«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): აშშ-ის არჩევნების შესაძლო გავლენები საქართველოზე
«ARD Tagesschau» (გერმანია): საუკეთესო მეგობარი? შესაძლებელია, თუმცა… // როგორ აქებდა დონალდ ტრამპი ავტორიტარ და ომის დაწყებაში პასუხისმგებელ მიხეილ სააკაშვილს
«Деловая столица» (უკრაინა): მაგარი მეგობარი: ვის აშინებს მიხო დონალდ ტრამპთან მეგობრობით?
«Сегодня» (უკრაინა): რას ნიშნავს დონალდ ტრამპი უკრაინისათვის // მიხეილ სააკაშვილი: „დონალდ ტრამპი ჩემი მეგობარია“
«Комсомольская правда» (რუსეთი): ჩვენი დონალდ ტრამპი?! // ნატოში არიან ძალები, რომლებთაც აღმოსავლეთით (უკრაინა, საქართველო) გაფართოება სურთ, მაგრამ დონალდ ტრამპი ამაზე არ წავა
«Красная звезда» (რუსეთი): საქართველოს წრთვნიან // ნატო სამხრეთ კავკასიაში მრავალეროვნულ სწავლებას ატარებს // ლევან იზორია ნატოსთან მიმართებით მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელ კურსს აგრძელებს
———————-
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 11 ნოემბერი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/trump-impact-in-georgia/3591136.html
აშშ-ის არჩევნების შესაძლო გავლენები საქართველოზე
ნინო დალაქიშვილი
დღის მთავარი თემა საქართველოში კვლავაც აშშ-ის არჩევნები რჩება. შეფასებები შეიძლება ძირითადად ორ ჯგუფად გავყოთ:
პირველი – პესიმისტური, რაც გამოიხატება რიტორიკით, რომლის თანახმად, საქართველოსთვის საერთაშორისო ასპარეზზე ვითარება გართულდება, რადგან აშშ-მა, რომელიც მანამდე ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი მხარდამჭერი იყო რუსეთთან ურთიერთობისას და პატარა ქვეყნის ინტერესის განუხრელად დამცველი, შესაძლოა გადახედოს რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკას და გადაწყვიტოს, რომ მისთვის უფრო მეტ მოგებას, რუსეთთან არაკონფრონტაციულ მდგომარეობაში ყოფნა მოიტანს. ამგვარი პესიმიზმი საფუძველს აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის გამონათქვამებიდან იღებს. დონალდ ტრამპს არაერთხელ დაუფიქსირებია კეთილგანწყობა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ.
მეორე – ნაკლებად პესიმისტური და ოპტიმიზმისკენ მიმართული განწყობად, რომელიც იმას ეყრდნობა, რომ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო განცხადებებია და მას არ შეიძლება რაიმე საერთო ჰქონდეს რეალურ პოლიტიკასთან, რადგან ეს საერთოდ შეცვლიდა აშშ-ის როგორც პროგრესულ ღირებულებებზე დაფუძნებული და მისი ერთგულად დამცველი ქვეყნის იმიჯს.
რამდენად რთულდება ან არ რთულდება საქართველოსთვის საგარეო პოლიტიკური გამოწვევების მხრივ არსებული ვითარება, ამის შესახებ „ამერიკის ხმამ“ მოსაზრებები ჩაიწერა.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული სწავლებების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს:
„ამერიკის შეერთებულ შტატებს თუ გააჩნია ინტერესი ევროპაში და პირველ რიგში აქ იგულისხმება უსაფრთხოების ინტერესი და თუ შეერთებული შტატები ხარჯავს უზარმაზარ თანხებს იმისთვის, რომ ევროპის უსაფრთხოება უზრუნველყოს (პრაქტიკულად, ევროპის უსაფრთხოების 2/3 შეერთებული შტატების შეიარაღებაზე და მის პოლიტიკურ ძალაზეა დამყარებული), მაშინ აქედან ლოგიკურად გამოდის, რომ სამხრეთ კავკასიის, ამ დერეფნის თავისუფლება აუცილებლობას წარმოადგენს, რომელიც მიტოვების შემთხვევაში ის ვერ აცდება ისევ რუსეთის პროვინციად იქცეს. რუსეთი თუ ჩაკეტავს ამ დერეფანს და შუა აზიას მოწყვეტს ევროპას, შესაბამისად, შუა აზია მოწყდება ამერიკის ინტერესებს. თუ ევროპას არ აქვს თავისი გასასვლელი შუა აზიისკენ და შესაძლოა ჩინეთისკენაც, მაშის ის დამოკიდებულია რუსეთის მედიატორობაზე აღმოსავლეთის რეგიონებთან ურთიერთობაში – როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, ანუ ტრანზიტით, გადაზიდვებით, ენერგომომარაგებით და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ალტერნატიული დერეფანი იყოს თავისუფალი და იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის“.
ჩვენთან საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორმა შალვა ძებისაშვილმაც ისაუბრა, რომელიც აცხადებს: „დონალდ ტრამპი, ესაა პოლიტიკოსი, რომლის რეპერტუარშიც დიდი დოზითაა გარეული პოპულიზმი და ამ მხრივ პროგნოზების გაკეთება სარისკო საქმეა. თუმცა, გარკვეულწილად, შეიძლება იმის თქმა, რომ ზოგადად, ამერიკის პოლიტიკა საგარეო კუთხით გაცილებით აქტიური გახდება, ვიდრე ეს აქამდე იყო, რადგან ფაზა, რომელშიც ახლა ამერიკა იმყოფება, არის ერთგვარი იზოლაციონიზმის დასაწყისი, რაც ობამას პერიოდს ახასიათებდა. ეს რვა წელი, ობამას პერიოდი აღინიშნება იმით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად გავიდა მსოფლიო ასპარეზიდან და ჩამოიწერეს ვალდებულებები, რაც მას ჰქონდა მთელი ათწლეულების განმავლობაში. ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად შეიცვლება და ამერიკა გაცილებით აქტიური გახდება საერთაშორისო ასპარეზზე.
რამდენად აისახება ეს ჩვენს ურთიერთობებზე? არის შეკითხვა, რასაც ორი მხარე აქვს. ერთის მხრივ, ამერიკული საგარეო პოლიტიკური აქტიურობა ჩვენთვის დადებით ფაქტორს წარმოადგენს, მეორეს მხრივ კი დონალდ ტრამპის შეხედულებები – ის, რომ რეალურად შეეცდება დაალაგოს ურთიერთობები რუსეთთან, ნიშნავს, რომ გლობალური მოთამაშეები შეეცდებიან ერთმანეთში მოილაპარაკონ საერთაშორისო საკითხებზე. ასეთი მიდგომა ჩვენთვის არც თუ სახარბიელოა და შეიცავს რისკს იმისა, რომ ჩვენი ინტერესები გაწირული იქნება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ესაა არაერთგვაროვანი ფიგურა. ალბათ, დაახლოებით 50/50–ზე უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს შეიძლება ჩვენთვის დადებით ელემენტებს შეიცავდეს სამომავლოდ და არსებობს საფუძველი იმისა, რომ ნეგანტიური მომენტებიც განვითარდეს. პირველ რიგში, ეს უკავშირდება ამერიკა–ევროკავშირის ურთიერთობებს, რადგან აშშ აღარ აპირებს საკუთარ ხარჯზე მთლიანად უზრუნველყოს ევროპული უსაფრთხეობა. ტრამპი გამოირჩეოდა ამ მხრივ პირდაპირი მინიშნებებით, რომ აშშ აღარ აპირებს უზრუნველყოს ევროპული უსაფრთხოება მთალიანად უფასოდ“.
იქონიებს თუ არა საქართველოს პოლიტიკაზე გავლენას დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შორის გაცხადებული მეგობრული ურთიერთობები, ამ ეტაპზე რთული სათქმელია, თუმცა ერთი, რაც ეჭვს არ იწვევს, ისაა, რომ ქართულ დიპლომატიას გაათმაგებული შრომა მოუწევს.
«ARD Tagesschau» (გერმანია), 11 ნოემბერი, 2016 წელი
https://www.tagesschau.de/ausland/trump-putin-103.html
საუკეთესო მეგობარი? შესაძლებელია, თუმცა…
როგორ აქებდა დონალდ ტრამპი ავტორიტარ და ომის დაწყებაში პასუხისმგებელ მიხეილ სააკაშვილს
გერმანული საზოგადოებრივი ტელერადიოკომპანია «ARD»-ის ახალი ამბების პროგრამა „ტაგესშაუს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში მიმოხილულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებისა და ცნობილი პოლიტიკოსების რეაქცია აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის თაობაზე, მათ შორის უკრაინელი პოლიტიკოსებისაც, კერძოდ, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისა და საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეაგირება (ავტორი – სილვია შტოიბერი). გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:
„[დონალდ ტრამპის] მეგობარი უკრაინაში
მართალია, არჩევნების წინ დონალდ ტრამპი სიმპათიებს ამჟღავნებდა ვლადიმირ პუტინის მიმართ, თავის მხრივ კი რუსეთის ლიდერმა კმაყოფილი ტონით მოახდინა რეაგირება დონალდ ტრამპის არჩევაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ შორის უთანხმოება არ იქნება. ჩვენ ამ უთანხმოებას აუცილებლად დავინახავთ და თანაც ძალიან მნიშვნელოვანს.
რაც შეეხება პოსტსაბჭოთა სივრცეს, კერძოდ კი უკრაინას:
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა და რამდენიმე დღის წინათ გადადგა ოდესის ოლქის გუბერნატორობიდან, რუსეთის ლიდერის ვლადიმირ პუტინის პირადი მტერია. მიხეილ სააკაშვილი დღეს მოკავშირეებს ეძებს. მას ადრეც უთქვამს, რომ დონალდ ტრამპს 20 წელია იცნობს, მასთან მეგობრობს და აქედან გამომდინარე, ექს-გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს ბევრ ევროპელ ლიდერებზე მეტი უპირატესობა აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტთან ურთიერთობის თვალსაზრისით. გუშინ მიხეილ სააკაშვილმა დონალდ ტრამპს გამარჯვება სწრაფად და საჯაროდ მიულოცა. თავის მხრივ, ამერიკის ახალ პრეზიდენტს შეუძლია გაიხსენოს საქართველოში ყოფნა, სადაც 2012 წლის გაზაფხულზე, ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, სტარტი მისცა „ტრამპ თაუერის“ მშენებლობის პროექტს.
სხვათა შორის, დონალდ ტრამპი მაშინ ქართველ ლიდერს ძალიან შთამბეჭდავად აქებდა. არადა, იმ დროისათვის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის სტილში აშკარად შეიმჩნეოდა ავტორიტარიზმის ნიშნები, რისთვისაც მას უკვე აკრიტიკებდნენ. გარდა ამისა, როგორც ჩანს, დონალდ ტრაპისათვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმ გარემოებასაც, რომ საქართველოს პრეზიდენტს უკვე ეკისრებოდა მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის გაჩაღებაში.
«Деловая столица» (უკრაინა), 11 ნოემბერი, 2016 წელი
მაგარი მეგობარი: ვის აშინებს მიხო სააკაშვილი დონალდ ტრამპთან მეგობრობით?
ტარას კლოჩკო
(შემოკლებით)
უკრაინელებს ჯერაც არ ჰქონდათ ბოლომდე გააზრებული დონალდ ტრამპის გამარჯვება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორობიდან გადამდგარმა მიხეილ ნიკოლოზოვიჩმა უცებ გაიხსენა თავისი 20-წლიანი მეგობრობა ამერიკის ახალ პრეზიდენტთან და ამით უკრაინელებს მიანიშნა, რომ მისთვის, ზოგიერთისაგან განსხვავებით, დონალდ ტრამპის გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა: საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მისი წარმატება ჯერ კიდევ ოთხი თვის წინ იწინასწარმეტყველა და თავის წიგნშიც ჩაწერა.
როგორც ჩანს, ემოციური და ამბიციური მიხეილ სააკაშვილი, რომლის გადადგომის გამო გამოწვეული ხმაური აშშ-ის პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებულ ამბებში ჩაიკარგა და რომელსაც ძალიან უყვარს საკუთარი თავისადმი ყურადღება, ახლა მსოფლიოს ბოლო ახალი ამბავის მთავარი გმირის – დონალდ ტრამპის დიდების სხივებით გათბობას აპირებს. იგი ცდილობს თავისი თავი აშშ-ის პრეზიდენტის დონეზე წარმოადგინოს, რაც სავსებით გასაგებია. მიხეილ სააკაშვილი თავმდაბლობით მაინცდამაინც არ გამოოირჩევა და, ცხადია, სულაც არ მორიდებია ეთქვა, რომ მას დონალდთან ძველი მეგობრობა აკავშირებს. მიხომ გაიხსენა, თუ როგორ ჩადიოდა მასთან, თბილისსა და ბათუმში, დონალდ ტრამპი და ამბობდა, რომ მსოფლიო ლიდერებმა მუშაობა მიხეილისაგან უნდა ისწავლონ, საქართველო მისი პრეზიდენტობის ჟამს აყვავდაო. დიახ, დონალდ ტრამპი 2012 წელს მართლაც არ იშურებდა ქება-დიდებას მიხეილ სააკაშვილის მისამართით და თუ მაშინ ეს ბიზნესმენის ჩვეულებრივი პირფერობა იყო იმ ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ, სადაც მას ფულის გაკეთება სურდა, დღეს უკვე მაშინდელი პირფერობა მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის ლიდერის საქებარ სიტყვებად გადაიქცა.
მაგრამ მიხეილ სააკაშვილის საჯაროდ გაჟღერებული განცხადება, რომ „მე აშშ-ის ახალ პრეზიდენტთან მეგობრობა მაკავშირებსო“, უბრალოდ ნათქვამი არ არის. რა დასამალია და ხომ ყველამ ვიცით, რომ უკრაინელი ლიდერები დონალდ ტრამპის მიმართ საკმაოდ ნეგატიურად იყვნენ განწყობილნი და ახლა უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნენ – შეიძლება ითქვას, ტრამპთან „არ მიესვლებათ“. და ამ დროს მიხო აცხადებს, რომ ჩემი მეგობარიაო. ანუ მიხეილ სააკაშვილი მიგვანიშნებს, რომ მას ყველაზე უკეთ შეუძლია დონალდ ტრამპთან მოლაპარაკება. თანაც ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი დიდი ხანია ისეთი პოლიტიკოსის სახელით სარგებლობს, რომელსაც ვაშინგტონის ოლქკომი განსაკუთრებით ემადლიერება.
რასაკვირველია, ძველ მეგობრობაზე საუბარი, უპირველეს ყოვლისა, სიგნალია უკრაინის ხელისუფლებისათვისაც: ნაადრევია მიხეილ ნიკოლოზოვიჩის დამარხვა, ნუ იჩქარებთ, იგი ჯერ კიდევ გავლენიანი კაცია და რადგანაც დონალდ ტრამპს მასზე ასეთი დიდებული სიტყვები აქვს ნათქვამი, იგი კიევშიც საჭირო იქნება და ვაშინგტონშიც.
თუ რამდენად რეალურია მიხეილ სააკაშვილისა და დონალდ ტრამპის მეგობრობა და არის თუ არა მასში პოლიტიკური პოტენციალი, ეს საკითხი, ალბათ, სადისკუსიოა. მართლაცდა, დღეს, 2012 წელთან შედარებით, ორივე – დონალდ ტრამპიც და მიხეილ სააკაშვილიც სრულიად სხვა ადამიანები არიან, თუმცა მათი ხასიატები ერთმანეთს ჰგავს: ორივე ექსტრავაგანტურები და ემოციურები არიან, არ მალავენ ადამიანურ სისუსტეებს – საჯაროდ ლტოლვას მშვენიერი სქესის მიმართ, ორივეს შეუძლია თამამად და სპონტანურად მოქმედება… ანუ მათი ასეთი მსგავსება საერთო ენის მონახვაში ხელშემწყობი ფაქტორია. ამასთან, არსებობს „მედლის მეორე მხარეც“: ასეთი ემოციურ-ფეთქებადი ხასიათი შეიძლება მათ შორის უთანხმოებისა და კონფლიქტების მიზეზი გახდეს.
ასეა თუ ისე, ამჟამად დონალდ ტრამპთან ურთიერთობის დალაგება უმუშევარ მიხეილ საკაშვილს კი არა, ქვეყნის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მოუწევს, რომელმაც უკვე დაგეგმა აშშ-ში ვიზიტი, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ. მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ ის შეუძლია, რომ პეტრო პოროშენკოს დონალდ ტრამპთან კონტაქტებში დაეხმაროს.
მაგრამ მოისურვებს კი პეტრო მიხოს მიერ „შეთავაზებულ“ დახმარებას? მათ შორის უკვე „შავმა კატამ გაირბინა“ და იმდენი პრობლემაა დაგროვილი, რომ… გადალახავენ კი ისინი ერთმანეთთან „მტრობის“ ბარიერებს? ალბათ, ყველაზე უფრო სავარაუდოა, რომ მიხეილ სააკაშვილმა როგორც ოპოზიციონერმა, უკრაინის პრეზიდენტის „დასატროლად“ (სხვაგვარად რომ ვთქვათ, ძირის გამოსათხრელად) მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი მიიღო: საქართველოს ექს-პრეზიდენტს ყოველთვის შეუძლია თქვას: „მე ხომ აშშ-ის პრეზიდენტის ძველი მეგობარი ვარ, ვაშინგტონთან ურთიერთობაში მეტს მივაღწევო“.
«Сегодня» (უკრაინა), 11 ნოემბერი, 2016 წელი
რას ნიშნავს დონალდ ტრამპი უკრაინისათვის
მიხეილ სააკაშვილი: „დონალდ ტრამპი ჩემი მეგობარია“
ქრისტინა ზელენიუკი
(შემოკლებით)
დონალდ ტრამპის გამარჯვებამ აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში შეიძლება აშშ-რუსეთის ურთიერთობა გააუმჯობესოს, მაგრამ შეიძლება კიდეც გააურესოს. ზოგადად კი, როგორც ცნობილია, ამერიკელი რესპუბლიკელები უკრაინას მხარს უჭერენ.
მაგრამ კონკრეტულად რას უნდა ელოდოს უკრაინა ემოციურ და არაპროგნოზირებად დონალდ ტრამპისაგან? მას გამარჯვება პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკვე მიულოცა და უკრაინაში ვიზიტით მიიწვია (თავის დროზე, როცა პეტრო პოროშენკო აშშ-ში იმყოფებოდა, დონალდ ტრამპმა მასტან შეხვედრაზე უარი თქვა, კიევში კი ეს არასასიამოვნო ფაქტი იმით ახსნეს, რომ რესპუბლიკელები არჩევნებისათვის მზადებით იყვნენ დაკავებულებიო). სხვათა შორის, ტრამპისადმი მილოცვაში პეტრო პოროშენკოს საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაასწრო. მან თავის ფეისბუქზე გარეკანის ძველი ფოტო დონალდ ტრამპთან ერთად გადაღებული ფოტოთი შეცვალა წარწერით: „მას ოცი წელია ვიცნობ, მასთან ვმეგობრობ. მე მისი გამარჯვება ვიწინასწარმეტყველე“. თუმცა არცერთი უკრაინელი ექსპერტი არ ამბობს ხმამაღლა იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან დონალდ ტრამპისადმი მხარდაჭერა შეიძლება ჰილარი კლინტონის მიმართ მის ძველ წყენას უკავშირდებოდეს: როცა ჰილარი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იყო, მან რუსეთთან ურთიერთობის „გადატვირთვა“ დაიწყო, პარალელურად ვაშინგტონმა თვალი დახუჭა [რუსეთის მიერ] სამხრეთ ოსეთში დაწყებულ ომზე.
«Комсомольская правда» (რუსეთი), 11 ნოემბერი, 2016 წელი
http://www.kp.ru/daily/26605.4/3621324/
ჩვენი დონალდ ტრამპი?!
ნატოში არიან ძალები, რომლებთაც აღმოსავლეთით (უკრაინა, საქართველო) გაფართოება სურთ, მაგრამ დონალდ ტრამპი ამაზე არ წავა
არჩევნების წინ პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ძალიან გულუხვი იყო დაპირებებში რუსეთის მიმართ – დიახაც, ჩვენ ორივე ერთად ავაწიოკებთ ტერორისტებს სირიაშიო.. დიახაც, ყირიმის რუსეთის ტერიტორიად ვაღიარებო ადა ა.შ. არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, ახლა იგი ამერიკის 45-ე პრეზიდენტია. რას უნდა ელოდოს რუსეთი ახალი პრეზიდენტისაგან?
„კომსომოლსკაია პრავდას“ კორესპონდენტი რომან გოლოვანოვი პოლიტოლოგ-ამერიკანისტ მიხეილ სინელნიკოვ-ორშაკსა და სამხედრო მეცნიერებათა აკადემიის პროფესორს სერგეი სუდაკოვს ესაუბრება.
- აღიარებს თუ არა დონალდ ტრამპი ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში?
მიხეილ სინელნიკოვ-ორშაკი: თუ ეს მოხდება, უახლოეს წლებში ნამდვილად არა. ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში აღიარებით დონალდ ტრამპი ბოლო ათეული წლების აშშ-ის საგარეო პოლიტიკას გადახაზავს. ისტორიულად ვაშინგტონი თავის შეცდომების აღიარება უძნელდება ხოლმე, მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევაში ამერიკას ევროპელი პარტნიორები ვერ გაუგებენ. ისინი ხომ ამდენ ხანს ითმენდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და ამით დანაკარგებს განიცდიდნენ… ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარება კი იმას ნიშნავს, რომ ევროპა ტყუილად ზარალდებოდა…
სერგეი სუდაკოვი: დონალდ ტრამპმა ეს ყველაფერი არჩევნების წინ განაცხადა, ახლა კი მას თავისი სიტყვების უკან წაღება გაუჭირდება. საერთოდ კი, ეს საკითხი ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს გადაწყდება. დონალდ ტრამპს, ალბათ, ესმის, რომ თუ ყირიმს რუსეთის ნაწილად აღიარებს, ამით მთელს მსოფლიოს აჩვენებს, რომ ამ საკითხში რუსეთის არანაირი ბრალი არ არის. ისე კი, მან თქვა, რომ ამერიკის ინტერესებს ყველაზე წინ დავაყენებო. დონალდ ტრამპი ისე მოიქცევა, როგორც მას სურს. თუ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის ყირიმის აღიარება დადებით როლს შეასრულებს, დონალდ ტრამპი დაპირებას შეასრულებს.
- გაფართოვდება თუ არა ნატო აღმოსავლეთისკენ (უკრაინა, საქართველო)?
მიხეილ სინელნიკოვ-ორშაკი: ნატოში არიან ძალები, რომლებთაც აღმოსავლეთით გაფართოება სურთ, მაგრამ დონალდ ტრამპი ამაზე არ წავა. ეს არც ევროპას არ ჭირდება. საქართველოს, უკრაინის თუ ფინეთის ნატოში გაწევრიანება ნიშნავს რომ ამერიკა რუსეთთან ურთიერთობას დიდი ხნით, ათეული წლების განმავლობაში არღვევს. ბალტიისპირეთში ნატოს სამხედრო ბაზები აქვს, მაგრამ მათ არაფერი აღარ დაემატება. დონალდ ტრამპი ყველაფერს ისე დატოვებს, როგორიც არის.
სერგეი სუდაკოვი: ნატოს გაფართოების შესაძლებლობა კვლავ იქნება. განხილული იქნება ფინეთის ალიანსში გაწევრიანების საკითხი. დონალდ ტრამპი, უბრალოდ, ასე იტყვის: „ფინეთო, თუ ფულს გადაიხდი – კი ბატონო, მიგიღებთ, რაზეა საუბარი“. ბალტიისპ[ირეთის ბაზებს ამერიკა გააძლიერებს. დონალდ ტრამპს სურს აჩვენოს ამერიკელ სამხედროებს, რომ იგი ყველასთვის პრეზიდენტია - ქორებისთვისაც და მტრედებისთვისაც.
«Красная звезда» (რუსეთი), 11 ნოემბერი, 2016 წელი
http://www.redstar.ru/index.php/component/k2/item/31115-gruziyu-treniruyut
საქართველოს წრთვნიან
ნატო სამხრეთ კავკასიაში მრავალეროვნულ სწავლებას ატარებს // ლევან იზორია ისე აზროვნებს და ლაპარაკობს, მას რომ მოუსმინო, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი მინისტრი გეგონება
სტატია ეხება საქართველოში, თბილისთან ახლოს, კრწანისის სასწავლო ცენტრში დაწყებულ მრავალეროვნულ საშტაბო-სამეთაურო სამხედრო სწავლებას „ნატო-საქართველო-2016“, რომელიც ქართული არმიის მართვის დონის გაუმჯობესებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების შტაბებთან შეთავსებადობის ამაღლების მიზნით ტარდება (ავტორი - ალექსანდრე ალექსანდროვი).
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს არმიის ოფიცრებთან ერთად სწავლებაში მონაწილეობენ ნატოს წევრი 11 ქვეყნის სამხედრო წარმომადგენლები - აშშ-დან, ბელგიიდან, ბულგარეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, თურქეთიდან, რუმინეთიდან, სლოვენიიდან და ა.შ. „მსგავსი სწავლებები საქართველოს ტერიტორიაზე ადრეც იმართებოდა ხოლმე, 2011 წლიდან, მაგრამ ნატოს უელსის სამიტის შემდეგ, ეს ღონისძიება მრავალეროვნულად გარდაიქმნა, რაც ხელს უწყობს საქართველოს ინტეგრირებას ალიანსში. ადგილობრივი ექსპერტების აზრით, ნატოსთან ერთობლივი წრთვნები არ ნიშნავს იმას, რომ ამით თბილისი ნატოში გაწევრიანების გარანტიებს ღებულობს, თუმცა ეს ერთგვარია ნიშანია იმისა, რომ ქართული ელიტა კვლავ დასავლეთისაკენაა გადახრილი. რაც შეეხება თვით ნატოს, ამ შემთხვევაში დასავლეთის სახელმწიფოს სამხედროები „კავკასიური სტუმართმოყვარეობისაგან“ კონკრეტულ უპირატესობას ღებულობენ - თანდათანობით ითვისებენ პოტენციური „სამხედრო მოქმედების თეატრის“ არეალს.
სამწუხაროდ, საქართველოს ახალი ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინათ, [წინასაარჩევნო პერიოდში] მთავრობის წარმომადგენლები პოლიტიკურად საკმაოდ საღ განცხადებებს აკეთებდნენ, ახლა კვლავ ქართველების ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ და მიესალმებიან ნატოს გააქტიურებას სამხრეთ კავკასიაში და შავი ზღვაზე.
„გვინდა იმედი გვქონდეს, რომ ამას თბილისი ძველი ინერციით აკეთებს, მაგრამ ასეა? თავდაცვის ახალი მინისტრი ლევან იზორია ნატოსთან მიმართებით ისე აზროვნებს და ლაპარაკობს, მას რომ მოუსმინო, იგი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელ კურსს აგრძელებს“, – ნათქვამია სტატიაში. ავტორი ციტირებს ლევან იზორიას განცხადებას, რომელიც მან მინისტრად მუშაობის ასი დღესთან დაკავშირებით გააკეთა.