globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 11 დეკემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Dec 11th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Hurriyet daily News» (თურქეთი): როგორ ვითარდებოდა თურქეთ-რუსეთის კონფრონტაცია // თურქეთის დამოკიდებულება რუსეთისადმი შეიცვალა უკვე 2008 წლის აგვისტოდან, როცა ეს უკანასკნელი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა

«Мир новостей» (რუსეთი): რეჯებ ერდოღანი – ბლითებით მოვაჭრე // როცა ქართველობა მისთვის ხელის შემშლელია

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): რუსული „ისკანდერები“ ჯავაში გამოჩნდა

———————

«Hurriyet daily News» (თურქეთი), 11 დეკემბერი, 2015 წელი

http://www.hurriyetdailynews.com/where-will-the-turkish-russian-confrontation-lead.aspx?pageID=449&nID=92299&NewsCatID=468

როგორ ვითარდებოდა თურქეთ-რუსეთის კონფრონტაცია

თურქეთის დამოკიდებულება რუსეთისადმი შეიცვალა უკვე 2008 წლის აგვისტოდან, როცა ეს უკანასკნელი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა

მუსტაფა აიდინი

სტატიაში გაანალიზებულია რუსეთ-თურქეთის 25-წლიანი ურთიერთობები: მასში აღნიშნულია, რომ 1990-იანი წლების ბოლოდან ორი ქვეყნის ურთიერთდამოკიდებულებაში რაიმე მნიშვნელოვანი ნეგატიური სიმპტომები არ შეინიშნებოდა, თუმცა აშკარა იყო, რომ ანკარა და მოსკოვი უფრო მეტ ყურადღებას ეკონომიკურ პროექტებს უთმობდნენ, ვიდრე თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში. რუსეთსა და თურქეთს ზოგიერთი რეგიონული პრობლემისადმი სხვადასხვა მიდგომები ჰქონდათ, მაგალითად, საქართველოს, კვიპროსის, უკრაინის და ბოლო წლებში – უკრაინის მიმართ (ანუ კავკასიის და შავი-ხმელთაშუა ზღვების რეგიონში), მაგრამ პარალელურად მათ შორის ეკონომიკური კავშირები წარმატებით ვითარდებოდა – ეკონომიკა პოლიტიკის პრობლემებს ფარავდა.

მაგრამ თურქეთის დამოკიდებულება რუსეთისადმი საკმაოდ შეიცვალა უკვე 2008 წლის აგვისტოდან, როცა ეს უკანასკნელი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა. დასავლეთის უმოქმედობამ რუსეთის ნაბიჯების წინააღმდეგ, ფაქტიურად, თურქეთსაც ხელი შეუშალა და ანკარის გავლენა შეამცირა. შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემამ, რომელსაც თურქეთი „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ აყალიბებდა, შეიძლება ითქვას, ნგრევა დაიწყო. განსაკუთრებით ეს აშკარა გახდა 2014 წლის დასაწყისში, როცა რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა და შავ ზღვაზე სტრატეგიული ბალანსი თურქეთისთვის წამგებიანად შეიცვალა, მოსკოვი კი გაძლიერდა.

რუსეთსა და თურქეთს სამხრეთშიც (ახლო აღმოსავლეთშიც) უთანხმოება ჰქონდათ, განსაკუთრებით სირიის საკითხში, რაც გარკვეულ დრომდე მიყუჩებული იყო. ანკარის მკვეთრი გაღიზიანება 2015 წლის სექტემბერში მოხდა, როცა რუსეთმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო, თანაც რუსული ავიაცია ბომბავდა არა იმდენად „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს, არამედ სირიის მმართველი რეჟიმთან დაპირისპირებულ ოპოზიციურ დაჯგუფებებს. პლუს ირანის მხარდაჭერა რუსეთისადმი, პლუს სიმპათიები თურქეთის ქურთი სეპარატისტებისადმი და ბოლოს, ავიადაბომბვებმა სირიის საზღვრისპირა იმ ნაწილში, სადაც თურქეთი ბუფერული ზონის შექმნას აპირებდა (თურქმანების საცხოვრებელ ადგილებში), ანკარის მოთმინების ფიალა აავსო და ამ რეგიონშიც ბალანსი დაირღვა…

აშკარა გახდა, რომ რუსეთმა კურსი აიღო შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონში, კავკასიაში დომინირებისაკენ და თურქეთის გავლენების შეზღუდვისაკენ. მოსკოვმა გააძლიერა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაც აგიტაცია-პროპაგანდის გაფართოებაშიც გამოიხატა (მაგალითად, საქართველოსა და უკრაინის მიმართ).

როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომლის პოპულარობა თავის  სამშობლოში განუხრელად მატულობს, ანტითურქულ მოქმედებას კვლავ გააგრძელებს. იგი  ტრამვირებული პრესტიჟის აღდგენას ცდილობს. აქედან გამომდინარე, რუსეთის ლიდერი თვითმფრინავის ჩამოგდების ინციდენტს მოხერხებულად იყენებს ახლო აღმოსავლეთთში კრემლის გავლენის გასაფართოებლად.

————

მუსტაფა აიდინი არის სტამბოლის კადირ ჰასის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი.

«Мир новостей» (რუსეთი), 11 დეკემბერი, 2015 წელი

http://mirnov.ru/rubriki-novostey/politika/redzhep-taiip-yerdogan-torgovec-bublikami.html

რეჯებ ერდოღანი – ბლითებით მოვაჭრე

როცა ქართველობა მისთვის ხელის შემშლელია

სტატიაში განხილულ გაანალიზებულია თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ ერდოღანის პოლიტიკური ბიოგრაფია, მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები, კარიერული და პოლიტიკური აღმასვლა, საშინაო და საგარეოპოლიტიკური კურსი.

„სულ ცოტა ხნის წინათ თურქეთი სრულიად რუსული ჯანმრთელობის კერად ითვლებოდა, სადაც მილიონობით ჩვენი ტანამემამულე ისვენებდა, ახლა კი ეს მიმართულება სახიფათო გახდა: თურქეთი ფართო ნაბიჯებით შორდება საერო (ლაიცისტური) სახელმწიფოს საფუძველბს და ისლამიზმში იძირება, ხოლო ერთი თვის წინ მომხდარი საჰაერო ინციდენტის შემდეგ კი კატასტროფულად შორდება რუსეთსაც. ამ ყველაფერში კი დამნაშავე პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანია.

ვინ უსმენდა ხუთი წლის წინ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების შემსწავლელი ცენტრის დირექტორს სიმონ ბაღდასაროვს, რომელიც სახელმწიფო სათათბიროს ტრიბუნიდან პოლიტიკოსების გასაგონად აცხადებდა, რომ თურქეთში სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს, რეჯებ ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტიის იდეოლოგია არაფრით განსხვავდება „მუსულმანთა ძმობის“ იდეოლოგიისგანო? არავინ არ უსმენდა. განა ვინმემ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ რეჯებ ერდოღანი ციხეშიც კი იჯდა რადიკალური ისლამიზმის და ნაციონალური შუღლის გაღვივების გამო? არავინ… არადა, ჯობდა, რომ რუს პოლიტიკოსებს კარგად გაეცნობიერებინათ ხუთი წლის წინანდელი  გაფრთხილება“, – აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც ყურადღება ექცევა რეჯებ ერდოღანის წარმომავლობას:

„2003 წლის 11 აგვისტოს, თურქეთის ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ერდოღანმა საქართველოში ვიზიტი განახორციელა და განაცხადა: „მე თვითონ ქართველი ვარ. ჩემი ოჯახი ბათუმში ცხოვრობდა და შემდეგ რიზეში გადასახლდაო“. მაგრამ 10 წლის შემდეგ, საპრეზიდენტო არცევნების წინ მიცემულ ტელეინტერვიუში მან თავისი ქართულ-კავკასიური წარმოშობა უარყო. აბა, როგორ შეიძლება თურქეთის მმართველს ფესვები ქართული წარმოშობის ჰქონდეს?“.

პუბლიკაციაში ვრცლადაა მოცემული რეჯებ ერდოღანის ცხოვრების ის პერიოდი, როცა იგი ბავშვობაში, სტამბოლის ქუჩებში ლიმონათით და ბლითებით („ბუბლიკებით“) ვაჭრობდა, როგორ უყვარდა ფეხბურთი, როგორ ედგა ფეხი პოლიტიკაში, გახდა ისლამისტი და ასე შემდეგ.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 11 დეკემბერი, 2015 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/iskander-m-in-south-ossetia/3097347.html

რუსულიისკანდერებიჯავაში გამოჩნდა

ზაზა წულაძე

ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, ოპერატიურ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს „ისკანდერის“ უახლესი მოდიფიკაცია – „ისკანდერ – მ“ განათავსა.

ამ ბალისტიკურრაკეტას, რომელზეც ბირთვული ქობინის დამაგრებაც შეიძლება, ზებგერითი სიჩქარით, ნებისმიერი სამიზნის განადგურება, 500 კილომეტრის მანძილზე შეუძლია. ანუ, საქართველოს მთელ ტერიტორიას რომ თავი დავანებოთ, რუს ოკუპანტებს, ცხინვალის რეგიონიდან, საჭიროების შემთხვევაში, ნატოს წევრი თურქეთის -შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ანატოლიის დიდი ნაწილის დაბომბვაც შეეძლებათ (პლუს, გიუმრის ბაზიდან აზერბაიჯანის, თურქეთის, სირიის, ერაყისა და ირანის ტერიტორიების).

რუსი სამხედრო ექსპერტების ცნობით, „ისკანდერ მ“-ის სისტემა ჯავის რაიონის სოფელ რაროს მიმდებარე ტერიტორიაზეა განლაგებული, თუმცა, ვინაიდან, კომპლექსის გამოყენება, შესაძლებელია, როგორც სტაციონარულ, ისე მოძრავ მდგომარეობაში, მათ ოკუპირებული ტერიტორიის ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ გასროლა.

მოსკოვმა ბოლო ერთი წლის მანძილზე, ყველა სამხედრო ოლქში, მათ შორის სამხრეთში, თანამედროვე „ისკანდერ მ“-ის სისტემებით, მოძველებული „ტოჩკა უ“-ს სარაკეტო სისტემები ჩაანაცვლა, რომლის მოქმედების რადიუსი მხოლოდ 120 კილომეტრია. სამხრეთის სამხედრო ოლქში შედიან, როგორც სომხეთის ქალაქ გიუმრიში, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში და ყირიმში, განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზებიც.

რუსეთის გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის პრეზიდენტი კოსტანტინე ზივკოვი ამბობს: „სარაკეტო კომპლექსს „ისკანდერს“ აქვს რაკეტ-საწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ელემენტების, საკომანდო პუნქტების, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ელემენტების განადგურების უზარმაზარი შესაძლებლობები, საქართველოს პრაქტიკულად, მთელი ტერიტორიის სიღრმეში.

სწორედ ამიტომ, ამ რაიონში ისკანდერის სარაკეტო სისტემის განთავსება აზრს უკარგავს საპასუხოდ, რაკეტ ან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განლაგებას, თუ ისინი მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ. ასევე, აღკვეთს საქართველოს მორიგი სამხედრო რევანშის შესაძლებლობებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ.“

საქართველოს, რომელიც ამ დრომდე, არ არის არცერთი სამხედრო ალიანსის წევრი, არ აქვს არც ჰაერ-საწინააღმდეგო და მით უმეტეს, არც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები.

2015 წლის ზაფხულში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარიზში, ფრანგულ-ამერიკულ კომპანია ThalesRaytheonSystems-თან, ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, საჰაერო თავდაცვის სისტემის გარკვეული ელემენტების შეძენის თაობაზე. ეს ხელშეკრულება და ინფორმაცია, თუ კონკრეტულად საჰაერო თავდაცვის რომელი კომპონენტები შევიძინეთ, როდის მოხდება მათი საქართველოში ჩამოტანა და ექსპლუატაციაში შეყვანა ამ დრომდე გასაიდუმლოებულია (თუმცა, Crotale NG Mk 3-ისა და Ground Master 200-ის კონბინაცია „ისკანდერის“ წინააღმდეგ უძლურია).

მანამდე კი საქართველოს ცა აბსოლუტურად დაუცველია. ზუსტად ისე, როგორც შვიდი წლის წინ, როცა რუსეთთან ომის დროს, კრემლმა ჩვენი სამხედროებისა და სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, სამხედრო ავიაციასთან ერთად, ძირითადად, ტოჩკა-უ-ს სარაკეტო სისტემები გამოიყენა და უმოწყალოდ ბომბავდა ქართული ჯარის პოზიციებს: ცხინვალთან, თბილისთან, გორში, ფოთსა და რაჭის რეგიონში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დღემდე კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ რუსმა სამხედრო ექსპერტებმა რამდენიმე გამოკვლევით დაადასტურეს, რომ რუსეთის არმიამ სწორედ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რეალურ საბრძოლო მოქმედებაში, პირველად გამოსცადა „ისკანდერის“სარაკეტო კომპლექსიც. კასეტური ქობინებით აღჭურვილი ბალისტიკური რაკეტებით, სულ მცირე ოთხჯერ, დაიბომბა გორი, ფოთი, ვაზიანის სამხედრო აეროდრომი და ონის რაიონის ტერიტორია.

„ისკანდერის“ რაკეტები რუსეთის არმიის 630-ე ცალკეულმა სარაკეტო დივიზიამ დაღესტნის ტერიტორიიდან გვესროლა, სადაც სპეციალურად იქნა გადასროლილი, ასტრახანის, კაპუსტინ იარის პოლიგონიდან.

რუსი ბლოგერი და ექსპერტი ვიაჩესლავ მალცევი ადასტურებს, რომ რუსეთმა „ისკანდერები“ პირველად სწორედ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა: „ინტერნეტში შეიძლება ძალიან ბევრი ფოტოს ნახვა, არა მხოლოდ „ტოჩკა უ-ს“, არამედ, „ისკანდერის“ სარაკეტო სისტემის, რომელიც გამოიყენეს საქართველოში და პირდაპირ დაბომბეს გორი, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა. გახსოვთ, ალბათ, ჰოლანდიელი ჟურნალისტი სწორედ ამ რაკეტის აფეთქების შემდეგ დაიღუპა, ხოლო რაკეტის ძრავა, იქვე, მოედანთან მდებარე სახლში შევარდა. ასეთი უსიამოვნო ფოტოები ძალიან ბევრია და ეს ფოტოები ფეიკი ანუ ყალბი არ არის.“

გარდა, „ისკანდერის“ ბალისტიკური რაკეტებისა, რუსეთის საოკუპაციო ძალებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვა, არანაკლებ, დამანგრეველი იარაღიც მრავლად აქვთ განთავსებული. მათ შორის აღსანიშნავია, აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებული საზენიტო-სარაკეტო კომპექსი – „ს-300 ფავორიტი“, ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემები: „ბურატინო“, „სმერჩი“ და „გრადი“.

ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ, ინტერვიუს დროს კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს, რომელიც ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. აღნიშნული განვითარება მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

ჩვენ კომენტარი ვითხოვეთ ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტშიც, სადაც პენტაგონის წარმომადგენელმა მიშელ ბალდანზამ ასეთი პასუხი გაგვცა: „ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.  თუ რუსული ისკანდერის ტიპის სისტემების დამონტაჟება ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში სიმართლეს შეესაბამება, ეს ჩვენი პარტნიორის წინააღმდეგ სიტუაციის შემდგომი ესკალაციის მცდელობა და 2008 წლის შეთანხმების ვალდებულებების დარღვევა იქნება რუსეთის მიერ. ასეთი ფაქტი ასევე გაამწვავებს რეგიონულ დაძაბულობას. რუსეთს მოვუწოდებთ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულებები“, – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

Comments are closed