«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ ნეით შენქენთან: „საქართველოში არაეფექტური პლურალიზმია»
«Комсомольская правда» (რუსეთი): მოგზაურობა „არატურისტულ“ ქვეყანაში: აყვავდი, ჩემო საქართველო, ევრომზის ქვეშ?
———————–
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 13 აპრილი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/nations-in-transit/3282906.html
ინტერვიუ ნეით შენქენთან: „საქართველოში არაეფექტური პლურალიზმია»
ნანა საჯაია
რადიოსადგურ „ამერიკის ხმას“ ქართულმა სამსახურმა ინტერვიუ ჩამოართვა ნეით შენქენს, „ფრიდომ ჰაუსის” ყოველწლიური ანგარიშის “გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნები” პროექტის დირექტორს.
„ამერიკის ხმა“: 2016 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროპაში დემოკრატიის მთავარი საფრთხე არალიბერალური პოლიტიკის და პოლიტიკური პარტიების გავრცელება იყო. წელს, რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში არჩევნები ტარდება, მათ შორის საქართველოში. რა არის საქართველოში დემოკრატიის მთავარი საფრთხე?
ნეით შენქენი: საქართველოს არჩევნებში ვფიქრობ, მთავარი საფრთხე მწვავე პოლარიზებაა. ქართულ პოლიტიკურ სისტემაში არსებული ძალები ერთმანეთის დემონიზებას ცდილობენ, შედეგად თანამშრომლობა ან კონსტრუქციული კრიტიკა შეუძლებელი ხდება. როგორც რეგიონის და ევროპის სხვა ქვეყნებში ვნახეთ, ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს არალიბერალური პარტიების მომძლავრებას, რომლებიც პატივს არ სცემენ დემოკრატიულ პრინციპებს და კითხვის ქვეშ აყენებენ დემოკრატიულ ღირებულებებს, ტოლერანტობას, განსხვავებული აზრის მიღებას. არ ვამბობ, რომ მსგავსი ძალები მთავარი მოთამაშეები გახდებიან, მაგრამ შეიძლება მათ მეტი მხარდაჭერა და გავლენა მოიპოვონ, ჩვენ ამ პროცესს დავაკვირდებით.
„ამერიკის ხმა“: თქვენ ამბობთ, რომ ეს არ არის საქართველოს დემოკრატიის მთავარი საფრთხე, რას მიიჩნევთ უმთავრეს პრობლემად?
ნეით შენქენი: მთავარი პრობლემა სასამართლო სისტემის პოლიტიზირებაა. ჩვენ ვნახეთ, რომ სასამართლო სისტემაში პოზიტიური ცვლილებები მიმდინარეობდა, ვფიქრობთ ეს სისტემასთან ურთიერთობა რიგით მოქალაქეებს უფრო გაადვილებული აქვთ. ჩვენ ამას დადებითად ვაფასებთ, რაც სათანადო ქულით გამოიხატა. მაგრამ ისეთი გახმაურებული საქმეების შემთხვევაში როგორიც იყო ყოფილი მერის – უგულავას და რუსთავი 2-ის საქმეები, ადგილი ჰქონდა ძალიან პოლიტიზირებული გადაწყვეტილებების მიღებას. იყო სასამართლო სისტემის ნაწილებს შორის კონფლიქტი, როცა სასამართლო სისტემის ერთი შტო უარყოფდა მეორე ნაწილის – ზოგჯერ მასზე მაღლა მდგომი ორგანოს გადაწყვეტილებებს. ამ გადაწყვეტილებების სხვაგვარად ახსნა რთულია, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებები იყო. ყველაზე მეტად სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილებების გვეშინია.
„ამერიკის ხმა“: დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს ყოველთვის ჰყავდა არჩეული მთავრობა. პირველად 25 წლის განმავლობაში საუბარია ჩრდილოვან მმართველობაზე. ანგარიშში ნახსენებია ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, როგორ აისახება ეს ფაქტორი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე და მის აღქმებზე?
ნეით შენქენი: აღქმებზე საუბარი უფრო ადვილია, რადგან, ზოგადად, არაფორმალური მმართველობის დამტკიცება უფრო რთულია. ანგარიშისთვის და მეთოდოლოგიისთვის, რომელიც დამტკიცებადი ფაქტების თავმოყრას ცდილობს, რთული გასაზომია მთავრობის გადაწყვეტილებებზე სცენის მიღმა მდგარი მილიარდერის ზუსტი გავლენა.
არაფორმალური მმართველობის აღქმა ცალმხრივად საზიანოა. სახიფათოა იმის აღქმა, რომ საქართველოს პოლიტიკას მართავს ანგარიშვალდებულიანი სისტემის მიღმა მდგარი აქტორები. ჩვენ ვაკვირდებით და ვხედავთ ამ გავლენის ნიშნებს, რომ ივანიშვილს აქვს სისტემაზე გავლენა. რთული სათქმელია თუ როგორ მოგვარდება ეს საკითხი, რთულია ვთქვათ თუ რა მექანიზმებით მოხდება ამ არაფორმალური გავლენის შემცირება.
„ამერიკის ხმა“: ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მოქმედი და ყოფილი მთავრობების იმედგაცრუებით შეიძლება პრო-რუსულმა ძალებმა იხეირონ. რამდენად სერიოზულია ამის საფრთხე, როცა მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მიმართულებას უჭერს მხარს?
ნეით შენქენი: ჩვენ ვფიქრობთ, არ არსებობს იმის საფრთხე, რომ პრო-რუსულმა ძალებმა იმდენივე ხმა მოიპოვონ რამდენსაც ყოფილი მთავრობა, არც იმის რისკია, რომ ისინი მმართველ პოზიციებს დაიკავებენ. თუმცა არსებობს საფრთხე ისინი უკეთ იყვნენ წარმოდგენილნი და მეტი გავლენა მოიპოვონ. ამ მხრივ ამ მდგომარეობას ცენტრალური ევროპის ქვეყნებს შევადარებდი, სადაც დისკრედიტირებული ცენტრის ნაცვლად ხალხმა ახლადშექმნილი პარტიების არჩევა დაიწყო. საქართველოშიც შეიძლება იგივე მოხდეს, ქვეყნის მთავარ კურსად ევროპა დარჩეს, მაგრამ უკვე არსებული პარტიებით იმედგაცრუების გამო ხალხმა ახალ პარტიებს მისცეს ხმა.
„ამერიკის ხმა“: თქვენ ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება ტესტი. რა ფასდება ამ არჩევნებზე?
ნეით შენქენი: არჩევნებზე გამოჩნდება რამდენად მდგრადია საქართველოში ხელისუფლების არჩევნებით მონაცვლეობის პრიციპი. ასევე, ვნახავთ არის თუ არა ქვეყანა მზად გააგრძელოს გრძელვადიანი რეფორმები, რაზეც ქვეყანა ბოლო 10 წელია მუშაობს. არჩევნები ყველგან და ყოველთვის არის დემოკრატიის ტესტი. სამწუხაროდ, საქართველო, სომხეთთან ერთად, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკური მეცნიერი იტყოდა – “არაეფექტური პლურალიზმის” მოდელია. არსებობს მრავალფეროვნება და შეჯიბრითობის პრინციპი, მაგრამ ეს არ არის იდეების შეჯიბრი, არამედ ინტერესთა შეჯიბრი.
«Комсомольская правда» (რუსეთი), 13 აპრილი, 2016 წელი
http://best.kp.ru/msk/georgia2016_2/
მოგზაურობა „არატურისტულ“ ქვეყანაში:
აყვავდი, ჩემო საქართველო, ევრომზის ქვეშ?
საქართველოში მივლინებით მყოფი „კომსომოლსკაია პრავდას“ სპეცკორესპონდენტი სერგეი პონომარევი აგრძელებს მოგზაურობას ქართველების იმ არაფასადური ცხოვრების გასაცნობად, რასაც უცხოელი ტურისტები ვერ ხედავენ.
გთავაზობთ მისი შთაბეჭდილებების მეორე ნაწილს (პირველი გამოქვეყნდა ექვს აპრილს და ასახავს დღევანდელ თბილისს, რუსთავისა და თელავის შუქ-ჩრდილებს, ავტორის თვალით დანახულს. – იხ. http://best.kp.ru/msk/georgia2016/). ამჯერად ავტორი თელავიდან გომბორის უღელტეხილის გავლით სამცხე-ჯავახეთისკენ მიემგზავრება, გზადაგზა პეიზაჟს აღწერს:
„კოსმოსური სილამაზის თოვლიან-ტყიანი მთები, ფართო ხეობები და უამრავი ტბები, მჩქეფარე მდინარეები… გომბორი, სამება, განთიადი, წალკა… გული გეტკინება ადამიანს: სტუმართმოყვარეობა სიღატაკის ზღვარზე. ათეული წლების მანძილზე დაგროვილი ნაგავი გზების პირას. უამრავი ნახევრად დანგრეული და მიტოვებული საცხოვრებელი სახლი, სხვადასხვა დანიშნულების შენობები… განსაკუთრებით საბჭოთა არმიის ყოფილი „სამხედრო ქალაქები. გასაგებია, რომ რუსები საქართველოდან წავიდნენ, ნორმალური ყაზარმები, შტაბები, საწყობები, საცხოვრებელი კორპუსები დატოვეს, რომლებშიც ოფიცრები და მათი ოჯახები ცხოვრობდნენ. რატომ არ შეიძლებოდა მათი გამოყენება ხალხისათვის? უბრალო პანსიონატად მაინც გადაეკეთებინათ, ან სამხედრო-სპორტული ბანაკები მოწყობილიყო… მახსენდება სიტყვები კახეთში მოსმენილი ქართველი კლასიკოსი მწერლის ილია ჭავჭავაძის ლექსიდან, რომელიც ქართულ საომარ სიმღერადაა ქცეული: „ქართველო, ხელი ხმალს იკარ“… თუმცა. ალბათ, საჭირო არ არის, რა დროს ხმალია…
(სხვათა შორის, „ქართველო, ხელი ხმალს იკარ“ საბჭოთა კავშირში ცნობილი გახდა პოლონური სერიალიდან „ოთხი ტანკისტი და ძაღლი“, რომელშიც ქართველი პერსონაჟი გამოდის).
„ნინოწმინდა: ჭუჭყიანი და შელახული რაიონული ცენტრი, დანგრეული გზები და თითქმის ტოტალური უმუშევრობა. ერთადერთი ნორმალური ადმინისტრაციული ობიექტი – პოლიციის თანამედროვე შენობა. ყველგან სამენოვანი წარწერები – ქართულად, რუსულად, სომხურად. ქალაქის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სომხებია, საზღვარი ერთი ხელის გაწვდომაზეა. აქ ძირითადად ვაჭრობენ, მაგრამ უშედეგოდ: საათობით ელოდებიან კლიენტს, რომელიც არ ჩანს. ფაქტიურად, მოსახლეობა მხოლოდ რუსეთის ხარჯზე ცხოვრობს: ბევრმა აქაურმა სომეხმა, საქართველოს ხელისუფლებისაგან მალულად (ისჯება!), მეორე სომხური პასპორტი შეიძინა და რუსეთში სამუშაოდ გაეშურა – სარგებლობენ უვიზო რეჟიმის სიკეთით და საბაჟო კავშირის შეღავათებით“, – წერს „კომსომოლსკაია პრავდას“ კორესპონდენტი და ადგილობრივ სომხებს ესაუბრება: ისინი ჰყვებიან ფაბრიკაზე, რომელიც ნინოწმინდაში მუშაობდა და დაიხურა, ჰყვებიან გეგმებზე და რუსეთში სამუშაოდ წასვლაზე…
მოსკოველმა ჟურნალისტმა, ბუნებრივია, გვერდი ვერ აუარა რუსი „დუხობორების“ ცხოვრებას, რომლებიც ნინოწმინდის (ყოფილი ბოგდაონვკის) რაიონში მე-19 საუკუნის 40-იან წლებში დასახლდნენ, 1990-იან წლებში კი ბევრი მათგანი ისტორიულ სამშობლოში – რუსეთში დაბრუნდა, თუმცა ნინოწმინდაში „დუხობორების“ მცირე რაოდენობა მაინც დარჩა.
„ახალციხე – სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ცენტრი, ოფიციალურად 16 ათასი მცხოვრებით (რეალურად უფრო ცოტაა). ღირსშესანიშნაობა – მთაზე მდგარი ძველი ციხე-სიმაგრე, რომელიც რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომის დროს გენერალ ივან პასკევიჩის არმიამ თურქებს წაართვა. მიკხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს მთავრობამ ამ ციხე-სიმაგრის აღდგენა-რესტავრირებაში უამრავი ფული დახარჯა და ის ქართული არმიის გამარჯვების სიმბოლოდ წარმოადგინა… ახალციხეში ბევრი სომეხი და თურქი ცხოვრობს (თურქეთის საზღვრამდე 20 კილომეტრია). აქვეა ტურისტულ-ისტორიული ობიექტი – ვარძია, თუმცა ტურისტები წელიწადის ამ დროს ცოტაა.
კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა: იუსტიციის სახლი. ასეთი ობიექტები საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს აშენდა. აქ ყველანაირ ცნობას, პასპორტისა და სხვა მოწმობების ჩათვლით, სწრაფად გიფორმებენ და გაძლევენ. ფერადი მინისა და რკინა-ბეტონისაგან აგებული თანამედროვე შენობები, ლამაზი ინტერიერით. ნამდვილად კარგია“.
ავტორი ესაუბრება ადგილობრივ მცხოვრებ ავთანდილს, რომელიც ადრე კონტროლის პალატაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა: „კორუფციასთან მიმართებით რაღაც გაუგებრობა მოხდა. მაგალითად, ქალაქის ქუჩებში რომ ფილებს დააგებ და მერე გაგახსენდება, რომ თურმე ქვეშ მილები უნდა ჩაგეწყო და ამას სამჯერ აკეთებ, ეს ჩვენთან კორუფცია არ არის, არამედ დასანანი შეცდომა. ერთი მხრივ, დაბალ დონეზე ქრთამს არავინ არ იღებს, როგორც ეს ედუარდ შევარდნაძის დროს იყო. პატრულიც აღარ გფერთხავს. მაგრამ ცუდი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მაღალ დონეზე კორუფცია გაასკეცდა, ანუ ელიტარული გახდა. აი, ფაქტს მოგიყვები: მე რომ კონტროლის პალატაში ვმუშაობდ, ზემოდან შეკვეთები მოდიოდა: „წადით, შეამოწმეთ ორგანიზაცია და მის ხელმძღვანელზე კომპრომატი მოგვეცით“. ეს იმ მიზნით, რომ თითქოსდა ფული ბიუჯეტისთვის იყო საჭირო, სინამდვილეში კი იგი უნდა დაგვეშანტაჟებინა…“.
რუსი ჟურნალისტი ასევე ესაუბრება ემზარ ცუცხიას, ყოფილ პოლიციელს, ამჟამად კი მცირე სასტუმროს მფლობელს: „პოლიციის რეფორმა ჩემს თვალწინ და ჩემი მონაწილეობის დროს განხორციელდა. პოლიციელები ქრთამს ნამდვილად აღარ იღებენ. 2012 წელს ემზარის ხელფასი 1200 ლარი იყო, პლუს ყოველთვიური 300-ლარიანი პრემია, უფასო ბენზინი და მობილური ტელეფონით საუბარი. საბოლოო ჯამში შემოსავალი 1700 ლარამდე ადიოდა, რაც საქართველოში ცუდი ხელფასი არ არის“, – ამბობს ემზარი და ჟურნალისტის შეკითხვაზე, „მაშ, თუ სეთი კარგი პირობები გქონდათ, რატომ წახვედი პოლიციიდან ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგო“, იგი პასუხობს, რომ მას მრავალრიცხოვანი ოჯახი აქვს და შემოსავლები არ ჰყოფნიდა, ამიტომ ბიზნესსაქმიანობა დაიწყო“.
„გორი: „აქ ყოველი ქვა სტალინით სუნთქავს“. აქ მდებარე ღარიბულ სახლში ერთადერთი საწოლით 1979 წლის დეკემბრის ნისლიან დილით ქართველმა ქალმა ეკატერინე გელაძემ ვაჟი დაბადა, მომავალი ხალხთა ბელადი, რომელმაც მსოფლიო ისტორიაში უდიდეს როლს შეასრულებს. აი, იოსებ ჯუღაშვილი-სტალინის სახლ-მუზეუმი, რომლის დიდი დარბაზები ჯერ-ჯერობით ცარიელია. გორის მთავარი მოედანი და მთავარი გამზირიც, ბუნებრივია, ბელადის სახელობისაა“, – აღნიშნავს ავტორი და იქვე მკითხველს სტალინის დიდი ქანდაკების ბედზე მოუთხრობს, რომელიც „ნაციონალების მმართველობის დროს, პოსტამენტიდან მოგლიჯეს და ახლა სადღაც საწყობშია შენახული, „დესოვეტიზაციის“ პროექტის საფუძველზე. ამ თვალსაზრისით რუსი ჟურნალისტი საქართველოს სიტუაციას ადარებს რუმინეთს, სადაც ბოროტების სიმბოლო დრაკულას (იგივე ვლად ცეპეშის) ციხე-დარბაზი ტურისტულ ცენტრად და შემოსავლების წყაროდ აქციეს.
„ჭიათურა: „ჭიათურმარგანეცის“ ისტორია, დღევანდელობა და ხვალინდელი დღე. ლენინის ორდენოსანი ყოფილი საბჭოთა ტრესტი დღეს უკრაინელ ოლიგარქის კოლომოისკის ბიზნესჯგუფ „პრივატის“ საკუთრებას წარმოადგენს. 21 იანვრიდან მარგანეცის მაღაროების ნაწილი დახურულია, მუშები იძულებით შვებულებაში არიან. „როცა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ ოლიგარქს ის კომპანია აჩუქა, რომელზეც ფაქტიურად მთელი ქალაქის ცხოვრებაა დამოკიდებული, იძახდნენ, რომ აქ წესრიგი დამყარდებაო“, – ამბობს ჭიათურელი გოჩა რუს ჟურნალისტთან საუბარში. „მართლაც კარგი ეკონომიკური გადაწყვეტაა: იმის ნაცვლად, რომ უკრაინის ნიკოპოლის ანალოგიურ სამთო-გამამდიდრებელ კომბინატთან კონკურენცია გაეწიათ, ქართველები ადგნენ და ტრანსნაციონალური ისეთი კორპორაცია შექმნეს, რომელსაც ჭითურელი მაღაროელების ცხოვრების პირობები ნაკლებად აღელვებს, მფლობელები უფრო მარგანეცის საბაზრო ფასებით არიან დაკავებულნი. დავდივარ ჭიათურის ქუჩებში, რომელიც მდინარე ყვირილის ძალიან უჩვეულო და ლამაზ ხეობაშია გაშენებული, ნაწილი კი მთების კალთებზეა შეფენილი. აი, რკინიგზის ვაგზალი – თითქმის მიტოვებულის შთაბეჭდილებას რომ აღძრავს, ბაქანი კი ბალახმოძალებულია. ირგვლივ ცარიელი ვაგონები, რომლებიც მარგანეცითთ დატვირთვას ელოდებიან. საოცარი საბაგირო გზები, ჯერ კიდევ საბჭოური ეპოქიდან შემორჩენილი. ჭიათურული მარგანეცი ზესტაფონის „ფეროში“ (ასე უწოდებენ შემოკლებით აქაურ ფეროშენადნობთა კომბინატს) იგზავნება. სხვათა შორის, ზესტაფონის „ფეროც“ დნეპროპეტროვსკელი იგორ კოლომოისკის საკუთრებაა, რომელიც ამჟამად მხოლოდ 15%-იანი დატვირთვით მუშაობს“.
სერგეი პონომერიოვი დეტალურად აღწერს აგრეთვე ჭიათურის ახლოს მდებარე საინტერესო ბუნებრივ ობიექტს – კაცხის სვეტს, მასზე მდგარ მე-7 საუკუნის ეკლესიას. რუსი ჟურნალისტი თვითონ ადის კიბით სვეტზე და, შიშით „დაზაფრული“, მკითხველს თავის შთაბეჭდილებებს უზიარებს.
პუბლიკაციის ავტორი აგრძელებს მოგზაურობას ქუთაისში, ზუგდიდში, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ათვალიერებს ახალ სავაჭრო კომპლექსს, ჩადის ფოთშიც (რეპორტაჟი მდიდარია ჩამოთვლილ ადგილებში მიღებული შთაბეჭდილებებით).
„ბათუმი: საქართველოს სავიზიტო ბარათი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. პომპეზური სასახლეები – ფალოსური ფორმის მქონე მაღლივი სასტუმროები, ავანგარდისტული სკულპტურები… უცნაური ნაგებობა ქართული ანბანითა და გლობუსის ფორმიანი ზედნაშენით, საბაგირო გზა „არგო“… და ყოველ ნაბიჯზე კაზინო და გასართობი დაწესებულებები. მაკაო, ლას ვეგასი და ჰონკონგი, ერთად აღებული. ამერიკული დისნეილენდის ნიშნებით. უხეში ჩარევით ძველი ბათუმის სული უკვე დაკარგულია. სამაგიეროდ პლაჟები კარგადაა მოწყობილი, სისუფთავეა და ჭაჭის შადრევანია აგებული.
ისმება კითხვა: რატომაა ბათუმი ასე გამშვენიერებულ-გათანამედროებული? რატომაა აქ ამდენი კაზინო? როგორც ირკვევა, თურქებისათვის. აქედან სარფი – ისტორიული სასაზღვრო სოფელი ხელის გაწვდენაზეა. თურქები ბათუმში აზარტისათვის ჩამოდიან. მათ იმდენად პლიაჟები არ აინტერესებტ (რაც თურქეთშიც ბევრია), რამდენადაც კაზინოები. ბათუმი სავსეა თურქული მაღაზიებით, რესტორნებით, სალონებით და ათასგვარი დაწესებულებებით. ბევრია მეჩეთებიც. ტელევიზიით უამრავი თურქულ გადაცემას და სერიალს ნახავთ, ოსმალეთის იმპერიის ბრწყინვალების პერიოდიდან დღემდე. ბევრია რელიგიური [ისლამური] ტელეარხი. მიმდინარეობს აჭარისა და მის ახლო-მახლო რაიონების სწრაფი გათურქების პროცესი“, – ასკვნის ავტორი.