globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 11 სექტემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 11th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«РСМД – Российский Совет по межд.делам» (რუსეთი): საქართველო-ნატო: ახალი აქცენტები

«Красная звезда» (რუსეთი): საქართველოს მთებზე // იანკები მზად არიან კავკასიის გეოპოლიტიკური ლანდშაფტის შესაცვლელად „მოირბინონ“

«Onet» (პოლონეთი): დასავლეთის მოკავშირე საქართველო „სტრატეგიულ ვაკუუმში“: ევროკავშირს, ნატოსა და რუსეთს შორის

—————————

«РСМД – Российский Совет по международным делам» (რუსეთი), 11 სექტემბერი, 2015 წელი

http://russiancouncil.ru/inner/?id_4=6558#top-content

საქართველო-ნატო: ახალი აქცენტები

ალექსანდრ კრილოვი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

ამ დღეებში თბილისში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა – „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი“, რომლის ინიციატორი ამერიკელი სენატორის ჯ.მაკკეინის მიერ დაარსებული „ლიდერთა საერთაშორისო ინსტიტუტი“ გახლავთ. ამ გარემოებას თუ გავითვალისწინებთ, ღონისძიების ხასიათი და სულისკვეთება უკვე წინასწარ იყო ცნობილი. კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამდენად ძლიერად გამოხატავს ემოციებს  ამერიკელი პოლიტიკოსი რუსეთის მიმართ, თუმცა, პრინციპში, მისი დამოკიდებულება ახალი არ არის. საინტერესო ის ახალი აქცენტები, რომლებიც თბილისში გაისმა.

კონფერენცია ტრადიციულად დაიწყო: პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დემოკრატიის სადიდებელი გამოსვლებით, ევროატლანტიკური ფასეულობების ურყევი მხარდაჭერის გამოხატვით, სოლიდარობით და საქართველოს მგზნებარე ერთგულებით… წინა წლებში ჩატარებულ მსგავს ღონისძიებებზე ევროპელი სტუმრები თბილისის მიმართ დადებით შეფასებებში არ ძუნწობდნენ ხოლმე, აქებდნენ საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც ქვეყანა „დემოკრატიის შუქურად“ გადააქცია და გმირულ წინააღმდეგობას უწევს „რუსული იმპერიალიზმის“ ექსპანსიონისტურ კურსს… მაგრამ ამჯერად რაღაც ახალი მოხდა: გიორგი მარგველაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლების შემდეგ სიტყვა მისცეს ყოფილ ევროკომისარს შტეფან ფულეს, რომელმაც საქართველოს მთავრობა „არაფორმალური მართვის სტილის“ და „პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების“ გამო გააკრიტიკა და მიუთითა, რომ ყოფილი თანამდებობის პირების დაკავება და [საქმის გამოძიება] „ევროპული სტანდარტების შესაბამისად უნდა მოხდესო“. არანაკლებ მკვეთრად გამოხატა თავისი აზრი ლიტვის საგარეო საქმეტა მინისტრმა ლინას ლინკიავიჩუსმაც, რომელმაც არამარტო დაგმო წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა დაპატიმრება, არამედ საქართველოს ხელისუფლებას ურჩია: „ნუ წუწუნებთ, ბრძოლა გააგრძელეთ ევროპულ ოჯახში ადგილის დასაკავებლადო“.

ევროპელმა დემოკრატებმა, როცა ქართველების მიმართ აღმზრდელობითი მუშაობა დაასრულეს, შემდეგ მათ „თაფლაპურიც“ მიართვეს: გამოცხადდა, რომ 2016 წელს დაგეგმილ ერთობლივ ქართულ-ამერიკულ სამხედრო წრთვნებზე შემოწმდება, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება „ამერიკული ცოცხალი ძალისა და მძიმე ტექნიკის გადასროლა თბილისში“. ასე რომ, დასავლელი სტუმრები არ შემოიფარგლენ კიდევ ერთი დაპირებით „საქართველო ნატოს წევრი გახდებაო“, არამედ მათ პრაქტიკულადაც მოისურვეს გარკვეული სამხედრო ქმედებების განხორციელება, რამაც დამსწრეთა აპლოდისმენტები გამოიწვია.

მაგრამ რამდენადაა გამართლებული ასეთი აღტაცება?

საქმე შემდეგშია: დაპირება, რომ „საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდებაო“, ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან უკვე დიდი ხანია ისმის. ასევე მრავალჯერ გაცხადებულა საქართველოს მიღების ვადები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში… მაგრამ ამ დაპირებებისა დღეს ყველაზე თავგადაკლულ მედასავლეთესა და ოპტიმისტსაც კი აღარ სჯერათ. ისინი მიხვდნენ, რომ განცხადების გაკეთება „ნატოს წევრი გახდებითო“, მასში პრაქტიკულ მიღებას არ ნიშნავს. აქედან გამომდინარე, რადგანაც დაპირებების რეალიზება არ ხერხდება, აშშ-ნატოს წარმომადგენლები ფრაზეოლოგიურ ჟონგლიორობას მიმართავენ და ახალ დაპირებებს არიგებენ: ქართველებს აღუთქვეს, რომ „დასავლეთი აუცილებლად გამოიქცევა თქვენს დასახმარებლად რუსეთის აგრესიის შემთხვევაშიო“. თუმცა საეჭვოა, რომ ოკეანისიქითა სუპერმენისადმი რწმენამ ქართველებს დაავიწყა, თუ რა ხდებოდა 2008 წლის აგვისტოში, უპირველესად კი ის, თუ როგორ ასწრებდნენ ერთმანეთს თბილისიდან გაქცევას დასავლელი სამხედრო ინსტრუქტორები და მრჩევლები…

აშშ და ნატო საქართველოს საკუთარი მიზნების განსახორციელებლად იყენებენ და იმავდროულად საკუთარ თავზე არანაირ რეალურ ვალდებულებას არ იღებენ. საქართველო იძულებულია თვითონ ატაროს თავის მიერ გატარებული ანტირუსული პოლიტიკის მძიმე ტვირთი, მის დასავლელ მოკავშირე-პარტნიორებს ეს სულაც არ ადარდებთ. საინტერესოა, რომ ყოველივე ამის შემყურე ქართველებში დასავლეთისადმი რწმენა მნიშვნელოვნად შეირყა. უშედეგო აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფალთა მცდელობები მიეპყროთ ბრიუსელ-ვაშინგტონის ყურადღება  მოსახლეობის განწყობაზე. ეს დასავლეთს ნაკლებად აინტერესებს, ისინი ქართველებს მხოლოდ ურჩევენ „არ იწუწუნონ“ და განაგრძონ ოცნება „ევროატლანტიკურ სამოთხეში“ მოსახვედრად.

აშშ-ისა და ნატოს წარმომადგენლების ბაგეთაგან გაჟღერებული ახალი აქცენტები იმის მაჩვენებელია, რომ ამერიკული პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისზე ზეწოლას განაგრძობს, რათა საქართველო „ფრონტისპირა ქვეყნად“ გადააქციოს, რუსეთის საზღვრებთან. სრულიად სავარაუდოა, რომ ჯონ მაკკეინის აქტიურობა არა მარტო მისი საკუთარი ინიციატივაა, არამედ აშშ-ის პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ამ პოლიტიკის მიზანია რუსეთის ყოველმხრივი „შეკავება-შეზღუდვა“ და პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციული პროცესების დამუხრუჭება. ასეთ სიტუაციაში საქართველოს განვითარების პერსპექტივაბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეწირავს მსხვერპლად ხელისუფლება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს სხვა სახელმწიფოს პოლიტიკას.

«Красная звезда» (რუსეთი), 11 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.redstar.ru/index.php/newspaper/item/25672-na-gore-gruzii

საქართველოს მთებზე

იანკები მზად არიან „მოირბინონ“ კავკასიის გეოპოლიტიკური ლანდშაფტის შესაცვლელად

ალექსანდრ ალექსანდროვი

(შემოკლებით)

2016 წელს დაგეგმილი ერთობლივი ქართულ-ამერიკული წრთვნების მიზანი იქნება იმის შემოწმება, თუ რამდენად სწრაფად „მოირბენს“ ამერიკული არმია საქართველოს დასახმარებლად, – ასე განაცხადა თბილისში გამართულ კონფერენციაზე აშშ-ის ევროპული ჯარების სარდალმა ბენ ჰოჯესმა. ამ ღონისძიებას საქართველოს ხელმძღვანელობა სრული შემადგენლობით ესწრებოდა.

გენერლის თქმით, ერთობლივი წრთვნების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება „პრაქტიკულად შემოწმდეს, თუ რამდენად სწრაფად მოხერხდება ამერიკული სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის საქართველოს მიწაზე გადასროლა“. პენტაგონის ახალი გეგმები ბენ ჰოჯესმა გააჟღერა თბილისში ჩატარებულ კონფერენციაზე, რომლის თემა იყო „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებ-ლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში“.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს დედაქალაქისათვის ორდღიანი შეხვედრა რიგითი მოვლენა ნამდვილად არ ყოფილა – ამ ღონისძიებაში ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის სპიკერიც მონაწილეობდნენ, თავდაცვის მინისტრის ჩათვლით.

როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას და საერთოდ, ქვეყნის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს სიამოვნებს ევროპის „ფრონტისპირა სახელმწიფოს“ როლი შეასრულოს. თავს შევიკავებთ სიტყვა „საქართველოს პოლიტიკური ელიტის“ ხმარებისაგან, რადგან თბილისში მოქმედი ამერიკის საელჩოს მიერ მხარდაჭერილი და წინა პლანზე წამოწეული ინგლისურენოვანი პოლიტიკოსები მხოლოდ საქართველოს ძველ მმართველთა უსუსურ პაროდიად უნდა მივიჩნიოთ. თუმცა ნუ განვსჯით მკაცრად საქართველოს დღევანდელ მმართველებს, რადგან, როგორც რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე პირველის კარზე  სარდინიის სამეფოს დესპანი გრაფი ჟოზეფ დე-მეტრი წერდა, „ყოველ ხალხს ისეთ მთავრობა ჰყავს, როგორსაც იმსახურებს“. ცხადია, ამით ჩვენ ქართველ ხალხს კი არ ვსაყვედურობთ, არამედ, უბრალოდ, ფაქტის კონსტატაციას ვახდენთ.

გასაგებია, რომ ამერიკელი გენერლის გულახდილმა განცხადებამ საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის აღტაცება გამოიწვია, რომელიც რუსეთისადმი თავისი უარყოფითი დამოკიდებულებითაა ცნობილი. პირველი ქართველი ქალი, რომელიც მისდა მოულოდნელად, თავდაცვის მინისტრი გახდა, ჟურნალისტებთან საუბარში გახარებული ამბობდა, რომ „სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა“ გენერალ ბენ ჰოჯესის გულწრფელობის გამო. ქალბატონმა ხიდაშელმა ქართველ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ „რაღაცის შემთხვევაში“ საქართველო ოკეანისიქითა დახმარებას ამერიკის იმ ბაზიდან მიიღებს, რომელიც ბულგარეთშია განთავსებული.

ამჟამად ქართული სამხედრო უწყების მეთაური ევროპის ქვეყნებშია გამგზვრებული, რათა პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის და დიდი ბრიტანეთის მთავრობებისგან ოფიციალური მხარდაჭერა გაინაღდოს „მაპ“-ის მიღებასთან დაკავშირებით. ვიზიტის წინ თინა ხიდაშელმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ „ათი წლის შემდეგ შეიძლება საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა აღარ ჰქონდესო“. აშკარაა, რომ ეს ქალბატონი ქართულ საზოგადოებაში იმ საღად მოაზროვნე პოლიტიკოსთა რაოდენობის ზრდაზე მიანიშნებს, რომლებიც რუსეთთან დაახლოების მხარდამჭერებად გამოდიან და ამიტომაც … „წამიყვანეთ ახლავე, სანამ დროა“.

გახდება თუ არა საქართველოს უსაფრთხოების დამცავი ფარი თბილისში გახსნილი ნატოს საწრთვნელი ცენტრი და ამერიკული სამხედრო ტექნიკის მიწოდება? არის თუ არა საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული გზა ქვეყნისთვის სასარგებლო? ეს, ცხადია, ქართველების განსასჯელია, მაგრამ იმის თქმა – „საქართველოს საფრთხე ჩრდილოეთიდან ემუქრებაო“, იგივეა, რომ  ვთქვათ – „დედამიწას შორეული სირიუსის მოსახლეობა ემუქრება“.

გეოპოლიტიკურად რუსეთისა და ამიერკავკასიის ხალხები განწირულნი არიან ერთმანეთთან მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმები მონახონ. ალბათ, ამის გაკეთება ოკეაინისქითა ქვეყნის იმ ამერიკელი გენერლების ვიზიტის გარეშეც მოხერხდება, რომლებიც „ქართველთა დასახმარებლად გამოქცევაზე“ ოცნებობენ. ისინი ხომ რამდენჯერმე „გაიქცნენ“ ერაყის, ავღანეთის და სხვა ქვეყნების დასახმარებლად, მაგრამ გაუმჯობესდა თუ არა ამ ქვეყნების ხალხთა მდგომარეობა?

«Onet» (პოლონეთი), 10 სექტემბერი, 2015 წელი

http://wiadomosci.onet.pl/swiat/sojusznik-zachodu-w-strategicznej-pustce-zasztowt-rosji-chodzi-o-ciagle-upokarzanie/hhvmx3

დასავლეთის მოკავშირე საქართველო „სტრატეგიულ ვაკუუმში“: ევროკავშირს, ნატოსა და რუსეთს შორის

პოლონური გამოცემა „ონეტ“-ის კორესპონდენტი პშემისლავ ჰენზელი ვარშავის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელს, პოლიტოლოგ კონრად ზაშოვტს ესაუბრება.

გთავაზოთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

„იმის გამო, რომ რუსეთი დღეს უკრაინის კონფლიქტშია ჩართული, საქარტველოზე 2008 წლის მსგავსი თავდასხმა ნაკლებად სავარაუდოა. რუსეთი ცდილობს საქართველოზე გავლენის მოხდენას და ამ მიზნით ე.წ. „ბორდერიზაციას“ („საზღვრების გადაწევას“) იყენებს, მოსკოვი აფინანსებს აგრეთვე საქართველოს „პრო“-რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. გრძელვადიან პერსპექტივაში არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ რუსეთი უფრო გააქტიურდება საქართველოში დესტაბილიზების მოსახდენად, დაიწყებს სეპარატისტული დაჯგუფებების აშკარა მხარდაჭერას ჯავახეთში (სომხებით დასახლებულ რეგიონში), ან პანკისის ხეობაში (სადაც ჩეჩნები ცხოვრობენ). ნატომ და ევროკავშირმა თავიანთი ინიციატივები მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონზე უნდა გაავრცელონ, საქართველოს კი ორივე ორგანიზაციამ ინტერგრირების კონკრეტული გეგემა უნდა შესთავაზონ. თუ თბილისი მომავალ წელს ნატოს ვარშავის სამიტზე „მაპ“-ს ვერ მიიღებს, ეს იქნება ქართული საზოგადოებისა და ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ელიტის დიდი იმედგაცრუება“.

„დღეს კონფლიქტის ალბათობა მაღალი არ არის, თუმცა რუსეთი პროვოკაციებს განაგრძობს, როგორც უკვე ვთქვით, ე.წ. „ბორდერიზაციის“ სახით. ეს მოქმედება რუსეთის მცდელობა დაამციროს საქართველო. მართალია, ომის დაწყების საბაბი ეს არ გახდება, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობას ამით პრობლემები ექმნებათ“.

შეკითხვაზე, „ნატო ცდილობს მხარი დაუჭიროს საქართველოს სპეციალური სამხედრო პროგრამებით, უპირატესად აშშ-ის მონაწილეობით. რამდენად რეალურია ამ დახმარების გადფართოება?“, პოლონელი პოლიტოლოგი პასუხობს: „უახლოეს ხანში ამ დახმარების მნიშვნელოვანი გაფართოება მოსალოდნელი არ არის, თუმცა მხედევლობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ ნატომ უკვე ბევრი რამ გააკეთა საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისათვის. სულ ახლახანს თბილისში ალიანსის საწრთვნელი ცენტრიც გაიხსნა“.

- რით და როგორ გამოიხატება რეალურად საქართველოსთვის ევროატლანტიკური პერსპექტივები? არც ევროკავშირის და არც ნატო არ ჩქარობენ ამ კავკასიური ქვეყნის თავის რიგებში მიღებას რუსეთის ნეგატიური პოზიციის გამო…

- საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში მაინცდამაინც ბევრი მეგობარი არ ჰყავს. პოლონეთი თბილისის ერთ-ერთი მეგობარია იმ მცირერიცხოვან სახელმწიფოებს შორის, რომლებიც საქართველოს მხარს უჭერენ. ვარშავის გარდა, თბილისის მხარდამჭერია აგრეთვე ბალტიის სამი ქვეყანა. ჩვენი რეგიონის სხვა სახელმწიფოები – სლოვაკეთი, ჩეხეთი და უნგრეთი კავკასიაში ნატოსა და ევროკავშირის აქტიურობას სკეპტიკურად უყურებენ და არაოფიციალურად ამ რეგიონს რუსეთის გავლენის სფეროდ განიხილავენ.

- გამოდის, რომ ევროკავშირის პოზიციის გამო რუსეთს შეუძლია სამხრეთ კავკასია „სტრატეგიული შახის“ რეჟიმში ამყოფოს, ამას ემატება აგრეთვე მოსკოვის ძლიერი პოზიციები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. აქვს თუ არა რაიმე გავლენა დასავლეთს სამხრეთ კავკასიაზე და კერძოდ, საქართველოზე?

- დასავლეთს საქართველოზე გავლენა აქვს. ეს უზრუნველყოფილია სპეციალური პროგრამების მეშვეობით, კონსულტაციებით, პოლიტიკური მხარდაჭერით საერთაშორისო დონეზე (აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ევროპაში არავინ არ აღიარებს). სომხეთში რუსეთის დომინირებს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ბაქო თავს იკავებს ევროკავშირთან ინტეგრაციაზე. ამ შემთხვევაში აზერბაიჯანის ხელისუფლება იძულებული გახდებოდა უარი ეთქვა ავტორიტარული მართვის პრაქტიკაზე და მას დემოკრატიის გზაზე დადგომა მოუწევდა. აზერბაიჯანს ნავთობისაგან მიღებული შემოსავლები საშუალებას აძლევს უარი განაცხადოს ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე.

- რამდენადაა შესაძლებელი დასავლეტის გავლენის გაფართოება სამხრეთ კავკასიაში? გასაგებია, რომ სიტუაცია რთულია, ზოგიერთი სახელმწიფო რეგიონში მეტ-ნაკლებად პრორუსულ პოლიტიკას ატარებს. აქვს თუ არა შანსი ნატოს და ევროკავშირს გადალახოს გეოპოლიტიკური ბარიერები?

- უახლოეს პერსპექტივაში კავკასიის სახელმწიფოები ევროკავშირს, ნატოსა და რუსეთს შორის იდრეიფებენ. დასავლეთის გავლენა საქართველოს ფარგლებსგარეთ სუსტია, მაგრამ რუსეთსაც თავისი პრობლემები აქვს: მოსკოვს აღარ შეუძლია ისე ჰყავდეს თავის ხელში ეს ქვეყნები, როგორც საბჭოთა პერიოდში ჰყავდა, მიუხედავად იმისა, რომ მას დაკავებული აქვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

- ცხადია, კრემლი, გეოპოლიტიკური მოსაზრებით, სამხრეთ კავკასიას არ დატოვებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ დასავლეთის გავლენა საქართველოში არ განმტკიცდეს, რომ თბილისმა თავისი „პრო“-დასავლური კურსი არ გააღრმავოს. საქართველო „მოჯადოებულ წრეში“ ხომ არ აღმოჩნდა ამით?

- თუ ევროკავშირი და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რეგიონისაგან უკანდახევას გააგრძელებენ, თბილისი „მოჯადოებულ წრეში“ სწორედ მაშინ აღმოჩნდება. დრევანდელი სიტუაციით, „პრო“-დასავლურად განწყობილი თბილისური ელიტა არ მოისურვებს, რომ მათი ქვეყანა ისევ რუსეთის კონტროლქვეშ აღმოჩნდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი საქართველოს თხოვნების იგნირირებას გააგრძელებს, ელიტის ენთუზიაზმი ჩაქრება. ქართულ რეფორმებს ამ პირობებში, ალბათ, სტაგნაცია დაემუქრება, ხოლო თვით ქვეყანა ნატოს, ევროკავშირსა და რუსეთს შორის „სტრატეგიულ ვაკუუმში“ აღმოჩნდება. საქართველოში 1990-იანი წლების შიდაპოლიტიკური დესტაბილიზაცია დაბრუნდება.

Comments are closed