globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 12 იანვარი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jan 12th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ამერიკის საგარეო პოლიტიკა: მეტი ჩართულობა თუ იზოლაცია? // ჯონ კერი: „არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს განვსჯი, თუმცა როდესაც რუსეთი საქართველოში – სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეიჭრა, მაშინ არაფერი გაკეთებულა, არანაირი სანქციები არ დაწესებულა“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – სკანდალური გაყრა 16-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ

«Radio Voice of America – Радио Голос Америки» (აშშ): საქართველომ „გაზპრომის“ ახალი პირობებზე დათანხმდა // ოპოზიციამ ხელისუფლება კაპიტულანტურობაში დაადანაშაულა

«КоммерсантЪ» (რუსეთი): „გაზპრომმა“ საქართველოს მონეტიზაცია მოახდინა // ქვეყანას გაზის ბალანსში გარღვევა ელოდება

«Lragir» (სომხეთი): რაზე მოილაპარაკეს საქართველომ და რუსეთმა სომხეთისათვის გაზის მიწოდების საკითხზე

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 12 იანვარი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/what-should-us-role-be-on-international-stage/3672556.html

ამერიკის საგარეო პოლიტიკა: მეტი ჩართულობა თუ იზოლაცია?

ჯონ კერი: არ მინდა ისე გამომივიდეს თითქოს განვსჯი, თუმცა როდესაც რუსეთი საქართველოში - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეიჭრა, მაშინ არაფერი გაკეთებულა, არანაირი სანქციები არ დაწესებულა

ანი ჩხიკვაძე

ვაშინგტონში, მშვიდობის ინსტიტუტში კონფერენცია გაიმართა, სადაც ამერიკის ყოფილი და მომავალი მაღალი რანგის ოფიციალური პირები, მსოფლიოში ამერიკის როლის თემაზე საუბრობდნენ და განიხილავდნენ იმას, თუ როგორი უნდა იყოს ამერიკის საგარეო პოლიტიკა ახალი ადმინისტრაციის პირობებში. დამსწრეებს სიტყვით სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, ყოფილმა ტოპ-დიპლომატმა მადლინ ოლრაიტმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ობამას მრჩეველმა, სუზან რაისმა მიმართა. სიტყვით გამოვიდა ასევე მომავალი ადმინისტრაციის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინი.

ამერიკის როლზე საუბრისას მადელინ ოლბრაიტმა განაცხადა რომ მას სჯერა ამერიკის შეერთებული შტატები საერთაშორისო არენაზე მორალურ პრინციპებზე დაფუძნებულ პოლიტიკას უნდა ატარებდეს

„მე მჯერა, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს მორალური საგარეო პოლიტიკა. ეს განსაკუთრებული ქვეყანაა… ამერიკას აქვს შესაძლებლობა და უნდა იყოს მორალური ლიდერი. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება და ჩვენ ვიცი იმის შესახებ თუ სად რა ხდება და ისიც თუ რა პასუხისმგებლობა გვაქვს როდესაც სადმე ადამიანს ეთნიკური ნიშნით თუ სხვა ნიშნით დევნიან და წმენდნენ და მათ წინააღმდეგ გენოციდს ჩადიან“, – განაცხადა ოლბრაიტმა.

შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ობამას ადმინისტრაციის განვლილი წლები შეაფასა და განაცხადა, რომ ის ფიქრობ ამერიკამ მოახერხა ახალი პარტნიორების შეძენა და წარმატებული შეთანხმებების მიღწევა სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციებში.

„მე ვფიქრობ დღეს ამერიკას უწევს უფრო მეტ კონფლიქტთან და სიტუაციასთან ერთდროულად გამკლავება, ვიდრე ეს ოდესმე ქვეყნის ისტორიაში გვინახავს. მე ვფიქრობ უფრო მეტი მიღწევაც გვქონდა – კუბის მიმართ პოლიტიკის ცვლილება, კოლუმბიისთვის დახმარების გაწევა რათა 50 წელში შემდეგ მშვიდობიანად დაესრულებინათ ომი, არგენტინასთან მუშაობა და სხვა…“, – განაცხადა ჯონ კერიმ, – „ბევრი რამ ხდება, რასაც ადამიანები ყოველდღიურად ვერ ამჩნევენ, მაგრამ ისინი ამერიკის ინტერესებისთვის გადამწვეტია“.

სახელმწიფო მდივანმა სირიის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, რუსეთთან მუშაობა იმისთვის, რომ სირიიდან ქიმიური იარაღი გაეტანათ ერთ-ერთი მთავარი წარმატებაა ბარაკ ობამას ადმინისტრაციით: „მე სერგეი ლავროვმა დამირეკა და მითხრა: „ეს შესანიშნავი იდეაა. ამ მიმართულებით უნდა ვიმუშავოთ. შეხვდეთ და ვნახოთ რაზე შეგვიძლია შევთანხმდეთ“, რამდენიმე დღეში შეთანხმებას მივაღწიეთ. ჩვენ შევხვდით, მოვილაპარაკეთ მეთოდოლოგიაზე“, – განაცხადა ჯონ კერიმ.

ჯონ კერი რუსეთის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის წინამორბედ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციას აქტიურად არ უპასუხია საქართველო-რუსეთის ომისთვის, თუმცა სახელმწიფო მდივანი არ შეხებია მისი ადმინისტრაციის 2009 წლის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ომიდან რამდენიმე თვეში ვაშინგტონმა მოსკოვთან „გადატვირთვა“ დაიწყო: „არ მინდა ისე გამომივიდეს თითქოს განვსჯი, თუმცა როდესაც რუსეთი საქართველოში – სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეიჭრა, მაშინ არაფერი გაკეთებულა, სანქციები არ დაწესებულა, საერთოდ არაფერი. ჩვენ [დემოკრატები] მოვედით და როდესაც უკრაინის კრიზისი დაიწყო, ევროპის მხარდაჭერა მოვიპოვეთ და სანქციები დავუწესეთ რუსეთს. ეს სანქციები მძიმე ტვირთია რუსეთისთვის. ჩვენ ნათლად ვთქვით, რომ [რუსეთს] ფასის გადახდა მოუწევდა ამისთვის [უკრაინაში შეჭრისთვის]. ევროპაში ზოგს სურს სანქციების შეწყვეტა, თუმცა ჩვენ ვახერხებდით შეგვენარჩუნებინა სანქციები მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციისთვის“, – აღნიშნა ჯონ კერიმ.

სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა იმაზეც, რომ ამერიკის საგარეოპოლიტიკური უწყების ბიუჯეტის თითქმის ნახევარი საერთაშორისო დახმარებაზე იხარჯება: „სახდეპარტამენტს 51 მილიარდიან დოლარიანი ბიუჯეტი აქვს, აქედან 21 USAID-ის პროგრამებს ხმარდება“, – განაცხადა მან.

აუდიტორიას ასევე მიმართა სუზან რაისმა, ბარაკ ობამას მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. მისი განცხადებით, ამერიკას ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პირობებში ბევრ გამოწვევასთან მოუხდა გამკლავება: „ამერიკა როგორც გლობალურ ლიდერი საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნების გამოწვევის წინაშე დგას, რომელიც მთავარ გლობალურ და რეგიონალურ აქტორებს შორის დაპირისპირების შედეგად საფრთხის წინაშეა. რუსეთი აგრძელებს გლობალური წესრიგის დარღვევას, უკრაინასა და სირიაში და ამერიკის დემოკრატიულ არჩევნებში ჩარევის კუთხით. ჩინეთის აგრესიული პოლიტიკა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში იმის ტესტი იყო, იქნებოდა თუ არა ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობები დაფუძნებული ჩვენს შორის სხვაობაზე, თუ პირიქით თანამშრომლობის სურვილზე. ევროკავშირი „ბრექსიტი“ შედეგად გაურკვევლობაში აღმოჩნდა, იქ ვხვდებით, ეკონომიკური გაურკვევლობას, საიმიგრაციო კრიზისს და რუსული აგრესიას. ევროპა ამერიკის დახმარებას იმაზე უფრო მეტად საჭიროებს ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა მან.

ბარაკ ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლების გარდა, ამერიკის როლზე და მომავალ გეგმებზე დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, გადამდგარმა გენერალმა მაიკლ ფლინმა ისაუბრა: „ჩვენ გადავხედავთ ჩვენს ურთიერთობებს მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ქვეყნებთან და გავითვალისწინებთ, სხვების მიერ გაღებულ მსხვერპლს და აღებულ ვალდებულებებს, რომელიც ჩვენმა ბევრმა მოკავშირემ გაიღო ჩვენი უსაფრთხოების და კეთილდღეობისთვის“ , – თქვა მაიკლ  ფლინმა, – „ალიანსები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იარაღია, რაც ჩვენ გვაქვს და ამ ალიანსების სიძლიერე ჩვენ სიძლიერეს ეხმარება“.

ამერიკის როლზე საუბრისას, მაიკლ ფლინმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის ჩართულობა მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე აუცილებელია. „მოგვწონს ეს თუ არა, მსოფლიოს ჩვენ ვჭირდებით, მსოფლიო ითხოვს ჩვენს ჩართულობას“, – განაცხადა მან.

სენატში 11 იანვარს ამერიკის მომავალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახელმწიფო მდივნის კანდიდატის რექს ტილერსონის მოსმენა გაიმართა. საკანონმდებლო ორგანომ უნდა გადაწყვიტოს – დაამტკიცებენ თუ არა ისინი დონალდ ტრამპის არჩეულ კანდიდატს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე. რექს ტილერსონი, Exxon-Mobil-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, კანონმდებლებთან კითხვებს პასუხობდა.

თუ როგორი იქნება დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა პრაქტიკაში, ამას მისი პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგი 100 დღის მანძილზე გავიგებთ.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 12 იანვარი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-breakup-of-unm-party-seems-inevitable/3671832.html

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – სკანდალური გაყრა 16-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ

ზაზა წულაძე

მთავარი ოპოზიციური პარტიის ყრილობამდე ცხრა დღით ადრე მთავარი კითხვა ერთია: რამდენ ნაწილად გაიყოფა „ნაციონალური მოძრაობა“? იმის, რომ დარჩენილ დროში უკიდურესად დაპირისპირებული მხარეები საერთო ენას იპოვნიან, უკვე პარტიის შიგნითაც აღარ სჯერათ. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, დეპუტატ გიგა ბოკერიას დაჯგუფებებს შორის არსებული ანტაგონიზმი იმდენად თვალსაჩინოა, რომ აშკარაა – ყოფილი სახელისუფლებო პარტია მისი წინამორბედების „მრგვალი მაგიდისა“ და „მოქალაქეთა კავშირის“ ბედს გაიზიარებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა ციხიდან პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიგი უგულავას მოულოდნელმა გათავისუფლებამ. საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, 2016 წლის 4 ნოემბერს, ციხიდან გამოგზავნილი ღია წერილით სწორედ თბილისის ყოფილმა მერმა დაუდო სათავე დისკუსიას, რომ აუცილებელია პარტიის მიხეილ სააკაშვილისგან დისტანცირება.

გიგი უგულავა, რომელსაც დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ედავებოდნენ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 6 იანვარს გაათავისუფლა.

პარტიის სხვა ლიდერებთან, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციის შემდეგ, გიგი უგულავამ საბოლოო დიაგნოზი უკვე დასვა. მან მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს „ბიბლიოთეკის უკლონისტები“, ხოლო „ნაციონალური მოძრაობას“ – დანგრეული უწოდა: „რესურსი იმისა, რომ პარტიამ ერთიანობა შეინარჩუნოს პრაქტიკულად აღარ არის. პარტია იყოფა. განსხვავებები ფუნდამენტურია“.

ღია დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯერ კიდევ საპარლამენტო სიის ფორმირებისას დაიწყო და განსაკუთრებით გამწვავდა 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, როცა პარტიამ 477 053 ხმა მიიღო და პარლამენტში მხოლოდ 27 დეპუტატის გაყვანა შეძლო.

ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი პარლამენტში შესვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, თუმცა 11 ოქტომბერს, პოლიტსაბჭოზე, კენჭისყრის დროს „გიგა ბოკერიას გუნდმა“ გაიმარჯვა. საბოლოოდ, ბოიკოტი არჩევნების მეორე ტურსა და პარლამენტში შესვლას მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ სანდრა რულოვსმა გამოუცხადა. რევანში „მიხეილ სააკაშვილის გუნდმა“ უკვე 30 ნოემბრის პოლიტსაბჭოზე აიღო, სადაც მათ ფართო წარმომადგენლობის ყრილობის იდეა გაიტანეს. 2017 წლის 20 იანვრის ყრილობაზე, რომელიც სპორტის სასახლეში გაიმართება, პარტიის ახალი თავმჯდომარე და ახალი პოლიტსაბჭო უნდა აირჩეს.

„გიგა ბოკერიას გუნდი“ აცხადებს, რომ 7000-დელეგატიანი ყრილობა არალეგიტიმურია, რადგან საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება „მიხეილ სააკაშვილი გუნდი“, რაც იმას ნიშნავს, რომ ყრილობა ნებისმიერ შემთხვევაში გაიმართება.

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის დაშლაში ბიძინა ივანიშვილის „უხილავ ხელს“ ხედავს. ნიკა მელია ამბობს, რომ გიგი უგულავა ციხიდან ახალი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის სტატუსით გამოვიდა: „გიგი უგულავა ციხიდან არ გამოსულა, როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი. იგი გამოვიდა, როგორც ახალი პარტიის წევრი. სადაც გადადის გიგა ბოკერიას ჯგუფი იქ მივყება გიგი უგულავაც.“

„გიგა ბოკერიას გუნდს“ უკვე ნაპოვნი აქვს ახალი ნავსაყუდელი. ეს არის პარტია „ევროპული საქართველო“, რომელიც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობასთან“ საარჩევნო ბლოკში იყო გაერთიანებული.

2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით, „ევროპულმა საქართველომ“, რომლის დამფუძნებელიც პარლამენტარ გიგი წერეთლის მამაა, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი და სახელმწიფოსგან 895 000 ლარიანი დაფინანსება მოიპოვა.

თავად „ნაციონალური მოძრაობას”, როგორც კვალიფიციურ სუბიექტს – 1 122 000 ლარის დაფინანსება აქვს. „მიხეილ სააკაშვილის გუნდი“ ნაწილობრივ ასევე აკონტროლებს კიდევ ერთ კვალიფიციურ სუბიექტს – 598 000 ლარის დაფინანსების მქონე „ქრისტიან-კონსერვატიული პარტიას“ – ყოფილ დეპუტატ შოთა მოლაშხიას პარტიასთან ბლოკში, „ნაცმოძრაობა“ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა.

სანამ 16-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაყრა ოფიციალურად გაფორმდება, მთავარი ოპოზიციური პარტიის შიგნით, ერთის მხრივ, მიდის ბრძოლა განსაკუთრებით „მსუყე ტორტის ნაჭრებისთვის“, მეორეს მხრივ კი – თვითგამორკვევის პროცესი, თუ ვინ ვისთან რჩება.

„გიგა ბოკერიას გუნდმა“ „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო სიიდან დემონსტრაციულად ამოიღო მიხეილ სააკაშვილის მომხრე ფიგურები და საპარალამენტო ფრაქციის თავმჯდომარის გადაყენებას გეგმავს. თავის მხრივ, „მიხეილ სააკაშვილის გუნდი“ პარლამენტში ახალი, დამოუკიდებელი ფრაქციის შექმნაზე მუშაობს. ხოლო 20 იანვრის ყრილობაზე, პარტიის სადავეების ხელში აღების შემდეგ, საპარლამენტო სიიდან „გიგა ბოკერიას გუნდის“ ამოღების პროცესის წამოყებით იმუქრება. დაპირისპირებული მხარეები პოლიტიკური გაყრის შემდეგ არ გამორიცხავენ ხანგრძლივი იურიდიული დავის დაწყებას „ნაციონალური მოძრაობის“ უძრავ-მოძრავი ქონებისა და პარტიის სახელწოდების გამო.

ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის პარტიის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის პოზიცია, რომელიც 2013 წლიდან დაპატიმრებულია და სასჯელს იხდის.

მიხეილ სააკაშვილის გუნდი:

ნიკა მელია, ლევან ვარშალომიძე, გიორგი ბარამიძე, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, სალომე სამადაშვილი, თინა ბოკუჩავა, ჩიორა თაქთაქიშვილი, დავით კირკიტაძე, ლევან ბეჟაშვილი, ნინო კალანდაძე, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, აზერ სულეიმანოვი, რომან გოცირიძე, გიორგი კარბელაშვილი, ზაზა ბიბილაშვილი, ზურა მელიქიშვილი, აკაკი მინაშვილი, მარიამ საჯაია, კობა სუბელიანი, ეკა ხერხეულიძე, კობა ხაბაზი, ხათუნა ოჩიაური, ზურაბ ბუცხრიკიძე, პაატა ლეჟავა, ომარ მეგრელიძე, ირაკლი ნადირაძე, გიორგი პატარაია, ვახტანგ ლემონჯავა, ირაქლი ქავთარაძე, გოჩა კუპრავა, ბართლომე შელია, დავით საყვარელიძე

გიგა ბოკერიას გუნდი:

დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, გიგი უგულავა, გივი თარგამაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი კანდელაკი, ირმა ნადირაშვილი, გოკა გაბაშვილი, ლევან თარხნიშვილი, კაკო ბობოხიძე, ელენე ხოშტარია, დავით დარჩიაშვილი, მამუკა ახვლედიანი, ვახტანგ ბალავაძე, თენგიზ გუნავა, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ირაკლი აბესაძე, ზაზა კედელაშვილი, ლელა ქებურია, გიორგი ღვინიაშვილი, გია თევდორაძე, ტარიელ ლონდარიძე, ქეთი მჭედლიძე, ზურაბ ჩილინგარაშვილი, ვაჟა ჩიტაშვილი, ლაშა დამენია, ლევან ბობოხიძე, აკმამედ იმამკულიევი, დათო ჟღენტი, ვახტანგ დარცმელიძე, დავით ჯინჯოლავა, ჰარუთიუნ ალექსანიანი, ვაჩაგან პოდოღლიანი, მიხეილ მაჭავარიანი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2001-2017 წლებში:

2001 – დაფუძნდა „ნაციონალური მოძრაობა საქართველოს გადასარჩენად“ სახელით, მიხეილ სააკაშვილის მიერ;

2002 – შეერწყა პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და აიღო მისი სახელწოდება;

2002 – მეორე შედეგი აჩვენა თვითმმართველობის არჩევნებზე (24%). მიხეილ სააკაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა;

2003 – საპარლამენტო არჩევნებში გავიდა მესამე ადგილზე (18.08%). არჩევნების გაყალბების ლოზუნგით დაიწყო მასობრივი პროტესტის ორგანიზება, რაც პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლით დასრულდა;

2004 – მიხეილ სააკაშვილი აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად (96%). რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა (67%). პარტია დატოვა პოლიტიკური მდივნის კობა დავითაშვილის ჯგუფმა;

2006 – მოიგო ადგილობრივი არჩევნები (60%);

2007 – მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წინააღმდეგ პროტესტის ფონზე, პარტიას გამოეყო თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ჯგუფი. 7 ნოემბრის აქციისა და “ტელეიმედის” დარბევის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გადადგა და დანიშნა ახალი არჩევნები;

2008 – მოიგო რიგგარეშე საპრეზიდენტო (53%) და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები (59%). პარტიას გამოეყო პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძისა და ყოფილი პრემიერის ზურაბ ნოღაიდელის ჯგუფები;

2009 – მიხეილ სააკაშვილთან პოლიტიკური კავშირი გაწყვიტა გაეროში საქართველოს ელჩის ირაკლი ალასანიას ჯგუფმა;

2010 – მოიგო ადგილობრივი არჩევნები (65.7%), გიგი უგულავა გახდა პირდაპირი წესით არჩეული თბილისის პირველი მერი;

2012 – დამარცხდა „ქართულ ოცნებასთან“ საპარლამენტო არჩევნებში (40%), რის შემდეგაც ეტაპობრივად დაკარგა პარლამენტსა და თვითმმართველობის ორგანოებში გასული დეპუტაციის დიდი ნაწილი;

2013 – დამარცხდა საპრეზიდენტო არჩევნებში (22%). ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველო დატოვა, დააპატიმრეს პარტიის გენმდივანი ვანო მერაბიშვილი;

2014 – დამარცხდა ადგილობრივ არჩევნებში (22,4%), დააპატიმრეს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი გიგი უგულავა;

2015 -16 – პარტია დატოვეს ყოფილი აღმასრულებელი მდივნის ზურაბ ჯაფარიძისა და სტრატეგიული განვითარების მდივნის გიორგი ვაშაძის ჯგუფებმა. პარტიის თავმჯდომარეს მიხეილ სააკაშვილს, უკრაინის მოქალაქების მინიჭების გამო, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა;

2016 – დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში (27%) და დაიწყო პარტიის გაყოფის პროცესი.

«Radio Voice of America – Радио Голос Америки» (აშშ), 12 იანვარი, 2017 წელი

http://www.golos-ameriki.ru/a/nc-tbilisi-accepts-gazprom-conditions/3672203.html

საქართველომ „გაზპრომის“ ახალი პირობებზე დათანხმდა

ოპოზიციამ ხელისუფლება კაპიტულანტურობაში დაადანაშაულა

ნესტან ჩარკვიანი

(შემოკლებით)

„გაზპრომ“-თან ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, თბილისი საბოლოოდ დათანხმდა რუსული გაზის ტრანზიტის პირობებს სომხეთისაკენ. კერძოდ, თუ ადრე საქართველო სომხეთში ტრანზიტისათვის ბუნებრივი გაზის საერთო მოცულობის 10%-ს იღებდა, ამიერიდან გაზის ნაცვლად, ფულს მიიღებს. შეთანხმება „გაზპრომ“-თან ორი წლის ვადით გაფორმდა.

„საქართველოს მთავრობამ განიხილა „გაზპრომის“ შეთავაზება და ხელშეკრულების გაფორმება გადაწყვიტა. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს შეთანხმება არ ზრდის საქართველოს დამოკიდებულებას რუსულ ენერგომატარებლებზე. იცვლება მხოლოდ გადახდის ფორმა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გადავდივართ [ტრანზიტის] ანაზღაურების საერთაშორისო პრაქტიკაზე – ნედლეულის ნაცვლად ფულადი გადახდა“, – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 11 იანვარს. მისი თქმით, ახალ კონტრაქტის პირობებში გათვალისწინებულია, რომ თუ საქართველოს რუსეთში გაზის შესყიდვა დაჭირდება, მაშინ თბილისს შეუძლია გაზი საბაზროზე ნაკჯლები ფასით შეიძინოს, ანუ ათას კუბმეტრ გაზში, ნაცვლად საბაზრო 215 დოლარისა, 185 დოლარს გადაიხდის. იმავდროულად, როგორც ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რუსეთის მიერ სომხეთისათვის მიწოდებული გაზის ტრანზიტის ანაზღაურება, რომელსაც საქართველო მიიღებს, „ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი იქნება“. თუმცა კახა კალაძეს თავისი ნათქვამის დასადასტურებლად არანაირი ციფრები არ დაუსახელებია.

„ფინანსური თვალსაზრისით, ჩვენ იგივე შედეგს ვღებულობთ, როგორც ნედლელულით ანაზღაურების დროს იყო“, – აღნიშნა კახა კალაძემ ჯურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე.

საქართველო რუსეთისაგან ბუნებრივ გაზს 2007 წლიდან აღარ ყიდულობს. შესაბამისად, ამ ნედლელულის ძირითადი მომწოდებელი საქართველოსთვის მეზობელი აზერბაიჯანი გახლავთ, კერძოდ, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია „სოკარი“.

ქართული ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს და თვლის, რომ „გაზპრომ“-თან ახალი კონტრაქტის გაფორმება „კაპიტულანტური მოქმედებაა“. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც პარლამენტში უმცირესობას წარმოადგენს, მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნისათვის წამგებიანი ნაბიჯი გადადგა. „ნაციონალების“ აზრით, საქართველოს ტერიტორიით რუსული გაზის ტრანზიტი სომხეთისათვის უალტერნატივოა და ამიტომ ამ ფაქტორის გათვალისწინებით თბილისს მოსკოვისადმი „პირობების კარნახის“ მეტი შესაძლებლობა ჰქონდა. რუსეთს ბევრჯერ სურდა ადრინდელი შეთანხმების შეცვლა, მაგრამ ამას დღემდე ვერ ახერხებდა, ანუ საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ იდგა „თვით ყველაზე რთულ პერიოდშიც კი“. „ახლა კი ჩანს, რომ მთავრობა რუსეთის ზეწოლის ქვეშ მოექცა… ფაქტიურად გრძელდება ეკონომიკური ანექსია. რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი – შანტაჟს, პირად მუქარებს თუ ცალკეული პირების განსაზღვრულ ფინანსურ ინტერესებს?“, – აცხადებენ „ნაციონალები“.

რადიო „ამერიკის ხმის“ რუსული სამსახურის კორესპონდენტთან ეკონომიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ „გაზპრომთან“ დადებული შეთანხმების ირგვლივ ჯერ-ჯერობით ბევრი რამ გაურკვეველია და უცნობია, რა ულტიმატუმი წაუყენა რუსეთმა საქართველოს, „ოპოზიციის მხრიდან სიტუაციის დრამატიზება უსამართლობა იქნებოდა“. ექსპერტის მტკიცებით, ახალი სატრანზიტო შეთანხმების პირობები არაფრით უარესი არაა სხვა ქვეყნების პირობებზე. იგი განმარტავს, რომ მიმდინარე წლამდე  „გაზპრომ“-თან ურთიერთობებში საქართველო განსაკუთრებული პირობებით სარგებლობდა, რაც სრულებით არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს, ანუ საქართველოსთვის ასეთი პირობები შედარებით უფრო მომგებიანი იყო, ვიდრე ამას მსოფლიოში არსებული ანალოგიური სატრანზიტო შეთანხმებების პრაქტიკა ითვალისწინებდა.

„იქიდან გამომდინარე, რომ სომხეთისათვის გაზის მიწოდება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებში შედიოდა, თბილისი გარკვეულ პოლიტიკურ ბერკეტებს ფლობდა. ასე ხდებოდა წლიდან წლამდე. მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთი აღარ დაეთანხმა კომპრომისს, მას უკვე რაღაც ბერკეტები გაუჩნდა და მათი მეშვეობით ჩვენც იმ სქემაში „ჩავჯექით“, რომლითაც „გაზპრომი“ სხვა ქვეყნებთან მუშაობს“, – ვარაუდობს გია ხუხაშვილი. ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ მოლაპარაკების დროს ქართული მხარის მიერ რაღაც „ტაქტიკური შეცდომები“ იქნა დაშვებული, მაგრამ ხელისუფლებისადმი „კაპიტულაციის“ დაბრალებაც სარწმუნოდ არ ჟღერს: „საბოლოო ჯამში, ის შეთანხმება, რომელიც ძალაში შევა, საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება“, – ხაზს უსვამს გია ხუხაშვილი.

„ოპოზიციის ბრალდებები მთლად სამართლიანი არ არის, თუმცა საინტერესოა – რომელი არგუმენტებით ისარგებლა ამჟამად რუსეთმა? რა ულტიმატუმი წამოაყენა რუსეთმა? იყო მოსკოვი მზად იმისთვის, რომ სომხეთისათვის გაზის მიწოდება შეეწყვიტა? პირადად მე მიმაჩნია, რომ ხელმოწერილი შეთანხმება ჩვენ ფინანსური ანაზღაურების პრიზმით კი არ უნდა  განვიხილოთ, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების პრიზმით“, – თვლის გია ხუხაშვილი.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 12 იანვარი, 2017 წელი

http://kommersant.ru/doc/3188704

„გაზპრომმა“ საქართველოს მონეტიზაცია მოახდინა

ქვეყანას გაზის ბალანსში გარღვევა ელოდება

ოლღა მორდიუშენკო, გიორგი დვალი

(შემოკლებით)

საქართველო ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ მოულოდნელად დათანხმდა მის ტერიტორიაზე გაზის ტრანზიტის გადახდის მონეტიზაციას, თუმცა ადრე ამას უსამართლოდ მიიჩნევდა. ბოლო 16 წლის მანძილზე „გაზპრომი“ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მილსადენის მეშვეობით ენერგოდელეულის სომხეთში გადაქაჩვის საფასურს ნატურალური სახით იხდიდა, რაც თბილისისთვის მომგებიანი იყო, მაგრამ რუსეთს არ აწყობდა. მართალია, ქართული მხარე აცხადებს, რომ ახალი შეთანხმებით გაზის ტრანზიტის საფასური ერთ-ერთი მაღალი იქნება მთელ ევროპაშიო, მაგრამ ექსპერტებს ეჭვი სექვთ ამ განცხადებაში და ამბობენ, რომ ძველი პირობების კომპენსირება ახალი შეთანხმებით, გინდაც ეს დაბალ ფასებში გაზის დამოუკიდებელ და დამატებით შესყიდვაში გამოიხატოს, მთლიანად ვერ მოხერხდება.

საქართველოს მთავრობამ 10 იანვარს მინსკში გამართული მოლაპარაკების შედეგად რუსულ „გაზპრომ-ექსპორტთან“ სომხეთისათვის გაზის ტრანზიტის ორწლიანი შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმად, ტრანზიტის ანაზრაურება ფულით განხორციელდება. ადრე თბილისი ტრანზიტისათვის გადაქაჩული გაზის 10%-ს ღებულობდა (დაახლოებით 300 მილიონ კუბმეტრს წელიწადში). გადახდის ასეთი ფორმა მხარეთა შორის 2001 წლიდან მოქმედებდა და მისი პროლონგაცია-გადახედვა ყოველწლიურად ხდებოდა.

როგორც 11 იანვარს საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, „მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდის შედეგად ჩვენ ოპტიმალური წინადადება მივიღეთო“. მან დეტალები არ გაამხილა, თუმცა დარწმუნებით აღნიშნა, რომ საქართველო ახლებური გადახდით თითქმის იგივე შედეგს მიიღებს, რასაც ნატურით გადახდის დროს ღებულობდა, თან ჩვენთვის ტრანზიტის ღირებულება ევროპაში ერთ-ერთი მაღალი იქნებაო. 2017 წელს გადახდა ნაწილობრივ ისევ ძველი ფორმით იწარმოებს (ნატურით), 2018 წლიდან კი მხარეები მთლიანად ფულად ანგარიშზე გადავლენ. მინისტრმა ისიც აღნისნა, რომ ახალი შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ძესაძლებლობა ექნება დამატებითი მოცულობის გაზი უფრო დაბალ ფასში შეისყიდოს – ათასი კუბმეტრი 185 დოლარად, ნაცვლად 215-ისა.

საქართველო მოხმარებული გაზის ძირითად მოცულობას აზერბაიჯანისაგან ღებულობს, მცირე რაოდენობას კი – სომხეთისათვის რუსული გაზის ტრანზიტისაგან. თბილისს სურდა გაზი ირანისაგანაც შეესყიდა, თუმცა შემდეგ უარი თქვა, რადგან 2016 წელს აზერბაიჯანულ „სოკარ“-თან ახალი პირობები შეათანხმა 1,5 მილიარდი კუბმეტრი გაზის მოწოდების თაობაზე. საერთოდ, საქართველო წელიწადში დაახლოებით ორ მილიარდ კუბმეტრ ბუნებრივ გაზს მოიხმარს.

რუსეთი დიდი ხანია მოითხოვდა სატრანზიტო გადახდის მონეტიზაციას, მაგრამ იმ დროს, 2016 წლის დასაწყისში, ამგვარ ვარიანტს თვითონ კახა კალაძე „მიუღებლად“ თვლიდა, იმის მიუხედავად, რომ „გაზპრომი“ სვაპური ოპერციით იმუქრებოდა (ანუ სომხეთი საწვავი გაზით ირანიდან იქნებოდა უზრუნველყოფილი). დღეს კი ბატონი კალაძე ტრანზისტის საფასურის ფულით გადახდას „ოპტიმალურ გადაწყვეტილებად“ მიიჩნევს. სიტუაცია იმაში გამოიხატება, რომ ძველ სატრანზიტო სეთანხმებას ვადა 2016 წლის 31 დეკემბერს გაუვიდა და თუ საქართველო გაზის წილის აღებას კვლავ გააგრძელებდა [ამჯერად უკვე თვითნებურად] თბილისს „გაზპრომის“ მხრიდან სარჩელი ელოდა. თვით „გაზპრომი“ ახალ კონტრაქტის სესახებ რაიმე კომენტარს არ აკეთებს.

საქართველოში გარიგებას ყველა მხარს არ უჭერს. მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ შექმნილ მდგომარეობას (ანუ კონტრაქტის გაფორმებას) „სამშობლოს ღალატი“ უწოდა და მიანიშნა, რომ ამ საქმით პირადად მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამაარსებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებულიო, რომელიც, არაოფიციალური მონაცემებით, „გაზპრომის“ აქციების 1%-ს ფლობს.

გარიგებას არამომგებიანად თვლის პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი გიორგი ხუხაშვილიც, რომლის თქმით, „ყველაზე მაღალი ევროპული ფასითაც კი ვერ შეძლებს ქვეყანა იმდენი გაზის შესყიდვას, რამდენსაც მონეტიცაზიამდე იღებდა“. მისი აზრით, ეტყობა, „გაზპრომმა“ „რაღაც საიდუმლო არგუმენტები“ იპოვა ქართულ მხარეზე ზეწოლისათვის და მას „ძალიან კომფორტულ პრაქტიკაზე“ უარი ათქმევინა. ამასთან, ბატონი გიორგი ხუხაშვილი თანახმაა, რომ გაზის ტრანზიტის „ნატურით“ გადახდა „არაცივილიზებული, არაევროპულია“ და საერთაშორისო პრაქტიკას ეწინააღმდეგება“, სამაგიეროდ კი საქართველოსთვის ძალიან მომგებიანია.

როგორც გიორგი ხუხაშვილი თვლის, საქართველოსათვის აზერბაიჯანულ გაზზე „დაყრდნობა“ სრულებით გამართლებულია, მაგრამ ეს მხოლოდ პერსპექტივაში, 2019 წლის შემდეგ, როცა კასპიის პროექტი „შაჰ-დენიზ-2“ შევა ექსპლოატაციაში. ამ მომენტამდე აზერბაიჯანს შეუძლია საქართველოს დახმარება გაუწიოს დეფიციტის აღმოფხვრაში, მაგრამ არა იმდენად, რამდენიც საქართველოს ჭირდება – 2,5 მილიონი კუბმეტრი გაზი დღე-ღამეში. ამიტომაც, თვლის ექსპერტი, საქართველო რუსეთიდან გაზის შეძენას არ შეამცირებს. საკითხავი  ისაა, რა მოცულობას ეყოფა ის თანხა, რომელსაც ტრანზიტისთვის „გაზპრომი“ საქართველოს გადაუხდის.

«Lragir» (სომხეთი), 12 იანვარი, 2017 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/interview/view/53113

რაზე მოილაპარაკეს საქართველომ და რუსეთმა სომხეთისათვის გაზის მიწოდების საკითხზე

როზა ოვანისიანი

(შემოკლებით)

რუსეთი და საქართველო შეთანხმდნენ იმაზე, რომ თუ საქართველოს გაზის დამატებითი რაოდენობა დაჭირდება, მას შესაძლებლობა ექნება რუსეთისაგან ათასი კუბმეტრი ბუნებრივი გაზი 285 დოლარად კი არა, არამედ 285 დოლარად იყიდოს. ეს შეთანხმება მიღწეულ იქნა სომხეთისათვის რუსული გაზის ტრანზიტის შესახებ მოლაპარაკების ჩარჩოებში.

რუსეთი საქართველოს სთავაზობს, რომ ახლა ტრანზიტის საფასური ადრინდელი გაზის (ნატურის) სახით კი არა (10%-ით), არამედ მხოლოდ ფულით ანაზღაურდეს. იყო მოლოდინი იმისა, რომ ქართული მხარე გაზის ტრანზიტის ტარიფს შეამცირებდა, როგორც ამას კომპანია „გაზპრომ-არმენია“ აცხადებდა (სომხეთში გაზის ტარიფის დაკლების კონტექტსში), მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველომ ტრანზიტის ფასი არ შეამცირა. განსხვავება იმაშია, რომ 2017 წელს გადახდა ნაწილობრივ გაზით (ნატურით) იწარმოებს, ნაწილობრივ – ფულით.

ეკონომისტ აშოტ ეგიზარიანის აზრით, მოლაპარაკების მთავარი „მშვენება“ (შედეგი) ისაა, რომ  რუსეთმა საქართველო დამატებითი გაზის შეძენაზე დაითანხმა. თავის მხრივ, ქართულმა მხარემაც ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა და რუსეთს შეღავათიანი ფასი „გამოსზალა“ – 185 დოლარი ათას კუბმეტრ გაზზე, რაც, აშოტ ეგიზარიანის თქმით, უფრო იაფი ფასია, ვიდრე საქართველო აზერბაიჯანულ გაზში იხდის.

ექსპერტი იხსენებს, რომ ბოლო დრომდე საქართველო არ გამორიცხავდა ირანისაგან დამატებითი მოცულობის გაზის შეძენას. ამ შემთხვევაში სატრანზიტო ქვეყნის როლში სომხეთი გამოვიდოდა. შესაბამისად, აშოტ ეგიზარიანი მიიჩნევს, რომ [საქართველო-რუსეთის გაზის კონტრაქტით] ყველაზე მეტად სომხეთი დაზარალდა: „სომხურ მხარეს უკვე აღარ აქვს თავის ტერიტორიაზე ირანული გაზის ტრანზიტის შესაძლებლობა“, – ამბობს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ქართულ-რუსული მოლაპარაკება ირანული პროექტის ნიველირებას უკავშირდება.

აშოტ ეგიზარიანის თქმით, ქართულ მხარეს არ სურს გაზის ტრანზიტზე მოგების დაკარგვა, მაგრამ იმავდროულად თბილისი მაქსიმუმის მიღებას ცდილობს. „თავისი არსით, ეს შუალედური შეთანხმებაა. მხარეებისათვის ეს იმიჯის საკითხია, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხში რაიმე სამართლებრივი დოკუმენტი არ არსებობს“, – ამბობს სომეხი ექსპერტი. იგი თვლის, რომ ჩვენს რეგიონში გაზის მრავალმხრივი თამაშები იწყება, შესაბამისად, მხარეები თავიანთ პოზიციებს აძლიერებენ. რუსული „გაზპრომიც“, რასაკვირველია, გარკვეულწილად შეშფოთებულია – რაიმე საფრთხე ხომ არ ემუქრება მის აქ ყოფნას. ამჟამად „გაზპრომი“ სამხრეთ კავკასიაში მმხოლოდ იმის საფუძველზე იმყოფება, რომ სომხეთს აწვდის გაზს და ამისათვის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მილსადენით სარგებლობს. თავის მხრივ, გააქტიურებას ირანული მხარეც ცდილობს.

უკვე ცნობილია, რომ სამხრეთ კავკასიის გაზის ტრანზიტის სისტემაში თურქმენეთიც ჩართვას ცდილობს. თუ ამას მივამატებთ ენერგეტიკის სფეროში მომხდარ რევოლუციას და მსოფლიო ბაზარზე გაზის ფასების დაცემას, მაშინ გასაგები იქნება, თუ რატომ ცდილობენ თავიანთ პოზიციების განმტკიცებას მხარეები დიდი ცვლილებების მოლოდინში. „ვფიქრობ, „გაზპრომის“ უპირატესობა ისაა, რომ რუსული კომპანია სომხეთის გაზგამანაწილებელ სისტემას მთლიანად აკონტროლებს. „გაზპრომი“ შეეცდება ისარგებლოს თავისი გავლენით სომხეთზე და ერევნის მეშვეობით რეგიონში ყოფნა უზრუნველყოს. როგორ მოხდება ეს ყველაფერი, ამის თქმა ძნელია. თუ რუსეთი სომხეთს გაზს საქართველოს გავლით ვერ მოაწვდის, მაშინ მხოლოდ ირანიდან იმპორტის იმედი რჩება. ასეთ შემთხვევაში, იმის მიუხედავად, რომ სომხეთის გაზგამანაწილებელი სისტემა „გაზპრომს“ ეკუთვნის, პირობებს მაინც ირანი გვიკარნახებს. ამ საკითხით „გაზპრომი“ ძალიან არის შეშფოთებული. მაგრამ არსებობს სხვა საკითხიც – ქართული ტრანზიტით მიღებული გაზი ძვირია და ეს სომხეთის უკმაყოფილებას იწვევს. „გაზპრომისათვის“ ესეც არასასიამოვნოა“, – ამბობს აშოტ ეგიზარიანი.

ექსპერტის აზრით, „გაზპრომის“ სამხრეთ კავკასიაში ყოფნა საფრთხის ქვეშაა“.

Comments are closed