელკოვსკი (რომელიც ასევე ცნობილია თავისი „ზუსტი პროგნოზებით“), 8 აგვისტოს აცხადებდა, რომ რუსეთი ამ კონფლიქტში არ ჩაერეოდა, რადგან ვლადიმირ პუტინი დასავლეთის ბანკებში არსებულ თავის მრავალმილიარდიან ავუარებს გაუფრთხილედებოდა.

და აი, ასეთი „დამარწმუნებელი პროგნოზიდან“ ორი საათის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც იმ დროს ბევრმა სასწაულად შერაცხა – რუსეთის არმიის ნაწილებმა როკის გვირაბი გაიარეს და ცხინვალს უახლოვდებიანო. შემდეგ კი მოვლენები ისე განვიტარდა, როგორც ცნობილი ფილმის „სამი ტანკისტის“ სიმღერაშია… მოკლედ, ცხინვალმა ჩრდილოური დახმარება მიიღო, ქართველებმა კი ისევ იქით დაიხიეს, საიდანაც შეტევა დაიწყეს.

რუსეთის ჯარებმა საქართველო ორად გაჭრეს და თავისუფლად შეეძლოთ თბილისის აღებაც. მიხეილ სააკასვილი შიშისაგან ისტერიკაში ჩავარდა… მაგრამ არმიამ შეჩერების ბრძანება მიიღო. როგორც ჩანს, კრემლმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რომ საქართველო რუსეთისათვის უკვე რაიმე პრობლემას აღარ წარმოადგენდა, მაგრამ არავინ იცოდა, რა უნდა ექნათ საქართველოსთვის. ამიტომაც რუსეთის სარდლობა სამხრეთ მეზობლის განიარაღებით შემოიფარგლა: პრაქტიკულად მთელი სამხედრო ტექნიკა, ტროფეის სახით, რეკვიზირებულ იქნა, ან ადგილზევე განადგურდა (მოგვიანებით ამერიკელებმა „კლიაუზნიკობა“ დაიწყეს – „ჰამერები“ ჩვენია და უკან დაგვიბრუნეთო!). „იძულება მშვიდობისათვის“ საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა. ქართველების საბრძოლო სული აგვისტოს შუახანებისათვის უკიდურესად დაეცა.

მიხეილ სააკაშვილის წარუმატებელი ბლიცკრიგის შედეგად სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა თავიანთი გაორებული მდგომარეობა დაასრულეს – მათი სუვერენიტეტი რუსეთმა დე-იურედ აღიარა. ხუთდღიანმა ომმა ნათლად დააყენა ეჭვქვეშ ის თეზისი, რომლის თანახმად, საბჭოთა კავშირი, ფაქტიურად მშვიდობიანად დაიშალა, ხოლო 1990-იანი წლების დასაწყისში კონფლიქტები მხოლოდ ტერიტორიული გადანაწილების შედეგად წარმოიქმნენო. იმ პერიოდში მიაჩნდათ, რომ მთავარია, რომ 1991 წელს ყოფილმა საბჭოთა ხალხებმა თავიდან აიცილეს დიდი ომი (ჩეჩნეთის გარდა), დანარჩენი კი თანდათან მოგვარდებოდა, პატარ-პატარა კონფლიქტები გაიყინებოდა და ხალხები ახალ საზღვრებსი ნელ-ნელა დაიწყებდნენ მშვიდობიან ცხოვრებას.

საქართველო-რუსეთის ომმა აჩვენა, რომ ეს ასე არ იყო, რომ ყოველთვის გამოხტება ვიღაც ეშმაკეული მიხეილ სააკაშვილის სახით, რომელსაც დასავლეთი მფარველობს, რომელსაც წააქეზებენ – „მიდი, მიაწექი, არ შეგეშინდეს, ჩვენ შენს გვერდით ვართ“ და მშვიდობიან სივრცეს აურევენ. აბა, მერე უკვე იძულებული ხდები ჩაერიო და ძალის გამოყენებით დაამშვიდო – ეშმაკეულისა და შმაგის დასაწყნარებლად ჯერ-ჯერობით სხვა წამალი არ არსებობს.

ჩვენ დღეს უკრაინაში ტიპოლოგიურად მსგავს სურათ ვხედავთ.

ასე რომ, იმპერიის დაშლა უფრო მეტად სერიოზული ხათაბალა აღმოჩნდა, ვიდრე ეს 25 წლის წინ წარმოედგინათ. ამჟამად ჩვენ ეს უკვე კარგად გავიგეთ, რაც უფრო გვაძლიერებს: ილუზიებისაგან გათავისუფლება ყოველთვის სასარგებლოა.

«Московский комсомолец» (რუსეთი), 11 აგვისტო, 2016 წელი

http://www.mk.ru/politics/2016/08/10/ekspert-seriyu-teraktov-v-krymu-gotovili-v-interesakh-khillari-klinton.html

აშშ-ის კვალი საქართველოსა და უკრაინის მოვლენებში

2008 წელი თბილისში და 2016 წელი ყირიმში

როგორც ცნობილია, 10 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, სომეხ კოლეგა სერჟ სარგსიანთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ყირიმში რუსულმა სპეცსამსახურებმა უკრაინელი დივერსანტების ჯგუფი დააკავეს, რომლებიც კიევიდან იმართებოდნენ და როგორც ირკვევა, ამერიკელების წაქეზებით, სიტუაციის დესტაბილიზებას გეგმავდნენ. ამოღებულია აგრეთვე დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი მოწყობილობები.

„მოსკოვსკი კომსომოლეცმა“ კომენტარისათვის პოლიტოლოგ სერგეი მარკოვს მიმართა:

- სერგეი ალექსანდროვიჩ, რა ხდება ყირიმში?

- რადგანაც იქ 20-მდე ასაფეთქებელი მოწყობილობაც იპოვეს, ეს ნიშნავს, რომ დივერსანტებს მოსახლეობის დაშინება და ტურისტული სეზონის ჩაშლა უნდოდათ… დღეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთლიანად პენტაგონი აკონტროლებს, ხოლო უკრაინის სამხედრო დაზვერვას, შესაბამისად, აშშ-ის სამხედრო დაზვერვის სამმართველო. ასე რომ, უკრაინელებს თვითონ, ამერიკის ნებართვის გარეშე, არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. ანუ ამერიკელებმა კიევის ხელისუფლებას ამოცანა დაუსახეს, რომ როგორმე რუსეთის პროვოცირება მოეხდინათ – საბრძოლო მოქმედებების დაწყების მიზნით.

- და ეს ვის სჭირდება ამერიკაში?

- ვფიქრობ, ეს სავსებით ჯდება პრეზიდენტობის კანდიდატის ჰილარი კლინტონის განცხადების ჩარჩოებში, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრებაო. თუ უკრაინული პროვიკაცია განვითარდებოდა, ეს დონალდ ტრამპის იმიჯს მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებდა. როგორც ცნობილია, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი რუსეთთან პოზიტიური ურთიერთობის მხარდამჭერად გამოდის, რაც ესოდენ არ მოწონს დემოკრატ ჰილარი კლინტონს და მის მომხრეებს.

- დივერსიული ჯგუფს 5-6 აგვისტოს მიაკვლიეს, ანუ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მორიგი წლისთავის წინ… ეს მოვლენები ერთმანეთის მსგავსები ხომ არ არიან?

- დიახ, ასეა. 2008 წლის აგვისტოს ომსაც აშკარად წინასაარჩევნო ხასიათი ჰქონდა, რომელიც ორგანიზებული იყო სენატორ ჯონ მაკკეინისა და მის ოფისთან დაკავშირებულ ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის მიერ. სწორედ მათ აიძულეს საქართველოს პრეზიდენტი ომი დაეწყო, თორემ თვითონ მიხეილ სააკაშვილს ომი არ სურდა. მას კარგად ესმოდა, თუ როგორი შედეგი იქნებოდა. მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის ივლისში ქართველ გენერლებთან თათბირი ჩაატარა და ყველა კატეგორიულად გამოვიდა ომის წინააღმდეგ. შესაბამისად, პრეზიდენტმაც ომზე უარი თქვა, მაგრამ თბილისში კონდოლიზა რაისი ჩავიდა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს ომის დაწყება აიძულა.

- რა მისცა რუსეთ-საქართველოს ომმა ამერიკელებს?

- სწორედ მაშინ ჯონ მაკკეინის რეიტინგმა ბარაკ ობამას რეიტინგს გადაუსწრო (იგი 2008 წელს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო). ამერიკის სპეცსამსახურებს ბარაკ ობამა ძალიან საეჭვო პიროვნებად ეჩვენებოდათ, რომლსაც შეიძლებოდა აშშ-ის უსაფრთხოებისათვის ზიანი მოეტანა. მეოკონსერვატორები ბარაკ ობამას პირდაპირ მოღალატეს უწოდებდნენ. საბოლოოდ ჯონ მაკკეინმა არჩევნები წააგო, მაგრამ გამარჯვებულ ბარაკ ობამას სპეცსამსახურებისათვის სამაგიერო არ გადაუხდია. ამჟამად, ჩემი აზრით, ისინი იმავე სცენარის გამეორებას ცდილობენ.

- მაშინ რა გამოდის – ამერიკელებს ნამდვილი ომის გაჩაღება სურთ უკრაინასა და რუსეთს შორის?

- არა, არა მგონია. ისინი არ ელოდებიან, რომ რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრება და კიევს აიღებს. ეს იქნება მართვადი კონფლიქტი: რაღაც სამხედრო შეტაკება, რომელიც ერთ კვირაში დასრულდებოდა, მაგრამ საინფორმაციო-პროპგანდისტული თვალსაზრისით დონალდ ტრამპს „დამარხავდა“.

«Ժողովուրդჟოხოვურდი» (სომხეთი), 10 აგვისტო, 2016 წელი

http://armlur.am/566067/

ქართველები სომეხი მეწარმეების გადაბირებას ცდილობენ: „თუ წარმოებას ჩვენთან გადმოიტანთ, პროდუქციის ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტში დაგეხმარებით“

ერევნის გაზეთი „ჟოღოვურდი“ („ხალხი“ – ქართ.), ეხება რა სომხეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის ასპექტებს, წერს:

„ბოლო თვეებში სომეხი მეწარმეები საქართველოს ხელისუფლების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ აღმოჩნდნენ. ის ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოში საკუთარი პროდუქციის ექსპორტს ეწევიან, თბილისისაგან მიმზიდველ შეთავაზებებს ღებულობენ. როგორც სხვადასხვა წყაროებით ირკვევა, სომეხი მეწარმეები კონფიდენციალურად მიუწვევიათ საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრაზე – საქართველოს მრეწველობის მინისტრთან თუ მის მოადგილესთან და მათთვის თავიანთი წარმოების საქართველოს ტერიტორიაზე გადატანა შეუთავაზებიათ.

და თუ ბიზნესმენები თავიანთი საწარმოების საქართველოში გადატანას დათანხმდებიან, თბილისი მათ პირდება, რომ ხელს შეუწყობს წარმოებული პროდუქციის პრივილეგირებულ და განუსაზღვრელ ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში. გარდა ამისა, ისინი პირველ ეტაპზე საგადასახადო შეღავათებითაც ისარგებლებენ. სხვათა შორის, ბევრმა სომეხმა მსხვილმა მწარმოებელმა , მათ შორის ჩინოვნიკებმაც, უკვე დიდი ხანია საქართველოში თავიანთი საწარმოები დააფუძნეს“, – აღნიშნავს გაზეთი.

«Radio Voice of America - რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 10 აგვისტო, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-president-margvelashvili-referendum/3458359.html

ქორწინების განსაზღვრის პოლიტიკური ქვეტექსტი

ზაზა წულაძე

საქართველოს პრეზიდენტმა უარი განაცხადა ქორწინების განსაზღვრის თემაზე რეფერენდუმი დაენიშნა. ამას საინიციატივო ჯგუფი (ზურაბ ტომარაძე, სანდრო ბრეგაძე, სოსო მანჯავიძე) ითხოვდა, რომელმაც ორ თვეში მოახერხა 200 348 ხელმოწერის შეგროვება და დათქმულ ვადაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიისთვის წარდგენა. ცსკ-ომ კი თავის მხრივ, გადაწვეტილების მისაღებად, პრეზიდენტ მარგველაშვილს მიმართა.

„თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“ – სწორედ ასეთი ფორმულირებით უნდა დანიშნულიყო 8 ოქტომბერს რეფერენდუმი.

ეს კამპანია, რომელსაც ბიზნესმენი ლევან ვასაძე აფინანსებს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მართლმადიდებელი ეკლესია თანაუგრძნობს, ქვეყანაში „ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების წინააღმდეგ“ უნდა ყოფილიყო მიმართული.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისი მოტივირებული უარი რეფერენდუმის არდანიშვნის თაობაზე იმით ახსნა, რომ ეს საკითხი დიდი ხანია სამოქალაქო კოდექსითაა დარეგულირებული: „ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია ქართულ კანონმდებლობაში და დადგენილია, რომ ქორწინება – ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია. ამავე დროს, კანონდებლობა კრძალავს, კანონის ან კონსტიტუციური ცვლილების რეფერენდუმით მიღებას“.

საარჩევნო ტექნოლოგიების სპეციალისტების აზრით, „ქორწინების ცნების განსაზღვრა“, წინასაარჩევნოდ იდეალური თემაა, რომ ამომრჩეველს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებიდან, როგორებიცაა რუსული ოკუპაცია, სიღარიბე, ეკონომიკური და სოციალური კრიზისი, კორუფცია, კოლაბორაციონიზმი ეკლესიაში, ყურადღება ხელოვნურად გადაატანინო.

ექსპერტები განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ “დასავლეთიდან მომდინარე” ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მითიური “საფრთხე“ კრემლის დახვეწილი ანტიდასავლური პროპაგანდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნარატივია, რომელიც მიზნად დასავლეთის დემონიზებას და ლიბერალური ღირებულებების მიმართ შიშის დამკვიდრებას ისახავს.

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პროპაგანდის მიხედვით, მხოლოდ მოსკოვი დგას „ქრისტიანული ღირებულებების“, „მართლმადიდებლობის“, „ოჯახის სიწმინდის“, „ტრადიციული ზნეობისა და მორალის“ დაცვის სადარაჯოზე. ამ პროპაგანდისტულ ომში კრემლის „მეხუთე კოლონა“ ერთმორწმუნე საქართველოში თავს ან მართლმადიდებელი ეკლესიის ანაფორას აფარებს, ან მათ სიახლოვეს ტრიალებს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელ გიორგი ვოლსკის არ დაუმალავს, რომ 200 000 ხმა საინიციატივო ჯგუფმა მათი ღია მხარდაჭერის ხარჯზეც შეკრიბა: „ხელისუფლების, პირადად გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის, ძალიან დიდი მხარდაჭერაა ის, რომ 200 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი იმ პოზიციას, რაც ჩვენ გაგვაჩნია“.

რეფერენდუმის მოწინააღმდეგე, ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია კი მიიჩნევს, რომ ქორწინების შესახებ რეფერენდუმი, “გაბანკროტებული ელიტების” მიერ ხალხის დაშინების გზით წინასაარჩევნოდ ქულების დაწერის მცდელობა იყო: „ქვეყანაში, სადაც არის ამხელა სოციალური პრობლემები, სადაც 273 800 ადამიანი შიმშილობს, სადაც 77 ათასი ბავშვი შიმშილობს, 300 ბავშვი კი ყოველწლიურად შიმშილისგან იღუპება, მინდა ყველას ვკითხო – ასეთ ქვეყანაში, საერთოდ შეიძლება თუ არა მორალზე საუბარი, როცა ამ თემებს არავინ ახსენებს და არაფრისგან წარმოშობილი თემას საათებს ვუთმობთ?“, – ამბობს გრიგოლ გეგელია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სარეფერენდუმოდ წარმოდგენილი საკითხი – „გინდათ თუ არა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?“ რეგისტრაციაში 2016 წლის მარტის ბოლოს გაატარა. თუმცა, პირველმა საინიციატივო ჯგუფმა ზურაბ თოლორაიას ხელმძღვანელობით 200 ათასი ხმის შეგროვება ვერ შეძლო.

ივნისში კი „ოჯახის სიწმინდის დამცველებმა” საქმეში უკვე „მძიმე არტილერია“ ჩართეს: ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ დაარსებული „დემოგრაფიული განვითარების ფონდის“ დირექტორის ზვიად ტომარაძის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის, „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრის სოსო მანჯავიძისა და პარლამენტარ თამაზ მეჭიაურის ახალი პარტიის – „ახალი საქართველოსათვის“ ერთ-ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძის შემადგენლობით.

ამ ჯგუფმა 200 000 ხმა მალევე შეაგროვა, თუმცა უარი რეფერენდუმის დანიშვნის თაობაზე უკვე პრეზიდენტისგან მიიღო. დღეს, საინიციატივო ჯგუფმა პრეზიდენტ მარგველაშვილის გადადგომა მოითხოვა.

Comments are closed