«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველოს ნატოში წევრობა – დამსახურებული უფლება თუ რუსეთის სურვილი
«КП в Украине» (უკრაინა): უვიზო რეჟიმის საკითხის განხილვა შემოდგომისთვის გადაიტანეს // გერმანია ვიზალიბერალიზების დაყოვ-ნებას ქართული ორგანიზებული დამნაშავეობის გააქტიურებას უკავშირებს, თუმცა რა შუაშია ამ შემთხევაში უკრაინა, გაუგებარია
«Каспiй» (აზერბაიჯანი): საკვირველი ურყევობა // სომხეთი ჯიუტად დგას თავის პოზიციაზე და საქართველოს მხარს არ უჭერს
———————-
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 13 ივნისი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/future-of-nato/3371194.html
საქართველოს ნატოში წევრობა – დამსახურებული უფლება თუ რუსეთის სურვილი
ია მეურმიშვილი
„ამერიკა უფრო აგრესიული ქვეყანაა, ვიდრე რუსეთი“, – აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი ცნობილი ამერიკელი თეორეტიკოსი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ მიარშაიმერი. იგი ამ აგრესიას იმით ხსნის, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ამერიკა შვიდ ომში მონაწილეობდა. ჯონ მიარშაიმერი ამბობს, რომ რუსეთს სამხედრო ოპერაციები მხოლოდ საქართველოში, უკრაინასა და სირიაში აქვს ჩატარებული.
„რუსეთმა ჩათვალა, რომ ნატოს გაფართოება და ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ 2008 წელს და უკრაინამ 2014 წელს გადადგეს ამ ინტერესებს საფრთხეში აგდებდა და ამის გამო, რუსეთმა სამხედრო ინტერვენცია გადაწყვიტა“, – განაცხადა პროფესორმა ატლანტიკური საბჭოს ღონისძიებაზე სახელწოდებით, „ნატოს გაფართოების მომავალი”.
ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით ხშირად ისმის საუბარი იმაზე, რომ რუსეთს ნატოს გადაწყვეტილებების მიღებაზე ვეტოს უფლება არ უნდა ჰქონდეს. ჯონ მიარშაიმერი ამბობს, რომ საკითხის ამ ფორმით დასმა არასწორი მიდგომაა: „ის შეხედულება, რომ საქართველოს და უკარინას ნატოში გაწევრიანების უფლება აქვთ ძალიან საშიში და სულელური წარმოდგენაა საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპებზე. თუ ხარ უკრაინა ან საქართველო და ესაზღვრები ისეთ ძლიერ ქვეყანას, როგორიც რუსეთია, რუსეთის ინტერესებს ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციო. თუ ფიქრობ იმას რომ ნატოში გაწევრიანების უფლება გაქვს იმის მიუხედავად რას ფიქრობს რუსეთი, საკუთარ თავს დიდ პრობლემებს შეუქმნი“, – აცხადებს პოლიტოლოგი.
ჯონ მიარშაიმერი ამბობს, რომ საქართველომ ნატოში გაწევრიანებაზე უარი უნდა თქვას და რაც შეიძლება ახლო ურთიერთობა დაამყაროს რუსეთთან და მხოლოდ ამის შემდეგ დაუახლოვდეს დასავლეთს ეკონომიკურად.
რადიკალურად განსხვავებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის შეხედულება, რომელიც აცხადებს, რომ ნატოს გაფართოებაზე საუბარი ზედმეტად „რუსოცენტრულია“. მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნები საკუთარ საგარეო პოლიტიკას იმაზე დაყრდნობით არ უნდა აწარმოებდნენ, თუ რა სურს რუსეთს. „ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ჩვენ ვუშვებთ არის ის, რომ ჩვენს პოლიტიკას ვაფუძნებთ შიშზე. სანამ რუსეთის შიშით ვხელმძღვანელობთ, მსოფლიოში კარგი არაფერი მოხდება“, – თქვა თინათინ ხიდაშელმა.
სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის ყოფილი უფროსი სტივ ბიგანი ჯონ მიარშაიმერის მოსაზრებას პრაქტიკული გამოყენებისთვის შეუსაბამოდ აფასებს. ის ამბობს, რომ კრემლი ცდილობს სამყარო დაარწმუნოს იმაში, რომ ნატო რუსეთს საფრთხეს უქმნის, მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 70 წლის წინ ნატოს შექმნიდან დღემდე ალიანსის მხრიდან რუსეთის მიმართ მტრული ნაბიჯი არ განხორციელებულა. სტივ ბიგანის თქმით, ნატო ევროპაში სტაბილურობის გარანტიაა და ის კონფლიქტების პრევენციას ცდილობს.
სტივ ბიგანს ერთადერთ სახელმწიფოდ, რომელიც ევროპაში კონფლიქტებს ხელოვნურად ქმინის, რუსეთი მიაჩნია: „ნატოს გაფართოებამ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში სტაბილური, მშვიდობიანი, კეთილგანწყობილი სახელმწიფოები შექმნა, რომლებიც არა მხოლოდ ევროპის, არამედ რუსეთის უსაფრთხოებაშიც დიდ როლს თამაშობს.“
სტივ ბიგანი ამბობს, რომ მოსაზრება, რომ ნატომ რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები – შეცდომაა. რამდენად ლეგიტიმურია რუსეთის ინტერესები, რა დათმობებზე წასვლას მოითხოვს მათი გათვალისწინება და სად ჯდება კრემლის ინტერესები დასავლეთის ინტერესებში ის გასათვალისწინებელი ფაქტორებია, რომლებიც ნატოს გაფართოების მოწინააღმდეგეებს ხშირად ავიწყებათ.
პროფესორი მიარშაიმერისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს ამერიკის ევროპის სარდლობის ყოფილ მეთაურს, ოთხვარსკვლავიან გენერალ ფილიპ ბრიდლოვსაც. მისი აზრით, ნატომ რუსეთს მკაფიოდ დაანახა, რომ ალიანსი მზადაა დაიცვას საკუთარი ტერიტორია და ინტერესები. გენერალს ასევე მიაჩნია, რომ კრემლი ალიანსის ერთსულოვნებას ხედავს და მის დაძლევას ნატოში არსებული განსხვავებული მოსაზრებების ბოროტად გამოყენებით ცდილობს:
„ბატონი პუტინის ნომერი პირველი მიზანი ნატოში არსებული ბზარების გამოყენება და ალიანსის გაყოფაა. თუ მან ამ მიზანს მიაღწია, ის სხვა ყველა მიზანს მიაღწევს,” განაცხადა გენერალმა ბრიდლოვმა.
იმაზე კი არის თუ არა საქართველო ერთ-ერთი თემა, რომელიც რუსეთმა შეიძლება ალიანსის გასათიშად გამოიყენოს, ნატოს ყოფილმა მთავარსარდალმა თქვა: “მე საქართველოს ნატოს ბზარად არასოდეს ავღწერ. საქართველოს ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო ძალაა აისაფში [ნატოს მისია ავღანეთში]. საქართველომ გადააჭარბა ნატოს სამხედრო მოთხოვნას ალიანსის წევრობისთვის. ისინი ყველა სიტუაციაში მსახურობენ ჩვენს გვერდით. ისინი ჩვენთან ერთად იღუპებიან და ჩვენთან ერთად სტკივათ. პოლიტიკურ ასპექტზე მე კომნტარს არ გავაკეთებ, მაგრამ საქართველოს ბზარი არ არის. საქართველო ჩვენი პარტნიორობის ბრწყინვალე წევრია,“ დასძინა გენერალმა.
ეს იდეოლოგიური დაპირისპირება მხოლოდ ვაშინგტონში არ ისმის.
ნატოს გაფართოების მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია იქნება. “ღია კარის” მომხრეებს კი მიაჩნიათ, რომ ალიანსის გადაწყვეტილებების მიღება რუსეთის ინტერესებზე დაყრდნობით არ უნდა ხდებოდეს. ვარშავის სამიტზე ეს თემები, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ გაჟღერდება.
საქართველო ნატოსგან გაბედული ნაბიჯების გადადგმას ითხოვს. მომდევნო სამიტზე საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის მიღება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ექსპერტები ნატოს მხრიდან საქართველოსთან კიდევ უფრო დასაახლოებელ ნაბიჯებს ელიან.
«КП в Украине» (უკრაინა), 13 ივნისი, 2016 წელი
http://kp.ua/politics/542108-bezvyzovyi-rezhym-perenesen-na-osen
უვიზო რეჟიმის საკითხის განხილვა შემოდგომისთვის გადაიტანეს
გერმანია ვიზალიბერალიზების დაყოვნებას ქართული ორგანიზებული დამნაშავეობის გააქტიურებას უკავშირებს, თუმცა რა შუაშია ამ შემთხევაში უკრაინა, გაუგებარია
ვიქტორ ტიმოფეევი
(შემოკლებით)
ევროპა უკან იხევს – უკრაინამ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ყველა პირობა შეასრულა, ევროკავშირი კი ვიზალიბრალიზებას მაინც არ იძელვა. ამას პატიოსან ქცევას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ევროკავშირის ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის წევრები საქართველოსთან, უკრაინასთან და კოსოვოსთან უვიზო რეჟიმის დაწესებაზე ვერ შეთანხმდნენ და ამიტომ გადაწყვეტილების მიღება სექტემბრისათვის გადადეს.
ევროპაში დღეს წამყვანი ქვეყნების – გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის საკმაოდ მდგრადი გავლენა ჩამოყალიბდა, რომლებიც სხვადასხვა საბაბით ცდილობენ დაბრკოლება შეუქმნან საქართველოს, უკრაინას, კოსოვოსა და თურქეთს უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით.
გერმანია, მაგალითად, ვიზალიბერალიზების დაყოვნებას ქართული ორგანიზებული დამნაშავეობის გააქტიურებას უკავშირებს. უფრო მეტიც – ბერლინმა ევროკომისიას სთხოვა, რომ მოამზადოს მოხსენება ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ქართველი მაფიოზების მიერ ჩადენილი დანაშაულებების თაობაზე. თუმცა რა შუაშია ამ შემთხევაში უკრაინა, გაუგებარია. იტალია და საფრანგეთი აცხადებენ, რომ ჯერ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი უნდა შემუშავდეს და დამტკიცდესო, შემდეგ ვიზალიბერალიზებაო.
მოკლედ, ევროპამ უვიზო რეჟიმის შემოღება გადადო მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ, ისევე როგორც საქართველომ, მთლიანად შეასრულა ვიზების გაუქმებისათვის აუცილებელი ყველა მოთხოვნა.
ევროკავშირის „უკანსვლის“ მთავარი მიზეზი ახლო აღმოსავლეთიდან (სირია) და ჩრდილოეთ აფრიკიდან (ლიბია) ჩასული მიგრანტების პრობლემაა, რომლებმაც, შეიძლება ითქვას, ევროპა პირდაპირ გაავსეს. როგორც ამბობენ ხოლმე მსგავს შემთხვევებში – „ცხელ რძეზე პირდამწვარ“ ევროპას ეშინია და „ცივ წყალსაც სულ უბერავს“ – ევროპის ქვეყნები სირიელ ლტოლვილებსა და უკრაინის მოქალაქეებს ერთმანეთისაგან აღარ ანსხვავებენ. ისინი შიშობენ, რომ თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილების უფლებას მისცემენ, მაშინ უკრაინიდან ევროპაში სამუშაოს საძებნელად მოსახლეობის დიდი ნაკადი დაიძვრება. გარდა ამისა, ჩვენი სახელმწიფო, დონბასის გამო, ევროპის ცხელ წერტილად ითვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს ევროკავშირის ქვეყნებში უკრაინიდან დესტრუქციული ელემენტების შეღწევის საფრთხე.
უკრაინის სახალხო დეპუტატის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელ ვლადიმირ არევის აზრით, უკრაინისთვის ეს ფაქტი უვიზო რეჟიმის შემოღების ჩაშლას არ ნიაშნავს, „მაგრამ, რასაკვირველია, ამდენი დავა და ვადის გადაწევები ევროკავშირს როგორც პარტნიორს, არ შეჰფერის. უკრაინამ და საქართველოს თავისი ვალდებულებები შეასრულეს, ევროპამ კი არა, მით უმეტეს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმებას რუსეთთან დამოკიდებულების ფონზე ჩვენთვის ერთგვარ ტკბილი აბის, მოთაფვლის მნიშვნელობა აქვს. სავიზო რეჟჟიმის გაუქმებაზე შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს საფრანგეთსა და გერმანიაში არჩევნების შედეგებმაც, რადგან მიგრაციული კრიზისის ფონზე ამ ქვეყნებში პოპულისტ პოლიტიკოსებისა და რადიკალების რეიტინგმა მოიმატა, ანუ მათ შეუძლიათ სავიზო რეჟიმის შესახებ კარტი გაათამაშონ. ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში უვიზო რეჟიმს მაინც მოგვცემენ, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, მაშინ ევროკავშირი საიმედო პარტნიორის სახელს დაკარგავს და ეს მისთვისაც კატასტროფა იქნება.
«Каспiй» (აზერბაიჯანი), 11 ივნისი, 2016 წელი
http://www.kaspiy.az/news.php?id=42437#.V14dvlhf3s0
საკვირველი ურყევობა
სომხეთი ჯიუტად დგას თავის პოზიციაზე და საქართველოს მხარს არ უჭერს
გასულ კვირას გაეროს გენასამბლეამ 57 ხმით 13-ის წინააღმდეგ საქართველოსთვის სასარგებლო რეზოლუცია მიიღო – „აფხაზეთიდან (საქართველო) და სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების მდგომარეობის შესახებ“. კენჭისყრისას სომხეთმა ხმა წინააღმდეგ მისცა. ოფიციალური თბილისი „საწყენად“ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სომხეთმა მხარი არ დაუჭირა საქართველოსათვის სასარგებლო რეზულიაციას“, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – ალი საიდოვი).
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ რაც დრო გადის, საქართველოს ამ საკითხში მხარს სულ უფრო მეტი სახელმწიფო უჭერს. ამ რეზოლუციის ხმის მიცემის დროს თბილისმა 76 სახელმწიფოს მხარდაჭერა მოიპოვა, მაგრამ მათ შორის სომხეთი არ არის. „სომხეთი ჯიუტი ვირივით იქცევა და თავისი პოზიციის შეცვლა არ სურს. საკვირველი ურყევობაა“, – ხაზს უსვამს ავტორი, – 2016 წელს ერევანმა კვლავ შეინარჩუნა თავისი „კეთილმეზობლური ტრადიცია საქართველოს მიმართ“.
ვინმემ შეიძლება გაიფიქროს, რომ სომხეთი ასეთი მოქმედებით რსეთის წინაშე მოკავშირის ვალდებულებას ასრულებს“, მაგრამ აშკარაა, რომ ჩვენი უმადური მეზობლების ქცევას მათივე საკუთარი მერკანტილური ინტერესები განსაზღვრავს. მაგალითად, 2015 წელს, როცა უკრაინის ამბების გამო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთისათვის უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე რეზოლუციას იხილავდნენ, აზერბაიჯანმა რუსეთს მხარი დაუჭირა, სომხეთმა კი თავი შეიკავა.
ასეთ სიტუაციაში გამაოგნებელია საქართველოს მშვიდი პოზიცია, რომელსაც სომხეთი მუდმივად სისხლს უშრობს სხვადასხვა პრეტენზიებით – ხან ჯავახეთის შესახებ, ხან ეკკლესიების კუთვნილებიი თაობაზე… სულ ბოლოს სომხეთი აფხაზეთსაც გადასწვდა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს განუყოფელ ნაწილად აღიარებს.
ყოველთვის, როცა კი საქართველოს წინააღმდეგ გამოდის, სომხეთი ცრემლებს ღვრის და უშნოდ ცდილობს ცდილობს საკუთარი ქმედება გაამართლოს.
ქართველები მომთმენი ხალხია, მაგრამ, ალბათ, დადგება დრო და მათაც მოთმინების ფიალა აევსებათ.. ჰოდა, თბილისი ერევანს ჟანგბადს გადაუკეტავს და ის თავის მთავარ სპონსორთან – რუსეთთან მხოლოდ საჰაერო მიმოსვლის ამარა დარჩება. აი, მაშინ მართლაც მოვა სომხეთის აღსასრული, რომელიც ისედაც ეკონომიკურ და სოციალურ კოლაფსში იმყოფება.