«Lragir» (სომხეთი): აშშ-ის ზრახვანი სამხრეთ კავკასიაში: საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი
«ВВС – русская служба» (დიდი ბრიტანეთი): წყალტუბოს „სიღატაკე“ და ბრწყინვალება // ოდესღაც განთქმული კურორტი ათასობით დამსვენებელს მასპინძლობს, მაგრამ ეს ძალიან მცირე რაოდენობაა
———————-
«Lragir» (სომხეთი), 11 აგვისტო, 2016 წელი
http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/50342
აშშ-ის ზრახვანი სამხრეთ კავკასიაში: საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი
სტატიაში განხილულია აშშ-ის საგარეო პოლიტიკის კავკასიური ასპექტები, კერძოდ, დასავლეთის (აშშ, ევროკავშირი) დამოკიდებულება საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის მიმართ (ავტორი – იგორ მურადიანი, პოლიტოლოგი, პროფესორი).
გთავაზობთ ამონარიდს:
„საქართველოსა და სომხეთში არსებული ვითარება ამერიკის შეერთებულ შტატებს თითქმის იდეალურად აწყობს, შედარებით უფრო ნაკლებად – ევროპელებს. ამაში გასაკვირი არაფერია: ორივე ქვეყენაში უკვე შექმნილია დემოკრატიის გარკვეული ანტურაჟი, ტარდება მეტ-ნაკლებად მისაღებ-მოსათმენი არჩევნები, სახელმწიფო სტრუქტურები კორექტულობას იჩენენ ზოგიერთი მნიშვნელოვანი პრინციპული საკითხებისადმი.
საქართველოს სიტუაცია აშშ-სათვის კიდევ უფრო მისაღებია – ქვეყანაში შექმნილია ორპარტიული, ან უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ორკლანური მართვის სისტემა. ასეთ ვითარებაში მაინცდამაინც რთული არაა საშინაო და საგარეო მდგომარეობის, განსაკუთრებით კი დასავლეთის თანამეგობრობასთან დამოკიდებულების მართვა. ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცდილობს ამერიკელებს დაუმტკიცოს, რომ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობა იზღუდება და რუსეთის გავლენა ძლიერდება. მართალია, ვაშინგტონი უსმენს მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეერთებული შტატები აუცილებლად გადამწყვეტ ნაბიჯებს გადადგამს.
ევროპელები უპირატესობას ლოდინს ანიჭებენ, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. ანუ ჯერ-ჯერობით დასავლეთი მშვიდადაა და იცის, რომ საქართველოში უკვე შექმნილია საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტური პირობები, რომელიც „პატარა, მაგრამ არავასალურ“ ქვეყანას გულისხმობს. ამასთან, არც ამერიკის შეერთებული შტატებს და არც ევროპას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხების განხილვის ინიცირების არანაირი სურვილი არ აქვთ.
რუსეთმა საქართველოში თავისი ყოფნისა და გავლენის გაფართოების შესაძლებლობა მიიღო, მაგრამ გარკვეულ ფარგლებში. ზოგიერთი ცნობილი ამერიკელი ექსპერტი ქართველ მაღალჩინოსან ფუნქციონერებს ურჩევენ – „გამოიყენეთ მთელი თქვენი ტალანტი, რათა რუსებს საქართველოს კარგი პერსპექტივა უჩვენოთო“.
ბიძინა ივანიშვილს მოუწევს იმის დაბეჯითებით დამტკიცება, რომ იგი [რუსეთზე] ნაკლებად არის დამოკიდებული (წინააღმდეგ ზოგიერთების განცხადებისა) და ამერიკელებიც მზად არიან მის დასახმარებლად. სხვათა შორის, ამერიკელებს ბევრი რამ ბიძინა ივანიშვილში მოსწონთ, მათ შორის მისი შეხედულებათა დელიკატური დახვეწილობა თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ.
ამერიკელებმა, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი უკვე ჩააბარეს და სურთ, რომ ამაში ახლა ბიძინა ივანიშვილის გუნდი დაარწმუნონ, თუმცა უკანა რიცხვით. როგორც ერთ-ერთმა მხცოვანმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა აღნიშნა, „საქართველოსთან მიმართებით ყველაფერი ისე იდეალურად მიდის, რომ ჩნდება შეგრძნება – ვაითუ ეს ყველაფერი ჩაიშალოს“. გასაგებია ისიც, რომ ამჯერად საქართველოს [რუსეთთან მიმართებით] შედარებით ნაკლებად აქტიური, უფრო სწორად თუ ვიტყვით, მინიმალურად აქტიური როლი ენიჭება. ასეთივეა მის წინაშე მდგარი ამოცანებიც.
ამ მხრივ ვაშინგტონში სომხეთი უფრო მეტ ინტერესს იწვევს, ვიდრე საქართველო. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ რუსეთის ერთგული მოკავშირე ზოგჯერ სხვა თამაშებშიც მონაწილეობასაც ცდილობს. ამერიკა სულაც არაა დაინტერესებული სომხეთ-რუსეთის ურთიერთობის გაუარესებით, მაგრამ ის ფაქტორი, რომ რუსეთი იარაღს აწვდის აზერბაიჯანს, ამერიკელებისათვის სასარგებლოა, რადგან ეს ბუნებრივად უბიძგებს ერევანს დასავლეთისაკენ. ზოგადად, ვაშინგტონს, უახლოეს პერსპექტივაში, არ აინტერესებს სომხეთის არც ანტირუსულობა და არც ანტიირანულობა, მისთვის მთავარია მინიმუმ ორი პრობლემის გადაწყვეტა: სომხეთის სახით თურქეთის ექსპანსიისადმი წინააღმდეგობა და სამხ.კავკასიაში ძალთა ბალანსის უზრუნველყოფა, ხოლო უფრო ფართო დიაპაზონით – ევროატლანტიკური უსაფრთხოების ამოცანების გადაწყვეტა.
სომხურმა საზოგადოებამ დღემდე ვერ შეძლო ალტერნატივის წარდგენა, თუმცა ჰქონდა ამის შანსები, ამერიკას და დასავლეთს კი დიდი ხნით ლოდინის დრო არ აქვთ. ახლა [თურქეთ-რუსეთის დაახლოების ფონზე] ამის რეალური შესაძლებლობა კვლავ გაჩნდა.
აზერბაიჯანის მმართველი რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას, მრავალი თვალსაზრისით, საგონებელში აგდებს – დემოკრატიის, რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში. თუმცაღა, უნდა ვაღიაროთ, რომ ბაქოს რეჟიმი სავსებით პასუხობს დასახულ ამოცანებს და აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ისრაელის ერთგულ პარტნიორად რჩება. აზერბაიჯანს დიდი ხნის წინ მიენიჭა გეოსტრატეგიული ფუნქციები, რომლებსაც ბაქო შესაშური დიციპლინით ასრულებს. მეტს აღარც უნდა ველოდოთ: ნავთობის მნიშვნელობა კლებულობს, თუმცა სატრანზიტო ფუნქცია რჩება.
ამრიგად, დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს სავსებით მკაფიო ტაქტიკა აქვს არჩეული: რა საჭიროა აჩქარება, თუ ყველაფერი ისედაც განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე ხდება და არის სტრატეგიული „სულის მოთქმის“ შესაძლებლობა?
ევროკავშირი ამ ეტაპზე სამხრეთ კავკასიაში ძირითადი ოპერატორისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური სპონსორის ამოცანებს ასრულებს, მაგრამ როგორია შეერთებული შტატების ზრახვანი უფრო შორეულ მომავალში? და საერთოდ, ფიქრობს თუ არა შორეულ პერსპექტივაზე ვაშინგტონი? ეს არავინ იცის.
«ВВС – русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 11 აგვისტო, 2016 წელი
http://www.bbc.com/russian/features-37051346
http://www.bbc.com/russian/news-37049775
წყალტუბოს „სიღატაკე“ და ბრწყინვალება
ოდესღაც განთქმული კურორტი ათასობით დამსვენებელს მასპინძლობს, მაგრამ ეს ძალიან მცირე რაოდენობაა
„თავისი მინერალური რადონული წყაროებით ცნობილი კურორტი წყალტუბო საბჭოთა პერიოდში ყოველწლიურად ასი ათასზე მეტ დამსვენებელს ღებულობდა. ახლა კი, ოდესღაც განთქმული საკაბშირო ჯანმრთელობის კერა ყოფილი დიდების დაბრუნებას ცდილობს და იმედი აქვს, რომ ტურისტებს არა მხოლოდ თავისი სამკურნალო წყაროებით მიიზიდავს, არამედ კურორტის ახლოს მდებარე კარსტული მღვიმეებითაც“, – ნათქვცამია „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის მიერ ეთერში გადაცემულ ვიდეორეპორტაჟში და მის ტექსტურ ვერსიაში (ავტორი – ნინა ახმეტელი).
„მაშინ როცა ცხელ ზაფხულს თბილისისა და შავი ზღვის კურორტების კაფე-რესტორნები სავსეა ტურისტებით, ოდესღაც განთქმული წყალტუბოს სიმყუდროვეს მხოლოდ ჭრიჭინები და ზოგჯერ ავტომობილის სიგნალი თუ არღვევს. აქაური მცხოვრებლები ნოსტალგიით იხსენებენ იმ პერიოდს, როცა კურორტი პირდაპირ გადატენილი იყო დიდი საბჭოთა ქვეყნის ყველა კუთხიდან ჩამოსული დამსვენებლებით და წყალტუბოს საგზურის ხელში ჩაგდება იღბლად ითვლებოდა. საკავშირო ჯანმრთელობის კერის ყოფილ ბრწყინვალებას მხოლოდ ძველი, უკვე ფასადდახეთქილი სანატორიუმებიღა მოწმობენ, რომლებიც აფხაზეთიდან ლტოლვილებისა თუ იძულებით დევნილთა თავშეფრად გადაქცეულან. თუ ადრე 22 სანატორიუმი და 9 სამკურნალო წყარო მუშაობდა, ახლა მხოლოდ ოთხიღაა შემორჩენილი“, – აღნიშნავს ავტორი, თუმცა იქვე საუბრობს იმაზეც, რომ ბოლო წლებში სიტუაცია თანდათან უმჯობესდება – წყალტუბოში განახლების სიომ დაჰბერა: შენდება სასტუმროები, განახლდა კურორტის ინფრასტრუქტურა, ცენტრალური პარკი, გარემონტდა შენობები, მათ შორის რკინიგზის სადგური, რომელიც საბჭოთა ეპოქაში მოსკოვიდან პირდაპირი მარშრუტის მქონე მატარებელს ღებულობდა.
ავტორი ვრცლად აღწერს ერთ-ერთი ყოფილი სანატორიუმის მდგომარეობას, რომელშიც იოსებ სტალინი მკურნალობდა. დღეს იქაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
„ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტი, რომელიც კურორტის განახლების სიმბოლოში – თანამედროვე გამაჯანსაღებელ ცენტრ Ве Healthy-ში („ჯანმრთელობა“) იმყოფება, ესაუბრება საქართველოს სააქციო საზოგადოება „ბალნეოსერვისის“ პიარ-მენეჯერ ლუიზა ჩაკვეტაძეს, ყაზახეთიდან ჩამოსულ დამსვენებელს გალინა ჩუხატინას და სხვებს, რომლებიც აღნიშნავენ წყყალტუბოში შექმნილი სტუაციის როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეებს: ადრე ყოველწლიურად ასობით ათასი დამსვენებელი, გასულ წელს კი მხოლოდ 15 ათასი; ბუნების თვალწარმტაცი სილამაზე, პრომეთეს მღვიმე და უღიმღამო, ნახევრად დანგრეული შენობები… „საჭიროა ბევრი ობიექტის აღდგენა-განახლება, რატა ტურისტები მივიზიდოთ“.
კორესპონდენტი დაინტერესდა სასტუმრო Prometheus-ის („პრომეთეს’) მუშაობით და ამ მიზნით მის მფლობელს ხათუნა მაღლაკელიძეს ესაუბრება: „მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად სასტუმრო მთლიანადაა დატვირთული, მიმდინარე წელს წარმატებულს მაინც ვერ ვუწოდებ, რადგან ტურისტული სეზონი ჩვეულბრივზე გვიან დაიწყო. ჩვენთან ძირითადად ყაზახი და აზერბაიჯანელი ტურისტები დადიან, ამიტომაც ამ ქვეყნებში ეკონომიკური ვითარების გაუარესებამ სპეციფიკურ ტურისტთა ნაკადის (სამკურნალოდ ჩამოსულების) ინტენსივობაზეც იმოქმედა. თუმცა იმედი მაინც არ დაგვიკარგავს – პარალელურად მატულობს ორგანიზებული კულტურული ტურების რაოდენობა. ის, რაც ყველაზე მეტად აღელვებს უცხოელ ტურისტს, ესაა კურორტის ინფრასტრუქტურის არასახარბიელო მდგომარეობა. ბევრი რამ კეთდება, მაგრამ ეს არასაკმარისია, უფრო მეტია საჭირო“.
როგორია ქალაქის პერსპექტივა? ამ კითხვით კორესპონდენტი წყალტუბოს გამგებელს კონსტანტინე მამისეიშვილს მიმართავს, რომლის თქმით, კურორტის აღდგენა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს, განახლებულია მიწისქვეშა კომუნიკაციები, ქუჩები, ცენტრალური პარკი… „როცა რემონტი დავიწყეთ, ირგვლივ მტვერი იდგა, იყო დისკომფორტი, მაგრამ მაინც შევძელით, რომ ტურისტთა რაოდენობა არ შემცირებულიყო. ახლა კი ვფიქრობთ მომდევნო ეტაპზე გადავიდეთ – ინვესტორების მოზიდვაზე… წყალტუბოში რომ 50 ათასამდე დამსვენებელი ჩამოვიდეს, შეიძლება ითქვას, რომ კურორტი უკვე მომგებიანი გახდება“.
ბოლო წელიწადნახევარში ინვესტორებმა წყალტუბოში სამი სანატორიუმი შეიძინეს, მათ შორის ყველაზე ცნობილი საბჭოური ეპოქიდან – სანატორიუმი „მაღაროელი“ („შახტიორი“), რომლის აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. მფლობელს განზრახული აქვს, რომ სამ წელიწადში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გახსნას.
„წყალტუბო უნიკალური კურორტია, მას მთელ ევრაზიულ სივრცეში ანალოგი არ აქვს. ახლა დიდი მუშაობა გვიწევს – ისეთი, როგორიც 1920-იან წლებში იყო, კურორტის მშენებლობა როცა იწყებოდა. რთულია, მაგრამ იმედია ქალაქის ხელმძღვანელობა პრობლემებს მოაგვარებს. პერსპექტივა ძალზე დადებითია“, – ამბობს ანზორ ბაბუნაშვილი, რომელიც ადრე წყალტუბოს განაშენიანების უფროსის მოადგილედ და სანატორიუმ „მეტალურგის“დირექტორად მუშაობდა.
ვიდეოსიუჟეტის დასასრულს ავტორი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის შვიდი თვის მონაცემებით, საქართველომ უკვე უმასპინძლა 3 მილიონ 400 ათას უცხოელ სტუმარს, მათგან თითქმის მილიონნახევარი ტურისტი იყო, ანუ ის ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში 24 საათზე მეტ ხანს იმყოფებოდნენ. საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებმა 2016 წლის პირველ კვარტალში (იანვარი-აპრილი) 354 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 48 მილიონით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.