globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 13 ივნისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jun 13th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Национальный журнал» (რუსეთი): როგორ გადაარჩინა რუსეთის იმპერიამ საქართველო

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ ანდერს ასლუნდთან: „გაზპრომ“-ის მთავარი ინტერესი ვლადიმერ პუტინის და მისი მეგობრების გამდიდრებაა“ // „ეკონომიკურად საქართველო კარგ მდგომარეობაშია, თუმცა შემაშფოთებელია, რომ კანონის უზენაესობა არ დამყარებულა და დემოკრატია მოიკოჭლებს“ // „საქართველოს ჭირდება უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ამ მხრივ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წარმატებული იყო“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): #არაჩადებას#: „თესლი შავი ზედა“ vc „მუნდირის ღირსება“ // რატომ დაუპირისპირდა „ბირჟა მაფიის“ გამო საზოგადოება ქართველ სამართალდამცველებს?

—————–

«Национальный журнал» (რუსეთი), 12 ივნისი, 2017 წელი

http://www.nationaljournal.ru/articles/2017-06-12/3688/

როგორ გადაარჩინა რუსეთის იმპერიამ საქართველო

რუსულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაზეთში გამოქვეყნებულ მასალაში განხილულია საქართველოს ისტორიაში მომხდარი მოვლენები, თუმცა აქვე შევნიშნავთ, რომ ზოგიერთ ფაქტს თუ მოვლენას ჟურნალისტი ანდრეი ტერენტიევი და მისი რესპოდენტი – მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი ოლეგ აირაპეტოვი ზედმეტად ხაზგასმით წარმოაჩენენ და ამით ცდილობენ მკითხველს საქართველოს შესახებ ნეგატიური განწყობა შეუქმნან.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს მცირეოდენი შემოკლებით:

„რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლამ საქართველო, შეიძლება ითქვას, განადგურებისაგან გადაარჩინა. რუსეთმა ქართველ ხალხს კიდევ ერთი პრობლემა გადაუჭრა – აკრძალა მონად, ტყვედ გაყიდვა. იმ დროს საქართველოს მოსახლეობის 15%-ს აზნაურები შეადგენდნენ, რომელთა შემოსავლის ძირითადი წყარო იყო გლეხების შვილების გაყიდვა მეზობელ ქვეყნებში. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის შემდეგაც კი საქართველო და საერთოდ, ამიერკავკასია ზარალიანი, დოტაციური რეგიონი იყო.

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფოს მართვის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი ოლეგ აირაპეტოვი იმ ისტორიულ პროცესებზე გვესაუბრება, რომლებიც საქართველოში 1801 წლიდან ვითარდებოდა:

- ოლეგ რუდოლფოვიჩ, ისტორიაში ყოველთვის ასე ხდება, რომ მცირე ქვეყნები დიდ ქვეყნებს ეწებებიან? და თუ ერთთან არ გამოსდით, ახალ „სიუზერენს“ ეძებენ? ვთქვათ, იგივე საქართველო, რომელსაც ჩვენთან ურთიერთობა ვერ ააწყო, ახლა ამერიკელებთან გადაბარგდა, რუსეთის მიმართ პრეტენზიები გაუჩნდა…

- დიახ, რა თქმა უნდა. 1801 წლისათვის საქართველოს მიმართ სიტუაცია ასეთი იყო – მას გათავისუფლება კი არა, განადგურებისაგან გადარჩენა სურდა: ქართველები განადგურება-გაქრობის პირას იყვნენ მისულნი. იქ რუსების მისვლის მომენტში მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ 800 ათასს აღწევდა. ქართველებმა რუსებისაგან ყველაზე მეტი მიიღეს, ამიტომაც აქვთ ახლა მათ ყველაზე მეტი პრეტენზია. ანუ იმის თქმა მინდა, რომ როცა გათავისუფლებული ხალხები მადლობლები კი არა, უფრო მომთხოვნები არიან [ეს კიდევ გასაგებია], შეხედეთ, როგორია გადარჩენილი ერის პოზიცია – ისისნი ყველაზე მეტ პრეტენზიას აყენებენ რუსეთის მიმართ!

- და თან ისინი მაშინდელ სიტუაციას დღეს სულ სხვაგვარად ხატავენ…

- დიახ. ისე გამოდის, რომ მათ, ბარონ მიუნჰაუზენის მსგავსად, საკუთარი თავი თმებით ამოათრიეს ჭაობიდან…

- ისე, თვითონ ამოათრიეს თუ ჩვენ ამოვათრიეთ?

- პრინციპში, ისინი ჩვენ გადავარჩინეთ. აბა, შევადაროთ: საქართველოს მოსახლეობა თამარ მეფის დროს, მე-12 საუკუნეში, 12 მილიონი მცხოვრები იყო, 1801 წელს კი, როცა იქ რუსეთის ხელისუფლება მოვიდა, მხოლოდ 800 ათასი!

- ქართველები ადრეც ითხოვდნენ რუსეთთან დაახლოებას…

- სხვადასხვანაირად იყო, ასე ვთქვათ. სხვადასხვანაირი თხოვნები იყო. იყო, მაგალითად, თხოვნა პროტექტორატზე. საერთოდ, გაუგებარი იყო, რას ნიშნავდა პროტექტორატობა, რადგან ამ ტერმინის მნიშვნელობა პირობითია. იმპერატორ ეკატერინე მეორის თვალსაზრისი (ბოლო-ბოლო, მას ევროპული განათლება ჰქონდა მიღებული) მეფე ერეკლე მეორის პოზიციისაგან განსხვავდებოდა. ქართული მხარის თვალსაზრისი „გეორგიევსკის ტრაქტატში“ ჩანს. მაინც რა უნდოდათ ქართველებს? როგორ წარმოედგინათ მათ რუსეთის პროტექტორატი (მფარველობა)? ისინი მიიჩნევდნენ, რომ საქართველოში იქნებოდა რუსეთის იმპერიის უზენაესობა, მაგრამ ასევე იქნებოდა ქართველი მეფეების მემკვიდრეობითი ხელისუფლება, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველო რუსულ იმპერიაში იქნებოდა, ვერ გაატარებდა თავის საგარეო პოლიტიკას, მაგრამ დამოუკიდებელი იქნებოდა საშინაო პოლიტიკის საკითხებში – ე.წ. მემკვიდრეობითი გუბერნიის მსგავსად. სად იყო ფული ამ ყველაფრისათვის? ჩვენ კიდეც უნდა გადაგვერჩინა და კიდეც გვეომა, თანაც სპარსეთთან, რომელთანაც რუსეთს ბრძოლები ადრე პრაქტიკულად არ ჰქონია. კი, იყო [პეტრე პირველის დროინდელი] „სპარსული ლაშქრობები“, მაგრამ ეს არ იყო ომი სპარსეთთან. იმ დროს სპარსეთში [არ იყო მტკიცე ხელისუფლება], სამოქალაქო ომი მიდიოდა. ჩვენ კი როცა ამიერკავკასიაში მივედით, იძულებული გავხდით უკვე გაძლიერებულ სპარსეთთან ორი ომი გვეწარმოებინა. რატომ? იმიტომ, რომ ქართლი და კახეთი სპარსეთის გავლენის ქვეშ იყვნენ მოქცეული. მეტსაც გეტყვით: ქართლ-კახეთის მეფე, სპარსული გაგებით, მხოლოდ „ვალი“ (მმართველი) იყო, ანუ შაჰინ-შაჰის მოადგილე. იგი კორონაციაში ვალის სტატუსით მონაწილეობდა ხოლმე.

-         ანუ ჩვენ მათთვის ბრძოლა დავიწყეთ, მაგრამ რას მივაღწიეთ?

- იმას მივაღწიეთ, რომ პირველად მრავალი საუკუნის შემდეგ, რუსეთის შემადგენლობაში ყველა ქართული მიწა გავაერთიანეთ. სხვათა შორის, „რუსულმა საშინელმა ხელისუფლებამ“ იქ გლეხებით ვაჭრობა აკრძალა. ამ მხრივ საქართველოში ძალიან მძიმე სიტუაცია იყო და ერთ-ერთი დიდი პრობლემა ტყვეთა (მონებით) ვაჭრობა გახლდათ. როგორ აგიხსნათ? იქ დიდი რაოდენობით თავად-აზნაურობა იყო, თავიანთი მრავალრიცხოვანი ოჯახობით (იმ დროს მხოლოდ ესპანეთში, პოლონეთში და საქართველოში იყო ამდენი თავად-აზნაური – მთელი მოსახლეობის თითქმის 15%). შედარებისათვის – რუსეთში მხოლოდ 4% იყო, მოსახლეობის რაოდენობაზე გადაანგარიშებით. როცა საქართველო რუსეთს შემოუერთდა, კავკასიური გვარებიდან მთელ იმპერიაში ქართული წარმოშობის [თავადაზნაურთა] გვარების რაოდენობამ უკვე 70%-ს მიაღწია.

- და როგორ ცხოვრობდა ერთად ამ მცირე ტერიტორიაზე ამდენი თავად-აზნაური?

- ყველა კეთილშობილი დიდებული იყო, მუშაობა არავის უნდოდა. „მე თავადი ვარ, აზნაური, კეთილშობილი ადამიანი, მიწაზე როგორ ვიმუშავებ“. თან მიწაც რომ ცოტაა? იგივე მდგომარეობა იყო უმაღლეს სახელმწიფო დონეზე, სამეფო ოჯახშიც: ერთი მეფე, სამი ცოლი, რვა და მეტი შვილი და ყველას პრეტენზია აქვს ტახტზე. და ასეთ სიტუაციაში დიდებულებს ჭამა-სმა ხომ უნდოდათ? ამიტომაც შემოსავლების მიღების ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული ფორმა იყო ბავშვების გატაცება და და მათი მონებად გაყიდვა. და რატომაც არა?

- ვისი ბავშვების გატაცება?

- უბრალო გლეხების ბავშვებისა. გლეხს ადრე საქართველოში ამზერით უყურებდნენ – „ეს ადამიანი გლეხური წარმოშობისა არისო“. გლეხის გაყიდვა საქონელივით შეიძლებოდა. ბავშვების გაყიდვით [თავად-აზნაურები] კარგ ფულს იღებდნენ, შეიძლებოდა ნახევარი წელი მხიარულად გაეტარებინათ.

- განა გლეხის შვილები ასე ძვირად ფასობდნენ?

- რასაკვირველია. გოგონები – ჰარამხანაში, ბიჭები კი – ევნუხებად ან მამლუქებად. ეგვიპტეში მამლუქთა მთელი არმიები იქმნებოდა მონებად გაყიდული ბიჭებისაგან.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 13 ივნისი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/interview-with-anders-aslund/3897010.html

ინტერვიუ ანდერს ასლუნდთან: „გაზპრომ“-ის მთავარი ინტერესი ვლადიმერ პუტინის და მისი მეგობრების გამდიდრებაა // ეკონომიკურად საქართველო კარგ მდგომარეობაშია, თუმცა შემაშფოთებელია, რომ კანონის უზენაესობა არ დამყარებულა და დემოკრატი მოიკოჭლებს“ // „საქართველოს ჭირდება უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რა მხრივაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წარმატებული იყო

ანი ჩხიკვაძე

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გეგმირებულიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, ბევრი პოსტ-საბჭოთა ქვეყნისთვის მძიმე აღმოჩნდა. ბალტიისპირეთის და ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა ეს პროცესი უფრო წარმატებით გაიარეს, ვიდრე მათ მდგომარეობაში მყოფმა სხვა ქვეყნებმა. რა არის საჭირო, პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებისთვის და საქართველოსთვის, მდგრადი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, რა უშლის ხელს ინვესტიციების მოზიდვას და რა რეფორმები უნდა გაატარონ რეგიონის ქვეყნებმა წარმატების მისაღწევად?  ამ თემებზე ამერიკის ხმის ჟურნალისტი ანი ჩხიკვაძე ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორს, და ატლანტიკური საბჭოს უფროს მკვლევარს, ეკონომისტ ანდერს ასლუნდს ესაუბრა.

- პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდით. თქვენ დიდი ხანია მუშაობთ პოსტ-საბჭოთა სივრცის ეკონომიკურ და პოლიტიკ გარდაქმაზე. როგორ ფიქრობთ რა არის ყველაზე წარმატებული მაგალითი პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ეკონომიკური ცვლილებების კუთხით?

- ყველაზე წარმატებ ული ბალტიისპირეთის ქვეყნები და ცენტრალური ევროპა არიან. იქ ჩვენ ხვდებით კანონის უზენაესობის, დემოკრატიის და ეკონომიკის კომბინაციას. წარმატებული გარდაქმნისთვის საჭიროა, სამივე კომპონენტის ქონა. პოსტ საბჭოთა სივრცის ქვეყნების უმეტესობაში ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად საკუთრების დაცვას არ ხდება. ვინაიადან არ არსებობს კანონის უზენაესობა, სწორედ ამიტომ ყველა ცდილობს რაც შეიძლება მეტი ძალაუფლება და ფული დააგროვოს, რომ მოახერხონ საკუთრების დაცვა. ამას ბუნებრივად მასიურ კორუფციამდე და ავტორიტარულ მმართველობამდე მივყავართ. ამიტომ ეს სამი კომპონენტი, თანაბრად მნიშვნელოვანია.

- რა განასხვავებდათ ბალტიისპირეთის ქვეყნებს? რა უნდა გააკეთონ სხვა ქვეყნებმა ეკონომიკური განვითარების მისაღწევად?

- მათ კანონის უზენაესობის და დემოკრატიის დამყარებით დაიწყეს გარდაქმა. ამიტომ საქმე მხოლოდ ეკონომურ რეფორმებში არაა. ვინაიდან თუ კანონის უზენაესობა არ გაქვს და არ იცავ საკუთრების უფლებას, სავარაუდოდ საშუალო შემოსავლის ქვეყნების სიაში გაიჭედები. მე ვფიქრობ რუსეთი ამ ეტაპზეა. ის არ ვითარდება, არ ვითარდება არც ყაზახეთი. ეს რთული სიტუაციაა. ერთადერთი პოსტ საბჭოთა ქვეყანა, რომელმაც მოახერხა კანონის დაცვის კუთხით სიტუაციის გაუმჯობესება და კორუფციის აღმოფხვრა – საქართველოა, პრეზიდენტ სააკაშვილი პერიოდში. ეს გამონაკლისია და ასევე აჩვენებს იმას თუ რა უნდა გააკეთო გარდაქმნისთვის. საჭიროა სამსახურიდან გაათავისუფლო ყველა მოსამართლე და პროკურორი. ასევე პოლიცია, თუმცა ამ უკანასკნელი გაკეთება დიდ ქვეყნებში რთულად მისაღწევია.

- რა არი ის, რაც საქართველომ ვერ მოახერხა?

ეკონომიკურად საქართველოს მდგომარეობა ძალიან კარგია. თუმცა შეშფოთებას იწვევს ის, რომ კანონის უზენაესობის დამყარება არ მომხდარა. და დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველო ჯერ კიდევ მოიკოჭლებს. საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ფრიდომ ჰაუსის შეფასებით “თავისუფალ” ქვეყნებს ცოტათი ჩამორჩებიან. ისინი სამკარისად თავისუფალნი არიან, თუმცა არა იმდენად რომ მათ სრულყოფილი დემოკრატიები ვუწოდოთ.

- როგორ ფიქრობ ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების გასატარებლად წევრობის პერსპექტივა აუცილებელია?

- მე არ ვფიქრობ რომ ეს აუცილებელია. ასეთი დაპირება ბალტიისპირეთის ქვეყნების და ცენტრალური ევროპის შემთხვევაში არ ყოფილა, როდესაც მათ 1990იანი წლების დასაწყისში რეფორმები გაატარეს. მათ შემთხვევაში ასეთ დაპირებას ადგილი არ ჰქონია. მნიშვნელოვანი არის, ის რაც მოლდოვას და უკრაინას აქვს, ესაა ბაზარზე წვდომა. ბაზარზე წვდომა გულისხმობს ფინანსურ სარგებელს, რაც ქვეყნის შიგნით რეფორმატორების სასარგებლოდ და კორუმპირებული ჩინოვნიკების საწინააღმდეგოდ ცვლის ბალანსს.

- თქვენი უკანასკნელი სტატია უკრაინისა დაგაზპრომ“-ის დავას შეეხებოდა. საქართველოს მთავრობამ ცოტა ხნის წინგაზპრომ“-თან შეთანხმების პირობები შეცვალა, რასაც სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა ელაპარაკოს ქვეყანაგაზრპომს“?

- მე ვფიქრობ „გაზპრომ“-ის პირველი ინტერესი ვლადიმერ პუტინის და მისი მეგობრების გამდიდრებაა. მეორე ინტერესი რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების გატარებაა, და ბოლო მესამე კომერციული ინტერესი შეიძლება იყოს. ეს ნიშნავს, რომ „გაზპრომი“ კომპანიაა, რომელთანაც საქმე არავინ უნდა აწარმოოს. ის ძალზედ ცუდად იმართება. მთავარი მიზეზი არის ის, რომ ქვეყნის მმართველები „გაზპრომ“’-იდან ფულს იღებენ, ისინი ყიდიან „გაზპრომ“-ის აქტივებს ძალიან იაფად ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობრებზე. ასე კომპანია არ უნდა იმართებოდეს. „გაზპრომ“-ის საბაზრო ღირებულება ბოლო 9 წელში 7-ჯერ შემცირდა. ეს არის კომპანია, რომელმაც ბოლო 9 წელში 300 მილიარდი დოლარი დაკარგა. მსოფლიოში არცერთი სხვა დიდი კომპანია არ იმართება ისე ცუდად , როგორც „გაზპრომი“. ამიტომ ამ კომპანიასთან მოლაპარაკები არ უნდა აწარმოო, თუ შეგიძლია ამის თავიდან აცილება.

- საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელაც ბუნებრივი რესურსები არ აქვს და ეკონომიკა მცირე ზომისაა, რა არის ყველაზე სწორი პოლიტიკა ეკონომიკური ზრდის მისაღწევად?

- პირველ რიგში საჭიროა სწორი მაკროეკონომიკური ბალანსი. საქართველოს ეს აქვს. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ლიდერებმა ეს ისწავლეს. განსაკუთრებით ვლადიმერ პუტინმა 1998 წლის მაგალითზე. მეორე, საჭიროა კარგი ბიზნეს გარემო, და კანონის უზენაესობა და ქმედითი სასამართლოე. მე ვფიქრობ საქართველო ამ კუთხით უკეთეს მდგომარეობაშია ვიდრე სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნები. მესამე საჭიროა წვდომა ბაზრებზე. შემდეგ შენ გჭირდება უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რა მხრივაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წარმატებული იყო. მნიშვნელოვანია დაარწმუნო სხვები, რომ ჩადონ ინვესტიცია შენს ქვეყანაში. თუმცა როდესაც ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, კითხვა, რომელიც ყველას უჩნდება, არის ის თუ რამდენად სტაბილური გარემოა ქვეყანაში და არსებობს თუ არა პოლიტიკური დესტაბილიზაციის რისკი.

- საქართველო, უკრაინა და მოლდოვა რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენისგან ცდილობენ თავის დაღწევას, აქედან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ რუსეთთან ვაჭრობა მომგებიანია?

- რუსეთმა ბევრი ქვეყნის წინააღმდეგ, უამრავი სანქცია მიიღო. 2006 წელს საქართველო და უკრაინა ძალზედ დააზიანა რუსეთის დაწესებულმა სანქციებმა. უკრაინაში სიტუაცია კიდევ უფრო უარესია. რუსეთთან ვაჭრობა უკრაინის ვაჭრობის 40% პროცენტი იყო, ახლა ის 10%-ზეა დასული. რაც რუსეთის სანქციებით არის გამოწვეული. ასეთ ქვეყანასთან ვაჭრობა სასურველი არაა. სანამ რუსეთი აგრძელებს მსვავს გაურკვეველ პოლიტიკას, სასურველია, რომ არ იყო დამოკიდებული მასთან ვაჭრობაზე. და ამის გარდა, მნიშვნელოვანია ის, რომ იყო კონკურტენტუნარიან ბაზარზე, თუ განვითარება გსურს და გსურს, რომ შენი ნაწარმი მსოფლიო დონის იყოს.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 13 ივნისი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/birja-mafia-rapper-duo-detention-sparks-protest-in-georgia/3896935.html

#არაჩადებას#: „თესლი შავი ზედა“ vc „მუნდირის ღირსება

რატომ დაუპირისპირდა „ბირჟა მაფიის“ გამო საზოგადოება ქართველ სამართალდამცველებს?

ზაზა წულაძე

რამ უფრო დიდი ზიანი მიაყენა ქართული პოლიციის „პრესტიჟსა და ავტორიტეტს“, ზოგადად, ხელისუფლებას, სასამართლოს და გნებავთ, ყბადაღებულ „ქართულ სახელმწიფოებრიობას“, ჰიპ-ჰოპ ჯგუფის „ბირჟა მაფიას“ სამწუთიანმა გარეპვამ, რომელსაც tsl shavi zeda ჰქვია, თუ ორი სრულიად უდანაშაულო რეპერის ექვსდღიანმა პატიმრობამ და დღეს, მათი 70 000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლებამ? ეს შეკითხვა უკვე რიტორიკულია.

„რეპერების საქმემ“ ნათლად აჩვენა, რომ „სამართლიანობის აღდგენის“ ლოზუნგით მოსული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის მეხუთე წელს, პოლიციის მხრიდან, ნარკოტიკების (იარაღის თუ ასაფეთქებელი ნივთიერების) ჩადება ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც ეს „ნაციონალების“ „ცხრაწლიანი მმართველობის“ პერიოდში ან უფრო ადრე იყო.

ისევ ძალაშია არაფორმალური მმართველობა, რომელიც ფიქციად აქცევს ყველაფერს, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას. ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, რეპერი ბერას ერთი პოსტი „ტვიტერში“ – „თქვენთან ვარ, ბიჭებო“ – საკმარისი აღმოჩნდა, რომ შსს-ში „დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქმე“ „დროებით“ თაროზე შემოედოთ; „ბირჟა მაფიას“ რეპერები მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია კი, რომლებსაც, 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელოდათ, გლდანის ციხიდან გირაოთი გამოსულიყვნენ.

სამი დღის წინ, იმავე პროკურატურის მოთხოვნით, იმავე სასამართლომ, გირაოზე უარი თქვა და რეპერებს როგორც, „საშიშ დამნაშავეებს“ 55-დღიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, პროკურატურა მაშინ ამტკიცებდა, რომ განთავისუფლების შემთხვევაში მუსიკოსები „მიიმალებოდნენ“.

12 ივნისს ციხიდან გამოსულმა რეპერმა მიხეილ მგალობლიშვილმა, კერძოდ, თქვა: „ძალიან დიდი მადლობა ჩემს ოჯახის წევრებს, ჩემს მეგობრებს, ფანებს, კოლეგებს, ვინც გვერდში მედგა და აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვინც გულწრფელად დამიდგა მე გვერდში. სირცხვილი ყველას, ვინც ამ ამბის პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენება სცადა, რადგან ამ ბოროტების და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა ყველა ჩვენგანის მოქალაქეობრივი და მორალური ვალდებულებაა“.

„ბირჟა მაფია“ 2015 წლიდან არსებობს – მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას გარდა, ჯგუფში აკაკი ჭანკურიძეც რეპავს. ორი წლის განმავლობაში „მაფიამ“ ექვსი კლიპი ჩაწერა. ქართველ თინეიჯერებში საკმაოდ პოპულარული ბითებია Done, Tovlis Babu, Gamzarde და Xlapushka.

„ბირჟა მაფიას“ ბითი-ლირიკა tsl shavi zeda, „იუთუბზე“ 2017 წლის 4 ივნისს აიტვირთა. ჯგუფის სამივე წევრი და ფანებიც აღიარებენ, რომ ეს არ იყო „ბირჟას“ საუკეთესო ნამუშევარი, თუმცა კლიპმა მაინც მიიქცია ყურადღება, განსაკუთრებით კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან.

აი, კლიპის ტექსტი: „სულ ახალი კეტები და თესლი შავი ზედა, დახეული ჯინსები და შიგ შარვალში „ბერეტა“, არაფერი მევასება მოსაწევზე მეტად, კრიჭას ვეღარ გამიხსნიან, უცებ თუ გადამეკეტა. არ მევასება ძაღლი თუ არ შეუძლია ყეფა, მუღამს ვერ ვუჭერ ვერავის, ვინც პატრულში დარეკა…თანამშრომელს პროსტა უნდა ქრთამი და მანამდე თუ ყვიროდა, ახლა ჩუმად არის..“.

ამ გარეპვის გარდა, პოლიციის განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია კლიპში, პოლიციელის სახემ, რომელიც ჯაჭვით იყო დაბმული და პირში ძვალი ედო. მუსიკოსების წინააღმდეგ აგრესიის პირველი ტალღა იმით დასრულდა, რომ „ბირჟა მაფიის“ წევრებმა კლიპში პოლიციელი დაბლარეს, თუმცა მოთხოვნაზე საერთოდ აეღოთ ინტერნეტიდან კლიპი უარი თქვეს როგორც მათ, ისე კლიპის დამკვეთმა, კომპანია Adjaranet-მა.

6 ივნისს კი პოლიციამ მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია „დიდი ოდენობით ნარკოტიკის -MDMA-ს შეძენა-შენახვას ბრალდებით“ დააკავა. მიხეილ მგალობლიშვილი სამსახურთან, ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ახლოს აიყვანეს. 11 ივნისს გამოჩნდა, რომ პოლიციას სხვებთანაც „უმუშავია“: კლიპში პოლიციელის როლის შემსრულებელმა მსახიობმა გიორგი გაგუამ „საქციელი“ საჯაროდ მოინანია.

დღეს გათავისუფლებული გიორგი ქებურია ამბობს, რომ მისთვის ნარკოტიკი ჯიბეში არც ჩაუდიათ, პოლიციელებმა ეს ყველაფერი საბუთებში გააფორმეს და შემდეგ აიძულეს „დანაშაული ეღიარებინა“: „მე ვარ უდანაშაულო, ჩემი დაკავება არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ნარკოტიკული საშუალება არც გქონია, არც არავის ჩაუდია, თვალითაც არ გვინახავს, ანუ არ მომხდარა ფიზიკურად ჩვენს ჯიბეში ჩადება. ეს ყველაფერი უბრალოდ საბუთებში გააფორმეს, მე ვაღიარე იმიტომ ,რომ პოლიციელთა მხრიდან ჩემზე იყო ფსიქოლგიური ზეწოლა. კლიპმა გამოწვია პოლიციის გაღიზიანება, ეს არც დაუმალავთ, რადგან მათი აზრით, პოლიცია იყო გაშარჟებული და ამიტომ, ჩვენ სამაგალითოდ უნდა დავსჯილიყავით, დიდი მადლობა ბერას, მთელ საზოგადოებას და ყველა ადამიანს“.

მას შემდეგ, რაც თბილისში და საქართველოს კიდევ რამდენიმე ქალაქში, მუსიკოსების განთავისუფლების მოთხოვნით, მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა, სლოგანით – #არაჩადებას#, ხელისუფლებამ გარკვეულწილად უკან დაიხია, თუმცა ჯერ-ჯერობით ამ დრომდე გაურკვეველია, აპირებს თუ არა მთავრობა საკუთარი რიგებიდან ვინმეს დასჯას. „რეპერების“ სკანდალური საქმის პარალელურად, პროკურატურაში გამოძიება „პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზეც“ მიმდინარეობს.

Comments are closed