globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 12 ივლისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jul 12th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ვაშინგტონში „აბრეშუმის გზის“ პროექტზე იმსჯელეს // სამხრეთ კავკასია და შუა აზია აშშ-ის გეოსტრატეგიულ ინტერესებში

«Global Atlanta» (აშშ): „ჰაშთაგური დიპლომატია“: რატომ ეწვია „სხვა ჯორჯიის“ ელჩი ატლანტას

«Lragir» (სომხეთი): საქართველო მთიანი ყარაბაღის გამო ორ ცეცხლსშუა აღმოჩნდა

«Առավոs//არავოტი» (სომხეთი): ჯავახკელი სომხების მისია

«Kuwait Times» (კუვეიტი): კუვეიტის ავიაკომპანია Wataniya Airways საქართველოში სამ რეისს შეასრულებს

—————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 11 ივლისი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/sil-road-discussion-in-washington/3937169.html

ვაშინგტონში აბრეშუმის გზის“ პროექტზე იმსჯელეს

სამხრეთ კავკასია და შუა აზია აშშ-ის გეოსტრატეგიულ ინტერესებში

გია მელიქიშვილი

„აბრეშუმის გზა“ და კასპიის ზღვის აუზი ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური გამოწვევებისთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ ხშირად სათანადო ყურადღების მიღმა დარჩენილი რეგიონია. აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ გზაჯვარედინს, საუკუნეების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი სამხედრო და ეკონომიკური სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

ვაშინგტონის „ჰერითიჯის ფონდში“ 10 ივლისს რეგიონის როლი, პრობლემები, მიღწევები და გამოწვევები განიხილეს. მთავარი თემები რეგიონის უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და ენერგეტიკა იყო. შუა აზიის ქვეყნების და აზერბაიჯანის ელჩებმა შიდა ეროვნულ საკითხებზე და სამეზობლოს უსაფრთხოებაზე ისაუბრეს.

აზერბაიჯანის ელჩმა აშშ-ში ელინ სულეიმანოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს და საქართველოს, კეთილმეზობლურ დამოკიდებულებასთან ერთად, მსგავსი პრობლემებიც აქვთ.

„მე ვიტყოდი, რომ “აბრეშუმის გზაზე” ყველა ქვეყნის უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო ჩვენი მეზობელი და მეგობარია. აზერბაიჯანს და საქართველოს საერთო ბევრი რამ აქვთ. ტერიტორიული მთლიანობის და სეპარატიზმის საკითხშიც ერთნაირი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. საქართველოს მსგავსად, აზერბაიჯანის ტერიტორიაც ოკუპირებულია. ჩვენი ბევრი პრობლემა მსგავსია და მათი გადაწყვეტის გზაც მსგავსია. აზერბაიჯანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ღრმად და მტკიცედ უჭერს მხარს, რა თქმა უნდა უკრაინის და მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობასაც. ეს ორგანიზაცია “გუამ”-ში ჩვენი პარტნიორობით გამოიხატება. ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერი ცალმხრივი ხელყოფა, იქნება ეს ცალმხრივი გამოყოფა თუ ცალმხრივი ოკუპაცია, სავსებით მიუღებელია“, – თქვა ელინ სულეიმანოვმა.

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში, ამჟამად ამერიკის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის უფროსის მრჩეველმა რიჩარდ ნორლანდმა თქვა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. „მცოცავი ოკუპაცია“ დაუშვებელია.

„ვფიქრობ, შუა აზიაში და კავკასიაში შეერთებულ შტატებს ძალიან მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული ინტერესები აქვს. ნათელია, რომ ამაში არა მხოლოდ ეკონომიკური ინტერესები, ენერგომატარებლები და მინერალები იგულისხმება. სინამდვილეში, მსოფლიოში არასტაბილურობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა ამ რეგიონზე ფოკუსირდება და შეერთებული შტატები რამდენადაც მეტ მუშაობას შეძლებს ამ რეგიონის ქვეყნებთან, არა მხოლოდ დიდ სახელმწიფოებთან, როგორიც რუსეთი და ჩინეთია, არამედ შუა აზიის ხუთ და კავკასიის სამ სახელმწიფოსთან, უფრო მეტ საერთო ინტერესს აღმოვაჩენთ, მაგალითად ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. ზოგიერთი ასეთი საერთო ინტერესის მიმართულებით ერთობლივი მუშაობა შეგვიძლია“, – თქვა რიჩარდ ნორლანდმა და დასძინა, რომ საქართველოში ყოფნისას მან კარგად გაიაზრა „აბრეშუმის გზის” მნიშვნელობა” და რომ “აბრეშუმის გზის” მშენებლობა თვითონ არის სტაბილურობის ფაქტორი.

„როდესაც ავითარებ ეკონომიკურ კავშირს ჩინეთსა და ევროპას შორის, როცა დამაკავშირებელი რგოლები შუა აზიაზე და კავკასიაზე გადის, ნებისმიერი რამ, რაც ამ რგოლებს არღვევს, დესტაბილიზაციას იწვევს და ეს ამ გზაზე, არცერთი ქვეყნის ინტერესს არ პასუხობს. ჩვენ იმის მოწმე გავხდით, რომ რეგიონის ლიდერებმა “აბრეშუმის გზაში” არა მხოლოდ ეკონომიკური სტაბილურობის და აყვავების, არამედ გეოპოლიტიკური სტაბილურობის საშუალებაც დაინახეს“, – აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში.

«Global Atlanta» (აშშ), 11 ივლისი, 2017 წელი

http://www.globalatlanta.com/hashtag-diplomacy-ambassador-georgia-visits-atlanta/

„ჰაშთაგური დიპლომატია“: რატომ ეწვია „სხვა ჯორჯიის“ ელჩი ატლანტას

სტატიაში გადმოცემულია საქართველოსა და აშშ-ის სტატის ჯორჯიის ურთიერთობა ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში (ავტორი – ტრევორ უილიამსი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლები საზღვარგარეთ არცთი იშვიათად აშშ-ის ჯორჯიის შტატის წარმომადგენლებად მიაჩნიათ, თუმცა მათი დასახელები ასეთი „სეხნიაობა“ თანამშრომლობას ხელს არ უშლის. ამას წინათ საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე ჯორჯიის შტატში, ატლანტაში იმყოფებოდა, [კავკასიის] სახელმწიფოსა და აშშ-ის შტატს შორის თანამშრომლობის გაფართოების გზების განსახილველად. იგი შეხვდა შტატის კომისარს სოფლის მეურნეობის საკითხებში გერი ბლეკს („ინვესტ-ატლანტის“ ხელმძღვანელს) და ჯორჯიის ეროვნული გვარდიის გენერალს ჯო ჟარარდს.

აშშ-ის ჯორჯიის შტატისა და საქართველოს დედაქალაქებს – ატლანტას და თბილისს ერთმანეთთან მრავალი წლის თანამშრომლობის ისტორია აკავშირებთ, მათ შორის განათლებისა და ტურიზმის სფეროებში. სწორედ ეს იყო ქართველი ელჩის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი – ორი ქალაქის დაძმობილების 30 წლისთავის აღნიშვნა საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავის ფონზე.

„თუმცა ერთი კითხვა მაინც რჩება ერთადაიმავე დასახელების („სეხნია“) შტატისა და სახელმწიფოს მიმართ: ნიშნავს თუ არა ჰაშთაგი GEO to GEO იმას, რომ საქართველოსა და ჯორჯიის ურთიერთობა ციფრულ დიპლომატიაშიც გადადის? როგორც ჩანს, ეს დაძმობილებული ქალაქების კომიტეტის პრეროგატივას წარმოადგენს“, – ხუმრობით აღნიშნავს ავტორი.

«Lragir» (სომხეთი), 121 ივლისი, 2017 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/interview/view/56889

საქართველო მთიანი ყარაბაღის გამო ორ ცეცხლსშუა აღმოჩნდა

ინტერვიუში ქართველი პოლიტოლოგი, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი საუბრობს როგორც გლობალურ მოვლენებზე („დიდი ოცეულის“ სამიტზე), ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, კომენტარს უკეთებს რუსეთის როლს და ხაზს უსვამს  მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ნეგატიურ როლს საქართველოსთვის (ავტორი – სირანუშ პაპიანი).

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- რუსეთი აგრძელებს აზერბაიჯანისათვის იარაღის მიწოდებას. როგორ აისახება ეს ფაქტი რეგიონში არსებულ ძალთა ბალანსზე? როგორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს?

- რუსეთი ყოველთვის ცდილობდა თავისი კონტროლის შენარჩუნების პოლიტიკა იარაღის მიწოდების გაძლიერებით გაეტარებინა. ვფიქრობ, რუსეთის მიერ ორივე მხარის შეიარაღება ერთგვარი ბალანსის შექმნას ემსახურება: ორივეს ჰქონდეს ერთმანეთისადმი ზიანის მიყენების შესაძლებლობა, მაგრამ გამარჯვების შანსის გარეშე. ამიტომაც მოსკოვი გააგრძელებს იარაღის მიყიდვას. რუსეთი ამით თავის თავს წარმოადგენს იმ ძალად, რომელსაც შეუძლია შეფარდებითი მშვიდობა უზრუნველყოს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ორივე მხარეზე პოლიტიკური ზეწოლა მოახდინოს. თუ რუსეთი მხოლოდ სომხეთს შეაიარაღებს, მაშინ პირობითად დაკარგავს აზერბაიჯანს, რომელიც მხარდაჭერის ძებნას სხვა ქვეყნებთან დაიწყებს. და თუ რუსეთი მხოლოდ აზერბაიჯანს შეაიარაღებს, მაშინ ბაქომ შეიძლება ომი დაიწყოს და ყარაბაღი დაიკავოს. ამ შემთხვევაში რუსეთი არც აზერბაიჯანს და არც სომხეთს მეტად აღარ დაჭირდება. ამიტომაც რუსეთი ბალანსის დაცვას ცდილობს.

რაც შეეხება საქართველოს: ჩვენი ქვეყანა ყველა შემთხვევაში დაზარალდება, რადგანაც ორ ცეცხლშუა აღმოჩნდება. საქართველო რუსეთს და სომხეთს შორის იმყოფება და ყარაბაღში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემთხვევაში რუსეთს კონფლიქტის ზონაში შეღწევის შესაძლებლობა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის გავლით ექნება, ანუ მისი სუვერენიტეტის დარღვევით, რასაც, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის მტკივნეული შედეგები მოჰყვება. მეორე მხრივ, მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში საქართველო ერთმანეთთან მეომარ სომხეთს და აზერბაიჯანს შორისაც აღმოჩნდება. საქართველო ახლაც ზარალდება, რადგან ერევანსა და ბაქოს ერთმანეთთან მტრული დამოკიდებულების გამო რეგიონში მსხვილი პროექტების რეალიზება ფერხდება. საქართველოსთვის უფრო მომგებიანი იქნება რეგიონში მშვიდობა დამყარდეს, რაც საშუალებას მოგვცემს სამხრეთი კავკასია მსხვილი ინვესტიციების და ეკონომიკური პროექტებისათვის ერთიან ეკონომიკურ სივრცედ განვიხილოთ.

«Առավոs//არავოტი» (სომხეთი), 12 ივლისი, 2017 წელი

http://ru.aravot.am/2017/07/11/245702/

ჯავახკელი სომხების მისია

„დღეს საქართველოს სამცხე-ჯავახეთის მხარე უფრო მეტად და მტკიცედ არის ინტეგრირებული ქართულ სახელმწიფოში, ვიდრე ეს ოცი და გინდაც ათი წლის წინათ იყო, მაგრამ ჯერ კიდევ არის დარჩენილი გზა, რომლის გავლა აუცილებელია. საბედნიეროდ, ისტორიას ჩაბარდა საბჭოთა პერიოდი, როცა ჯავახკში მხოლოდ შიდა „ვიზით“ შეიძლებოდა შესვლა, როცა რეგიონი „დახურული“ იყო როგორც საქართველოსთვის, ისე სომხეთისათვის. მოგვიანებით, 1990-იანი წლების დასაწყისიდან ჯავახკის „დედაქალაქს“ რუსეთის სამხედრო ბაზა წარმოადგენდა, ადგილობრივი მოსახლეობა კი მხოლოდ ბაზას ემსახურებოდა“, – ასე იწყება ვრცელი სტატია, რომელშიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მიღწევები და პრობლემებია ასახული (ავტორი – რუბენ მეღრაბიანი).

„საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცების კვალობაზე სამცხე-ჯავახეთში რეალობა შეიცვალა, ბევრი პრობლემა გაქრა, რეგიონი გაიხსნა გარესამყაროსთვის, ჩამოყალიბდა საბაზრო ურთიერთობები, დაიწყო დემოკრატიზაციის პროცესი, განმტკიცდა ადგილობრივი თვითმმართველობა… წინ ფართო პერსპექტივა გამოჩნდა, თუმცა გაჩნდა ახალი პრობლემებიც“, – აღნიშნავს ავტორი და ამ თვალსაზრისით ქართული ენის სწავლების საკითხს ეხება: „ჯავახკის სომხობა ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ ფორმალურად იყო საქართველოს ნაწილი, ცუდად ფლობდა ქართულ ენას, რაც საბჭოთა იმპერიის დროს დასაშვები იყო, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პირობებში ეს საკითხი რეგიონის განვითარებას ამუხრუჭებდა. თუმცა პრობლემის შესწავლისას მისი მოგვარების გზაც იქნა ნაპოვნი: ამჟამად საქართველო სომხური სახელმწიფო სკოლების რაოდენობის მიხედვით (120 სკოლაა გახსნილი!) მსოფლიოში პირველ ადგილზეა, მაშინ როცა ჩვენი „სტრატეგიული მოკავშირე“ რუსეთი არცერთ სკოლას არ ხსნის. სამცხე-ჯავახეთის სომხები ასევე ფართოდ ეუფლებიან ქართულ ენასაც, მუშაობს ადგილობრივი უნივერსიტეტი, მასმედია… სახელმწიფო ენის შესწავლა აუცილებელია, რადგან მოქალაქეს საშუალება ეძლევა საკუთარი შესაძლებლობები განახორციელოს როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე კერძო სექტორში. მოკლედ, ჯავახკი დღეს, შეიძლება ითქვას, ორენოვანი რეგიონია“.

ავტორი დადებითად მიიჩნევს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებულ გარდაქმნებს, ძალისხმევას ადგილობრივი სომხების ინტერესების დაცვის მიზნით: „საქართველომ ევროინტეგრაციის გზა აირჩია, შესაბამისად ამ გზით ვითარდება სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტებიც. სომხეთს და სომხობას, რომლებიც თავს ევროპული ცივილიზაციის ნაწილად მიიჩნევენ, საქართველოსთან მხოლოდ კეთილი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ, სხვა ალტერნატივა არ არსებობს. საქართველო სომხეთისათვის ერთადერთი მეზობელია, რომლებსაც საერთო ღირებულებები აერთიანებთ.

ჯავახკს დიდი პოტენციალი აქვს იმაში, რომ საქართველოს მოდერნიზებასა და მის ევროატლანტიკურ ინტეგრირების პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. უპირველესად კი ჯავახკმა რუსეთი უნდა დაივიწყოს: რუსეთი უკვე ლოგიკის მიღმაა, მისი ფუნქცია ჯავახკელი სომხებისთვის ამოიწურა. საქართველომ ვიზალიბერალიზება მიიღო, რაც სომხებსაც წინ დიდ შესაძლებლობებს უშლის. ჯავახკის სომხურ მოსახლეობას  უნდა ახსოვდეს: რაც კარგია საქართველოსთვის, ის კარგია სომხებისა და სომხეთისათვის. საქართველოს წარმატება სომხეთისთვისაც წარმატებას ნიშნავს“, – ხაზს უსვამს ავტორი. მისი აზრით, რეგიონის სომხურმა მოსახლეობამ რეალიები უნდა გაითვალისწინოს და აქტიურად უნდა დაუჭიროს მხარი მსხვილ საერთაშორისო პროექტებში ჩართვას და მათ განხორციელებას (ირანი-სომხეთი-საქართველო – „სპარსეთის ყურედან შავ ზღვამდე“).

საქართველო პროდასავლურ სახელმწიფოს წარმოადგენს. ეს ფაქტორი დასავლეთის ქვეყნების სომხურმა დიასპორამ უნდა გაითვალისწინოს. აშშ-სთან და საფრანგეთთან, სადაც მრავალრიცხოვანი სომხური დიასპორა არსებობს, საქართველოს სტრატეგიული ხასიათის ურთიერთობები აქვს. დადგა დრო, რომ ამერიკისა და საფრანგეთის პროსომხურმა წრეებმაც ზემოთხსენებული ფორმულა გაითავისონ: „რაც სასარგებლოა საქართველოსთვის, სასარგებლოა სომხეთისთვისაც“. ამ შემთხვევაში უფრო დავაზუსტებთ: „გინდა სომხეთისთვის კარგი და სასარგებლო საქმის გაკეთება? მაშინ გააკეთე იგივე საქართველოსა და ჯავახკის რეგიონისთვის“.

პუბლიკაციის დასასრულს ავტორი აღნიშნავს, რომ ივლისის დასაწყისში ახალციხეს და ახალქალაქს აშშ-ის ქალაქ გლენდეილის (კალიფორნია) ექს-მერი, ამჟამად კი გლენდეილის საბჭოს წევრი ზარა სინანიანი ეწვია. მას ადგილზე დახვდნენ სამცხე-ჯავახეთიდან არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ახალგაზრდობის, ეკლესიის, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები, ბევრი სომეხი და ქართველი… მთავარი, რაც ამ ვიზიტს ახლდა, ის იყო, რომ აშშ-ის სომხურ დიასპორაში არის სეგმენტი, რომელიც მზადაა წვლილი შეიტანოს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გაღრმავებაში, ჩართოს ამ პროცესში ჯავახკის სომხები. ეს ყველაფერი, ასეთი მიდგომა ხვალინდელი ევროპული სომხეთისა და ევროპული საქართველოს ინტერესებში შედის“.

«Kuwait Times» (კუვეიტი), 12 ივლისი, 2017 წელი

http://news.kuwaittimes.net/pdf/2017/jul/12/p21.pdf

კუვეიტის ავიაკომპანია Wataniya Airways საქართველოში სამ რეისს შეასრულებს

სტატია ეხება  კუვეიტის ავიაკომპანია Wataniya-ს მიერ საქართველოს მიმართულებით სამგზავრო ავიარეისების განხორციელების დაწყებას.

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და კუვეიტს ერთმანეთთან კვირაში სამი ავიარეისი დააკავშირებს. ამ მოვლენას მიეძღვნა თბილისში გამართული ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კუვეიტის ელჩმა საქართველოში მუბარაქ მოჰამედ ალ-საჰეჯანმა და საქართველოს ელჩმა კუვეიტში როლანდ ბერიძემ. ღონისძიებას დაესწრნენ აგრეთვე ავიაკომპანია Wataniya Airways-ისა და ადგილობრივი მასმედიის წარმომადგენლები“, – ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა Wataniya Airways-ის წარმატებებსა და პერსპექტივებს, აგრეთვე ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავების ტიპებსა და მათ მაღალხარისხოვან მდგომარეობას. „მაღალი დონის მომსახურება ხელს შეუწყობს საქართველო-კუვეიტის ურთიერთობის განვითარებას ტურიზმისა და ბიზნესის სფეროში“, – აღნიშნულია მასალაში.

„თბილისში პირველი რეისის განხორციელებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოვიდა კუვეიტის ტრადიციული მუსიკალური ანსამბლი, დარიგდა საჩუქრებიც, გათამაშდა უფასო მგზავრობის ბილეთებიც“, – ნათქვამია სტატიის დასასრულს.

Comments are closed