globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 11 ნოემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Nov 11th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთი): ფედერიკა მოგერინმა საქართველოში რუსეთთან, ირანთან და სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

«Forbes» (აშშ): „ისლამური სახელმწიფო“, უკრაინა, საქართველო: ვლადიმირ პუტინის სამყაროში ყველაფერი  ერთმანეთს უკავშირდება

———————-

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 11 ნოემბერი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2851123

ფედერიკა მოგერინმა საქართველოში რუსეთთან, ირანთან და სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

გიორგი დვალი, თბილისი

(შემოკლებით)

„საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით სტუმრობდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი. ვიზიტის ფორმალური საბაბი იყო მისი მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც გენდერიზმის საკითხებს მიეძღვნა. ფედერიკა მოგერინი შეხვდა აგრეთვე  საქართველოს ხელმძღვანელებს, თუმცა, სავარაუდოდ, მოლაპარაკების დროს საქართველოში ქალისა და მამაკაცის თანასწორობა საკვანძო თემა არ ყოფილა, იმსჯელეს სხვა უფრო მნიშვნელოვან პრობლემებზე. კერძოდ, „კომერსანტის“ მონაცემებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრის დროს ფედერიკა მოგერინმა მათ „რუსეთთან ურთიერთობაში სიფხიზლის, სიფრთხილის და სტრატეგიული თმენის გამოვლენა ურჩია“.

პარლამენტის სპიკერ დავით უსუფაშვილთან შეხვედრისას ყურადღება დაეთმო „ვიზა-ლიბერალიზაციის“ თემას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის დაწესებას ითვალისწინებს. თუმცა, როგორც „კომერსანტს“ პარლამენტიდან ერთ-ერთმა წყარომ აცნობა, ფედერიკა მოგერინს ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი არაფერი უთქვამს: „მან გაიმეორა ის, რასაც დიდი ხანია გვეუბნებიან:  სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად საქართველოს  ჯერ კიდევ დიდი მუშაობა მოუწევსო“.

როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლება თანამემამულეებს სავიზო რეჟიმის გაუქმებას 2015 წლის ბოლოსთვის პირდებოდა, თუმცა დაპირება ქართულ ოცნებად დარჩა.

გარდა ამისა, დავით უსუფაშვილი და ფედერიკა მოგერინმა ისაუბრეს ირანის საკითხზეც და აღნიშნეს, რომ დასავლური სანქციების მოხსნის შემდეგ ირანი სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშე გახდება, საქართველოს კი შესაძლებლობა ექნება თავის მეზობელთან მრავალპროფილიანი თანამშრომლობა განავითაროს. ცნობილია, რომ ბოლო დრომდე აშშ და ევროკავშირი დიპლომატიური არხების მეშვეობით საქართველოს ურჩევდნენ თეირანთან ვაჭრობის დაწყებაში „არ აჩქარებულიყო“ და საქციების ეფექტი არ შეესუსტებინა.

და მაინც ფედერიკა მოგერინის ვიზიტის ერთ-ერთ ყველაზე საყურადღებო მომენტად უნდა ჩაითვალოს მისი დაინტერესება ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ბედით, რომლის კუთვნილების საკითხზე ბოლო თევეებია ბრძოლაა გამართული: ერთი მხრივ, ყოფილ მფლობელებს (მათ მხარს ხელისუფლება უჭერს) და მეორე მხრივ, ამჟამინდელ მესაკუთრეებს შორის (მათ უკან ოპოზიცია დგას, ისინი ექს-პრეზიდენტ მ.სააკაშვილის თანამოაზრეები არიან).

როგორც ფედერიკა მოგერინმა განაცხადა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, „ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლების წინაშე მკაცრად ვიმსჯელებო“. მართლაც, „რუსთავი-2“-თან დაკავშირებული სიტუაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული მოლაპარაკების დროს ერთ-ერთი მთავარი თემას წარმოადგენდა. მოისმინა რა ევროპელი სტუმრის სიტყვები, რომ იგი დაინტერესებულია „საქართველოს მედიასივრცეში შექმნილი სიტუაციით“, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „საქართველო სიტყვის თავისუფლებასა და მასმედიაში პლურალიზმის დაცვაში რეგიონულ ლიდერად ითვლებაო“. ანუ პრემიერმა მიანიშნა, რომ მეზობელ ქვეყნებში სიტუაცია უფრო უარესად არის…

ქალბატონმა ფედერიკა მოგერინმა კი, რომელიც იტალიელია, თბილისში გამართული შეხვედრების დასასრულს აღნიშნა, რომ ქართველებს და იტალიელებს ბევრი რამ საერთო აქვთ – „ჩვენ ერთნაირად ემოციურები ვართ პოლიტიკაშიც, მაგრამ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს – თამაშის წესების დაცვა აუცილებელია“.

«Forbes» (აშშ), 10 ნოემბერი, 2015 წელი

http://www.forbes.com/sites/melikkaylan/2015/11/10/isis-ukraine-georgia-in-putins-world-its-all-connected/

„ისლამური სახელმწიფო“, უკრაინა, საქართველო: ვლადიმირ პუტინის სამყაროში ყველაფერი  ერთმანეთს უკავშირდება

„ამჟამად მსოფლიოს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მაქსიმალურ ყურადღებას სირიაში ვლადიმირ პუტინის ნაბიჯებს უთმობს და, შესაბამისად, აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებულმა საკითხებმა მეორე პლანზე გადაინაცვლა. ალბათ, შეიძლება ამით აიხსნას საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი, თუ რატომ ჩათვალა „ქართული ოცნების“ მთავრობამ – დადგა შესაფერისი მომენტი მთავარი ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავი-2“ დევნისათვისო, ანდა რატომ დაიწყო უკრაინაში რუსული წარმოშობის მქონე მასალების გამოქვეყნება ქართველი ლიდერების სატელეფონო საუბრების შესახებ“, – ასე იწყება ამერიკულ ჟურნალ „ფორბს“-ში გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური პროცეასების ურთიერთკავშირია განხილული (ავტორი – მელიქ კეილანი).

პუბლიკაციაში მოვლენათა ქრონოლოგიის საფუძველზე გაანალიზებულია რუსეთის ხელისუფლების მიერ კოორდინირებული საინფორმაციო პოლიტიკა: ჯერ დაზავება უკრაინის ფრონტზე, შემდეგ სირიაში სამხედრო ოპერაციის განხორციელება და ამ ფონზე, უკრაინაში ადგილობრივი არჩევნების შედეგების მანიპულირების კვალობაზე,  იწყება საქართველოს ექს-პრეზიდენტის (ოდესის ოლქის გუბერნატორის) მ.სააკაშვილის წინააღმდეგ ცილისმწამებლური მუშაობა, პარალელურად კი შეტევა საქართველოში მისი მომხრე ტელეარხის „რუსთავი-2“-ის მიმართ – ტელეარხს მკაცრი სანქციები უწესდება.

ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ.სააკაშვილსა და ქართველ ოპოზიციონრებს შორის გამართული სატელეფონო საუბრები უკრაინულ „ვიკილიქსს“ რუსეთის სპეცსამსახურებმა მიაწოდეს. გარდა ამისა, აშკარაა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობას“ ყალბი ბრალდებები წაუყენოს. „პრინციპში, ეს ახალი არაა, მაგრამ ვინც საქართველოს 2012 წლის არჩევნების ისტორია არ იცის, ამ მოვლენებს ვერ გაიგებს“, – წერს მელიქ კეილანი და იხსენებს, თუ როგორ დააბრალა მაშინდელმა ოპოზიციურმა „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალების“ ხელისუფლებას ჯერ ბავშვის დახრჩობა, შემდეგ კი საპყრობილეებში პატიმართა არაადამიანური მოპყრობა.

ავტორი მიიჩნევს, რომ ამ ყველაფერში რუსეთის ხელი ურევია და აღნიშნავს, რომ ზოგადად, მსოფლიოში რუსეთის პროპაგანდა და აგიტაცია ძლიერდება, რუსეთის მასმედია გეოსტრატეგიულად მოქმედებს.

პუბლიკაციაში განხილულია აგრეთვე  ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფა, „ისლამური სახელმწიფოს“ როლი ამ უბედურებაში (ეჭვია, რომ ბომბი ავიალაინერში ისლამისტმა ტერორისტებმა შეიტანეს), რაც ახლო აღმოსავლეთში ვლადიმირ პუტინის არასწორი პოლიტიკის შედეგია.

„ცივი ომის დროს ჩვენ რუსული საფრთხე გაცნობიერებული გვქონდა, დადგა დრო ეს კიდევ ერთხელ გავაცნობიეროთ“, – წერს ავტორი.

Comments are closed