«Независимая газета» (რუსეთი): საქართველო პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა: ბიძინა ივანიშვილის სამი პრობლემა
«КоммерскантЪ» (რუსეთი): საქართველოს პრეზიდენტს რეზიდენციიდან გამოასახლებენ!?
«Радио Свобода//Свободная Европа//Эхо Кавказа» (აშშ): „კატალონიის პარლამენტის რეზოლუცია: კიდევ ერთი დღესასწაული კავკასიელი სეპარატისტების ქუჩაზე!?
——————-
«Независимая газета» (რუსეთი), 12 ნოემბერი, 2015 წელი
http://www.ng.ru/cis/2015-11-12/6_gruzja.html
საქართველო პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა: ბიძინა ივანიშვილის სამი პრობლემა
იური როქსი, პოლიტიკური მიმომხილველი
„საქართველოს პატრიოტთა კავშირის“ ლიდერები სამთავრობო ოფისთან შიმშილობას განაგრძობენ და იმ მინისტრების გადადგომას მოითხოვენ, რომლებთაც, „პატრიოტების“ აზრით, წვლილი მიუძღვით საპარლამენტო შუალედური არჩევნების გაყალბებაში.
ტელეარხ „რუსთავი-2“-ს უსამართლოდ მიაჩნია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მფლობელთა შეცვლისა და დროებით მმართველთა დანიშვნის თაობაზე და ამ ვერდიქტს საკონსტიტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უარი განაცხადა ახლადგარემონტებულ რეზიდენციაში გადასვლაზე და კვლავ განაგრძობს პრეზიდენტის პომპეზურ სასახლეში ყოფნას, საქართველოს არაფორმალური ლიდერი გაჯავრდა და მას „იქიდან გამოგდება“ აღუთქვა.
———–
საქართველოს ხელისუფლება იმ მოკრივის როლში აღმოჩნდა, რომელიც რინგის კუთხეშია მიმწყვდეული და ურტყამენ. მართალია, მიღებული დარტყმები მაინცდამაინც მტკივნეული არაა, მაგრამ არასასიამოვნოა. ბოქსიორული ტერმინოლოგიით თუ ვისარგებლებთ, გამოდის, რომ ხელისუფლების უპირატესობა ოპონენტებზე ქულების მიხედვით თანდათან მცირდება.. კი, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ დიდად არ ემუქრება, მაგრამ მისი ყოფილი დიდებისაგან საზოგადოებაში მხოლოდ მოგონებაღა დარჩა. ექსპერთა აზრით, „ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, ხელისუფლებაში დარჩენას მხოლოდ იმიტომ მოახერხებს, რომ მოსახლეობას მმართველ ძალად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება არ სურს, ხოლო სხვა პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქტიურად მხარდამჭერი ფართო ელექტორატი ეყოლება, საქართველოში, უბრალოდ, არ არის. ეს, ფაქტიურად, შუალედური არჩევნების დროსაც გამოვლინდა: „პატრიოტთა კავშირმა“, რომელიც პოლიტიკური ავანსცენისაკენ მიისწრაფოდა, ოფიციალური მონაცემებით, „ქართულ ოცნებასთან“ ჭიდილში არჩევნები წააგო.
„პატრიოტებმა“ ხელისუფლებას ბრალი დასდეს არჩევნების გაყალბებაში, პარტიის ლიდერებმა შიმშილობა დაიწყეს და თავდაცვისა და ეკოლოგიის მინისტრების თინა ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილის გადადგომა მოითხოვეს. მოშიმშილეთა აზრით, სწორედ საგარეჯოს ახლოს მდებარე სამხედრო ნაწილში ხმების „თავისებურმა“ დათვლამ განაპირობა „ქართული ოცნების“ კანდიდატის, თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მოგვარის – თამარ ხიდაშელის გამარჯვება „პატრიოტთა კავშირის“ გენმდივან ირმა ინაშვილზე. ამ ბრალდებას თავდაცვის მინისტრმა მკვეთრად უპასუხა – მან განაცხადა, რომ „თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე დღიდანვე გრძნობდა, რომ მისი კანდიდატურა რუსეთისთვის მიუღებელი იყო“ და როცა „პატრიოტები“ მინისტრობიდან მის გადადგომას ითხოვენ, ამით ისინი თავიანთ პრორუსულობას ამჟღავნებენ, რაზეც დიდი ხანია ხმები დადის.
ირმა ინაშვილმა პასუხი არ დააყოვნა და განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებს მთელი საქართველოს მასშტაბით მოაწყობს. დღემდე ირმა ინაშვილი, რომელიც უკოპმპრომისობითა და პრინციპულობითაა ცნობილი, თავის სიტყვებს ქარს არ ატანდა და თუ მისი სიტყვა და საქმე ერთმანეთს არ დაშორდება, ხელისუფლება სერიოზულ თავის ტკივილს მიიღებს. „პატრიოტთა კავშირს“ ამის პოტენციალი აქვს: არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, შიმშილობის დაწყებამდე, პარტიამ ადვილად შეძლო მრავალათასიან მომხრეთა მობილიზება და თბილისის ცენტრში საპროტესტო სვლა გამართა. მინისტრების გადადგომის გარდა, „პატრიოტები საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანასაც ითხოვენ და გამორიცხული არაა, რომ ისინი სხვა პოლიტიკური პარტიებისაგან ამ საკითხში მხარდაჭერას მიიღებენ.
არასაპარლამენტო ოპოზიციამ ახლახან დაასრულა 240 ათასი ხელმოწერის შეგროვების პროცესი კანონში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით – სწორედ ამდენი ხელმოწერაა საჭირო იმისთვის, რომ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საკითხის განხილვა დაიწყოს, რაც, თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობას არ სურს… ამრიგად, „ქართული ოცნება“ და მისი ჩრდილოვანი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სხვა პოლიტიკურ ძალებთან ხელისუფლების გაყოფის პირას აღმოჩნდნენ. რასაკვირველია, ეს ყველაფერი იმ ადამიანისათვის, იმ ოლიგარქისათვის, რომელსაც სულ რარაც სამიოდე წლის წინათ საქართველოს მოსახლეობის 80% პროცენტი მზად იყო ხელით ეტარებინა, ძალიან არასასიამოვნოა.
საინტერესოა, რომ ბოლო დრომდე „პატრიოტთა ალიანსი“ და თვით ირმა ინაშვილი თითქმის „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მოკავშირედ აღიქმებოდა – სწორედ ირმა ინაშვილმა შეასრულა მნიშვნელოვანი როლი საპყრობილეებბში პატიმარტა წამების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების საქმეში, რომელმაც, საბოლოო ჯამში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ბედი ბიძინა ივანიშვილისა და მისი კოალიცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადაწყვიტა.
მმართველი კოალიციისათვის უსიამოვნო ამბავი მწიფდება კიდევ ერთ ფრონტზე, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი-2“-მა ხელისუფლების წინააღმდეგ გახსნა. ოპოზიციურ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირად არ სურს ამ მძლავრი საინფორმაციო საშუალების დათმობა და, შესაბამისად, ამ ტელეარხის მფლობელობის საკითხი ზემდგომ სასამართლო უწყებებში უნდა გადაწყდეს. „ნაციონალებმა“ შეძლეს და ტელეკომპანიასთან დაკავშირებულ მოვლენებს საერთაშორისო რეზონანსი შესძინეს – დღეს საქართველოს ხელისუფლებას ყოველი მხრიდან ახსენებენ დემოკრატიული ფასეულობების პატივისცემას, სიტყვის თავისუფლების დაცვის აუცილებლობას, მასმედიაზე ზეწოლის დაუშვებლობას და ა.შ. „რუსთავი-2“-ის საქმე უკვე გასცილდა სამეურნეო სუბიექტრბს შორის არსებული დავის ჩარჩოებს, თუმცა, ობიექტურად თუ ვიტყვით, არც არავინ არ ფიქრობდა, რომ ეს მართლაც სამეურნეო დავა იყო. ბიძინა ივანიშვილი დარტყმებს იცილებს და დასავლეთის მრავალრიცხოვან რეკომენდაციებს მკვეთრად პასუხობს: იქ, დასავლეთში, საქმის არსი არ ესმით და არასწორ რეკომენდაციებს იძლევიან, ამიტომაც მათი რჩევების შესრულება სავალდებულო არ არისო.
ოლიგარქს თავისი ძველი ფავორიტი გიორგი მარგველაშვილიც აჯავრებს – იგი, რომელიც პრეზიდენტად გახდომას ბიძინა ივანიშვილს უნდა უმადლოდეს, ძალიან მალე გამოვიდა ოლიგარქის კონტროლიდან, თუმცა იმის მიუხედავად, რომ თავდაპირველად ასკეტურად ცხოვრებას აძლევდა უპირატესობას, ყველასათვის მოულოდნელად პრეზიდენტის პომპეზურ სასახლეში გადაბარგდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხელგაშლილად აშენდა. ბიძინა ივანიშვილის საჯარო განცხადებას, რომ სასახლის ხარჯები ბიუჯეტს აწვებაო, პრეზიდენტზე გავლენა არ მოუხდენია. ყოფილ პარტნიორებს შორის დაპირისპირება სწრაფად ღრმავდებოდა და ბოლოს, საქართველოს არაფორმალური ლიდერმა ძალიან მწვავედ და ნეგატიურად შეაფასა საქართველოს ფორმალური ლიდერის მოქმედება – ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, რომ უხეში შეცდომა დაუშვა გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად შერჩევის დროს.
დღეს ივანიშვილსა და მარგველაშვილს შორის ნაპერწკლები კი არ ცვივა, არამედ ელვა კრთის და ჭექა-ქუხილი ისმის. პრეზიდენტმა უარი განაცხადა იმ შენობაში – აშშ-ის ყოფილ საელჩოში – გადასვლაზე, რომელიც სპეციალურად მისთვის გარემონტდა. ეს ადასტურებს იმას, რომ გიორგი მარგველაშვილს საკმაოდ ნორმალური ოფისი შესთავაზეს, მაგრამ მან გადაწყვიტა, რომ არ გასულიყო „კალიგულას სასახლიდან“ (ასე მონათლეს თბილისელმა ენაკვიმატებმა მიხეილ სააკაშვილის პოპმპეზური რეზიდენცია). ჰოდა, ბიძინა ივანიშვილმაც ყველას გასაგონად განაცხადა, „მე მას იქიდან გამოვაგდებო“. ახლა საზოგადოება მკითხაობს, თუ რა იქნება შემდეგ…
«КоммерскантЪ» (რუსეთი), 12 ნოემბერი, 2015 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2851251
საქართველოს პრეზიდენტს რეზიდენციიდან გამოასახლებენ!?
საქართველოს ექს-პრემიერ-მინისტრმა და მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ დამაარსებელმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მთავრობის არაფორმალურ ხელმძღვანელად ითვლება, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ავლაბრის სასახლიდან დაუყონებლივ გამოსვლა მოსთხოვა“, – ნათქვამია სტატიაში, რომელშიც საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული პრეზიდენტისა და ოლიგარქის დაპირისპირების ბოლოდროინდელი მიზეზი – ჭირდება თუ არა გიორგი მარგველაშვილს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ჟამს აგებული სასახლე და რამდენად ზარალის მომტანია ეს ყველაფერი საქართველოს ბიუჯეტისათვის (ავტორი – გიორგი დვალი).
პუბლიკაციაში ციტირებულია ბიძინა ივანიშვილის განცხადება: „უნდა თუ არ უნდა, მას მაინც მოუწევს ამჟამინდელი რეზიდენციის დატოვება… სასახლის ხარჯებმა წელიწადში 10 მილიონ ლარს გადააწარბა. ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი… მისი ჯიუტობა უკვე ცინიზმის გამოხატულებაა. სახელმწიფოს ინსტიტუტებმა ამ საკითხში თავიანთი როლი უნდა შეასრულონ“, – თქვა მილიარდერმა და ამით აშკარად მიანიშნა, რომ პრეზიდენტი შესაძლოა იძულებით გაიყვანონ სასახლიდან.
ბატონმა ბიძინამ გაიხსენა, რომ თვით გიორგი მარგველაშვილი უწოდებდა ამ სასახლეს „გარყვნილების ბუდეს“ და მან პირობა დადო, რომ შენობას პროფილს შეუცვლიდა და იქ ახალ უნივერსიტეტს გახსნიდა. პრეზიდენტად არჩევიდან სამ თვეში კი იგი მაინც გადავიდა ავლაბრის სასახლეში და ჟურნალისტებს თავისი მოქმედება იმით აუხსნა, რომ „სახელმწიფო კანცელარიის ორ ოთახში მუშაობა არ შეუძლია, ეს შემლახველია პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის“.
არადა, საქართველოს კანონმდებლობით, პრეზიდენტის სამუშაო ადგილს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი განსაზღვრავს, რომელსაც კონსტიტუციით, ქვეყანაში რეალური ხელისუფლება გააჩნია, მაგრამ პრეზიდენტი (სახელმწიფოს მეთაური) და მისი თანაშემწეები კანონის ასეთ ინტერპრეტაციას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებას მეტი უზენაესობა აქვს, ვიდრე მთავრობის გადაწყვეტილებასო.
სტატიაში გადმოცემულია აგრეთვე ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის პოზიციაც, რომლის თქმით, მთვარობამ აშშ-ის ყოფილი საელჩოს შენობის რემონტზე 26 მილიონი ლარი დახარჯა, დღეს კი ის დაკეტილია. რაც მალე გადავა პრეზიდენტი ახლად შეკეთებულ შენობაში, მით უკეთესი იქნება“.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადებით, სახელმწიფოს მეტაური სამუშაო ადგილის შეცვლას არ აპირებსო“, მაგრამ უკან არც მთავრობა არ იხევს. როგორც „კომერსანტს“ უთხრეს მინისტრთა კაბინეტში, „მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო თვეებში, როცა ხელისუფლებაში უკვე „ქართული ოცნება“ იყო, ავლაბრის სასახლეს დაფინანსება შეუმცირეს და ერთხელ ელექტროენერგიაც კი გაუთიშეს“. ესე იგი, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სიტუაცია განმეორდება: „პრემიერი პრეზიდენტს უჩვენებს, თუ ვინაა სახლში უფროსი…“.
«Радио Свобода//Свободная Европа//Эхо Кавказа» (აშშ), 12 ნოემბერი, 2015 წელი
http://www.ekhokavkaza.com/content/article/27358801.html
„კატალონიის პარლამენტის რეზოლუცია: კიდევ ერთი დღესასწაული კავკასიელი სეპარატისტების ქუჩაზე!?
მურატ გუკემუხოვი
პირენეის ნახევარკუნძულზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესები კავკასიაში ცხოველ ინტერესს იწვევს: როგორც ცნობილია, ესპანეთის ავტონომიური რეგიონის – კატალონიის პარლამენტმა ცხრა ნოემბერს მიიღო რეზოლუცია ესპანეთის შემადგენლობიდან გამოსვლისა და დამოუკიდებელი კატალონიის რესპუბლიკის შექმნის თაობაზე, რითაც ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას დაუპირისპირდა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანა რახამ უკვე განაცხადა, რომ საკითხი საკონსტიტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაზე საბოლოო ვერდიქტს თემიდა გამოიტანს.
ცხინვალში ამბობენ, რომ ესპანეთში დაწყებული პოლიტიკური დაპირისპირების პარალელები სამხრეთ ოსეთის ისტორიიდანაც შეიძლება გაივლოს. მაგალითად, ადგილობრივი ექსპერტი კოსტა ძუგაევი დარწმუნებულია, რომ კატალონიას არც მადრიდიდან შესეული ტანკები არ დაემუქრება და არც ესპანეთის ეკლესიის წყევლა: „ეს იქნება ცივილიზებული გაყრა – ისე, როგორც ევროპაში ხდება. რასაკვირველია, კავკასიელებისთვის ეს კარგი გაკვეთილი იქნება – ჩვენთან ხომ სეცესიური პროცესები უკიდურესა მტკივნეულ რეაქციებს იწვევს. აქაურმა პოლიტიკურმა ელიტამ ყურადღებით უნდა შეხედოს ევროპიდან მოსულ სიგნალებს და შესაბამისი დასკვნები უნდა გააკეთოს. ჩვენ საბოლოოდ უნდა გამოვიდეთ 1990-იანი და 2000-იანი წლების დასაწყისის პოლიტიკური ბარბაროსობიდან. იმედი გვაქვს, რომ ის პრეცედენტები, რომლებიც ევროპაში ხდება, კავკასიაშიც დადებით ცვლელებებს მოიტანს“.
კოსტა ძუგაევის პოზიცია გასაგებია: ბევრი ცხინვალელი ადარებს ევროპულ პრაქტიკას საკუთარი დამოუკიდებლობის ისტორიაში მომხდარ მოვლენებს და სიხარულს გამოხატავენ იმით, რომ ევროპული ქვეყნიდან გამოყოფის სურვილი კიდევ ერთმა მისმა ავტონომიურმა რეგიონმა ოფიციალურად გამოაცხადა.
რას ურჩევდნენ ასეთ სიტუაციაში ესპანეტის ცენტრალურ ხელისუფლებას სამხრეთ ოსეთიდან? ამ შეკითხვას პასუხობს დიმიტრი მედოევი – სამხრეთ ოსეთის ყოფილი ელჩი რუსეთის ფედერაციაში, დღეს კი მოსკოვის დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის კავკასიის გამყოფილების უფროსი: „ბუნებრივია, ყველასთვის გასაგებია მადრიდის სურვილი – ესპანეთის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების თაობაზე, თუმცა საურველი იქნებოდა ამ საწყის ეტაპზევე ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება დაეთანხმოს კატალონიის გადაწყვეტილებას და დაიწყოს მოლაპარაკება დამოუკიდებლობის მსურველ პოლიტიკურ ძალებთან. ამით ძალიან ბევრ პრობლემა იქნება თავიდან აცილებული. ჩვენი, სამხრეთ ოსეთის გამოცდილება მოწმობს, რომ საკითხის გაჭიანურებას არასასურველი შედეგები შეიძლება მოჰყვეს – მკვეთრი დაპირისპირება, კონფლიქტი და ა.შ. ეს არავის სჭირდება – არც მადრიდს და არც კატალონიას“.
პოლიტოლოგ დინა ალბოროვას თქმით, ესპანური მოვლენები სამხრეთ ოსეთისთვისაც კარგი გაკვეთილი იქნება: „კატალონიაში არის ხალხი, ვისაც ესპანეთისაგან გამოყოფა არ სურს და დამოუკიდებლობის იდეა არ მოსწონთ, მაგრამ არსად არ გამიგონია, რომ იქ ამისთვის ერთმანეთს ურტყამენ, საყვედურებს ეუბნებიან და ეროვნული ინტერესების ღალატსში ადანასაულებენ. ესპანურ საზოგადოებაში ნორმალური დისკუსია მიმდინარეობს ცივილზებულ დონეზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და მათგან უნდა ვისწავლოთ“.
და მაინც, როგორც მოსკოველი პოლიტოლოგი ნიკოლაი სილაევი მიიჩნევს, კატალონიის პარლამენტის რეზოლუცია კავკასიელი სეპარატისტების „ქუჩაზე კიდევ ერთ დღესასწაულად“ შეიძლება ჩაითვალოს:
- სეცესიის თაობაზე მსგავსი ყოველი წარმატებული პრეცედენტი იმას ნიშნავს, რომ სეპარატისტებს არგუმენტები ემატებათ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ასეთი ამბები ცივილიზებულ ევროპაში ხდება: აბა, რა, თუ განათლებული ევროპა დასაშვებად მიიჩნევს შოტლანდიასა და კატალონიაში რეფერენდუმების ჩატარებას, ჩვენ რატომ არ სეგვიზლია იგივეს გაკეთება? აქედან გამომდინარე, ყველა არაღიარებული და ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოები მომხდარ ამბებს მიესალმებიან.
- და რას მოიმოქმედებენ ამ დროს დაშლის პირას მდგარი სახელმწიფოების მთავრობები? განა არ უპასუხებენ გამოყოფის მსურველებს?
- ალბათ, მადრიდი იტყვის, რომ კატალონიის პარლამენტი სამართლებრივი ჩარჩოებიდან არ გამოვა და არ იქნება არავითარი მოწოდება ძალადობისაკენ“.