«The Wall Street Journal» (აშშ): საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ახალ პარტიას ქმნის, რომელიც პოლიტიკაში დიდი ბიზნესის გავლენას ეწინააღმდეგება
«Associated Press» (აშშ): საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პარლამენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს
«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): მიხეილ სააკაშვილი დონალდ ტრამპის შექებით სარგებლობს და უკრაინაში „ელიტის ცვლილებას“ ამზადებს
«Tiroler Tageszeitung» (ავსტრია): საქართველო – კონტრასტების ქვეყანა
———————-
«The Wall Street Journal» (აშშ), 12 ნოემბერი, 2016 წელი
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ახალ პარტიას ქმნის, რომელიც პოლიტიკაში დიდი ბიზნესის გავლენას ეწინააღმდეგება
ლორა მილსი
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარასკევს – მას შემდეგ, რაც მან უკრაინის პოლიტიკური ელიტა კორუფციაში დაადანაშაულა და ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგა – განაცხადა, რომ იგი უკრაინაში ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნის. სპეციალურ ბრიფინგზე, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცა, მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისაკენ მოუწოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ ახალ პარტიაში, სხვებთან ერთად, მხოლოდ ის პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები იქნებიან, რომლებიც ხელისუფლებაში მხოლოდ მცირე ხანს – ორი-სამი წლის განმავლობაში იყვნენ და პოლიტიკაში დიდი ბიზნესის გავლენას ეწინააღმდეგებიან: „ვერხოვნა რადაში (პარლამენტში) პოლიტიკური სპეკულიანტების ეპოქა უნდა დასრულდეს“, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა, – „დღევანდელი რადა სავსეა სპეკულიანტებით, რომლებმაც ადგილები იმისთვის იყიდეს, რომ უკრაინელი ხალხის ძარცვა გააგრძელონ“.
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის შავიზღვიპირა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტი ორშაბათს დატოვა. მან ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილი მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მიუხედავად დაპირებისა, ისინი არაფერს აკეთებენ კორუფციის წინააღმდეგ და, შესაბამისად, არც უკრაინის მთავრობის საქმიანობა არ გარდაქმნილა.
უკრაინის ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, დონბასში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან ბრძოლას აგრძელებს, დასავლეთის რიგმა ლიდერებმა საკვანძო რეფორმების შეჩერება-დამუხრუჭების გამო გააკრიტიკეს. „ჩვენ ამ ომში გავიმარჯვებთ არა მხოლოდ ჩვენი ჯარისკაცების გმირობით, რომელიც, ცხადია, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, არამედ იმითიც, რომ თავიდან მოვიშორებთ უკრაინის დღევანდელ ელიტას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები 2014 წელს ჩატარდა, რომლის დროსაც პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პარტიამ ადგილების დიდი უმრავლესობა მიიღო. შემდეგი არჩევნები, კანონის თანახმად, 2019 წელს უნდა გაიმართოს.
«Associated Press» (აშშ), 11 ნოემბერი, 2016 წელი
http://hosted.ap.org/dynamic/stories/e/eu_ukraine_saakashvili?site=ap§ion=home&template=default
საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პარლამენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს“
სტატიაში, ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორის განცხადების ციტირების პარალელურად, შეფასებულია მისი საქმიანობაც საქართველოს პრეზიდენტად ყოფნის პერიოდშიც:
„2004-2013 წლების განმავლობაში, როცა იგი საქართველოს ხელმძღვანელი იყო, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მიღწევად კორუფციის დონის შემცირება და ორგანიზებული დამნაშავეობის წინააღმდეგ გამოცხადებული მკაცრი ბრძოლა ჩაითვალა. მან ქვეყნის პოლიციის რეფორმაც განახორციელა, რის შედეგადაც ამ უწყებაში გამეფებული მრავალწლიანი მექრთამეობის ისტორია დასრულდა.
მიხეილ სააკაშვილი უკომპრომისო და ფიცხ, იმავდროულად ერთობ წინააღმდეგობრივ ფიგურას წარმოადგენს. მისი პარტია 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა. ერთი წლის შემდეგ კი, როცა პრეზიდენტობის ვადა ამოეწურა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველო დატოვა, მოქალაქეობა კი უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნის წინ ჩამოართვეს.
მიხეილ სააკაშვილმა პარასკევს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მის პარტიაში ისეთი ადამიანები იქნებიან, რომლებიც უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებას დაამხობენ, პეტრო პოროშენკოს ჩათვლით: „მას ჰქონდა ჩემი შესაძლებლობების გამოყენების სანსები რეფორმების გასატარებლად, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, რეფორმების განხორციელება და მისი პირადი კეთილდღეობა ერთმანეთს ეწინააღმდეგება“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა პეტრო პოროშენკოს მიმართ“.
«Reuters» (დიდი ბრიტანეთი), 12 ნოემბერი, 2016 წელი
http://ru.reuters.com/article/topNews/idRUKBN1361TC?sp=true
მიხეილ სააკაშვილი დონალდ ტრამპის შექებით სარგებლობს და უკრაინაში „ელიტის ცვლილებას“ ამზადებს
„მიხეილ სააკაშვილმა, ისარგებლა რა აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გამოთქმული ქება-დიდებით საქართველოში განხორციელებული ლიბერალური რეფორმების თაობაზე, კიევში პარასკევს ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე ახალი პარტიის შექმნა გამოაცხადა, რომლის ბრძოლა კორუფციისა და უკრაინის მმართველი ელიტის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა ამ უკანასკნელთ (ელიტას) „ნაყარ-ნუყარი“ უწოდა“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ნატალია ზინეცი).
პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ აღნიშნულ პრეს-კონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები, რომელიც უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლებისა და პირადად პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგაცაა მიმართული.
„უკრაინის პროდასავლურმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მისცა და ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. იმ ხანებში მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2004-2012 წლებში წარმატებით გატარებული ანტიკორუფციული რეფორმების სიმბოლოს წარმოადგენდა… მაგრამ წინა კვირაში მან თავისი „პატრონი“ პეტრო პოროშენკო რეფორმების ბლოკირებაში დაადანაშაულა და, როგორც იტყვიან ხოლმე, „კარიც გაიჯახუნა“ (თანამდებობიდან გადადგა).
პრეს-კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა აჩვენა აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის ძველი ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ამერიკელი მილიარდერი მას სამაგალითო რეფომატორად მიიჩნევს.
საქართველოში 2003 წელს მომხდარი მშვიდობიანი „ვარდების რევოლუციის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლებრივ ძებნაში იმყოფება მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ 2012 წელს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება განიცადა, ხოლო ერთი წლის შემდეგ მას თვითონაც პრეზიდენტობის ვადა ამოეწურა და სამშობლო სასწრაფოდ დატოვა. მიხეილ სააკაშვილი უარყოფს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებებს ძალაუფლების ბოროტად სარგებლობის თაობაზე და მათ „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებს. როცა საქართველოს პროკურატურმა უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება სთხოვა, ოფიციალურმა კიევმა თბილისს უარი განუცხადა.
რუსეთის შეურიგებელი მოწინააღმდეგე მიხეილ სააკაშვილი იმ უცხოელ პოლიტიკოსთა რიცხვში იყო, რომლებიც უკრაინის პროდასავლურ ხელისუფლებაში იქნენ დანიშნულნი რეფორმების გატარებასა და კორუფციასთან საბრძოლველად, მაგრამ რადგანაც რეფორმების რეალიზება ძალიან დამუხრუჭდა, ბევრი მათგანი თანამდებობიდან გადადგა. მოსახლეობაში იმედგაცრუება მატულობს.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, „რეფორმების გატარება და პეტრო პოროშენკოს ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება“. მართლაცდა, უკრაინის ყოფილი „შოკოლადის მეფე“ პეტრო პოროშენკო კვლავ ფლობს თავისი საკონდიტრო იმპერიის რუსულ ნაწილს, რომლის შესახებაც ამას წინათ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა და თან დაამატა, რომ კრემლს უკრაინის ლიდერის ბიზნესის მიმართ არაფერი საწინააღმდეგო არ აქვს.
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ახალი პარტია არ იქნება დაკავშირებული მსხვილ ბიზნესთან და მასში არ იქნებიან ის ადამიანები, რომლებსაც უკრაინულ პოლიტიკაში საქმიანობის მრავალწლიანი სტაჟი აქვთ: „ჩვენ მხოლოდ მაშინ გავიმარჯვებთ, როცა უკრაინის პოლიტიკური ელიტისაგან განვთავისუფლედებით, რომელიც სინამდვილეში ელიტა კი არა, საზოგადოების ნარჩენები და ნაყარ-ნუყარია, რუსეთის მმართველი კლასის მსგავსად“.
მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი რიტორიკა შეიძლება მილიარდერ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დეკლარაციების გამოძახილად მივიჩნიოთ. როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპის მოულოდნელ წარმატებას (აშშ-ის პრეზიდენტად არჩევას) პოლიტიკოსები და ექსპერტები პოპულიზმითა და აშშ-ის ისტებლიშმენტისადმი ამომრჩეველთა იმედგაცრუებით ხსნიან.
«Tiroler Tageszeitung» (ავსტრია), 12 ნოემბერი, 2016 წელი
http://www.tt.com/lebensart/12247364-91/georgien-im-land-der-gegens%C3%A4tze.csp
საქართველო – კონტრასტების ქვეყანა
სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული საქართველოში ავსტრიელი ტურისტის ყოფნის შთაბეჭდილებები, რომელიც ქება-დიდებით მოიხსენიებს ქართულ სტუმართმოყვარეობას, თბილისისა და სხვა ქალაქების ღირსშესანიშნაობებს, აზრს გამოთქვამს ქვეყნის ტურისტული ინფრასტრუქტურის პლუსებზე და მინუსებზე, ქართველების ცხოვრების ავ-კარგზე… (ავტორი – მარკო ვიტინგი)
„საქართველოში მრავალი ლამაზი ნაგებობაა, ხელუხლებელი ბუნება და თვით ხალხი, რომლის ისტორია გმირობებითაა სავსე. კონტრასტებს ყველგან შეამჩნევთ. საქართველოში ერთმანეთის გვერდითაა წარსული და აწმყო, ქვეყანა კი მომავლისაკენ ისწრაფვის. ქართველებს ბევრი რამ ახსოვთ: ქვეყნის დაცემა და აღმაფრენა, დაშლა და გაერთიანება… და მიუხედავად იმისა, რომ დეზინტეგრაციის ნეგატიური პროცესი დღესაც გრძელდება, ეს ხალხი გასაკვირი სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. საქართველოს ხშირად „ევროპის ბალკონს“ და „აზიის ჭიშკარს“ უწოდებენ. აქ ევროპა და აზია ერთმანეთს ხვდება. აქ სიმდიდრეს სიღარიბის გვერდით დაინახავთ“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
ავტორი ავსტრიელ მკითხველს აცნობს ქუთაისს, სადაც პარლამენტის თანამედროვე შენობა მდებარეობს, თბილისს – თავისი ვიწრო ქუჩებით, სუპერთანამედროვე შენობებით, ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩით, მთაწმინდითა და ნარიყალათი; საქართველოს სამხედრო გზის თვალწარმტაც ადგილებს – გუდაურს (ყოფილი საფოსტო სადგური, სადაც 1980-იან წლებში ავსტრიული ინვესტიციებით თანამედროვე სამთო-სათხილამურო კურორტად გადაიქცა), სტეფანწმიდას (მისი სუპერთანამედროვე სასტუმროთი, საიდანაც მყინვარწვერის დიდებული ხედი მოჩანს), წმინდა სამების მონასტერს… მასალაში ვრცლადაა აღწერილი ქართული კულინარია და, ბუნებრივია, ქართული სუფრაც.
პუბლიკაციაში გადმოცემულია ნეგატიური მომენტებიც: ქუჩებში ქაოსური მოძრაობაა, თბილისი ავტომობილებითაა გადატვირთული, თანამედროვე შენობების აგებისას ძველი შენობები ზარალდება, ანუ ხშირად ნადგურდება არქიტეტქურული მემკვიდრეობა. ავტორი ასევე უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს საქართველოში შექმნილი პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაციის მიმართაც, კონკრეტულად კი მას მხედველობაში აქვს ეთნიკური კონფლიქტები, რომლებიც რუსეთის მადესტაბილიზებელი პოლიტიკის შედეგია. სტატიაში მოხსენიებულია ქვეყნის დამოუკიდებლობის „ბნელი პერიოდი“, როცა რუსეთმა საქართველოს ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდება შეუწყვიტა, აგრეთვე რუსეთ-საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის კატასტროფული შედეგები. „მიუხედავად ამისა, ორი მეზობელი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობა კვლავ ვითარდება, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში, ამ ფონზე შეიმჩნევა პრორუსული ტენდენციების გააქტიურება“.