«Foreign Policy» (აშშ): ვინ მოიგო და ვინ წააგო ნატოს ვარშავის სამიტით:
მოიგეს სამხედრო მრეწველებმა და აღმოსავლეთევროპელებმა, წააგეს უკრაინელებმა, ქართველებმა და… გერმანელებმაც
«Rzeczpospolita» (პოლონეთი): ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება უკვე აღარ მოხდება – უკრაინამ და საქართველომ ეს უნდა გააცნობიეროს
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): პანკისის ხეობა სირიაში სისხლისგან იცლება
———————-
«Foreign Policy» (აშშ), 12 ივლისი, 2016 წელი
http://foreignpolicy.com/2016/07/11/the-nato-summits-winners-and-losers/
ვინ მოიგო და ვინ წააგო ნატოს ვარშავის სამიტით:
მოიგეს სამხედრო მრეწველებმა და აღმოსავლეთევროპელებმა, წააგეს უკრაინელებმა, ქართველებმა და… გერმანელებმაც
ნატოს სამიტებზე ყოველთვის არიან „მოგებული“ და „წაგებული“ ქვეყნები“. ამ მხრივ გამონაკლისი არც ამასწინანდელი ვარშავის სამიტი არ ყოფილა, – წერს ამერიკულ გამოცემა «Foreign Policy»-ში ევროპაში ნატოს ჯარების ყოფილი სარდალი ჯეიმს სტავრიდისი, რომელიც ამჟამად აშშ-ის ტაფსტის უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფლეტჩერის სკოლაში დეკანად მუშაობს.
ავტორის აზრით, მთლიანობაში სამიტის შედეგებით უკმაყოფილონი დარჩნენ ისინიც, ვისაც ნატოს მკვეთრი გააქტიურება სურთ და ისინიც, ვინც ამ გააქტიურების მოწინააღმდეგეები არიან, მაგალითად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ჯეიმს სტავრიდისი მიიჩნევს, რომ ყველაზე მეტად მოგებულები დარჩნენ ნატოს აღმოსავლეთევროპელი წევრები, რომლებიც ალიანსს უსაფრთხოების არასაკმარისი უზრუნველყოფის გამო აკრიტიკებდნენ: „ამიერიდან ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და პოლონეთში მუდმივად იქნება განლაგებული თითო მრავალეროვნული სრულფასოვანი ბატალიონი ათასი სამხედრო მოსამსახურით… ეს, რა თქმა უნდა, მაინც არაა საკმარისი რუსეთის სავარაუდო სრულმასშტაბიანი შეტევის მოსაგერიებლად, მაგრამ მოსკოვის „შეკავების“ პოტენციალს მეტ-ნაკლებად მაინც დამატებით სიმტკიცეს შესძენს“, – წერს ნატოს ჯარების ყოფილი სარდალი.
ჯეიმს სტავრიდისის აზრით, მოგებული დარჩა ბალკანური ჩერნოგორია, რომელიც თავისი მდგომარეობით ნატოში მაინცდამაინც დიდ სამხედრო როლს ვერ შეასრულებს, თუმცა მისი მიღება პოლიტიკური სიგნალია იმისა, რომ ნატო „ღია კარის“ პოლიტიკის ერთგულია. მოგებული დარჩა ავღანეთი, სადაც თვალსმისაწვდომ მომავალში ნატოს ჯარები დარჩებიან. შესაბამისად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნები ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრუქტურების დაფინანსებას კვლავ გააგრძელებენ. ვარშავის სამიტი მომგებიანი აღმოჩნდა ნატოს წევრი ქვეყნების და საერთოდ, დასავლური სამხედრო მრეწველობისათვის: ალიანსი დათანხმდა 2020 წლისათვის თავდაცვის ხარჯები, თავის მთლიან შიდა პროდუქტში, 2%-მდე გაადიდოს.
ახლა გადავხედოთ „წაგებულებს“:
„უპირველესად, „წაგებულების“ სიაში პირველ ნომრად რუსეთი და მისი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უნდა მივიჩნიოთ“, – აღნიშნავს ავტორი. „რადგანაც კრემლის ოცნებაა ნატო დასუსტებული ან დაშლილი იხილოს, ალიანსის წევრების მიერ ვარშავაში გამოჩენილი ურყევი ერთიანობა ვლადიმირ პუტინის წარუმატებლობაა. კიდევ უფრო უარესია რუსეთისათვის ის ფაქტი, რომ ნატომ თავისი ჯარები რუსეთის საზღვრების ახლოს განალაგა. ვლადიმირ პუტინს ამის ახსნა რუსი ელექტორატისათვის გაუჭირდება. და ბოლოს, ნატოს ქვეყნების მიერ სამხედრო სფეროს ხარჯების პოტენციური მატება იმას ნიშნავს, რომ რუსეთსაც მოუწევს ხარჯების გაზრდა, რაც მის სუსტ ეკონომიკას, დასავლური სანქციების მოქმედების გათვალისწინებით, ძალიან დიდ ტვირთად დააწვება, თანაც იმ დროს, როცა ნავთობ- გაზის ფასები სტაბილურად დაბალია“, – ნათქვამია სტატიაში.
ჯეიმს სტავრიდისი „წაგებულად“ მიიჩნევს საქართველოს და უკრაინას, რომლებთაც, როგორც ცნობილია, ნატოში გაწევრიანება სურთ. „ორივე ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის ჯარები შეიჭრნენ (2008 წელს საქართველოში, 2014-ში კი უკრაინაში). ამჟამად რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს მათი მნიშვნელოვანი ტერიტორიები: უკრაინის კუთვნილი ყირიმი და დონბასი, საქართველოსი კი – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. თუ გავითვალისწინებთ უკრაინის და საქართველოს [ტერიტორიულ] დავებს რუსეთთან, მაშინ ამ ქვეყნების სრულფასოვანი გაწევრიანება ნატოში ძალიან პრობლემატური და შორეულ პერსპექტივას წარმოადგენს. ვარშავის სამიტს კიევისა და თბილისისათვის მათი მიზნების განხორციელების საკითხში რაიმე იმედები არ მიუცია. მართალია, ალიანსმა „ღია კარის“ პოლიტიკის გაგრძელებაზე განაცხადა და ვალდებულება აიღო ამ ქვეყნებთან სამხედრო თანამშრომლობა გააღრმავოს, მაგრამ, ამის მიუხედავად, საქართველოსა და უკრაინისათვის ნატოში გაწევრიანების იმედები მაინც ძალზე სუსტი რჩება“.
წააგო „ისლამურმა სახელმწიფომ“, რადგანაც „დაიშ“-ის წინააღმდეგ ნატო „ავაქსის“ ტიპის მეტი თვითმფრინავების გამოყენებას გეგმავს, უფრო აქტიურად გააგრძელებს ერაყის უსაფრთხოების ძალების განმტკიცებას და ა.შ. „ეს ყველაფერი „ისლამური სახელმწიფოსათვის“ არასასიამოვნოა ამბავია“, – წერს ავტორი.
და ბოლოს, ჯეიმს სტავრიდისის აზრით, წააგო გერმანიამ: „გერმანელების 80% მხარს უჭერს რუსეთთან კავშირების გაუმჯობესებას, ბევრი გერმანელი პოლიტიკოსი წინააღმდეგია, რომ ნატოს სამხედრო ქვედანაყოფები რუსეთის საზღვრებთან ახლოს უნდა განლაგდეს“, – აღნიშნავს ავტორი. მისი აზრით, გერმანია უკმაყოფილოა ნატოს კურსითა და საერთოდ ალიანსის პოლიტიკით, [მაგრამ იძულებულია სოლიდარობა გამოხატოს].
«Rzeczpospolita» (პოლონეთი), 13 ივლისი, 2016 წელი
http://www.rp.pl/Szczyt-NATO/307119881-Nie-ma-mowy-o-dalszym-rozszerzeniu-NATO-na-Wschod.html#ap-2
ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება უკვე აღარ მოხდება
უკრაინამ და საქართველომ ეს უნდა გააცნობიერონ
სტატიაში გაანალიზებულია ნატოს ვარშავის სამიტის შედეგები, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ალიანსში უკრაინისა და საქართველოს ინტეგრირებასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას (ავტორი – ეჟი ხაშინსკი).
„პოლონეთის ელიტის იდეა, რომ მათ დასავლეთისაკენ მიეზიდათ რუსეთის ირგვლივ მდებარე პოსტსაბჭოთა ქვეყნები, თანდათანობით სულს ღაფავს. ამის მიზეზია კრიზისები, რომლებიც დასავლეთს აშინებს – დაწყებული ფინანსურიდან, დამთავრებული იმიგრაციულით, ასევე „ბრექსიტი“ და იმ გადაწყვეტილების [შესრულების შეუძლებლობა], რომელიც ნატოს ლიდერებმა [ბუქარესტის სამიტზე] მიიღეს: „საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიანო“. ავტორი აღნიშნავს, რომ 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება ვარშავის სამიტზე კვლავ ღიად დარჩა. „ნატოს პოზიცია შეიძლება გავიგოთ, რადგან უკრაინაში ომი გრძელდება, ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია… ამას უკრაინელებიც კარგად ხვდებიან. მაგრამ სამწუხაროა, რომ ვარშავის სამიტის დეკლარაციაში აღარ მეორდება ბუქარესტში გაცხადებული თეზისი – „უკრაინა იქნება ნატოს წევრი“ – რომელიც შეიცვალა ფორმულირებით – „ნატო გააგრძელებს ღია კარის პოლიტიკას“.
ჩერნოგორია ნატოში მიიღეს, რითაც „ღია კარის“ პოლიტიკა დადასტურდა, მაგრამ… განა რა უპირატესობა აქვს ბალკანეთის ამ ქვეყანას საქართველოსა და უკრაინასთან შედარებით?
ავტორის აზრით, ჩერნოგორიის უპირატესობა იმაში გამოიხატება, რომ ბალკანეთის ეს ქვეყანა რუსეთის საზღვრებს ორი ათასი კილომეტრითაა დაშორებული. მართალია, კრემლმა ჩერნოგორიის ნატოში მიღებაზეც პროტესტი გამოხატა, მაგრამ ფაქტია, მოსკოვისათვის ეს მაინც „აღმოსავლეთით გაფართოებას“ არ ნიშნავს.
უკრაინელი ექსპერტი ალექსეი მელნიკი თავს იმით იმშვიდებს, რომ „ღია კარის“ პოლიტიკის გაგრძელებაში უკრაინის გაწევრიანების დაპირებაც იგულისხმებაო, თუმცა იგი კარგად აცნობიერებს იმასაც, თუ რა განწყობები სუფევს დასავლეთში: ეს განწყობები ამას წინათ მკაფიოდ ჩამოაყალიბა პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრ კვასნევსკიმ: „უკრაინამ ნატოში გაწევრიანებაზე არ უნდა იოცნებოსო“.
საქართველოს ცოტა განსხვავებული სიტუაცია აქვს. ეს ქვეყანა საომარ მდგომარეობაში არ იმყოფება, ხოლო ვარშავის სამიტის ჩარჩოებში გამარტული „ანტო-საქართველოს“ კომისიის განცხადებაში გაჩნდა ფრაზა, რაც ამ ქვეყნის ნატოში სამომავლო გაწევრიანებას ადასტურებს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დოკუმენტში [ვადების თაობაზე] რაიმე კონკრეტიკა მოცემული არაა. არადა, სამიტზე ჩამოსულმა ქართველებმა თან წამოიღეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთოვლივი დეკლარაცია, რომელშიც ალიანსში გაწევრიანების მიზნებია გამოხატული.
„2008 წელთან შედარებით საქართველო უფრო უსაფრთხო და თავდაცვისუნარიანი სახელმწიფო გახდა. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია ის, რომ ჩვენ ერთგული პარტნიორები ვართ ნატოს ყველა საერთაშორისო მისიებში. ჩვენ ყველა შესაძლებლობა გვაქვს ალიანსში გასაწევრიანებლად“, – განაცხადა ვარშავაში საქარტველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრმა დავით ბაქრაძემ.
დიახ, საქართველო მართლაც გზავნის თავის ჯარისკაცებს ყველგან, სადაც კი ვაშინგტონს მოკავშირეები ჭირდება – ერაყში, ავღანეთში… და ამის გამო საქართველო საკმაოდ ძვირ ფასს იხდის: ათობით ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა [სამშობლოს ფარგლებს გარეთ], ამ დროს კი თბილისი თავისი ტერიტორიის მეხუთედ ნაწილს – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ვერ აკონტროლებს. ეს სეპარატისტული რეგიონები დღემდე კრემლის დაქვემდებარებაში იმყოფებიან.
„გერმანიაც იყო გაყოფილი ერთ დროს, მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი მაინც გახდა. ნატოს წესდების მეხუთე მუხლი უკონტროლო ტერიტორიებს არ ეხება. ასე რომ, ტექნიკური თვალსაზრისით, ყველაფერი შესაძლებელია [ანუ ალიანსში საქართველოს მიღება]. საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნების გამოვლენა“, – ამბობს ქართველი დიპლომატი ეკატერინე ტყეშელაშვილი.
საქართველოს და უკრაინას ლიტვის საგარეო საქმეტა მინისტრი ლინას ლინკიავიჩუსიც ამშვიდებს: „2000 წელს, როცა მე ლიტვის ელჩი ვიყავი ნატოში, ჩვენი მომავალი მოკავშირეები მეუბნებოდნენ, „მოეშვით წევრობაზე ოცნებასო“’. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ლიტვა ალიანსის წევრი ვერასოდეს გახდებოდა, მაგრამ 4 წლის შემდეგ ჩვენ ნატოში გავწევრიანდით“, – ამბობს მინისტრი.
პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, მინისტრი ლამაზად კი ლაპარაკობს, მაგრამ ნატოში ლიტვის გაწევრიანების ისტორია „იმ მსოფლიოდანაა, რომელიც უკვე აღარ არსებობს“: „2000-2004 წლებში სხვა ეპოქა იყო. იმ დროს პოსტკომუნისტურ აღმოსავლეთს დასავლეთმა კარი მხოლოდ დროებით გაუღო“, – ნათქვამია სტატიაში.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 13 ივლისი, 2016 წელი
პანკისის ხეობა სირიაში სისხლისგან იცლება
ზაზა წულაძე
ბოლო ორი დღის განმავლობაში, სირიაში საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე მოკლეს. ამჯერად, რუსეთ-სირიის სამხედრო ავიაციის დაბომბვებს – 26 წლის ბექხან ტოხოსაშვილი და 34 წლის რუსლან ქავთაროვი შეეწირნენ.
ბექხან ტოხოსაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანის მკვიდრი იყო. იმავე სოფლიდან არის, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ შიშანი. რუსლან ქავთაროვი კი დუისელია. ბექხან ტოხოსაშვილი პანკისიდან სირიაში 2014 წელს, უფროსს ძმასთან, კახასთან ერთად გაემგზავრა და ბოლო დრომდე, სწორედ თარხან ბათირაშვილის პირად დაცვაში იყო. იმავე წელს აღმოჩნდა, თარხან ბათირაშვილის რაზმში რუსლან ქავთაროვიც.
პენტაგონის მიერ მარტში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თარხან ბათირაშვილი დაბობვის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა, ბირკიანში, ბათირაშვილების ოჯახში, ამ დრომდე არ ადასტურებენ.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში სირიაში საქართველოს ოთხი მოქალაქე დაიღუპა. 2016 წლის შვიდ თვეში – შვიდი, ოთხი წლის მანძილზე დაღუპულთა რიცხვი კი უკვე 22-ს შეადგენს. აქედან 19 პანკისის ხეობის მკვიდრი ქისტია, სამი კი გურიის, აჭარისა და კახეთის მუსლიმი თემის. პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი სოსო ქავთარაშვილი სპეცსამსახურებს კონტროლის გაძლიერებას სთხოვს: „უთავბოლოდ რომ სწირავენ თავიან სიცოცხლეს, აი, ეს არის დასანანი. საზღვარზე ახალგაზრდების საფუძვლიანი შემოწმება უნდა მოხდეს, მშობლებმა უნდა იცოდნენ, ოჯახიდან წასული შვილი, რა გზას ადგას, რა ამოძრავებს – თურქეთში მიდის სამუშაოდ თუ სირიაში საომრად.“
რუსლან ქავთაროვს მეუღლე და სამი შვილი დარჩა. ისინი ჯერ სოფელ დუისში ცხოვრობდნენ, შემდეგ ჩეჩნეთში, გროზნოში გადავიდნენ, ბოლოს კი ლტოლვილის სტატუსით, საფრანგეთმა შეიფარა და ამჯერად სტრასბურგში იმყოფებიან.
ბექხან ტოხოსაშვილს სირიაში ფეხმძიმე მეუღლე დარჩა, ისიც საქართველოს მოქალაქეა. 2015 წლის აპრილში, ბექხან ტოხოსაშვილმა „პანკისის ჯამაათის“ იმამის აიუფ ბორჩაშვილის 17 წლის დისშვილზე იქორწინა. მაშინ, საცოლე, სოფელ ჯოყოლოს საშუალო სკოლის 11-ე კლასელი გოგონა, სირიაში დედასთან ერთად გაემგზავრა. რომ არა დედ-მამის თანხმობა, არასრულწლოვანი საქართველოს სახელმწიფო საზღვარს ვერ გადაკვეთდა.
„ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი საქართველოში და „პანკისის ჯამაათის“ იმამი აიუფ ბორჩაშვილი კონტრტერორისტულმა ცენტრმა 2015 წლის ივნისში დააკავა. მიმდინარე წლის მარტში კი სასამართლომ მას ტერორისტულ ორგანიზაციაში ახალგაზრდების გადაბირებისა და სირიაში გაგზავნის ორგანიზების გამო, 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აიფ ბორჩაშვილთან ერთად გაასამართლეს: თბილისელები გიორგი ხუტუნიშვილი და დავით ფირისებია, რომლებიც სირიაში საომრად წასვლას გეგმავდნენ.
საქართველოს სპეცსამსახურების მტკიცებით, ბოლო ერთი წლის მანძილზე, სირია-ერაყის მიმართულებით, ახალგაზრდების მასობრივი გადინება აღკვეთილია, თუმცა, თურქული გაზეთი „მილიეთი“ წერს, რომ პოტენციური ტერორისტები ახლა ახალი მარშრუტით სარგებლობენ, რომელიც აზერბაიჯანიდან იწყება და საქართველოზე, თურქეთსა და ჩრდილოეთ კვიპროსზე გადის.
პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავჯდომარე ზაურ გუმაშვილი ამბობს, რომ ტერორისტების მიერ ახალგაზრდების გადაბირებას, ხეობაში დასაქმების პრობლემის მოგვარება და განათლების დონის ამაღლება თუ უშველის: „არ არის სამუშაო ადგილები, დასაქმების პრობლემა ხეობაში ნომერ პირველი პრობლემაა. ამიტომ ახალგაზრდების ნაწილი იძულებულია გაიქცეს საზღვარგარეთ, თავისთავად ცხადია, რომ გარკვეულ როლს იდეოლოგიაც თამაშობს“.
ექსპერტების თქმით, დიდი ალბათობით, მსხვერპლი სირიასა და ერაყში მებრძოლ საქართველოს ისლამისტებს შორის, უფრო გაიზრდება, რადგან მძიმე ბრძოლების შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები იძულებულნი არიან ყველა მიმართულებით უკან დაიხიონ.
———–
„ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ქვეშ 2012-2016 წლებში დაღუპული საქართველოს მოქალაქეები: 23 წლის რუსტამ გელაევი (აგვისტო 2012), 26 წლის ჰამზათ აჭიშვილი (ივლისი 2013), 36 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი (ივლისი 2013), 24 წლის ხალიდ აჭიშვილი (ოქტომბერი 2013), 36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი (თებერვალი 2014), 18 წლის ბესო კუშტანაშვილი (სექტემბერი 2014), 22 წლის გურამ გუმაშვილი (ოქტომბერი 2014), 21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014), 18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014), 30 წლის ლევან ნაკაიძე (დეკემბერი2014), 24 წლის დავით სვიაკაური (თებერვალი 2015), 33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი (მაისი 2015), 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი (ივნისი 2015), 28 წლის ბესლან მუხტაროვი(დეკემბერი 2015), 22 წლის მუჰმად თურქოშვილი (იანვარი 2016), 24 წლის რამზან ფარეულიძე (იანვარი 2016), 22 წლის ხვიჩა გობაძე(იანვარი 2016), 38 წლის ვახა ბუგიევი(აპრილი 2016), 22 წლის ასლამბეგ ბორჩაშვილი(ივნისი 2016), 39 წლის უმარ მარგოშვილი (ივნისი 2016), 26 წლის ბექხან ტოხოსაშვილი (ივლისი 2016), 34 წლის რუსლან ქავთაროვი (ივლისი 2016).
სულ საქართველოს 22 მოქალაქე.