«JB Press» (იაპონია): როგორ ახდენს გავლენას პატარა საქართველო დიდ უკრაინაზე
«Каспiй» (აზერბაიჯანი): აშკარა დაუჯერებელი: გიორგი ჭანტურიას წინადადებები განუხორციელებელია
———————-
«JB Press» (იაპონია), 11 იანვარი, 2015 წელი
http://inosmi.ru/world/20150111/225444688.html
როგორ ახდენს გავლენას პატარა საქართველო დიდ უკრაინაზე
სტატიაში, რომლის ავტორია ჰიროტაკე მაედა, გადმოცემულია საქართველოში მისი ყოფნის შთაბეჭდილებები, მიმოხილულია გასული 2014 წლის შედეგები როგორც საშინაოპოლიტიკური, ისე საგარეოპოლიტიკური კუთხით.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„საქართველოში, რომლის სახელწოდების შეცვლის საკითხი იაპონიაში საკმაოდ ფართოდ განიხილებოდა, ახალ 2015 წელს მშვიდად შეხვდა. ქვეყნის მთავრობაში მინისტრების შეცვლის მიუხედავად, 2014 წელი ისეთი მშფოთვარე არ ყოფილა, როგორიც, მაგალითად, 2013 წელი, როცა ახალი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრები იქნენ არჩეულნი. თუმცა, რასაკვირველია, საქართველოში მაინც იგრძნობა ევრაზიის გეოპოლიტიკურ სივრცეში მიმდინარე მოვლენები, მაგალითად, უკრაინის კრიზისი, ანდა უფრო ლოკალური – კულტურის ძეგლების ნგრევა და ნაციონალიზმის პრობლემა, ვთქვათ, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებში საქართველოდან წასული ადამიანების გამოჩენა.
რას ამბობენ დღეს საქართველოში იაპონიის და იაპონიაში საქართველოს შესახებ?
ფაქტია, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იაპონური კულტურა საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. დღეს საქართველოს ინტელიგენციის წარმომადგენლები საუბრობენ მონძამონ ტიკამაცუს, რიუნოსუკე აკუგატავას, კობო აბეს და სხვათა ნაწარმოებებზე. 2014 წელს წარმატებით ჩაიარა თბილისში იაპონური კაბუკას თეატრის სპექტაკლებმა. გასულ წელს საქართველოში იმატა იაპონელი ტურისტების რაოდენობამ, თურქული და კატარული ავიაკომპანიების მიერ გახსნილი ახალი ხაზების წყალობით.
იაპონიაშიც საუბრობენ საქართველოსა და მასთან დაკავშირებულ მოვლენებზე. 2014 წელს იაპონურმა მასმედიამ დიდი სიხარულით ამცნო მკითხველებს, რომ ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ თავისი კარიერა განაახლა. გარდა ამისა, იყო არასასიამოვნო ფაქტიც – რაგბის ქართულმა ნაკრებმა იაპონიის ნაკრები დაამარცხა. იყო სასიამოვნოც – ტოკიოში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა.
რაც შეეხება საქართველოს სახელწოდების ინგლისურ ენაზე წარმოთქმასა და დაწერას, მე პირადად ამის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ, როგორც ჩანს, დასახელება „ჯორჯია“ იაპონიაშიც გავრცელდება.
ამით საახალწლო ნათელ ფერებზე საუბარს დავამთავრებ და უფრო მუქზე გადავალ.
დასაწყისში ვთქვი, რომ საქართველოში 2014 წელს სედარებით სტაბილური წელი იყო-მეთქი, მაგრამ მოხდა ისეთი რაღაც-რაღაცეები, რომ არ შეიძლება არ ვთქვა: კონფლიქტი პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის, განსაკუთრებით კი უკრაინის კრიზისის ნეგატიური გავლენა საქართველოზე, რომელიც ქართველების დაღუპვაშიც გამოიხატა. ისინი კიევის მთავრობის მხარეზე იბრძოდნენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კრიტიკული განცხადება გამოავეყნა, რომელშიც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულა.
იაპონიაში უკრაინის კრიზისს სხვადასხვა კუთხით აშუქებენ, ამიტომ უკიდურესად ძნელია ამ კონფლიქტში გარკვევა, საქართველოსთან მიმართებით. საქმე იმაშია, რომ დღეს უკრაინის მთავრობაში სხვა ქვეყნების მოქალაქეებს მნიშვნელოვან თანამდებობაზე ნიშნავენ, მათ შორის იმ ქართველებსაც, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს მინისტრებად მუშაობდნენ. თვითონ სააკაშვილმაც განაცხადა, რომ მასაც შესთავაზეს თანამდებობა. საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკა ზღულაძე უკრაინის შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, როცა მისი ყოფილი უფროსი, საქართველოს შს ექს-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ციხეში ზის და ჩადენილი დანაშაულის გამო სასჯელს იხდის.
ბუნებრივია, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისათვის ეს არასასიამოვნო ფაქტებია. შესაბამისად, ოფიციალური თბილისი დევნის მიხეილ სააკაშვილსა და მის თანამოზრეებს, რომლებიც ხელისუფლებაში დაბრუნებას ვარაუდობენ.
რასაკვირველია, ეს ყველაფერი კარგი და ცუდი ძალების კონფლიქტად არ შეიძლება განვიხილოთ. აშკარაა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე გლობალური ცვლილებები საქართველოზეც ახდენს გავლენას.
გასულ წელს საქართველოში მძაფრად გამოვლინდა კონფლიქტი, რომელიც კულტურის ძეგლს ეხებოდა: მხედველობაში მაქვს ოქროს უძველესი მოპოვებისა და ოქროს თანამედროვე მოპოვების ურთიერთკონფლიქტი, რომელიც საყდრისთან დაკავშირებით განვითარდა ბოლნისის რაიონში. იქვე მდებარეობს დმანისის რაიონიც, სადაც მთელს მსოფლიოში ცნობილი ნამარხი ადამიანების ნაშთები აღმოაჩინეს. საყდრისის განადგურებით ქართველთა სიმაყეს ჩრდილი მიადგა, რადგან საქართველო ცნობილი იყო ბერძნული მითოლოგიით, როგორც ოქროს საწმისის სამშობლო, ანუ ოქროს მოპოვების უძველესი კერა.
მე ვუყურებდი ქართულ ტელევიზიებში მიმდინარე ტელედებატებს ამ თემაზე. აქცენტი გადატანილი იყო ხელისუფლებისა და ცალკეული მდიდარი ბიზნესმენების როლზე ამ პრობლემაში. გამოვლინდა უარყოფითი დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი.
2014 წლის ბოლოს გავრცელდა ისეთი ინფორმაციაც, რომელიც კიდევ ერტხელ ადასტურებს პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე მოვლენებს: რუსულმა გიგანტურმა სახელმწიფო კომპანია „როსნეფტმა“, რომლის ხელმძღვანელი იგორ სეჩინი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანამოაზრეა, იყიდა კომპანია „პეტროკას ენერგი გრუპის“ აქციები, რომელიც საქართველოს ნავსადგურ ფოთის ნავთობტერმინალის მფლობელია.
«Каспiй» (აზერბაიჯანი), 12 იანვარი, 2015 წელი
http://www.kaspiy.az/news.php?id=21525
აშკარა დაუჯერებელი: გიორგი ჭანტურიას წინადადებები განუხორციელებელია
ვრცელ სტატიაში განხილული და კომენტირებულია საქართველოს საერთაშორისო ნავთობკორპორაციის ყოფილი პრეზიდენტის, აზერბაიჯანში საქართველოს ყოფილი ელჩის გიორგი ჭანტურიას მიერ გაჟღერებული იდეა-პროექტი შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სუფსის ტერმინალში საერთაშორისო ენერგეტიკული ჰაბი-ცენტრის შექმნის თაობაზე, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რუსეთს, ამერიკას, აზერბაიჯანს, ყაზახეთს. აშენდება უნიკალური ნავთობქიმიური კომპლექსი. პროექტის რირებულება დაახლოებით 17 მილიარდი დოლარია.
პუბლიკაციის ავტორის რომან ტემნიკოვის თხოვნით გიორგი ჭანტურიას მიერ შემოთავაზებული პროექტის შესახებ კომენტარს აკეთებენ ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტები ჯუმბერ კირვალიძე და ილჰამ შაბანი.
„ამ პროექტის თაობაზე საქართველოში რამდენიმე კვირაა წერენ და კამათობენ. რამდენად შეიძკლება ამ პროექტის რეალიზება სუფთა ტექნიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, ძნელი სათქმელია. ასეთი დიდი ღირებულების მქონე პროექტის რეალიზება ძირითადი გეოპოლიტიკური მოთამაშეების – აშშ-ის, რუსეთის, ევროკავშირის პოლიტიკურ ნებაზე იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება უშუალოდ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, დღეს აქ ისეთი სიტუაციაა, უკრაინის კრიზისის გავლენით, რომ ამგვარი იდეის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, აფხაზეთის გავლით ნოვოროსიისკიდან სუფსისაკენ ნავთობსადენის მშენებლობა, რუსეთისა და აშშ-ის თანამშრომლობის გარეშე, საერთოდ წარმოუდგენელია. რაც შეეხება სუფსაში თანამედროვე ნავთობქიმიური კომპლექსის მშენებლობის პროექტის რეალიზებას, ეს სავსებით შეიძლება განხორციელდეს. მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ პორტში არსებობს მსხვილი ნავთობტერმინალი, ბაქო-სუფსას ნავთობსადენის ბოლო პუნქტი.
გიორგი ჭანტურიას განცხადებების მიზეზი, ჩემი აზრით, ისაა, რომ იგი დიდი ხანია არ ჩანდა მასმედიაში და ახლა ყურადღების მიპყრობა ასეთი ხმამაღალი განცხადებებით სურს, ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ყოფილი ელჩისა და ნავთობკომპანიის ექს-პრეზიდენტის განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი თავის რეკლამირება და ფიარი.
ამას წინათ ნინო ბურჯანაძემაც განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთის მიმართ წინადადებით უნდა გამოვიდეს რუსეთ-თურქეთის ნავთობსადენმა შავი ზღვის ნაპირზე, აფხაზეთის ტერიტორიაზე გაიაროს, შემდეგ კი ეს მილსადენი უკვე მოქმედ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენს შეუერთდესო. ნინო ბურჯანაძის აზრით, ამ პროექტის რეალიზება თითქოსდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშემწყობი იქნება.
ამრიგად, ყველა ეს მსხვილმასშტაბიანი პროექტები „ძლიერთა ამა სოფლისანთათვის“ დიდი ხანია ცნობილია და ალბათ, რომელიღაც კაბინეტებში, თაროებზე დამტვერილი დევს. ამასტან, არ შეიძლება ანგარიში არ გავუწიოთ იმ რეალური პოლიტიკასაც, რომელსაც დიდი მოთამაშეები ქმნიან. ამ პირობებში ისეთი მცირე სახელმწიფოებს, როგორებიც საქართველოა და გნებავთ, აზერბაიჯანიც (მისი გაზ-ნავთობრესურსების მიუხედავად), ასეთი ამოცანების გადაწყვეტა არ შეუძლიათ, მით უმეტეს ოპოზიციურ ლიდერებს, რომლებიც მსგავსი განცხადებებით მხოლოდ საკუთარი რეიტინგის მატებაზე ზრუნავენ ქვეყნის შიგნით“.
ილჰამ შაბანი:
„თავდაპირველად მე მინდა გავახსენო გიორგი ჭანტურიას, რომ საქართველო ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს გადაიქცა კავკასიის ენერგეტიკულ ჰაბად, როცა მწყობრში ჩადგა ბაქო-ბათუმის ნავთობსადენი, აშენდა ბაქო-ბათუმის რკინიგზა და ამ მარშრუტით ნავთობის გადაზიდვა დაიწყო. საჭოთა პერიოდში კი საქართველო ისეთ ენერგეტიკულ ხიდად იქცა, რომლის მეშვეობითაც რუსეთი სომხეთსა და ნახჭევანს ბუნებრივ გაზს აწვდიდა. მოგვიანებით, უკვე 1990-იან წლებში ახალი სტრატეგიული მილსადენები აიგო, განხორციელდა ბათუმის ნავთობტერმინალის მოდერნიზება, სუფსაში აშენდა ახალი ტერმინალი, სადაც ყოველწლიურად სამ მილიონამდე ტონა ნავთობი გადაიქაჩება…
ასე რომ, ჭანტურიას წინადადება საქართველოს ენერგეტიკულ ჰაბად გადაქცევის თაობაზე დაგვიანებულ-მოძველებულია. საქართველო დიდი ხანია უკვე ენერგორესურსების გამანაწილებებელია, მისი ეკონომიკა ფაქტიურად, ენერგორესურსთა ტრანზიტით მიღებულ შემოსავლებზე და იმ ინვესტიციებზეა დამოკიდებული, რომლებიც ენერგოტრანზიტული პროექტების განვითარებაში იდება.
რაც შეეხება გიორგი ჭანტურიას წინადადებას ნოვორისიისკიდან სუფსისაკენ ნავთობსადენის მშენებლობის შესახებ, რომელმაც აფხაზეთის ტერიტორიაზე უნდა გაიაროს, პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ამის საჭიროება არ არსებობს, რადგან ნავთობის ტრანსპორტირების ფასი ნავთობის ფასთან ერთად, ძალიან შემცირდა (ერთი ბარელი ანუ დაახლოებით 159 ლიტრი ნედლი ნავთობის გადატანა ნოვორისიისკიდან იტალიამდე სულ რაღაც ორი დოლარი ღირს); მეორე – არ არსებობს საჭიროება კიდევ იმიტომ, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი ჯერ კიდევ სრული დატვირთვით არ მუშაობს, მას დამატებით კიდევ მეტი რაოდენობის ენერგონედლეულის გატარება შეუძლია; მესამე – სოჭსა და სუფსას შორის მდებარე ტერიტორია სრულიად გამოუსადეგარია მსხვილი ნავთობსადენის მშენებლობისათვის, რადგან ირგვლივ რთული რელიეფია, ძნელად გადასალახავი მთების სახით. თუ ამ ადგილებში მილსადენის მშენებლობა დაიწყება, მაშინ მისი დანახარჯები 10 მილიარდ დოლარზე მეტი იქნება, ანუ პროექტის რეალიზება პრაქტიკულად შეუძლებელია. გიორგი ჭანტურიას განცხადებაში უფრო სხვა რამეა მნიშვნელოვანი – რუსეთ-საქართველოს ერთობლივი პროექტის განხორციელება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებისა და კონფლიქტურობის აღმოფხვრის მიზნით.
რაც შეეხება გიორგი ჭანტურიას გეგმებს სუფსაში დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის თაობაზე, ამგვარი პროექტების ადრეც არსებობდა. საქმე იმაშია, რომ მცირე ქარხნის მშენებლობა, რომლის სიმძლავრე წელიწადში 1 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება იქნება, ეკონომიკურად წამგებიანია, მსხვილი ქარხნის მშენებლობა კი დიდ ფულს მოითხოვს. მით უმეტეს, რომ ქართული ბაზარი ასეთი დიდი ქარხნისათვის მცირე იქნება, ანუ, შესაბამისად, პროდუქცია საზღვარგარეთ უნდა იქნეს გატანილი. საქართველოს მეზობლებიდან აზერბაიჯანს ამ ქარხნის პროდუქცია არ დაჭირდება, რადგან თავისიც სამყოფი აქვს. ირანიც თავისი ნავთობით საზრდოობს. რუსეთსაც კრასნოდარის მხარეში რამდენიმე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აქვს, თანაც ისეთები, რომლებიც ევროპულ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებენ. შავი ზღვის გაღმა მდებარე რუმინეთსაც ქართული ქარხნის პროდუქცია არ დაჭირდება. თურქეთში სამი უმსხვილესი ქარხანა მუშაობს, მეოთხეს ჩვენი კომპანია „სოკარი“ აშენებს, ანუ თურქეთსაც არ ჭირდება ქართული პროდუქცია. ასე რომ, სუფსაში დიდი ნავთობგადამამუშავებლი ქარხნის მშენებლობის აუცილებლობა არ არსებობს. ბენზინისა და სხვა პროდუქციის ყიდვა საბითუმო ბაზრებზე უფრო იაფი დაჯდება.
ჩემი აზრით, გიორგი ჭანტურიას ეს განცხადებები და გეგმები მხოლოდ ფიარ-კამპანიად უნდა მივიჩნიოთ, რომელიც, როგორც უკვე ვთქვი, ქართულ-რუსული ურთიერთობის გაუმჯობესებისთვისაა გამიზნული, ემსახურება დასავლური და რუსული კაპიტალის თანამშრომლობის განმტკიცებას საქართველოს ტერიტორიაზე… მაგრამ რომელ დასავლურ-რუსული კაპიტალის თანამშრომლობაზე უნდა იყოს ლაპარაკი, როცა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციებია დაწესებული? ასეთ პირობებში დასავლელი და რუს ბიზნესმენებს ერთმანეთთან შეხვედრაც კი არ შეუძლიათ, არათუ თანამშრომლობა და შეთანხმება. როგორც ჩანს, გიორგი ჭანტურიას სანქციების არსი ვერ გაუგია“.