«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): რუსული ვაჭრობა და ქართული წაგება
«Эхо» (აზერბაიჯანი): სომხეთს საქართველოსთან კონფლიქტში ითრევენ?
«Каспiй» (აზერბაიჯანი): სანუკვარი ოცნება, ანუ რატომ სურს სომხეთს შავი ზღვისკენ გასვლა?
«Каспiй» (აზერბაიჯანი): „ენმ“ იგივეა მარად და მარად? // „ნაცმოძრაობის“ მომავალი ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, კონკრეტულად ვინ და რამდენი ადამიანი დარჩება პარტიაში
———————-
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 12 იანვარი, 2017 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/gazprom-deal-georgia/3673819.html
რუსული ვაჭრობა და ქართული წაგება
ნინო დალაქიშვილი
ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე მეორე წელია ამტკიცებს, რომ საქართველოს არ გააჩნია სხვა გზა, თუ არა რუსეთის პირობებზე დათანხმება და მისგან დამატებით ბუნებრივი აირის შეძენა.
ორი დღის წინ კახა კალაძე მინსკში „გაზპრომ–ექსპორტის“ ხელმძღვანელობას რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანზიტის საკითხზე სასაუბროდ შეხვდა, გუშინ კი ასე განაცხადა: „ჩვენს შეთანხმებას პოზიციის დათმობას ვერ დავარქმევდი. ჩვენ დღეს „გაზპრომთან“ ხელშეკრულება არ გვაქვს. არსებულ ხელშეკრულებას ვადა 2016 წლის 31 დეკემბერს გაუვიდა. თქვენ იცით, რომ მათი მოთხოვნა იყო გადავსულიყავით ფინანსურ ანაზღაურებაზე, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება (ტრანზიტის საფასურის გადახდით). წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვერ შევთანხმდებოდით, შეგვეძლო გაგვეგრძელებინა ბუნებრივი აირის წამოღება არაკანონიერად, ანუ მოგვეპარა. შემდეგ ამას მოჰყვებოდა სამართლებრივი რეაგირება, ანუ სასამართლოში წასვლა და ეს გაცილებით დიდი ზიანის მომტანი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის… იმ წინადადებით, რომელიც იქნა მიღებული, ფინანსურად ჩვენ ვიღებთ დაახლოებით იგივე შედეგს, რაც გვექნებოდა ნედლეულის მიღების შემთხვევაში და ეს საკმაოდ გასაგებად იქნა ახსნილი“.
ვიცე–პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ შეთანხმება, რომელიც რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან იქნა მიღწეული, „არის მაქსიმუმი, რაც არსებულ პირობებში იყო შესაძლებელი“. „მიღწეული შეთანხმება არის მაქსიმუმი, რაც ამ პირობებში შესაძლებელი იყო გაკეთებულიყო. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ხელშეკრულება განულდა პირველ იანვარს, ჩვენ ხელშეკრულება აღარ გვქონდა, ანუ არაფერი არ არსებობდა. ჩვენ ურთიერთობებს არაფერი არ არეგულირებდა. ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც დავიწყეთ. პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოება სრულად შევინარჩუნეთ. ასევე შევინარჩუნეთ ის სტატუსი, რა სტატუსიც გვქონდა. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად კვლავ აზერბაიჯანი დარჩა და გაზის მოწოდება დარჩა აზერბაიჯანიდან“, – აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.
უნდა აღინიშნოს, რომ „გაზპრომი“ საკუთარ პირობას სომხეთის მიმართულების გაზსადენით მატარებელი ბუნებრივი აირის თაობაზე პირველად არ აყენებს. ანალოგიური გამოწვევის წინაშე საქართველოს ხელისუფლება გასული წლის დასაწყისშიც იდგა და მინისტრი კახა კალაძე, ისევე როგორც წელს, შარშანაც აცხადებდა, რომ საქართველოს არ ჰქონდა სხვა გამოსავალი, თუ არა რუსული კომპანიის პირობებზე დათანხმება. საზოგადოებრივმა და პოლიტიკურმა პროტესტმა გასულ წელს პროცესები საქართველოს სასარგებლოდ შემოაბრუნა. საბოლოოდ, შეთანხმება შედგა საკითხზე, რაზეც შეთანხმების შანსის არსებობას ხელისუფლება გამორიცხავდა. თუმცა იქვე ითქვა ისიც, რომ ხელშეკრულება „გაზპრომთან“, რომლის მიხედვით საქართველოში რჩებოდა სომხეთისკენ მიმავალი ბუნებრივი აირის 10 პროცენტი, ტრანზიტის საფასურის სანაცვლოდ, აქტიური მხოლოდ 2016 წლის ბოლომდე იქნებოდა.
„ამერიკის ხმა“ გასულ წელს ამ საკითხს გამოეხმაურა სტატიით – „გაზპრომი“ მომავალი წლისთვის ივაჭრებს“. წელს ანალოგიური გამოწვევები და ანალოგიური მოცემულობაა, საქართველოს ხელისუფლება კი განსხვავებულ გადაწყვეტილებას იღებს, რაც შემდგომში დამატებით მოცულობების პირდაპირი შესყიდვის წესზე თანხმობას გულისხმობს. „გაზპრომ“-ისთვის ეს შესაძლებლობაა დააწესოს პოლიტიკური ფასი აირზე“, – მიიჩნევენ სპეციალისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები. მათი კონსოლიდირებული მოსაზრებები თავმოყრილია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც 23 საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. განცხადების ინიციატორია „კოალიცია ევროატლანტიკური საქართველოსთვის“.
„ამერიკის ხმასთან“ ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ ისაუბრა:
„ყველაფერი არის ტექნიკური, დიპლომატიური მოლაპარაკებების ნაწილი. სამწუხაროდ, ჩემთვის უცნობია, ეს რამდენად ჯდებოდა საერთო საგარეოპოლიტიკურ მანდატში, მონაწილეობდა თუ არა საგარეო უწყება, თუ ეს ვიწროდ, ჩაკეტილი ენერგეტიკის სამინისტროს ფარგლებში გადაწყდა. თუ ეს ასე არ იყო, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ პრობლემაზე, რომ უწყებათაშორისი კოორდინაცია პოლიტიკის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში არ არსებობს. ხელშეკრულების ვადა რომ გასდიოდა 31 დეკემბერს, ამის თაობაზე საქართველოს მთავრობამ უკვე იცოდა 2015 წლის 31 დეკემბერს, რატომ იყო საჭირო საკუთარი თავის ცაიტნოტში ჩაყენება და არ წარიმართა პროცესი ეფექტურად. გარდა ამისა, თუკი მოსალოდნელი იყო ენერგეტიკული დეფიციტი, რა საჭიროა ამ დეფიციტის შევსება მაინცდამაინც „გაზპრომის“ პოლიტიკური ფასის მქონე გაზით , რატომ არ მუშაობდა მთავრობა სხვა მომწოდებელ ქვეყნებთან, რომ არ შექმნილიყო პრობლემა, რომ დეფიციტის შევსება მაინცდამაინც რუსული გაზით არ ყოფილიყო საჭირო. ეს ყველაფერი ბევრ კითხვას ბადებს, რაზეც მთავრობამ უნდა გასცეს პასუხი. მხოლოდ ზედაპირული განცხადება იმის თაობაზე, რომ სხვა გამოსავალი არ იყო და ამიტომ მოაწერეს ხელი, ესაა კაპიტულანტური მიდგომა და კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მთავრობა არაკოორდინირებულია და არაეფექტური ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვისას“.
გიორგი ონიანი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, „ამერიკის ხმასთან“ ამბობს:
„დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა იზიარებს პოზიციას იმის თაობაზე, რომ არ შეიძლება რუსეთზე იყო დამოკიდებული. გარდა ამისა, გვაქვს შარშანდელი გამოცდილება. მოლაპარაკებების წარმართვის პერიოდში იყო მცდელობა, რომ ცვლილება მომხდარიყო კონტრაქტში. მაშინაც, სამოქალაქო საზოგადოებაც და ექსპერტთა ჯგუფები აქტიურად ვლობირებდით ამ საკითხს. შარშან გამოგვივიდა, ახლაც არ დავაკლებთ ცდას… ნამდვილად არ არის საქართველო ისეთ პოზიციაში, რომ სრულად დაეთმო რუსეთისთვის. ჩვენ ამას სრულად დათმობას ვუწოდებთ. ბუნებრივია, შესაძლოა რუსეთის მომლაპარაკებლების პროფესიული მომზადება უკეთესი იყო, გულწრფელად რომ ვთქვათ, მაგრამ იშვიათადაა ისეთი შემთხვევები, როდესაც საქართველოს გააჩნია რეალური ბერკეტები რუსეთის პოზიციის დასაფორმირებლად და ეს სწორედ ასეთი შემთხვევა იყო. ახლა რუსეთის ძალიან მნიშვნელოვანი დაინტერესებაა იმაში, რომ ეს ტრანზიტი გაგრძელდეს. აპელირება ხელისუფლების მხრიდან იმაზე, რომ საერთაშორისო პრაქტიკა სხვანაირია და მომავალში შეიძლება სხვანაირად განვითარებულიყო მოვლენები, მიგვაჩნია, სრულიად უადგილოდ“.
„გაზპრომის“ პირობების შესახებ ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის მიერ 2016 წლის დასაწყისში გაკეთებული განცხადებები წვეთი წყალივით ჰგავს წელს გამოთქმულ მისსავე მოსაზრებებს. საზოგადოებრივი პროტესტი თუ წელს ეფექტიანი იქნება და ხელისუფლება „გაზპრომის“ პირობების გადახედვის აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდება, შესაძლოა საქართველოსთვის ბუნებრივ გაზზე პოლიტიკური ფასის დაწესების საფრთხე განეიტრალდეს.
«Эхо» (აზერბაიჯანი), 12 იანვარი, 2017 წელი
სომხეთს საქართველოსთან კონფლიქტში ითრევენ?
ნურანი – ტოფიგა კასიმოვა
(შემოკლებით)
ერევანში „ქართული ტრანზიტის“ გაფართოების გეგმებზე მსჯელობენ: ადგილობრივი ექსპერტი აშოტ ეგიზარიანი გამოცემა „ტერტის“ კორესპონდენტთან საუბრისას დიდ იმედებს გამოხატავს – საქართველო მზადაა შავიზღვისპირეთში დიდი სატვირთო ნავსადგურის მშენებლობა დაიწყოს, რომელიც ევროპასა და აზიის ერთმანეთთან დამაკავშირებელ „აბრეშუმის დიდ გზას“ მოემსახურება. და ამ პორტით თურმე სომხეთიც ისარგებლებს, – ასეთ ინტრიგას ავრცელებს სომეხი ეკონომისტი, – მასში ირანიც ჩაერთვება, რომლის ტვირთები სომხეთზე გაივლის… მოკლედ, სომხეთი სწორ გზაზე დგასო, ქვეყნის ინტერესიბის გათვალისწინებით.
მაგრამ სხვა ექსპერტები აშოტ ეგიზარიანის ოპტიმიზმს არ იზიარებენ და ხაზს უსვამენ უბრალო რეალიებს: ასეთ მასშტაბურ სატრანპორტო პროექტებში მონაწილეობისათვის სულ მცირე, ფართო ინფრასტრუქტურის არსებობაა აუცილებელი. მართალია, სომხეთი რკინიგზით საქართველოს უკავშირდება, მაგრამ ირანთან? არაფერი ამის მსგავსი არაა. სულ სხვა სიტუაცია აქვს აზერბაიჯანს, რომელიც ირანთან დამაკავშირებელ ასტარა-რეშტის რკინიგზას აშენებს. ირანს, რასაკვირველია, სომხეთი უყვარს, მაგრამ თეირანს სიყვარულისთვის ფულის ხარჯვა არ სურს.
აშორ ეგიზარიანის გეგმებს კიდევ ერთი ფაქტორი „ცივ წყალს“ ასხამს: სომხეთისათვის „ქართული ტრანზიტი“ ზამთრის თვეებში ძალიან შეზღუდულია. გარდა თვით სომხეთის ტერიტორიაზე არსებული საავტომობილო გზების უმოქმედობისა, ასევე გაუვლელი ხდება საქართველოს სამხედრო გზაც, რომელიც დღეისათვის ერთადერთია ერევნისთვის რუსეთთან დასაკავშირებლად.
ბოლო დღეებში სომხეთში ასევე აქტიურად იხილავენ კიდევ ერთ „სატრანზიტო“ თემას, რომელიც რუსეთიდან გაზის მიწოდებას ეხება. საქმე იმაშია, რომ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „გაზპრომის“ ხელმძღვანელებთან გაზის ტრანსპორტირების საკითხი შეათანხმა: მოსკოვმა თბილისს სომხეთში გაზის ტრანზიტისთვის ახალი პირობები შესთავაზა – ფული ადრინდელი 10%-იანი მოცულობის გაზის სანაცვლოდ, რასაც საქართველო დათანხმდა.
რასაკვირველია, სომხეთი მოლაპარაკებას ყურადღებით უყურებს და თვალს დაძაბულად ადევნებს. როგორც ცნობილია, ერევანი რუსეთისაგან, „სტრატეგიული მოკავშირის“ უფლებით, ბუნებრივ გაზს საკმაოდ იაფად იღებს და მისი ეკონომიკა ამ იაფი საწვავის მძევალი გახდა. ახლა კი გაზზე დამოკიდებულება ერევნისთვის საზარალო შეიძლება აღმოჩნდეს: საქართველომ ცოტათი რომ მაინც მოამატოს იმ გაზის ღირებულება (ტარიფი), რასაც თბილისი სომხეთში ტრანზიტისთვის იღებს, ეს სომხეთისთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდება… მოკლედ, ეს გარემოებაც იმას მოწმობს, რომ „ქართული ტრანზიტი“ სომხეთისათვის საფრთხის მომტანი შეიძლება იყოს.
ექსპერტები აფიქსირებენ მოსკოვსა და თბილისს შორის დაძაბულობის მატების მორიგ ფაქტს, რომელიც აფხაზეთში, წებელდაში რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ ისტორიული ძეგლის – ეკლესიის დანგრევამ გამოიწვია. ოკუპანტებმა სამხედრო პოლიგონის მოსაწყობად ტერიტორია გაწმინდეს და იქ არსებული ეკლესიაც გაანადგურეს, რაც ჰააგის 1954 წლის საერთაშორისო კონვენციის დარღვევაა. საქართველოს ხელისუფლებამ ამის თაობაზე მკვეთრი პროტესტი განაცხადა – როგორც პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრომ (…). საერთოდ, ასეთი ფაქტები საკმაოდ ბევრია: აფხაზ სეპარატისტებს ადრეც არაერთხელ ხელუყვიათ ქართული კულტურის ძეგლები, კერძოდ, ბედიის ტაძარი…
მოსკოვი, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაფერს უარყოფს. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წებელდაში აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული მე-7 სამხედრო ბაზისათვის არანაირი პოლიგონი არ შენდებაო. თუმცა „არბატის სამხედრო ოკრუგი“ ჭეშმარიტებას იმდენჯერ უარყოფს ხოლმე, რომ მის განცხადებას უკვე აღარ დაეჯერება. უფრო მეტიც: ექსპერტები მიუთითებენ, რომ აფხაზეთში რუსეთი თავის „სამხედრო მუშტს“ მკვეთრად აძლიერებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას არ უნდა ველოდოთ. ასეთი სიტუაცია კი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის „ფორპოსტ“’ – სომხეთს ერთობ დელიკატურ მდგომარეობაში აყენებს.
თავის დროზე საღად მოაზროვნე ერევნელი ანალიტიკოსები მიუთითებდნენ, რომ სომხეთში გაერთიანებული „რუსულ-სომხური სამხედრო დაჯგუფების“ შექმნამ შეიძლება საქართველოსთან დაპირისპირება გამოიწვიოსო. 2008 წლის ხუთდღიანი ომის“ გამოცდილება გვაჩვენებს, რომ თუ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთი კვლავ განახორციელებს აგრესიას, შესაძლოა მან მიზანს ვერ მიაღწიოს, მაგრამ სომხეთისთვის ის კატასტროფული აღმოჩნდება. სხვა საქმეა, ეყოფა თუ არა ერევანს ნება იმისთვის, რომ თუ რუსეთიდან ბრძანება წამოვა, მან მტკიცე „არა“ განაცხადოს.
«Каспiй» (აზერბაიჯანი), 12 იანვარი, 2017 წელი
http://www.kaspiy.az/pages/q.pdf
სანუკვარი ოცნება,
ანუ რატომ სურს სომხეთს შავი ზღვისკენ გასვლა?
თამილა ნურიევა
„საუკუნეთა განმავლობაში სომეხი ხალხის ემისრები მთელ მსოფლიოს არწმუნებდნენ იმაში, რომ სომხეთის ტერიტორია უძველეს დროში სამი ზღვის ნაპირებზე იყო განფენილი და ის ტერიტორიები, რომლებზეც მათ აქვთ პრეტენზია, ჭეშმარიტად სომხური მიწებია. ამ მიზნით ისტორიულ ლიტერატურაში შეტანილ იქნა არამეცნიერული ცნებები, ანუ ისეთები, როგორიცაა, მაგალითად, „დიდი სომხეთი“, „თურქეთის სომხეთი“, „კილიკიის სომხეთი“, „ნორახალციხე“, „ბაკურაკერტი“ და სხვა. ყოველივე ამის შესახებ ფართოდ წერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გურამ მარხულია თავის სტატიაში სახელწოდებით „პონტოურ-კავკასიური სივრცე და „დიდი სომხეთის“ იდეა“.
სრულიად ბუნებრივია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განვითარებულმა გეოპოლიტიკურმა პროცესებმა სომხეთის უძველესი ოცნებების აღორძინება გამოიწვია, რომლის მორიგი ნაბიჯი იყო აზერბაიჯანთან ომის გაჩაღება და სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის ოკუპირება. მიღწეული „წარმატებით“ ფრთებშესხმულმა“ სომხეთმა, რომელიც აზერბაიჯანის კუთვნილ ირივნის სახანოს (1742-1828) ტერიტორიაზე შეიქმნა, თავისი მზერა საქართველოს სამხრეთ რაიონებს მიაპყრო.
სულ მალე გავლენიანმა სომხურმა პარტია „დაშნაკცუტიუნმა“ სამცხე-ჯავახეთში თავისი ფილიალები დაარსა, „ვირქ“-ისა და „“ჯავახკ“-ის სახით. საქართველოს ტერიტორიაზე შეაღწიეს ტერორისტული ორგანიზაციების „კრუნკ“-ისა და „ასალას“ ბოევიკებმა, რომლებმაც სპეციალური რაზმების ჩამოყალიბება დაიწყეს სამომავლო პროვოკაციების მიზნით, – წერს გურამ მარხულია, – შემდეგ კი პროცესი უკვე აპრობირებული სცენარით განვითარდა: მათ სამხრეთ საქართველოს სომხური მოსახლეობა მოამარაგეს ისეთი სამეცნიერო-ლიტერატურული ნაშრომებით, რომელთა ფალსიფიკაცია ეჭვს არ იწვევდა: ამ ნაშრომებში „დამტკიცებული“ იყო, რომ ჯავახეთი სომხეთს ეკუთვნის და ა.შ. მალე სამხრეთ საქართველოში საპროტესო მიტინგები დაიწყო, რომლის დროსაც „მრავალტანჯული ჰაიასტანის შვილები“ თვალზე ცრემლით აცხადებდნენ, რომ მზაკვარმა ქართველებმა ისინი აიძულეს მშობლიური ენა დაევიწყებინათ.
სომხებს უცებ გონება გაუნათლდათ და დაახსენდათ, რომ ისინი საქართველოში კი არ ცხოვრობენ, არამედ „ისტორიული სომხეთის ტერიტორიაზე“ და მათ საქართველოს ხელისუფლებას თავიანთი ეროვნული ინტერესების დასაცავად ავტონომიის შექმნა მოსთხოვეს. ასეთი სომხური მანევრი ძალიან გვახსენებს იმ მოვლენებს, რომლებიც 1988 წლის თებერვლაში ხანკენდში (სტეფანაკერტში) მოხდა, ასე არაა? სამწუხაროდ, იმ დროს ამ მომენტს ქართულმა ინტელიგენციამ ჯეროვანი ყურადღება არ მიაქცია და საჭიროდ არ ჩათვალა ფართო პოლემიკაში ჩართულიყო. არადა, ჰიდრა ჩანასახშივე უნდა განადგურებულიყო. როცა ქართველი მეცნიერები გამოფხიზლდნენ, სომხებს უკვე თავიანთი ნაშრომებით უკვე მითვისებული ჰქონდათ საქართველოს მიწების დიდი ნაწილი… ეს გეგმა დღესაც არსებობს.
ქართულმა გაზეთმა „ასავალ-დასავლამა“ გამოაქვეყნა ინტერვიუ ისტორიის მეცნიერებათ დოქტორთან, პროფესორ ალექსანდრე აბდალაძესთან, რომლიც აცხადებს, რომ სომხები უძველესი დროიდანვე გეგმავენ მთელი კავკასიის რეგიონის არმენიზაციას (გასომხებას) და, რა თქმა უნდა, მათ გეგმებში საქართველოც შედის. ქართველმა და აზერბაიჯანელმა მეცნიერებმა საერთო ძალებით სომხური მითები და ოცნებები ქარს გაატანეს. ამასთან, მართალია, მათი ეშმაკური და მზაკვრული გეგმების რეალიზება ვერ მოხდა, მაგრამ მცდელობები ისევ არის და ამას კვლავ „დაშნაკცუტიუნი“ აკეთებს. არსებობს ასეთი ბოროტი ანდაზა, რომელიც დაშნაკებმა მოიგონეს: „ქართველი ერი მკვდარი ერია, მათი ადგილი კავკასიაში კავკასიაში ჩვენ, სომხებმა უნდა დავიკავოთ“.
დაშნაკების გეგმებშია არა მარტო აფხაზეთის, არამედ აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის ხელში ჩაგდება. არსებობს ასეთი იდეაც – „აფხაზეთი სომხეთის შავიზღვისპირეთია“. ისინი უკან არ იხევენ, არ ჩერდებიან, ეწევიან მეცნიერტა მოსყიდვას, მკვლევარების გადაბირებას… არაფერს არ ვამბობთ იმ ადამიანებზე, რომლებმაც გვარები გადაიკეთეს, ვითომ ქართველები არიან და ქარტველი ხალხის სახელით გამოდიან… რა სედეგამდე მიგვიყვან ეს ყველაფერი, გასაგებია… რად ღირს, მაგალიტად, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის პრეტენზიები, მაგალითად, ნიკო მარის მიერ ანისში აღმოჩენილ ქართულ ხელნაწერზე, რომელიც მან, რუსეთის საიმპერიო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა და ცნობილმა კავკასოლოგმა 1912 წელს გამოავლინა. ეს ხელნაწერი მოგვიანებით ივანე ჯავახიშვილმა და ვარლამ დონდუამ სეისწავლეს. ხელმაწერი ცხადჰყოფს, რომ ქართული ეკლესიის გავლენა სომხეთში ძალიან ფართო და ძლიერი იყო… მაგრამ მოგვიანებით ნიკო მარი სომხებმა მოისყიდეს.
ქართულ-აფხაზურმა ომმა აფხაზეთში სომხური მოსახლეობის გაზრდა გამოიწვია და არის იმის ტენდენცია, რომ მათი რაოდენობა ადგილობრივ აფხაზებზე უფრო მეტი იქნება და სომხები უმრავლესობა გახდებიან. თუ ყურადღებით დავაკვირდებით, შეიძლება უკვე სევამჩნიოთ, თუ როგორ იკვეთება ნელ-ნელა „დიდი სომხეთის“ კონტურები… შავიზღვისპირა აჭარაში, ბათუმში (იხ.რუკა) გახსნილია ერევნის უნივერსიტეტის ფილიალი, სომხები მიწებს ყიდულობენ და თუ აჭარაში თავისუფალი ეკონომიკური ზონა შეიქმნება, სომხებისათვის აჭარა პირდაპირ სამოთხე გახდება. განა ეს მათი უძველესი იდეისა და ოცნების რეალიზების დასაწყისი არაა?
ქართული საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს, გამჭრიახად უნდა შეხედოს პროცესებს, ყურადღება არ უნდა მოადუნოს სომხების მანევრებისადმი და არ უნდა დაუშვას ქართული მიწების „მცოცავი“ მიტაცება. სომხებს ზღვისაკენ გაჭრა უნდათ? დაე, გვირაბი გათხარონ სევანის ტბიდან ხმელთაშუა ზღვამდე…
«Каспiй» (აზერბაიჯანი), 13 იანვარი, 2017 წელი
http://www.kaspiy.az/pages/q.pdf
„ენმ“ იგივეა მარად და მარად?
„ნაცმოძრაობის“ მომავალი ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, კონკრეტულად ვინ და რამდენი ადამიანი დარჩება პარტიაში
რაუფ ტოფიკოღლუ
(შემოკლებით)
ბოლო დროს საინტერესო ამბები ხდება საქართველოს მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ – ორგანიზაცია დატოვეს იმ ადამიანებმა, ცნობილმა პოლიტიკოსებმა რომლებიც წარსულში მიხეილ სააკაშვილის უახლოესმა თანამოაზრეები იყვნენ, ბოლო დროს კი მათ ექს-პრეზიდენტს პარტიის ლიდერობიდან გადადგომა მოსთხოვეს.
„ნაცმოძრაობიდან“ მიდის ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც ამომრჩეველთან ბრძოლა წააგო“, – ასეთი განცხადებით გამოვიდა ამ ორიოდე დღის წინათ პარტიის ხელმზღვანელობის ერთ-ერთი წევრი ნუგზარ წიკლაური, რომელმაც კომენტარი გაუკეთა პარტიის წევრთა ნაწილის, ე.წ. ‘გიგა ბოკერია – გიგი უგულავას ფრთის“ პოზიციას. ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ უბრუნდება თავის ეროვნულ და დემოკრატიულ სათავეებს და კვლავ ხდება ისეთ პოლიტიკურ ძალად, რომლის კარი ღიაა ყველა პატრიოტისა და სამშობლოს ერთგული ადამიანებისათვის.
„ბიძინა ივანიშვილის გეგმა ჩაიშალა – მან ვერ მოახერხა მთავარი ოპოზიციური ძალის გახლეჩა, დანაწევრება და დანგრევა. მან ვერ მოახერხა მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან დისტანცირება. განდგომილთა მცირე ჯგუფი ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა ზუსტად ასევე ეს პარტია სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიზეზით დატოვეს ოქრუაშვილმა, ბურჯანაძემ, ნოღაიდელმა, ოცნებაში გადაბარგებულმა მაჟორიტარებმა, გირჩებმა, ვაშაძემ… ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო ჩვენი პოლიტიკური ძალის დასუსტება, რადგან „ნაცმოძრაობა“ არის არა მხოლოდ პარტია, არამედ ქვეყნის გაძლიერების და განვითარების საუკუნოვანი ეროვნული იდეა, ხოლო მისი მხარდამჭერებისთვის სწორედ ეროვნული იდეის გამარჯვება არის უმთავრესი მიზანი“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილ მმართველ პარტიაში განხეთქილება 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებში გამანადგურებელი მარცხის შემდეგ დაიწყო, როცა „ნაციონალებმა“ ქვეყნის პარლამენტში 150-დან მხოლოდ 27 მანდატი მიიღეს. პარტიის თბილისში მყოფმა ლიდერებმა უკრაინაში მყოფი ხელმძღვანელის – მიხეილ სააკაშვილის კრიტიკა დაიწყეს და მას ბრალად ავტორიტარული მმართველობის გატარება წაუყენეს. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილის მომხრეები 20 იანვრისათვის პარტიის ყრილობის ჩასატარებლად ემზადებიან. იმაზე, თუ კონკრეტულად ვინ და რამდენი ადამიანი დარჩება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ბევრადაა დამოკიდებული პარტიის მომავალი.
როგორც „კასპიის“ კორესპონდენტს თბილისელმა ანალიტიკოსმა თენგიზ აბლოთიამ განუცხადა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დარჩენილი ნაწილი სამომავლოდ, რა თქმა უნდა, მიშას ავტორიტეტს დაემყარება, მაგრამ ეს შეზღუდული რესურსია, ანუ გარკვეული დროის შემდეგ მათი გავლენა შემცირდება, რეიტინგი დაბლა დაიწევს და საბოლოო ჯამში „ნაციონალები“ მარგინალთა ნიშას დაიკავებენ“.