«RFE//RL – Radio Free Europe//Radio Liberty» (აშშ): საქართველოს ამბების მიმოხილვა: „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ რეფორმირებისთვის ბრძოლა და აშშ-ში ვიზიტი
«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): საქართველოს ამბების მიმოხილვა: ვის ჭირდება ერთიანი „ალანეთი“// სომხეთი და „სავაჭრო დერეფნების“ შეთანხმების რეანიმაცია // პრორუსული ბელარუსი – პროდასავლური საქართველოს მოკავშირე?!
—–
«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): გაურკვეველი „მძევლები“ ბერლინის კინოფესტივალზე
«Газета по-украiнськи» (უკრაინა): როცა ქართველებმა თვითმფრინავი გაიტაცეს… // რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ფილმი „მძევლები“
«Комсомольская правда» (რუსეთი): თავისუფლება – ეს სამოთხეა // ბერლინის 67-ე კინოფესტივალზე ფილმ „მძევლების“ მსოფლიო პრემიერა გაიმართა
«Независимая газета» (რუსეთი): „ბერლინალე-2017“: „მძევლები“ ცუდი სცენარის ტყვეობაში აღმოჩნდნენ
«Московский комсомолец» (რუსეთი): ევროპელი მაყურებლები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, „მძევლებში“ ნანახს ბალაგანად აღიქვამდნენ
«Известия» (რუსეთი): ინტერვიუ რეზო გიგინეიშვილთან: „მე მოვუწოდებ მაყურებელს, რომ ნუ აღიქვამენ პრიმიტიულად – „დიახ, ერთნი გამტაცებლები არიან, მეორენი კი მათი მსხვერპლი“ // ფილმ „მძევლების“ რეჟისორი ისტორიული და მხატვრული სიმართლის შესახებ
—————–
«RFE//RL – Radio Free Europe//Radio Liberty» (აშშ), 12 თებერვალი, 2017 წელი
http://www.radiotavisupleba.ge/a/kviris-mimokhilva/28304878.html
საქართველოს ამბების მიმოხილვა: „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ რეფორმირებისთვის ბრძოლა და აშშ-ში ვიზიტი
ნონა მჭედლიშვილი
გასული სამუშაო კვირის პირველივე დღეს, 6 თებერვალს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 2017-2019 წლების სამოქმედო გეგმა წარუდგინა. გეგმა, მისი განმარტებით, მიზნად ისახავს საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიზისიდან გამოყვანას და მდგრადი განვითარების საფუძვლის შექმნას, რაც, თავის მხრივ, პირველ ეტაპზე რადიო და ტელემაუწყებლობის ყველა პროგრამის დახურვას ითვალისწინებს, მათი დაბალი რეიტინგის გამო:
“საჭიროა ფინანსები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა და ამისთვის საჭიროა, რომ 2018 წლამდე დროებით შევაჩეროთ გადაცემები, რათა მოვამზადოთ პლატფორმა. აქ რაზეა საუბარი: ჩვენ კი არ ვაჩერებთ გადაცემებს, ჩვენ დროებით ვაჩერებთ გადაცემებს, რათა დიდი ხნით არ გაჩერდეს მაუწყებელი. აი, ეს არის ჩვენი გეგმა. ეს არის ჩვენი ანალიზი, ჩვენი საექსპერტო დასკვნა აქ არსებული მდგომარეობისა“.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელის გეგმა კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებული ადამიანებისთვის, ისე სამეურვეო საბჭოსა და სამოქალაქო სექტორისთვის. შედეგად, მაუწყებლის განვითარების ალტერნატიულ გეგმაზე მუშაობა დაიწყო საინიციატივო ჯგუფმა, ტელევიზიასთან ხმაურიანი საპროტესტო აქცია გაიმართა და 9 თებერვალს, გენერალური დირექტორისა და საბჭოს დახურულ კარს მიღმა ხუთსაათიანი დისკუსიის შემდეგ, გაირკვა, რომ ერთი კვირის ვადაში საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის შეფასების ახალ კრიტერიუმებს შეიმუშავებს. საბჭოს ერთ-ერთ წევრს, სულხან სალაძეს, მიაჩნია, რომ გადაცემების დახურვა ეგრეთ წოდებული დაბალი რეიტინგის მომიზეზებით გაუმართლებელია და რომ რეიტინგი, თავის მხრივ, შეფასების არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი კრიტერიუმია:
“არავინ არ დავობს, რომ შენობა არის ავარიულ მდგომარეობაში. არავინ არ დავობს იმაზე, რომ ტექნიკური ბაზა საჭიროებს განახლებას. არავინ არ დავობს იმაზე, რომ ოპტიმიზაცია არის საჭირო, გარკვეულწილად. მაგრამ როცა ამ თემებზე არის საუბარი, მნიშვნელოვანია, გამოსავლად რას ვთავაზობთ ჩვენ საზოგადოებრივ მაუწყებელს და, ზოგადად, საზოგადოებას. შესაძლოა, პრობლემებში ყველა ვთანხმდებოდეთ, მაგრამ გადაჭრის გზების განსხვავებული ხედვა გვქონდეს. მე არ მიმაჩნია სწორად, რომ 102 გადაცემიდან 101 დახურო, მნიშვნელობა არ აქვს ეს რადიო იქნება, პირველი არხი თუ მეორე არხი. ამიტომაც მე მგონია, რომ კონსტრუქციული და ალტერნატიული წინადადებები უნდა იყოს, მათ შორის, მენეჯმენტის მხრიდან წარმოდგენილი“.
———-
გასული სამუშაო კვირა დაძაბული გამოდგა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვისაც. 6 თებერვალს ერთ-ერთ უკრაინულ ვებპორტალზე აიტვირთა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი. ჩანაწერი „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა, და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის, საუბარს ასახავდა, საუბარი კი შეეხებოდა მილიონებს და ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ფული უზენაეს სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეების, ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის, შესაძლო მოსყიდვას უნდა მოხმარებოდა. მოგვიანებით ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ფალსიფიცირებული, დამონტაჟებული ჩანაწერით ხელისუფლებამ „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეებზე ზეწოლისა და მოსყიდვის ფაქტების გადაფარვა სცადა. თავის მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა „რუსთავი 2“ და მისი გენერალური დირექტორი სასამართლო სისტემის მიზანმიმართულ დისკრედიტებაში დაადანაშაულეს, თუმცა, მეორე მხრივ, გასულ კვირაში მათ არაერთხელ მოუწიათ „რუსთავი 2“-ის საქმის კიდევ ერთი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის, სახელმწიფოს მიერ მოსყიდვის ფაქტების უარყოფა.
——–
გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტმა დაიწყო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული კანონპროექტების პაკეტის განხილვა. პაკეტი ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, შექმნას. სააგენტოს, ფარული მოსმენების ტექნიკურად განხორციელების გარდა, ელექტრონული კომუნიკაციების გაკონტროლების უფლებაც ეძლევა. მისი, როგორც დამოუკიდებელ ორგანოდ, არსებობის შესაძლებლობას ეჭვქვეშ აყენებს როგორც სამოქალაქო სექტორი, ისე პოლიტიკური ოპოზიცია და სახალხო დამცველი:
“უსაფრთხოების სამსახურს და სამართალდამცავ სისტემას, სამწუხაროდ, არ აქვს ის ნდობა საზოგადოებაში, რომ მათ სისტემაში თუკი იქნება ეს ახალი სტრუქტურა მოაზრებული, გარკვეულწილად კითხვის ნიშნები კვლავ დარჩება. აქ საუბარი არის იმაზე, რომ სწორედ ეს სისტემა იყო ჩართული უკანონო მოსმენებში წლების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში გარკვეული უნდობლობა ნამდვილად არსებობს, თუკი დარჩება აღნიშნული სისტემა ამ სისტემაში და, შესაბამისად, ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ სისტემის გამოსვლას გარეთ“.
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვისი სარჩელის საფუძველზეც საკონსტიტუციო სასამართლომ გასული წლის აპრილში არაკონსტიტუციურად ცნო პირადი ხასიათის ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვებისა და მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გადაწერისა და შენახვის წესები. პარლამენტს 11 თვის ვადაში ევალება არსებულ კანონში ცვლილებების შეტანა და, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებებიც მარტის ბოლოს უნდა განხორციელდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი კვირა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული კანონპროექტების პაკეტის განხილვის მიმართულებით ასევე აქტუალური იქნება.
——-
გასულ კვირაში პარლამენტმა დაასრულა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ საკუთარი კვოტით კანდიდატურის დამტკიცების დროში გაწელილი პროცესი და ამ თანამდებობაზე მერვე მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი მანანა კობახიძე დაამტკიცა. მანანა კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, თუმცა ამით ვერ გაქარწყლდა ეჭვები, რომლებიც მანანა კობახიძის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობასთან დაკავშირებით არსებობს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარმა გიორგი მუმლაძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ მწვავე დაპირისპირებისა თუ სადავო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების პროცესში აქტიურად ჩართული მანანა კობახიძე გარკვეულწილად ხელს უწყობდა საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციას:
“ის საკმაოდ ანტაგონიზმით იყო განწყობილი მოქმედი მოსამართლეების მიმართ. შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო იმ კანონმდებლობის შექმნაში და აქტიურად უჭერდა მხარს საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანულ კანონში ცვლილებებს, რომლებმაც შეაფერხა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა. როდესაც თავად მას არ აწყობდა და კონკრეტული პიროვნებები მისთვის მიუღებელი იყო, მაშინ ეს სასამართლო მიიჩნეოდა რაღაც უავტორიტეტოდ და, ბუნებრივია, როდესაც ახლა თავად გახდა მოსამართლე, მის მიმართაც იგივე კითხვები არსებობს – რამდენად შეძლებს ის განახორციელოს ხარისხიანი მართლმსაჯულება. ბუნებრივია, ეს ეჭვქვეშ არის დაყენებული“.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მანანა კობახიძე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ 8 თებერვალს დაამტკიცა. ამავე დღეს დეპუტატებმა 97 ხმით დაძლიეს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტო „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონზე. საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაიზიარა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ის შენიშვნები, რომლებსაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე განმარტავს:
“ჩვენ გთავაზობთ სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევას მოსამართლეების მიერ და არა დანიშვნას იუსტიციის საბჭოს მიერ. ერთი და იგივე პირს აღარ ექნება შესაძლებლობა, რომ დაიკავოს სამი თანამდებობა. წარმოდგენილი კანონპროექტით კი, სამწუხაროდ, იქმნება შესაძლებლობა, რომ ერთი და იგივე პირმა დაიკავოს როგორც კოლეგიის თავმჯდომარის, ისე სასამართლოს თავმჯდომარის, ისე იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობები. ჩვენ ასევე გთავაზობთ გაუქმდეს სამწლიანი გამოსაცდელი ვადა და მოსამართლეები შესაბამისი კონკურსის გავლის შემდეგ დაინიშნონ უვადოდ; დაზუსტდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა როგორც ქვედა, ისე ზედა ზღვარი; შეიქმნას თანაბარი პირობები იუსტიციის საბჭოში მოსამართლეების არჩევისათვის და, შესაბამისად, სასამართლოს თავმჯდომარეებს არ ჰქონდეთ საშუალება მოახდინონ დომინირება იუსტიციის საბჭოში“.
საბოლოოდ, პარლამენტმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეკომენდაციების გაუთვალისწინებლად, მხარი დაუჭირა კანონპროექტის იმ ვარიანტს, რომლის თანახმად, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესება მოხდება 3 წლის ვადით, ამ ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შედეგების ანალიზის საფუძველზე.
———–
გასულ კვირაში ცხინვალის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, 2017 წლის 9 აპრილს, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელწოდების „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა“ ალანიად გადაკეთების საკითხზე. ოკუპირებული რეგიონისთვის სახელის გადარქმევის განზრახვა პოლიტიკურ წრეებში რუსეთის მიერ ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად შეფასდა, განზრახვა დაგმო საქართველოს ხელისუფლებამაც. თავის მხრივ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონის უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ორდღიანი ვიზიტისას. სამუშაო ვიზიტი 9-10 თებერვალს განხორციელდა და ოფიციალური შეხვედრები გაიმართა თეთრ სახლში პრეზიდენტის მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში, გენერალ მაიკლ ფლინთან, სენატში რესპუბლიკელთა უმრავლესობის ლიდერთან, მიჩ მაკკონელთან, და საგარეო ურთიერთობათა და ასიგნებების კომიტეტების რესპუბლიკელ თავმჯდომარეებთან, ბობ კორკერსა და ტედ კოკრანსთან. განსაკუთრებით საყურადღებო იყო შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან:
„ვისაუბრეთ იმ ეკონომიკურ პოტენციალზე, რომელიც არსებობს დღეს რეგიონში და საქართველოს, როგორც რეგიონის ჰაბის, ფუნქციაზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე. ჩვენ ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ, ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მივიღეთ ჩვენ მტკიცე მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისადმი, ჩვენი სუვერენიტეტისადმი და მათ აქვთ სურვილი, რომ საქართველოს მაქსიმალურად დაუდგნენ გვერდით ყველა იმ პროცესში, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს სტაბილურ, მშვიდ განვითარებას და უზრუნველყოფს ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერეს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან მიხეილ ჯანელიძის შეხვედრას „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სიამოვნებით აღნიშნა, მიხეილ ჯანელიძე ერთ-ერთი პირველი დიპლომატია, ვინც ამერიკის შეერთებული შტატების ახალ სახელმწიფო მდივანს შეხვდაო. ანალიტიკოსები კი შენიშნავენ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაადასტურა, რომ, მიუხედავად ადმინისტრაციის შეცვლისა, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა სტრატეგიული პარტნიორების მიმართ უცვლელია.
«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 12 თებერვალი, 2017 წელი
http://ru.rfi.fr/kavkaz/20170210-gruziya-budet-sosedkoi-edinoi-alanii
საქართველოს ამბების მიმოხილვა: ვის ჭირდება ერთიანი „ალანეთი“// სომხეთი და „სავაჭრო დერეფნების“ შეთანხმების რეანიმაცია // პრორუსული ბელარუსი – პროდასავლური საქართველოს მოკავშირე?!
საქართველოში მომხდარი ამბების შესახებ «Radio France Internationale»-ს („საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს“) მიერ ეთერში გადაცემულ ყოველკვირეულ მიმოხილვაში ყურადღება სამ ძირითად თემას აქვს დათმობილი: ა) „სამხრეთ ოსეთში“ დაგეგმილ რეფერენდუმს სახელის გადარქმევის თაობაზე; ბ) რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებას აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთზე გამავალ „სავაჭრო დერეფნების“ შესახებ შეთანხმების ამოქმედების თაობაზე; გ) ბელარუს-საქართველოს ურთიერთობა და რუსეთის ფაქტორი (ავტორი – გიორგი ლებანიძე).
ა) „სამხრეთ ოსეთი“ ანუ „ალანეთი“?!
რადიოსიუჟეტში ამ თემაზე საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული „სამხრეთ ოსეთში“ 9 აპრილს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების დროს რეფერენდუმის ჩატარების შესახებაც, რომლის მიზანს რესპუბლიკისთვის სახელწოდების შეცვლა წარმოადგენს. პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის გადაწყვეტილებით, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის შეთავაზებული კითხვა ასეთია: „ეთანხმებით თუ არა, რომ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას ამიერიდან ეწოდებოდეს „სამხრეთ ოსეთი – ალანეთი“, ხოლო ტოპონიმ „ალანეთს“ „სამხრეთ ოსეთის“ თანაბარი მნიშვნელობა ჰქონდეს?“. ნიშანდობლივია, რომ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მყოფ ჩრდ.ოსეთს დიდი ხანია ჰქვია „ალანეთიც“ (ანუ „ჩრდილოეთ ოსეთი – ალანეთი“). თუ სამხრეთ ოსეთის ელექტორატის უმრავლესობა რეფერენდუმზე დასმულ კითხვას დადებითად უპასუხებს, მაშინ რესპუბლიკის სახელწოდება ასეთი იქნება: „სამხრეთ ოსეთი – ალანეთი“.
ლეონიდ თბილოვის თქმით, რესპუბლიკა თავისი დამაარსებლების, ანუ ალანების – ინდოევროპული ოჯახის სკვით-სარმატული წარმოშობის ტომების სახელს უნდა ატარებდეს, რომლებიც ოდესღაც მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ აზოვისპირეთსა და კავკასიის მთისწინეთში. ამავე დროს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შენარჩუნდება „სამხრეთ ოსეთიც“, რადგან სწორედ ამ სახელით შეინარჩუნა რესპუბლიკამ თავისი დამოუკიდებლობა. ამრიგად, კავკასიაში ჩნდება ორი რესპუბლიკა, რომლის სახელწოდებაში „ალანეთი“ ფიგურირებს. დამკვირვებლების აზრით, სამხრეთ ოსეთისათვის სახელის გადარქმევა ორი რესპუბლიკის გაერთიანებისაკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, რომელიც შემდეგ რუსეთის სუბიექტი გახდება – „ჩრდილოეთად“ და სამხრეთად“ გაყოფის გარეშე („ოსეთი-ალანეთი“).
„თბილისმა, როგორც მოსალოდნელი იყო, რეფერენდუმის დანიშვნის თაობაზე მწვავე რეაგირება მოახდინა“, – აღნიშნულია რადიოსიუჟეტში. ავტორი ციტირებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომელშიც მკაცრადაა დაგმობილი „ცხინვალის რეგიონის“ დე-ფაქტო ხელისუფლების გეგმები. „მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისაკენ, რადგანაც ამგვარი უკანონო რეფერენდუმები და პლებისციტები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას წარმოადგენს“, – ასეთია პრეზიდენტის რეაქცია, თუმცა… აშკარაა, რომ ამგვარი განცხადებები სიტუაციას ვერ შეცვლის: ამას წინათ ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი იმყოფებოდა, რომელმაც მხარი დაუჭირა „პრეზიდენტობის მთავარ კანდიდატს“ ლეონიდ თიბილოვს.
ბ) სომხეთის როლი „სავაჭრო დერეფნების“ შეთანხმების რეანიმაციაში
პრაღაში საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენლის ზაურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის ამასწინანდელ მოლაპარაკებაზე გადაწყდა, რომ მხარეები დაიწყებდნენ ჯერ კიდევ 2011 წლის ხელმოწერილი და, სეიძლება ითქვას, ერთგვარი უნიკალური დოკუმენტის – შეთანხმების „საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონელთვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმის შესახებ“ პირობების შესრულებას.
თუ „მშრალი“ დიპლომატიური ენიდან „ვთარგმნით“, ამ დოკუმენტის არსი შემდეგში მდგომარეობს: რადგანაც საქართველო და რუსეთი ვერც ახლა და, როგორც ჩანს, ვერც უახლოეს მომავალში ვერ შეძლებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსებზე მოლაპარაკებას, ორი მეზობელი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებისა და სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კავშირების განმტკიცებისათვის იქმნება ე.წ. „სავაჭრო დერეფნები“, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებზე გაივლის და რომლებშიც ტვირთების მოძრაობას ნეიტრალური შვეიცარიის კომპანია გააკონტროლებს. შეთანხმებაში მოცემულია „დერეფნების“ კოორდინატებიც, გეოგრაფიული სახელწოდებების გარეშე. 2011 წლის შეთანხმება აშშ-ის შუამავლობით განხორციელდა, საქართველოს კომპრომისით, როცა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრად იღებდნენ.
პრაღაში გამართულ შეხვედრაზე მომხდარ „გარღვევაში“ (როგორც ექპერტები ამბობენ), მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეზობელი სომხეთის დაინტერესებამ, რომელსაც რუსეთთან ერთადერთი სატრანსპორტო არტერია – საქართველოს სამხედრო გზა (თბილისი-ყაზბეგი-ვლადიკავკაზი) აკავშირებს. მაგრამ ეს გზა პრობლემურია – რთული რელიეფისა და კლიმატის გამო ხშირად პარალიზებულია. მისგან განსხვავებით, ავტომაგისტრალი გორი-ცხინვალი-როკი-ვლადიკავკაზი შედარებით უფრო საიმედო და მოხერხებულია, ხოლო ზუგდიდი-სოხუმი-სოჭის მიმართულებით კი საერთოდ არანაირი ბუნებრივ-კლიმატური თუ გეოგრაფიული დაბრკოლება არ არსებობს. როგორც ჩანს, სომხეთის წარმომადგენლები მოსკოვსა და თბილისში აქტიურად მუშაობდნენ, რათა რუსეთთან დამაკავშირებელი გზის ალტერნატივა ეპოვათ. ბოლო დრომდე ერევნის ძალისხმევა, ერთი შეხედვით, გადაულახავ პოლიტიკურ ბარიერს აწყდებოდა: სად უნდა ყოფილიყო საქართველოს საბაჟოს ადგილმდებარეობა. რასაკვირველია, თბილისი არანაირად არ დათანხმდებოდა, რომ ტვირთების შემოწმება-კონტროლი აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიაზე მომხდარიყო, რადგან ეს ამ ე.წ. „რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობის აღიარებად იქნება აღქმული. 2011 წლის შეთანხმება, რომელიც, სხვათა შორის, წინა „ნაციონალური“ მთავრობის დროს გაფორმდა, ერთი მხრივ, შესაძლებლობას იძლევა ეს დაბრკოლება „რბილად“ იქნას გვერდავლილი, ანუ არ შეეხოს „ფეთქებადსაშიშ“ პრობლემას – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსს, ხოლო მეორე მხრივ, თუ რუსეთი, საქართველოსთან ვაჭრობის (ტვირთების მოძრაობის) მიზნით, თანახმაა დაუშვას შვეიცარიელი დამკვირვებლები თავის საზღვარზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, ამით მოსკოვი საბაბს იძლევა სიტუაციის სხვადასხვანაირად ინტერპრეტირებისათვის.
თბილისის დაინტერესება რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარებით და მოსკოვის ინტერესი – დახმარება გაუწიოს თავის სტრატეგიულ მოკავშირე სომხეთს – ეს ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებმაც პოზიტიური როლი შეასრულეს. ორივე მხარე კომპრომისზე წავიდა. ვნახოთ, რას იზამს ოპოზიცია, რომელიც პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მთავრობას ხშირად აკრიტიკებს „ქვეყნის ინტერესების დათმობის“ გამო.
გ) პრორუსული მინსკი პრორუსულ თბილისთან ხიდებს აგებს
რუსეთთან რთული და არაერთმნიშვნელოვანი ურთიერთობის ფონზე საქართველოს, გარკვეულწილად, მოულოდნელი მოკავშირე გამოუჩნდა: თბილისში ბელარუსის მრეწველობის მინისტრი მოადგილე ალექსანდრე ოგოროდნიკოვი ჩამოვიდა და საქართველოს ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „ბელარუსს სურს მონაწილეობა მიიღოს საქართველოში განხორციელებულ პროექტებშიო“.
როგორც ცნობილია, ბელარუსი რუსეთის ფედერაციის ყველაზე ახლო მოკავშირეა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში და შესაბამისად, მინსკელი ჩინოვნიკის გამოჩენა თბილისელი ვიცე-პრემიერთან მნიშვნელოვანი „ტრენდის“ (ტენდენციის) გამოვლენაა პრორუსულ ბელარუსთან ურთიერთობაში. გავიხსენოთ, რომ 2008 წლის ხუთდღიანი ომის“ შემდეგ ბელარუმა, მოსკოვის დაბეჯითებითი თხოვნის მიუხედავად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ აღიარა. გარდა ამისა, წლების განმავლობაში ის ქართველები, რომლებიც რუსეთის ვიზა არ ჰქონდათ, რუსეთში ბელორუსის გავლით შედიოდნენ. 2015 წელს კი თბილისში ვიზიტის დროს პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს „ლეგენდარული ქვეყანა“ უწოდა.
ბელარუსის მცდელობები საქართველოსთან კონტაქტების აქტივიზაციისაკენ, ალბათ, იმ რთული პოლიტიკური თამაშების გამოვლენაა, რომელსაც მინსკი მოსკოვთან აწარმოებს, მით უმეტეს, რუსეთ-ბელარუსის ურთიერთობის ბოლოდროინდელი გაუარესების ფონზე. ამასთან, საქართველოსთთვის ეს ტენდენცია არის თანამშრომლობის მნიშვნელობის დადასტურება იმ ქვეყანასთან, რომელიც რუსეთის ახლო მოკავშირეა და რომელსაც იმავდროულად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეული გავლენა მოახდინოს რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე „ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებთან“.
——————
«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 12 თებერვალი, 2017 წელი
http://ru.rfi.fr/rossiya/20170210-nemnogo-rossii-v-kholodnom-berline
გაურკვეველი „მძევლები“ ბერლინის კინოფესტივალზე
ეკატერინე ბარაბაში
(ამონარიდი)
კიდევ ერთი ფილმის პრემიერა „ბერლინალეზე“, რომელსაც გადამღები ქვეყნის მიხედვით მხოლოდ ნაწილობრივ აქვს კავშირი რუსეთთან, ხუთშაბათს, 10 თებერვალს მოხდა. ესაა რუსეთში მცხოვრები ქართველი რეჟისორის რეზო გიგინეიშვილის ფილმი „მძევლები“, რომელიც Berlinale Special-ისა პროგრამის ჩარჩოებში იქნა ნაჩვენები. სურათი ძირითადად ქართველი კინემატოგრაფისტების მიერაა ნაწარმოები, თუმცა მის შექმნაში ზოგიერთი რუსეთში მოღვაწე ხელოვანებიც მონაწილეობდნენ, მაგალითად, ცნობილი ოპერატორი ვლადისლავ ოპელიანცი. ფილმის გმირები ქართულად საუბრობენ, მოქმედებაც საქართველოში ხდება, სიუჟეტი კი 1983 წლის ნოემბერში სამგზავრო თვითმფრინავის გატაცებას ეხება.
ტერორისტული აქტის შედეგად, რომელიც შეძლებულ და უზრუნველყოფილ ოჯახებში გაზრდილმა ახალგაზრდებმა ჩაიდინეს, თვითმფრინავის ორი მგზავრი და ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა. მოგვიანებით ახალგაზრდები გაასამართლეს და დახვრიტეს.
ეს ტრაგიკული ისტორია შეიძლებოდა უფრო ძლიერი ფილმის საფუძველი ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ მოწმენი გავხდით რაღაც გაუგებრად გადმოცემული ისტორიისა, თანაც იმდენად გაუგებარისა, რომ მთელი ფილმის განმავლობაში უყურებ და იმასაც ვერ მიხვდები, რომელ გმირს რა სახელი ჰქვია. ტემპის არასრებობა, უადგილო ფლეშბეკები, დაშლილი სიუჟეტური კანვა, პერსონაჟები ხასიათის განვითარების ჩვენების გარეშე – ამ ყველაფრით გაცბუნებული რჩები: რას აკეთებს აქ ეს ფილმი? რატომაა წარმოდგენილი ამ უდიდეს კინოფესტივალზე ასეთი სურათი?
«Газета по-украiнськи» (უკრაინა), 12 თებერვალი, 2017 წელი
http://gazeta.ua/ru/articles/culture/_samolet-zahvatili-gruziny/752267
როცა ქართველებმა თვითმფრინავი გაიტაცეს…
რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ფილმი „მძევლები“ ბერლინის კინოფესტივალზე
სტატიაში რეცენზირებულია ფილმი, რომელიც ბერლინის 67-ე კინოფესტივალზე წარდგენილი – რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ფილმი „მძევლები“, რომელიც რუსეთ-პოლონეთ-საქართველოს ერთობლივი ნაწარმოებია (ავტორი – ანასტასია ხლოპონინა).
„შვიდი ქართველი ახალგაზრდა, საბჭოთა კავშირიდან აშშ-ში გასაქცევად, ცდილობს გაიტაცოს სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც თბილისი-ბათუმი-ლენინგრადის მარშრუტით მიფრინავს. გამტაცებელთა შორის ერთი ქალიშვილიცაა – ასეთია ფილმის სიუჟეტი, რომელიც რეალურ ამბავს ემყარება: 1983 წლის 18 ნოემბერს ქართველი ახალგაზრდების ჯგუფმა ნამდვილად გაიტაცა თბილისი-ლენინგრადის მარშრუტით გაფრენილი თვითმფრინავი, მაგრამ მფრინავებმა მისი უკან, თბილისის აეროპორტში დასმა მოახერხეს. 10 ნოემბერს, გამთენიისას, სპეცრაზმმა თვითმფრინავი შტურმით დაიკავა. დაიღუპა შვიდი ადამიანი: ორი პილოტი, ერთი სტუარდესა, ორი მგზავრი და ორიც – გამტაცებელი. ქალს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, დანარჩენებს კი სიკვდილით დასაჯეს.
„ამ ფილმზე ღირს ყურადღების გამახვილება: საბჭოთა შეიარაღებული ზალები მასში დადებითი მხარითაა ნაჩვენები, თუმცა შტურმის დროს ადამიანები დაიღუპნენ. ალბათ, ამ ფილმის ჩვენებას უკრინაში აკრძალავენ, – ამბობს კინოკრიტიკოსი ანტონ ფილატოვი, – ქართული კინემატოგრაფი ისეთ სიტუაციაში იქმნება, როცა ქვეყნაში ათამდე კინოთეატრია და ორი-სამი კინოსტუდია, ქვეყნის მიერ გადატანილი ომების შემდეგ, სატირელ მდგომარეობაში იმყოფება. მაგრამ საკმაოდ ღარიბი ქვეყანა ისეთ ღირსეულ ფილმებს იღებს, რომლებიც საერთაშორისო კინოსამყაროში მნიშვნელოვან მოვლენად აღიქმება. მაგალითად, ქართული ფილმი „მანდარინები“ (რეჟისორი ზაზა ურუშაძე) ოსკარის პრემიაზეც იყო ნომინირებული. ასევე შეიძლება ითქვას რეჟისორ გიორგი ოვაშვილის მიერ გადაღებულ ფილმზე „სიმინდის კუნძული“. ქართველები ცოტას ირებენ, მაგრამ ყველა ფილმი პრაქტიკულად სენსაციად იქცევა ხოლმე. უკრაინამ ჯერ-ჯერობით ასეთ სიმაღლეს ვერ მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ დიდ ფულს იზიდავს და პოტენციალიც აქვს“.
თვითმფრინავის ერთ-ერთი გამტაცებელი გეგა კობახიძე შვილია ბრწყინვალე ქართველი რეჟისორის – მიხეილ კობახიძისა, რომლის ფილმები მსოფლიო კინემატოგრაფიის კლასიკაშია შეტანილი. სწორედ იმ ხანებში გეგა კობახიძე თენგიზ აბულაძის „მონანიების“ გადაღებებში მონაწილეობდა. თვითმფრინავის გატაცების მომენტისთვის უკვე ფილმის ნახევარი იყო გადაღებული, მაგრამ გეგა კობახიძის მონაწილეობით შესრულებული სცენები წაშალეს და მეორედ გადაიღეს, ამჯერად უკვე მის ნაცვლად ფილმში როლი მსახიობმა მერაბ ნინიძემ შეასრულა.
რეზო გიგინეიშვილის თქმით, ყველაზე რთული აღმოჩნდა თვითმფრინავ „ტუ-134“-ის პოვნა, რომელიც ჩამოწერილი სახით თითქმის აღარ დარჩა. ბოლოს როგორღაც პერმში აღმოაჩინეს. ავიალაინერი ოთხ ნაწილად გაჭრეს და მოსკოვში გადაიტანეს, შემდეგ კი პავილიონში, ინტერიერული გადაღებისათვის, ხელახლა ააწყეს. ფილმის გადასაღებად მზადება ჯერ კიდევ შვიდი წლის დაიწყო. გამოიკითხა ასზე მეტი თვითმხილველი. დაკითხვის საარქივო მასალების საფუძველზე რეჟისორმა საკუთარი ვერსია და მხატვრული კონტექსტი შექმნა. ფილმის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს დოკუმენტური კინო კი არ არის, არამედ საკუთარი ხედვა, საკუთარი პოზიცია მომხდარ მოვლენაზე.
«Комсомольская правда» (რუსეთი), 12 თებერვალი, 2017 წელი
http://www.kp.ru/daily/26642.5/3661051/
თავისუფლება – ეს სამოთხეა
ბერლინის 67-ე კინოფესტივალზე ფილმ „მძევლების“ მსოფლიო პრემიერა გაიმართა
სტას ტირკინი
(შემოკლებით)
მსუბუქი სიუჟეტიანი და გასართობი ფილმების („სიყვარული აქცენტით“, „საზღვრებს გარეშე“) რეჟისორმა რეზო გიგინეიშვილმა ახალი ფილმი წარმოადგინა: როგორც თვთონ ამბობს, იგი შვიდი წელი მუშაობდა საქართველოში 1983 წელს გატაცებული თვითმფრინავის საარქივო მასალებზე და მიუხედავად რუსეთში ყოფნისა, ამ თემას უყურადღებოდ არ ტოვებდა. შვიდი წლის განმავლობაში ავტორი ცდილობდა მთავარი საიდუმლოს ამოხსნას – ასეთი დანაშაულის ჩადენისათვის ხომ არანაირი აუცილებელი მიზეზები და მოტივაცია არ არსებობდა. მაინც რა არ ყოფნიდათ საბჭოთა საქართველოს „ოქროს ახალგაზრდობის“ წარმომადგენლებს?
მძევლები, რასაკვირველია, მხოლოდ უდანაშაულო მგზავრები კი არიან, რომლებიც ახალგაზრდა, ტემპერამენტიანმა, მაგრამ თავიანთი ქცევის შედეგებზე დაუფიქრებელმა ახალგაზრდებმა სასიკვდილო საფრთხის წინაშე დააყენეს, არამედ თვითონ ის კავკასიელი ახალგაზრდებიც, რომლების საკვებს ოქროს კოვზებით მიირთმევდნენ და იმავდროულად საბჭოური სინამდვილის გამო „ეწამებოდნენ“. მათ აკლდათ ის, რაც არ იყო მათთვის საუკეთესოდ მოწყობილ საბჭოურ ცხოვრებაში, ანუ პრივილეგირებულ მშობელთა შვილები მხოლოდ ერთ წვრილმან დეფიციტს განიცდიდნენ – თავისუფლების უკმარისობას. სხვათა შორის, თავისუფლება დღეს მაინცდამაინც არ ფასდება სწორედ მათ შორის, ვინც საბჭოთა კავშირის დაშლაზე ცრემლებს ღვრის.
ამ ფილმის გადაღებით რეზო გიგინეიშვილი „სერიოზული რეჟისორის“ ამპლუაში გვევლინება. სურათში ასახულია ის ერთფეროვანი ცხოვრება, რომელიც საბჭოთა იზოლაციის პირობებში სუფევდა, რკინის ფარდის აქეთ. სწორედ ასეთი ჩამკვდარ-შეჩერებული ნაცრისფერი ცხოვრებისაგან ცდილობენ თურქეთში თუ დასავლურ სამოთხეში გაქცევას ფილმის უპასუხისმგებლო გმირები, რომლებიც თავიანთი მოქმედების გამო ყველაზე ძვირფასს – სიცოცხლეს კარგავენ: მათ ყველას დახვრეტა ემუქრება „მსოფლიოში ყველაზე სამართლიანის“ საბჭოთა სასამართლოსაგან. ფილმში მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლნი, მართალია, შედარებით მკრთალადაა ნაჩვენები, მაგრამ მაინც თანაგრძნობას იწვევს: ერთ-ერთი მოკლული სტუარდესას როლს თვითონ რეჟისორის მეუღლე ნადეჟდა მიხალკოვა ასრულებს.
ფილმი, რომელშიც საკმაოდ დამარწმუნებლადაა რეკონსტრუირებული საქართველოში მომხდარი ფართოდ ცნობილი დრამა და რომლის შესახებაც დანარჩენმა მსოფლიომ თითქმის არაფერი იცის, ძალიან აქტუალურია ისეთ დროს, როცა ზოგიერთები კვლავ იზოლაციაზე ოცნებობენ და ისევ კედლებს აშენებენ.
«Независимая газета» (რუსეთი), 13 თებერვალი, 2017 წელი
http://www.ng.ru/cinematograph/2017-02-11/100_berlinfilm1102.html
„ბერლინალე-2017“: „მძევლები“ ცუდი სცენარის ტყვეობაში აღმოჩნდნენ
ნატალი გრიგორიევა
(ამონარიდი)
რეზო გიგინეიშვილის „მძევლები“ ერთადერთი რუსული ფილმია (თუმცა მის შექმნაში მონაწილეობა მიიღო პოლონეთმა და საქართველომ), რომელიც „ბერლინალეს“ პროგრამაშია წარმოდგენილი.
„მძევლებსაც“, კინოფესტივალზე წარმოდგენილი სხვა ფილმების მსგავსად, სხვადასხვა ნაკლი აქვს. ძალიან რთულია მოიფიქრო ისეთი კინემატოგრაფიული ისტორია, ისეთი რეალური ფაქტები, რომლის მიხედვითაც ეს ფილმი გადაიღეს: 1983 წელს რამდენიმე ახალგაზრდამ სამგზავრო თვითმფრინავი ჩაიგდო ხელში და მისი მეშვეობით ქვეყნიდან გაქცევას შეეცადნენ. საბოლოოდ, ეს ყველაფერი თვითმფრინავზე სპეცრაზმის შტურმით დასრულდა. გატაცების მცდელობამ და შტურმმა რამდენიმე უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დამნაშავეებს სიკვდილით დასჯა გამოუტანეს. რეჟისორს უფრო მეტად ჩადენილი დანაშაულის წინაისტორია აინტერესებს, რომელსაც ფილმის დიდი (შეიძლება ითქვას, უკეთესი ნაწილი) აქვს დათმობილი. საინტერესოა, რომ „მძევლებში“ არც უბედური მგზავრები არ იგულისხმებიან და არც დაღუპული სტიუარდესები (მათ როლებს მარია შალაევა და ნადეჟდა მიხალკოვა ასრულებენ), არამედ თვითონ გამტაცებლები, როგორც „საბჭოთა სისტემის ტყვეები“. ისინი საბჭოურ იზოლაციაში იზრდებოდნენ, ყოველდღე ისმენდნენ მშობლების საუბრებს „ყელში ამოსულ საბჭოურ სამშობლოზე“ და მათ ოცნებებს მიუწვდომელ და ესოდენ სასურველ ოკეანისიქითა თავისუფლებაზე. ამიტომაც ფილმის ნახევარზე მეტი სწორედ ავიალაინერის გატაცების ფაქტის წინაისტორიას ეძღვნება, როცა გმირები (როლებში: ირაკლი კვირიკაძე, თინათინ დალაქიშვილი, გიგა დათიაშვილი, გიორგი გრძელიძე და სხვები) თავიანთი გეგმის განსახორციელებლად ემზადებიან და ნერვიულობენ.
ფილმის ნახვისას მაყურებელში თავდაპირველად დაძაბულობა გროვდება, რომელიც მოგვიანებით საპნის ბუშტივით სკდება: თვითმფრინავის გატაცება ძალიან უთავბოლოდ არის გადაღებული. სხვათა შორის, ამით სცოდავს სურათის ფინალური ნაწილიც. იქმნება ისეთი შტაბეჭდილება, რომ ავტორები ჩქარობდნენ, რიტმიდან ამოვარდნენ, დაიწყეს განსხვავებული ეპიზოდების ერთმანეთთან დამონტაჟება… საბოლოო ჯამში კვალიც კი არ რჩება იმისგან, რაც თავიდან იყო ჩაფიქრებული – ინტერპრეტირებული ისტორიის გადმოცემა, იმ ახალგაზრდა ადამიანების ხედვა, რომლებიც იმ დროს მოღალატეებად შერაცხეს, დახვიტეს და ისე დამარხეს, რომ მშობლებმა არ იციან, მათი სამარე სად არის. გამტაცებელთა მოქმედება გამართლებას არ ექვემდებარება, მაგრამ მათაც ხომ უნდა მოუსმინო. ასეთი კეთილშობილი მიზნის მქონე რეჟისორი ფილმის გმირებს თითქოსდა შუა გზაზე ტოვებს: პროცესი ბოლომდე არაა მიყვანილი არც სცენარის და არც რეჟისურის დონეზე. ფილმი ჟანრიდან ჟანრზე გადადის, ვერ გაიგებ – ეს ფილმი-კატასტროფაა, ფსიქოლოგიური ტრილერი თუ სოციალური დრამა. კინოსურათი გადატვირთულია როგორც აკვიატებულ-აჩემებული ისტორიული კონტექსტით, ასევე მოქმედი პირებით, რომლებიც ბოლომდე გახსნილები არ არიან და ეკრანიდან სწრაფად ქრებიან… ძალიან ბევრია ქრონიკაც.
«Московский комсомолец» (რუსეთი), 13 თებერვალი, 2017 წელი
http://www.mk.ru/culture/2017/02/12/richard-gir-poshel-v-senatory.html
„მძევლები“: ევროპელი მაყურებლები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ეკრანზე ასახულ მოვლენებს ბალაგანად აღიქვამდნენ
სვეტლანა ხოხრიაკოვა (ბერლინიდან)
(ამონარიდი)
ბერლინის 67-ე კინოფესტივალზე („ბერლინალე“) რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ფილმის „მძევლების“ პირველი ჩვენება გაიმართა, რომელიც რუსეთ-საქართველო-პოლონეთის ერთობლივი ნაწარმოებია. რადგან ფილმი მთლიანად ქართულ ენაზეა გადაღებული, მასში რუსეთის მონაწილეობა გაუგებარია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმას, რომ ერთ-ერთ სტუარდესას როლს რეზოს ცოლი ნადეჟდა მიხალკოვა ასრულებს. რუსული ფრაზები მხოლოდ აქა-იქ თუ გაისმის, რუსულად ლაპარაკობენ მხოლოდ სპეცრაზმელები, რომლებიც 1983 წელს გამტაცებლების მიერ ხელში ჩაგდებული თვითმფრინავი გაათავისუფლეს.
რაც შეეხება თვით გამტაცებლებს, ისინი შეძლებული ოჯახის შვილები არიან, მაგრამ იმავდროულად თავისუფლება სურთ და საბჭოთა ქვეყნიდან გაქცევას ცდილობენ, რომელიც დანარჩენი მსოფლიოსაგან „რკინის ფარდით“ არის გამიჯნული. მთავარია თბილისიდან გაფრენა, შემდეგ კი ისინი, ბათუმთან მიახლოებისას, ეკიპაჟს კურსის შეცვლას და თურქეთში გადაფრენას აიძულებენ, იქიდან კი აშშ-ში წასვლაც შეიძლება. ტერორისტები შეეცდებიან თვითმფრინავ „ტუ-134“-ის ხელში ჩაგდებას, რომლის შედეგად შვიდი ადამიანი იღუპება. ფილმის გმირები არავისში თანაგრძნობას არ იწვევენ, გაუგებარია, რატომ იქნა გადაღებული. მის მხატვრულ ღირებულებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ევროპელი მაყურებლები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ეკრანზე ნანახს ბალაგანად აღიქვამდნენ: თვითმფრინავის ბორტზე მგზავრები სვამენ, ეწევიან, ისე დადიან, როგორც უნდათ. კი, ალბათ, ზოგიერთები იმ პერიოდშიც ეწეოდნენ და სვამდნენ, მაგრამ არა ასე თავაშვებულად და უხეშად! მოკლედ, ფილმი კი არა, რაღაც უმსგავსობა გამოვიდა: გახსოვთ „ეკიპაჟი“? აი, იმის სულელური ანარეკლი. არადა, მაყურებლები დარბაზში შესვლას შტურმით ცდილობდნენ, ახალი ქართული კინოფილმის ნახვის იმედით…
დარბაზში „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ მიმომხილველიც ძლივს შევიდა. ადგილი რომ არ იყო, საფეხურებზე მოუწია ჯდომამ, სანამ… იმედგაცრუებულმა მაყურებლებმა დარბაზიდან გასვლა არ დაიწყეს.
«Известия» (რუსეთი), 13 თებერვალი, 2017 წელი
http://izvestia.ru/news/663564
ინტერვიუ რეზო გიგინეიშვილთან: „მე მოვუწოდებ მაყურებელს, რომ ნუ აღიქვამენ პრიმიტიულად – „დიახ, ერთნი გამტაცებლები არიან, მეორენი კი მათი მსხვერპლი“ // ფილმ „მძევლების“ რეჟისორი ისტორიული და მხატვრული სიმართლის შესახებ
ინტერვიუში რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი საუბრობს ბერლინის 67-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე წარდგენილ თავის ფილმზე „მძევლები“, რომელიც რუსეთის, საქართველოსა და პოლონეთის კინოპროდუქციაა. რეჟისორს „იზვესტიის კორესპონდენტი დენის სუტიკა ესაუბრება.
„ეს ისტორია ბავშვობიდანვე ვიცოდი. უკვე 33 წელი გავიდა და ქართულ საზოგადოებას ეს ტრაგედია კვლავ აღელვებს. მასმედია თვითმფრინავის გატაცების ფაქტზე ხშირად წერს – ადამიანები ცდილობენ იმ მიზეზების გაანალიზებას, რომლებმაც ესოდენ ტრაგიკული შედეგი გამოიწვიეს, რატომ მოხდა ეს ყველაფერი… ფილმში ჩვენ არ ვცდილობთ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას, მაგრამ, ჩემი აზრით, საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო ათწლეულის ანალიზი აუცილებელია. ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ, ხელოვანები ვართ, მაგრამ „ცივი ომის“ შედეგების შეფასება და გაგება ჩვენი მხრიდანაც საჭიროა. ვფიქრობ, რომ სწორედ „ცივი ომის“ შედეგი იყო ჯოჯოხეთური 1990-იანი წლები…
ფილმის საფუძველი რეალურად მომხდარი ისტორიაა, მაგრამ შემოქმედთა, ანუ ჩვენს მიზანს მისი მხატვრულად წარმოჩენა წარმოადგენდა, ხელოვნების კანონების გათვალისწინებით. მთავარი მიზანი ის იყო, რომ კინოსურათი დამარწმუნებელი ყოფილიყო. არ გვაქვს პრეტენზია აბსოლუტურ სიმართლეზე. ღმერთები არ ვართ, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რა მოხდა. ეს ჩვენეული ხედვაა მომხდარ ფაქტზე. ბევრი საარქივო მასალა ვნახეთ. ყოველ თვითმხილველს თავისი სიმართლე აქვს: გატაცების დროს მგზავრები შოკში იყვნენ და მომხდარს ყველა თავისებურად აღიქვამდა. რასაკვირველია, ფილმში არის ჩვენი საავტორო პოზიციაც (…)
ფილმს შემთხვევით არ ჰქვია „მძევლები“. მე მოვუწოდებ მაყურებელს, რომ ნუ აღიქვამენ პრიმიტიულად – „დიახ, ერთნი გამტაცებლები არიან, მეორენი კი მათი მსხვერპლი“. რა თქმა უნდა, ეს დიდი ტრაგედიაა, რომელსაც გამართლება არ აქვს, მაგრამ რატომ მოხდა ასეთი ტრაგედია? ჩვენი მიზანი იყო გვეპოვა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ისტორიულ კონტექსტში. ჩვენ ბრალმდებლის პოზიციაში კი არ ვართ, არამედ ვცდილობთ თანაგრძნობა გავუწიოთ და დავიტიროთ ტრაგედიის მსხვერპლნი. (…) ვოცნებობ იმაზე, რომ ჩემი ფილმი გაანალიზონ, მაგრამ რაღაც არ დამაბრალონ და იარლიყები არ მომაწებონ. მე ფილმში ცოცხალი ადამიანი მაინტერესებს…
კომედიური ფილმებიდან ხომ გვახსოვს, როგორ სასაცილოდ ეკითხებოდნენ საბჭოთა ადამიანები უცხოეთში ნამყოფ თანამემამულეებს: „კოკა-კოლა დალიე? სოფი ლორენი ნახე?“, მაგრამ ისინი დუმილს ინარჩუნებდნენ, ეშინოდათ რაიმე ზედმეტი ეთქვათ. ჩვენთვის დღეს უცხოეთში წასვლა ნორმაა, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო. ეს გასაანალიზებელია.“, – ამბობს რეზო გიგინეიშვილი „იზვესტიის“ კორესპონდენტთან საუბრის დროს. ჟურნალისტის კითხვაზე, როდის გავა რუსეთის ფართო ეკრანზე „მძევლები“, რეჟისორი პასუხობს: „უფლის დახმარებით, ალბათ, შევძლებთ ფართო ეკრანზე ჩვენებას. ყოველ შემთხვევაში, გეგმებში გვაქვს“.
———
პუბლიკაციის ბოლოში გამოქვეყნებულია მოკლე ცნობა საქართველოს სსრ-ში 1983 წლის 19 ნოემბერს მომხდარი საბჭოთა სამგზავრო თვითმფრინავის „ტუ-134“-ის გატაცების ირგვლივ.: გამტაცებელთა და მათ მსხვერპლთა ვინაობა, სასამართლოს გადაწყვეტილება და ა.შ.