«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საბჭოთა კავშირისადმი ნოსტალგიას NDI-ს კვლევა ადასტურებს
«RFE//RL – თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): ევროინტეგრაციის მხარდაჭერა რუსული პროპაგანდის ფონზე
«Свободная Пресса» (რუსეთი): რუსეთი-საქართველო: ქართველ გივის რუსი ივანესი ჯერ კიდევ ეშინია // ამერიკული ინსტიტუტი გვარწმუნებს, რომ Сакартвело-ს მოსახლეობის 60% რუსეთში მტერს ხედავს
«La Prensa» (ნიკარაგუა): ანალიტიკოსების აზრით, აშშ-ის მიერ მიღებული კანონი ნიკარაგუაზე უარყოფით გავლენას მოახდენს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხში რუსეთისადმი მხარდაჭერის გამო
—————–
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 13 მაისი, 2017 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/ndi-research-in-georgia/3849689.html
საბჭოთა კავშირისადმი ნოსტალგიას NDI-ს კვლევა ადასტურებს
ნინო დალაქიშვილი
დღეს ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საქართველოში საზოგადოების განწყობის შესახებ ახალი კვლევა წარმოადგინა. ის 7–დან 28 აპრილის პერიოდში გამოკითხული ადამიანების მოსაზრებების მიხედვითაა შედგენილი. კვლევის ფარგლებში ჩატარდა 2493 დასრულებული ინტერვიუ.
საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე მეტად უზრუნველყოფს აშშ – ასე ფიქრობს გამოკითხულთა 35 პროცენტი. 10 პროცენტს კი მიაჩნია, რომ ასეთი რუსეთი იქნება. ამ კითხვაზე გამოკითხულთა 18 პროცენტი ამბობს, რომ ამას ვერც ერთი სხვა ქვეყანა ვერ შეძლებს, 17 პროცენტს კი ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
გამოკითხულთა 63 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთია. 6 პროცენტი ასეთად თურქეთს ასახელებს, 5 პროცენტი კი აშშ–ს. 15 პროცენტს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
გამოკითხულთა 29 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში ყველაზე მეტად ნატოში გაწევრიანება დაეხმარება. ევროკავშირს ამ ნაწილში 11 პროცენტი აქვს, ევრაზიულ კავშირს 3, საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე იმედს კი გამოკითხულთა 16 პროცენტი ამყარებს.
გამოკითხულთა 80 პროცენტისთვის მისაღებია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, 12 პროცენტი კი მას მიუღებლად მიიჩნევს. გაწევრიანების მთავარ მოტივაციდ ამ შემთხვევაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელდება, ხოლო ის კატეგორია, ვისთვისაც ევროკავშირის წევრობა მიუღებელია, მიზეზად რუსეთთან კონფლიქტის წარმოშობას ასახელებს.
ნატოში გაწევრიანება მისაღებია 68 პროცენტისთვის, 21–სთვის კი მიუღებელი. ამერიკის ხმამ კვლევის შეფასებისთვის რამდენიმე მოსაზრება ჩაწერა. სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი გიორგი თარგამაძე ჩვენთან ამბობს: „ეს კვლევა იმ მხრივ არის საინტერესო, რომ ჩვენ გავდივართ იმ ფარგლებიდან, რასაც ჰქვია ადგილობრივი ელიტების განწყობა და უფრო ზუსტი წარმოდგენა გვექმნება ჩვენი მოსახლეობის რეალურ განწყობებზე, რომელიც შეიძლება ბევრს მოეწონოს, ზოგს არ მოეწონოს… მაგალითისთვის, საინტერესოა პროცენტული მონაცემი, რაც უკავშირდება საბჭოთა კავშირის დანგრევის მიმართ მოსახლეობის 42 პროცენტის ნეგატიურ დამოკიდებულებას. ყველა პასუხისა და დამოკიდებულების ახსნა, აწონვა, გამომწვევი მიზეზების დადგენა შესაძლებელია. მთავარია, ჩვენ კი არ გავღიზიანდეთ ამ პასუხებზე, არამედ რაციონალური, ცივი გონებით გავაანალიზოთ, შესაბამისი დასკვნებიც გამოვიტანოთ და რაც მთავარია, არც მოქმედებადაგვეზაროს. მე ვფიქრობ, სახელისუფლებო ინსტიტუტებისთვის და არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, საკმაოდ საინტერესო და ანგარიშგასაწევი კვლევის შედეგებია“.
საინტერესო მონაცემია საბჭოთა კავშირის დაშლისადმი დამოკიდებულების შესახებ. 48 პროცენტი მიიჩევნს, რომ ეს საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო, 42 პროცენტს კი მიაჩნია, რომ ეს არ იყო კარგი ქვეყნისთვის. აღსანიშნავია, რომ 18–დან 35 წლამდე ასაკის რესპონდენტებს შორის 30 პროცენტი აფასებს ამ მოვლენას უარყოფითად. საინტერესოა ისიც, რომ იმ ადამიანების უმეტესობა, ვინც საბჭოთა კავშირის დაშლას უარყოფით მოვლენად მიიჩნევს, მაინც მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.
გამოკითხულთა 57 პროცენტი თვლის, რომ რუსეთი დიდ სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს მეზობელი ქვეყნებისთვის. 11 პროცენტს მიაჩნია, რომ ის საფრთხე საერთოდ არაა.
რაც შეეხება დამოკიდებულებას რუსული პროპაგანდისადმი, 47 პროცენტს მის არსებობაში ეჭვი არ ეპარება, 27 პროცენტი ამგვარ მოსაზრებას არ იზიარებს, 26 პროცენტმა კი ამის შესახებ არაფერი იცის.
მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს: „მე მაინც მგონია, რომ პრობლემა არის იმაში, რომ თვითონ ხელისუფლება ამ პრობლემას არ აღიარებდა. მხოლოდ 2016 წელს ჩაწერა მთავრობამ კომუნიკაციის სტრატეგიაში რუსული პროპაგანდა, როგორც საფრთხე. იძულებული გახდა ეღიარებინა ეს საფრთხედ. მეორეს მხრივ, ის შემადგენლობა, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გვყავდა, გვახსოვს როგორი ეკლექტური იყო. წინააღმდეგობრივი გზავნილები, რაც მათგან მოდიოდა, იგივე ნატოსთან, დასავლეთთან დაკავშირებით, შიშის დათესვა მუდმივად, რომ თუ ჩვენ ხმას გავიღებთ და ჩვენ სახელმწიფოებრივ ინტერესებს დავიცავთ, ეს გამოიწვევს რუსეთის გაღიზიანებას, მის ინტერვენციას, შემდგომ საფრთხეს და საომარ მოქმედებებს – ამან იმუშავა და ამის ასახვაა ის განწყობები, რაც ჩვენ ვნახეთ NDI–ს კვლევაში“.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი კვლევის ცდომილებად + – 2.7 პროცენტს ასახელებს.
«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 12 მაისი, 2017 წელი
ევროინტეგრაციის მხარდაჭერა რუსული პროპაგანდის ფონზე
ჯიმშერ რეხვიაშვილი
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის კვლევის მორიგი შედეგები, რომელთა თანახმად, უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში 71 პროცენტიდან 80 პროცენტამდე გაიზარდა იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს შესვლას ევროკავშირის შემადგენლობაში. ასევე მაღალია ნატოში ინტეგრაციის მომხრეთა მაჩვენებელი: გამოკითხულთა 68 პროცენტი ემხრობა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრობას. საზოგადოებრივი აზრის კვლევამ აჩვენა ასევე, რომ რუსეთს საფრთხედ აღიქვამს გამოკითხულთა 78 პროცენტი, ხოლო 47 პროცენტი დარწმუნებულია, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს.
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებულმა საზოგადოების განწყობის კვლევამ მოიცვა ისეთი საკითხები, როგორიცაა: დემოკრატია, ეროვნული უსაფრთხოება, უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან, ნატო, რუსეთი და სამხედორო სამსახური. NDI-საქართველოს ოფისის დირექტორის, ლორა თორნტონის, თქმით, განუხრელად იზრდება ევროკავშირის მხარდაჭერა:
„ევროკავშირის მხარდამჭერთა რაოდენობა კვლავაც დიდია და ამ კვლევაში 80 პროცენტს აღწევს, ხოლო ისინი, ვისთვისაც მიუღებელია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, 12 პროცენტს შეადგენენ. გეოგრაფიული თვალსაზრისით რომ შევხედოთ, ძალიან მყარია ევროკავშირის მხარდაჭერა ყველა გეოგრაფიულ დასახლებაში, გარდა უმცირესობებით დასახლებული რეგიონებისა, სადაც მხარდამჭერთა რიცხვი შედარებით დაბალია და 54 პროცენტს შეადგენს“.
ლორა თორნტონის თქმით, მსგავსი სურათია ნატოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით: გამოკითხულთა 68 პროცენტისთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატოს წევრი, თუმცა დასახლებების მიხედვით, ეს მაჩვენებელი, ისევე როგორც ევროკავშირის შემთხვევაში, დაბალია (42 %) უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ლორა თორნტონის თქმით, მხარდაჭერა ასევე დაბალია (56 %) იმ მოქალაქეებში, რომელთა ასაკი აღემატება 55 წელს:
„ყველა ჩვენს გამოკითხვაში დავინახეთ, მაგრამ განსაკუთრებით რაც გამოიკვეთა კონკრეტულად ამ გამოკითხვაში, არის, ის, რომ არიან მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფები. ვიცით, რომ ეს ჯგუფები შედგება ასაკოვანი ადამიანებისგან, რომლებიც ცხოვრობენ უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში. უკიდურესად მნიშვნელოვანია აქტიური კამპანიების გამართვა მათი პრევენციული განათლებისთვის, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია და მონაცემები იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობა და ნატოში გაწევრიანება, მეტი ინფორმაცია რუსეთზე, – ვფიქრობ, ეს სასარგებლო იქნება, ზოგადად. აგრეთვე ვფიქრობ, სრულიად ნათელია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ინფორმირებული არიან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე, ჯერ კიდევ არსებობს მითები ამ თემაზე. ასე რომ, საჭიროა არა მხოლოდ სავიზო ლიბერალიზაციის წესებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, არამედ ზოგიერთი მითის გაქარწყლებაც – მაგალითად, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია გამოიწვევს ლტოლვილთა რაოდენობის ზრდას საქართველოში, ანდა საქართველოდან მასობრივ მიგრაციას“.
ლორა თორნტონის თქმით, ეთნიკური უმცირესობებისა და უფროსი ასაკი ადამიანების განწყობაზე გავლენას ახდენს დეზინფორმაციის კამპანიები, რომელთა მიზანია იმ აზრის დამკვიდრება, რომ ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოება გამოიწვევს რუსეთის მხრიდან აგრესიას და დააზარალებს საქართველოს კულტურასა და იდენტობას. როგორც კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის დირექტორი კობა თურმანიძე ამბობს, შემთხვევით არაა, რომ გამოკითხულთა 47 პროცენტი დარწმუნებულია, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს:
„ჩვენი კვლევა აჩვენებს ძალიან მნიშვნელოვან ტენდენციას. მიუხედავად გაქანებული ანტიდასავლური, რუსული პროპაგანდისა, რუსეთის მხარდამჭერი მოქალაქეების რაოდენობა არ იზრდება. ალბათ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას, იქიდან გამოდინარე, რომ უამრავი მითი და დეზინფორმაცია მოსახლეობის მცირე რაოდენობას მაინც სჯერა და ამას იმეორებს ჩვენს გამოკითხვებში. ანუ პროპაგანდა მუშაობს. მიზნებს ვერ აღწევს, მაგრამ გარკვეულ რაოდენობაზე მაინც ახდენს გავლენას“.
ამასთან, კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 78 პროცენტი რუსეთს მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხედ მიიჩნევს, დაახლოებით, 40 პროცენტი კი დარწმუნებულია, რომ ბოლო წლებში რუსეთმა უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს როგორც ეკონომიკაზე, ისე პოლიტიკაზე. რუსეთისადმი ამგვარი დამოკიდებულება და ევროკავშირისა და ნატოს მხარდაჭერა არ უკვირს “საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის” მკვლევარს გოგიტა ღვედაშვილს, რომლის თქმითაც, ამგვარ განწყობებს შეიძლება ძირი გამოუთხაროს ბოლო დროს გაძლიერებულმა ანტიდასავლურმა რუსულმა პროპაგანდამ.
„რუსული საფრთხე და პროპაგანდა ცდილობს გარკვეული მითების, სტერეოტიპების შექმნით გააღვიძოს გარკვეული შიშები ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ, რაც არცთუ ისე ცუდად გამოსდის, რადგანაც პროპაგანდის მანქანა საკმაოდ მძლავრი და ინტენსიურია და ეს გამოწვევაა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ აღმოსავლეთ ევროპისა და, ზოგადად, დასავლეთისათვის. შესაბამისად, იქმნება ახალი ინსტრუმენტები იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, მოხდეს სათანადო შეფასება ზიანისა და რისკებისა, რაც პროპაგანდას მოაქვს, მეორე მხრივ, მოხდეს გარკვეული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რაც ხელს შეუშლის პროპაგანდის გავრცელებას, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, მოახდენს მოქალაქეთა ინფორმირებას, მათი ცნობიერების ამაღლებას“, – უთხრა გოგიტა ღვედაშვილმა რადიო თავისუფლებას.
NDI-ის კვლევამ აჩვენა, რომ მოქალაქეთა ცნობიერების ასამაღლებლად დიდი სამუშაოა ჩასატარებელი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სადაც, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, რუსული პროპაგანდა მუშაობს ტელევიზიების საშუალებით. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ზაურ ხალილოვის, თქმით, ხელისუფლების მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული სახელმწიფო ენის უცოდინრობის აღმოფხვრისკენ, თუმცა მანამდე ეთნიკურ უმცირესობებს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მათსავე მშობლიურ ენებზე. და კიდევ:
„ეთნიკური უმცირესობები ქართულ მედიაში არ არსებობენ ან, თუ არსებობენ, არიან წარმოჩენილი საკმაოდ ნეგატიურ კონტექსტში. ქართული მედია არ ინტერესდება მათი პრობლემებით. მედიამ უნდა შეძლოს ინტეგრირება მოახდინოს საინფორმაციო ველში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანი, რომელიც მოწყვეტილია ამ საინფორმაციო ველს, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ იქნება მიმაგრებული რომელიმე სხვა მედიასაშუალებას. მაგრამ აქ იბადება ერთი კითხვა: რამდენად ობიექტურია ნებისმიერი მეზობელი ქვეყნის მედიასაშუალება იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება ეთნიკურ უმცირესობებს“, უთხრა ზაურ ხალილოვმა რადიო თავისუფლებას.
NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში მიაჩნიათ, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას ყველაზე კარგად აშშ ( 35 %), თვითონ საქართველო (12 %) და რუსეთი (10 %) დაიცავენ. რაც შეეხება საფრთხეებს, გამოკითხულთა 63 პროცენტის აზრით, მთავარი საფრთხე რუსეთია.
«Свободная Пресса» (რუსეთი), 13 მაისი, 2017 წელი
https://svpressa.ru/politic/article/172248/
რუსეთი-საქართველო: ქართველ გივის რუსი ივანესი ჯერ კიდევ ეშინია
ამერიკული ინსტიტუტი გვარწმუნებს, რომ Сакартвело-ს მოსახლეობის 60% რუსეთში მტერს ხედავს
სტატიაში გადმოცემულია ამერიკული ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ მოსახლეობის 60% რუსეთს ყველაზე დიდ საფრთხედ აღიქვამს (ავტორი – მარია ბეზჩასტნაია).
„კითხვაზე, თუ რომელი ქვეყანა წარმოადგენს საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს, პასუხები ასე განაწილდა; რუსეთი – 63%, თურქეთი – 6%, აშშ – 5%“, – აღნიშნავს ავტორი და იქვე მიუთითებს, რომ NDI რუსეთში „არასასურველ ორგანიზაციადაა“ მიჩნეული.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მომენტიდან ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილია, თუმცა ეს ხელს არ უშლის ეკონომიკური კავშირების, ტურიზმის განვითარებას, კულტურულ გაცვლებს, – აღნიშნულია პუბლიკაციაში, რომელშიც მოკლედაა მიმოხილული ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასიონის შეხვედრების შედეგები, სერგეი ლავროვის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ.
ავტორი ესაუბრება კვლევითი ცენტრის „ახლო აღმოსავლეთი – კავკასიის“ დირექტორს სტანისლავ ტარასოვს:
„NDI-ის მონაცემები აშკარად ფალსიფიცირებულია. არა მგონია, რომ საქართველოს მოსახლეობის 60% რუსეთში მთავარ მტერს ხედავდეს. დიახ, არაა გამორიცხული, რომ მოსახლეობის 20-30%-ს ისტორიული წყენა ჰქონდეს გულში დარჩენილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო, მაგრამ დღეს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები წარმატებით ღრმავდება, მიმდინარეობს ჟენევის მოლაპარაკების პროცესი, მოსკოვ-ერევან-თბილისის კონტაქტები და ა.შ. სხვა საქმეა, რომ საქართველო ტრადიციულად დამოკიდებულია აზერბაიჯანზე. ბაქო სარგებლობს ქართული ტრანზიტით თავისი ენერგორესურსების მსოფლიო ბაზარზე გასატანად, კერძოდ, თურქეთში. ამიტომაც აზერბაიჯანი ცდილობს საქართველო თავისთან კავშირში იყოლიოს და თურქეთზე მიაბას. გარდა ამისა, ჰორიზონტზე ნატოც მოჩანს, საქართველოში არის ალიანსის სასწავლო ცენტრი, თუმცა არა მგონია, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ჯერ კიდევ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ თქვა უარი ამაზე, დონალდ ტრამპს კი საერთოდ არ ადარდებს. შესაბამისად, ჩემი აზრით, აღნიშნული სოციოლოგიური გამოკითხვა მხოლოდ შიდაპოლიტიკური ინტერესებით და მიზნებითაა გამოწვეული. შესაძლოა ეს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას უკავშირდება, ან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას“, – ამბობს სტანისლავ ტარასოვი.
რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის კონსტანტინ ტასიცის თქმით, 2008 წლის მოვლენების შემდეგ საქართველოს მოსახლეობა რუსეთის პოლიტიკას მართლაც ერთგვარი სირთხილით ეკიდება.
„ერთი მხრივ, NDI-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვებს ნდობა ნაკლები აქვს, მას ხშირად აკრიტიკებენ საქართველოშიც, რადგან რეალობას ობიექტურად არ ასახავს, განსაკუთრებით ეს ხდება წინასაარჩევნო პერიოდებში. მეორე მხრივ, ჩვენ იძულებულნი ვართ ვაღიაროთ, რომ ქართული საზოგადოება მთლიანობაში რუსეთს საფრთხედ აღიქვამს, რადგან, ქართველების თვალსაზრისით, რუსეთს ოკუპირებული აქვს მათი ტერიტორიოები. ბოლო წლებში ჩვენი ურთიერთობა კონფლიქტური ხასიათისაა. ქართული პოლიტიკური კლასი და საექსპერტო საზოგადოება თავიანთი პრობლემების წყაროდ იმას კი არ მიიჩნევენ, რომ მათ ვერ მოახერხეს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან ერთობლივი სახელმწიფოს აშენება, რამაც კონფლიქტი გამოიწვია, არამედ საგარეო ფაქტორს. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ სწორედ რუსეთმა შეასრულა ნეგატიური როლი… საქართველოს მოსახლეობა ამ პრობლემებს ისე აღიქვამს, როგორადაც მასმედია ავრცელებს. ეკონომიკა – პოლიტიკური სფერო არ არის. ვითარდება ტურიზმი, ვაჭრობა, მაგრამ პოლიტიკაში წინსვლა არ შეიმჩნევა. საქართველოში ამჟამად ცოტა თუ ვინმე ეთანხმება დღევანდელ რეალიებს, კონკრეტულად კი აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას რუსეთის მიერ.
- ესე იგი, ქართველები ყოფით დონეზე რუსეთს ნორმალურად უყურებენ, სახელმწიფო დონეზე კი საფრთხედ მიიჩნევენ?
- დიახ, დაახლოებით ასეა. იყო ისეთი პერიოდი 2008 წლის ომის შემდეგ, როცა ჭრილობები ჯერ კიდევ შეუხორცებელი იყო, თუმცა დღეს ამან უკანა პლანზე გადაინაცვლა: გამოკითხვის თანახმად, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მხოლოდ მეოთხე ადგილზეა, ქართველებს უფრო სოციალური პრობლემები აღელვებთ.
- რა უნდა მოხდეს, რომ საქართველოს მოსახლეობამ რუსაეთი საფრთხედ აღარ აღიქვას?
- პირველ რიგში, დრო უნდა გავიდეს. მსგავს კონფლიქტებს მოკლე დროში არავინ ივიწყებს. საზოგადოება უნდა დამშვიდდეს. მეორე – საჭიროა პოლიტიკური ნებისა და სურვილის გამოჩენა ორივე მხარის მიერ, ურთიერთობის ნორმალიზებისათვის.
«La Prensa» (ნიკარაგუა), 12 მაისი, 2017 წელი
http://www.laprensa.com.ni/2017/05/12/politica/2228001-analistas-ley-hr-244-adelanta-50-la-nica-act
ანალიტიკოსების აზრით, აშშ-ის მიერ მიღებული კანონი ნიკარაგუაზე უარყოფით გავლენას მოახდენს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხში რუსეთისადმი მხარდაჭერის გამო
სტატიაში კომენტირებულია აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული კანონი (H.R.244) 2017 წლის ფედერალური ბიუჯეტის თაობაზე (Consolidated Appropriations Act, 2017), რომელსაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც ხელი მოაწერა. როგორც ცნობილია, ამ კანონში აღნიშნულია (განყოფილება 7070), რომ აშშ-ის მთავრობას ეკრძალება იმ სახელმწიფოებისადმი დახმარება, რომლებმაც აღიარეს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსია და რუსეთის მიერ „ოკუპირებული“ საქართველოს ტერიტორიები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და მათთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს (ავტორები – იუდით ფლორესი და ლეონორ ალვარესი).
„ნიკარაგუა მსოფლიოს ოთხი სახელმწიფოდან ერთ-ერთია, რომელსაც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან დიპლომატიური ურთიერთობა აქვს დამყარებული. ორივეს დამოუკიდებლობის აღიარება დანიელ ორტეგას მთავრობის მმართველობის დროს მოხდა, როცა ნიკარაგუამ რუსეთთან თამაში დაიწყო, მოსკოვთან დაახლოების მიზნით.
„ამ კანონს აუცილებლად მოჰყვება არასასურველი შედეგები ნიკარაგუასათვის. შესაბამისად, დანიელ ორტეგამ უნდა აირჩიოს – გააგრძელებს თუ არა თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც ნიკარაგუის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. რუსეთს არანაირად არ შეუძლია აშშ-ის ჩანაცვლება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ და სავაჭრო სივრცეში. შესაბამისად, ხელისუფლებას მოუწევს განსაზღვროს რომელია მისთვის უკეთესი – რუსეთთან ეკონომიკური კავშირები თუ აშშ-სთან“, – ამბობს ჯეისონ პობლეტე, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი. მისი თქმით, აშშ-ის ამ შემთხვევაში აშშ-ის მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ ეფექტს მოახდენს იმ კანონის პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, რომელიც კონგრესში უნდა განიხილონ და რომელიც ნიკარაგუასათვის დახმარებას და ინვესტიციებს ითვალისწინებს (Nica Act).
ექსპერტი განმარტავს, რომ აშშ-ის ბიუჯეტის კანონი (H.R.244) თეთრი სახლის დღევანდელი ადმინისტრაციის ეკონომიკურ პოლიტიკას განსაზღვრავს: ეს ნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვაჭრობა პრივილეგიაა და არა უფლება. დონალდს ტრამპის მიერ ხელმოწერილი კანონის საფუძველზე გამოჩნდება, თუ რომელი ქვეყნები თვლიან ჩრდილოამერიკულ ბაზარს საჭიროდ და აუცილებლად თავიანთი ინტერესებისათვის.
ჯეისონ პობლეტე დარწმუნებულია, რომ კანონი დაუყონებლივი ეფექტი მოჰყვება: „პროცესი უკვე დაიწყო და ჩვენ შედეგს მალე დავინახავთ“. ისეთი ქვეყნებმა, როგორებიცაა კუბა, ვენესუელა, ბოლივია, ეკვადორი და ნიკარაგუამ უნდა გააცნობიერონ და მხედველობაში იქონიონ, რომ აშშ-ის პოლიტიკა იცვლება, რაც გულისხმობს ცვლილებებს ამ ქვეყნის ბაზარზე ყოფნასთან დაკავშირებითაც.
ექსპერტის თქმით, დანიელ ორტეგას მიერ გატარებულმა საგარეო პოლიტიკამ და მისმა ნაბიჯებმა ნიკარაგუელი ხალხი მძიმე სიტუაციაში ჩააგდო: „მისი პოლიტიკა ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან ხორციელდება, ცივი ომის პერიოდიდან. ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტმა ურთიერთობა განამტკიცოს აშშ-სთან, მის ინტერესს მხოლოდ ისეთი ქვეყნები წარმოადგენენ, როგორებიცაა რუსეთი და ირანი.
რაფაელ კარკამო, საზოგადო მოღვაწე და აქტივისტი, რომელიც პროფესიით ექიმია, მაგრამ კარგად ერკვევა საგარეო-პოლიტიკურ საკითხებში, ამბობს, რომ აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული კანონი დანიელ ორტეგას მთავრობის წინააღმდეგაა მიმართული. მისი თქმით, ყველამ იცის იმ ქვეყნების სია, რომლებმაც საქართველოს სეპარატისტული ტერიტორიები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარეს და მათთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს – რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა და ნაურუ. „იმის გამო, რომ ნიკარაგუამ სეპარატისტების დამოუკიდებლობა აღიარა, დონალდ ტრამპის კანონის მოქმედება ჩვენც შეგვეხება. შესაბამისად, Nica Act-ისადმი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად მცირდება“, – ამბობს რაფაელ კარკამო.
კერძო მეწარმეობის საბჭოს პრეზიდენტმა ხოსე ადამ აგერმა განაცხადა, რომ მან აშშ-ის საელჩოს სთხოვა მეტი ინფორმაცია მიაწოდოს კონგრესის მიერ მიღებული ბიუჯეტის კანონის შესახებ, თუმცა მას ჯერ-ჯერობით პასუხი არ მიუღია. ჩვენი გაზეთი შეეცადა აშშ-ის სავჭრო პალატის პრეზიდენტს ალვარო როდრიგესს დაკავშირებოდა, მაგრამ იგი მობილურ ტელეფონზე არ პასუხობდა.
ნიკარაგიოს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ვილმა ნუნესის თქმით, პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ, თავისი უპასუხისმგებლო მოქმედებით, აღიარა რა რუსეთის მოკავშირე ორი სეპარატისტული რეგიონი, საკუთარი ქვეყანა ეკონომიკურ იზოლაციაში მოაქცია. ფაქტია, რომ აშშ-ის კანონის მოქმედება და მის საფუძველზე მიღებული თეთრი სახლის გადაწყვეტილება ნიკარაგუაზეც გავრცელდება, რაც, ვილმა ნუნესის თქმით, საფრთხეს უქმნის Nica Act-საც.
———-
გაზეთი «La Prensa» ოპოზიციური გამოცემაა და პროამერიკული პოზიციით გამოირჩევა, ხშირად აკრიტიკებს ნიკარაგიოს ხელისუფლების კურსს. იბეჭდება მანაგუაში. ტირაჟი – 42 ათასი ეგზემპლარი.