globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 12 თებერვალი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Feb 12th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Die Welt» (გერმანია): ინტერვიუ ირაკლი ღარიბაშვილთან: „ჩვენ დაუსჯელობის მანკიერი წრე უნდა გავარღვიოთ“

«Deutsche Welle» (გერმანია): რუსეთი და სამხრეთ ოსეთი: „მაქსიმალური ინტეგრაცია“ „ანექსიის“ ნაცვლად

————————————————————————————————————————————————————–

«Die Welt» (გერმანია), 11 თებერვალი, 2015 წელი

http://www.welt.de/politik/ausland/article137349761/Wir-muessen-den-Kreis-der-Straflosigkeit-brechen.html

ინტერვიუ ირაკლი ღარიბაშვილთან: „ჩვენ დაუსჯელობის მანკიერი წრე უნდა გავარღვიოთ“

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს თავისი ქვეყნის ევროპისაკენ წინსვლა სურს; მან თავისი ძველი მეგობარიც კი დააჭერინა; უკრაინის კრიზისი მის გეგმებს ხელს უშლის.

ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი კარიერა ელვისებურად დაიწყო: 32 წლის ასაკაში მან უკვე პრემიერ-მინისტრობას მიაღწია, მანამდე კი იგი საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანის – ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-იმპერიაში მუშაობდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, ირაკლი ღარიბაშვილი შს მინისტრად დაინიშნა, ხოლო როცა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა, მან თავის ადგილზე ირაკლი ღარიბაშვილი დასვა. საქართველოში ბევრი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს თავისი ახალგაზრდა მოწაფის მეშვეობით ქვეყნის პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი  გავლენა აქვს. უკრაინის კრიზისის პირობებში საქართველოს ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოების კურსს, – ნათქვამია ინტერვიუს შესავალში, რომელიც დავოსის ეკონომიკური ფორუმის დროსაა ჩაწერილი.

«Die Welt»-ის კორესპონდენტი იულია სმირნოვა ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრება (შემოკლებული შინაარსი, თავისუფალი თარგმანი):

ა) რუსეთი და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია

„მსოფლიო ძალიან შეიცვალა, გასულ წელს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, უკრაინის კრიზისი გამწვავდა და გაჭიანურდა. რასაკვირველია, საქართველო, ბუნებრივია, შეშფოთებულია ამ სიტუაციით, რადგან რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, მოსკოვმა აფხაზეთთან ხელი მოაწერა სამოკავშირეო ხელშეკრულებას და იგივეს გაკეთებას აპირებს სამხრეთ ოსეთთანაც, ჩვენი კონსტრუქციული პოლიტიკის მიუხედავად.

რუსეთთან მეზობლობის საიმედოობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზედაც პასუხი ჯერ არ ჩანს. 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ოკუპირება მოახდინა, თუმცა, სამწუხაროდ, მსოფლიომ ეს ფაქტი სერიოზულად არ აღიქვა. უკეთესი იქნებოდა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისაგან ძლიერი მხარდაჭერა ყოფილიყო. დღეს ჩვენთვის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია ყველაზე დიდი პრობლემაა. ჩვენ რუსეთთან ურთიერთობა ახალი ფორმატით დავიწყეთ – პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები ერთმანეთისაგან გამოვყავით. რუსეთმა ჩვენი პროდუქციისათვის თავისი ბაზარი გახსნა, მაგრამ, სამწუხაროდ, პოლიტიკური თვალსაზრისით, არაფერი შეცვლილა. რუსეთის მიერ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან დადებული ხელშეკრულებები საქართველოს ამ რეგიონების  ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯია: ხდება აფხაზური კანონმდებლობის შეთავსება რუსულ კანონებთან, საზღვარი ფაქტიურად გაუქმებულია…

საქართველომ განვითარების ევროპული გზა აირჩია – ევროატლანტიკური ინტეგრაცია. გასულ წელს საქართველომ ნატოს უელსის სამიტზე თანამშრომლობის გაძლიერებული პაკეტი მიიღო, წარმატებით ვმუშაობთ მის რეალიზებაზე ჩვენს პარტნიორებთან. საქართველოს ნატოსთან დაახლოება, ჩვენი ევროპისაკენ სწრაფვა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხედ არ უნდა იქნას აღქმული, პირიქით – თუ საქართველო სტაბილური და უსაფრთხო არ იქნება, ასევე არასტაბილური იქნება კავკასიის რეგიონიც. კავკასიის არასტაბილური მდგომარეობა კი არც რუსეთის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს. საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და თავისუფალი არჩევანი უნდა ჰქონდეს სასურველი საგარეო პოლიტიკის გასატარებლად. ჩვენ ვიცით, რომ ნატოში ხვალვე ვერ გავწევრიანდებით, მაგრამ სწორი გზით მივდივართ.

ბ) საქართველოს ეკონომიკა და ევროკავშირთან ასოცირება

რაც შეეხება ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების პირველ შედეგებს, ჩვენ ვმუშაობთ სავიზო რეჯიმის გამარტივების საკითხზე. თავისუფალი ვაჭრობა ქართველ მეწარმეეებს და ბიზნესმენებს ფართო შესაძლებელობებს და პერსპექტივას უქმნის ევროპის ბაზარზე პროდუქციის გასატანად, უცხოური ინვესტისციების მოზიდვისათვის. ევროპული ბაზარი 900-მილიონიანი მოსახლეობით ძალიან მიმზიდველია. გარდა ამისა, ჩვენ დადებული გვაქვს სავაჭრო შეთანხმებები დსთ-ის ქვეყნებთან და თურქეთთან.

გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა. ჩვენს სოფლის მეურნეობას დიდი პოტენციალი აქვს, უკვე რამდენიმე პროგრამა გვაქვს ჩაშვებული, რათა ორი წლის განმავლობაში 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდეს. ვაშენებთ ანაკლიის ნავსადგურს, ჩინეთს აბრეშუმის გზის განახლება სურს, შესაბამისად, საქართველო ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ამ გზის ნაწილი გახდება.

დ) ქართული დემოკრატიის პრობლემები

შეკითხვაზე, გასულ წელს საქართველოს მთავრობის რამდენიმე მინისტრი გადადგა და მათ განაცხადეს, საქართველოში დემოკრატიას საფრთხე ექმნებაო, რა იმალება ამ ფაქტში“, ირაკლი რარიბაშვილი პასუხობს: „მე ამას კომენტარს ვერ გავუკეთებ, ეს სასაცილოა. პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროში მომხდარი დარღვევების გამოძიება დაიქყო და რამდენიმე თანამშრომელი დააკავა. ჩვენ ველოდებით გამოძიების დასრულებას. მათი განცხადებები უსაფუძვლოა, პირიქით – ჩვენ ქვეყანაში დემოკრატია განვამტკიცეთ, სასამართლო პროცესები გამჭვირვალეა, მოწვეულნი გვყავს საერთაშორისო დამკვირვებლები ე.წ. „პოლიტიკურ პროცესებზე“ დასასწრებად. პროკურატურამ ასევე მოიწვია ცნობილი უცხოელი პროკურორების ჯგუფი… ჩვენ გვინდა, რომ ეჭვების საფუძველი არ იყოს.

- ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქართველოს პოლიტიკაზე ისევ გავლენას ახდენსო…

- და რას გულისხმობთ გავლენაში? იგი ხომ მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია. მე თავიდანვე განვაცხადე, რომ ზოგჯერ ყოფილი პრემიერ-მინისტრის რჩევებს ვღებულობ ხოლმე. ჩვენ ახლო ურთიერთობა გვაქვს, მე ხომ მასთან ათი წელი ვმუშაობდი. სავსებით ბუნებრივია კონსულტაციები იმ ადამიანთან, ვისაც საქმიანი და სწორი რჩევის მოცემა შეუძლია. ბიძინა ივანიშვილს მდიდარი გამოცდილება აქვს, იგი უკვე 20 წელია საქართველოს ყველაზე დიდი მეცენატი და ქველმოქმედია.

- რა საკითხებში გსურთ ხოლმე რჩევების მიღება ყოფილი პრემიერ-მინისტრისაგან?

- ეკონომიკის  სტრატეგიულ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებში. მას აქვს საქართველოში ინვესტიციების განხორციელების პროექტები. მე კონსულტაციებს ვღებულობ მთავრობის წევრებისგან და უცხოელებისგან. მაშ რატომ არ შემიძლია იგივეს გაკეთება ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, რომელსაც ძალიან დიდი პატივს ვცემ და ჩემს დამრიგებლად მიმაჩნია?

- საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე დაპატიმრების ორდერია გაცემული. რამდენად შეიძლება ვარდების რევოლუციის გმირი საპყრობილეში ჩაჯდეს?

- მე არც მოსამართლე არ ვარ და ამ საკითხის გადაწყვეტა ჩემზე არაა დამოკიდებული. ჩვენ უნდა დაველოდოთ პროკურატურის გამოძიების დასრულებას. ცნობილია, რომ რამდენიმე სახელმწიფოს მეთაური გაასამართლეს და საპყრობილეში ჩასვეს. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დემოკრატიის ფასადი შექმნა, ხოლო ჩვენი მთავრობის მიზანი კი დაუსჯელობის პრინციპის დამსხვრევაა. როცა მე შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი, ნება მივეცი ჩემი მოადგილე და მეგობარი დაეკავებინათ. დანაშაულის ჩამდენი აუცილებლად უნდა დაისაჯოს და პასუხი აგოს.

- მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა ხომ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა? აი, დღეს მისი გუნდის რამდენიმე წევრი უკრაინის მთავრობაში მუშაობს. როგორ აღიქმება ეს ყველაფერი საქართველოში?

- მე არასოდეს არ ვურჩევდი უკრაინელ მეგობრებს, რომ ჩვენი ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი თავისთან მიეწვიათ. მან მიხეილ სააკაშვილთან ერთად საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემა მთლიანად დაანგრია. იუსტიციის ექს-მინისტრ ზურაბ ადეიშვილზე, რომელიც ახლა უკრაინაში მუშაობს, ინტერპოლით ძებნაა გამოცხადებული. ჩვენი შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკა ზღულაძე სამინისტროს სახე იყო, არადა, მისი მოადგილეობის დროს ადამიანებს აწამებდნენ. მოკლედ, მათი თანამდებობებზე დანიშვნა უკრაინელთა არჩევანია. მე, უბრალოდ, არ ვისურვებდი, რომ ისინი ერთ მშვენიერ დღეს იმედგაცრუებულნი დარჩნენ.

«Deutsche Welle» (გერმანია), 12 თებერვალი, 2015 წელი

http://www.dw.de/южная-осетия-и-россия-максимальная-интеграция-вместо-аннексии/a-18248312

რუსეთი და სამხრეთ ოსეთი: „მაქსიმალური ინტეგრაცია“ „ანექსიის“ ნაცვლად

გერმანული რადიოსადგურის «Deutsche Welle»-ს („გერმანული ტალღის“) რუსულენოვანმა სამსახურმა ეთერში გადასცა ანალიტიკური რადიომიმოხილვა რუსეთ-სამხრეთ ოსეთის მოკავშირეობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების თაობაზე, რომლის ხელმოწერა უახლოეს ხანშია დაგეგმილი (ავტორი – მიხეილ ბუშუევი).

რადიომიმოხილვაში, რომლის ტექსტი ვებ-საიტზეა გამოქვეყნებული, ყურადღება ეთმობა დოკუმენტის შინაარსს, აღნიშნულია, რომ ამ ხელშეკრულებით მოხდება ორი „სახელმწიფოს“ მაქსიმალური ინტეგრირება.

სიტუაციას კომენტარს უკეთებს რუსი პოლიტოლოგი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის კავკასიის პრობლემების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ვადიმ მუხანოვი: „დოკუმენტი თავის ამჟამინდელ ვარიანტი გულისხმობს, რომ მოსკოვი და ცხინვალი ერთმანეთთან შეთანხმებულ საგარეო პოლიტიკას გაატარებენ, იქმნება ერთიანი თავდაცვითი სივრცე, ლიბერალური ხდება სასაზღვრო რეჟიმი მის გაუქმების ჩათვლით. ცხინვალელთა ასპროცენტიანი მხარდაჭერა მიიღო ლოზუნგმა, რომლის მიხედვით, ადგილობრივი ხელფასები რუსეთის ხელფასებს გაუტოლდება… ორივე მხარე მიიჩნევს, რომ ერთმანეთთან მაქსიმალური ინტეგრაცია უნდა მოხდეს“.

დოკუმენტს კომენტარს უკეთებს აგრეთვე ქართველი პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელიც, სხვათა შორის, ყოფილ პრეზიდენტებთან მუშაობდა – იყო ედუარდ შევარდნაძის პრეს-მდივანი და მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი: „საქართველოში რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ხელშეკრულებას ანექსიის დაკანონებად მივიჩნევთ“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

რუსეთში ამ ხელშეკრულების პრინციპებს „ანექსიად“ არ მიიჩნევენ და თვლიან, რომ საუბარი სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე არაკორექტულია. „განა როდიმე ასეთი მიზანი ვინმეს ჰქონდა? დღემდე ასეთი რამ არცერთ რუს პოლიტიკოსს არ უთქვამს, არავის არ განუცხადებია“, – ამბობს ვადიმ მუხანოვი. თავის დროზე, როცა რუსეთმა სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა და მეგობრობის ხელშეკრულება დაიდო [2008-2009 წლებში], სხვა სიტუაცია იყო. დღეს ვითარება შეიცვალა, იმ დოკუმენტიდან ბევრი რამ უკვე სესრულებულია. განა ვინმეს შეუძლია იმის უარყოფა, რომ უსაფრთხოების დონე განმტკიცდა, აფხაზეთ-საქართველოსა და სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარზე შეტაკებები შეწყდა, მსხვერპლი შემცირდა“.

ბერლინის ფონდის „მეცნიერება და პოლიტიკა“ კავკასიის საკითხების ექსპერტი უვე ჰელბახი სამხრეთ ოსეთს „რუსეთის პროტექტორატად“ მიიჩნევს და ამბობს: „რუსი დიპლომატების მტკიცება, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ფიქციაა და მეტი არაფერი. სამხრეთ ოსეთი სახელმწიფოს დე-ფაქტოდაც კი არ ჰგავს. სამწუხაროდ, პრობლემა იმაშია, რომ ცხინვალის რეგიონი დღეს საქართველოს შემადგენლობაში არ არის, ანუ რუსეთზეა დამოკიდებელი და მას საქართველო ვერ აკონტროლებს“.

„სამხრეთ ოსეთი ფინანსური თვალსაზრისითაც მთლიანად რუსეთის კისერზეა – ბიუჯეტის 90% მოსკოვიდან შეტანილი რუსული რუბლით ივსება. მართალია, ეს რეგიონი ტერიტორიულად პატარაა, მაგრამ კრელმს მისი შენახვა საკმაოდ ძვირი უჯდება (წელიწადში 7 მილიარდი რუბლი), თუმცა აფხაზეთთან შედარებით უფრო იაფად“, – ამბობს უვე ჰელბახი და იქვე შენიშნავს, რიომ რუსეთი თავის ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებსაც დოტაციურად აფინანსებს, მაგალითად, ჩეჩნეთს, 82%-ით.

თბილისში რუსეთ-სამხრეთ ოსეთის დაახლოებას ამჟამად უფრო მშვიდად უყურებენ, ვიდრე შარშან: „ჩვენთან უკვე გამოვხატეთ ემოციები, როცა აფხაზეთთან გაფორმდა ხელშეკრულება“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე. მიუნჰენის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმედგაცრუებულმა განაცხადა, რომ თბილისმა, რომელმაც აფხაზ-ოს სეპარატისტებთან მიდგომები შეცვალა, მოსკოვისაგან „ადექვატური პასუხი“ ვერ მიიღო. „2012 წლამდე რუსეთი საქართველოს აკრიტიკებდა, რომ თბილისს აგრესიული რიტორიკა აქვსო. დღეს აგრესიული რიტორიკა შეწყვეტილია, მაგრამ საქართველო სანაცვლოდ თავისას ითხოვს: ესაა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დემილიტარიზაცია და მათი დამოუკიდებლობის დენონსირება. ამ საკითხების განხილვა რუსეთს არ სურს. ასეთ ფონზე ძალიან რთულია იმის თქმა, რომ რუსეთი მეზობლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ ისწრაფვის“, – აღნიშნავს ქართველი პოლიტოლოგი.

მისი რუსი კოლეგის ვადიმ მუხანოვის თქმით კი, „მოსკოვმა მრავალჯერ აღნიშნა – თბილისის ნაბიჯები არასაკმარისია, რადგან ამ ტერიტორიების ოკუპაციის ზონებად გამოცხადებას მოლაპარაკება ჩიხში შეჰყავს, თბილისი კარგავს იმის გაგების უნარს, რომ გააცნობიეროს, თუ რა ხდება სამხრეთ ოსეთში. ქართველები ოცნებების ტყვეობაში არიან, მათი მიზნები მოჩვენებითია. სამხრეთ ოსეთში სახელმწიფო  ორგანოები არსებობს, ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს, ოსებთან საუბარი კი ქართული მხარეს მაინც არ სურს. ესე იგი, გამოდის, რომ სიტუაცია როგორიც არის, ისეთივე დარჩება“.

„თბილისსა და ცხინვალს შორის რამდენიმე წელია პირდაპირი კონტაქტები არ არსებობს,, თუ არ ჩავთვლით ჟენევის ფორმატით მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომლებიც დიდ ბარიერებს აწყდება“, – აღნიშნავს უვე ჰელბახი.

Comments are closed