globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 12 მარტი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Mar 12th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Die Zeit» (გერმანია), 12 მარტი, 2016 წელი

http://www.zeit.de/politik/ausland/2016-03/michail-saakaschwili-ukraine-arsenji-jazenjuk-kritik

ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: „იაცენიუკის დრო დასრულდა“

იგი საქართველოს პრეზიდენტი იყო, დღეს კი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პოპულარული პოლიტიკოსია

„მიხეილ სააკაშვილს დრო არ ჰყოფნის. მისი კონსულტანტი მეუბნება, რომ ინტერვიუ დიდ ხანს არ გააჭიანუროო. ამ დღეებში მიხეილ სააკაშვილი თითქმის ყოველდღიურად დადის უკრაინის სხვადასხვა ქალაქში და თავისი „ანტიკორუფციული მოძრაობის“ ეგიდით გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობს. საქართველოს ექს-პრეზიდენტი, უკრაინის არასტაბილურობის პერიოდში, ქვეყნის მთავრობის პოლიტიკით იმედგაცრუებულ და უკმაყოფილო ადამიანებს იკრებს. უკრაინელებს ახლა ოდესის გუბერნატორის იმედი აქვთ, რომლის პოპულარობა, პროვოკაციული განცხადებებისა და კორუფციასთან ბრძოლის მიზნით გაჟღერებული  ინიციატივების წყალობით, სწრაფად იზრდება. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2015 წელს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ყველაზე  პოპულარული პოლიტიკოსი აღმოჩნდა. მას რომ ახლა თავისი პარტია ჰქონდეს, ხმას ამომრჩეველთა 12% მისცემდა…. სანამ მიხეილ სააკაშვილი კიევიდან წავიდოდა, ჩემთან სასაუბროდ დრო გამონახა. იგი თითქმის შეუსვენებლად ლაპარაკობს“, – ასე იწყება ინტერვიუ, რომელიც  საქართველოს ექს-პრეზიდენტს გერმანელმა ჟურნალისტმა შტეფენ დობერტმა ჩამოართვა.

გთავაზობთ ამონარიდებს:

- უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო თქვენი კარგი მეგობარია?

- ჩვენ ახლო მეგობრები არ ვართ, არ გვაქვს ერთობლივი ბიზნესი. მე დარწმუნებულიც კი არ ვარ იმაში, მთვლის თუ არა იგი თავის პოლიტიკურ მოკავშირედ და მხარდამჭერად. საერთოდ, არანორმალური და იშვიათია ისეთი სიტუაცია, რომ ექს-პრეზიდენტი მოქმედ პრეზიდენტთან ერთად მუშაობს.

- როცა პეტრო პოროშენკომ უკრაინაში თქვენს დაბრუნებას ხელი შეუწყო, რაიმე გარიგება ხომ არ გქონდათ ერთმანეთთან?

- არანაირი გარიგება არ მომხდარა. იგი ჩემში პარტნიორს ხედავდა უკრაინაში რეფორმების განხორციელების სფეროში. მე შემიძლია პრეზიდენტს ვუთხრა, თუ რა არის საჭირო რეფორმების პროცესის დაჩქარებისათვის. აი, ეს იყო ჩვენი გარიგება. პრემიერ-მინისტრი არსენ იაცენიუკი კი ჩემში თავიდანვე მოწინააღმდეგეს ხედავდა – მას ჰგონია, რომ უკრაინაში მის შემცვლელად მოვედი. მან ამ შიშის დათრგუნვა და გადალახვა ვერ მოახერხა.

საერთოდ კი, არსენ იაცენიუკის დრო დასრულდა. გარედან, უცხოეთიდან მისი მუშაობა თითქოს დადებითადაა შეფასებული – მთავრობის საქმიანობა საერთაშორისო სავალუტო ფონდს მოსწონს. სტრუქტურული ცვლილებები მოახდინა, რომ ბევრი კრედიტი მიეღო. მაგრამ მთავარი საა, რომ უკრაინელებმა მთავრობისა და ხელისუფლებისადმი ნდობა დაკარგეს. მათ ბევრი ითმინეს, დაიტანჯნენ. უკრაინელებს იმედი გაუცრუვდათ – მათ ვერ გაუგიათ, როგორ შეიძლება არსენ იაცენიუკს იმის თქმა, რომ ქვეყანაში ყველაფერი წესრიგშია? ამიტომაცაა, რომ მთავრობის რეიტინგი ერთ პროცენტზე ქვემოთ დაეცა.

(..)

- რატომ აკრიტიკებთ პრემიერ-მინისტრს ასე მწვავედ? პრეზიდენტზე კი ერთი სიტყვა არ დაგსცდენიათ… არ გსურთ პეტრო პოროშენკოს კრიტიკა?

- არა, თქვენ არასწორად მსჯელობთ. მე საჯაროდ ვაკრიტიკებ არამარტო არსენ იაცენიუკს, არამედ პეტრო პოროშენკოსაც, თუმცა პრეზიდენტს შედარებით უფრო ირიბად.

- მაგალითად?

- მაგალითად, მე დიდი ხნის მანძილზე ვითხოვდი, რომ პრეზიდენტს გენერალური პროკურორი ვიქტორ შოკინი გაეთავისუფლებინა. გარდა ამისა, პარლამენტში, პრეზიდენტის ფრაქციაში არიან ისეთი დეპუტატები, რომელთ ადგილი იქ არ უნდა იყოს – ისინი ძველი ისტებლიშმენტის წარმომადგენლები არიან. სხვათა შორის, პეტრო პოროშენკოს პარტიის წევრები ოდესაშიც ხელს მიშლიან რეფორმების ეფექტურად გატარების საკითხში. ამიტომაც მე უარი ვთქვი პოროშენკოს პარტიის საქმიანობაში მონაწილეობაზე და მასთან ურთიერთობაზე.

- თქვენ უკრაინელი პოლიტიკოსი ხართ, მაგრამ უკრაინა თქვენი სამშობლო არ არის…

- პირველი მიზეზი ისაა, რომ მე ჩემი შეგნებული ცხოვრების თითქმის ათი წელი უკრაინაში გავატარე, მათ შორის სტუდენტობისა და ჯარისკაცად სამსახურის პერიოდი. მეორე – საქართველო და უკრაინა, ქართველები და უკრაინელები ერთმანეთს ძალიან ჰგავნან – ისტორიით, სოლიდარობით, მენტალიტეტით… დასავლეთ ევროპაში ბევრამა ჯერ კიდევ ცოტა იცის იმაზე, თუ როგორ თანამედროვე ქვეყნად გადაიქცა საქართველო ვარდების რევოლუციის შემდეგ, უკრაინაში კი ყველამ იცის. ბევრ დასავლეთევროპელი სკეპტიკურად უყურებდა ჩემს საქმიანობას, როცა საქართველოს პრეზიდენტი ვიყავი, უკრაინელები კი პირიქით.

გარდა ამისა, უკრაინაში ჩემი ყოფნა გეოპოლიტიკური მოტივებითაცაა განპირობებული. საქართველო პატარაა, რომ გარეშე მტრებისაგან თავი დაიცვას. იგივე მტრები ჰყავს უკრაინასაც. ჩვენ არ გვსურს რუსეთთან დაპირისპირება, ჩვენ მშვიდი თანაარსებობა გვსურს. უკრაინა პოსტსაბჭოთა სირცეში სტაბილურობის წარმატებული მაგალითი უნდა გახდეს. სულაც არ მინდა გეოპოლიტიკურ ბრძოლის ნაწილი ვიყოთ, მაგრამ ეს ასეა – რუსეთი უკრაინას ებრძვის. უკრაინელმა ჯარისკაცებმა ამ ომში საოცრება აჩვენეს, ისინი თავს იცავდნენ… და თუ ამ ქვეყანაში რეფორმები არ გატარდება, რუსეთი ომს ახალი ტანკების გარეშეც მოიგებს.

Comments are closed