globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 13 იანვარი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jan 13th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Санкт-Петербургские ведомости» (რუსეთი): ტექნიკური პრემიერი // კვირიკაშვილი ფრთხილ და კომპრომისულ პოლიტიკოსად ითვლება

«Эхо» (აზერბაიჯანი): თბილისისა და მოსკოვის გაზის თამაშები // „საქართველოს ხსნის ერთადერთი გზა აზერბაიჯანთან ურთიერთობის გამწვავება კი არ უნდა იყოს, არამედ ბაქოსთან თხოვნით მისვლა“

«Radio Voice of America – Радио Голос Америки» (აშშ): აფხაზეთი რუსეთის მიერ გამოცხადებულ ანტითურქულ სანქციებს შეუერთდა // სასარგებლოა თუ არა ეს საქართველოს ინტერესებისათვის?

——————-

«Санкт-Петербургские ведомости» (რუსეთი), 12 იანვარი, 2016 წელი

http://spbvedomosti.ru/news/politika/tekhnicheskiy_premer/

ტექნიკური პრემიერი

გიორგი კვირიკაშვილი ფრთხილ და კომპრომისულ პოლიტიკოსად ითვლება

„კათოლიკური ქრისტეშობის წინ საქართველომ მოულოდნელად დაკარგა ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი – 33 წლის ირაკლი ღარიბაშვილი. იგი თანამდებობიდან გადადგა. არ გასულა ორიოდე დღეც, რომ ახალი წლის წინ ქვეყანამ ახალი პრემიერ-მინისტრი შეიძინა: რიგით მესამე „პოსტსააკაშვილის ეპოქაში“. ამჯერად უკვე 48 წლის გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც მანამდე ჯერ ეკონომიკის, შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობდა. ეს მოვლენა ჩვენთვის, რუსებისათვის და საერთოდ, დასავლეთის ფართო საზოგადოებისათვის როგორღაც შეუმჩნეველი დარჩა. ალბათ, იმიტომ, რომ მოსახლეობა წინასაახალწლო სამზადისით იყო გართული. არადა, ახალი პრემიერის დანიშვნის ფაქტი ყურადღების მიქცევად ნამდვილად ღირდა – 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით, საქართველო საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკად იქცა და პრემიერ-მინისტრს დღეს ძალიან ფართო უფლებები აქვს. სწორედ პრემიერ-მინისტრი ითვლება აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურად, სწორედ მას უპყრია ხელთ ქვეყნის მართვის სადავეები… ამრიგად, ქვეყნის პირველი პირი სრულიად მოულოდნელად, მაგრამ იმავდროულად მშვიდად და უმტკივნეულოდ შეიცვალა“, – ასე იწყება გაზეთ „სანკტ-პეტერბურგსკიე ვედომოსტი“-ში გამოქვეყნებული სტატია (ავტორი – ალექსანდრ ბორისოვი).

„დღემდე არ არსებობს რაიმე გონივრული და გასაგები პასუხი იმაზე, თუ რატომ დატოვა ახალგაზრდა, ქრისტეს ასაკის მქონე პოლიტიკოსმა თანამდებობა. აწ უკვე ყოფილ პრემიერს რაიმე ისეთი კატასტროფული ჩავარდნა არც პოლიტიკაში და არც ეკონომიკაში მას არ ჰქონია, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ იგი რაღაც დიდი ინიციატივით ან იდეით გამოსულიყოს. თუმცა შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის მართვის მშფოთვარე სტილის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის შედარებით მშვიდი სტილი საქართველოსთვის საჭირო იყო“, – წერს ავტორი და მკითხველს ახალი პრემიერ-მინისტრის – გიორგი კვირიკაშვილის ბიოგრაფიის დეტალებს აცნობს: უმაღლესი განათლება საქართველოში და ამერიკაში, სახელმწიფო კანცელარიაში მუშაობა ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, პარლამენტის წევრობა… „ვარდების რევოლუციის“ გამო, დიდი პოლიტიკიდან წასვლა და საბანკო სფეროში სამსახური… და ბედმა გიორგი ჯემალოვიჩი 2006 წელს ბიძინა ივანიშვილს შეახვედრა. მილიარდერმა დადებითად შეაფასა ბიზნესმენის საქმიანობა და თავის კუთვნილ „ქართუ-ბანკში“ გადაიყვანა სამუშაოდ. შემდეგ კი, როცა ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა, მან გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკის მინისტრად დანიშნა. უნდა ითქვას, რომ მას ამ პოსტზე რაიმე მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არ მიუღწევია, მაგრამ არც არაფერი გაუფუჭებია. ამიტომაც, როცა იგი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ეკონომიკის მინისტრობიდან საგარეო საქმეთა მინისტრად გადაიყვანეს, ეს ფაქტი არავის არ გაჰკვირვებია. ასევე ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიარა ახალი პრემიერისა და მისი კაბინეტის დამტკიცებამ პარლამენტის სხდომაზე, რადგან უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან.

შეიძლება ითქვას, რომ ახალი მთავრობის შექმნით საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა კარდინალურად არ შეიცვლება. გიორგი კვირიკაშვილი ფრთხილ და კომპრომისულ პოლიტიკოსად ითვლება, მას არ ჰყავს თავისი გუნდი და არ აქვს ნათლად გამოხატული პოლიტიკური ამბიციებიც. სამაგიეროდ, მას სრულიად ენდობა  ბიძინა ივანიშვილი, რომელიც, მართალია, ჩრდილში იმყოფება, მაგრამ საქართველოს ნამდვილ „ბატონ-პატრონად“ მიიჩნევა. ოლიგარქი ქვეყანას „ხელთ არ მართავს“, მაგრამ თბილისში ეჭვი არავის ეპარება, რომ ქვეყნისათვის ყველა საკვანძო და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იგი პირადად იღებს.

ხელისუფლების ასეთი კონფიგურაციის პირობებში ყველა პრემიერ-მინისტრის როლი ქვეყნის მართვაში ტექნიკურ ხასიათისაა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გიორგი კვირიკაშვილი მეურნეობის ხელმძღვანელად დააყენეს და ვალდებულია საქმეს გაუძღვეს. რასაკვირველია, ესეც მნიშვნელოვანი ფუნქციაა, მაგრამ ასეთი მართვა პრემიერ-მინისტრისაგან პარტიულ და წინასაარჩევნო პოლიტიკაში აქტიურ მონაწილეობას არ ითვალისწინებს. ალბათ, ამიტომაც „ქართული ოცნების“ ახალი ლიდერის არჩევის საკითხი ახალი პრემიერის დამტკიცებისთანავე კი გადაწყდა, არამედ გაზაფხულისაკენ გადაიტანეს, საპარლამენტო არჩევნებთან ახლოს და შეიძლება ისე მოხდეს, რომ გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერი არ იყოს.

მთლიანობაში ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ, ოპოზიციურის ჩათვლით, საკმაოდ პოზიტიურად აღიქვა მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის შეცვლა: გიორგი კვირიკაშვილს, მისი წინამორბედისაგან განსხვავებით,  უფრო გამოცდილ და კვალიფიცირებულ მმართველად მიიჩნევენ. მას აქვს იმის უნარი, რომ ოპონენტებთან საერთო ენა გამონახოს, შეუძლია გონივრულ კომპრომისზეც წასვლა, მაგრამ როცა აუცილებელია, სიმტკიცის გამოვლენა და თავისი პოზიციის დაცვაც არ გაუჭირდება.

რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, ამ საკითხში რაიმე გარღვევა მოსალოდნელი არ არის: გიორგი კვირიკაშვილმა უკვე განაცხადა, რომ მისი პოლიტიკის პრიორიტეტია როგორც ევროკავშირთან ინტეგრაცია და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება, ასევე ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება. ამასთან ერთად მან აღნიშნა, რომ გააგრძელებს პრაგმატული პოლიტიკის გატარებას რუსეთთან.

«Эхо» (აზერბაიჯანი), 13 იანვარი, 2016 წელი

http://www.echo.az/article.php?aid=94826

თბილისისა და მოსკოვის გაზის თამაშები

„საქართველოს ხსნის ერთადერთი გზა აზერბაიჯანთან ურთიერთობის გამწვავება კი არ უნდა იყოს, არამედ ბაქოსთან თხოვნით მისვლა“

აზერბაიჯანის პრესაში გრძელდება კომენტარები საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლების მოლაპარაკების თაობაზე, რომელიც ქვეყნის გაზით უზრუნველყოფის საკითხს ეხება. გაზეთ „ეხო“-ში გამოქვეყნებულია ბაქოში არსებული პოლიტიკური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელის მუბარიზ აჰმედოღლუს თვალსაზრისი, რომელიც მან საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძისა და რუსეთის კომპანია „გაზპრომის“ წარმომადგენლის შეხვედრასთან დაკავშირებით გამოხატა.

„გაზპრომ“-ის ერთ-ერთი აქციონერი საქართველოს ექს-პრემიერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ. მართალია, მისი წილი მაინცდამაინც დიდი არ არის, მაგრამ ფაქტი სახეზეა. „გაზპრომი“, სარგებლობს რა იმით, რომ ბიძინა ივანიშვილი კომპანიის აქციების მფლობელია, ცდილობს საქართველოს ტერიტორიაზე სომხეთისათვის განკუთვნილი რუსული გაზის ტრანზიტის პირობები შეცვალოს. ბუნებრივი გაზის ტრანზიტის დღევანდელი ფასი ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის დროსაა დადგენილი. გარდა ამისა, 2008 წელს, როცა თბილისმა უარი განაცხადა გაზის ტრანზიტზე, მოსკოვი იძულებული გახდა დათანახმებულიყო საქართველოს მოთხოვნას და თბილისისთვის ტრანზიტული გაზის 10% მიეცა“, – აღნიშნა მუბარიზ აჰმედოღლუმ.

ექსპერტის თქმით, დღეს ქართული მხარე აზერბაიჯანის საზიანოდ მიმართულ პოლიტიკას წინასწარგანზრახულად ახორციელებს:

„აზერბაიჯანი, ყველანაირი სიძნელის მიუხედავად, მაინც აქტიურად ვითარდება, ეს კი საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას არ აწყობს. თბილისი ანტიაზერბაიჯანული პროპაგანდისათვის მიზეზებს ეძებს. საქართველოს ხელისუფლებას რომ აზერბაიჯანთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს, მაშინ სომხები აზერბაიჯანელებს იქ მძევლებად არ აიყვანდნენ. რატომ ხდება ასე? რატომ იტაცებენ საქართველოში ეთნიკურ აზერბაიჯანელებს? განა რაიმე ოფიციალური განცხადება გვახსოვს საქართველოს ხელმძღვანელებისაგან ამის თაობაზე? არაფერი მსგავსი არ მომხდარა. საქართველოს ხელისუფლებას რომ სომხეთში მიმავალი რომელიმე ავტომობილი დაეკავებინა, აზერბაიჯანელთა გატაცების საპასუხოდ, მაშინ ერევანი მიხვდებოდა, თუ რასთან იქნებოდა ეს ფაქტი დაკავშირებული. ის, რაც დღეს საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების მიმართ ხდება, ყველაფერი თბილისისა და ერევნის ერთობლივი მოქმედების შედეგია…

როცა ქართული მხარე სოციალური გაზის დამატებით მიწოდებას ითხოვს, რატომ არ იღებს მხედველობაში აზერბაიჯანთან კეთილმეზობლურ ურთიერთობის აუცილებლობას? განა რა უშლის ხელს თბილისს, რომ აზერბაიჯანთან სასაზღვრო საკითხები მოაგვაროს? აშკარაა, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე საქართველოს ხელისუფლებაა. სამწუხაროა, რომ ჩვენ თავის დროზე რეაგირება არ მოვახდინეთ აზერბაიჯანელთა გატაცებაზე. სამწუხაროა, რომ ჩვენ ყურადღებას არ ვამახვილებთ „დავით გარეჯის“ სამონასტრო კომპლექსზე, ამ დროს კი ქართველები ანტიაზერბაიჯანული ნაბიჯების გადასადგმელად ახალ საბაბს ეძებენ.

საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი იქმდე მიგვიყვანს, რომ შექმნილი სიტუაციით რუსული „გაზპრომი“ ისარგებლებს: შეამცირებს ტრანზიტული გაზის მოცულობას საქართველოსთვის 10-დან 4%-მდე და ამ გაზის ფასს თბილისს ნაღდი ფულით (შესაძლოა, ამერიკული დოლარებით) გადაუხდის. საერთაშორისო ტარიფის მიხედვით, ყოველ ას კილომეტრში ექვს დოლარს იხდიან, გინდაც ათი იყოს, დევალვაციის გათვალისწინებით. ასეთ სიტუაციაში საქართველოთვის ერთადერთი გამოსავალი ის იქნება, რომ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს თხოვნით მიმართოს… ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობები, რომ თბილისს დავეხმაროთ და შექმნილი ვითარებიდან ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეს. რუსეთმა შეიძლება ისე გააკეთოს, რომ საქართველოს გავლით ტრანზიტული გაზის აღარ გაუშვას, მაშინ თბილისი ერთ ცენტსაც ვერ მიიღებს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხსნის ერთადერთი გზა აზერბაიჯანთან ურთიერთობის გამწვავება კი არ უნდა იყოს, არამედ ბაქოსთან თხოვნით მისვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მეზობელი ძალიან ბევრს დაკარგავს, მათ შორის გაზის ალტერნატიულ წყაროსაც“, – განაცხადა მუბარიზ აჰმედოღლუმ.

სტატიაში გადმოცემულია აგრეთვე ამერიკელი ექსპერტის სტივენ ბლანკისა და მისი ქართველი კოლეგის ალექსანდრე ახალაიას თვალსაზრისები, რომელიც ქართულ მასმედიაშია გამოქვეყნებული.

«Radio Voice of America – Радио Голос Америки» (აშშ), 13 იანვარი, 2016 წელი

http://www.golos-ameriki.ru/content/abhasia-joins-russia-sanctions-against-turkey/3142238.html

აფხაზეთი რუსეთის მიერ გამოცხადებულ ანტითურქულ სანქციებს შეუერთდა

სასარგებლოა თუ არა ეს საქართველოს ინტერესებისათვის?

„აფხაზეთი რუსეთის მიერ დაწესებულ ანტითურქულ სანქციებს შეუერთდა: სეპარატისტული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიამ 11 იანვარს ხელი მოაწერა შესაბამის განკარგულებას, რომელიც აფხაზეთში თურქული კომპანიების საქმიანობის შეზღუდვას, თურქეთიდან პროდუქციის იმპორტის შემცირებას ითვალისწინებს“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ნესტან ჩარკვიანი).

პუბლიკაციაში გადმოცემულია ქართველი ექსპერტების კომენტარები სოხუმის დე-ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. აი, მაგალითად, რას ამბობს კავკასიის მშვიდობისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი გია ნოდია:

„მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ეკონომიკისათვის თურქეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებთან მიერთება საზიანოა, აფხაზეთის რეჟიმს სხვა გზა არ ჰქონდა: სოხუმს მხარი უნდა დაეჭირა მოსკოვისათვის, რომელზეც თითქმის მთლიანადა არის დამოკიდებული. ამასთან, აფხაზეთის მხრიდან სანქციების მიერთებას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რადგან იმპორტის შემცირება თურქეთის ეკონომიკაზე რაიმე გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ სოხუმს კი ზიანს მიაყენებს.. შეასრულებს თუ არა მკაცრად სოხუმი ანტითურქული ეკონომიკური სანქციების პირობებს? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთის მიმართ აფხაზურ საზოგადოებაში გარკვეული უკმაყოფილება არსებობს, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ აფხაზები თვალს დახუჭავენ სანქციების ზოგიერთ დარღვევაზე და მათ მკაცრ ყურადღებას არ მიაქცევენ“.

თავის მხრივ, სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე დარწმუნებულია, რომ ანტითურქული სანქციები-სადმი მიერთება აფხაზეთის ეკონომიკისათვის „სერიოზული დარტყმა“ იქნება. კერძოდ, აფხაზეთის ნაპირებთან თურქული გემებისათვის თევზჭერის აკრძალვით აფხაზეთის ბიუჯეტი 70%-ით დაზარალდება და ეს იმ დროს, როცა რუსეთიდან თანხების ჩარიცხვა ჭიანურდება (ბიუჯეტს 135 მილიონი რუბლი დააკლდა). რაც შეეხება რუსეთის დაპირებას, რომ თურქი თევზმრეწველები ვითომდა რუსებით ჩანაცვლდება, ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსული თავზმჭერი ფლოტილიის შესაძლებლობები შეზღუდულია, ისინი საკუთარ გეგმებსაც ვერ ასრულებენ და შესაბამისად, აფხაზებს ვერაფრით დაეხმარებიან. „საეჭვოა, რომ სოხუმი მოსკოვის დაპირებებს დაიჯერებს. რუსეთს დღემდე არ შეუსრულებია ვალდებულება აფხაზეთის ბიუჯეტში 5 მილიარდი რუბლის ჩარიცხვის თაობაზე, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ „ამერიკის ხმისათვის“ მიცემულ ინტერვიუში.

როგორც ექსპერტი ამბობს, აფხაზეთ-თურქეთის ურთიერთობის გაუარესება შესაძლოა საქართველოს ინტერესებისათვის სასარგებლოდ მოგვეჩვენოს. საქართველო ხომ მრავალი წლის განმავლობაში მოითხოვს იმას, რომ აფხაზეთისაკენ მცურავი თურქული გემების შემოწმება და კონტროლი საქართველოს ნავსადგურებში უნდა განხორციელდეს და რომ ყველანაირი ურთიერთობა აფხაზეთთან მხოლოდ საქართველოს ნებართვით უნდა მოხდეს: მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა (რუსეთის, ვენესუელის, ნიკარაგუის და ნაურუს გარდა) ხომ აფხაზეთს საქართველოს ნაწილად აღიარებს. მამუკა არეშიძე არ ეთანხმება იმ პოზიციას, რომ აფხაზეთის მიერ სანქციებისადმი მიერთება საქართველოსათვის ინტერესებისათვის სასარგებლოა: მისი თქმით, ჯერ ერთი, რომ ამ სანქციებით უფრო მეტად რიგითი აფხაზები დაზარალდებიან, ვიდრე ხელისუფლება და მეორე – თურქეთითან კავშირების შეზღუდვა საპირისპირო ეფექტს გამოიწვევს: აფხაზეთი კიდევ უფრო მეტად გახდება დამოკიდებული რუსეთზე, რაც საქართველოს არანაირად არ უნდა აწყობდეს.

Comments are closed