globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 12 მაისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on May 12th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The New York Times» (აშშ): ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთის კრიტიკის მიუხედავად, საქართველოში სამხედრო წრთვნები დაიწყო

«Die Presse» (ავსტრია): საქართველო: აშშ-ის შეიარაღებული ძალების მანევრები რუსეთის „კავკასიურ შემოგარენში“

«Республика Армения» (სომხეთი): ინტერვიუ სომხეთის თავდაცვის ექს-მინისტრთან: „თურქეთს და აზერბაიჯანს სურთ, რომ საქართველო სომხეთის წინააღმდეგ გამოიყენონ, თბილისი  კი ბალანსის დაცვას ცდილობს“

———————-

«The New York Times» (აშშ), 12 მაისი, 2015 წელი

http://www.nytimes.com/2015/05/12/world/europe/us-and-georgia-start-military-exercise-criticized-by-russia.html?_r=0

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთის კრიტიკის მიუხედავად, საქართველოში სამხედრო წრთვნები დაიწყო

ენდრიუ როთმეი

(შემოკლებით)

ვაზიანის სამხედრო ბაზა საქართველოში. ასეულობით ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურე იდგა მწყობრში ამ ყოფილ საბჭოთა აეროდრომზე ორშაბათს, ორი ქვეყნის მიერ ერთობლივი სამხედრო სწავლების დაწყებისას, რომელიც საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას ითვალისწინებს“, – ასე იწყება აშშ-ის წამყვან გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებული სტატია (ავტორი – ენდრიუ როტმეი).

„ორკვირიან სამხედრო წრთვნებში კოდური სახელწოდებით „ღირსეული პარტნიორი“  დაახლოებით 300 ამერიკელი ჯარისკაცი მონაწილეობს, აქვეა 14 საბრძოლო ტანკი „ბრედლიც“, რომლებიც საქართველოში რუმინეთიდან შავი ზღვის გავლით ჩაიტანეს.

რადგან ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტობის დროს რუსეთი მკაცრად აკრიტიკებს მის საზღვრებთან ახლოს გამართულ სამხედრო წრთვნებს, ამის გათვალისწინებით ქართველი და ამერიკელი დიპლომატები ცდილობენ თავიდან აიცილონ რუსული პროვოკაციული პრეტენზიები: „ეს წრთვნები არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ და არ წარმოადგენს არავის პირდაპირ მუქარას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასამდე უცხოელი დიპლომატისა და ოფიცერის წინაშე.

აშშ-ის არმიის წარმომადგენლის, მაიორ ვინსენტ მიუქერის თქმით, ეს სამხედრო მანევრები დაგეგმილი იყო ჯერ კიდევ ყირიმის ანექსიამდე, რომელიც რუსეთმა გასული წლის მარტში განახორციელა. „ეს ჩვეულებრივი საქმეა, ჩვეულებრივი მოვლენაა  ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის“, – თქვა მან.

მართალია, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს რუსეთთან დამოკიდებულება გააუმჯობესოს, მაგრამ მოსკოვთან ურთიერთობა კვლავ დაძაბული რჩება, სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო 2008 წელ მომხდარ ომში საქართველოს მტკივნეული  დამარცხების გამო.

„რუსეთი რომ ნორმალური ქვეყანა იყოს, ის არ შეშფოთდებოდა 300 ჯარისკაცისა და რამდენიმე „ბრედლის“ გამო“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ, საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა და ამჟამად ოპოზიციციონერმა პოლიტიკოსმა, რომელიც წრთვნების გახსნის ცერემონიას დაესწრო, – „მაგრამ საქმე იმაშია, რომ რუსებს საქართველო თავიანთი გავლენის სფეროდ მიაჩნიათ“.

საქართველოში დაწყებული სამხედრო მანევრები ერთ-ერთია იმ წრთვნების სერიიდან, რომლებიც გაზაფხულზე ჩატარდა სკანდინავიის, ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის  ქვეყნებში, ახლა კი კავკასიაშიც. ყველა ამ წრთვნებს საერთო ერთი რამ აქვთ: ისინი რუსეთთან ახლოს ტარდება.

მართალია, ვლადიმირ პუტინი დიდი ხანია შეშფოთებულია „ნატოს სამხედრო ბაზების მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით რუსეთთან ახლოს განლაგების გამო“, როგორც ეს მან განაცხადა გასული წლის ნოემბერში გერმანული ტელეარხისათვის მიცემულ ინტერვიუში, მაგრამ ამის მიუხედავად, ყირიმის მოვლენების გამო ნატო და დასავლეთი ისე გააქტიურდნენ რეგიონში როგორც არასდროს. ასეთი აქტიურობა არავის ახსოვს.

[სოჭში] აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის ვიზიტთან დაკავშირებით ორშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა, აღმოსავლეთ ევროპაში განლაგებული შეიარაღებული ძალების ჩათვლით, ჩვენს საზღვრებს უახლოვდებაო“.

როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანმა, ავღანეთში სამხედრო სამსახურგავლილმა კაპიტანმა დავით გაბედავამ განაცხადა, ამ სამხედრო წრთვნებში დასახულ სხვა ამოცანებთან ერთად, 300 ქართველი ჯარისკაცი მონაწილეობას მიიღებს სასწავლო პოლიგონზე „პატარა მიტოვებული სოფლის დაკავებისა და მისი შენარჩუნების ოპერაციაში“.

2008 წელს, როცა საქართველო რუსეთს ებრძოდა, კაპიტანი დავით გაბედავა სამშობლოში არ იმყოფებოდა. „ეს ჩემთვის ძალზე სამწუხარო იყო“, – თქვა მან.

შეკითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგენია მას ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების გამოყენება საქართველოში რუსული საფრთხეების წინააღმდეგ, დავით გაბედავამ თქვა, რომ სანამ საქმე ნატოს ძალების გამოყენებამდე მივა, მას იმედი აქვს, რომ „პოლიტიკოსები საკითხებს დიპლომატიურად მოაგვარებენ“. „მაგრამ მე ჩემი სამშობლოს დამცველი ვარ და თუ სამშობლო მომიხმობს, რა თქმა უნდა, მე მის დამცველთა რიგებში ჩავდგები“.

«Die Presse» (ავსტრია), 11 მაისი, 2015 წელი

http://diepresse.com/home/politik/aussenpolitik/4728893/Georgien_USTruppen-auf-Manovern-in-Russlands-Hinterhof

საქართველო: აშშ-ის შეიარაღებული ძალების მანევრები რუსეთისკავკასიურ შემოგარენში

ვოლფგანგ გრებერი

(შემოკლებით)

საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილები ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად თბილისთან ახლოს წვრთნებს ატარებენ.

დასავლური მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის რუსეთის „კავკასიურ შემოგარენში“ ორშაბათს დაწყებული ეს სამხედრო მანევრები რატომღაც შეუმჩნეველი დარჩა. წვრთნების მიზანს, რომლის კოდური სახელმწოდებაა „ღირსეული პარტნიორი“, NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობისათვის პატარა კავკასიური ქვეყნის – საქართველოს ქვედანაყოფების მზადყოფნის განმტკიცება წარმოადგენს. მასში ორივე მხრიდან დაახლოებით 600 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს და რუსეთს 2008 წლის აგვისტოში ერთმანეთთან ხანმოკლე ომი ჰქონდათ.

NATO-ში გაწევრიანება საეჭვოა

საქართველო, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, მართალია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი არ არის, მაგრამ უკვე დიდი ხანია NATO-სთან თანამშრომლობს. ამასთან, სამხედრო ბლოკში საქართველოს გაწევრიანება ამ ეტაპზე გამორიცხულია. ამის მიზეზებია: პირველი – რუსეთი მკვეთრ პოლიტიკურ წინააღმდეგობას უწევს თბილისის ალიანსისაკენ სწრაფვას; მეორე – თვით NATO-ს წევრი სახელმწიფოებიც საკმაოდ ეჭვობენ და ფრთხილობენ საქართველოს მიღების საკითხში. ამასთან, ათასობით ქართველმა ჯარისკაცმა მიიღო მონაწილეობა ერაყისა და ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში აშშ-ისა და NATO-ს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო ნაწილებთან ერთად.

დღევანდელი მანევრები ვაზიანის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე მიმდინარეობს, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით 20 კილომეტრში. ვაზიანის ბაზას საკმაოდ გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი აქვს დიდი სატრანსპორტო თვითმფრინავების მისაღებად. ამ ბაზაზე საბჭოთა კავშირის არსებობის დროს დისლოცირებული იყო 34-ე საჰაერო არმიის 238-ე ავიადივიზია. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველო დამოუკიდებელი გახდა, რუსეთის ჯარები ვაზიანში ყოფნას 2001 წლამდე აგრძელებდნენ. რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 2008 წლის აგვისტოში ვაზიანის სამხედრო-საჰაერო ბაზა რუსული ავიციის დაბომბის ობიექტი გახდა.

წვრთნებში მონაწილე აშშ-ის სამხედრო კონტინგენტში შედის მე-3 ქვეითთა დივიზიის მექანიზებული ნაწილი, რომლის შტაბ-ბინა ფორტ სტიუარტშია, აშშ-ის ჯორჯიის შტატში. ხსენებული ამერიკული ასეული ბულგარეთში გამართულ NATO-ს ოპერაცია Atlantic Resolve-ში მონაწილეობდა, რომელიც უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, პირველად 2014 წელს განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ვაზიანის მანევრებში აშშ-ის საჰაერო-სადესანტო ძალების 173-ე ქვედანაყოფიც მონაწილეობს.

ქართული მხარის სამხედრო ქვედანაყოფები აღჭურვილია საბრძოლო ქვეითთა მანქანებით, ისინი მონაწილეობას მიიღებენ საჰაერო დესანტის გადასხმის ოპერაციაშიც.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წვრთნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურში 14 საბრძოლო ტანკი „ბრედლი“ და სხვა სამხედრო ტექნიკა სამხედრო გემით ჩაიტანა, რათა რუსეთის ხომალდებსა და თვითმფრინავებს არ შეენიშნათ.

რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე ომი

რუსეთ-საქართველოს ომი რამდენიმე დღეს გრძელდებოდა – 2008 წლის 7-დან 16 აგვისტომდე. სამხედრო მოქმედება სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისადმი  რუსეთის მხარდაჭერის გამო დაიწყო. თავდაპირველად საქართველოს არმიის ნაწილებმა  სამხრეთ ოსეთში ბლიცკრიგი (ელვისებური შეჭრა) განახორციელეს, მაგრამ შემდეგ რუსეთის ჯარებმა კონტრშეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც ქართველები დამარცხდნენ და თავიანთი ტერიტორიის სიღრმეში უკან დაიხიეს.

საქართველოს არმია პრაქტიკულად მთლიანად იქნა განადგურებული, სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და ავიაციის ჩათვლით. მართალია, რუსეთის დანაკარგები ისეთი მნიშვნელოვანი არ ყოფილა, მაგრამ რუსულმა არმიამ მაინც დაკარგა მინიმუმ 23 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა. გარდა ამისა, საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო ძალების მიერ  ჩამოგდებული იქნა რუსეთის ათამდე საბრძოლო თვითმფრინავი, მათ შორის სამი მოიერიშე „СУ-25“ (NATO-ს კოდიფიკაციით – Frogfoot) და ერთი სტრატეგიული ბომბდამშენიც კი – „ТУ-22“ («Backfire»).

«Республика Армения» (სომხეთი), 11 მაისი, 2015 წელი

http://www.ra.am/archives/4359

ინტერვიუ სომხეთის თავდაცვის ექს-მინისტრთან: თურქეთს და აზერბაიჯანს სურთ, რომ საქართველო სომხეთის წინააღმდეგ გამოიყენონ, თბილისი  კი ბალანსის დაცვას ცდილობს“

სომხური გაზეთი „რესპუბლიკა არმენია“  ანკარაში ამ რამდენიმე დღის წინ გამართულ თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს შეირაღებული ძალების ხელმძღვანელების შეხვედრის შედეგებს ეხმაურება და ინტერვიუს აქვეყნებს სომხეთის თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, გენერალ-ლეიტენანტ ვაგარშაკ არუთინიანთან.

როგორც ცნობილია, ანკარის შეხვედრაზე ქართველმა, აზერბაიჯანელმა და თურქმა სამხედროებმა ერთმანეთთან თანამშრომლობის რეგულირების მიზნით საკოორდინაციო ჯგუფის შექმნა გადაწყვიტეს, რომლის ფუნქციები იქნებაერთობლივი სამხედრო მანევრების ჩატარება, სასწავლო კურსებისა და ტრენინგების მომზადება-განხორციელება, აგრეთვე მედიცინისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის კოორდინირება, გამოცდილების გაზიარება და ა.შ. შეხვედრის ბოლოს ხელი მოეწერა ოქმს, რომელშიც ზემოთ ხსენებული საკითხები იქნა ასახული.

„ანკარა უკვე დიდი ხანია ცდილობს თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოს სამხედრო ღერძის ჩამოყალიბებას და ამ მიზნით თბილისთან და ბაქოსთან ურთიერთობას აღრმავებს. გასული წლების განმავლობაში თურქეთმა შეძლო გარკვეული პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა მოეპოვებინა საქართველოზე, კერძოდ, მსხვილი ენერგეტიკული და კომუნიკაციური პროექტების წყალობით, აგრეთვე იმ კომპანიები მეშვეობით, რომლებიც თურქული და აზერბაიჯანულ კაპიტალით არიან დაფუძნებულნი და საქართველოში საქმიანობენ“, – წერს სტატიის ავტორი, ჟურნალისტი გაიანე მოვსესიანი და სომეხ გენერალს შეკითხვით მიმართავს:

- ვაგარშაკ ვარნაზოვიჩ, რა ეტაპზეა ამჟამად სამხედრო ბლოკის შექმნის პროცესი?

- ამ კითხვაზე რომ პასუხი ვიპოვოთ, თუ რა მიზნით კეთდება ეს ყველაფერი, რეგიონული დონიდან უფრო გლობალურზე უნდა გადავინაცვლოთ… საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთის ქვეყნები ცდილობდნენ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ისეთი ინტეგრაცია მოეხდინათ, რომ მათი რუსეთთან დაახლოება შეუძლებელი იქნებოდა. დასავლეთის მიზნებში შედიოდა რუსეთის განვითარების დამუხრუჭება და მის ირგვლივ არამეგობრული ქვეყნების სარტყელის შექმნა… დასავლეთის ამოცანებში იყო ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ტერიტორიის გამოყენება  ანტირუსული მოქმედების პლაცდარმად. ამ მიზნით ჯერ შექმნეს ორგანიზაცია „სუამ“-ი (მოგვიანებით მრავალჯერ სახეშეცვლილი), შემდეგ შეიმუშავეს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროექტი… რეგიონულ დონეზე თურქეთი იგივე ამოცანებს წყვეტდა, რასაც ეს ორგანიზაციები, თუმცა ანკარას საკუთარი მიზნებიც ჰქონდა – რეგიონში ლიდერობის მიღწევა. თურქეთმა აზერბაიჯანთან აქტიური სამხედრო თანამშრომლობა 1992 წელს დაიწყო, გაჩნდა ლოზუნგი – „ერთი ხალხი – ორი სახელმწიფო“. მოგვიანებით თურქულ-აზერბაიჯანულ ინტეგრაციაში საქართველოც ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ თბილის-ანკარა-ბაქოს სამხედრო ურთიერთობა განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გააქტიურდა.

- თურქეთი ხომ არა მარტო აზერბაიჯანს, არამედ საქართველოსაც კურირებს ნატოს პროგრამების მეშვეობით…

- დიახ, მართალი ბრძანდებით. სხვათაშორის, NATO-ს ყველა ოფიცერი, რომელიც ჩვენს რეგიონში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობის საკითხებს აგვარებს, თურქი ოფიცრების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. ასეთია NATO-ს გეოგრაფიული სტრუქტურა, კავკასიაში ლიდერის სახით ამ სამხედრო ბლოკს თურქეთი ჰყავს. შესაბამისად, თურქეთის ამოცანები ნათელია: შექმნას ისეთი სამხედრო კავშირი, რომელიც რეგიონში რუსეთის შემკავებელი და თურქეთის ლიდერობის განმამტკიცებელი იქნება.

თურქეთი და აზერბაიჯანი ცდილობენ, რომ საქართველო სომხეთის წინააღმდეგ გამოიყენონ, თბილისი  თავიანთ ზრახვებში ჩაითრიონ, ერევანზე ზეწოლის მოსახდენად. თავის მხრივ, საქართველოც ბალანსის დაცვას ცდილობს, არ დგამს აშკარად სომხეთის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს, მაგრამ იმავდროულად თავს არიდებს სომხეთთან რაიმე სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას. ბაქოსა და ანკარას ამოცანაც სწორედ ეს არის: ნელ-ნელა დაგვაშოროს საქართველო, ხელი შეუწყოს ქართულ-სომხური კონფლიქტის დაწყებას. ამ მიზნით თურქეთისა და აზერბაიჯანის ძალისხმევით საქართველოში ანტისომხური განწყობა ღვივდება, ისინი ცდილობენ დაარწმუნონ საქართველოს ხელისუფლება, რომ თითქოსდა სომხეთი ჯავახეთის დამოუკიდებლობას ესწრაფვის… აი, ამ ყველაფრის შედეგად ჩნდება ფობიები, რაც აძლიერებს საქართველოს მიერ ანტისომხური პოლიტიკის ალბათობას.

მაგრამ მე კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ საქართველო ასეთ ნაბიჯებზე არ მიდის და სომხეთის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას არ ახორციელებს. თბილისში აცნობიერებენ, რომ საქართველო და სომხეთი ბუნებრივი და ისტორიული მოკავშირეები არიან. გარდა ამისა, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ კორექტივები შეიტანა თავის პოლიტიკაში და ახლა ისეთი ანტირუსული აღარ არის, როგორი ადრე იყო. ამიტომაც დღეს იმაზე საუბარი, რომ თურქეთ-აზერბაიჯანის მიერ რაღაც სამხედრო ბლოკი იქმნება საქართველოს მონაწილეობითო, ნაადრევად მიმაჩნია. ვფიქრობ, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული არც რუსეთთან და არც სომხეთთან კონფლიქტის წარმოქმნაში.

აღსანიშნავია ერთი ტენდენციაც: აზერბაიჯანმა, რომელიც ადრე პროთურქულ პოლიტიკას ატარებდა (თავისი არმია მთლიანად თურქული მოდელით აქვს მოწყობილი), მიხვდა რა, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემას რუსეთის გარეშე ვერ გადაჭრის, ბოლო ხანს მოსკოვთან დაახლოების პროცესი გააქტიურა. ბაქო რუსეთის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს. ამიტომაც თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოს სამხედრო ბლოკი გინდაც რომ ჩამოყალიბდეს, პირველ ეტაპზე მას ნეიტრალური ხასიათი ექნება. ეს ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე არც საქართველოს და არც თურქეთ-აზერბაიჯანს აშკარა ანტირუსული მიმართულება არ აქვთ, არცერთი მათგანი მოსკოვთან კონფრონტაციით დაინტერესებული არ არის. ერთადერთი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ: თურქეთი და აზერბაიჯანი კვლავაც შეეცდებიან საქართველოს გამოყენებას სომხეთის წინააღმდეგ, ისინი ისევ გაარძელებენ მუშაობას ქართულ-სომხური ურთიერთობის გასაუარესებლად.

Comments are closed