«Stratfor» (აშშ): პროგნოზი და ანალიზი: რა შეიცვლება ან არ შეიცვლება საქართველოს ახალი მთავრობის დროს
«Today’s Zaman» (თურქეთი): რუსეთი აფხაზეთს თურქეთის საწინააღმდეგოდ სანქციების დაწესებას აიძულებს
«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი): მკვლელობა სტამბოლში: ჩეჩენი „ბოევიკის“ სიკვდილში კრემლის ხელი ჩანს // რატომ განუდგა აბდულვაჰიდ ედილგერიევი ომარ ალ-შიშანს
——————-
«Stratfor» (აშშ), 12 იანვარი, 2016 წელი
https://www.stratfor.com/analysis/what-new-georgian-government-can-and-cannot-change
პროგნოზი და ანალიზი: რა შეიცვლება ან არ შეიცვლება საქართველოს ახალი მთავრობის დროს
აშშ-ის ანალიტიკური კვლევების კერძო კომპანიამ გამოაქვეყნა პროგნოზი, თუ როგორ განვითარდება პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები საქართველოში 2016 წელს, რას შეცვლის ან არ შეცვლის ქვეყნის ახალი მთავრობა და ა.შ.
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
პროგნოზი
ა) 2016 წელი საქართველოსთვის გადამწყვეტი იქნება: წლის ბოლოს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მმართველ კოალიცია „ქართული ოცნებას“ დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწევს;
ბ) მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოპულარობამ მოსახლეობაში მნიშვნელოვნად მოიკლო, არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს იმდენი ძალა, რომ „ოცნების“ დასუსტებით ისარგებლოს და წარმატებას მიაღწიოს;
გ) საპარლამენტო არჩევნების შედეგების დამოუკიდებლად, საქართველო ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის კურსს გააგრძელებს, მაგრამ ამავე დროს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ვერ გაწევრიანდება;
დ) საქართველო-რუსეთის ურთიერთობა კვლავ რთული იქნება. უსაფრთხოების სფეროში მხარეთა წინააღმდეგობრივი პოზიციების ფონზე ეკონომიკური კავშირები გაგრძელდება.
ანალიზი
როგორც სტატიაშია ნათქვამი, „2015 წელი საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და მთავრობის მოულოდნელი გადადგომით დასრულდა. მან განაცხადა, რომ თავისი მოვალეობა შეასრულა. ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად მთავრობის მეთაურად დაინიშნა გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც მანამდე ჯერ ეკონომიკს, შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობდა. ამ ცვლილებისათვის დროის შერჩევა მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს“. ავტორები საკმაოდ დეტალურად განიხილავენ იმ მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მოხდა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში: მმართველი კოალიციის ჩამოყალიბება ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობით, მისი გადადგომა, პრეზიდენტის არჩევა, მისი დაპირისპირება ახალ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან…
მართალია, მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებებაში ყოფნის პირველი სამი წლის განმავლობაში პოპულარული იყო, მაგრამ ეკონომიკური პრობლემების მომრაავლების კვალობაზე მოსახლეობისაგან მისი მხარდაჭერა თანდათან კლებულობდა“, – აღნიშნულია ანალიზში. „ოცნების“ რეიტინგის დაქვეითების მიზეზად დასახელებულია ქვეყანაში განვითარებული ფინანსური კრიზისი, ეროვნული ვალუტის დევალვაცია, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან გადმორიცხული თანხების მოცულობის შემცირება და სხვა. კრიზისის ფონზე საქართველოს მთავრობას კრიტიკა იმის გამოც დაუწყეს, რომ რეფორმების განხორციელების ტემპი შენელდა და რომ ხელისუფლება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მართვის მეთოდებით სარგებლობს. როგორც ჩანს, ასეთმა უკმაყოფილებამ ის შედეგი გამოიღო, რომ მთავრობა იძულებული გახდა გადამდგარიყო.
ახალი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მმართველ კოალიციაში პოპულარულ ფიგურად ითვლება. მას ეკონომიკური სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს. გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის ხელმძღვანელად დანიშვნის მიზანს კოალიციის საქმიანობის გამოცოცხლება წარმოადგენს. მართალია, ეკონომიკის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ მიზნის შესრულება საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ რადგანაც ამჟამად არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ გააჩნია იმის ძალა, რომ „ქართული ოცნების“ სისუსტეებით ისარგებლოს, გიორგი კვირიკაშვილისათვის ამ ეტაპზე რისკები ნაკლებია. ბოლო გამოკითხვების შედეგებით, მმართველ კოალიციას მხარს მოსახლეობის 18% უჭერს, მთავარ ოპოზიციურ პარტიას – „ნაციონალურ მოძრაობას“ კი მხოლოდ 12%. მესამე ადგილზეა „თავისუფალი დემოკრატები – 7%. ამასთან, რადგანაც ელექტორატის 30%-ს ჯერ ვერ გაურკვევია თავისი პოლიტიკური სიმპათიები, ეს გარემოება არჩევნების დროს დინამიურ პოლიტიკურ სიტუაციას შექმნის.
როგორი შედეგებითაც არ უნდა დასრულდეს საპარლამენტო არჩევნები, სავარაუდოა, რომ საქართველო თავის ამჟამინდელ ევროატლანტიკურ (პროდასავლურ) საგარეოპოლიტიკურ კურსს შეინარჩუნებს. „ერთიანი ნაცმოძრაობის“ ბრალდებების მიუხედავად, რომ თითქოსდა ბიძინა ივანიშვილი და მისი „ქართული ოცნება“ სტრატეგიას ცვლის და რუსეთისაკენ იხრებაო, საქართველოს ხელისუფლება ძირითადად უპირატესობას მაინც დასავლურ პრიორიტეტებს ანიჭებს და ევროპული პოლიტიკის კურსს აგრძელებს, რაც გამოიხატება ევროკავშირთან ასოცირების (თავისუფალი ვაჭრობის) შეთანხმების ხელმოწერაში (2014 წელს), ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნაში თბილისთან ახლოს (2015 წელს).
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრიორიტეტია აგრეთვე ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმება, რათა საქართველოს მოქალაქეებს ევროპის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეთ. სავარაუდოდ, ეს მიზანი რეალურად 2016 წლის შუახანებისათვის განხორციელდება. რაც შეეხება საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში და ნატოში, 2016 წლისათვის ეს ვერ მოხერხდება, თუმცა არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ „ქართული ოცნება“, თავისი მმართველობის პერიოდში პროდასავლურ ორიენტაციას კვლავ შეინარჩუნებს.
რუსეთთან ურთიერთობის [დარეგულირების] პროცესი საქართველოსთვის ისევ რთული იქნება, თუმცა მხედველობაშია მისაღები, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 3012 წლიდან მოსკოვსა და თბილისს შორის ეკონომიკური კავშირების აღდგენა მოახერხა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იყო შეწყვეტილი: ქართულ პროდუქციას რუსული ემბარგო მოეხსნა. დღეს ქართულ პროდუქციაზე არ ვრცელდება ის შეზღუდვები, რომლებიც რუსეთის მხრიდან უკრაინულ პროდუქციაზეა დაწესებული, კიევის პროდასავლური ორიენტაციის გამო. გასული 2015 წლის ბოლოს დაიწყო აგრეთვე მოლაპარაკებები რუსეთისა და საქართველოს ოფიციალურ პირებს შორის, გაზით მომარაგების საკითხში. არაა გამორიცხული, რომ მიმდინარე წელს ეს მოლაპარაკება კონკრეტული შეთანხმებაზე ხელმოწერით დასრულდეს.
ამის მიუხედავად, თბილისსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა შენარჩუნდება – საქართველოს დასავლეთთან (განსაკუთრებით ნატოსთან) ინტეგრაციის გამო, მაგრამ არა იმდენად, რომ ორ ქვეყანას შორის აღდგენილი ეკონომიკური კავშირების კვლავ დაირღვეს. უკვე აშკარაა, რომ მოსკოვი, საქართველოზე ევროკავშირის გავლენის შესასუსტებლად, ბრიუსელის მსგავს ნაბიჯებს დგამს – რუსეთი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზებას მოახდენს.
რასაკვირველია, პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველოს წინ დინამიურად და პოტენციურად არასტაბილური წელიწადი ელოდება, მაგრამ მთავრობის ცვლილებები ქვეყნის საგარეოპოლიტიკურ კურსზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს. ამასთან, თუ მხედველობაში მივიღებთ რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირებას, აგრეთვე ყოფილი საბჭოთა პერიფერიის ფარგლებში საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას, მისი როლი რეგიონისათვის კვლავ მნიშვნელოვანი იქნება.
«Today’s Zaman» (თურქეთი), 12 იანვარი, 2016 წელი
რუსეთი აფხაზეთს თურქეთის საწინააღმდეგოდ სანქციების დაწესებას აიძულებს
სტატიაში განხილულია რუსულ-აფხაზური და აფხაზურ-თურქული ურთიერთობების საკითხი მას შემდეგ, როცა სოხუმში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი ვლადისლავ სურკოვი იმყოფებოდა. 2015 წლის 28 დეკემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გაცხადდა, რომ აფხაზეთმა, რუსეთის მსგავსად, თურქული პროდუქციის იმპორტზე ემბარგო უნდა დააწესოს. და აი, ეს დროც მოახლოვდა – ემბარგო მალე ძალაში უნდა შევიდეს. ამიერიდან თურქეთ-რუსეთის ურთიერთობაში ემბარგოს დაწესების თარიღიც თავის „ღირსეულ“ ადგილს დაიმკვიდრებს – ისევე როგორც 24 ნოემბერმა დაიმკვიდრა, როცა სირიაში თურქეთმა რუსეთის თვითმფრინავი ჩამოაგდო.
ვლადისლავ სურკოვის პრეს-კონფერენციის დროს გაჟღერებული განცხადებები ბევრმა იმის დამადასტურებლად მიიჩნია, რომ რუსეთი აფხაზეთის დამოუკიდებლობას მხოლოდ გარეგნულად, სიმბოლურად მიიჩნევს. დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, როგორც ჩანს, თავს ისევ „კაგებეს“ აგენტად თვლის. არადა, მას უნდა ახსოვდეს, რომ იგი სუვერენული სახელმწიფოს მეთაურია.
ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისათვის დასავლეთს ეკონომიკური სანქციები რომ დაეწესებინა, მოსკოვი, ალბათ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერთებასაც შეეცდებოდა. თუმცა ვლადისლავ სურკოვი სოხუმს მაინც კარნახობს, თუ როგორ უნდა მოიქცეს: რუსეთის ემისარმა განაცხადა, რომ თურქეთის გარკვეულ ძალებს აფხაზეთისადმი ინტერესი აქვთ და ამიტომ ხელისუფლებამ უსაფრთხოების დამატებითი ზომები უნდა მიიღოსო, სოხუმზე ანკარის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის შეზღუდვის მიზნით. „თურქული სამშენებლო კომპანიები რუსული ფულით აფხაზეთში ვეღარაფერს ვერ ააშენებენ“, – ხაზი გაუსვა ვლადისლავ სურკოვმა და აღნიშნა, რომ რუსეთმა აფხაზეთს 2016 წლისათვის დამატებით 4,7 მილიარდი რუბლი გამოუყო. მოკლედ, აფხაზეთს ისრა დარჩენოდა, რომ მოემზადებინა იმ აკრძალვების სია, რომლის დაწესებასაც რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი ითხოვდა (მშენებლობის, თევზჭერის, ვაჭრობის, განათლებისა და სამეცნიერო-კვლევით სფეროებში).
სტატიაში აღნიშნულია, რომ ამკრძალავი ზომების სია 2016 წლის 11 იანვრისათვის მზად უნდა ყოფილიყო. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ვაჭრობაშის მოცულობით თურქეთი აფხაზეთისათვის, რუსეთის შემდეგ, სიდიდით მეორე პარტნიორს წარმოადგენს (18%), მაშინ შეზღუდვის შედეგების მასშტაბები ნათელი გახდება. პუბლიკაციაში ჩამოთვლილია აფხაზეთის ექსპორტ-იმპორტის პროდუქცია: თურქეთიდან შედის სამშენებლო მასალები და საწვავი (25%), მეტალურგიის პროდუქცია (15%), მაქანები და დანადგარები (15%), საფეიქრო მრეწველობის საქონელი და კვების პროდუქტები. აფხაზეთის ექსპორტი თურქეთში: თევზი და თევზის პროდუქტები (80%), ხე-ტყე და ქვანახშირი (20%). ამასტან, 2015 წლის დეკემბერში აფხაზეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა თემურ ეშბამ განაცხადა, რომ თურქული გემების თევზჭერა აფხაზეთის ტერიტორიულ წყლებში შეიზღუდება, რაც აფხაზური ეკონომიკისათვის მომგებიანი იქნებაო. აფხაზებმა უპირატესობა ამ თვალსაზრისით რუს თევზის მრეწველებს მიანიჭეს.
„თურქეთში დღეს დაახლოებით ნახევარი მილიონი აფხაზი ცხოვრობს. თურქეთ-აფხაზეთის კავშირები მხოლოდ ეკონომიკის სფეროთი არ ამოიწურება, არსებობს ეთნიკურ-კულტურული კავშირებიც. სამწუხაროა, რომ 24 ნოემბერს მომხდარი ინციდენტის ეფექტი უარყოფითად მოქმედებს აფხაზეთის ეკონომიკასა და მის მოსახლეობაზე“, – ნათქვამია სტატიის დასასრულს.
————
უცხოური მასმედიის მიერ დღეს, 12 იანვარს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს სეპარატისტული რეგიონის – აფხაზეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შეუერთდეს რუსეთის მიერ თურქეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს. როგორც „ბრიტანული „ბი-ბი-სი“ იუწყება, მთავრობის საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ 20 იანვრამდე სხვადასხვა უწყებებმა შემზღუდავი ზომების ჩამონათვალი უნდა წარადგინონ. კერძოდ, განზრახულია თურქეთიდან ცალკეული საქონლის იმპორტის შემცირება, კონტროლი გამკაცრდება თურქული არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ, გაუქმდება სახელმწიფო მხარდაჭერა თურქული კომპანიებისადმი. მტავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ნაბიჯი აფხაზეთმა გადადგა რუსეთთან 2014 წელს ხელმოწერილი სამოკავშირეო და სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმების საფუძველზე.
წყარო: http://www.bbc.com/russian/news/2016/01/160111_abkhazia_turkey_sanctions
«The Guardian» (დიდი ბრიტანეთი), 12 იანვარი, 2016 წელი
მკვლელობა სტამბოლში: ჩეჩენი „ბოევიკის“ სიკვდილში კრემლის ხელი ჩანს
რატომ განუდგა აბდულვაჰიდ ედილგერიევი ომარ ალ-შიშანს
სტატიაში გადმოცემული და განხილულია ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციის „კავკასიის იმარატის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის აბდულვაჰიდ ედილგერიევის სტამბოლში მკვლელობის გარემოებები (ავტორი – შონ უოკერი).
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, რამდენიმე წლის განმავლობაში აბდულვაჰიდ ედილგერიევი წარმატებით გაურბოდა სიკვდილს, ჯერ ჩეჩნეთის მთებში იმალებოდა და რუსეთის უშიშროების ძალებს თავს ესხმოდა, შემდეგ უკრაინის აღმოსავლეთში იბრძოდა, ბოლოს კი – სირიაში. საბოლოო ჯამში კი „სიმშვიდე“ გასული წლის პირველ ნოემბერს ჰპოვა – იგი სტამბოლის ერთ-ერთ გარეუბანში ჩაცხრილეს. აბდულვაჰიდ ედილგერიევის მკვლელობა ერთ-ერთი რგოლია იმ მკვლელობების ჯაჭვისა, რომელიც ცნობილი ჩეჩენი ბოევიკების უცხოეთის ქვეყნებში მომხდარ მკვლელობებში გამოიხატება: რამზან კადიროვის პირად მტრებს კლავდნენ არა მარტო მოსკოვში, არამედ ვენაშიც, დუბაიშიც, სტამბოლშიც. თურქეთის ამ ქალაქში ჩეჩნების მკვლელობა მოხდა 2009 წელს, 2011 წელს… ერთადერთი დაკავებული ამ მკვლელობების გამო იყო ჩეჩენი პიროვნება, მეტსახელად „ზონა“, რომელსაც საქართველოს მოქალაქის თემურ მახაურის სახელზე გაცემული პასპორტი ჰქონდა. იგი 2012 წელს დააკავეს და მისი საქმის განხილვა სასამართლოში დღემდე გრძელდება. ბრალდება სამუდამო პატიმრობას ითხოვს.
სტამბოლში ამჟამად რამდენიმე ათასი ჩეჩენი პიროვნება ცხოვრობს, მათ შორის არიან როგორც მშვიდობიანები, ასევე „ბოევიკებიც“. რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების მკვეთრი გაურესების ფონზე ჩეჩნებმა იგრძნეს, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, – ნათქვამია სტატიაში.
ავტორი ვრცლად აღწერს აბდულვაჰიდ ედილგერიევის საბრძოლო გზას: იგი 1983 წელსაა დაბადებული ვოლგოგრადის ოლში. სკოლის დასრულების შემდეგ იურისტობა სურდა და უნივერსიტეტში სწავლა დააპირა, მაგრამ 2000 წელს, ჩეჩნეთის მეორე კამპანიის დროს, საბრძოლველად წავიდა ძმებთან ერთად. 2009 წელს ფეხში დაიჭრა, სამი ძმა კი რუსეთის უშიშროების ფედერალურ ძალებთან ბრძოლის დროს დაეღუპა. 2009 წელს სამკურნალოდ სტამბოლში წავიდა, ოპერაცია გაიკეთა და „კავკასიის იმარატის“ ადგილობრივი ორგანიზაციის აქტივისტი წარმომადგენელი გახდა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, აბდულვაჰიდ ედილგერიევი ჩრდილოეთ კავკასიაში ფულსა და პროვიანტს გზავნიდა. 2012 წლისათვის იგი მზად იყო თვითონაც დაბრუნებულიყო ჩეჩნეთში, მაგრამ იმ დროისათვის პარტიზანული ბრძოლების წარმოება უკვე შეუძლებელი გახდა – რუსეთის უშიშროების ფედერალური ძალები საკმაოდ წარმატებით მოქმედებდნენ.
ბოლო ხანებამდე სტამბოლიდან ჩრდილოეთ კავკასიაში ფინანსებისა და პროვიანტის გადაგზავნა ჯერ საქართველოში ხდებოდა, იქიდან კი [საზღვრის გავლით], ჩეჩნეთის მთებში. იგივე გზით სტამბოლში „ბოევიკების“ ცოლები ჩადიოდნენ. 2012 წლის ბოლოდან საქართველოს ხელისუფლებამ სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრა და ბევრი ჩეჩენი ე.წ. „შავ სიაში“ მოხვდა. ის პროდუქტები, რომლებსაც ჩეჩენი ამბოხებულები იღებდნენ, სპეცსამსახურების ან მათი ინფორმატორების მიერ ხშირად მოწამლული იყო. ამბობენ, რომ სწორედ ამგვარი მეთოდით მოკლეს დოკუ უმაროვიც.
აბდულვაჰიდ ედილგერიევი არჩევანი წინაშე დადგა: ან ჩეჩნეთში წასვლა და იქ გარდაუვალი სიკვდილი, ან სირიაში ახალი „გასართობი“ ომში მონაწილეობა. მან მეორე ამოირჩია. რუსეთის სპეცსამსახურების მონაცემებით, სირიაში ამ დროისათვის ორი ათასამდე რუსეთის მოქალაქე იბრძვის, მათი უმრავლესობა ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონიდანაა. აბდულვაჰიდმა სტამბოლი 2013 წელს დატოვა და სირიაში წავიდა, იქ მოქმედ „კავკასიის იმარატის“ რიგებში საბრძოლველად. მოგვიანებით განხეთქილება მოხდა, როცა ქართული წარმოშობის ჩეჩენმა ომარ შიშანმა (თარხან ბათირაშვილმა), რომელიც საქართველოს არმიაში მსახურობდა და სამხედრო მომზადება ამერიკელ ინსტრუქტორებთან გაიარა, გადაწყვიტა, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ გაერთიანებულიყო.
აბდულვაჰიდ ედილგერიევი და ომარ ალ-შიშანი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ – მათი ცოლები ერთმანეთის დები არიან. თუმცა, ამის მიუხედავად, აბდულვაჰიდმა იმათთან დარჩენა არჩია, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოს“ არ მიემხრნენ. მან ერთგულება დაჯგუფება „ფრონტ ან-ნუსრას“ შეჰფიცა. მას უფრო მეტად რუსეთთან ბრძოლა აინტერესებდა, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კონტაქტებს თავს არიდებდა.
მას შემდეგ, რაც „კავკასიის იმარატის“ ზოგიერთმა საველე მეთაურმა გადაწყვიტა მხარი „ისლამური სახელმწიფოსათვის“ დაეჭირა, აბდულვაჰიდი სირიაში ქაოსურ მოვლენებს განერიდა და გასულ წელს სამი თვის განმავლობაში რუსებს უკრაინაში ებრძოდა. თუმცა ბედმა არ გაუღიმა: უკრაინულმა სპეცსამსახურებმა მისი წარსული შეიტყვეს და ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს: უკრაინელებმა ჩეჩნებს უთხრეს, რომ დასავლეთს ეწყინება, როცა გაიგებს, რომ ჩვენს გვერდით „ტერორისტებიც“ იბრძვიანო.
აბდულვაჰიდ ედილგერიევი სტამბოლში დაბრუნდა და დაჯგუფება „ნოხჩი-ჩოს ვილაიეთის“ წარმომადგენელი გახდა. როგორც ავტორს ერთ-ერთი ჩეჩენი უყვება, სროლის შემდეგ თავდამსხმელები დიდი სისწრაფით გაცილდნენ მკვლელობის ადგილს, გვერდია აუარეს პოლიციის შენობას და მიიმალნენ. მათი კვალი დაიკარგა.