globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 12 სექტემბერი 2015 წელი

Posted by nanamaoglobal on Sep 12th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველო ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას იწყებს

«Der Spiegel» (გერმანია): ინტერვიუ საქართველოს კონფლიქტებთან დაკავშირებით: „რუსეთი არაპროგნოზირებადია“

«Комсомольская правда» (რუსეთი): მოსკოვს სთავაზობენ, რომ მან პასუხი აგოს კავკასიაში რუსეთის მეფე-იმპერატორების მოქმედებაზე

—————————

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 12 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/china-georgia/2955594.html

საქართველო ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას იწყებს

ნინო დალაქიშვილი

საქართველო ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას იწყებს: დელეგაცია საქართველოდან პრემიერ მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრების შემადგენლობით ჩინეთის საზღვაო ქალაქ დალიანში იმყოფება, სადაც ეკონომიკური ფორუმი იმართება. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა იქნება, რომელთანაც ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს – ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრის ლი კეციანის შეხვედრაზე იქნა მიღებული.

შეხვედრას ვიცე-პრემიერი კახი კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრებოდნენ. ჩინეთში სამოცზე მეტი საქართველოს წარმომადგენელი იმყოფება, ვინც ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას ქალაქ სიანსა და პეკინში.

პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ჩინეთი მზადაა ქართული ღვინის მისაღებად:„საქართველო იქნება პირველი ქვეყანა მთელს რეგიონში, არა მხოლოდ კავკასიის რეგიონში, არამედ ფართო რეგიონში, მათ შორის ევროპაშიც, რომელთანაც ჩინეთს ექნება თავისუფალი ვაჭრობა. ეს ჩვენთვის ძალიან დიდ სარგებელს მოიტანს, პირველ რიგში ესაა ჩვენი პროდუქციის ექსპორტთან მიმართებით, მათ შორის ღვინის ექსპორტი და სხვა პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებითაც გვექნება ჩვენ მთელი რიგი ასევთქვათ სარგებელი. ჩვენს კომპანიებს გაუადვილდებათ ქართული ნაწარმის შემოტანა ჩინეთში და ამავდროულად, ეს ჩვენს ურთიერთობებს გააუმჯობესებს. მიმაჩინა, რომ ეს სერიოზულ წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში.“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს: „სამუშაო ჯგუფები დაიწყებენ მოლაპარაკებებს. თავის მხრივ, შესაძლებლობების შესწავლა უკვე დასრულებულია. ძირითადი საქონელი, რომლის გატანასაც ჩვენ ჩინეთში ვაპირებთ, ესაა ღვინო. დღეს-დღეობით საკმაოდ მაღალია დამატებითი მოსაკრებელი, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას გააჩნია და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებების შედეგად, აღნიშნული ბაზარი საქართველოსთვის გაიხსნება სრულად.“

“ამერიკის ხმასთან” საუბრისას პარლამენტის წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” დავით დარჩიაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ სარგებელსა და საფრთხეებზე, რასაც ჩინეთთან ურთიერთობისას არსებული ხელისუფლების პირობებში მოელის. „მნიშვნელოვანია ჩინეთთან ურთიერთობა, ბუნებრივია და ჩინური ინვესტიციები საქართველოსთვის საინტერესოა, ეს გარდაუვალია და საჭიროცაა ამავე დროს. წინა ხელისუფლების დროს ამგვარი დაინტერესება იყო და ახლაც გრძელდება, უბრალოდ, ამ ხელისუფლების დაინტერესება ჩინეთით, ასე ოპერატიულად რაღაც კითხვებს აღძრავს, რომ აქ მხოლოდ ჯანსაღი ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების სურვილი კი არაა, არამედ კიდევ რაღაც სხვა. ქვეყნის დღევანდელ ხელისუფლებას, ჩემი აზრით, არ აქვს იმის რესურსი და არც ნდობა, რომ ეს ინვესტიციები გამოიყენოს სწორად. წინა ხელისუფლებას ჰქონდა ლაპარაკი და ეს ყველაფერი შეაჩერეს, გალანძღეს, გათათხეს, მათ შორის ჩინური ეგრეთ წოდებული სოფელი თბილისში, მათ შორის ლაზიკის პორტის იდეა, ყველაფერი იყო იგნორირებული. ახლა, სამი წლის შემდეგ, უცებ, ამ ყველაფერს ისევ უბრუნდებიან. რატომ ასე ოპრეატიულად? ხომ არაა ეს ყველაფერი დაკავშირებული რუსულ-ჩინური ურთიერთობების ინტენსიფიკაციასთან და რუსული „ეფესბეს“რჩევასთან, რომ თქვენს ეკონომიკას თუ უჭირს, ჩვენც სიტყვას შეგაშველებთ და იქნებ ჩინელებმა რაღაც გიშველონო. არ გამოვრიცხავ“,- ამბობს დავით დარჩიაშვილი.

2015 წლის იანვარში ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირველი სარკინიგზო ტვირთის ტრანსპორტირება განხორციელდა. საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს იმედი აქვთ, რომ ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვა და ჩინური ინვეტიციების მოცულობა საქართველოშიგაიზრდება, რაც იქცევა ერთგვარ ახალ სუნთქვად ისტორიულად არსებული აბრეშუმის გზის თანამშრომლობის შემდგომ.

«Der Spiegel» (გერმანია), 11 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.spiegel.de/politik/ausland/georgien-und-russland-interview-mit-tamar-beruchashvili-a-1052022.html

ინტერვიუ საქართველოს კონფლიქტებთან დაკავშირებით: „რუსეთი არაპროგნოზირებადია“

საქართველოს საგარეო საქმეთა აწ უკვე ყოფილ მინისტრ თამარ ბერუჩაშვილისთვის ჩამორთმეული ინტერვიუს შესავალში გერმანული ჟურნალის კორესპონდენტი მარკუს ბეკერი აღნიშნავს რუსეთისა და ნატოს ურთიერთდამოკიდებულების რთულ ხასიათს: ნატო აღმოსავლეთით ფართოვდება, რუსეთი კი ალიანსის გაფართოებას ეწინააღმდეგება – ეს აშკარად ჩანს როგორც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტით, ასევე უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე პროცესებით. გარდა ამისა, მიმდინარე წლის ზაფხულში რუსეთმა საქართველოს შიგნით ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საზღვრები გადაწია და ბაქო-სუფსას საერთაშორისო ნავთობსადენის ნაწილი გააკონტროლა, თავის მხრივ კი დასავლეთმა, ნატოს სახით, თბილისში სასწავლო-საწრთვნელი ცენტრი გახსნა.

მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ მის გახსნაში მონაწილეობა ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმაც მიიღო: მან ცენტრის დაარსება საქართველოს ნატოში ინტეგრაციისათვის გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნია. მოსკოვმა მკვეთრი პროტესტი გამოხატა: სპეციალურ განცხადებაში ქართველებს 2008 წლის ომის შედეგები გაახსენა და ირიბად ახალი ომით დაემუქრა – აი, რა მოაქვს თქვენს ევროტლანტიკურ ინტეგრირებასო.

ინტერვიუში თამარ ბერუჩაშვილი ეხება უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს, რუსეთის როლს, საქართველოში ნატოს საწრთვნელი ცენტრის გახსნის მნიშვნელობას, კონფლიქტების მოგვარებას და სხვა საკითხებს. „კარგი იქნებოდა, რომ 2008 წელს საქართველოს დასავლეთისაგან უფრო მეტი მხარდაჭერა ჰქონოდა, რადგან აქ საქმე არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას ეხებოდა, არამედ ევროპის უსაფრთხოებასაც რუსეთისაგან. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი იყო საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების, მისი „პრო“-დასავლური კურსის შედეგი. სწორედ ამის გამო დაისაჯა საქართველო. თითქმის იგივე მეორდება დღეს უკრაინაში. რუსეთს სურს გავლენა გაზარდოს თავის მეზობლებზე, ამისთვის მოსკოვი სამხედრო ძალასა და პროპაგანდას იყენებს“, – ამბობს ინტერვიუში თამარ ბერუჩაშვილი.

- და მაინც საქართველო განაგრძობს „პრო“-დასავლურ კურსს, იენს სტოლტენბერგი თბილისში სასწავლო ცენტრის გახსნასაც დაესწრო და ეს ფაქტი მან ნატოს გზაზე საქართველოს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნია. თავის მხრივ, მოსკოვმა ალიანსი „პროვოკაციაში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ნატოს სამხრეთ კავკასიაში თავისი გეოპოლიტიკური გავლენა სურს…

- საქართველო ურყევად დგას დასავლეთთან ინტეგრირების გზაზე და ამ მიზნით ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ნატოს სასწავლო ცენტრის ერთ-ერთი მიზანია საქართველოსა და ალიანსის წევრი სხვა სახელმწიფოების სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება. ეს ცენტრი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ის მხოლოდ სტაბილურობას ემსახურება და არანაირი პრობლემის გამოწვევა არ შეუძლია, რუსული მხარის მიერ გამოხატული ინტერპრეტაციის მიუხედავად.

- თუმცა რუსეთს ნეგატიური რეაქცია უკვე აქვს. ამას მოწმობს საგარეო საქმეთა სამინისტროს იგივე განცხადება – „ისინი, ვინც საქართველოს ნატოში ითრევენ, 2008 წლის ტრაგიკული გამოცდილება უნდა გაიხსენონო“…

- რუსეთის მოქმედება არაპროგნოზირებადია როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების მიმართაც, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენი კურსისერთგულები ვართ. ჩვენი კურის შეუქცევადია და არავის წინააღმდეგ მიმართული არ არის. მართლაცდა, რა საფრთხე უნდა შეუქმნას პატარა საქართველომ უზარმაზარ რუსეთს, რომელიც მავთულხლართებს აბამს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში? ეს არის საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ანექსია. რა თქმა უნდა, ასეთი უკანონო ქმედებები არანაირად არ ემსახურება სტაბილურობის განმტკიცებას.

- ნატო პრინციპულად არ იღებს თავის წევრებად ისეთ ქვეყნებს, რომლებთაც სასაზღვრო საკითხები მოგვარებული არ აქვთ. როგორ გაქვთ დაგეგმილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების  მოგვარება?

- აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „საზღვრები“ სინამდვილეში საზღვრები არ გახლავთ, ისინი საოკუპაციო ხაზებია, ოკუპირებული ტერიტორიების მიჯნებია. ამასთან, ევროპაში ბევრი კედელი არსებობდა, მაგრამ ისინი დაინგრა. ეს მიჯნებიც აუცილებლად გაქრება.

———

კორესპონდენტის შენიშვნა:

ინტერვიუ დასაბეჭდად მზადდებოდა, როცა ცნობილი გახდა – რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თამარ ბერუჩაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან მოულოდნელად გაათავისუფლა, თუმცა მიზეზები არ დაუსახელებია. ოპოზიცია აცხადებს, რომ მინისტრის გათავისუფლებაში ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ხელი ურევია,, რომელსაც ქართულ პოლიტიკაზე დიდი გავლენა აქვს.

«Комсомольская правда» (რუსეთი), 11 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.kp.ru/daily/26431/3303196/

მოსკოვს სთავაზობენ, რომ მან პასუხი აგოს კავკასიაში რუსეთის მეფე-იმპერატორების მოქმედებაზე

რუსეთის პოპულარულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდაში“ გამოქვეყნებულ ვრცელ, ორნაწილიან სტატიაში გაანალიზებულია რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების, განსაკუთრებით – ჩერქეზების მიმართ, გადმოცემულია ჩერქეზთა მცდელობები „დიდი ჩერქეზეთის“ შექმნის მიზნით, და ყურადღება გამახვილებულია ჩერქეზთა კონტაქტებზე ქართველ პოლიტიკოსებთან (ავტორი – ალექსანდრე გრიშინი).

გთავაზობთ მოკლე შინაარსს:

როგორც ცნობილია, რუსეთის კუთვნილ ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილში, რომლის ტერიტორია ისტორიულად ჩერქეზებით იყო დასახლებული, დღევანდელი მათი შთამომავლები „ჩერქეზული სახელმწიფოს“ აღდგენას და გენოციდის აღიარებას მოითხოვენ. საქართველომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში უკვე ოფიციალურად აღიარა ჩერქეზთა გენოციდი, რომელიც რუსეთის მხრიდან მე-18 – მე-19 საუკუნეებში განხორციელდა. ამას წინათ კი ჩერქეზთა ანტირუსულად განწყობილმა წარმომადგენლებმა უკრაინის ვერხოვნა რადას იგივე თხოვნით მიმართეს…

თემა „რუსეთი საუკუნეების განმავლობაში ჩაგრავდაო ჩერქეზებს“ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ ცივი ომის დაწყებისთანავე წარმოიქმნა. დროდადრო ეს საკითხი გააქტიურდებოდა ხოლმე. ასე მოხდა სოჭის ოლიმპიური თამაშების წინ, როცა ჩერქეზთა საზღვარგარეთულმა წრეებმა, რუსეთის ოპოზიციასთან ერთად, ამ მსოფლიო მნიშვნელობის მქონე სპორტული ღონისძიების სხვაგან გადატანა მოითხოვეს, ჩერქეზ წინაპრების ხსოვნის პატივისცემის მიზნით. მათ უცხოეთში ამ მიზნით ფართო აგიტაცია-პროპაგანდა გააჩაღეს.

სოჭის ოლიმპიური თამაშების ტრიუმფით ჩატარებამ მათი ანტირუსული გეგმები თავდაყირა დააყენა. ამიტომ დაიწყეს ახალი პროექტების შემუშავება, რომელთაგან ერთ-ერთი ცნობილია „დიდი ჩერქეზეთის“ ვირტუალური რესპუბლიკის შექმნის სახით. უკვე 2014 წელს აშშ-ის ჯეიმსთაუნის ფონდის ექსპერტთა ჯგუფმა, რომლის ხელმძღვანელი იყო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი, წარმოშობით ჩერქეზი მურად ნათირბა, დაასრულა პროექტზე მუშაობა და დოკუმენტი საქართველოში მოქმედ ჩერქეზთა კულტურის ცენტრის დირექტორს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს მერაბ ჩუხუას გადასცა. ამ უკანასკნელმა კი მიმდინარე წლის დასაწყისში ყაბარდო-ბალყარეთისა და ადიღეს დელეგაცია კონფიდენციალურად (არააფიშირებულად) შეახვედრა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრს  გუბაზ სანიკიძეს შეახვედრა, რის შემდეგაც პროექტის განხორციელების აქტიური ფაზის დაწყება 2016 წლისათვის დაიგეგმა.

რა არის პროექტის არსი? ინტერნეტში უნდა შეირჩეს რამდენიმე ატასი მსურველი, რომელიც მზად იქნება ვირტუალური „ჩერქეზეთის სახელმწიფოს მოქალაქე“ გახდეს და მისი პასპორტი მიიღოს. პასპორტი სუვენირი კი არ იქნება, არამედ ნამდვილი, 15-დონიანი დაცვით, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად. „ჩერზექეთის“ მოქალაქემ, რომელიც ეთნიკური ჩერქეზი უნდა იყოს, უნდა გადაიხადოს ყოველწლიური გადასახადი 200 აშშ დოლარის ოდენობით, მას შეუძლია არჩეული იყოს „ჩერქეზეთის“ ვირტუალურ სახელმწიფო ორგანოებში… პროექტის მიხედვით, „ჩერქეზეთი“ იურიდიულად სამართალმემკვიდრეა იმ ყველა ტერიტორიისა, რომლის ოკუპირება რუსეთმა მოახდინა.

მოკლედ, ამ პროექტში ჩანს ის ჭეშმარიტი მიზნები, რომლებიც ჩერქეზებს  რუსეთის მიმართ აქვთ. ისინი ჯერ ითხოვენ რუსეთმა მოინანიოს მეფე-იმპერატორების მიერ ჩადენილი მოქმედების გამო, რომელიც ბოლო ათწლეულებში „ჩერქეზთა გენოციდის“ სახელითაა ცნობილი. იგივე მერაბ ჩუხუამ, რომელიც მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს თანამოაზრეთა წინაშე მოხსენებით გამოვიდა, აღნიშნა, რომ „საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების მცდელობას ჩერქეზული საკითხის პროპაგანდაში უიკვალოდ არ ჩაუვლია“: „გენოციდი აღიარებულ იქნა ყველა ჩერქეზული ორგანიზაციის მიერ როგორც საზღვარგარეთ, ასევე რუსეთშიც, თვით ჩერქეზი ჩინოვნიკების მიერაც კი“.

რა უნდა ვთქვათ.. იციან ბიჭებმა მუშაობა, იციან… თუ მათ არავინ გააჩერებს, ძალიან ღრმად შეტოპავენ. თუ, რასაკვირველია, ამის ნებას მივცემთ. მაგალითად, მერაბ ჩუხუასა და მისი ბიჭების ნამოქმედარია ის, რომ ჩერქეზები დღემდე ამტკიცებენ – „ჩვენი წინაპრები ანგელოზები იყვნენ, რუსეთის ბოროტი მეფე-იმპერატორები კი მათ ბუზებივით ხოცავდნენო – კავკასიური ომების შემდეგ ჩერქეზების მხოლოდ 10 პროცენტი დარჩა ცოცხალი, დანარჩენი რუსებმა გაანადგურესო“. ვეკითხები: „განა ის არაფერს ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კავკასიააში და მის დასავლეთ ნაწილში 1804 წლიდან 1826 წლამდე შავი ჭირის ეპიდემია მძვინვარებდა, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანი შეიწირა? იგივე ყაბარდოელები, რომელთა რაოდენობა 1812 წელს 400 ათასამდე იყო, 1826 წელს მხოლოდ 60 ათასამდე დარჩნენ?“. გამოდის, რომ არაფერს ნიშნავს. არადა, რუსეთის არმიის დანაკარგის 90% კავკასიური ომების დროს არასაბრძოლო ხასიათისა იყო: მალიარია, შავი ჭირი, ხოლერა  და სხვა სნეულება არც რუსებს არ ზოგავდა. და ეს ხდებოდა არმიაში, სადაც ექიმები იყვნენ, სადაც ცდილობდნენ ჰიგიენა მეტ-ნაკლებად დაცული ყოფილიყო, არსებობდა რარაც სანიტარული ნორმები. რა მოუვიდოდათ ჩერქეზებს ასეთ სიტუაციაში? სხვათა შორის, ჩერქეზი თავადები დახმარებისთვის რუსეთის არმიის ექიმებს ხშირად მიმართავდნენ ხოლმე. თუ მაშინდელი იმპერიების – ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის პოლიტიკას შევადარებთ, რუსეთის იმპერატორული კავკასიური პოლიტიკა დიდი ხნის განმავლობაში, დღევანდელი ტერმინოლოგიის მიხედვით, ტოლერანტული იყო…

ჩექეზი აქტივისტები ჩერქეზთა საერთაშორისო ასოციაციისაგან შემტევ და მკვეთრ მოქმედებას მოითხოვენ. ვისზე შეტევას, რუსეთზე? ბატონებო, მაშინ ვისთან დარჩებით? საქართველოსთან, რომელმაც გენოციდი 2011 წელს აღიარა?

სხვათა შორის, საღად მოაზროვნე ჩერქეზებს საქართველოსთან მიმართებით ილუზიები არ აქვთ: „რატომ აღიარა საქართველომ გენოციდი მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას რუსეთმა კისერში წამოარტყა? და განა უმჯობესი არაა, რომ საქართველომ მოინანიოს თავისი დანაშაული? მე მათ შეხვედრის დროს რამდენჯერმე შევეკითხე – ჩემო ძვირფასო ქართველებო, თქვენს წინაპრებთან ჩერქეზები ყოველთვის გულწრფელად მეგობრობდნენ, მაგრამ განა თქვენც გულწრფელები ხართ? მაგალითად, როცა ჩვენი მოძმე აფხაზი ხალხის გასრესას ცდილობდით? იმ ომში ხომ 64 ჩერქეზი მეომარიც დაიღუპა“, – ამბობს ჩერქეზთა საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი ხაუთი სოხროკოვი, – განა გულწრფელები იყავით მაშინაც, როცა სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა მოახდინეთ? განა თქვენ გულწრფელები იყავით, როცა ჩერქეზთა გენოციდი აღიარეთ? ასეთი სამსახური არ გვჭირდება“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

Comments are closed