globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 13 აპრილი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Apr 13th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ IRI-ს პროგრამების დირექტორ სტივენ ნიქსთან: „ეჭვი არ გვეპარება ჩვენს კვლევებში“ // „ეკონომიკა საქართველოს მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია“

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): ლეონიდ თიბილოვის წარუმატებლობისა და ანატოლი ბიბილოვის წარმატების შეფასება

«ВВС – русская служба» (დიდი ბრიტანეთი): ინტერვიუ ანატოლი ბიბილოვთან: „სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შევა“

«Московский комсомолец» (რუსეთი): საქართველო ზამთარში რუსული გაზის გარეშე „გაიყინება“?! // თბილისის უარი გაზის შესყიდვაზე რუსეთისთვის სასარგებლოა

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“: „სიგარეტი ყოველწლიურად საქართველოში 11 000 ადამიანს კლავს, თამბაქოს ინდუსტრია კი კანონის მიღებას სერიოზულად ეწინააღმდეგება“

—————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 13 აპრილი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/stephen-nix-on-polls-in-georgia/3806991.html

ინტერვიუ IRI-ს პროგრამების დირექტორ სტივენ ნიქსთან: ეჭვი არ გვეპარება ჩვენს კვლევებში“ // „ეკონომიკა საქართველოს მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია

ანი ჩხიკვაძე

როგორ აღწერს საქართველოში პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას და განწყობებს, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა? რამდენად ასახავს შედეგები არსებულ პოლიტიკურ სურათს? ამის შესახებ ევრაზიის რეგიონალური პროგრამების დირექტორს სტივენ ნიქსს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ანი ჩხიკვაძე ესაუბრა.

- თქვენს კვლევასა და მეთოდებზე რომ გვითხრათროგორც ვიცით კვლევის საველე სამუშაოები 22 თებერვალსა და 8 მარტს შორის ჩატარდა?

- ამ გამოკითხვისთვის, როგორც ყველა გამოკითხვისთვის, სტანდარტულ შერჩევას ვიყენებთ 1500 ადამიანის მონაწილეობით, პირისპირ ინტერვიუებს ვატარებთ რაც გამოარჩევს ჩვენს კვლევას სხვებისგან. მხოლოდ პირისპირ ინტერვიუებს ვატარებთ და ვიყენებთ შემთხვევითი შერჩევის მეთოდს, რაც მსგავსი კვლევებისთვის სტანდარტულია. ეს ნიშნავს, რომ არსებულ მონაცემეზე დაყრდნობით, ჩვენ გამოვკითხავთ რეპრეზენტაციულ რაოდენობას ქალებს, კაცებს, ანუ ვყოფთ რესპონდენტებს სქესის მიხედვით, ასევე ასაკის მიხედვით, განათლების და დასახლების ტიპის მიხედვით: ქალაქად თუ სოფლად. ანუ ჩვენი კვლევა აჩვენებს საქართველოს მოსახლეობისა რეპრეზენტაციულ სურათს.

- კვლევის მიხედვით, რა არის ის მთავარი საკითხები, რომლებიც ქართველებს აღელვებთ? შედეგები აჩვენებს, რომ მოსახლეობისთვის რუსეთი შეშფოთების ერთ-ერთი მთავარი საგანია, ისევე როგორც ეკონომიკური მდგომარეობა, გამოკითხულთა 65% ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, როგორ ახსნიდით ამას?

- პირველ რიგში, რაც ამ კონკრეტულ კვლევაში იკვეთება ისაა, რომ მხარდაჭერა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისადმი უკანასკენლ ოთხ წელიწადში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 90 პროცენტის თქმით, მათ იმედი აქვთ, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება. დასავლურ ინსტიტუტებში გაწევრიანებისადმი ქართველებს ყოველთვის მდგრადი პოზიცია ჰქონდათ. და ეს იმის დასტურია, რომ საქართველოს კვლავ აქვს სურვილი და იმედი, რომ დასავლეთის ნაწილი იყოს.

მეორე მხრივ, ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის პარალელურად, კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ხედავს რუსეთს, როგორც სტრატეგიულ საფრთხეს საქართველოსთვის. თუმცა იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინაა ქვეყნის ხელისუფლებაში, მათ სურთ, რომ მთავრობას რუსეთთან დიალოგი ჰქონდეს. ჩვენი შეფასებით, ამას ეკონომიკური მიზეზები აქვს. ისტორიულად რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და ეს ეკონომიკას უკავშირდება, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. მონაცემები გვაჩვენებს, რომ ეკონომიკა და სამუშაო ადგილები საქართველოს მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. ჩვენი შეფასებით, მთავრობამ განსაკუთრებით ამ კუთხით უნდა გაამახვილოს ყურადღება და ეცადოს სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობას – ჩვენი კვლევის მიხედვით, ეს არის ის, რაც საქართველოს მოსახლეობას სურს.

- პარტიების ნაწილი და მმართველი პარტია ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თქვენი გამოკითხების სიზუსტეს, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომქართული ოცნებამხოლოდ საკუთარ კვლევებს ენდობა, როგორ უპასუხებდით ამ, ასე ვთქვათ, ბრალდებებს?

- ეჭვი არ გვეპარება ჩვენს კვლევებში. ჩვენს კვლევებს ენდობიან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს ჩვენი ბრენდია, რომელიც ცნობილია სიზუსტითა და სტატისტიკური სანდოობით. ის მეთოდოლოგია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, სანდოა. ჩვენი გამოკითხვების პროცესს, ინტერვიუების წარმართვასა და მონაცემთა შეგროვებას უცხოური კომპანია ზედამხედველობს. ეს კომპანიიაა „ბალტიკ სარვეის“ (ან “ბალტიისპირეთის კვლევები”), რომელიც ვილნიუსში, ლიტვაშია დაფუძნებული. წინა კვლევებმა დაადასტურა, რომ ჩვენი შედეგები ზუსტია. ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრი გამოთქვას, რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენ ძალიან დარწმუნებულნი ვართ ჩვენი კვლევების სიზუსტესა და სისწორეში.

- პოლიტიკური პარტიების რეიტინგზე გადავიდეთ: თქვენი მონაცემებით მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, სამ მთავარი პარტიას მისცემდა ხმას, ესენიაქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობადაევროპული საქართველო“. როგორ აისახა ოპოზიციის გაყოფა თქვენს კვლევაში?

- თქვენც აღნიშნეთ და მეც გეტყვით, პირველ რიგში, ეს კვლევა პოლიტიკურ სიტუაციას მხოლოდ დროის მცირე მონაკვეთში ასახავს. ჩვენ ვიცით, რომ ეს შეიცვლება. საქართველოში შემდეგი ადგილობრივი არჩევნებია და იქამდე ბევრი დროა. ამიტომ ჯერ ძალიან ადრეა რეიტინგებზე საუბარი. ოპოზიციური პარტიების შემადგენლობის ცვლილება კვლევის ჩატარებამდე მხოლოდ ერთი თვით ადრე მოხდა, ამიტომ ჯერ ძალიან ადრეა. ჩვენ ერთი და იმავე შეკითხვას ვსვამთ იმიტომ, რომ გვინდა თანმიმდევრულები ვიყოთ, რათა შემდეგ, მონაცემები წინა წლების შედეგებს შევადაროთ, და ეს სტანდარტული კითხვაა. მაგრამ ჯერ ადრეა შეფასებების გაკეთება, ეს ჯერ ბევრს არაფერს გვალევს იმისთვის, რომ ანალიზი შეგვეძლოს.

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 13 აპრილი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/bibilvis-tsarmateba/28422958.html

ლეონიდ თიბილოვის წარუმატებლობისა და ანატოლი ბიბილოვის წარმატების შეფასება

გოგა აფციაური

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა არჩევნებში დამარცხება აღიარა, მაგრამ ანატოლი ბიბილოვისთვის გამარჯვების მილოცვა ყველას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაასწრო. ანატოლი ბიბილოვის საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტი სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებაა, თუმცა ანალიტიკოსების დიდი ნაწილი ახლავე აცხადებს, რომ ის ამ დაპირებას ვერ შეასრულებს. ანატოლი ბიბილოვი არჩევნებამდეც გამოდიოდა ინიციატივით სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, მაგრამ კრემლში ეს იდეა უარყვეს. აქედან გამომდინარე, როგორც დე ფაქტო რესპუბლიკაში, ისე რუსეთში ექსპერტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ, ყირიმის მიერთებით გამოწვეული საერთაშორისო რეზონანსის გამო, რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ამ ნაბიჯზე ვერ წავა.

ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტები კი ჯერ ლეონიდ თიბილოვის წარუმატებლობისა და ბიბილოვის გამარჯვების შესახებ მსჯელობენ. ოსი ბლოგერი ალან ფარასტაევი ფიქრობს, რომ ანატოლი ბიბილოვის პირველივე ტურში გამარჯვება ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის, დამსახურებაა, რადგან მან საკუთარი ელექტორატი სწორედ ანატოლი ბიბილოვის სასარგებლოდ აამუშავა, როცა არჩევნებში მონაწილეობის უფლება თავად ვერ მოიპოვა. გარდა ამისა, ალან ფარასტაევის აზრით, ანატოლი ბიბილოვმა შექმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ რუსული ფინანსური დახმარების მიმთვისებლებს მკაცრად დასჯის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას წამოიწყებს.

„ეხო კავკაზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ცხინვალელი პოლიტოლოგი დინა ალბოროვა უფრო მეტად ლეონიდ თიბილოვის შეცდომებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, თითქოს სტაბილურ სამხრეთ ოსეთში რეპრესიები განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ მაინც გრძელდებოდა. დე ფაქტო რესპუბლიკაში სწორედ ლეონიდ თიბილოვის მმართველობის წლებში გამოაცხადა არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ თვითლიკვიდაცია, რადგან მათზე გამუდმებით მიმდინარეობდა ზეწოლა, საზღვარგარეთ სამოქალაქო დიალოგზე წასულ ადგილობრივ აქტივისტებს კი მოღალატეებს უწოდებდნენ.

რა სტრატეგია ექნება მესამე სექტორთან მიმართებით ანატოლი ბიბილოვს, ეს ჯერ არავინ იცის, თუმცა ის, რომ ახალი „პრეზიდენტი“ კრემლის მითითებებით იმოქმედებს, ეჭვი არავის ეპარება. ქართველი ანალიტიკოსების აზრით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბევრი არაფერი შეიცვლება, რადგან ორივე – ლეონიდ თიბილოვიც და ანატოლი ბიბილოვიც კრემლის მითითებების უსიტყვო შემსრულებლები არიან. „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე კორუფციასთან ბრძოლა წარუმატებელი იქნება და მხოლოდ ფინანსური ნაკადების ხელახლა გადანაწილება მოხდება. მისი აზრით, ანატოლი ბიბილოვი კვლავ გაააქტიურებს რუსეთთან სამხრეთ ოსეთის გაერთიანების თემას, მაგრამ, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, ახლა კრემლის ინტერესში ეს არ შედის, ყველაზე მთავარი კი აქ საერთაშორისო ზეწოლა და საქართველოსთან დაწყებული ნორმალიზების პროცესია.

ანატოლი ბიბილოვმა საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატების შემდეგ ოსურ და რუსულ მედიასთან პირველივე ინტერვიუში განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთი“ განაგრძობს მოსკოვთან რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების საკითხის განხილვას.

«ВВС – русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 13 აპრილი, 2017 წელი

http://www.bbc.com/russian/features-39568851

ინტერვიუ ანატოლი ბიბილოვთან: სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შევა“

სტატიაში მიმოხილულია საქართველოს შიდა ქართლის მხარეში მდებარე ცხინვალის რეგიონში (სეპარატისტულ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში“) ჩატარებული რეფერენდუმი, საპრეზიდენტო არჩევნები და არჩევნებთან დაკავშირებული მოვლენები: საქართველოსა და რუსეთის რეაქცია, დასავლეთის სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება და ა.შ. გარდა ამისა, პუბლიკაციაში მოცემულია ინტერვიუ არჩევნებში გამარჯვებულ ანატოლი ბიბილოვთან.

„იმის ალბათობა, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შევა, თითქმის 100%-იანია. ჩვენ მშვენივრად გვესმის, რასაც ვამბობთ. სამი წელი დარჩა იმ მომენტამდე, როცა ასი წელი შესრულდება ოსი ხალხის გაყოფის დღიდან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, დღეს არსებული ისტორიული უსამართლობა აღმოიფხვრას და აღარ იყოს. ყველა ფიქრობს, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მაგრამ თუ სიტუაციაში უფრო ღრმად ჩავიხედავთ, ორად გაყოფილ ეთნოსს დავინახავთ“, – ამბობს ანატოლი ბიბილოვი „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურისადმი მიცემულ ინტერვიუში და აკონკრეტებს, რომ „სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანება მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში მოხდება“. მისი თქმით, ამ საკითხზე მოსკოვში მისი ვიზიტის დროსაც იმსჯელეს. ამასთან, ანატოლი ბიბილოვს არ დაუზუსტებია, ვისთან ჰქონდა მოლაპარაკება და აღნიშნა, რომ საკითხის „გაცნობიერება ერთია, პოლიტიკური პროცესები კი მეორე“.

ანატოლი ბიბილოვის განცხადების თაობაზე „ბი-ბი-სი“-ს ჟურნალისტმა კომენტარი სთხოვა საქართველოს ხელისუფლებას. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელშვილის თქმით, „ცხინვალის რეგიონში ოსი სეპარატისტების მიერ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი სახელწოდების შეცვლის მიზნით არალეგიტიმურია. მასში მონაწილეობა არ მიუღიათ იმ ადამიანებს, რომლებიც რეგიონიდან იძულებით არიან გამოდევნილნი. რაც შეეხება რუსეთთან გაერთიანების თემას, ეს ახალი არაა, ამ საკითხით სპეკულირება ადრეც ხდებოდა. ეს ყველაფერი რეალურად გაერთიანება კი არა, არამედ ანექსიის მცდელობაა და მასზე სხვაგვარად ვერ ვისაუბრებთ. ანატოლი ბიბილოვის განცხადება აშკარად პროვოკაციულია…. ჩემთვის მნიშვნელოვანია ორი მომენტი: პირველი – [რუსეთის შემადგენლობაში შესვლა] არალეგიტიმური იქნება და მეორე – ამას არანაირი საერთო არ აქვს რეგიონის მოსახლეობის ნების გამოხატვასთან, რადგან მათი აბსოლუტური უმრავლესობა იქ არ ცხოვრობს“.

«Московский комсомолец» (რუსეთი), 13 აპრილი, 2017 წელი

http://www.mk.ru/economics/2017/04/12/ekspert-gruziya-zamerznet-bez-rossiyskogo-gaza-k-koncu-goda.html

საქართველო ზამთარში რუსული გაზის გარეშე „გაიყინება“?!

თბილისის უარი გაზის შესყიდვაზე რუსეთისთვის სასარგებლოა

საქართველომ უარი განაცხადა რუსული გაზის შესყიდვაზე, 2017 წლის ბოლომდე და ცისფერ საწვავს მხოლოდ აზერბაიჯანიდან შეიძენს. უარის თქმა ლეგიტიმურია, რადგან მისი შესაძლებლობა რუსეთ-საქართველოს ორწლიან კონტრაქტშია ჩადებული – მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე საქართველო შეძლებს თავი დააღწიოს რუსულ გაზზე დამოკიდებულებას: ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, 2018 წელს გაზსაცავის მშენებლობაც დასრულდება, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ინა დეგოტკოვა).

პუბლიკაციაში მოკლედაა მიმოხილული 2016 წელს გამართული საქართველო-რუსეთის მოლაპარაკების შედეგები გაზით უზრუნველყოფის თაობაზე (სომხეთისათვის მილსადენით მიწოდებული გაზის ტრანზიტის ჩარჩოებში), რომელმაც ქართული ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია.

„მოსკოვსკი კომსომოლეცის“ ექსპერტები თვლიან, რომ თბილისის უარი რუსული გაზის შეძენაზე „გაზპრომ“-ისთვის სასარგებლოა, თვითონ საქართველო კი წლის ბოლომდე, რუსული გაზის გარეშე, შეიძლება „გაიყინოს“: „ამჟამად საქართველოს რუსული ბუნებრივი გაზი აღარ ჭირდება, რაც სეზონური ფაქტორით აიხსნება: ახლოვდება წლის ყველაზე თბილი დრო. მაგრამ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში აზერბაიჯანი საქართველოსთვის საკმარისი რაოდენობის სათბობის მიწოდებას ვერ შეძლებს“, – ამბობს რუსეთის ეროვნული ენერგოუსაფრთხოების ფონდის წარმომადგენელი ალესეი გრივაჩი, – „საქართველოს დამატებითი გაზი მხოლოდ პიკურ პერიოდებში ესაჭიროება და თუ 2017 წლის ნოემბერ-დეკემბერი ცივი იქნება, თბილისს რუსული საწვავი კიდევ დაჭირდება“.

თავის მხრივ, რუსეთის ენერგეტიკული განვითარების ფონდის დირექტორმა სერგეი პიკინმა „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ კორესპონდენტთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოს გადაწყვეტილება „გაზპრომ“-ისათვის სასარგებლოა: „გაზის ტრანზიტის კონტრაქტის თანახმად,  საქართველო ნატურალური სახის გადახდიდან ფულადი გადახდის სისტემაზე გადავიდა და გაზს აზერბაიჯანიდან ყიდულობს. ეს კარგია რუსეთისათვის, რადგან „გაზპრომი“ შეძლებს უფრო სტაბილურად მოამარაგოს სომხეთი“.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 12 აპრილი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-parliament-is-considering-tough-new-law-against-smoking/3806807.html

კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ:სიგარეტი ყოველწლიურად საქართველოში 11 000 ადამიანს კლავს, თამბაქოს ინდუსტრია კი კანონის მიღებას სერიოზულად ეწინააღმდეგება

ზაზა წულაძე

საქართველო ისტორიული გადაწყვეტილების ზღვარზე დგას. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ახალი ცვლილებებით, რომელსაც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე – ყველა შენობა-ნაგებობაში, საცხოვრებელი სახლისა და საპატიმროს გარდა, თამბაქოს მოწევა აიკრძალება. აკრძალვა ვრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც. ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსში, ტროლეიბუსში, მეტროში, მატარებელსა და გემზე (გამონაკლისი მხოლოდ ტაქსი და კატერია). სიგარეტის მოწევა 5-ლარიანი ჯარიმით დაისჯება, თვითმფრინავში კი 500 ლარიანი ჯარიმით. 10-ლარიანი ჯარიმაა განსაზღვრული მათთვის ვინც სიგარეტს ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულების (უნივერსიტეტი, სკოლა, ბაღი) შენობაში ან ტერიტორიაზე მოწევს. ეს შეზღუდვა ეხებათ ბიბლიოთეკებს, ბავშვთა ცენტრებს, ახალგაზრდულ ბანაკებს და საზოგადოებრივი შეკრების ადგილებს. მოწევა ასევე სრულად აიკრძალება სამედიცინო და ფარმაცევტულ ინდუსტრიის შენობა-ნაგებობებსა და ტერიტორიაზე; ბენზინგასამართ, გაზგასამართ და გაზგამანაწილებელი სადგურების სიახლოვეს, სტადიონების ტერიტორიის 50%-ზე და სასტუმროების ნომრების 80%-ში. ამ აკრძალვის შეუსრულებლობა პირველ ჯერზე -500, შემდეგ კი 1000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლითაც თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამაც იკრძალება, 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს: „ჩვენს ვცხოვრობთ სიტუაციაში, როცა თამბაქოს გამო წელიწადში 70 000 დაავადება ვითარდება და 11 000 ადამიანი კვდება. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან საქართველოში 260 000 ადამიანი გარდაიცვალა 15 წლით ადრე, ვიდრე უნდა მომკვდარიყო; თამბაქოს გამო 20 000 ბავშვი არ დაიბადა; 20 მილიარდი პირდაპირი ეკონომიკური ზარალი მიადგა ქვეყანას, ბოლო 27 წლის მანძილზე 6 მილიარდი ლარი გავიდა ქვეყნიდან გარეთ, თამბაქოს შესაძენად; რომ არა თამბაქო, საქართველო დღეს უფრო მდიდარი და ხალხმრავალი ქვეყანა იქნებოდა“.

ახალ პოლიტიკას სრულად უჭერს მხარს მედიცინის საზოგადოება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ევროპის მასშტაბით, თამბაქოს მოხმარების კუთხით, რუსეთის შემდეგ, საქართველოს მეორე ადგილი უკავია და ჩვენს ქვეყანაში, სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 22% თამბაქოს უკავშირდება.

მიუხედავად იმის, რომ ბოლო 5 წლის მანძილზე, 5-ჯერ გაძვირდა, თამბაქოს საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 31% მოიხმარს, მათ შორის, მამაკაცების – 57% და ქალების – 7%. მოსახლეობის 38,8% თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედებას სახლში ყოველდღიურად განიცდის და რაც მთავარია, მწეველობის გავრცელებას, განსაკუთრებით ქალებსა და ბავშვებში, მზარდი ტენდენცია აქვს.

Global Youth Tobacco Survey-ის მონაცემებით, საქართველოში 13-15 წლის მოსწავლეთა 7% სიგარეტის აქტიური მწეველია; 42% – განიცდის თამბაქოს მეორად ზემოქმედებას სახლში, 55% და 51% საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ და ღია ადგილებში; 54% აღნიშნავს, რომ მოწევის ფაქტს სკოლის შენობაში ან მიმდებარე ტერიტორიაზე შესწრებია.

ESPAD-ის ცნობით, 16 წლის მოსწავლეთა შორის, საქართველოში მწეველობა 18% იყო. მოსწავლეთა 21%-მა მოწევა 13 წლის ან უფრო პატარა ასაკში სცადა. კვლევისას 60%-მა თქვა, რომ სიგარეტის შოვნა საკმაოდ ან ძალიან ადვილია. NCDC-IDRC-ს ცნობით, საქართველოში თამბაქოს ნაწარმით სავაჭრო ობიექტების 92% ვაჭრობს, ასეთი ობიექტების 85% კი სკოლებიდან 50 მეტრის სიახლოვეს არის განლაგებული.

თუ პარლამენტი ცვლილებებს დაამტკიცებს, აიკრძალება თამბაქოს ღერებით გაყიდვა, ხოლო 18 წლამდე პირისთვის სიგარეტის მიყიდვა 150 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

თამბაქოს ინდუსტრიის ლობისტები ამბობენ, რომ ახალი პოლიტიკის შედეგად, საქართველოს ბიუჯეტი ასეულობით მილიონ ლარს დაკარგავს: 2016 წელს, სიგარეტზე აქციზითა და დღგ-ს სახით, ბიუჯეტში 749 მილიონი ლარი შევიდა. თუმცა ასე არ ფიქრობს, „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე: „თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ დაახლოებით მილიარდი ლარი იხარჯება. ანუ უფრო მეტი თანხა გადის ჩვენი ჯიბეებიდან იმისთვის, რომ რამოდენიმე თვით გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე. თუ თამბაქოს მოხმარებით გამოწვეულ სხვა დანაკარგებსაც დავითვლით – შრომის ნაყოფიერების დაქვეითებას, ინვალიდობას და ა.შ ზარალი ათჯერ უფრო მეტია“.

კანონპროექტით გათვალისწინებულია „გარდამავალი პერიოდი“: 2018 წლის 1 იანვრამდე, კაფე-ბარებში, რესტორნებში, კლუბებსა და სამორინეებში, მეპატრონეებს უფლება აქვთ გამოყონ სპეციალური მოსაწევი ადგილი, რომელიც დაწესებულების საერთო ფართის 50%-ზე მეტს არ უნდა იკავებდეს. საჯარო დაწესებულებებში, სილამაზის სალონებში, მარკეტებში, კერძო ოფისებში, ქარხანა-ფაბრიკებში, საწყობებსა და ტერმინალებში კი მოსაწევი ადგილისთვის, საერთო ფართის მხოლოდ 5% არის განსაზღვრული. ის კედლით უნდა იყოს გამიჯნული დანარჩენი შენობისგან და გააჩნდეს კარგი ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა.

ჯერჯერობით, ყველაზე დიდ კრიტიკას კანონპროექტის ის მუხლი იწვევს, რომელიც 2017 წლის 1 იანვრამდე, დამზადებული ფილმების ან სხვა შემოქმედებით პროდუქციის მასობრივი ჩვენებისას, სიგარეტის მოხმარების დემონსტრირების სრულად დაფარვას ითხოვს. ოპონენტთა აზრით, ასეთი პრაქტიკა გავრცელებულია ისეთ არათავისუფალ ქვეყნებში, როგორებიცაა ირანი, ინდონეზია ან ტაილანდი და ცენზურის საფრთხეს შეიცავს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გუშინ გავრცელებული სპეციალური განცხადებით, საზოგადოებას მოუწოდებს გაერთიანდეს და არ დაუშვას პარლამენტში ისტორიული ცვლილებების დაბლოკვა. ცენტრის ინფორმაციით, „კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვის წინ მოსალოდნელია მნიშვნელოვანი სირთულეები, რამეთუ თამბაქოს ინდუსტრია სერიოზულად ეწინააღმდეგება მათ მიღებას. ისინი არაფერს არ ერიდებიან და ღიად თუ ფარულად ცდილობენ ჩაერიონ და მართონ პროცესები“.

Comments are closed