«КоммерсантЪ» (რუსეთი): „ისლამური სახელმწიფო“ პანკისის ხეობას შორდება // სირიასა და ერაყში საქართველოდან ჩასული ექსტრემისტების რაოდენობა მცირდება
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): ევროპის საოცარი ქვეყანა – კაზინოებით, ლუდით, ღვინით და კლდეში ნაკვეთი ეკლესიებით
——
«La Croix» (საფრანგეთი): მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ბრუნდება
«Le Figaro» (საფრანგეთი): მიხეილ სააკაშვილი – უპასპორტო პრეზიდენტი
«Radio Voice of America» (აშშ): ინტერვიუ აშშ-ის ექს-ელჩთან უკრაინაში სტივენ პაიფერთან: „მიხეილ სააკაშვილის პრობლემა პეტრო პოროშენკომ ცარიელ ადგილზე შექმნა“
«Независимая газета» (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილი და იულია ტიმოშენკო უკვე უკრაინის ხელისუფლებას იყოფენ // ექს-გუბერნატორის დაბრუნება ქვეყნის პოლიტიკური ძალების განლაგებაში ცვლილებებს გამოიწვევს
«КоммерсантЪ» (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი გაარღვია
—————-
«КоммерсантЪ» (რუსეთი), 11 სექტემბერი, 2017 წელი
https://www.kommersant.ru/doc/3404205
„ისლამური სახელმწიფო“ პანკისის ხეობას შორდება
სირიასა და ერაყში საქართველოდან ჩასული ექსტრემისტების რაოდენობა მცირდება
ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ („დაიშ’), რომელიც სირიასა და ერაყში მარცხს მარცხზე განიცდის, ახალი პრობლემის წინაშე დადგა – მკვეთრად იკლო მის რიგებში ბრძოლის მსურველება, „დაიშ“-ის შევსება ახალი ძალებით თითქმის აღარ ხდება, მათ შორის, საქართველოს პანკისის ხეობიდანაც“, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – გიორგი დვალი). მასში მიმოხილულია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში მებრძოლი პანკისელი ქისტების დამსახურება, ჩამოთვლილია დაღუპული მებრძოლებიც.
„ბევრი პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა ერაყის ქალაქ მოსულის სა და სირიის რაქასტან გამართულ ბრძოლებში, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საველე მეთაური ცეზარ თახსოშვილი (ალბარ ალ-შიშანი). იგი აგვისტოს ბოლოს მოკლეს ავიადარტყმის დროს, როცა იგი რაქადან საკუთარი ცოლ-შვილის გამოყვანას ცდილობდა. ცეზარ თახსოშვილი, რომელსაც მშობლიურ ხეობაში ლევანსაც ეძახდნენ, სირიაში საბრძოლველად 2013 წელს წავიდა. იგი ჯერ ბაშარ ასადის მთავრობის მოწინააღმდეგე შეიარაღებულ ოპოზიციაში იყო, შემდეგ კი „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გადავიდა, სადაც „ომის მინისტრი“ მისი თანასოფლელი თარხან ბათირაშვილი (ომარ ალ-შიშანი) იყო. სწორედ თარხანთან მეგობრობით მიაღწია ცეზარმა მნიშვნელოვან გავლენას, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ ქისტები სხვა ბოევიკებმა შეავიწროვეს – მაგალითად, ასე მოქცნენ პანკისელ გურამ გუმაშვილს, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ „იუსტიციის მინისტრობიდან“ გაათავისუფლეს.
დღეს სირიის სამთავრობო ჯარებთან კიდევ ერთი პანკისელი – მურად მარგოშვილი (მუსლიმ ალ-შიშანი) იბრძვის. იგი სირიის ოპოზიციის იმ ფრთას წარმოადგენს, რომელმაც უარი განაცხადა მოლაპარაკებაზე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით. მურადი გარდა, გავლენას ინარჩუნებს აჰმედ ჩატაევიც მეტსახელად „ცალხელა აჰმედი“, რომელიც ჩეჩნეთის ორივე ომში იბრძოდა. 2012 წელს იგი საქართველოს სპეცსამსახურებმა დააკავეს, ბოევიკთა რაზმის დაღესტანში გადასვლის მცდელობის მომენტში. მოგვიანებით „ცალხელა აჰმედი“ თბილისის სასამართლომ გაათავისუფლა „არასაკმარისი მტკიცებულების გამო“. ამჟამად იგი „ისლამური სახელმწიფოსათვის“ რეკრუტების საკითხს კურირებს და სირიაში იმყოფება.
ბოლო მონაცემებით, პანკისის ხეობის ახალგაზრდებში „ისლამური სახელმწიფოს“ პოპულარობა კლებულობს. როგორც ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს: პირველი – გავლენიანი პანკისელი საველე მეტაურების სიკვდილი; მეორე – ქართული სპეცსამსახურების მიერ პანკისის ხეობაში ჩატარებული რამდენიმე წარმატებული ოპერაცია, ადგილობრივი ექსტრემისტების დაპატიმრების მიზნით.
კიდევ ერთი ექსპერტი ტერორიზმის სფეროში ნინო ბურჭულაძე ამბობს, რომ სირიაში საბრძოლველად აჭარიდანაც მიდიოდნენ ხოლმე და, შესაბამისად, ქართულ სპეცსამსახურებს ეს რეგიონიც შეშფოთების საფუძველს აძლევდა. თუმცა აჭარელი მუსლიმანებისა და პანკისელების ქცევა ერთამნეთისაგან განსხვავდება: „სირიაში საბრძოლველად წასული პანკისელი ქისტები საქართველოს არასოდეს არ დამუქრებიან, აჭარელი მუსულმანი ქართველები კი ურწმუნოების დასჯით იმუქრებოდნენ“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ სირიაში ბოევიკების წასვლის ფაქტების შემცირებაზე ქართული კანონმდებლობის გამკაცრებამაც იმოქმედა. ბოლო თვეებში ათი ქართველი მოქალაქე დაიჭირეს და გაასამართლეს, ახალგაზრდების გადაბირებისა და „ისლამური სახელმწიფოს“ იდეების პროპაგანდის გამო.
„თუმცა საქმე მხოლოდ რეპრესიებში არაა. მნიშვნელოვანი გავლენა იქონია აგრეთვე რუსული ავიაციის მასიურმა დაბომბვებმაც“, – ამბობს „კომერსანტის“ კორესპონდენტთან საუბარში ნინო ბურჭულაძე. ამჟამად პრეზიდენტ ბაშარ ასადის არმიის წინააღმდეგ მებრძოლთა რიგებში საქართველოდან წასული მხოლოდ 24-27 მებრძოლიღა რჩება. ამ ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საქმეტა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილიც, რომლის თქმით, სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ხელისუფლების მიერ გატარებული მკაცრი პოლიტიკის შედეგად, აგრეთვე ამერიკელი, თურქი და ევროპელი კოლეგების დახმარებით.
სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ დამაცხების კვალობაზე, ბოლო თვეებში გამოიკვეთა ტენდენცია გავლენიანი საველე მეთაურების სხვა ქვეყნებში გადადინების სახით, მაგალითად, ავღანეთში. „კომერსანტის“ მიერ გამოკითხული ექსპერტები ამ მხრივ ასახელებენ ყოფილი ომის მინისტრის თარხან ბათირაშვილის ძმის – თამაზ ცატიაშვილის ავღანეტში გაგზავნის ფაქტს. იგი ბოლო დრომდე „ისლამური სახელმწიფოს“ დაზვერვას კურირებდა და მოსულში იმყოფებოდა.
თბილისში ბევრი შიშობს, რომ ‘ისლამური სახელმწიფოს“ განადგურების შემდეგ ცოცხლად დარჩენილი რადიკალები უკან, საქართველოში დაბრუნდებიან და ტერორისტული აქტების მოწყობას შეეცდებიან, თუმცა ნინო ბურჭულაძე ამ სცენარის განვითარებას ნაკლებად ელოდება: „არცერთი მათგანი, ვინც პანკისიდან ან აჭარიდან სირიასა და ერაყში წავიდა, უკან ცოცხალი არ დაბრუნებულა და არც დაბრუნდებიან, – ერთმნიშვნელოვნად აცხადებს ექსპერტი და განმარტავს: „ბოევიკებმა მშვენივრად იციან, რომ მათი სირიასა და ერაყში ყოფნა უკვე საიდუმლო აღარ არის და როცა საქართველოში ჩამოვლენ, სამუდამო პატიმრობა ელოდებათ“.
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი), 10 სექტემბერი, 2017 წელი
ევროპის საოცარი ქვეყანა – კაზინოებით, ლუდით, ღვინით და კლდეში ნაკვეთი ეკლესიებით
ლიზ დოდი
(შემოკლებით)
უგემრიელესი საჭმელების, თვალწარმტაცი ბუნებისა და მდიდარი ისტორიის წყალობით საქართველო მოგზარობის მოყვარულთა პოპულარულ ადგილად იქცა. ამასთან, ქვეყანას, რომელიც მიმდინარე წელს ბრიტანელი ტურისტებისთვის მისაწვდომი გახდა ავიაკომპანია Georgian Airways-ის პირდაპირი ავიარეისებით (ლონდონის „გატვიკის“ აეროპორტი-თბილისი), უფრო მეტის შემოთავაზება შეუძლია, ვიდრე ხაჭაპური და წითელი ღვინოა. მართლმადიდებელ ტაძრებთან ერთად აქ ჰყვავის ღამის კლუბები და კაზინოები… განა თქვენ ოდესმე გიცეკვიათ მთელი ღამის განმავლობაში საბჭოთა პერიოდის ფაბრიკაში, ტროპიკულ პლაჟზე ან გინახავთ კლდეებში გამოკვეთილი ეკლესიები? აი, ის შვიდი საოცარი მიზეზი, თუ რატომ უნდა ეწვიოთ საქართველოს:
პირველი - საქართველოში ევროპის ყველაზე საოცარი ზღვისპირა ქალაქი
საქართველოს შავიზღვისპირეთში საოცარი სუბტროპიკული მიკროკლიმატია, იქ თავს ისე იგრძნობთ, თითქოს კუნძულ ბალზე ხართ. ყველაზე კარგი ადგილი ბათუმია, სადაც კაზინოიან ცათამბჯენებსა და ეშმაკის ბორბალს ზღვიდანაც შეამჩნევთ. იქვეა ბულვარიც, მე-19 საუკუნისდროინდელი, რომელიც რუდუნებითაა გარემონტებული. ახლოსაა ბოტანიკური ბაღი, რომელიც მთის ფერდობზეა შეფენილი. აქ ნახავთ პალმებს და სხვა მცენარეებს სამხრეთ ამერიკიდან, მექსიკიდან და სამხრეთ-დასავლეთ აზიიდან. ზაფხულობით ჰაერი ტენიანია, ხშირია წვიმა და ჭექა-ქუხილი. ასე რომ, საცურაო კოსტიუმთან ერთად საწვიმარი პლაშჩიც თან იქონიეთ.
მეორე – ბათუმური ყავა
ლონდონის ყავახანებში ქართული ყავის მსგავსს ვერ ნახავთ. ამ ქვეყანაში ძალიან ბევრ ყავას სვამენ, თანაც ტრადიციულად მაგარს და მწარეს, როგორც თურქულს.
მესამე – ღამის გართობები
ბათუმისა და თბილისის ღამის კლუბებში მსოფლიოში ცნობილი დიჯეები მუშაობენ. შეგიძლიათ ეწვიოთ „ბასიანს“ და კლუბს „მტკვარზე“. ასევე დატკბებით „ფაბრიკით“ და სხვა ბარ-რესტორნებით თბილისის ცენტრში.
მეოთხე – ლუდი? რამდენიც გნებავთ!
საქართველო განთქმულია თავისი საუკეთესო ღვინოებით (ამაზე ქვემოთ), მაგრამ თბილისში ლუდის სახარშებიც ბევრია, რომლებიც სანაქებო სასმელით ამარაგებენ ლუდის ბარებს, მაგალითად, სოლოლაკში მდებარე Black Dog Bar. ოღონდ ერთი გაფრთხილება: ქართული ლუდი საკმაოდ მჟავეა და მას უნდა მიეჩვიოთ, თუმცა მისი სმა იდეალურია ცხელ ამინდში. იგივე Black Dog Bar-ში სასიამოვნოა ლუდის დალევა ქართული მწნილით და კამამოყრილი შემწვარი კარტოფილით.
მეხუთე – სამოთხე ველოსიპედისტებისათვის
დიდ ქალაქებისაგან მოშორებით საქართველოში ველოსიპედისტები ჯერ კიდევ იშვათობაა, თუმცა ბოლო დროს სიტუაცია აშკარად იცვლება: სულ უფრო მეტი ველოსპედით მოგზაურობის მოყვარული ცდილობს „გაისეირნოს“ „აბრეშუმის დიდი გზის“ მარშრუტით და აზია-ევროპის შეამერთებელი დერეფნით. ველოსპედისტებს მთის გზებზეც შეხვდებით, ოღონდ გახსოვდეთ: მოერიდეთ ძროხებს, რომლებიც თავისუფალი სიარულის უფლებით სარგებლობენ.
მეექვსე – კლდეში ნაკვეთი მონასტრები
საქართველოში რამდენიმე ცნობილი კლდეში ნაკვეთი ნაგებობაა, რომელთა ნახვისას „ვარსკვლავური ომების“ სცენები გაგახსენდებათ. მღვდლები ცხოვრობენ ვარძიის ეკლესიაში, რომელიც საქართველოს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და რომელშიც სამი ათასამდე ხელით ნაკეთი გამოქვაბულია. უფლისციხე, რომელიც გორთან ახლოს მდებარეობს, ადრეულ ბრინჯაოს ხანაშია შექმნილი. აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს, უდაბნოში მდებარეობს საოცარი საეკლესიო კომპლექსი დავით გარეჯი, სადაც 13 სხვადასხვა რელიგიური ნაგებობაა.
და ბოლოს, მეშვიდე – ქართული ღვინო
ქართველების მტკიცებით, მათი ქვეყანა მევენახოება-მეღვინეობის სამშობლოა და მას ღვინის დამზადების მდიდარი კულტურა აქვს. ქართული ღვინო მზადდება დიდ ამფორებში – ქვევრებში, რომლებშიც ყურძნის წვენი ქარვისფერ სასმელად გადაიქცევა ხოლმე. ქართული ღვინის სმა ქართულ სუფრაზე ხდება, სადაც თამადა – სუფრი გამძღოლი – დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. თამადის როლს, ჩვეულებრივად, ოჯახის უფროსი ასრულებს; იგი წარმოსთქვამს გრძელ სადღეგრძელოებს, დაწყებული უფლის სადიდებლად, დამთავრებული სუფრის წევრებით. ბევრი სადღეგრძელო ყანწებით ისმება.
«La Croix» (საფრანგეთი), 10 სექტემბერი, 2017 წელი
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ბრუნდება
ოლივერ თალესი
(მოკლე შინაარსი)
თუ უკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს დააკავებს და საქართველოს გადაცემს, მაშინ ძალაუფლების მოყვარე რეფორმატორი თავისი პოლიტიკური კარიერის დასასრულს უნდა ელოდოს: ექს-პრეზიდენტს სამშობლოში 11-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
უკრაინაში მისი ქართული გუნდის საქმიანობამ სასურველი შედეგები ვერ გამოიღო. მართალია, მიხეილ სააკაშვილი თავის წარუმატებლობაში ოლიგარქებს ადანაშაულებს, მაგრამ კაცმა რომ თქვას, მან თვითონაც საკმაო შეცდომები დაუშვა, პლუს სპეციფიკური ქცევა და ფეთქებადი ხასიათი. ამავე დროს, ისიც ფაქტია, რომ ზოგიერთი მონაცემით, უკრაინის მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობას“ შედარებით უფრო მეტ პატივს სცემს, ვიდრე პრეზიდენტის მომხრე პარტიების ბლოკს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს მთავარი ოპონენტი იქნება.
«Le Figaro» (საფრანგეთი), 10 სექტემბერი, 2017 წელი
მიხეილ სააკაშვილი – უპასპორტო პრეზიდენტი
იზაბელ ლასერი
(მოკლე შინაარსი)
ქართული და უკრაინული პოლიტიკუმები მიხეილ სააკაშვილს არ ღებულობენ მისი პოპულარობისა და რადიკალური შეხედულებების გამო. მიუხედავად ამისა, ექს-პრეზიდენტი და ექს-გუბერნატორი აშშ-ს, სადაც მას ბევრი გავლენიანი ნაცნობი ჰყავს, პოლიტიკური თავშესაფარს მაინც არ სთხოვს. რატომ? იმიტომ, რომ ისეთ ადამიანებს, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებსა და ფონდებში მუშაობა არ შეუძლიათ. მათთვის აუცილებელია პოლიტიკური სივრცე, საკუთარი ამბიციების განსახორციელებლად. გარდა ამისა, აშშ-სთან მიხეილ სააკაშვილს უსიანოვნო მოგონებებიც აკავშირებს: როცა მისი პარტია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, თვითონ კი პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ ჯერ ბრიუსელში, შემდეგ კი ნიუ-იორკში წასვლა მოუწია, იგი იძულებული გახდა მხოლოდ ლექტორის ამპლუით, ინტერვიუებით და ბანკეტებით დაკმაყოფილებულიყო, რაც ამბიციური ექს-პრეზიდენტისათვის ნაკლებად პრესტიჟული როლი აღმოჩნდა. მან მოიწყინა და როგორც კი კიევში ამბები დატრიალდა, იგი უკრიანაში ჩავიდა.
“ღირსების რევოლუციამ“ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური ახალგაზრდობა დაუბრუნა. როცა თავის უნივერსიტეტელმა მეგობარმა, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ იგი ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა, ექს-პრეზიდენტს სურდა ეჩვენებინა, რომ უკრაინაშიც არის შესაძლებელი გარდაქმნები და რომ საბჭოთა მოდელი არსებობის ბოლო დღეებს ითვლის. უკრაინაში დაბრუნებით მიხეილ სააკაშვილს შორსმიმავალი გეგმები აქვს: მას უნდა პეტრო პოროშენკოს პროვოკაციულ ანკესზე წამოაგოს. მისი ამბიციები არ შემოიფარგლება მხოლოდ მოქალაქეობით, ჰორიზონტზე იგი უკრაინის პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის სავარძელს ხედავს.
რამდენად პოპულარულია მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, რომ ქვეყნის ხელმძღვანელის პოსტზე ჰქონდეს პრეტენზია? ჯერ-ჯერობით ამის ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელია, მაგრამ აშკარაა, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის შესახებ უკრაინაში ყველა ლაპარაკობს, ზოგიერთი კი დარწმუნებულია, რომ ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ მას შეუძლია.
«Radio Voice of America» (აშშ), 11 სექტემბერი, 2017 წელი
https://ukrainian.voanews.com/a/saaks/4022859.html
ინტერვიუ აშშ-ის ექს-ელჩთან უკრაინაში სტივენ პაიფერთან: „მიხეილ სააკაშვილის პრობლემა პეტრო პოროშენკომ ცარიელ ადგილზე შექმნა“
ამერიკელი დიპლომატის, უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩის სტივენ პაიფერის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პრობლემა ცარიელ ადგილზეა შექმნილი.
„საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორისათვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევამ და ამ ფაქტის შედეგად გამოწვეულმა მოვლენებმა უკრაინას ავტორიტეტი შეულახა და საიმიჯო დანაკარგები მოუტანა“, – განაცხადა დიპლომატმა „ამერიკის ხმის“ უკრაინული სამსახურისადმი მიცემულ ინტერვიუში.
„მე არასოდეს არ ვყოფილვარ იმის მომხრე, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში რაიმე განსაზღვრული როლი შეესრულებინა. იმიტომ, რომ ჩემთვის გაუგებარი იყო, რამდენად აინტერესებდა მას უკრაინა და ხელმძღვანელობდა თუ არა იგი ამ შემთხვევაში საქართველოში დაბრუნების სურვილით. მაგრამ მეორე მხრივ, მე დარწმუნებული არ ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ამბები გონივრული გზით გადაწყდა. ეს ის სიტუაციაა, როცა პრობლემა ცარიელ ადგილზე ხელოვნურად იქმნება. მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევამ როგორც ჩანს, ქვეყანას საიმიჯო პრობლემა მოუტანა, რაც ადრე უკრაინას არ ჰქონდა“, – აღნიშნა სტივენ პაიფერმა.
«Независимая газета» (რუსეთი), 11 სექტემბერი, 2017 წელი
http://www.ng.ru/cis/2017-09-11/1_7070_power.html
მიხეილ სააკაშვილი და იულია ტიმოშენკო უკვე უკრაინის ხელისუფლებას იყოფენ
ექს-გუბერნატორის დაბრუნება ქვეყნის პოლიტიკური ძალების განლაგებაში ცვლილებებს გამოიწვევს
„გაზეთში ამ სტატიის დაბეჭდვის მომენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ამბები ჯერ კიდევ გრძელდებოდა. ფაქტია, რომ იგი უკრაინაში დაბრუნდა, მაგრამ როგორ განვითარდება მოვლენები, ზუსტი პროგნოზის გაკეთება ძნელია. ერთში კი პოლიტოლოგები თანხმდებიან, რომ სიტუაციამ პოლიტიკური ძალების განლაგებაზე გავლენა უკვე მოახდინა. ბევრმა გაიხსენა 2003 წლის მოვლენები, როცა არცთუისე ცნობილი ვიქტორ იუშენკო იმის გამო, რომ დონეცკში ხელისუფლებამ არ შეუშვა, იგი ეროვნულ ლიდერად გადაიქცა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში (ავტორი – ტატიანა ივჟენკო).
სტატიაში ქრონოლოგიურადაა განხილული ის მოვლენები, რომლებიც წინ უძღოდა მიხეილ სააკაშვილისა და მისი მომხრეების მიერ უკრაინის საზღვრის დარღვევას: მოქალაქეობის ჩამორთმევა, საქართველოს თხოვნა ექს-პრეზიდენტის დაკავებისა და ექსტრადიციის თაობაზე, მიხეილ სააკაშვილის განცხადება უკრაინაში დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით… ჯერ ავტობუსით, შემდეგ მატარებლით უკრაინაში შესვლის მცდელობები…
„მიხეილ სააკაშვილი ცოლ-შვილთან ერთად იყო, მას გარს ეხვეოდნენ მხარდამჭერები და ჟურნალისტები. აქტიურობით გამოირჩეოდა იულია ტიმოშენკო, რომელიც მუდამ მიხეილ სააკაშვილის მხარდამხარ იდგა. რაც შეეხება პეტრო პოროშენკოს, იგი ანტიტერორისტული ოპერაციის ერთ-ერთ მონაწილეს – უკრაინის გმირ ევგენი მოჟევეკინს ეწვია, ახალი ბინის მიღება მიულოცა და მასთან ერთად „ნოვოსელიე“ და ტანკისტის დღე აღნიშნა. პრეზიდენტმა სურათიც გადაიღო ბავშვებთან და არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია საზღვარზე მიმდინარე მოვლენებისათვის.
ექსპერტების აზრით, პოლიტიკოსს, რომელიც ბოლო დრომდე უიღბლოდ მიიჩნევდნენ, სახელმწიფოს მეთაურს პირდაპირ კონკურენციას ვერ გაუწევდა. მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში იმ ვადით არ უცხოვრია, რომელიც პრეზიდენტის არჩევნებისთვისაა დადგენილი, თუმცა პრეზიდენტის გუნდმა ჩათვალა, რომ ვაითუ ექს-გებერნატორის აქტიურობა გაიზარდოსო და პეტრო პოროშენკოს მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ურჩია – „ახლა ზაფხულია, ხალხი შვებულებებშია, აგარაკებზეა და ბოსტნის მოვლით არიან დაკავებულნი. შემოდგომისთვის კი ექს-გუბერნატორის მოქალაქეობა აღარავის არ გაახსენდებაო“.
მაგრამ სინამდვილეში პირიქით გამოვიდა. მოქალაქეობის ჩამორთმევით მასმედიის ყურადღება მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიისადმი გაიზარდა. იმ ხალხსის პარტიულ კუთვნილებას თუ შეცხედავთ, რომლებიც საზღვარზე მიხეილ სააკაშვილს ხვდებოდნენ, იქ მხოლოდ ანტიკორუფციული მოძრაობისა და რამდენიმე წვრილი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებსაც არჩევნებში 5%-იანი ბარიერის გადალახვა არ შეუძლიათ და ამიტომ მზად არიან ექს-გუბერნატორის პარტიას შეუერთდნენ. მაგრამ ყველაზე მთავავრი, ექსპერტების თქმით, ისაა, რომ არაა გამორიცხული მიხეილ სააკაშვილისა და იულია ტიმოშენკოს კავშირი. უკრაინის ყოფილი პრემიერი და მისი პარტია „ბატკივშჩინა“, გამოკითხვების თანახმად, დღეს პოპულარულია და, პოლიტიკური რეიტინგის მიხედვით, ლიდერის როლს ასრულებს.
„ნეზავისიმაია გაზეტას“ კორესპონდენტს ერთ-ერთმა უკრაინელმა ექსპერტმა სიტუაციის განვითარების სცენარი აუხსნა: „იულია ტიმოშენკოს პრეზიდენტობა სურს, მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი იქნება, თუმცა ამისათვის აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი პარტიის გაყვანა და მმართველი კოალიციის შექმნა. დღემდე ეს ამოცანა შეუსრულებელი ჩანდა, ახლა კი ხელისუფლება ოპოზიციას მიზნის მიღწევაში ეხმარება“.
——-
მიხეილ სააკაშვილის თემა სხვა რუსულ გაზეთებშიც ფიგურირებს. «КоммерсантЪ»-ში გამოქვეყნებულია სტატია „მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი გაარღვია“ (ავტორები – კირილ კრივოშეევი და იანინა სოკოლოვსკაია), რომელშიც დეტალურადაა გადმოცემული გუშინ, 10 სექტემბერს პოლონეთ-უკრაინის საზღვართან განვითარებული მოვლენები, ციტირებულია იმ დეპუტატების გამონათქვამები, რომლებიც თან ახლდნენ მიხეილ სააკაშვილს.
ახლა თავისი სიტყვა უნდა თქვას უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ: თბილისი მოთხოვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი სულ მალე უნდა დააპატიმრონ და უკრაინიდან საქართველოში გაგზავნონ – ანუ მოხდეს მისი ექსტრადირება“, – ამბობს „კომერსანტის“ კორესპონდენტთან უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინკოგნიტო წარმომადგენელი. მისი თქმით, კიევში საქართველოს ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იქნება აღძრული საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო რამდენიმე პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით“ (წყარო: https://www.kommersant.ru/doc/3407715).