globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 12 ივნისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jun 12th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«ТВ Дождь» (რუსეთი): ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: ოდესის გუბერნატორი რუსი ჟურნალისტის ქსენია სობჩაკის კითხვებს პასუხობს

«Die Tageszeitung» (გერმანია): ორ ფრონტზე ბრძოლის შიში: ოდესის გუბერნატორი დნესტრისპირეთთან კონფრონტაციულ კურსს ირჩევს

«Московский комсомолец» (რუსეთი): „ამერიკამ „ბაქტერიოლოგიური იარაღი“, საქართველოში, რუსეთის საზღვრებთან ახლოს განათავსა“

———————-

«ТВ Дождь» (რუსეთი), 11 ივნისი, 2015 წელი

http://tvrain.ru/teleshow/sobchak_zhivem/intervju_ksenii_sobchak_s_mihailom_saakashvi-388964/

http://nr2.ru/News/politics_and_society/Saakashvili-o-tom-kak-ego-naznachenie-svyazano-s-Putinym-i-Novorossiey-98728.html

ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: ოდესის გუბერნატორი რუსი ჟურნალისტის ქსენია სობჩაკის კითხვებს პასუხობს

მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა ოდესაში ჩასულ ჟურნალისტს ქსენია სობჩაკს, რომელიც გუშინ, 11 ივნისს, რუსული ტელეკომპანია „დოჟდ“-ის ეთერში გადაიცა (ჟურნალისტის პერსონალურ პროგრამაში „სობჩაკ ჟივიომ“).

ოდესის გუბერნატორის განცხადებით, მისი დანიშვნა რეგიონის ხელმძღვანელად მიზნად ისახავს აჩვენოს ვლადიმერ პუტინსა და მისი მხარდამჭერებს ის რეალობა, რომელიც ე.წ. „ნოვოროსიის“ ალერნატივას წარმოადგენს. „ჩემი დანიშვნა უკავშირდება აგრეთვე უკრაინისა და რუსეთის სამხედრო კონფლიქტსაც“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და განმარტა, თუ რატომაა მასზე გაბრაზებული რუსეთის პრეზიდენტი:

„რატომ არ მოვეწონე მას პირველსავე შეხვედრის დროს? იმიტომ, რომ აღმოჩნდა, რომ საქართველო, რომელიც ყველაზე კორუმპირებული იყო, ყველაზე ჩამორჩენილი, ყველაზე მაფიოზური ქვეყანა, აი, ასეთ საქართველოში ჩვენ წესრიგის დამყარება დავიწყეთ. ხალხმა ქრთამის აღება და მიცემა შეწყვიტა, ქვეყანამ განვითარება დაიწყო… ჩვენ ალტერნატიული სისტემა შევქმენით…“.

რამდენიმე ციტატა ინტერვიუდან:

„ოდესა რუსული ქალაქი არაა, ოდესა უკრაინის შიგნით არსებული სპეციფიკური იდენტურობის გამოხატულობაა… მაგრამ რადგანაც ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ოდესა „ნოვოროსიის“ ნაწილიაო, რუსების ტვინში ასეა ჩანერგილი. ვლადიმირ პუტინი, ალბათ, მიიჩნევს, რომ ოდესა „ნოვოროსიის“ ცენტრია და, აქედან გამომდინარე, რუსულ ქალაქს წარმოადგენს. თუ აქ რაიმე უკეთესობისაკენ შეიცვლება, ეს რუსებისათვის ალტერნატივა იქნება. სწორედ ეს არ უნდა რუსეთის პრტეზიდენტს“.

„რუსების წარმოდგენით, მიუღებელია, რომ ოდესა „ნოვოროსიის“ გარეთ აღმოჩნდეს, რომელიც მალე თანამედროვე ევროპულ ქალაქად გადაიქცევა, თანამედროვე ევროპულ მხარედ, სადაც ქრთამის აღებ-მიცემა აღარ იქნება, სადაც ხალხი მომავალს იმედით შეხედავს… ეს ვლადიმირ პუტინისათვის ყველაზე დიდი პრობლემა იქნება“.

„მე ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ საქართველოში პრეზიდენტობის დროს ყველა ციხეში ჩავსვი, თუმცა ვაღიარებ, გარკვეული გადახრები მართლაც იყო“.

ინტერვიუს შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ქსენია სობჩაკი ოდესაში და მის შემოგარენში გაასეირნა, დაათვალიერს ქალაქი, შევიდნენ ბაზარში, დაინტერესდნენ ფასებით, ქუჩებში რიგით მოქალაქეებს ესაუბრნენ და სამახსოვრო ფოტოსურათები გადაიღეს.

«Die Tageszeitung» (გერმანია), 11 ივნისი, 2015 წელი

http://inosmi.ru/world/20150612/228525226.html

http://www.taz.de/Ukraine-Konflikt-in-Odessa/!5203456/

ორ ფრონტზე ბრძოლის შიში: ოდესის გუბერნატორი დნესტრისპირეთთან კონფრონტაციულ კურსს ირჩევს

გერმანულ გაზეთ „ტაგესცაიტუნგ“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ჟურნალისტი ბერნჰარდ კლაზენი ოდესაში ყოფნის შთაბეჭდილებებს გადმოგვცემს. იგი ვრცლად არწერს უკრაინის ამ მნიშვნელოვანი ქალაქის მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებას, სხვადასხვა ეროვნების ადამიანების თვალსაზრისს ქალაქში გასულ წელს მომხდარი ტრაგიკული მოვლენებისა და დღეს მიმდინარე პროცესების შესახებ.

როგორც ბერნჰარდ კლაზენი აღნიშნავს, ოდესის ოლქის გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნისადმი მოსახლეობის თვალსაზრისები სხვადასხვანაირია:

ა) ავტორი ესაუბრება ერთ-ერთ მოქალაქეს, საშუალო სკოლის მასწავლებელს, რომლის აზრით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გუბერნატორად დანიშვნა ოდესას კატასტროფას უქადის. რესპოდენტის თქმით, მან ისეთი განცხადებები გააკეთა, რომ  აშკარად ჩანს, იგი დნესტრისპირეთთან ომს დაიწყებს, რაც ძალიან საშიშია. მასწავლებელმა ისიც აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს ომის პროვოცირების გამოცდილება უკვე აქვს – მან 2008 წელს, კონტრაბანდასთან ბრძოლის მოტივაციით, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაიწყო. სხვათა შორის, დნესტრისპირეთის მიმართაც  იგივე მოტივირებაა – კონტრაბანდასთან ბრძოლა;

ბ) არასამთავრობო ორგანიზაცია „მაიდანი კორუფციის წინააღმდეგ“ აქტივისტების აზრით, ისინი იმედით უყურებენ მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნას. „კარგია, რომ ახალი გუბერნატორი დნესტრისპირეთთან არსებული საზღვრის გაკონტროლებას ცდილობს, ჩვენ მასთან ვითანამშრომლებთ“, – ამბობს ანდრეი სიდორენკო, – „ჩვენ საერთო მიზანი გვაქვს – კორუფციასთან ბრძოლა“.

«Московский комсомолец» (რუსეთი), 12 ივნისი, 2015 წელი

http://www.mk.ru/politics/2015/06/11/ssha-razmestili-bakteriologicheskoe-oruzhie-u-granic-rossii.html

„ამერიკამ „ბაქტერიოლოგიური იარაღი“, საქართველოში, რუსეთის საზღვრებთან ახლოს განათავსა“

როგორც რუსეთის გაზეთის „მოსკოვსკიი კომსომოლეცის“ მიერ 12 ივნისს გამოქვეყნებულ მასალაშია აღნიშნული, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 5 ივნისს გამოაქვეყნა მოხსენება „შეიარაღების, მისი გაუვრცელებლობისა და განიარაღებაზე კონტროლის შეთანხმებების პირობათა შესრულების შესახებ“, რომელშიც ვაშინგტონმა მოსკოვი მთელ რიგ დარღვევებში დაადანაშაულა.

თავის მხრივ, გუშინ, 11 ივნისს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარი გაუკეთა ვაშინგტონის პოზიციას და აღნიშნა, რომ ვაშინგტონის კრიტიკა რუსეთისათვის მიუღებელია. პირიქით, შეერთებული შტატები თვითონ არღვევს რიგი საერთაშორისო შეთანხმებების პირობებს: მაგალითად, ამერიკამ საქართველოში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, თბილისის ახლოს, ბიოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია შექმნა, რომელიც შენიღბულია სრულიად უსაფრთხო სახელწოდებით – „რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი“. რეალურად კი ეს არის მაღალი ბიოლოგიური იზოლირების მქონე სამხედრო დანიშნულების ობიექტი, სადაც ამერიკელი მედიკოსები მუშაობენ სახმელეთო ჯარების ინსტიტუტიდან და საიდანც რეგიონს და რუსეთს დიდი საფრთხე ემუქრება.

ამ ბიოლოგიური ლაბორატორიის საფრთხის სიმპტომები ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, როცა რუსეთის სამხრეთ რეგიონებში ღორის ჭირი გაჩნდა და რომელმაც მეცხოველეობას დიდი ზარალი მიაყენა. გენადი ონიშჩენკო, „როსპოტრებნადზორის“ მაშინდელი ხელმძღვანელი, აცხადებდა, რომ ღორის ჭირის (გრიპის) ვირუსი რუსეთში თბილისის ლაბორატორიიადან გავრცელდაო. რუსმა მეცნიერებმა ლაბორატორია ორჯერ მოინახულეს, მაგრამ გარეგნულად ვერაფერი საფრთხე ვერ შენიშნეს.

აქვს თუ არა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეშფოთების რეალური საფუძველი?

„მოსკოვსკიი კომსომოლეცი“ ესაუბრება ბიოლოგიური იარაღის ექსპერტს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ნატალია კალინინას.

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოში არსებული ლაბორატორიიდან მომდინარე საფრთხის თაობაზე სინამდვილეს შეესაბამება და არანაირად არაა გადაჭარბებული. ამერიკელებმა 2001 წელს მართლაც ჩაშალეს ჟენევაში დანიშნული მოლაპარაკებები, რომლის დროსაც ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციასთან დაკავშირებული საკითხები უნდა განხილულიყო. ამ კონვენციის დებულებების შესრულებას დღეს არანაირად არ კონტროლდება, არსებობს მხოლოდ ნებაყოფლობითი ვალდებულება, პერიოდულად იქნეს წარმოდგენილი, თუ რა სამუშაოებს აწარმოებს ესა თუ ის ლაბორატორია, რომელ საშიშ ინფექციებზე ხდება დაკვირვება და ასე შემდეგ. რაც შეეხება თბილისში არსებულ ლაბორატორიას, ეს ობიექტი დაკვირვებას აწარმოებს მეტად საშიშ ვირუსებზე. აშკარაა, რომ სამუშაოები აშშ-ის მიერ კონტროლდება. თბილისის ლაბორატორია მართლაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის რუსეთს, რადგან ჩვენი ქვეყნის საზღვრების ახლოს მდებარეობს“, – ამბობს ნატალია კალინინა და იქვე დასძენს, რომ თუ საერთაშორისო ინსპექცია რომელიმე ლაბორატორიის შემოწმებას განიზრახავს და ამის თაობაზე წინასწარ გახდება ცნობილი, ლაბორატორიის მუშაკებს შეუძლიათ სწრაფად გაანადგურონ სამხილები (ანუ საშიში ვირუსების გამოყვანის ფაქტები და ამ მიმართულებით გატარებული კვლევა-მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტები).

—————–

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გუშინ საღამოს აშშ-ის სახელმწიფო რადიოსადგური „ამერიკის ხმაც“ გამოეხმაურა.

„საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ლაბორატორიის მუშაობას საიდუმლო ხასიათი არ აქვს და ამ მიზნით არაერთხელ მიუწვევია რუსი სპეციალისტები, რათა ისინი თვითონვე დარწმუნებულიყვნენ „რიჩარდ ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრის“ მუშაობის უსაფრთხო ხასიათში. ნიშანდობლივია, რომ 2013 წლის მაისში ლაბორატორია, რომლის შექმნაში შეერთებულმა შტატებმა 150 მილიონი დოლარი დახარჯა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კონტოლქვეშ გადავიდა და მისი სტრქუტურის ნაწილი გახდა.

როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტთან საუბარში, რუსეთის ბრალდებებს პოლიტიკური საფუძველი აქვს: „ეს სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიაა, რომელიც მუშაობს სხვადასხვა საშიშ ვირუსლ ინფექციებზე, აგრეთვე გენომის გაშიფვრაზე. ამ დაწესებულებას რეგიონში ანალოგი არ აქვს, აღჭურვილია უახლესი და უნიკალური დანადგარებიტა და აპარატურით“, – ამბობს ამირან გამყრელიძე და აღნიშნავს, რომ ლაბორატორიაში დაახლოებით 60 თანამშრომელი მუშაობს. „რუსულმა მხარემ არაერთხელ განახორციელა პოლიტიკური მანიპულაციები ამ ლაბორატორიის მუშაობის ირგვლივ საქართველოზე ზეწოლის მოხდენის მიზნით. რასაც რუსეთის საგარეო საქმეტა სამინისტრო აცხადებს, ის სინამდვილეს არ შეესაბამება: არავითარი საიდუმლო სამუშაობეი ლაბორატორიაში არ მიმდინარეობს. 2013 და 2014 წლებში აქ რუსი სპეციალისტები იმყოფებოდნენ, ჩვენ მათ ერთობლივი თანამშრომლობა შევთავაზეთ, მიდიოდა მოლაპარაკება რამდენიმე პროექტის შესახებ, იყო მიწერ-მოწერა, მაგრამ საბოლოოდ მათ თავიანთი აქტიურობა შეწყვიტეს და პროექტები არ განხორციელებულა“.

გარდა ამისა, წინა წლებში ლაბორატორიის მუშაობის გასაშუქებლად რუსეთის ორმა წამყვანმა ტელეკომპანიამ ტავისი ჟურნალისტები გამოგზავნა, მაგრამ მათ მიერ გადაღებული კადრები რატომრაც ეთერში არ გაუშვეს. უფრო მეტიც – გასულ კვირას ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ კიდევ ერთი რუსული ტელეარხის – „როსია-24“-ის ჟურნალისტები და ახლა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების გამო კითხვა ჩნდება – საგანგებოდ ხომ არ იყვნენ ისინი ჩამოსულნი თბილისში? რაღაც საეჭვოა მათი სპონტანური ვიზიტი“.

როგორც „ამერიკის ხმა“ აღნიშნავს, ამ საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია

(წყარო: http://www.golos-ameriki.ru/content/nc-on-lugar-biolab-in-georgia/2817418.html).

Comments are closed