«Независимая газета» (რუსეთი): პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კომპრომისზე წავიდა // საქართველო მორიგ საარჩევნო პერიოდში შედის
«Politico» (აშშ): რუსეთის მესიჯი საქართველოსთვის: „თქვენ ჩვენი საკუთრება ხართ“
«Star» (თურქეთი): საქართველო ერდოღანის სიტყვებმა მოხიბლა
———————–
«Независимая газета» (რუსეთი), 12 მაისი, 2016 წელი
http://www.ng.ru/cis/2016-05-12/6_gruzia.html
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კომპრომისზე წავიდა
საქართველო მორიგ საარჩევნო პერიოდში შედის
სტატიაში გადმოცემულია საქართველოს საშინაოპოლიტიკური სიტუაცია, ყურადღება გამახვილებულია წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღის დადგენაზე და მასთან დაკავშირებულ მოვლენებზე (ავტორი – იური როქსი).
როგორც პუბლიკაციაში აღნიშნული, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შემოდგომაზე დაგეგემილი საპარლამენტო არჩევნებისათვის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღი გამოაცხადა – 8 ივნისი. ბოლო დრომდე ეს თარიღი პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის დავას იწვევდა, ოპოზიცია კიი, უმთავრესად „ერთიანი ნაცმოძრაობა“, მმართველ „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო მანიპულაციებში ადანაშაულებდა, ახლა კი საბოლოოდ მოგვარდა – ადრე განზრახული ხუთთვიანი დისტანციის ნაცვლად, ოთხთვიანი პერიოდი დამტკიცდა.
გიორგი მარგველაშვილის განხცადებით, მან ეს გადაწყვეტილება პარლამენტის სპიკერ დავით უსუფაშვილთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. პრინციპში, „საშუალო არითმეტიკულით“, ანუ როგორც 8 ივნისის თარიღს უწოდეს, ყველა მხარე კმაყოფილი დარჩა, საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა შვებით ამოისუნთქეს, ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერს კომპლიმენტებიც კი უძღვნა…. თუმცა პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ ყურადღება იმდენად წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღს კი არ უნდა მიექცეს, რამდენადაც იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებაც („ქართული ოცნება“) და ოპოზიციაც („ერთიანი ნაცმოძრაობა“) უმცირესობაში აღმოჩნდნენ: ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები მოწმობს, რომ ამომრჩეველთა 60%-მა მათ ზურგი აქცია. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ორივე ძალამ ელექტორატის ნდობა მნიშვნელოვნად დაკარგა. ყველაზე მეტად, როგორც ჩანს, ეს სწორედ მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ეხება: იმ დროს, როცა „ნაციონალები“ მეტ-ნაკლებად მაინც ინარჩუნებენ თავიანთ ამომრჩეველს 20%-ის ოდენობთ, „ქართული ოცნება“ დიდ გაჭირვებაშია. ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ მმართველი კოალიცია „ნახევრადდაშლის პერიოდში“ შევიდა. ამ ეტაპზე არავინ იცის, დარჩებიან თუ არა კოალიციაში „რესპუბლიკელები“ ან მოისურვებენ თუ არა ისინი საბოლოოდ დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. საქმე მხოლოდ „რესპუბლიკელების“ განზრახვაში არ არის, კოალიციის კურსის წინააღმდეგ განცხადებების გაკეთება დაიწყე „მრეწველებმაც… აღარაფერს ვიტყვით კოალიციის ყოფილ წევრ „თავისუფალ დემოკრატებზე“, რომლებიც „ქართული ოცნების“ ოპონენეტებად გადაიქცნენ.
თუმცა, დამკვირვებელთა აზრით, საარჩევნო კამპანიის ფავორიტად მაინც სწორედ „ქართული ოცნება“ რჩება. „ნაციონალებმა“ მოსახლეობის თვალში რეაბილიტაცია ვერ მოახერხეს, ხოლო ის ხმამაღალი განცხადებები, რომელსაც მათი არაფორმალური ლიდერი, სამშობლოსგან შორს, უკრაინაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი აკეთებს, პარტიის მდგომარეობის განმტკიცებას ვერ ემსახურება. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების სხვა სავარაუდო მონაწილეებს, მათთვის პარლამენტის დეპუტატის მანდატისათვის ბრძოლას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ექნება, წარმატება იმდენად ლოკალური შეიძლება იყოს, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ველზე დიდად არც აისახება.
«Politico» (აშშ), 11 მაისი, 2016 წელი
http://www.politico.eu/article/russia-message-to-georgia-you-belong-to-us-eu-allure-waning-tbilisi/
რუსეთის მესიჯი საქართველოსთვის: „თქვენ ჩვენი საკუთრება ხართ“
ფელიქს კარტიე
ადრე ევროკავშირს საქართველოში ისე უყურებდნენ, როგორც დემოკრატიისა და აყვავების შუქურას, თუმცა დღეს, როცა ევროკავშირის წევრებს შორის მნიშვნელოვანი უთანხმოებაა, ამ ორგანიზაციის ბრწყინვალება თანდატან ფერმკრთალდება.
საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისათვის ევროპა – ეს მშვენიერი, ლამაზი ილუზიაა, რომელიც თბილისის ტურისტული კვარტლის რამდენიმე ქუჩაზე ვრცელდება. ქალაქის სხვა რაიონებში სრულიად სხვა ცხოვრება სუფევს: ბავშვები სიგარეტზე მათხოვრობენ, მაღლივი შენობები თანამგზავრული ანტენებითაა დახუნძლული, რომლებითაც ძირითადად რუსულ ტელეარხების სიგნალი ვრცელდება და რომელთა მეშვეპობითაც ქართველების ბინებში მძლავრი მესიჯი იჭრება: „თქვენ ჩვენ გვეკუთვნით“.
რუსული ენა საქართველოში ყველაზე გავრცელებული უცხოური ენაა. ინგლისური ენა მეორე ადგილს იკავებს. ქართველების მტკიცე კავშირს რუსებთან, რუსულ ენასთან ერთად, საერთო რწმენაც – ქრისტიანულ-მართლმადიდებლური რელიგიაც უზრუნველყოფს. კი, საქართველოში შესაძლოა ევროპაზე მართლაც ოცნებობენ, მაგრამ რუსეთი ქართველებისათვის მაინც საერთო ოჯახად რჩება, მწვავე დავებისა და შეხლა-შემოხლის მიუხედავად.
კრემლი ოდითგანვე იყენებს კულტურას და რელიგიას ხელისუფლების ინსტრუმენტად და ქვეყნის გარეთ გავლენის მოსაპოვებლად. ამ რამდენიმე წლის წინათ საქართველო რუსული მძლავრი პროპაგანდის სამიზნე გახდა. მოსკოვმა თავისი აგიტაციის წყალობით საქართველოს პროევროპულ კურსს ჩრდილი გადააფარა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგის დავით აფრასიძის თქმით, ქართველების 60% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრირებას. თვითონ დავით აფრასიძე გერმანიის ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის ასპირანტი იყო. მისი სტუდენტებიც უკვე ევროკავშირის ქვეყნების უნივერსიტეტებშიც გადიან სწავლებას. ასე რომ, მათთვის ევროპა უკვე ილუზია კი არა, რეალობაა. „და მაინც ბევრ კითხვა ებადება: აღიქვამს თუ არა ევროპა ჩვენს სწრაფვას სერიოზულად?“, – ამბობს დავით აფრასიძე. ბრიუსელის წყალობით შესაძლებელი გახდა ენერგეტიკული მონოპოლიის დაძლევა და უსაფრთხო პროდუქტების სტანდარტების შემოღება, თუმცა ამ ტექნიკური მიღწევებით ქართველის კეთილგანწყობას ვერ მოიპოვებ. დავით აფრასიძის მტკიცებით, ევროკომისიამ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატთა სიიდან ამოიღო. ევროკავშირი ზალიან ცოტას აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო თავის ორბიტაზე ჰყავდეს. „არასაკმარისია მხოლოდ იმის თქმა, რომ ჩვენსავით კარგი იყავით და წარმატებებს მიაღწევთო“, – ხაზს უსვამს დავით აფრასიძე.
ევროპა ისწრაფვის ამ რეგიონში დემოკრატიის ექსპორტი მოახდინოს და იმავდროულად უარს აცხადებს საქართველოს მიღებაზე ევროპულ კლუბში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყველა ხელისუფლება ერთიდაიგივეს აცხადებს – ქვეყანას ევროკავშირის წევრობა სურსო, საქართველოსთვის არასდროს არ მიუციათ წევრობის კანდიდატობის სტატუსი. უფრო მეტიც – როცა ევროპის კომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი აცხადებს, რომ ევროკავშირის ახლადმიღებული წევრებისათვის ადაპტაციის რაღაც პერიოდია საჭიროო, ამით თბილისისაკენ ნაბიჯების გადადგმა ფაქტიურად გამოირიცხა.
„აღმოსავლეთის პარტნიორობა“ – აი, ასეთი ნახევრადნედლი პროექტით გადაწყვიტა ევროკავშირმა პასუხი გაეცა რუსეთისათვის, რომელიც კვლავ ცდილობს მეზობლების კრემლის გავლენის სფეროში შეიყვანოს. ეს პროგრამა 2009 წელს შეიქმნა და მის მიზანს სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინა-ბელორუსიაში რეფორმების ინიცირება და განხორციელება წარმოადგენდა, თუმცა მასში არაფერი არ იყო ნათქვამი ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებაზე. არადა, კაცმა რომ თქვას, იყო დრო, როცა საქართველოს ვესტერნიზაცია თითქმის უკვე გადაწყვეტილი ჩანდა – პრეზიდენტ მიხეილ სააშვილის მმართველობის პერიოდში. სწორედ იმ დროს საქართველოში ტრადიციად იქცა ევროკავშირის დროშა სახელმწიფო დროშასთან ერთად აღმართულიყო, აიკრძალა რუსული ტელეკომპანიების გადაცმები… მაგრამ ევროპამ საქართველოს მცდელობა არ დააფასა და ქართველებშიც იმედგაცრუების გრძნობა გაჩნდა. კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, რომლიც ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბერში მოვიდა, მართალია, ევროპული კურსის გაგრძელება გამოაცხადა, მაგრამ პარალელურად მოსკოვთან 2008 წლის აგვისტოში გაუარესებული ურთიერთობის აღდგენა-ნორმალიზების პროცესი დაიწყო.
მოსკოვისათვის დიდი შესაძლებლობების არეალი გაიხსნა: როგორც სოკოები იზრდებიან ხოლმე წვიმის შემდეგ, ისე დაიწყო საქართველოში პრორუსული ულტრაკონსერვატიული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების აღმოცენება. მათში ბევრი ფული ჩაიდო. ეს ორგანიზაციები დღეს ცდილობენ კიდევ უფრო განამტკიცონ ქართულ საზოგადოებაში ისედაც ღრმად ჩანერგილი შეგონება: რუსეთი საქარველოს ტრადიციული და ბუნებრივი მოკავშირეა, დასავლეთი კი მხოლოდ დეკადანსის ტაძარი და თავშესაფარი ჰომოსექსუალისტებისათვის. რასავირველია, დასავლეთს აქვს ის ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითად ქართლი საზოგადოების დაწყნარება შეუძლია („ცოტაც მოიცადეთ!“) – ესაა უვიზო რეჟიმის შემოღება, რათა ქართველებს ევროკავშირის შენგენის ზონაში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ევროკომისისამ ამის შესახებ უკვე თანხმობა განაცხადა. ანუ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირთან დაახლოების დროს არამარტო გეოგრაფიულ, არამედ ფსიქოლოგიურ დისტანციასაც ამოკლებენ. ტურისტული ფირმები უკვე ემზადებიან: სექტემბრიდან ავიაკომპანიები ქუთაისიდან ბერლინსა და მიუნჰენში ფრენებს იწყებენ.
ამის მიუხედავად დავით აფრასიძე მაინც შიშობს, რომ ევროპაში ბოლო ხანებში მომხდარმა მოვლენებმა – ტერორისტულმა აქტებმა, მიგრანტთა დიდმა ნაკადმა შესაძლოა შენგენის ზონა და ვიზალიბერალიზება საფრთხის ქვეშ დააყენოს: „თუ ევროკავშირი შენგენის ზონას გააუქმებს, მაშინ, ბუნებრივია, არანაირი უვიზო რეჟიმი ქართველებისათვის არ იქნება“. არადა, თუ მართლაც ასე მოხდება, ამ ფაქტს შეუძლია წყალი რუსოფილების წისქვილზე დაასხას, რითაც ქართველებში ანტიევროპულ განწყობები გაძლიერდება. აი, სწორედ ეს სურთ რუს პროპაგანდისტებს, რომლებიც მთელი ფრონტზე იბრძვიან.
ეგრეთ წოდებული ევრაზიის ინსტიტუტის შეუხედავი შენობა ახლოს მდებარეობს იმ უნივერსიტეტთან, სადაც დავით აფრასიძე მუშაობს. ამ ორგანიზაციას ფულს რუსი სპონსორები აძლევენ და შესაბამისად, ევრაზიის ინსტიტუტი ანტიევროპული აგიტაციის ლობისტად იქცა: „თავისუფლება უვიზოდ თუ ევროპული სიცრუე“? – ასე ჰქვია ერთ-ერთ ღონისძიებას, რომელიც ევრაზიის ინსტიტუტმა ამას წინათ ჩაატარა. ის მოსახლობას რუსული ენის უფასო კურსებს სთავაზობს, მას ფეისბუქზე თავისი გვერდი აქვს და ათი ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. „პოლიტიკოსები დასავლეთს ებღაუჭებიან, ქართველი ხალხი კი წინააღმდეგია“, – ასეთი წარწერა ამშვენებს ევრაზიის ინსტიტუტის მხარდამჭერთა ინტერნეტ-გვერდს. მისი მიზანი ისაა, რომ ქართული საზოგადოება პოლიტიკურ ელიტად და რიგით მოქალაქეებად გაჰყონ. ევრაზიული ინსტიტუტი თანამშრომლობს მრავალ პრორუსულ და კონსერვატიულ ორგანიზაციებთან, მათ შორის „სპუტნიკთან“ – საერტაშორისო მულტიმედიურ სამსახურტან,, რომელიც 2004 წლიდან რუსეთის საუკეთესო პროკრემლური პროპაგანდის წყაროს წარმოადგენს.
ასეთი საქმიანობა მხოლოდ ნაწილია იმ ფართო სტრატეგიისა, რასაც რუსეთი ეწევა საბჭოურის მსგავსი რეჟიმის აღსადგენად. სხვათა შორის, „სპუტნიკი“ მოქმედებს სერბეთშიც, სადაც რუსეთმა მსგავსი ანტიევროპული ორგანიზაციები შექმნა. სერბეთში, ისევე როგორც საქართველოში, ისეთი სოციალური კლიმატია, რომ საზოგადოება ადვილად ექცეოდა რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ. თუმცა, საბედნიეროდ, საქართველოსაგან განსხვავებით, სერბეთი რუსეთისაგან გეოგრაფიულად დაშორებულია, ისინი ერთმანეთს არ ესაზღვრებიან, ბელგრადი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე. მოკლედ, გასაგებია: სერბეთში რუსეთი ვეღარ დაბრუნდება, მაგრამ რას იზამს საქართველო – მორიგდებიან თუ არა ბრიუსელი და თბილისი?
საქართველოს დედაქალაქის ცენტრში, საბჭოურ ეპოქაში აგებული პარლამენტის შენობის წინ 9 აპრილის – დამოუკიდებლობისათვის დაღუპული ადამიანების ხსოვნის მემორიალთან ყოველწლიურად ახალგაზრდები იკრიბებიან ხოლმე. ეს აქცია პროევროპული ძალების აქციად გადაიქცა: გამოდიან პოლიტიკოსები, ტელევიზია მათ მგზნებარე სიტყვებს იწერს, მაგრამ ოდნავ ზემოთ რომ აიხედო, შენობის თავზე ჯერ კიდევ მოჩანს კომუნისტური წითელი ვარსკვლავი, რომელიც ევროპელ ენთუზიასტებს თითქოსდა დასცინის.
„ჩვენ, რასაკვირველია, ვიცით ეს პროპაგანდა, რომ თითქოსდა დასავლეთი ქართველებს ჩაგრავს და ევროპულ ოჯახში ჩვენი მიღება არ სურს, – ამბობს მემორიალთან თანატოლებთან ერთად მისული სტუდენტი ზურაბ კობაძე, რომელსაც ევროკავშირის დროშიანი პერანგი აცვია, – ევროპა ჩვენ საკუთარი ქვეყნის შესაცვლელად გვჭირდება“.
კორუფციასთან ბრძოლა და არსებული სისტემის კაპიტალური რემონტი – აი, რას სურტ ამ სტუდენტებს. მათ იმედი აქვთ, რომ ევროპაში შესაბამის ცოდნას შეიძენენ, ამიტომაც სჯერათ, რომ ბრიუსელი სავიზო რეჟიმს აუცილებლად გააუქმებს. გაამართლებს თუ არა ევროპა მათ ნდობას? „დიახ, მე ამაში დარწმუნებული ვარ, – ამბობს ზურაბ კობაძე, – ვიცი, რომ ასე იქნება“.
«Star» (თურქეთი), 12 მაისი, 2016 წელი
http://haber.star.com.tr/dunya/erdoganin-o-sozleri-gurcistani-mest-etti-/haber-1110557
საქართველო ერდოღანის სიტყვებმა მოხიბლა
თურქულმა გაზეთმა „სთაშ“-მა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეების – თედო ჯაფარიძისა და ლევან ბერძენიშვილის ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი პარლამენტარები მხურვალე მადლობას უხდიან თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ერდოღანს საქართველოსადმი გამოჩენილი მხარდაჭერის გამო.
საქმე იმაშია, რომ გუშინ დილით, თურქეთის პრეზიდენტი სტამბოლში ბალკანეთის სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბების უფროსების სამიტზე სიტყვით გამოვიდა. რეჯეფ ერდოღანი შავი ზღვის რეგიონში შექმნილ სიტუაციას შეეხო და ნატოს კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაფართოებისაკენ მოუწოდა. მან იმედი გამოთქვა, რომ ამ მხრივ სიტუაცია, ალბათ, ვარშავის სამიტის შემდეგ შეიცვლება: „შავი ზღა სტაბილურობის ზღვად უნდა გადაიქცეს. მე ნატოს გენმდივანს ასე ვუთხარი: „თქვენ [ნატოს] შავი ზღვა აღარ გვაქვს, რადგან ის უკვე თითქმის რუსული ზღვა გახდა. ამიტომ თურქეთმა, როგორც შავიზღვისპირა ქვეყანამ, თავისი ვალი უნდა მოიხადოს. თუ ახლავე ზომებს არ მივიღებთ, ისტორია ამას არ გვაპატიებს“
(წყარო: http://ria.ru/world/20160511/1431212713.html)
გაზეთ „სთაშ“-ში დღეს გამოქვეყნებულ მასალაში ხაზგასმულადაა მონიშნული ქართველი პარლამენტარების განცხადების ძირითადი პუნქტები: „ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვგრძნობთ თურქეთის მხარდაჭერას“, „ჩვენ მადლობას ვუხდით თურქეთს“, „რეჯებ ერდოღანის განსაკუთრებული ზრუნვა საქართველოზე“.
გთავაზობთ განცხადების ტექსტს:
„საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების სახელით, მადლობას ვუხდით თურქეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტს და მის წევრებს განცხადებისთვის, რომლითაც მოუწოდეს მოკავშირეებს ვარშავის სამიტზე მხარი დაუჭირონ საქართველოს ნატოში ინტეგრაციას.
ჩვენი ქვეყნის მიერ საგარეო ორიენტირების განმტკიცების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, უდიდესი როლი ენიჭება თურქეთის, როგორც საქართველოს უახლოესი პარტნიორისა და ნატოს წევრი ქვეყნის მხრიდან გამოხატულ მხარდაჭერას. ეს არის ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობისა და თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურება.
საქართველო თავისი დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდანვე გრძნობს თურქეთის მხრიდან მხარდაჭერას, მათ შორის, სამხედრო აღმშენებლობის სფეროში, რაც ხელს უწყობს საქართველოს სამხედრო ძალების ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას. საქართველო-თურქეთის ურთიერთობები სტაბილურობის მაჩვენებელია ჩვენს რეგიონში და არ წარმოადგენს საფრთხეს რომელიმე მესამე მხარისთვის. ჩვენ ასევე, მადლობას ვუხდით ჩვენს კოლეგებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ თურქეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის განცხადება თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას დაემთხვა, რომლითაც მან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს შავი ზღვის რეგიონში კოორდინაციისა და თანამშრომლობის განმტკიცებისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხში ნატოს მომავალ სამიტზე კონკრეტული შედეგები იქნება მიღწეული. სწორედ ასეთი თანამშრომლობა წარმოადგენს საქართველოს სასიცოცხლო ინტერესს.
თურქეთის წვლილი საქართველოს მიერ ნატოსთან დაახლოების გზაზე ყოველთვის იქნება უდიდესი კონტრიბუცია, როგორც საქართველოს, ასევე თავად ნატოს განმტკიცებისა და გაფართოების პროცესში“, – ნათქვამია ქართველი პარლამენტარების განცხადებაში.