globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 11 ოქტომბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Oct 11th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოდის

«Независимая газета» (რუსეთი): „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე ოცნებობს

«Die Welt» (გერმანია): „ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილს ოცნებები დაუმსხვრია

«Фокус» (უკრაინა): ქართული ოცნება: რატომ დარჩა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში და რას გააკეთებს იგი მომავალში

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 10 ოქტომბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-ruling-party-prevails-in-parliamentary-elections/3544007.html

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოდის

ზაზა წულაძე


ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება“ ახლოს არის მეცხრე მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებასთან. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ნიჰილისტურად განწყობილ ამომრჩეველთა – 49%, დაახლოებით – 1 700 000 მოქალაქე არჩევნებზე საერთოდ არ მივიდა. მოქალაქეობრივი ვალი კი რეგისტრირებული – 3 513 884 ამომრჩევლიდან, მხოლოდ, 51%-მა – 1 814 276 ადამიანმა მოიხადა.

წინასწარი შედეგების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 856 762 ხმა ანუ 48,65 % მიიღო, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 477 596 ხმა – 27,11 %. [მესამე პარტია - „პატრიოტთა ალიანსი“ – 5,01%.] დანარჩენი ხმები 23 პოლიტიკურ პარტიაზე გადანაწილდა, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს.

„ქართულმა ოცნებამ“ 73 საარჩევნო ოლქიდან – 71-ში გაიმარჯვა და მხოლოდ ორში, ზუგდიდსა და მარნეულში წააგო პროპორციული არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობასთან“. 73-დან 22 მაჟორიტარული ოლქში, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა პირველივე ტურში იზეიმეს წარმატება. დარჩენილ – 51 მაჟორიტარულ ოლქში, გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური 2 ნოემბერს გაიმართება.

მერვე მოწვევის პარლამენტის თავჯდომარე „რესპუბლიკელმა“ დავით უსუფაშვილმა, დღეს მოუწოდა როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს კონფრონტაციის რეჟიმიდან გამოვიდნენ:

„ჩვენ არ მივიღებთ მარტივ პარლამენტს და მარტივ პოლიტიკურ ცხოვრებას. არჩევნების შედეგების განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი იყო ის წინასაარჩევნო “კოქტეილი”, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთად შესთავაზა ქართველ ხალხს. ეს იყო მტრის ხატზე, სიძულვილზე, სახელმწიფოს და ერთმანეთის გადატრიალებაზე დაფუძნებული კამპანია, რაც არავითარ შემთხვევაში საქართველოს არ წაადგება. ამიტომ, მინდა მივმართო ამ ორი გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ლიდერებს, გიორგი კვირიკაშვილსა და დავით ბაქრაძეს, მათზე პერსონალურად ძალიან ბევრია დამოკიდებული, თუ საით წავა ქვეყანა, როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები“.

ჯერჯერობით, მხოლოდ ორი პოლიტიკური პარტიაა, რომელმაც არჩევნებში დამარცხება ოფიციალურად აღიარა – დავით უსუფაშვილის რესპუბლიკური პარტია, რომელმაც სულ 27 397 ხმა მიიღო (1,55%) და “თავისუფალი დემოკრატები” (81362 – 4,62%), რომელთა ლიდერმაც ირაკლი ალასანიამ დღეს პოლიტიკიდან დროებით წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება.

არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ ლეიბორისტული პარტია და 200-მდე უბნის გადათვლას ითხოვს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელმაც მხოლოდ 62 193 ხმა მიიღო (3,53%).

ამ დრომდე, გაუგებარია „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალი სტრატეგია. პარტია, რომელიც ბოლო პერიოდში, ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ზეაგრესიული კამპანიით საკუთარ მომხრეებს უპირობო გამარჯვებას პირდებოდა, ისევ რამდენიმე ჯგუფად არის გახლეჩილი. შიდაპარტიული დისკუსიით უნდა გადაწყდეს: შევა „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში, თუ აქვს რესურსი რომ ბოიკოტის და ქუჩის აქციების გზას დაადგეს ?! ბოიკოტის რეჟიმს მხარს უჭერს თავად მიხეილ სააკაშვილი, თუმცა ეწინააღმდეგება გიგა ბოკერიას ფრთა.

რაც შეეხება გამარჯვებულ „ქართულ ოცნებას“, მმართველი პარტიაში უკვე დღეს, რამდენიმე საკონსტიტუციო ცვლილებაზე საუბრობენ: მათ შორის, ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში დაბრუნებასა და პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევის შესაძლებლობაზე.

დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართული ოცნებისთვის“მძიმე ტვირთი იქნება:

„მე ვრჩები გიორგი კვირიკაშვილის კეთილისმყოფლად და მინდა ვუსურვო, რომ იგი და და მისი მხარდამჭერები შეძლებენ იმ ძალიან რთულ გზაზე წარმატებით გავლას რომელიც თავად აირჩიეს. ჩემი აზრით, კვირიკაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა ყველაზე რთული გზა აირჩიეს საკონსტიტუციო უმრავლესობით ქვეყნის მართვა, ეს არის ურთულესი გზა და არა ყველაზე ადვილი როგორც ეს ბევრს წამოუდგენია… ევერესტზე ასვლა არ არის მთავარი. იქიდან ჩამოსვლაც აუცილებელია დაუზიანებლად“.

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, 3%-იანი ბარიერი გადალახეს: „თავისუფალმა დემოკრატებმა“ (4,62%), „დემოკრატიული მოძრაობამ“ (3,53%), ბლოკმა “სახელმწიფო ხალხისთვის” (3,45%) და ლეიბორისტულმა პარტიამ (3,13%). საქართველოს კანონმდებლობით, ეს პარტიები საბაზისო დაფინანსების სახით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, წელიწადში 300 000 ლარს მიიღებეს.

„ქართულმა ოცნება“ და „ნაციონალურმა მოძრაობა“, [პლუს „პატრიოტთა ალიანსი“], რომლებმაც 5%-იანი ბარიერი უპრობლემოდ გადალახეს, საარჩევნო კამპანიის დროს გაწეული ხარჯების დასაფარავად ერთჯერადად – 1 000 000 ლარს მიიღებენ, ხოლო, ყოველწლიურად, ბიუჯეტიდან, 600 000 ლარით დაფინანსდებიან.

ამომრჩეველთა აქტიურობა საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე

(1990-2016 წ.წ)

1990 – რეგისტრირებული 3 444 002, მივიდა 2 406 742 – 69.88 %

1992 – 3 466 677 მივიდა 2 592 117 – 74.77 %

1995 – 3 121 075 მივიდა 2 127 946 – 68.18 %

1999 – 2 882 646 მივიდა 1 948 659 – 68 %

2003 – 3 178 593 მივიდა 1 909 215 – 60,1 % (ნაწილობრივ გაუქმდა)

2004 – განსაზღვრული არ იყო, მივიდა 1 518 751

2008 – 3 465 736 მივიდა 1 850 407 – 53,39 %

2012 – 3 613 851 მივიდა 2 159 624 – 59,76 %

2016 – 3 513 884 მივიდა 1 814 276 – 51,63 %

«Независимая газета» (რუსეთი), 11 ოქტომბერი, 2016 წელი

http://www.ng.ru/cis/2016-10-11/6_gruzia.html

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე ოცნებობს

როგორც ჩანს, საქართველოს პარლამენტი საბოლოო ჯამში, სამპარტიული იქნება: „ქართულ ოცნებისა“ და „ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლებთან ერთად, დეპუტატის ადგილებს „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატებიც დაიკავებენ“, – წერს ჟურნალისტი იური როქსი „ნეზავისიმაია გაზეტაში“.

„ქართული ოცნება“ იმედოვნებს, რომ მაჟორიტარული ოლქებში მეორე ტურის ჩატარების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება. მმართველ პარტიას განზრახული აქვს, რომ ცვლილება შეიტანოს პრეზიდენტის არჩევის წესში (მოსახლეობის ნაცვლად მას პარლამენტი აირჩევს). როგორც ჩანს, გიორგი მარგველაშვილი უკანასკნელი საყოველტაო-სახალხოდ არჩეული პრეზიდენტი იქნება. გარდა ამისა, პარლამენტი ქუთაისიდან კვლავ თბილისში იქნება გადმოტანილი.

არჩევნების შედეგებმა ზოგიერთი ცნობილი პარტიის წევრებს იმედები გაუცრუა – მაგალითად, „რესპუბლიკელებს“, „თავისუფალ დემოკრატებს“… უკვე გამოცხადდა, რომ „თავისუფალი დემოკრატების რიგები რამდენიმე ცნობილმა პირმა დატოვა, ლიდერ ირაკლი ალასანიას ჩათვლით.

არის თუ არა მოსალოდნელი საპროტესტო აქციები? როგორც ავტორი აღნიშნავს, ჯერ-ჯერობით ამ მხრივ სიწყნარეა. „რესპუბლიკელებმა“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ წარუმატებლობა აღიარეს, „პატრიოტთა ალიანსი“ კი იმუქრებოდა აქციებით, მაგრამ ეს პარტია პარლამენტში შედის და, შესაბამისად, აქციებს არ გამართავს. რაც შეეხება „ნაციონალებს“, მათში აზრთა სხვადასხვაობა: ზოგი ამბობს, პარლამენტის სხდომებს ბოიკოტი გამოვუცხადოთო, ზოგი კიდევ მიიჩნევს, რომ პარლამენტის ტრიბუნით პარტიამ აუცილებლად უნდა ისარგებლოს.

საერთოდ კი, რადგან საერთაშორისო დამკვირვებლებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნები დემოკრატიულად აღიარეს, „ნაცმოძრაობას“ გაუჭირდება საპროტესტო აქციის განხორციელება. თუ „ნაციონალები“ პარლამენტის სხდომებს არ დაესწრებიან, იქ „პატრიოტები“ იქნებიან, რომელიც ასევე ოპოზიციურ ძალას წარმოადგენენ, – აღნიშნავს ავტორი.

————-

საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სტატია გამოქვეყნებულია აგრეთვე გაზეთ „კომერსანტში“ სათაურით „საქართველოს პრეზიდენტს დეპუტატები აირჩევენ“ (ავტორი – გიორგი დვალი). პუბლიკაციაში მიმოხილულია არჩევნების შედეგები და გამარჯვებული „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმები და „ნაციონალურ მოძრაობაის“ წარმომადგენლების თვალსაზრისი. იქვე აღნიშნულია, რომ ოდესიდან მიხეილ სააკაშვილი „ნაცმოძრაობას“ ურჩევს, რომ მაჟორიტარი დეპუტატიების არჩევის მეორე ტურს და საერთოდ, პარლამენტის სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადონ.

«Die Welt» (გერმანია), 11 ოქტომბერი, 2016 წელი

https://www.welt.de/politik/ausland/article158650240/Georgischer-Traum-beendet-Saakaschwilis-Traum.html

„ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილს ოცნებები დაუმსხვრია

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებდა და საქართველოში იგი ტრიუმფალურად დაბრუნდებოდა, მაგრამ მის გეგმებს ასრულება არ ეწერა – გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, – წერს „ველტის“ ჟურნალისტი იულია სმირნოვა სტატიაში, რომელშიც საკმაოდ ვრცლადაა გამოცემული როგორც წინასაარჩევნო კამპანიის, ასევე თვით არჩევნების პროცესის ამსახველი ფაქტები და წინასწარი შედეგები.

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობას ქვეყანა პროდასავლური კურსით მიჰყავდა. 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმდება გაფორმდა, დღეს საქართველო ვიზა-ლიბერალიზებას ელოდება. მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ, რუსეთსა და უკრაინაში შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა ვითარებამ ნეგატიური გავლენა საქართველოს ეკონომიკაზეც მოახდინა და ასეთმა მდგომარეობამ მთავრობას არჩევნებზე ხმები დააკარგვინა. არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია ხელისუფლებისათვის მომავალშიც ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა იქნება“, – აღნიშნულია სტატიაში.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ ბანაკში იმედგაცრუება იგრძნობა, ისინი უფრო მეტი ხმების მიღებას ელოდებოდნენ. „ალბათ, პარტია გარკვეულწილად საკუთარი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებმაც დააზარალა. მოსახლეობას არ დავიწყებია მისი მმართველობის ავტორიატული სტილი… „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებში დამარცხებიდან დასკვნები უნდა გააკეთოს. ამჟამად საქართველოში საპროტესტო განწყობა არ იგრძნობა. მოსახლეობას უფრო მეტად ისეთი ოპოზიციური პარტიის ხილვა სურთ, რომელშიც სერიოზული პროფესიონალი პოლიტიკოსები იქნებიან და რომელიც ქართულ საზოგადოებას კონსტრუქციულ პროგრამას შესთავაზებს, – აღნიშნულია მასალაში.

«Фокус» (უკრაინა), 11 ოქტომბერი, 2016 წელი

https://focus.ua/opinions/358589/

ქართული ოცნება: რატომ დარჩა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში და რას გააკეთებს იგი მომავალში

ევგენი მაგდა, პოლიტოლოგი

(შემოკლებით)

სულ რაღაც ერთი კვირის წინათ საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მოუთმენლად ელოდა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების  მომენტს (ალბათ, პრემიერ-მინისტრის რანგში) და უკვე განზრახულიც კი ჰქონდა, რომ ხატია დეკანოიძე შინაგან საქმეთა მინისტრად დაენიშნა, მაგრამ მიხოს ოცნებები გაქრა: პარტიამ, რომლის გამარჯვების იმედი მას ჰქონდა, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში საკმარისი რაოდენობის ხმები ვერ მოაგროვა… მართალია, მიხეილ ნიკოლოზოვიჩის ცოლი სანდრა რულოვსი კი გახდა დეპუტატი, მაგრამ ეს ქმრის სურვილისათვის მაინცდამაინც დიდი შეღავათი არ არის…

მოკლედ, ჯერ-ჯერობით მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რჩება. გასაგებია, რომ მისთვის, როგორც მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსისთვის, ოდესის ოლქი თავისი ეთნოდემოგრაფიული ლანდშაფტითა და რთული ეკონომიკური მდგომარეობით, დნესტრისპირეთთან სიახლოვით მოსაწყენი ადგილია, მაგრამ სხვა რა გზაა, უნდა შეეგუოს და ადგილობრივ მოსახლეობას დანაპირები უნდა შეუსრულოს. მით უმეტეს, რომ მიხეილ სააკაშვილს, სხვა გუბერნატორებთან შედარებით, უფრო მეტი ბერკეტები აქვს მართვისათვის.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პერსპექტივას: მკითხველს შევახსენებთ, რომ მას 2018 წლის ნოემბრამდე უკრაინის პარლამენტში (ვერხოვნა რადაში) დეპუტატად არჩევა არ შეუძლია, ხოლო პრეზიდენტად – 2023 წლამდე. სპეციალურად მიხოსათვის კი ქვეყნის კანონმდებლობის შეცვლა საეჭვო საქმეა. მისი პოლიტიკური მომავლისათვის საკვანძო მომენტად უნდა მივიჩნიოთ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან დამოკიდებულება. ერთი მხრივ, სტუდენტობის დროინდელი მეგობრები ბოლო დრომდე ერთმანეთთან მეტ-ნაკლებად ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ, მეორე მხრივ კი, თუ მიხეილ სააკაშვილი მეგობრის კრიტიკას გააგრძელებს, მაშინ მისი პოპულარობა მოიმატებს. თავის დროზე, საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი ედუარდ შევარდნაძის პროტეჟედ მოიაზრებოდა, თუმცა შემდეგ იგი „თეთრ მელას“ დაუპირისპირდა. არაა გამორიცხული, რომ მიხეილ ნიკოლოზოვიჩი სამომავლოდ იგივე ტაქტიკას მიმართავს, თანამდებიდან გადადგომის პროვოცირებას შეეცდება და ამ ნაბიჯს საკუთარი პოპულარობის კატალიზატორად გამოიყენებს.

Comments are closed