globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 13 მარტი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Mar 13th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFE//RL – თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): საქართველოს ამბები: არეულობა ბათუმში – პოლიციელებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირებით დასრულებული კვირა

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი): საქართველო: ბათუმის უწესრიგობებში ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს ადანაშაულებენ

«Российская газета» (რუსეთი): დუღილის წერტილი // ბათუმური უწესრიგობები

«Независимая газета» (რუსეთი): საქართველო დუღილს იწყებს // საზოგადოების ნაწილი ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში დაბრუნებას თხოვს

«Московский комсомолец» (რუსეთი): „ბათუმური ამბოხი 80-დოლარიანი ჯარიმის გამო“

—————-

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 13 მარტი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/kviris-mimokhilva/28364781.html

საქართველოს ამბები: არეულობა ბათუმშიპოლიციელებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირებით დასრულებული კვირა

აშშ-ის რადიოსადგურის „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ ქართული სამსახურმა ტრადიციულად მოამზადა საქართველოში გასული კვირის განმავლობაში (6-12 მარტი) მომხდარი მოვლენების ტრადიციული მიმოხილვა (ავტორი – ეკა ქევანიშვილი).

გთავაზობთ ქართული მოვლენების „ამერიკულ ხედვას“:

ა) ბათუმი – კონფრონტაციის ქრონიკა

შაბათ საღამოს ვითარება მოულოდნელად დაიძაბა ქალაქ ბათუმში, სადაც პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მრავალრიცხოვან საპროტესტო აქციაში გადაიზარდა. აქციაზე 30-ზე მეტი პირი დაშავდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. გასულ კვირას ისევ არ წყდებოდა ვნებათღელვა როგორც ე.წ. „ციანიდის საქმისა“ და საპატრიაქროში მიმდინარე დაპირისპირების, ისე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო. მედიასა და საპატრაიარქოში ატეხილ ხმაურს საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის დაპირისპირებაც დაემატა.

არეულობა აჭარაში – კერძოდ, ბათუმში – შაბათს გვიან ღამით დაიწყო. სამართალდამცველები და მოქალაქეები ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირნენ, რაც მოქალაქეთა ჯგუფი აჭარის პოლიციის სამმართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა და იმ ექვსი პირის გათავისუფლება მოითხოვა, ვინც პოლიციამ, მათი თქმით, უკანონოდ დააკავა. მანამდე საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს თვითმხილველთა მონათხრობი, რომლის მიხედვითაც, საპატრულო პოლიციამ მანქანის არასწორად გაჩერებისთვის რამდენიმე მოქალაქე დააჯარიმა, რასაც პოლიციასა და დაჯარიმებულებს შორის შელაპარაკება, ხოლო შემდეგ ამ უკანასკნელთა დაკავება მოჰყვა.

მათი დაკავებიდან სულ მალე დაიწყო საპროტესტო აქცია, რომელზეც გაისმა მოწოდებები დაკავებულთა გათავისუფლებისა და აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის გადადგომისკენ. აქციის მონაწილეთა თქმით, პოლიციის უფროსი გორელია და ადგილობრივ მოსახლეობას „თათრებად“ მოხსენიებით შეურაცხყოფას აყენებს.

​აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს სამართალდამცველებს და ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის რამდენიმე მანქანას. აქციის დასაშლელად პოლიციის სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ბათუმში ჩავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელმაც აქციის მონაწილეებს მოუწოდა შეეწყვიტათ ძალადობა და, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, მიიღო გადაწყვეტილება ექვსი დაკავებული პირის გათავისუფლების თაობაზე.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის, ინფორმაციით, პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად ბათუმის საავადმყოფოებში მოათავსეს 30-ზე მეტი პირი. დაშავებულთა შორის რამდენიმე პოლიციელია.

„ბათუმში წუხელ განვითარებულ მოვლენებს, სამწუხაროდ, პოლიტიკური ელფერიც დაჰკრავს“, – უთხრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ჟურნალისტებს ბათუმში განვითარებული მოვლენების შეფასებისას.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას პირობა დადო, რომ ვანდალურ აქტთან დაკავშირებული არც ერთი პირი დაუსჯელი არ დარჩება.

ბ) „რუსთავი-2“-ის საქმე

„რუსთავი-2“-ის საქმე გასულ კვირაში კვლავ ყურადღების ცენტრში იყო. სტრასბურგში გაიგზავნა მედიასაშუალებების, მესამე სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საპროტესტო მიმართვები. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიაექსპერტების წარმომადგენელთა ერთ ნაწილს 6 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა, სტრასბურგის სასამართლოს 3 მარტის გადაწყვეტილებაზე ილაპარაკა და მედიაომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტის დაარსების ინიციატივით გამოვიდა: „გამოვდივარ ინიციატივით, ჩამოვაყალიბოთ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი, სადაც მოწვეული იქნებიან მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებადამცველები. მე დღეს საჯაროდ ვიწვევ სათანამშრომლოდ საერთაშორისო დონის ევროპელ მედიაექსპერტებს და სპეციალისტებს, რომლებმაც თავისი მოღვაწეობით და საქმით დაამტკიცეს საკუთარი პროფესიონალიზმი. ამ ინსტიტუტმა მუდმივად უნდა აწარმოოს ჩვენს ქვეყანაში მედიაგარემოსა და მის განვითარებაზე დაკვირვება, მონიტორინგი და ეს უნდა შეეხოს როგორც „რუსთავი 2″-ის ირგვლივ არსებულ ვითარებას, ისე საზოგადოებრივ მაუწყებელში და ზოგადად მედიასივრცეში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ ვართ ღია თანამშრომლობისთვის, ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩვენი ინსტიტუტების დაცვით და მათი გაძლიერებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორედ ევროპულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე იყოს დაფუძნებული“.

პრემიერის ამ ინიციატივას არ იზიარებს ამავე შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს სპონტანური ინიციატივა პრობლემას ვერ მოაგვარებს: „ეს ვერ განმუხტავს სიტუაციას… რა თქმა უნდა, ეს არ უშველის… ვნახოთ, რას იტყვის ევროპის სასამართლო: დაირღვა თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლება საქართველოში „რუსთავი-2“-ისთვის. ეს არის ძირითადი განსახილველი თემა სტრასბურგში და თუ ეს დადგინდა, მაშინ ჩვენ კიდევ სხვა პრობლემას ვაწყდებით – ჩვენ ვაწყდებით სამართლიანი სასამართლოს პრობლემას საქართველოში და ამ შემთხვევაში მედიაომბუდსმენი ვეღარ გვიშველის. ეს არის პრობლემა, რომ ჩვენ კრიზისული ვითარების რაღაც კასკადი მივიღეთ…“.

„რუსთავი-2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩი“, რომელმაც კვირის დასაწყისში მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, არ დაუშვას „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება მანამდე, ვიდრე საქმეს სტრასბურგის სასამართლო არ განიხილავს. შვიდ მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმხილველმა პალატამ, „რუსთავი-2“-ის იურისტების მიერ მომზადებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, დააკმაყოფილა ტელეკომპანიის მოთხოვნა და უვადოდ შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიის მფლობელად ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გამოცხადდა. 7 მარტის გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ გააგრძელა 3 მარტს მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც თავდაპირველად აღსრულების რამდენიმედღიან შეჩერებას გულისხმობდა. საგანგებო ბრიფინგზე ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა,ნიკა გვარამიამ განაცხადა: „მე მინდა მივულოცო ეს დღე ყველა იმ ადამიანს, ვინც ნამდვილად იდგა ჩვენს გვერდით. მთელ ქართველ ერს, მთელ ქართულ საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს, პოლიტიკურ პარტიებს, ჩვენს მეგობარ დიპლომატებს, უცხო ქვეყნის მთავრობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს – მათმა ერთსულოვნებამ და მათმა უპირობო მხარდაჭერამ არა პირველ რიგში „რუსთავი 2“-ის, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართული დემოკრატიის მისამართით… ერთხმად მხარდაჭერამ მოიტანა ის, რომ დღეს ევროპამ ჩვენ გადაგვარჩინა, მან გადაარჩინა ქართული დემოკრატია… ყველას გილოცავთ…“.

მიმდინარე მოვლენებს ექვს მარტს ვიდეობლოგით გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე. მან თქვა, რომ მედიის მდგომარეობა საქართველოში დამაკმაყოფილებელია, სიტუაცია „შფოთს არ იწვევს“, ხოლო ოპონენტები „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ემსახურებიან: „ვინც ჩვენ გვეუბნება და გვიკიჟინებს, – ჩვენი შინაური ჟურნალისტები და ოპოზიცია მყავს მხედველობაში, – დავიჯერო, კოლექტიურად დაექვემდებარეთ ნაციონალების პროპაგანდისტულ ჰიპნოზს და დაიჯერეთ, რომ სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება?! ვისგან? რისგან? ნაციონალების დროინდელმა ერთმა მფლობელმა ნაციონალების დროინდელ მეორე მფლობელს ტელევიზია სასამართლოს ძალით დააბრუნებინა – ეგ გახდა თქვენი თავისუფლების პრობლემა?! სირცხვილია, როცა სრული თავისუფლების პირობებში ყვირიან, რომ იზღუდებიან რამეში“.

გ) „ციანიდის საქმე“

კვლავ მედიის ყურადღების ცენტრშია, ე.წ. „ციანიდის საქმე“. 8 მარტს მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა „ციანიდის საქმეში“ მტკიცებულებების სახით არსებული ვიდეო და აუდიომასალების ნაწილი, რომლითაც დასტურდება დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის, მცდელობა მოეპოვებინა მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი გერმანიაში გამგზავრებამდე. გამოქვეყნებული ჩანაწერებიდანაც ირკვევა და მთავარ პროკურატურაშიც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ მასალების მოპოვების დროს გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, თუმცა დაკავებულისთვის წაყენებული ბრალი არა პატრიარქს, არამედ მის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს, უკავშირდება. ბრალდებულის ადვოკატების განცხადებით, გამოქვეყნებული მასალები დამონტაჟებულია და მასში ასახული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. საქმის მიმართ შეკითხვები უჩნდებათ იურისტებს, რომლებიც მოვლენათა განვითარებას ყურადღებით ადევნებენ თვალყურს.

8 მარტს გამართულ ბრიფინგზე საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ისიც აღნიშნა, რომ თეთრუაშვილის გარდა, შესაძლოა ციანიდი სხვა პირებისთვისაც ყოფილიყო გამიზნული: „მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალდება წარედგინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენისა და შენახვის ფაქტზე. ვინაიდან, საქმეზე მოპოვებული ცალკეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, არსებობდა ეჭვი, რომ გიორგი მამალაძე შესაძლოა ამზადებდა სხვა პირების მკვლელობასაც, ასევე, რომ იგი, სავარაუდოდ, მოქმედებდა თანამზრახველებთან ერთად, გაძლიერებულ იქნა გერმანიაში ყოფნის დროს პატრიარქის უსაფრთხოება“.

გავიხსენოთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა 2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და, გამოძიების მასალების თანახმად, მისი ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება – „ნატრიუმის ციანიდი“.

მთავარმა პროკურატურამ 8 მარტს განაცხადა, რომ „ბრალდებულმა აქამდე დასმულ ვერც ერთ მნიშვნელოვან კითხვას დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა. იყო კრიტიკული შეკითხვები, რომელზედაც საერთოდ უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე“. თუმცა, როგორც ადვოკატები აცხადებდნენ, გარკვეული დროის მანძილზე დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლეოდა მისი დაკითხვის საშუალებას, ხოლო შემდეგ დაკავებულმა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე მანამდე, ვიდრე არ იქნებოდა დაცული მისი ოჯახის უსაფრთხოება. 8 მარტს ცნობილი გახდა, რომ გიორგი მამალაძის ოჯახს სახელმწიფომ დაცვა დაუნიშნა.

დ) საეკლესიო სინოდის სხდომა

გასულ კვირაში, კერძოდ კი 9 მარტს საპატრიარქოში გამართულმა სინოდის საგანგებო სხდომამ თანამდებობიდან გადააყენა საპატრიარქოს ტელევიზიის გენერალური დირექტორი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, რომლის თქმითაც, წმინდა სინოდის გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება მის მიერ საპატრიარქოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს. მიტროპოლიტი პეტრე აკრიტიკებდა პატრიარქის მდივანს, შორენა თეთრუაშვილს, და ღიად საუბრობდა საპატრიარქოს შიგნით არსებულ პრობლემებზე.

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ამ გადაწყვეტილებას მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ასე გამოეხმაურა: „ვფიქრობ, რომ მიკერძოებული სამართალი იყო და მიმაჩნია, რომ ამ არსებულ პრობლემებში ჩემი საკითხის დაყენება არ იყო მნიშვნელოვანი. მირჩევნია, რომ დავისაჯო სიმართლისათვის, ვიდრე ტყუილით გავმართლდე“.

სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთებული განცხადებებიდან გაირკვა, რომ სინოდის წევრებს სიღრმისეულად არ უსაუბრიათ საპატრიარქოში არსებული პრობლემების შესახებ. მიტროპოლიტ პეტრეს დასჯა კი თეოლოგსა და რელიგიურ უფლებათა დამცველ ბექა მინდიაშვილს აფიქრებინებს, რომ სინოდსა და საპატრიარქოს არანაირი რესურსი არ გააჩნია გაუმკლავდეს უმწვავეს კრიზისს: „ეს არის იდენტობის კრიზისი და მორალური კრიზისი, რომელიც დგას საპატრიარქოსა და მთელი ეკლესიის წინაშე, რის შესახებაც ავად თუ კარგად ცდილობდა ესაუბრა მიტროპოლიტ პეტრეს და ერთადერთი გამოსავალი, რომელიც მათ იპოვნეს, არის იმ ადამიანის დასჯა და დადუმება (დარწმუნებული ვარ, რომ პეტრე ამის შემდეგ აღარ ისაუბრებს), რომელიც ცდილობდა ამ ჭაობის შეყანყალებას. ეს მოასწავებს იმას, რომ საპატრიარქო კარგა ხნით ისევ დაილუქება გარეშე თვალისთვის და ისევ წარმოუდგენლად საზარელი პრობლემები დაგროვდება, რის შესახებაც პეტრე საუბრობდა, იქნება ეს ბიზნესი, წილები, ურთიერთსიძულვილი, ათასნაირი დანაშაულის დაბრალება და სხვა და სხვა“.

დღის ბოლოს საპატრიარქომ გამოაქვეყნა წმინდა სინოდის განჩინება, რომელიც საზოგადოებას სხდომის მდივანმა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა გააცნო. მისი თქმით, სხდომაზე კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მწუხარებით აღნიშნა, რომ გახშირდა შემთხვევები, როდესაც სასულიერო პირები საჯარო სივრცეში ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ.

პეტრე ცაავას შემცვლელად კი საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორად ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე დაინიშნა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილება, ჩაიკეტოს სამეგრელოსთან ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტების ნაწილი. ორსანტია-ოტობაიისა და ხურჩა-ნაბაკევის ე. წ. გადასასვლელების ჩაკეტვას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიც, რომლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გამოთქმულია ღრმა შეშფოთება აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო. ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს ადგილობრივი მოსახლეობა, თუმცა დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.

ე) დაპირისპირება პრეზიდენტსა და პარლამენტის სპიკერს შორის

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც გასულ კვირაში გააქატიურდა, საკონცტიტუციო ცვლილებები და პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის არსებული ღია დაპირისპირება იყო. ირაკლი კობახიძემ გიორგი მარგველაშვილს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში ჩარევასა და „ღრმა უპატივცემულობაში“ დასდო ბრალი.

ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილს ბრალს სდებს ასევე პარლამენტის უფლებამოსილების მითვისებაშიც და განმარტავს, რომ, „კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ორგანიზება არის საქართველოს პარლამენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა“. სამპუნქტიანი წერილობითი განცხადების მესამე პუნქტი სახელმწიფო-საკონსტიტუციო კომისიის ხელის შეშლის ბრალდებას უკავშირდება:

„როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ისე რაციონალური ლოგიკის თანახმად, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა შეიძლება გაიმართოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომზადდება და საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი. აქედან გამომდინარე, კანონპროექტზე მუშაობის დასრულებამდე 2 თვით ადრე პრეზიდენტის მიერ აღნიშნული ინიციატივის განცხადება მოკლებულია რაციონალურ საფუძველს და მხოლოდ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობისთვის დაბრკოლების შექმნას შეიძლება ისახავდეს მიზნად“.

კონსტიტუცია ყველას კუთვნილებაა და საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ჩართვა ექსკლუზიურ უფლებას არ წარმოადგენს და რაც უფრო მეტი ფორმატი მოემსახურება ამ პროცესს, მით უკეთესი იქნება – ამ პოზიციით გამოეხმაურა მესამე სექტორი პარლამენტის თავმჯდომარის 9 მარტის წერილობით განცხადებას, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა, თავის მოკლე კომენტარით გვამცნო, რომ პარლამენტის სპიკერის წერილის შინაარსი მორიგ მუქარად იქნა აღქმული:

„ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის 12 დეკემბერს საზოგადოება ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ უზრუნველვყოფდით ძალიან ფართოდ დისკუსიებს საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება საკითხს, რომელიც შეეხებოდა პრეზიდენტისადმი აქამდე არსებული მუქარების დანამატს, კერძოდ, დაემატა მუქარა-აკრძალვა, საკონსტიტუციო საკითხებზე ესაუბროს პრეზიდენტი საკუთარ ხალხს, რომლის გარანტიც თავად პრეზიდენტია. ეს საკითხი, უბრალოდ, არც ერთ რეალურ კომენტარს არ საჭიროებს“.

მწვავე დაპირისპირება პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს შორის, რამაც ბოლო პერიოდში იჩინა თავი, ძირითადად პრეზიდენტის არჩევის წესს უკავშირდება. მარტის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ, გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან აშორების მიზნით და გიორგი მარგველაშვილის ფაქტორის გათვალისწინებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, სავარაუდოდ, ისევ პირდაპირი წესით ჩატარდება, ხოლო შემდეგ უკვე, საქართველოს ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს.

ამ პროცესის ერთგვარი გაგრძლება გახდა კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“,რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ყველა სოფელსა და ქალაქს მისწვდება და მისი მიზნობრივი აუდიტორიაც ფართო იქნება – სტუდენტებიდან და აკადემიური წრეებიდან დაწყებული, ეთნიკური უმცირესობებითა და სამოქალაქო და პოლიტიკური წრეებით დამთავრებული. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, განაცხადა, კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ არც ალტერნატიული საკონსტიტუციო პროცესია და არც კონსტიტუციური ცვლილებების ალტერნატიული პროექტის შექმნის მცდელობა. იგი ამბობს, რომ კამპანია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას საზოგადოების აზრის უკეთ გაგებაში დაეხმარება.

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 13 მარტი, 2017 წელი

http://www.bbc.com/russian/news-39249371

საქართველო: ბათუმის უწესრიგობებში ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს ადანაშაულებენ

„ბათუმში 11 მარტის საღამოს დაწყებული აქცია გამოვიდა სიტყვის თავისუფლების ჩარჩოებიდან გამოვიდა და დაპ[ირისპირებაში გადაიზარდა, რომელიც, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდაღრვევის ნიშნებს შეიცავს“, - სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის მიერ წარმოთქმული ამ სიტყვებით იწყება ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის კორესპონდენტის ნინა ახმეტელის რეპორტაჟი ბათუმში განვიტარებული მოვლენების სესახებ.

პუბლიკაციაში გადმოცემულია მოვლენათა განვითარების ქრონიკა: პოლიციელსა და მძღოლს შორის მომხდარი თითქოსდა უმნიშვნელო ინციდენტი ჯარიმის გამო, მოსახლეობის ჩარევა, დაპირისპირების გამწვავება, დარბევების ფაქტები... „სამწუხაროდ, აქცია, რომელიც მშვიდობიანად დაიწყო, ძალადობაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ადამიანებმა ტრამვები მიიღეს, დაზიანდა და განადგურდა ქონება. საქარტველოს სახალხო დამცველი ამგვარ ქმედებას კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში, რომელმაც აღნიშნა, რომ სამართლადმაცველების რეაგირება დაგვიანებული აღმოჩნდა, მთელი ღამის განმავლობაში მოსახლეობა თავს დაუცველად გრძნობდაო. უჩა ნანუაშვილის თქმით, ბათუმში მომხდარი მოვლენის გამოძიება ობიექტურად უნდა წარიმართოს, აუცილებელია მისი ანალიზი და დასკვნების გაკეთება.

მართლაცდა რა მოხდა ბათუმში - ეს სტიქიური პროტესტი იყო თუ რომელიღაც ძალის მიერ ორგანიზებული პროვოკაცია? „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტი ამ კითხვაზე პასუხისას ხელისუფლებისა და ოპოზიციის კომენტარს გვთავაზობს:

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქვეყანაში მოქმედმა დესტრუქციულმა ოპოზიციამ ადამიანთა ემოციებზე ითამაშა და უკმაყოფილება თავის სასარგებლოდ გამოიყენა. „სეფასება ერთმნიშვნელოვანია. ამ ქვეყანას კონსტრუქციული და სამშობლოს მოყვარე მთავრობა ჰყავს, რომელიც კანონს და მოქალაქეთა მყუდროებას იცავს. ამ ქვეყანას ჰყავს აბსოლუტურად დესტრუქციული ოპოზიცის ნაწილიც, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა და მოქალაქეთა უფლებები არაფრად არ უღირს. მათ არ სურთ მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება და მოსახლეობის გრძნობებს თავიანთი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად იყენებენ“.

ოპოზიციური „ერთიანი ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის ზაზა ბიბილაშვილის თქმით, „ვერავინ ვერ შეძლებს „ნაციონალური მოძრაობის“ გაიგივებას უკანონობასთან, ვანდალიზმთან და ყოველივე იმასთან, რაც ბათუმში მოხდა“.

პარტია „მოძრაობა თავისუფლებისათვის - ევროპული საქართველო“, რომელშიც „ნაცმოძრაობას“ გაშორებული წევრები და პარლამენტის დეპუტატები შედიან, კატეგორიულად გმობს ბათუმში მომხდარ ვანდალიზმის აქტებს, თუმცა ასევე აღნიშნავს რომ მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება: „საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რა არის ბათუმში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების ნამდვილი მიზეზი. მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია შექმნილი, რაც ფეთქებადსაშიშ სიტუაციას ქმნის“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, თბილისის ყოფილი მერი  გიგი უგულავა. მისი თქმით, ბათუმში მომხდარი ამბები ან ძალოვან სტრუქტურებში არსებული შიდა დაპირისპირების გამო მოხდა, ან იმ ჯგუფების ბრალია, რომლებსაც ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებდა და ახლა მათ ვეღარ აკონტროლებს.

----------

უცხოეთის მასმედიის მიერ ბათუმში მომხდარი ანტისამთავრობო აქციის თაობაზე 12 მარტს საკმაოდ ბევრი ფაქტობრივი მასალები გაავრცელდა, რაიმე კომენტარების გარეშე: მაგალითად, ამერიკული «Associated Press»-ის მასალა სათაურით „საქართველოს ქალაქში პოლიციასთან მომხდარი შეტაკების დროს 21 ადამიანი დაშავდა“, გერმანული «Deutsche Welle» - „ბათუმში მომხდარი უწესრიგობების გამო 40 ადამიანი დააკავეს“.... ინფრომაციები გაავრცელეს აგრეთვე ფრანგულმა „ფრანს-პრეს“-მა, ბრიტანულმა „როიტერმა“, რუსულმა მასმედიამ და ა.შ.

«Российская газета» (რუსეთი), 13 მარტი, 2017 წელი

https://rg.ru/2017/03/12/v-batumi-proizoshli-massovye-besporiadki.html

დუღილის წერტილი

ბათუმური უწესრიგობები

ნადეჟდა ერმოლაევა, მაქსიმ მაკარიჩევი

საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში - ბათუმში შაბათ საღამოს მასობრივი არეულობები მოხდა. ყველაფერი კი, როგორც ჩანს, უმნიშვნელო საბაბით დაიწყო: პოლიციის თანამშრომლებმმა ილია ჭავჭავაძის გამზირზე ორი პიროვნება დააკავეს, რომლებთაგანაც ერთ ერთმა - ავტომანქანის მძღოლმა გზაზე მოძრაობის წესები დაარღვია. მამა-შვილი პოლიციის წარმომადგენლებს არ დაემოქრჩილენ და ჯარიმის გადახდაზე უარი განაცხადეს. დამრღვევებს კიდევ ოთხი პიროვნება მიეშველა. მოქალაქეებსა და ძალოვანებს შორის (ეს უკანასკნელნი,  როგორც ამბობენ, თბილისიდან იყვნენ ბათუმში [მივლინებულნი]), სიტყვიერი შეხლა-შემოხლა დაიწყო. სოციალური ქსელების ერთ-ეერთი მომხმარებლის – ირაკლის თქმით, პოლიციელებსა და ქალაქის მოსახლეობის შეტაკების დროს იგი „ფრონტის წინა ხაზზე“ იმყოფებოდა. ირაკლი ამტკიცებს, რომ პირველმა სწორედ პოლიციამ გამოიყენა ძალა რიგითი მოქალაქეების მიმართ: „ყველაფერი იმით დაიწყო, რომ წესრიგის დამცველებმა მუშტები უთავაზეს მამაკაცს, რომელმაც უარი განაცხადა ჯარიმის გადახდაზე დაკავების მომენტში. დაინახეს რა, რომ პოლიციელები ნხანდაზმულ კაცს ურტყამდნენ, გამვლელებმა ჩარევა გადაწყვიტეს. ასე დაიწყო მასობრივი ჩხუბი, რომელიც შემდეგ უწესრიგობებში გადაიზარდა. ამ ადამიანებს უნდა გავუგოთ: ისინი გაბრაზებულნი არიან პოლიციაზე, რომელმაც მოქალაქეთა უფლებები და კანონი დაივიწყა“.

საბოლოო ჯამში დაახლოებით 40 წესრიგის დამრღვევი დააკავეს, 33 კი დაშავდა. ბათუმელების ბუნტი ისეთი მოულოდნელი და მძლავრი აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებამ უწესრიგობების ჩასახშობად სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები გამოიყენა: „ხალხი უკვე დაშინებულია. პოლიციამ უკვე თავი უდანაშაულოდ და დაუსჯელად იგრძნო. ხალხის ნდობა საქართველოს სამართალდამცველების მიმართ გაქარწყლდა. მათდამი ნდობა აღარ არის, სამაგიეროდ, ადამიანებს შიშის გრძნობა გაუჩნდათ“.

ჯარიმასთან დაკავშირებული ინციდენტი ის ნაპერწკალი აღმოჩნდა, რომელმაც აჭარის უკმაყოფილო მოსახლეობის, ანუ „დენთით სავსე კასრის“ აფეთქება განაპირობა. ბათუმელები ჩივიან, რომ ოფიციალური თბილისი ავტონომიურ რესპუბლიკას მცირე ყურადღებას უთმობს, პირველ რიგში რთულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს… მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოხატავს სამართალდამცველი ორგანოების თავგასული მოქმედების მიმართ. ყოველივე ამის სესახებ ისინი სოციალურ ქსელებში წერენ: „საპატრულო პოლიცია უმნიშვნელო დარღვევაზეც კი აჯარიმებს ადამიანებს და მათ აზრს ყურადღებას არ აქცევს. დავა ზალიან ხშირად ხდება ხოლმე. შაბათს საღამოს კი მოსახლეობის უკმაყოფილება პირდაპირ ბუნტში გადაიზარდა“, – ასე წერს ქსელის მომხმარებელი ელგუჯა ბაგრატიონი.

თუმცა სხვა თვალსაზრისიც არსებობს: ინტერნეტის ერთ-ერთი მომხმარებელი ირაკლი მარგიევი აღნიშნავს: „დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩემთვის ერთი რამ ნათელი გახდა: პოლიციისაგან ვითომდა „ნაწყენი“ ადამიანების 99%-ს სულ ფეხებზე ეკიდა, თუ ვინ ვის გამოუწერა ჯარიმა და ვინ ვიღაცა რატომღაც დააკავა. ქუჩაში გამოვიდნენ უსაქმურები, ლოთები და ისისნი, ვისაც წლობით თბილი ადგილები ჰქონდათ დაკავებული და შემდეგ დაკარგეს. ეს არის ჯოგის მომქდების პრინციპი: ყველაფერი დალეწოს, დაანგრიოს, ააყირავოს და დაწვას არამარტო პოლიციის, არამედ თანამოქალაქეთა ავტომანქანებიც, რომლებსაც მათთვის არაფერი დაუშავებიათ, ისვრიან ქვებს და თან დარწმუნებულნი არიან, რომ ისინი ამით ხელისუფლების დარღვევების წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავენ“.

საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში მომხდარ უწესრიგობებში „დესტრუქციული პოლიტიკური ძალები“ დაადანაშაულა. საქარტველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მომხდარში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ოპოზიციური პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომელსაც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს.

«Независимая газета» (რუსეთი), 13 მარტი, 2017 წელი

http://www.ng.ru/editorial/2017-03-13/2_6946_red.html

საქართველო დუღილს იწყებს

საზოგადოების ნაწილი ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში დაბრუნებას თხოვს

რედაქცია

საქართველოს 4-წლიანი სტაბილურობა დასრულდა. „ქართული ოცნების“ მმართველობის მეხუთე წელს მოსახლეობა თავს მოუსვენრად გრძობს. საზოგადოების ნაწილი ბიძინა ივანიშვილისაგან, რომელმაც 2012 წელს ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, ითხოვს, რომ ქვეყანას მოუაროს, რადგან მან საქართველო ისეთ მეურვეს დაუტოვა („ქართულ ოცნებას“), რომელიც მოვალეობას თავს ვერ ართმევს.

ავტონომებში დაძაბულობა მატულობს, რომელთაგან თბილისი ორს თავისად მიიჩნევს და მათ „ოკუპირებულს“ უწოდებს. სამხრეთ ოსეთში მწვავდება დებატები რესპუბლიკისათვის სახელის გადარქმევისა („სამხრეთ ოსეთი ანუ ალანეთი“) და რუსეთთან მიერთების მიზნით დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით. სიტუაციას ნერვიულობას მატებს ექს-პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის მოქმედებაც, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს.

კვირას არჩევნები ჩატარდა არაკონტროლირებულ ავტონომიურ რესპუბლიკა აფხაზეთში, რომელშიც ექს-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი მონაწილეობდა. 2014 წლის მაისში, ოპოზიციის ზეწოლით, იძულებული გახდა თანამდებობა ვადაზე ადრე დაეტოვებინა. ოპოზიციას კი დღევანდელი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ხელმძღვანელობდა. ცხადია, თავმოყვარე ალექსანდრ ზოლოტინსკოვიჩი ასეთ სიტუაციას არანაირად არ შეურიგდებოდა. პარლამენტის დეპუტატად ანქვაბის არჩევა, რაც ხელისუფლებას ძალიანაც არ სურდა, შეიძლება ექს-პრეზიდენტისთვის მომგებიანი გახდეს [ზოგიერთებისათვის სამაგიეროს გადახდის მიზნით].

შაბათს, გვიან საღამოს კი მოულოდნელად აჭარის ავტონომიაშიც უწესრიგობები დაიწყო. მძღოლსა და პოლიციელს შორის მომხდარი კონფლიქტი ბათუმელი ახალგაზრდების მიერ მთელი კვარტლის დაზიანებისა და ავტომანქანების დაწვაში გადაიზარდა. პოლიციამ სიტუაციის გაკონტროლება მთელი ღამის განმავლობაში ვერ მოახერხა და საბოლოოდ, ვითარება მხოლოდ სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების დახმარებით გამოსწორდა, რომელმაც ცრემლმდენი გაზის და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ასეთ მოულოდნელ და უცაბედ ბუნტს საკმაოდ საეჭვო ხასიათი აქვს. საქართველოს მოსახლეობას აქტიური გამოსვლებისათვის ყოველთვის დრო ჭირდებოდათ, მათი „მოთმინების ფიალა“ სწრაფად არ ივსებოდა, ბათუმში კი, ქალაქის ყველა პრობლემის გათვალიწინებითაც კი,  ცხოვრება მაინცდამაინც მძიმე არ არის, მით უმეტეს, სეზონური შემოსავლების ფონზე.

დღეს ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაცმოძრაობა“ აქციის ჩატარებას გეგმავს. ჯერ-ჯერობით გაუგებარია, ბუნტში მონაწილე ახალგაზრდობისადმი სოლიდარობის მიზნით თუ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. მკითხველს გავახსენებთ, რომ პარლამენტის არჩევნებში დამარცხების შემდეგ ექს-პრეზიდენტმა მ.სააკაშვილმა თავის თანაპარტიელებს მასობრივი უწესრიგობისაკენ მოუწოდა, რათა კიდევ ერთხელ ასეთი გზით მოსულიყო ხელისუფლებაში. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს კეთილმოწყობილ ბათუმში იგი ჯერ კიდევ სარგებლობს პოპულარობით, თუმცა მისი პასიურობა ბათუმური ბუნტისა და საერთოდ, საქართველოში ახლახან მომხდარი მოვლენებისადმი, თუ ექს-პრეზიდენტის ჰიპერაქტიურობას გავითვალისწინებთ, საკმაოდ საეჭვოდ მოჩანს.

ბათუმში ღამით მომხდარმა მოვლენებმა თბილისში აქტუალიზებული გახადა კითხვა – რითაა დაკავებული ხელისუფლება? საზოგადოების ნაწილი პირად საუბრებსა და სოციალურ ქსელებში აშკარად უკმაყოფილოა და სერიოზული პრობლემების მოუგვარებლობაზე ჩივის. მათ საეჭვოდ და ფარსად მიაჩნიათ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ირგვლივ მიმდინარე ორწლიანი პროცესი, რომელსაც გასულ კვირას ევროპიდან ანტისამთავრობო შეძახილი ახლდა: „ტელეარხს ხელი არ ახლოთო“, – ასე დაადგინა ადამიანის უფლებათა სასამართლომ, რასაც თან მოჰყვა გაფრთხილება – თუ ასე გააგრძელებთ, უვიზო რეჟიმს ვერ მოესწრებითო. არადა, სწორედ ვიზალიბერალიზება ითვლება ხელისუფლების მნიშვნელოვან წარმატებად.

კიდევ ერთი მომენტი აღმოჩნდა ხელისუფლებისათვის არასასიამოვნო – საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით. ოფიციოზის განმარტება რომელიღაც იერარქის მოწამვლის მცდელობაზე და მის ირგვლივ განვითარებული ინტრიგები არადამარწმუნებელი აღმოჩნდა საზოგადოებისათვის. საერო ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმდენი კომენტარი გააკეთეს, რომ საბოლოოდ სიტუაცია აბსურდული გახდა და ამით საკუთარს თავს მიაყენეს ზიანი – გამოაშკარავდა მათი სუსტი არაკომპეტენტურობა მომხდართან ამბებტან მიმართებით: ოფიციალურ თბილისს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის მოვლენებზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია, ხოლო ბათუმში რამდენიმე ათეული ხულიგნის დაშოშმინებისთვის, რომლებიც ყველაფერს ანადგურებდნენ, ხელისუფლებას მთელი ღამე დაჭირდა. ეს ყველაფერი კი ხდება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაურესებისა და თბილისში მიმდინარე პერმანენტული საპროტესტო აქციების ფონზე („რუსთავი-2“-ის, ქალთა უფლებებისა თუ სექსუალური უმცირესობის დაცვის შესახებ).

საქართველოს პრემიერი ლაპარაკობს იმ ძალებზე, რომლებიც დაინტერესებულნი არიან დესტაბილიზებაში და ბათუმში ჩადის იმის გასაგებად, თუ რა მოხდა. ყოფილი ხელისუფალნი დღევანდელებს არაქმედითუნარიანობაში ადანაშაულებენ და რევანშის ფორსირებას ცდილობენ. შესაძლოა პროცესები მიხეილ სააკაშვილის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მოვლენების ასეთ სპექტრში საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლი მოწოდება ბიძინა ივანიშვილისადმი -  „გაიღვიძეთ და ქვეყანას მოუარეთო“ – სულაც არ გამოიყურება ხელოვნურად და სარკასტულად.

———–

«Независимая газета»-ში გამოქვეყნებულია კიდევ ერთი სტატია ბათუმის მოვლენებზე სათაურით „საქართველო: ბათუმური ამბოხი“, რომელშიც გადმოცემულია მოვლენათა ქრონიკა: პოლიციისა და მძღოლს შორის მომხდარი ინციდენტი ავტომობილის არასწორი პარკირების გამო (ჯიმი ვარშანიძე, მამასთან ერთად, სასაფლაოდან შინ ბრუნდებოდა და რადგან მამამისი ცუდად გახდა, აფთიაქში სასწრაფოდ წამლის ყიდვა გახდა საჭირო, ავტომანქანაც ამიტომ გააჩერა. ამის მიუხედავად, პოლიციამ მაინც დააჯარიმა. საქმეში გამვლელები ჩაერიენ, თუმცა ისინი პოლიციამ დააკავა. ბათუმელებმა, უმეტესად ახალგაზრდებმა, ქალაქის პოლიციის წინ შეკრება დაიწყეს და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს, პლუს პოლიციის უფროსის გადაგომა, რადგანაც, ახლაგაზრდების აზრით, სწორედ მისი ბრძანების ძალით გამკაცრდა ჯარიმები…). წყარო: http://www.ng.ru/cis/2017-03-13/6_6946_batumi.html

გაზეთ «Московский комсормолец»-ში დაბეჭდილ სტატიაში სათაურით „ბათუმური ამბოხი 80-დოლარიანი ჯარიმის გამო“ (ავტ. ელენა გამაიუნი) საკმაოდ დეტალურადაა აღწერილი მომხდარი მოვლენები, საქართველოს ხელისუფლების რეაქცია, განცხადებები და ა.შ. პუბლიკაციის დასასრულს მკითხველი ეცნობა რუსეთის ქართველთა კავშირის წევრის, პოლიტოლოგ იგორ გვრიტიშვილის კომენტარს: „მე მხარს ვუჭერ ვერსიას, რომლის თანახმად, ბათუმში მომხდარი უწესრიგობები საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების მიერ იყო პროვოცირებული. მათ სიტუაციით ისარგებლეს. საქმე იმაშია, რომ საქართველოს პოლიცია სამართლიანია, თუმცა იმავდროულად საკმაოდ მკაცრიც. ყოველგვარ დარღვევას ჯარიმა მოსდევს. მე პერიოდულად ჩავდივარ საქართველოში ჩემი ავტომობილით და ერთი-ორჯერ მეც ვიწვნიე ჯარიმები: ხან აკრძალულ ადგილზე ვჩერდებოდი, ხან სიჩქარეს ვაჭარბებდი… ჯარიმებს უდრტვინველად ვიხდიდი, რადგანაც ვიცი – პატრული სამართლიანად იქცევა. ბათუმში მომხდარ ამბავსაც ბანალური საფუძველი აქვს: კაცი დააჯარიმეს, მან კი გადახდა არ მოისურვა და ამ დროს ნერვებმა უმტყუნა. ვინც დაინახა, მისი მხარე დაიკავა. თუმცა, საზოგადოებრივი გამოკითხვის მიხედვით, საქართველოში პოლიციის მიმართ 80%-ანი კეთილგანწყობა არსებობს… ბათუმური ინციდენტით „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა ისარგებლეს. როგორც ჩანს, ისინი ერთმანეთს სოციალური ქსელებით დაუკავშირდნენ და ერთად შეიკრიბნენ, შემდეგ მასობრივი უწესრიგობები მოაწყეს. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის არჩევნების წინ თავის მომხრეებს სწორედ ასეთი დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდებდა. ბათუმში აგრესიული აქცია მოხდა, 15 პოლიციელიც დაშავდა, რაც სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ანტისახელისუფლო გამოსვლა ხელოვნურად იყო ორგანიზებული. თუმცა მე არ ვთვლი, რომ ეს ყველაფერი ქვეყანას  პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანს. ამჟამად ბათუმი მშვიდადაა, ხულიგნები დაკავებულნი არიან. ალბათ, მკაცრ ზომებს მიიღებენ, რადგან პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა დასჯადია“ (წყარო: http://www.mk.ru/incident/2017/ 03/12/besporyadki-v-batumi-vspykhnuli-izza-shtrafa-v-80 -dollarov.html).

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი რადიოსადგურ «Красная звезда»-ს ეთერში ბათუმის მოვლენებზე კომენტარი გააკეთა პოლიტოლოგმა ანრეი არეშევმა: „ამ ინციდენტის სარჩული,ალბათ, საქართველოს რთულ სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციაში მდგომარეობს. ჰიპოთეტურად ვერ გამოვრიცხავთ და აშკარად ჩანს, რომ მომხდარში რაღაც ორგანიზებული ძალის მოქმედება შეინიშნება, მაგრამ რადგანაც ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარება მოსახლეობისათვის მაინცდამაინც კარგი არაა, სწორედ ასეთი ფონის დროს ხდება ხოლმე მსგავსი ინციდენტები“ (წყარო: http://tvzvezda.ru/news/vstrane_i_mire/content/201703121324-duzc.htm).

Comments are closed