globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 12 აპრილი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Apr 12th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFE//RL – თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): რა შემთხვევებში არ უშვებენ საქართველოს მოქალაქეებს ისრაელის სახელმწიფოში

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არჩევნები ანატოლი ბიბილოვმა  „მოიგო“ // ედუარდ კოკოითი ძალაუფლებას იბრუნებს?!

«La Stampa» (იტალია): ცალხელა ჩეჩენი, ტერორისტთა ოცეულის მეთაური // აჰმად ჩატაევის „საქმენი საგმირონი“

«Der Standard» (ავსტრია): ინტერვიუ მაირბეკ ვაჩაგაევთან: „ომარ ალ-შიშანის სიკვდილის შემდეგ „ისლამურ სახელმწიფოში“ ჩეჩნების როლი მნიშვნელოვნად შემცირდა“

—————–

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 11 აპრილი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/ra-shemtkhvevebshi-ar-ushveben-saqartvelos-moqalaqeebs-israelshi/28422915.html

რა შემთხვევებში არ უშვებენ საქართველოს მოქალაქეებს ისრაელის სახელმწიფოში

ლელა კუნჭულია

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ჩასასვლელად ვიზები არ ესაჭიროებათ, საგარეო უწყების ინფორმაციით, ბოლო ხანებში საზღვრიდან არაერთი ადამიანი გამოაბრუნეს უკან. ისრაელში ჩასვლის მსურველები უსიამოვნო, სტრესულ სიტუაციებზე ლაპარაკობენ. გამკაცრებული კონტროლის ოფიციალურ მიზეზად სახელდება ისრაელში არალეგალურად დარჩენის შემთხვევების რიცხვის ზრდა. უახლოეს მომავალში გამკაცრდება თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებული წესი და უარის მიმღებ პირს დაუყოვნებლივ დააბრუნებენ სამშობლოში. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ისრაელის სახელმწიფო კიდევ უფრო გაამკაცრებს უსაფრთხოების ზომებს და, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს მეტი ყურადღება და წინდახედულება ჰმართებთ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს ისრაელში გამგზავრების მსურველებს, რომ საზღვარზე მათ აუცილებლად მოსთხოვენ შესაბამის დოკუმენტებს. გარდა პასპორტისა, რომელიც საზღვრის გადაკვეთის დროისთვის, სულ მცირე, კიდევ 6 თვის განმავლობაში უნდა იყოს მოქმედი, საქართველოს მოქალაქეებმა მესაზღვრეებს კიდევ რამდენიმე აუცილებელი დოკუმენტი უნდა აჩვენონ:

„მგზავრობის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტები (მოწვევა ან იმ პირის ბინადრობის ნებართვის ასლი, რომლის მოსანახულებლადაც მიემგზავრებით, სასტუმროს ჯავშანი ან იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ იცხოვრებთ თქვენს მეგობართან ან ახლობელთან, იმ სამედიცინო დაწესებულების დასტური, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას, სამოგზაურო ან სამედიცინო დაზღვევა და სხვა); მგზავრობის სრული პერიოდისათვის საარსებოდ და სამშობლოში დაბრუნებისათვის საკმარისი თანხის ფლობის დამადასტურებელი საბუთი (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკები ან მოქმედი საბანკო ბარათები და ა.შ.); სამგზავრო ბილეთი ორივე მიმართულებით (ავიაბილეთი, ქვეყნის შიგნით ავტობუსის ან მგზავრობის სხვა საშუალების ბილეთი და ა.შ.)“.

საგარეო უწყების ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით ისრაელის საზღვარზე საქართველოს მოქალაქეებს კიდევ უფრო გამკაცრებული პროცედურები დახვდებათ და ამიტომ „გამგზავრების მსურველებმა ზედმიწევნით უნდა დაიცვან საზღვრის კვეთისთვის დადგენილი მოთხოვნები“. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სასაზღვრო კონტროლის გავლისას საჭირო იქნება ჩვეულებრივზე მეტი დრო.

10-დან 20 აპრილამდე ისრაელის სტუმრებს და, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებსაც ქვეყანაში შესვლის შესაძლებლობა მხოლოდ საგანგებოდ გამკაცრებული პროცედურების გავლის შედეგად რომ მიეცემათ, ამაზე განცხადებას აკეთებს ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცურიც. მისი თქმით, საერთო წესებს ყველა პატივისცემით უნდა მიუდგეს: „საზღვრის გადალახვისას უფრო მეტად იქნება გართულებული შემოწმების განრიგი. გამკაცრებული იქნება, რადგან ამ 10 დღის განმავლობაში საქართველოდან მინიმუმ 2 ათასი ადამიანი მაინც ჩავა ტურიზმის ფარგლებში. ყველა შევეცადოთ ერთმანეთს დავეხმაროთ, გვერდში ამოვუდგეთ და გავუადვილოთ ტურისტებს, რომ მშვიდობით წავიდნენ და მშვიდობით დაბრუნდნენ“.

თუმცა კიდევ უფრო როგორ უნდა გამკაცრდეს სასაზღვრო კონტროლის პროცედურა, ამის წარმოდგენა ბევრ იმ ადამიანს უჭირს, რომლებიც ისრაელის საზღვრიდან ან უკან გამოაბრუნეს, ანდა იდგნენ ასეთი საფრთხის წინაშე. 60 წლის ნანა საყვარელიძე გამობრუნებას გადაურჩა, თუმცა დღემდე ახსოვს უსიამოვნო შეგრძნებები ახლო წარსულისა, როდესაც მან და მისმა მეგობარმა ტურისტული საგზური შეიძინეს და ეგვიპტიდან ერთი დღით გადაწყვიტეს ისრაელში ჩასვლა: „ორივე ქალს გვქონდა ერთი საერთო ხელჩანთა, იმიტომ რომ ერთი დღით მივდიოდით და მეტი არ გვჭირდებოდა. ჩემს მეგობარს ეჭირა ის ჩანთა, რომელიც გაუჩხრიკეს აბსოლუტურად და მერე ცალ-ცალკე ოთახებში გვეკითხებოდნენ, რისთვის მივდივართ ისრაელში… მე მკითხეს, ქმარი მყავს თუ არა. გამიკვირდა ამისთანა კითხვა. ვუთხარი, რომ მყავს. სად არისო შენი ქმარი? მე ვუთხარი, სახლში… დაახლოებით ნახევარი საათი სერიოზულ სტრესში ვიმყოფებოდით და ბოლოს, როდესაც დავუმტკიცეთ, რომ ყოველ წელიწადს ერთსა და იმავე დროს დავდივართ დასასვენებლად, მერე გაგვიშვეს… ეს ეხებოდა ქართველებს, რადგან მანდვე იყო ორი გოგონა, ბანკის თანამშრომლები იყვნენ, თანხა ჰქონდათ პლასტიკურ ბარათზე, მაგრამ ვერ უმტკიცებდნენ, რომ თანხა ნამდვილად ჰქონდათ… საბოლოო ჯამში, ყველა გაგვიშვეს, მაგრამ ისეთი არასასიამოვნო შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მეორედ იქ წამსვლელი აღარ ვარ“.

ბოლო პერიოდში ისრაელის საზღვრის გადაკვეთის პროცედურები მართლაც რომ გამკაცრდა და ხშირ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს უკან რომ აბრუნებენ, ამას საქართველოს საგარეო უწყებაც ადასტურებს. 10 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში დაკონკრეტებულია მიზეზიც და ნათქვამია, რომ „უმეტეს შემთხვევაში დასტურდება ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს მოქალაქეების არამიზნობრივი მგზავრობის ფაქტები, კერძოდ, ისრაელის სახელმწიფოში არალეგალურად დარჩენისა და მუშაობის მიზნით გამგზავრების კუთხით“.

პრაქტიკაში გამოსადეგი ინფორმაცია ისრაელის სახელმწიფოში ჩასვლის, იქ ყოფნისა თუ იქიდან შესაძლო გამოძევების თაობაზე განთავსებულია ისრაელში საქართველოს საელჩოს ვებსაიტზე. იქ მითითებულია, მაგალითად, რომ საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, დაყონ ისრაელის ტერიტორიაზე 90 დღის მანძილზე 6 თვის განმავლობაში და, შესაბამისად, ისრაელში „90-დღიანი ყოფნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია“. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში „ისრაელის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად და ასეთი პირი დაექვემდებარება დეპორტაციას (საქართველოში იძულებით დაბრუნებას)“.

როგორც საქართველოს კონსულმა ისრაელის სახელმწიფოში ალექსანდრე ჯიშკარიანმა უთხრა რადიო „თავისუფლებას“, იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ 27 თებერვალს საქართველო ისრაელმა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიტანა, საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვნად შემცირდა თავშესაფრის მიღების შანსი. ამავე დროს, 17 აპრილიდან კიდევ უფრო გამკაცრდება თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებული წესიც და უარის ადრესატებს აღარ გააჩერებენ ისრაელის ტერიტორიაზე: „როდესაც მოქალაქეებს ეუბნებოდნენ უარს თავშესაფრის მიღებაზე, მათ აძლევდნენ ერთკვირიან ვადას ისრაელის ტერიტორიის დატოვებისათვის, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები ამ გაფრთხილებას არ იყენებდნენ და ქვეყანაში რჩებოდნენ ერთი კვირის შემდეგაც. 17 აპრილიდან, ამ ახალი რეგულაციით, მას შემდეგ, რაც მოქალაქეები უარს მიიღებენ თავშესაფრის განცხადებაზე, დეპორტაციის, ანუ იძულებით გაძევების, პროცედურის განხორციელება იმ მომენტშივე დაიწყება“.

ალექსანდრე ჯიშკარიანის ინფორმაციით, 2016 წელს ისრაელის საზღვარი 20-მდე (როგორც ჩანს, ციფრი არასწორია. ალბათ, უნდა იყოს „20 ათასამდე“ – რედ.) საქართველოს მოქალაქემ გადაკვეთა. აქედან, სავარაუდოდ, 5-მდე (როგორც ჩანს, უნდა იყოს „500-მდე“ – რედ.) ადამიანი არალეგალურად დარჩა ისრაელის ტერიტორიაზე. ამავე წყაროს ცნობით, შარშან ისრაელის სახელმწიფოში თავშესაფარი მოითხოვა 3 ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ, თუმცა აქედან არც ერთი განცხადება არ დაკმაყოფილდა. კონსული კატეგორიულად არ იზიარებს აზრს, თითქოსდა ისრაელის სახელმწიფო რაიმე სახის დისკრიმინაციულ მიდგომებს იყენებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. უბრალოდ, მისი თქმით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების გამო, ისრაელი საგანგებოდ აკონტროლებს თავის საზღვრებს და რადგანაც 2013 წელს დაწესებულმა უვიზო რეჟიმმა საქართველოდან მეტი ადამიანი მიიზიდა, შესაბამისად, გაიზარდა უკან გამობრუნებულთა რიცხვიც.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 12 აპრილი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgias-ocuppeid-tskhinvali-region-elects-new-leader/3805318.html

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არჩევნები ანატოლი ბიბილოვმა „მოიგო“

ედუარდ კოკოითი ძალაუფლებას იბრუნებს?!

ზაზა წულაძე

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში „საპრეზიდენტო არჩევნები“, რომელსაც ცივილიზირებული სამყარო არ ცნობს, ანატოლი ბიბილოვმა „მოიგო“. მას უკვე მიულოცა „გამარჯვება“ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, იმის მიუხედავად, რომ კრემლი მხარს სეპარატისტების მოქმედ ლიდერს ლეონიდ თიბილოვს უჭერდა.

მოსკოვში ცდილობენ ახსნა მოუძებნონ იმ „ფენომენს“, რასაც ოკუპირებულ ანკლავებში, რუსეთის მიერ ღიად მხარდაჭერილი მარიონეტების დამარცხება ჰქვია. ასე მოხდა 2004 წელს, როცა ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადიმირ პუტინისა და რაულ ხაჯიმბას ერთობლივი პლაკატები გამოჩნდა, „არჩევნებში“ კი სერგეი ბაღაფშმა “გაიმარჯვა”. იგივე განმეორდა 2011 წელს, მაშინ მოსკოვმა აქცენტი სერგეი შამბაზე გააკეთა, „პრეზიდენტად“ კი ალექსანდრე ანქვაბი „აირჩიეს“. იმავე 2011 წელს, რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან ფოტო ანატოლი ბიბილოვმაც გადაიღო, თუმცა „არჩევნები“, რომელიც მოსკოვმა შემდეგ საერთოდ გააუქმა, ალა ჯიოევამ „მოიგო“.

ოსი სეპარატისტების ყოფილი ლიდერის ედუარდ კოკოითის იზოლაციამ (ვლადიმირ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვის მიერ), კრემლში აუდიენციამ და პრეზიდენტთან გადაღებულმა ფოტომ, 2017 წლის 9 აპრილს, ვერც ლეონიდ თიბილოვს უშველა.

რუსეთის არმიის თადარიგის პოლკოვნიკი და ანკლავის ყოფილი „თავდაცვის მინისტრი“ ანატოლი ბარანკევიჩი, რომელიც ცხინვალში სპეციალურად ლეონიდ თიბილოვის მხარდასაჭერად მიავლინეს, ამბობს, რომ ანატოლი ბიბილოვის გამარჯვებით, ცხინვალში ძალაუფლება ისევ ედუარდ კოკოითის კლანმა დაიბრუნა: „მიმაჩნია რომ ექს-პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის მოქმედება არის უკანონო და მან ისევ მოატყუა ხალხი. როგორც კი მიხვდა რომ საპრეზიდენტო კანდიდატი ვეღარ გახდებოდა, ედურად კოკოითმა მიმართა თავის მომხრეებს და ანატოლი ბიბილოვის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ანუ განმეორდა იგივე სურათი, რაც 2011 წელს ვნახეთ, ედუარდ კოკოითის მემკვიდრე ანატოლი ბიბილოვი გახდა“.

ოკუპირებულ ანკლავში სულ 32 736 „ამომრჩეველი“ იყო „რეგისტრირებული.“ დამატებით 7464 „ბიულეტენი“ კი რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში გახსნილი „საარჩევნო უბნებისთვის“ იყო განკუთვნილი.

წინასწარი ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვმა „ხმების“ 57% „მიიღო“ (დაახლოებით 18234 ხმა), ლეონიდდ თიბილოვმა – 30% (9769 ხმა) და ალან გაგლოევმა – 11% (3581 ხმა), მოსახლეობის „აქტივობამ“ – 81% შეადგინა. საოკუპაციო რეჟიმი „ოფიციალურ შედეგებს“ მხოლოდ 14 აპრილს გამოაცხადებს.

„საპრეზიდენტო არჩევნების“ პარალელურად, ანკლავში მორიგი „რეფერენდუმიც“ „გაიმართა“, “ამომრჩეველთა” 78%-ზე მეტმა მხარი „დაუჭირა“, რომ „სამხრეთ ოსეთს“ დასახელებაში „ალანიის სახელმწიფო“ დაემატოს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ოთხმეზური ამბობს, რომ რუსეთი ამ სამარცხვინო, ანტიქართული ფსევდო აქტით, ისტორიის ტოტალურ გაყალბებას და ძირძველი ქართული მიწების მიტაცებას აგრძელებს: „ჩვენ, საქართველოს ტერიტორიაზე, ქართულ მიწა-წყალზე არავითარი სამხრეთ ოსეთი და არავითარი ალანია არ არსებობდა. არსებობს ევროპელი კარტოგრაფების რუქები 17-18 საუკუნეების, სადაც ეს ნათლად ჩანს. რუსეთი და სეპარატისტები აგრძელებენ იმ ხაზს, რაც არის საშინელი უკანონობა და ისტორიული უსამართლობა“.

ოკუპირებული ანკლავის ახალი „ლიდერი“, ოთხი შვილის მამა, 47 წლის ანატოლი ბიბილოვი ცხინვალელია. რვა კლასი მშობლიურ ქალაქში დაამთავრა, სამი წელი კი თბილისში, გენერალ ლესელიძის სახელობის სპეციალიზირებულ სკოლა-ინტერნატში ისწავლა. იგი ამბობს, რომ სწორედ ამ პერიოდში შეისწავლა ქართული ენა.

სამხედრო კარიერა რიაზანის საჰაერო-სადესანტო სასწავლებელში დაიწყო. სხვადასხვა წლებში მსახურობდა, ცხინვალის რეგიონში დისლოცირებულ რუსეთის „სამშვიდობო ძალებში“, ჯერ ფსკოვის დივიზიის, შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთის ბატალიონის შემადგენლობაში.

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის შემდეგ, ედუარდ კოკოითმა ანკლავის „საგანგებო სიტუაციების მინიტრად“ ანატოლი ბიბილოვი დანიშნა. 2011 წელს მან კენჭი „საპრეზიდენტო არჩევნებში“ იყარა, თუმცა, მოსკოვისა და ედუარდ კოკოითის აქტიური მხარდაჭერის მიუხედავად, დამარცხდა. 2014 წელს „ერთიანი ოსეთისა“ და რუსეთთან შეერთების ლოზუნგით, „საპარლამენტო არჩევნებში“ იმარჯვა და „ნიხასის“ სპიკერი გახდა. ბიოგრაფიაში მითითებული აქვს, რომ 2008 წლის აგვისტოში, აქტიურად მონაწილეობდა „ცხინვალის დაცვაში“.

ანკლავის მაშინდელი „თავდაცვის მინისტრი“ ანატოლი ბარანკევიჩი ამტკიცებს რომ ეს სიცრუეა. „საარჩევნო კამპანიის“ დროს ცხინვალელი ოპონენტები ასევე მიუთითებდნენ, რომ ანატოლი ბიბილოვს უმაღლესი განათლების დიპლომი გაყალბებული აქვს. იგი დაჯილდოვებულია რუსეთის „მეგობრობის ორდენით“. ამავე დროს 2015 წელს, ოფიციალურმა კიევმა ანატოლი ბიბილოვი იმ პირთა „შავ სიაში“ შეიყვანა, რომლებიც „უკრაინის უსაფრთხოებას და ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნიან“.

«La Stampa» (იტალია), 11 აპრილი, 2017 წელი

http://www.lastampa.it/2017/04/09/esteri/il-ceceno-dellisis-con-un-braccio-solo-che-guida-il-plotone-degli-ex-sovietici-t0fRc6aYWwSm8REys2elKM/pagina.html%09

ცალხელა ჩეჩენი, ტერორისტთა ოცეულის მეთაური

აჰმად ჩატაევის „საქმენი საგმირონი“

სტატიაში განხილულია ბოლო დროს ევროპასა და რუსეთში მომხდარი ტერორისტული აქტები და აღნიშნულია, რომ ამ ტერაქტების შემსრულებლები ძირითადად უზბეკები არიან. ამ ფონზე პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა სტამბოლის ათა-თურქის სახელობის აეროპორტში 2016 წელს მომხდარ ტერაქტს, რომელშიც უზბეკი „სმერტნიკები“ და ერთი დაღესტანელი მონაწილეობდა და რომელიც ჩეჩენი აჰმად ჩატაევის მიერ იყო ორგანიზებული  (ავტორი – ჯორდანო სტაბილე).

გთავაზობთ სტატიის ფრაგმენტს, რომელშიც ავტორი აჰმად ჩატაევის ტერორისტულ საქმიანობას ასახავს და მასში საქართველოც არის მოხსენიებული:

„აჰმად ჩატაევმა, მეტსახელად „ცალხელამ“, ერთი ხელი ჩეჩნეთის მეორე ომის დროს დაკარგა. 37 წლის ტერორისტს, რომელიც „კავკასიის იმარატის“ ემირის ექს-მოადგილეს, „ევროპული საქმიანობის“ უდიდესი გამოცდილება აქვს. იგი ჩეჩნეთის ომიდან გამოქცევის შემდეგ ჯერ ავსტრიაში იმალებოდა, მაგრამ პრობლემები გაუჩნდა იარაღით ვაჭრობის საქმეში. 2008 წელს აჰმედ ჩატაევი შვედეთში გადადის, მაგრამ იქაც პრობლემები აქვს ჩეჩენი ბოევიკებისათვის იარაღის არალეგალურად მიწოდების გამო. დააპატიმრეს, ციხეში ერთი წელი იჯდა, შემდეგ მიდის საქართველოში, სადაც ჩეჩნების ჯგუფთან ერთად, სამი პოლიციელის მკვლელობაში მონაწილეობს. ამის მიუხედავად,  „წყლიდან მაინც მშრალად გამოდის“ და რუსეთში ექსტრადირებას თავიდან იცილებს.

„ცალხელა“ დროებით პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში გადაბარგდა. სხვათა შორის, დუისი „დაიშ“-ის („ისლამური სახელმწიფოს“) ყველაზე დაუნდობელი და იმავდროულად ჭკვიანი საველე მეთაურის თარხან ბათირაშვილის (იგივე ომარ ალ-შიშანის) მშობლიური სოფელია. აჰმად ჩატაევი თარხან ბათირაშვილის თანამოაზრეებს სირიაში 2015 წელს შეუერთდა და იმ პერიოდიდან იგი „საგარეო ოპერაციების“ განხორციელებას იწყებს“.

პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული აგრეთვე „ცალხელას“ მიერ ორგანიზებული ტერაქტები ევროპაში და მისი თანამზრახველი ტერორისტების ვინაობა.

«Der Standard» (ავსტრია), 11 აპრილი, 2017 წელი

http://derstandard.at/2000055514196/Der-Islam-hat-die-tschetschenische-Sexualmoral-kaum-veraendert

ინტერვიუ მაირბეკ ვაჩაგაევთან: „ომარ ალ-შიშანის სიკვდილის შემდეგ „ისლამურ სახელმწიფოში“ ჩეჩნების როლი მნიშვნელოვნად შემცირდა“

ავსტრიულ გაზეთ «Der Standard»-ში გამოქვეყნებულია ინტერვიუ ჩეჩენ ისტორიკოსთან და პუბლიცისტთან მაირბეკ ვაჩაგაევთან, რომელშიც იგი ვრცლად საუბრობს ისლამური რელიგიის მნიშვნელობაზე ჩეჩნურ საზოგადოებაში, რელიგიურ ადათ-წესებზე, აგრეთვე სირიაში მოქმედი „დაიშ“-ის („ისლამური სახელმწიფოს“) რიგებში ჩეჩენი მებრძოლების მონაწილეობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში ჩეჩნების აქტიურობა შესამჩნევად შემცირდა (ავტორი – ფლორიან სუპე).

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- რამდენი ჩეჩენი მონაწილეობს სირიისა და ერაყის ომებში?

- 2016 წლის ივლისში მოკლული ეროვნებით ჩეჩენი საველე მეთაური ომარ ალ-შიშანი ამბობდა, რომ მის ქვედანაყოფებში 5 ათასამდე კავკასიელი, მათ შორის 3 ათასამდე ჩეჩენი იბრძოდა, თუმცა ეს ციფრები მე პირადად არარეალური მეჩვენება. ჩემი აზრით, „ისლამური სახელმწიფოს“ სხვადასხვა სამხედრო ქვედანაყოფებში, სამი წლის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლების დროს, დაახლოებით 2 ათასამდე ჩეჩენი მონაწილეობდა. მათი რაოდენობა ყველაზე მეტი იყო 2015 წელს – როგორც ჩანს, მასობრივი ინტერნეტ-პროპაგანდის გამო. ევროპიდან ყველაზე მეტი ახალგაზრდა სირიასა და ერაყში 2014 წლის ბოლოს წავიდა, როცა ისინი უყურებდნენ სამხედრო წარმატებების ამსახველ ვიდეოკადრებს – ქალაქების აღებისა და „ისლამური სახელმწიფოს“ სტრუქტურების მშენებლობის თაობაზე.  ამჟამად, როცა ისლამური სახელმწიფო“ მარცხს-მარცხზე განიცდის, სირიასა და ერაყში წასვლა ახალგაზრდებს უკვე აღარ იზიდავს, ომში ძალიან ცოტა თუ ვინმე მიდის.

- შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ როლს ასრულებენ ჩეჩნები „ისლამური სახელმწიფოს“ სტრუქტურებში?

- მე ასე ვიტყოდი: ომარ ალ-შიშანის სიკვდილის შემდეგ ჩეჩნების როლი მნიშვნელოვნად შემცირდა. „ისლამური სახელმწიფოს“ ხელმძღვანელი აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადი ომარ ალ-შიშანს რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში გამოცდილ მეომრად მიიჩნევდა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ომარ ალ-შიშანს ჩეჩნეთის ომებში მონაწილეობა არ მიუღია. უფრო მეტიც – იგი საერთოდ არაა ნამყოფი ჩეჩნეთში. ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი საქართველოში მცხოვრებ ჩეჩნურ ეთნიკურ უმცირესობას მიეკუთვნებოდა, საქართველოში დაიბადა და გაიზარდა, ქართული არმიის სპეციალურ ქვედანაყოფში მსახურობდა და ამერიკელმა ინსტრუქტორებმა გაწრთვნეს აშშ-ში. აი, როცა ომარ ალ-შიშანი ცოცხალი იყო, იმ პერიოდში ჩეჩნებს „ისლამური სახელმწიფოს“ სტრუქტურებში მართლაც დიდი გავლენა ჰქონდათ. მისი სიკვდილის შემდეგ კი ჩეჩნების ადგილი და როლი თანდათან სხვებმა ჩაანაცვლეს“.

Comments are closed