globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 13 მაისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on May 13th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): საქართველოს პრეზიდენტი; „რა უნდა მოსკოვს?“ // გიორგი მარგველაშვილის აზრით, რუსეთი მეზობლებს დასავლეთთან ინტეგრაციის ვერანაირ ალტერნატივას ვერ სთავაზობს

«Kurier» (ავსტრია): აშშ-საქართველოს სამხედრო წრთვნები – კავკასიაში, რუსეთ-ჩინეთის – ხმელთაშუა ზღვაში

———————-

«Reuters» (დიდი ბრიტანეთი), 12 მაისი, 2015 წელი

http://uk.reuters.com/article/2015/05/12/uk-georgia-eu-russia-idUKKBN0NX1KA20150512

საქართველოს პრეზიდენტი: „რა უნდა მოსკოვს?“

გიორგი მარგველაშვილის აზრით, რუსეთი თავის მეზობლებს დასავლეთთან ინტეგრაციის ვერანაირ ალტერნატივას ვერ სთავაზობს

„ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები – საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მტკიცედ შორდებიან რუსეთის გავლენის სფეროს – იმ სახელმწიფოს, რომელიც პროპაგანდას უწევს მისი მეზობლებისათვის სრულიად უცხო და მიუღებელ ფასეულობებს“, – ასე განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერ“-ის კორესპონდენტის რობინ ემოტისათვის მიცემულ ინტერვიუში.

როგორც ქართველმა ლიდერმა აღნიშნა, რუსეთი, რომელმაც საქართველოს შეიარაღებული ძალები 2008 წლის ხუთდღიან ომში დაამარცხა, მეზობლებს დასავლეთთან ინტეგრაციის ვერანაირ ალტერნატივას ვერ სთავაზობს: „ქვეყანა, რომელიც თავისი მოქმედებით თავიდან იშორებს საკუთარ მეზობლებს და რომლებსაც ემუქრება… რის მიღწევას ცდილობს ამით რუსეთი?“, – ასეთი კითხვა დასვა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტად 2013 წლის ოქტომბერში აირჩიეს. იგი ბრიუსელში იმყოფება ნატოსა და ევროკავშირის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკების მიზნით.

„მე არ მაქვს დადებითი პასუხი ამ კითხვაზე… რუსეთს, მსოფლიოს ყველაზე დიდი ტერიტორიის მქონე სახელმწიფოს, სურს მეზობლისაგან კიდევ რამდენიმე ზედმეტი კვადრატული მეტრი მიიღოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა რუსეთის შესახებ, რომელმაც გასულ წელს უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა და რომელიც, დასავლეთის აზრით, ხელს უწყობს სეპარატიზმს აღმოსავლეთ უკრაინაში. აქ მიმდინარე კონფლიქტის დროს დაახლოებით 6100 ადამიანია დაღუპული.

მოსკოვი უარყოფს ამ ბრალდებებს და ამტკიცებს, რომ დასავლეთი, განსაკუთრებით კი შეერთებული შტატები რეგიონში ანტირუსულ განწყობას აღვივებს, ცდილობს თავის მხარეს გადაიბიროს საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, რომლებსაც რუსეთი თავისი ისტორიული გავლენის სფეროდ მიიჩნევს.

კრემლმა განაცხადა, რომ 2008 წელს განხორციელებული სამხედრო ოპერაციის მიზანი იყო ხელი შეშლოდა საქართველოს ორი პრორუსულად განწყობილი რეგიონის დაბრუნებაში, რომლებიც თბილისის კონტროლისაგან თავის დაღწევას ცდილობენ.

რუსეთი მიიჩნევს, რომ გასულ წელს მომხდარი მასობრივი პროტესტები, რომელსაც უკრაინის პრორუსული პრეზიდენტის დამხობა და ქვეყნის საგარეოპოლიტიკური კურსის შეცვლა მოჰყვა, სამხედრო გადატრიალება იყო, დასავლეთის მიერ განხორციელებული.

უკრაინის დაკარგვამ მძიმე დარტყმა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გეგმებს, რომელიც ევროკავშირის საპირწონედ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შექმნას ცდილობს. თუმცა, გიორგი მარგველაშვილის აზრით, რუსეთი თავის მეზობლებს ბევრს ვერაფერს შესთავაზებს ვერც ეკონომიკური და ვერც ეკონომიკური თვალსაზრისით.

„არსებობს ბევრად უფრო მიმზიდველი ევროპული ბაზარი, რომელიც უფრო მეტ შესაძლებლობას გვაძლევს, მაგრამ [მოსკოვი გვეუბნება], რატომ არ უერთდებით რუსულ ბაზარს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთს ასე სურს?“, – რიტორიკულად აცხადებს ქართველი   პრეზიდენტი.

„ის ფასეულობები, რომლებიც რუსეთის პოლიტიკურ სისტემაშია დანერგილი, ჩვენთვის უცხოა. ისინი ჩვენთვის ჯერ კიდევ მაშინ იყო უცხო, როცა საქართველოს საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო“, – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

მოლდოვამ, საქართველომ და უკრაინამ გასულ წელს ხელი მოაწერეს სავაჭრო და პოლიტიკური ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან. ამ ქვეყნების საბოლოო მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა. ლატვიის დედაქალაქ რიგაში 21-22 მაისს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნების სამიტი უნდა გაიმართოს. „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ – ეს არის ევროკავშირის პროექტი, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი სამი ქვეყნის, აგრეთვე პრორუსულად განწყობილი სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბელარუსის ევროკავშირთან ინტეგრაციას ითვალისწინებს.

ევროკავშირსა და კრემლს შორის ე.წ. „ბაგირის გადათრევის“ თამაში მიდის, რომლის კულმინაცია გახდა უკრაინის კონფლიქტი და დასავლეთი მიერ რუსეთისადმი სანქციების დაწესება. ეს ყველაფერი ზოგიერთი დასავლელი მოთამაშის შეშფოთებას იწვევს – ვაითუ, ისევ „ცივი ომი“ დაიწყოსო.

საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას ესწრაფვის. ორშაბათს  საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა ორკვირიანი ერთობლივი სამხედრო წრთვნები დაიწყეს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, იგი არ ენდობა რუსეთის განცხადებებს უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში: „1994 წელს უკრაინა ნებაყოფლობით უარი თქვა თავის ბირთვულ პოტენციალზე იმ შეთანხმების ჩარჩოებში, რომელსაც ხელი რუსეთმაც მოაწერა და ამით უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში მხარდაჭერა აღუთქვა. და რას ვხედავთ ამ ისტორიული მოვლენის 20 წლისთავზე? ოკუპირებულ უკრაინას, ოკუპირებულ ყირიმს“.

ზოგიერთი დასავლელი ლიდერი საფრთხეს დნესტრისპირეთშიც ხედავს – მოლდოვას პრორუსული რეგიონის სახით, რომელიც, მათი აზრით, შეიძლება მოსკოვმა კიშინიოვისათვის პრობლემების შესაქმნელად გამოიყენოს.

———–

შენიშვნა: „როიტერ“-ისათვის გიორგი მარგველაშვილის მიერ მიცემული ინტერვიუს ამსახველი მასალები გამოქვეყნდა აგრეთვე აშშ-ის რადიოსადგურის «Voice of Amerika»-ს ინგლისურ და რუსულენოვან ვებ-საიტებზეც.

«Kurier» (ავსტრია), 13 მაისი, 2015 წელი

http://kurier.at/politik/ausland/buendnis-politik-russische-und-chinesische-kriegsschiffe-kreuzen-im-mittelmeer/130.080.475

აშშ-საქართველოს სამხედრო წრთვნები – კავკასიაში, რუსეთ-ჩინეთის – ხმელთაშუა ზღვაში

ავსტრიის გაზეთ „კურიერში“ გამოქვეყნებულია სტატია საკმაოდ შთამბეჭდავი და ვრცელი სათაურით „ხმელთაშუა ზღვაში რუსეთ-ჩინეთის სამხედრო გემები გამოჩნდნენ, თუმცა  კუნთებს მხოლოდ მოსკოვი და პეკინი არ აჩვენებს – ამერიკის ჯარიც ატარებს წრთვნებს საქართველოში“ (ავტორი – ულრიკე ბოცენჰარტი).

„ამ დღეებში ხმელთაშუა ზღვის თვალწარმტაც კუნძულებზე მყოფ ტურისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ შორს, რეიდზე მდგარი რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო ხომალდები და სროლის ხმაც კი გაეგოთ, თუმცა ამით რაიმე მნიშვნელოვანი საფრთხე არ შექმნილა. ეს იყო რუსეთ-ჩინეთის პირველი ერთობლივი სამხედრო-საზღვაო მანევრები, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში განხორციელდა. საზღვაო სამართლის მიხედვით, საერთაშორისო წყლებში სამხედრო მანევრების ჩატარება ყოველ ქვეყანას შეუძლია, ოღონდ ხმელეთიდან 20 კილომეტრის მოშორებით.

მართალია, რუსეთ-ჩინეთის ასეთი სამხედრო წრთვნები ადრეც გამართულა შორეულ აღმოსავლეთში, მაგრამ ახლა ამ მანევრებს ერთგვარი დატვირთვაც აქვს – ესაა ორი ქვეყნის „სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური კუნთების“ ჩვენების მცდელობა: ჩინეთი ხომ გასული წლიდან მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ეკონომიკის ქვეყნად მიიჩნევა. ამ მანევრებით პეკინს სურს ვაშინგტონს და მის წყნარი ოკეანის მოკავშირეებს სიგნალი გაუგზავნოს, რომ ჩინეთს სეუძლია ხმელთაშუა ზღვაშიც იყოს, ანუ იქ, სადაც აშშ-ის ცნობილი მეექვსე ფლოტის სამხედრო-საზღვაო ბაზებია დისლოცირებული.

თავის მხრივ, რუსეთიც, რომელიც გარკვეულწილად გაამაყებულია შავ ზღვაში მდებარე ყირიმის ანექსიით, ცდილობს მიანიშნოს ვაშინგტონს, რომ ხმელთაშუა ზღვა მხოლოდ ამერიკის ფლოტის მოქმედების არეალი არ არის. ვლადიმირ პუტინმა ამას წინათ განაცხადა, რომ რუსეთის ფლოტი ხმელტაშუა ზღვაში უნდა იმყოფებოდეს.. ამით მოსკოვს სამხრრეთ ევროპისა და ახლო აღმოსავლეტში თავისი გავლენის მოპოვება-განმტკიცება სურს. რუსეთს სამხედრო ბაზა აქვს სირიის ქალაქ ტარტუში, იგივე მიზნით მიდის მოლაპარაკება კვიპროსთან და ეგვიპტესთან.

თუმცაღა, ვერ რუსეთი და ვერც ჩინეთი ვერ შეედრება ხმელთაშუა ზღვაში მყოფ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი საზღვაო სახელმწიფოს – ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალებს – მეექვსე ფლოტს, რომლის მთავარი ბაზა ნეპოლშია – 40 სამხედრო ხომალდითა და 175 თვითმფრინავით.

მაშინ, როცა ჩინეთი და რუსეთი ხმელთაშუა ზღვაში „ირაღს აჟღარუნებენ“, ამერიკელებმა სამხედრო წრთვნები რუსეთის „შემოგარენში“ – საქართველოში დაიწყეს. ამ მანევრების მიზანია პატარა კავკასიური სახელმწიფოს არმიის ნაწილების (600 ჯარისკაცი) ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებთან კოორდინაცია და თანამშრომლობის განმტკიცება.

საქართველო 2008 წლის აგვისტოში მომხდარ რუსეთთან ხანმოკლე ომში დამარცხდა. ომის ერთ-ერთი მიზეზი იყო რუსეთის წინააღმდეგობა საქართველოს სწრაფვაზე – გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრი.

Comments are closed