globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 13 თებერვალი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Feb 13th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Reuters – როიტერი» (დიდი ბრიტანეთი): ინტერვიუ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან: „საქართველომ 2016 წელს შეიძლება ევროობლიგაციები გამოუშვას“

«Зеркало недели» (უკრაინა): ინტერვიუ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრთან: როგორ სთავაზობდა მიხეილ სააკაშვილი არსენ ავაქოვს უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, თვითონ კი ვიცე-პრემიერობაზეც თანახმა იყო

———————-

«Reutersროიტერი» (დიდი ბრიტანეთი), 12 თებერვალი, 2016 წელი

http://uk.reuters.com/article/uk-georgia-premier-idUKKCN0VL0Q2

ინტერვიუ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილთან: „საქართველომ 2016 წელს შეიძლება ევროობლიგაციები გამოუშვას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხუთშაბათს, 11 თებერვალს, ინტერვიუ მისცა საინფორმაციო სააგენტო «Reuters»-ის (დიდი ბრიტანეთი) კორესპონდენტს მარგარიტა ანთიძეს, რომლის დროსაც ქართველმა ლიდერმა ისაუბრა საქართველოს ევროპული გზის შესახებ, ურთიერთობაზე ნატო-სა და ევროკავშირთან, ქვეყნის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, საგადასახადო სისტემის რეფორმაზე და სხვა თემებზე.

გთავაზობთ ინტერვიუს შინაარსს.

საქართველო, რომელმაც 2016 წელს შეიძლება გამოუშვას ევროობლიგაციები, ცდილობს საერთაშორისო ინსტიტუტებისგან მოიპოვოს დამატებითი ფინანსური რესურსები, რათა დაძლიოს მეზობელ ქვეყნებში შექმნილი პრობლემებით გამოწვეული ეკონომიკის შეფერხება, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ მისი მთავრობა გამართავს ვიზიტებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში ეკონომიკაში ინვესტიციების მოსაზიდად, რომელიც დაზარალდა მეზობელ ქვეყნებში არსებული ფინანსური პრობლემების გამო.

„წელს გაიმართება რამდენიმე ვიზიტი, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც ვგეგმავთ მეორე კვარტალში. განხორციელდება ვიზიტები აგრეთვე რეგიონის ქვეყნებში. წინასწარ ვერ ვიტყვი, დაგვჭირდება თუ არა ევროობლიგაციების გამოშვება, მაგრამ თუ ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება მოითხოვს დამატებით ინვესტიციებს, ევროობლიგაციების გამოშვების ჩათვლით, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებთ, და შეიძლება წელსვე”, – განაცხადა კვირიკაშვილმა

2011 წელს საქართველომ გამოუშვა 500 მილიონი დოლარის ღირებულების ათწლიანი ევროობლიგაციები, ასევე გამოისყიდა 2008 წელს გამოცემული 500 მილიონი დოლარის ღირებულების ხუთწლიანი ევროობლიგაციების დიდი ნაწილი (417 მილიონი დოლარი).

როგორც გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, საგადასახადო რეფორმების დაგეგმვისას გათვალისწინებული იყო კორპორაციული მოგების დაბეგვრის გაუქმება, გადასახადების ადმინისტრირების გამარტივება და ეკონომიკის შემდგომი ლიბერალიზაცია. „წელს ჩვენ ვვარაუდობთ 3-პროცენტიან ზრდას. მიმაჩნია, რომ ამ შედეგების მიღწევა შესაძლებელია”, – ამბობს გიორგი კვირიკაშვილი. შარშან საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირდა 2,8-პროცენტიანი ზრდა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, მთავრობა გეგმავს მიმართოს საერთაშორისო ინსტიტუტებს ინფრასტრუქტურული პროექტების დამატებითი დაფინანსების გამოყოფის თხოვნით.

საქართველომ ხუთშაბათს ხელი მოაწერა ევროპის საინვესტიციო ბანკთან ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც გამოიყოფა 150 მილიონი ევრო ინფრასტრუქტურის განახლებისათვის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის რეკონსტრუქციისა და წყალმოვარდნის შედეგად დაზარალებულ თბილისში აღდგენითი სამუშაოების ჩათვლით.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ დამატებითი რესურსების გამოყოფის პერსპექტივები”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელსაც მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ფინანსების სფეროში (ილინოისის უნივერსიტეტი, აშშ).

საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის და ცდილობს გახდეს ნატოს წევრი. 2014 წლის ივნისში ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და წელს მოსალოდნელია ევროპასთან უვიზო რეჟიმის შემოღება.

გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება სასარგებლო იქნება საქართველოსთვის – ის მოიზიდავს ინვესტიციებს იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც არა აქვთ გაფორმებული მსგავსი ხელშეკრულებები. მან ასევე მოუწოდა ევროკავშირს, არ დააყოვნოს უვიზო რეჟიმის შემოღება.

„ვფიქრობ, ათიოდე წელიწადში საქართველოს ეკონომიკა, შემოსავლები და მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე მიუახლოვდება აღმოსავლეთევროპულ სტანდარტებს”, – ამბობს გიორგი კვირიკაშვილი.

გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2015 წლის დეკემბერში გახდა, აცხადებს, რომ საქართველო გააგრძელებს თავის ძალისხმევას, მიმართულს ნატოში გაწევრებისკენ, რომელმაც მინიმუმამდე დაიყვანა დაჩქარებული გაწევრების ყოველგვარი პერსპექტივა. ასევე გაგრძელდება პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით, რომელთანაც საქართველოს 2008 წლის აგვისტოში ხანმოკლე ომი ჰქონდა. „ჩვენი გეგმები, დაკავშირებული ნატოსა და ევროკავშირთან, არ უნდა იყოს აღქმული რუსეთის მხრიდან როგორც კონფრონტაციის ნიშანი”, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

მან დაამატა აგრეთვე, რომ საერთაშორისო სანქციების მოხსნის გათვალისწინებით, ირანს შეუძლია რეგიონში განახლებული დინამიზმის შემოტანა, ხოლო საქართველოს მდებარეობა ევროპისა და აზიის გასაყარზე, მას აძლევს შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ირანსა და ევროპას შორის თანამშრომლობის გაღვივებაში. „ირანი მზად არის, განიხილოს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, ენერგეტიკის ჩათვლით, რაც ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს ევროპისთვის ენერგორესურსების დივერსიფიკაციის კუთხით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

«Зеркало недели» (უკრაინა), 13 თებერვალი, 2016 წელი

http://gazeta.zn.ua/internal/glava-mvd-arsen-avakov-my-zdes-vse-ne-svyatye-_.html

ინტერვიუ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრთან: როგორ სთავაზობდა მიხეილ სააკაშვილი არსენ ავაქოვს უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, თვითონ კი ვიცე-პრემიერობაზეც თანახმა იყო

უკრაინის ყოველკვირეულ რუსულენოვან გაზეთ „ზერკალო ნედელი“-ში 12 თებერვალს გამოქვეყნდა ინტერვიუ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრთან არსენ ავაქოვთან (სათაური: „ჩვენ წმინდანები არ ვართ“), რომელშიც იგი საუბრობს როგორც უშუალოდ უწყების საქმიანობასა და პრობლემებზე, ასევე უკრაინაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაზე, მთავრობის გადადგომის შესაძლებლობაზე და, რასაკვირველია, ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილთან დამოკიდებულების შესახებ.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- არსენ ბორისოვიჩ, რამდენად სავარაუდოა მთავრობის გადადგომა?

- დღევანდელი მთავრობა ჩამოყალიბებულია 5 კოალიციური ფრაქციის შეთანხმების შედეგად. კარგი იქნებოდა შეგვეხედა, თუ როგორ გაატარებდა რეფორმებს ამგვარ სიტუაციაში, ვთქვათ, ბარაკ ობამა ან დევიდ კემერონი. ჩემი აზრით, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი კანდიდატების სიუხვე კი არ არის ამა თუ იმ თანამდებობაზე, არამედ სისტემური გადაწყვე-ტილების ძიება… ჩვენ საკმაოდ ბევრის გაკეთება მოვასწარით მოკლე დროში. მე მიმაჩნია, რომ არსენ იაცენიუკი ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრია ამ დროისთვის. დიახ, ეს სიმართლეა! ნაკლოვანებები ყველას აქვს – პრემიერ-მინისტრსაც, მეც, სხებს. წმინდანები არ ვართ. მაგრამ ტელევიზიით რომ პოპულისტების გამოდიან და ხალხს ყველაფერს პირდებიან, სამწუხაროდ, ობივატელებს ამ ყველაფრის სჯერათ. რეფორმების განხორციელებას დრო და მოთმინება ჭირდება…

- თქვენი აზრით, რამდენად სწრაფად გადავა მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციაში პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ?

- ფაქტობრივად, იგი უკვე გადასულია და თუ არჩევნები იქნება, იგი თავდაპირველად პრეზიდენტის გუნდის მეორე კოლონას უხელმძღვანელებს (ყოველ შემთხვევაში, ასეა დაგეგმილი), არჩევნების შემდეგ კი „თავისუფალი ცურვის“ რეჟიმით საქმიანობას თვითონ გააგრძელებს. სხვათა შორის, ორიოდე დღით ადრე, სანამ მე იგი ქურდს მიწოდებდა და ჩემგან ჭიქა წყალს მიიღებდა თავხედობისთვის, იგი ჩემს კაბინეტში იჯდა და მოლაპარაკებას მთავაზობდა: „მოდი, მოვილაპარაკოთ, – მეუბნება, – შენ იყავი პრემიერ-მინისტრი, მე კი პირველი ვიცე-პრემიერი“.  შევეკითხე: „რატომ მე?“. მპასუხობს: „ვთვლი, რომ პრემიერ-მინისტრი სახალხო ფრრონტის წარმომადგენელი უნდა იყო: ან ალექსანდრე ტურჩინოვი, ან შენ. ყველაზე წარმატებული მინისტრი სწორედ შენ ხარ“.

Comments are closed