globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 12 ივნისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jun 12th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Каспiй» (აზერბაიჯანი): ლეგალიზების მცდელობა // თბილისი მოსკოვისა და რუსეთის მორჩილი სეპარატისტების გეგმებს ყურადღებას არ აქცევს

«n-tv» (გერმანია): საქართველოში „სტუმარი ღვთისაა“

«Eurasianet» (აშშ): გავრცელდება თუ არა სპარსეთის ყურის დიდი თამაშები კავკასიაზე? // ერევანმა და ბაქომ ყატარის შესახებ პოზიციები გამოხატეს, თბილისი კი დუმილს ინარჩუნებს

—————–

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 11 ივნისი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/news.php?id=62179#.WT4SCYq1vs0

ლეგალიზების მცდელობა

თბილისი მოსკოვისა და რუსეთის მორჩილი სეპარატისტების გეგმებს ყურადღებას არ აქცევს

სტატია ეხება რუსეთ-საქართველოს შორის დადებულ შეთანხმებას ე.წ. სავაჭრო დერეფნების ანუ საბაჟო მონიტორინგის შესახებ, რომელიც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების მოძრაობის კონტროლს ითვალისწინებს: როგორც ცნობილია, სანკტ-პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ სამიტზე მიწვეულმა საქართველოს ოკუპირებული ნაწილის – სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ „ცხინვალი მზადაა ტვირთების ტრანზიტი უზრუნველყოსო, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ სამხრეთ ოსეთი აღნიშნული პროექტის თანასწორუფლებიანი პარტნიორი იქნებაო“. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ სამხრეთ ოსეთის უკანონო ხელისუფლების საჭესთან შეურაცხადი ადამიანები დგანან,  - აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – რაუფ ორუჯევი).

ანატოლი ბიბილოვის განცხადებას მხარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაუჭირა, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა უწყებამაც საპასუხო განცხადება გამოაქვეყნა – მოსკოვი თავს არიდებს „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ 2011 წლის 9 ნოემბრის საბაჟო მონიტორინგის შეთანხმების იმპლემენტაციასო“. „რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების კომენტარს მიზანმიმართულად ჩიხში შეჰყავს პროცესი. კერძოდ, რუსეთის მხარე ცდილობს წარმოაჩინოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ზემოხსენებული შეთანხმების მონაწილედ, რაც აშკარად ეწინააღმდეგება ამ შეთანხმების პრინციპებსა და დანიშნულებას. 2011 წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმების ამგვარი ინტერპრეტაცია პრინციპულად მიუღებელია ქართული მხარისათვის და ეს იმთავითვე ცნობილი იყო ოფიციალური მოსკოვისათვის. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას დაუბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოებს, გადახედოს თავის არაკონსტრუქციულ პოზიციას და შეუდგეს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების უპირობო შესრულებას», – ხაზგასმულია განცხადებაში. თბილისის რეაქცია სრულიად გამართლებულია.

1994 წლიდან, როცა საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის მიმდინარე ბრძოლის სამხედრო ფაზა შეწყდა, ამის მიუხედავად, ჩვენს მეზობელ რესპუბლიკას არასოდეს შეუწყვეტია მცდელობა და უარი არ განუცხადებია სამხრეთ ოსეთის ოკუპანტებისაგან გათავისუფლების განზრახვაზე. თბილისი ყველგან და ყოველთვის ღირსეულად იცავს თავის უფლებებს, მაგრამ ცხინვალელი „პრეზიდენტების“ ტვინი ეს გარემოებას ვერ აცნობიერებს, ცდილობენ, რომ გაძვრომ-გამოძვრომებით და რაღაც ხრიკებით მოახერხონ და საკუთარი თავი საერთაშორისო სამართალსუბიექტებად წარმოადგინონ. რასაკვირველია, ტყუილად იდგამენ წელებზე ფეხს, არ გაუვათ მცდელობა და ვერაფერს მიაღწევენ.

რითაა მნიშვნელოვანი საქართველოს პრინციპული პოზიცია აზერბაიჯანისათვის?  აშკარაა, რომ თვით საქართველოსთვის, გეოპოლიტიკურ სიტუაციას თუ გადავხედავთ, დამატებითი ავტომიმოსვლა რუსეთთან როკის გვირაბისა და ცხინვალის გავლით მაინცდამაინც აუცილებელი არ არის. თბილისი თავის სავაჭრო ინტერესებს და ამოცანებს წარმატებით წყვეტს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიებით სარგებლობის გარეშეც – ზემო ლარსის ავტოტრასით და აზერბაიჯანის რკინიგზით. ცოტა ძვირი კი ჯდება, მაგრამ სამაგიეროდ ყოველგვარი პოლიტიკური რიფების გარეშე.

თუმცა ისიც ნათელია, რომ რუსეთთან დამაკავშირებელი დამატებითი მარშრუტების ამოქმედება ძალიან აწყობს სომხეთს, რომელიც ნახევრად ბლოკირებულ პირობებში ჯერ კიდევ აგრძელებს არსებობას. სამხრეთ ოსეთზე მოძრაობის აღდგენა, როგორც ჩანს, მოსკოვსაც სურს, რომ სამხრეთ კავკასიაში თავის ერთადერთ ფორპოსტთან – სომხეთთან კავშირი რომ ჰქონდეს. იქ ხომ რუსეთის ყველაზე დიდი სამხედრო ბაზაა დისლოცირებული, რეგიონის მასშტაბით, რომელსაც თბილისი საფრთხედ მიიჩნევს..

ამრიგად, ყველა დაინტერესებული მხარისათვის დიდი ხანია გასაგები უნდა იყოს, რომ ოკუპირებული მიწების გათავისუფლებისა და საქართველოს და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე, რეგიონის ინფრასტრუქტურის ამოქმედების საკითხში რუსეთი თბილისისა და ბაქოს ნებართვას ვერ მიიღებს.

———-

ამ თემაზე სტატია გამოქვეყნებულია აგრეთვე აზერბაიჯანის გაზეთ „ეხო“-ში სათაურით „ერევნის „დერეფნული ოცნებები“ (ავტორი – ტოფიგა კასიმოვა//ნურანი). „თბილისი არ დაივიწყებს იმას, რომ სომხეთმა მხარი არ დაუჭირა და წინააღმდეგ მისცა ხმა საქართველოს მიერ ინიცირებულ გაეროს რეზოლუციას ლტოლვილების აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაბრუნების თაობაზე… ოფიციალურმა ერევანმა უნდა იცოდეს, რომ „დერეფნულ გეგმებს“ განხორციელება არ უწერია“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში (წყარო: http://ru.echo.az/?p=60087).

«n-tv» (გერმანია), 10 ივნისი, 2017 წელი

http://www.n-tv.de/leute/essen/Der-Gast-kommt-von-Gott-article19877592.html

სიყვარულის აღიარება გურმანებისაგან

საქართველოში „სტუმარი ღვთისაა“

„ჩვენთვის, გერმანელებისათვის, უკვე დიდი ხანია ცნობილია ჩინური, ტაილანდური, ინდური თუ აზიის სხვა ხალხების ეროვნული კერძები, მაგრამ გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ გურმანებისთვის ჭეშმარიტი ქვეყანა უფრო დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მდებარეობს, მაგრამ მის შესახებ ძალიან ცოტა რამ თუ ვიცით“, – ასეთი შესავალით იწყება ვრცელი სტატია, რომელშიც გადმოცემულია საქართველო-გერმანიის ურთიერთობის მოკლე მიმოხილვა და ქართველი ხალხის კულინარული ტრადიციები (ავტორი – ჰაიდი დრისნარი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს, რომელიც  ტელეეთერში ტურიზმის თემაზე გადაცემული ფილმის საფუძველზეa მომზადებული:

„წიგნები, რომლებიც გერმანულ ენაზე ქართულ სამზარეულოს გვაცნობს, საკმაოდ დიდი იშვიათობაა. ასევე გაგიძნელდებათ ჭეშმარიტად ქართული რესტორნის მოძებნაც. არადა, კავკასიის ქვეყანა, რომელსაც ჩვენ «Georgien»-ს ვეძახით, რუსები – «Grusija»-ს, ხოლო იქაური ხალხი საკუთარ სახელმწიფოს «Sarkartvelo»-ს უწოდებს, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იყო ცნობილი კარგი და გემრიელი კერძების მოყვარულთათვის. ბოლო დროს კი დასავლეთმა თანდათან დაიწყო ამ ქვეყნის მიმართ ყურადღების მიპყრობა – როგორც აბრეშუმის დიდი გზის ახალი პროექტის ერთ-ერთ მიმართულებად – ეკონომიკურ პარტნიორის, მოგზაურობის მარშრუტის სახით და რაც მთავარია ჩვენთვის – როგორც გურმანების ელდორადოდ.

საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს გამოაცხადა. გერმანია ევროკავშირის პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა (1992 წლის 23 მარტს) და მასთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა (1992 წლის 13 აპრილს). გერმანია ასევე პირველი სახელმწიფო იყო, რომლის საელჩო თბილისში გაიხსნა, თუმცა ურთიერთობა გერმანელებს და ქართველებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებამდე დიდი ხნის  წინ დაიწყო. პირველი ემიგრანტი შვაბელი გლეხები საქართველოში 1817 წელს გამოჩნდნენ და მათი შთამომავლები (მართალია, მცირე რაოდენობით), დღესაც იქ ცხოვრობენ. 2017 წელს აღინიშნება გერმანულ-ქართული კავშირების ორსაუკუნოვანი იუბილე და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავი. ღონისძიებები უკვე დაიწყო და 2018 წლის შუახანებამდე გაგრძელდება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლის შემოდგომაზე საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.

ამას წინათ, გერმანულ-ქართული ურთიერთობების იუბილეს ჩარჩოებში, გამომცემლობა «Leopold Stocker Verlag»-მა გერმანულ ენაზე დასტამბა წიგნი ქართული კულინარიის შესახებ. 176-გვერდიანი წიგნი სახელწოდებით „ქართული სამზარეულო“ უხვადაა ილუსტრირებული ფერადი ფოტოსურათებით, მისი ავტორია შოთა დვალიშვილი, რესტორან „მასპინძელოს“ შეფ-მზარეული (სტატიაში ფართოდაა გადმოცემული ქართული სამზარეულოს სპეციფიკა).

წიგნი გერმანულ ენაზე თარგმნა დოქტორმა მაია ფანჯიკიძემ. იგი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია, გერმანული ენისა და ლიტერატურის მკვლევარი, გამოქვეყნებული აქვს ბევრი სამეცნიერო ნაშრომი. მაია ფანჯიკიძე რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ელჩი იყო გერმანიასა და ნიდერლანდებში, ბოლო კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. წიგნის შესავალში მაია ფანჯიკიძე გერმანელ მკითხველს აცნობს ქართული სუფრის სპეციფიკას, სადღეგრძელოების თემატიკას – მშვიდობაზე, სამშობლოს სიყვარულზე, ოჯახზე, მშობლებზე და შვილებზე… იმ ლეგენდას, თუ როგორ მიიღეს ღმერთისაგან ქართველებმა საცხოვრებელი ადგილად სამოთხის მსგავსი ადგილი – კავკასიის მთებით, შავი ზღვით, აყვავებული ხეობებით, ნაყოფიერი ველ-მინდვრებით და რომელსაც დღეს საქართველო ჰქვია. აქ ყოფილან ცნობილი მწერლები და პოეტები, მათ შორის ალექსანდრე დიუმა, ალექსანდრე პუშკინი, ბორის პასტერნაკი და სხვები, რომლებიც საქართველოს სილამაზის ხილვისას „სიყვარულით თვრებოდნენ“ და „გულს თბილისში ტოვებდნენ“: „თბილისით აღფრთოვანებული და მოხიბლული ვარ“, – წერდა ალექსანდრე დიუმა 1858 წელს.

წიგნის გაცნობის დროს დავწმუნდი, რომ საქართველოს შესახებ მე საკმაოდ ცოტა რამ ვიცოდი, თუ არ ჩავთვლით 1991 წლის შემდგომ მოვლენებს. კი, წამიკითხავს, რომ საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე ადრე კოლხეთის სამეფო არსებობდა, სადაც ბერძენი არგონავტები ოქროს საწმისის საძებნელად გაემართნენ, მაგრამ იმერეთზე, სამეგრელოზე, აჭარაზე, გურიაზე და სხვა კუთხეებზე არაფერი გამეგონა. საქართველოს ყოველ მხარეს თავისი სამზარეულო აქვს. ვთქვათ, განა იცით, რომ ცნობილი ქართული ხაჭაპური სხვადასხვა სახის არსებობს? აჭარული, იმერული, მეგრული… ჩემი პირველი გაცნობა ქართულ სამზარეულოსთან თავდაპირველად, წლების წინ, მხოლოდ მწვადით და „ჩახოხბილით“ შემოიფარგლებოდა, ახლა კი ვიცი შემწვარი ბადრიჯანი ნიგვზით, უამრავი სახის ბოსტნეულის სალათა…

წიგნი „ქართული სამზარეულო“ შესავალში მკითხველს მოუთხრობს აგრეთვე ქვეყნის ისტორიას, რომელიც ძალიან ღრმა, საუკუნეთა მიღმა, მითიურ პერიოდში იწყება – პრომეთესა და ზემოთხსენებული არგონავტების ხანაში. განა ბევრმა იცის გერმანიაში, რომ ქართული ენა თავისი ორიგინალური შრიფტით მსოფლიოს ენებს შორის ერთ-ერთი უძველესი ცოცხალი ენაა, რომელიც მე-5 საუკუნეშია შექმნილი? ან კიდევ ის ფაქტი, რომ საქართველოში ქრისტიანობა ჯერ კიდევ 337 წელს გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად? შესავალში ისიც არის აღნიშნული, თუ რა კავშირი არსებობს თამარ მეფესა და ფრიდრიხ I ბარბაროსას შორის და ისიც, რომ ქართული ეროვნული პოლიფონიური სიმღერა „ჩაკრულო“ ამერიკულმა კოსმოსურმა ზონდმა „ვიოიაჯერ“-მა სამყაროს უსასრულო სივრცეში გაიტანა, როგორც პლანეტა დედამიწის ხალხთა კულტურული მემკვიდრეობის ნიმუში. საქართველოს უნიკალური ისტორია მოწმობს, რომ მისი სტრატეგიული მდებარეობა უძველესი დროიდანვე მრავალ უცხოელ დამპყრობელს იზიდავდა. შედარებით უფრო თანამედროვე [საბჭოთა და მისი შემდგომი] პერიოდის აღწერისას საუბარია მე-20 საუკუნეში იოსებ სტალინის დროინდელ „წმენდებზე“, დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების ბრძოლაზე მაფიასთან და კორუფციასთან, რუსეთთან კონფლიქტზე… 2009 წლიდან საქართველო ევროკავშირის პროექტის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წევრია, 2014 წელს კი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაც გააფორმა და, შესაბამისად, საქართველოზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ვრცელდება. საერთოდ კი, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს წევრობამდე თბილისს გრძელი გზა აქვს გასავლელი. აქვე ვიტყვით, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ახლახან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა – ქართველებისთვის 2017 წლის მარტიდან შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლაა ნებადართული.

ოსმალური (თურქული), სპარსული (ირანული) და რუსული ისტორიულ გავლენათა შედეგები საქართველოში შთამბეჭდავ მრავალფეროვნებას ქმნის. და თუ ამას დავამატებთ [სუბტროპიკულ] კლიმატს და ნაყოფიერ მიწას, ხილისა და ბოსტნეულის სიუხვეს, მოგზაური შთაბეჭდილებების აუწერელ არომატს იგრძნობს. ბოლოს კი მთავარი – ქართული ღვინო! საქართველოს ექსპორტის ეს მნიშვნელოვანი პროდუქტი ევროპის სავაჭრო ქსელშიც შეიძლება ვნახოთ. ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი ცნობილი კომპანიაა „შატო მუხრანი“, რომელსაც 100 ჰეტარი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე ქართული ავტოხთონური და უცხოური ვაზის ჯიშები აქვს გაშენებული. სხვათა შორის, „შატო მუხრანის“ მთავარი ენოლოგი (მეღვინე) გერმანელი პატრიკ ჰონეფია, რომელიც მკაცრად ადევნებს თვალს ღვინის დამზადების პროცესს: ვაზის მოვლიდან და მოსავლის მიღებიდან ყურძნის წვენის ღვინოდ ქცევამდე და მის ბოთლში ჩასხმამდე. თუ ვინმეს ცნობისმოყვარეობა აღეძვრება კავკასიის პატარა ქვეყნის მიმართ, იქ ჩასვლა ძნელი არ არის. საქართველო ჩვენგან პაპუა-ახალ გვინეასთან შედარებით ბევრად ახლოს მდებარეობს, მაგრამ, როგორც ჩანს, ევროპისათვის ჯერ-ჯერობით მაინც ეგზოტიკურ ქვეყანად რჩება. ტურისტებს იქ ხელგაშლილნი ხვდებიან, ქართული გამოთქმაც კი არსებობს – „სტუმარი ღვთისაა“. ქართველი უცნობ ადამიანსაც კი ახლობელივით ღებულობს და მასზე ზრუნავს.

(სტატიის დასასრულს მოცემულია ზოგიერთი ქართული კერძის მომზადების წესი).

«Eurasianet» (აშშ), 11 ივნისი, 2017 წელი

http://www.eurasianet.org/node/83926

გავრცელდება თუ არა სპარსეთის ყურის დიდი თამაშები კავკასიაზე?

ერევანმა და ბაქომ ყატარის შესახებ პოზიციები გამოხატეს, თბილისი კი დუმილს ინარჩუნებს

ჯოშუა კუჩერა, ემილ სანამიანი

(შემოკლებით)

კავკასია უკვე დიდი ხანია იმყოფება რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების ზონაში, რომლებსაც რეგიონში სხვადასხვა მიზნები აქვთ. ბოლო ხანს კავკასიით დაინტერესებას სპარსეთის ყურის ქვეყნებიც აქტიურად იჩენენ. ახლა კი, როცა ყატარს და მის მეზობლებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყდა, იბადება კითხვა – ხომ არ გადაიზრდება ეს სიტუაცია კავკასიაში დიდ თამაშებად?

ფაქტია, რომ სპარსეთის ყურისა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. საუდის არაბეთის სახელმწიფო მინისტრი სპარსეთის ყურის საკითხებში ბოლო სამი თვის მაძილზე აზერბაიჯანს სამჯერ ეწვია: მისი პირველი ვიზიტი ბაქოში მარტის თვეში განხორციელდა – სულ ორიოდე კვირა იყო გასული ილჰამ ალიევის ყატარში ყოფნის შემდეგ. მეორე და მესამე ვიზიტი მაისში იყო. აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის ეს უწყება გასული წლის ოქტომბერში შეიქმნა აშკარად იმ მიზნით, რომ ერ-რიადს რეგიონის ქვეყნების მხარდაჭერა მოეპოვებინა ირანთან კონფლიქტში და, სავარაუდოდ, ყატართანაც. გარდა ამისა, ორიოდე თვის წინათ არაბულმა ემირატებმა სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს უმასპინძლეს საინვესტიციო კონფერენციის ჩარჩოებში, შემდეგ კი სომეხი ლიდერი ყატარში ჩავიდა.

არაბთა გაერთიანებული ემირატები უკვე დაფიქსირდნენ საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინვესტორად, როცა ფოთის პორტი შეიძინეს – საინვესტიციო ორგანო «RAKIA»-მ  პროექტში 155 მილიონი დოლარი გადაიხადა (თუმცა 2011 წელს პორტი გაყიდა, შიდა დავების გამო). კიდევ ერთმა არაბულმა კომპანიამ თბილისში სასტუმროს მშენებლობაში 140 მილიონი დოლარი დააბანდა. ემირატების კომპანიები აზერბაიჯანსა და სომხეთში მსხვილ ინვესტორებად ითვლებიან: სულ ახლახან კომპანია «Ocean Holding LLC»-მა 100 მილიონი დოლარი განათავსა სომხეთის ჰელიოენერგეტიკის განვითარების პროექტში.

სპარსეთის ყურის ქვეყნების ტურისტები სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში დადიან. გასულ წელს ავიაკომპანია Qatar Airways ერთ-ერთი მსხვილი საერთაშორისო ავიაკომპანიაა, რომელიც პირდაპირ რეისებს რეგიონის სამივე ქვეყანაში ახორციელებს თითქმის ყოველდღე. არაბული ემირატების ლოუკოსტერებმა – Air Arabia-მ და Fly Dubai-მაც იგივე გააკეთეს. მოსალოდნელია, რომ მალე თბილისში რეისებს ბაჰრეინის ავიაკომპანია Gulf Air-ც დანიშნავს.

კავკასიის ქვეყნებიც აღებენ თავიანთ კარებს: 2016 წელს აზერბაიჯანმა სპარსეთის ყურის სახელმწიფოების მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა – უფრო მეტად, ვიდრე, ვთქვათ, ირანთან და დასავლეთთან (ევროპასთან და აშშ-სთან). სომხეთი და საქართველო, რომლებთაც მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობასთან უვიზო რეჟიმით აქვთ დაწესებული, ასევე ისწრაფვიან სპარსეთის ყურის ქვეყნების ტურისტულ ბაზარზე შესასვლელად და მათთვის უვიზო რეჟიმი მოქმედებს (ერთი გამოკალისით – სომხეთს უვიზო რეჟიმი არ აქვს საუდის არაბეთთან, მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობაც არ არის დამყარებული, რადგან მთიანი ყარაბაღის საკითხში ერ-რიადი მხარს ბაქოს უჭერს).

სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას ოფიციალური კავშირები აქვთ როგორც ყატართან, ასევე სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებთანაც და, როგორც ჩანმს. არც თბილისი, არც ერევეანი და არც ბაქო ამჟამინდელი კრიზისის დროს არანაირ ანტიყატარულ აქტიურობას არ ამჟღავნებენ. სომხეთმა უკვე განაცხადა, რომ გააგრძელებს ყატართან მჭიდრო ურთიერთობას იმ სანქციების დროსაც კი, რომლებიც დოჰას ყურის სხვა ქვეყნებმა დაუწესეს. აზერბაიჯანმაც ასევე აღნიშნა, რომ ბალანსირებულ პოლიტიკას გაატარებს: „ჩვენ ყატართან ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. რაც შეეხება ყატარის დამბლოკავებს… ერთმანეთთან მტრობა არ შეიძლება“, – თქვა აზერბაიჯანელმა დეპუტატმა ტახირ ქერიმლიმ.

თბილისი ჯერ-ჯერობით დუმილს ინარჩუნებს.

Comments are closed