globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 13 თებერვალი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Feb 13th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Le Figaro» (საფრანგეთი): მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტთან

«Новости-Азербайджан» (აზერბაიჯანი): მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოსთან: სასარგებლო და საზარალო?

«РИА Новости – Украина» (უკრაინა): სიკვდილი კორუფციას! ვინ დაიწყო კორუფციასთან ბრძოლა საქართველოში?

———————-

«Le Figaro» (საფრანგეთი), 13 თებერვალი, 2015 წელი

http://www.lefigaro.fr/international/2015/02/12/01003-20150212ARTFIG00418-le-georgien-saakachvili-pres-du-president-ukrainien.php

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტთან

რეჟი ჯენტე

(შემოკლებით)

გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა დაიკავოს, რეფორმების განხორციელების საკითხებში. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტია იმ თანამდებობებიდან, რომლებზეც მისი თანაგუნდელები დაინიშნენ და რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის ორვადიანი პრეზიდენტობის პერიოდში წარმატებული და შთამბეჭდავი ლიბერალური რეფორმების განახორციელეს.

მიხეილ სააკაშვილისათვის სულ ერთია, სად იქნება – კავკასიაში თუ უკრაინაში, ბრძოლა ერთნაირია: მისთვის რეფორმების გატარება მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – დაასუსტოს მოსკოვის იმპერიული ამბიციები. რას ნიშნავს ამ კუთხით კორუფციასთან ბრძოლა უკრაინაში მიხეილ სააკაშვილისათვის? მექრთამეობის აღმოფხვრა ჩვეულებრივ მოქალაქეებს შორის, ბიუროკრატიული აპარატის შემცირება და იმ ქონების პრივატიზაცია, რომელიც უკრაინის რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებს.

პარასკევს 47 წლის მიხეილ სააკაშვილი, ანუ „მიშა“, როგორც მას ქართველები ეძახიან, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მრჩეველი უნდა გახდეს.

„რასაკვირველია, უკრაინა დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და არა ვარ 100 პროცენტით დარწმუნებული, რომ ჩვენ ყველაფერი იოლად გამოგვივა, მაგრამ ვცდილობთ“, – ამბობს გიორგი ვაშაძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც, ახალგაზრდა თანაგუნდელებთან ერთად, 2014 წლიდან უკრაინის მთავრობას გარკვეულ რჩევებს აძლევს, – „პრობლემები და ამოცანები ძალიან დიდია, უკრაინა ძლიერი ოლიგარქების ხელშია ჩავარდნილი და ძალიან დაზარალდა“. სწორედ იმ მიზნით, რომ ბიზნესსა და პოლიტიკას შორის გარიგება არ მოხდეს, პეტრო პოროშენკომ რეფორმების განხორციელება უცხოელებს მიანდო.

შარშან დეკემბერში უკრაინის მთავრობაში რამდენიმე ქართველი დაინიშნა – სანდრო კვიტაშვილი (ჯანდაცვის მინისტრად) და ეკატერინე ზღულაძე (შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ). „ეკამ ძალიან სარიკო გადაწყვეტილება მიიღო. ალბათ, მოიძებნებიან ისეთი ადამიანები – ჩინოვნიკები თუ პოლიტიკოსები – რომლებიც მის დასუსტებას გადაწყვეტენ და მერე იტყვიან, იგი უკრაინელი არ არის და მუშაობა ვერ შეძლოო. ამჟამად იგი მშვენივრად ასრულებს თავის მოვალეობას, მისი იმედი გვაქვს. ეკას წარმატებული მუშაობა ჩვენთვისაც კარგია და საქართველოსთვისაც, რომლის დღევანდელი მთავრობა ყველაფერს აკეთებს ჩვენი დისკრედიტირებისათვის“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი თანაგუნდელი.

უკრაინის სახელისუფლო სტრუქტურებში თანამდებობები სხვა ყოფილმა ქართველმა მაღალჩინოსნებმაც დაიკავეს ან ემზადებიან დასაკავებლად იუსტიციის სამინისტროში, გენერალურ პროკურატურაში, კიევის მერიაში და არაა გამორიცხული – ანტიკორუფციულ ბიუროში, რომელიც „მაიდნის რევოლუციის“ შემდეგ დაარსდა. ეს თბილისში ახალი უმრავლესობის „კბილების კრაჭუნს“ იწვევს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის დემონიზება არჩია.

«Новости-Азербайджан» (აზერბაიჯანი), 12 თებერვალი, 2015 წელი

http://www.newsazerbaijan.ru/politic/20150212/301644589.html

მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოსთან: სასარგებლო და საზარალო?

თუ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთთან მწვავე კონფრონტაციის გაგრძელება გადაწყვიტა, მაშინ მას მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად გამოადგება“, – ასეთი კომენტარი გაუკეთა აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა ზარდუშტ ალიზადემ ინფორმაციას საერთაშორისო მრჩეველთა (თანაშემწეთა) საბჭოს თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით.

ჯერ-ჯერობით აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველოს ექს-პრეზიდენტის დანიშვნა ოფიციალურად არ დასტურდება, მაგრამ ქართულ, რუსულ და ნაწილობრივ უკრაინულ მასმედიაში (ქართულზე დაყრდნობით) ამის შესახებ ინფორმაციები უკვე გავრცელდა.

„განა რამდენად სასარგებლო უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის მრჩევლად დანიშვნა იმ სახელმწიფოსათვის, რომელმაც უკვე ტერიტორიის ნაწილი ერთხელ დაკარგა და ეს კიდევ შეიძლება განმეორდეს? ამ თვალსაზრისისთ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა რუსეთისათვის კარგი სიგნალი არ იქნება. ეს არ იქნება კარგი წვლილი რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესის გასაგრძელებლად, მიხეილ სააკაშვილი იღბლიანი კანდიდატურა არ არის“, – აღნიშნა ზარდუშტ ალიზადემ.

ამასთან, როგორც პოლიტოლოგმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას (თუ იგი მართლაც დაინიშნა) თავისი დადებითი მხარეებიც აქვს: „საქართველოს ექს-პრეზიდენტს სახელმწიფოს მართვის გამოცდილება აქვს, იგი ხომ ქვეყნის პრეზიდენტი მთელი 10 წლის განმავლობაში იყო. მან რეფორმები წარმატებულად განახორციელა, განათლება დასავლეთში აქვს მიღებული, მას კარგად იცნობენ… ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის პლუსებია, მაგრამ იგი იმავდროულად უკვე „გაჭრილი კარტიც“ არის, იგი „ლუზერია“, უიღბლო ადამიანი – კაცმა, რომელსაც ყველანაირი რესურსი გააჩნდა პრეზიდენტობის შესანარჩუნებლად, თანამდებობა მაინც წააგო: საკუთარი თავი დიდ ვინმედ წარმოიდგინა და უბრალო ადამიანების უფლებების დარღვევა დაიწყო“.

უკრაინის პრეზიდენტზე საუბრისას პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ პეტრო პოროშენკო პოლიტიკაში ისეთი გამოუცდელი არ არის, როგორიც ჰგონიათ: იგი უკრაინის საგარეო საქმეტა მინისტრიც იყო, ვიქტორ იანუკოვიჩის დროსაც მთავრობაში მუშაობდა: „მე ვფიქრობ, რომ პოროშენკოს და სააკაშვილს ერთმანეთთან საერთო ენა უკვე მოძებნილი აქვთ. ეს ერთგვარია სიგნალია დასავლეთისათვის: დასავლური კურსი მაქვს, მივდივარ ნატოსკენ და ევროკავშირისაკენ“, – დაასკვნა ზარდუშტ ალიზადემ.

«РИА Новости – Украина» (უკრაინა), 12 თებერვალი, 2015 წელი

http://rian.com.ua/view/20150212/363393497.html

სიკვდილი კორუფციას! ვინ დაიწყო კორუფციასთან ბრძოლა საქართველოში?

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტის უკრაინული (კიევში) ფილიალის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ვრცელი ანალიტიკური მასალა სათაურით „დიდი რეფორმატორი: პოროშენკოს ადგილი ისტორიაში“, რომელიც კორუფციასთან ბრძოლას ეხება და მასში საქართველოს შესახებაცაა საუბარი (ავტორი ალექსანდრ მატიუშენკო).

„ის ფაქტი, რომ საქართველოში რადიკალურ-ანტისაბჭოთა რეფორმების გატარება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის დამსახურებად ითვლება, ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება. სინამდვილეში, „კორუფციის წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობა“ 2001 წელს საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გამოაცხადა, როცა მან ხელი მოაწერა კანონს „თანამდებობის პირთა მიერ უკანონოდ მითვისებული ქონების სახელმწიფოსატვის დაბრუნების შესახებ“. ეს კანონი შემუშავდა „პრეზიდენტთან არსებული ანტოკორუფციული პოლიტიკის სპეციალური ბიუროს“ მიერ. კანონის თანახმად, ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელიც ამა თუ იმ თანამდებობის პირის (მისი ოჯახის წევრების) ქონებრივ დეკლარაციას გაეცნობოდა [და ეჭვი დაებადებოდა],  უფლება ჰქონდა სასამართლოში სარჩელი შეეტანა ამ ქონების წარმომავლობისა და კანონიერების დადგენის მიზნით.

სასამართლო, თავის მხრივ, ვალდებული იყო სამი თვის ვადაში დაედგინა და გამოეკვლია, ხომ არ ეწინააღმდეგებოდა თანამდებობის პირის (ჩინოვნიკის) მიერ ქონების მოპოვება-შეძენის წესი კანონს „სახელმწიფო სამსახურში კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ“. ამასთან, ჩინოვნიკი ვალდებული იყო თვითონ დაემტკიცებინა ავტომობილების, სახლის, ძვირფასეულობის, ფასიანი ქაღალდების შეძენის კანონიერება და თუ ამას ვერ დაამტკიცებდა, მაშინ სასამართლო ქონებას ჩამოართმევდა სახელმწიფოს სასარგებლოდ….

განა საჭიროა იმაზე ლაპარაკი, რომ პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღების შემდეგ სახელმწიფოში არანაირი ლუსტრაციის ჩატარების აუცილებლობა აღარ არსებობდა…

განა საჭიროა იმაზე ლაპარაკი, რომ ეს საკანონმდებლო ნოვაციები სინგაპურის გამოცდილებიდან იქნა გადმოღებული?

საქართველოს პრეზიდენტმა სიინგაპურელი ლი კუანიუს „ანდერძის“ თანახმად დაიწყო მოქმედება: მაგრამ კონკრეტულად რით დავიწყოთ? „დაიწყეთ იმით, რომ შენი სამი მეგობარი (ცნობილი ადამიანები) უნდა ჩასვა ციხეში: თქვენ კარგად იცით, რატომაც აპატიმრებთ; იმათაც იციან, რატომ იქნენ დაპატიმრებულნი; ხალხი დაგიჯერებთ“ – მიხეილ სააკაშვილმა ამ პრინციპის  განხორციელება დაიწყო. 2004 წელს მან პოლიტიკური სანქცია გასცა ედუარდ შევარდნაძის სიძის – გიორგი ჯოხთაბერიძის დაპატიმრების თაობაზე, რომელიც ფიჭური კავშირის კომპანიის „მაგთიკომის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. რატომ? რა შეკითხვაა… გადასახადებს მალავდა და არ იხდიდა. სხვა „ცოდვებიც“ მოუძებნეს.

მარტო ჯოხთაბერიძე კი არ იყო…

მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა ასეთი კომენტარი გაუკეთა ქართველი სამართალდამცველების მიერ დანერგილ პრინციპს „მეგობრების ციხეში ჩაჯენის“ შესახებ: „გიორგი ჯოხთაბერიძის საქმე არც პირველია და არც უკანასკნელი, პოტენციური პატიმრების სია საკმაოდ გრძელია. შევარდნაძის ჩინოვნიკებმა, რომელთა ხელფასი მხოლოდ რამდენიმე ასეული დოლარია, თბილისის ცენტრში, იპოდრომთან სრა-სასახლეები წამოჭიმეს. გამოხვალ აივანზე ღვინის ბოკალით და ცხენების ჯირითის ყურებაც კი შეგიძლია… ახლა ჩვენ ამ სახლებს მათ ჩამოვართმევთ, ხელისუფლება მოსახლეობის სურვილს შეასრულებს“. მართლაც, აი, ხალხის რეაქცია: „ძალიან კარგია, თუ აპატიმრებენ. გაისქელეს ჯიბეები, ღიპები დაიდეს, ნათესავებიც კი გაამდიდრეს“.

შედეგების ნიმუში: ედუარდ სევარდნაძის სიძე 2004 თებერვალს დააპატიმრეს, იზოლატორიდან კი იგი 26 აპრილს გამოვიდა. გია ჯოხთაბერიძეს თავისუფლება 15 მლნ. დოლარი დაუჯდა. სწორედ ამ თანხად შეაფასეს „ნაციონალებმა“ მისგან სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი. „ფული შევარდნაძის ქალიშვილმა თავისი ანგარიშიდან სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხაო, – ასე განაცხადა მაშინ მიხეილ სააკაშვილმა, – მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს ფული ხელფასებისა და პენსიებისთვის გამოვიყენოო“.

ახლა ხომ გასაგებია, თუ რატომ ესმოდა 2004 წელს საქართველოს მოსახლეობას ხელისუფლების მოქმედება, რატომ იყვნენ მთავრობაზე ორიენტირებულნი?

საინტერესოა, რომ ხელისუფლებაზე ორიენტაცია ბიზნესმენებმაც სწრაფად აიღეს: „ჩვენს ბიზნეს-ელიტას შიშის გრძნობა გაუჩნდა, – გულახდილად ამბობდა  „გადასახადების მსხვილ გადამხდელთა კავშირის“ თავმჯდომარე ნიკო ლეკიშვილი, – არაოფიციალური გადახდები არსებობდა ადრე, საბაჟოებზე თანხები იყო დაწესებული, პოლიციასაც მიჰქონდა… ბიუჯეტი კი ცარიელი იყო. ახლა კი ყველას ეშინია“.

პროექტის ხელმძღვანელი:

სიმონ კილაძე,

„რეპორტიორის“ ანალიტიკური სამსახურის უფროსი

simonkiladze@gmail.com

Comments are closed