globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 13 ივლისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jul 13th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): არჩევნები: სამი სილა… ტფილისის უსტაბაშობამდე

«Radio Voice of America – Радио Голос Америки» (აშშ): რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის მიზნით სამუშაო ჯგუფი იქმნება? // „პატრიოტთა“ მიზნები და ოპოზიციის კრიტიკა

«Новое время» (აზერბაიჯანი): თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის სამმხრივი კავშირი რეალური ხდება? // აზერბაიჯანი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია, თბილისი ენერგორესურსების ტრანზიტით უზარმაზარ მოგებას იღებს, მაგრამ თან სომხეთთანაც ურთიერთობას აღრმავებს – იმ ქვეყანასთან, რომელსაც აზერბაიჯანის მიწების 20% აქვს ოკუპირებული

«Аргументы и факты» (რუსეთი): „პოკაზუხა“ და ბიუჯეტის განიავება: გაწევრიანდებიან თუ არა ნატოში საქართველო და უკრაინა?

—————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 13 ივლისი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/georgia-alexander-elisashvili-to-join-tbilisi-mayoral-election-race/3941247.html

არჩევნები: სამი სილატფილისის უსტაბაშობამდე

ზაზა წულაძე

ეს ამბავი ათი წლის წინ, 2006 წლის შემოდგომაზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაიწყო, აქ ქალაქზე ზრუნვის მოსურნეთა ახალი გაერთიანება პირველად შეიკრიბა. 20 სექტემბერი შემთხვევით არ აურჩევიათ. 70 წლის წინ, 1936 წლის 20 სექტემბერს, „ტფილისს“ ოფიციალურად „თბილისი“ ეწოდა. 2006 წლის 20 სექტემბერს კი „ტფილისის ჰამქარი“ დაიბადა.

თავდაპირველად ჰამქარში მოსახვედრად საკმარისი იყო „თბილისის სიყვარული“ და „ქალაქისთვის მცირე ენერგიისა და დროის გაღება“. ტრადიციის მიხედვით, ზურნა-დუდუკის ჰანგების ფონზე, ჰამქრის უსტაბაში ახალ წევრს საგანგებო ფიცს აკითხებდა, შემდეგ კი ცერა თითებს დაუჭერდა და სამჯერ სილას აწნიდა.

ენთუზიასტთა პირველი აქცია დედაქალაქის ქუჩებში უძველესი აბრების მოძიება და შენახვა იყო, რასაც სოლოლაკის ხეივანზე – შახ-ტახტის ნანგრევებისა და ხუდადოვზე მიტოვებული სასაფლაოს დასუფთავება მოჰყვა.

ბოლო ათი წლის მანძილზე, ტფილისის ჰამქრის აქციათა არეალიც და შემადგენლობაც ერთი-ორად გაიზარდა. რაც მთავარია – როგორც გიგი უგულავას, ისე დავით ნარმანიას მერობის დროს ,„ჰამქარი“ დედაქალაქის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ნამდვილ ავანგარდში იყო: „არ დაანგრიო“, მეტეხის „ბროშკა“, სეიდაბადის კლდე, მირზა შაფი, ბოტანიკური ბაღი, „დაეტიეთ თქვენს კვადრატში“, „ნაკვეთი შენია – ქალაქი ჩვენია“, პაNOრამა, ბოტანიკური, იმელი, იპოდრომი, “ზარია ვოსტოკა”, კინოთეატრი „აპოლო“, SOS თბილისი, „გაამაგრე გუდიაშვილი“ – ეს არის ბოლო წლებში, ამქრელთა წარმატებული თუ წარუმატებლი ბრძოლის არასრული ჩამონათვალი. პარალელურად კი იყო ლექციების დიდი ციკლი თბილისის ისტორიაზე, ქალაქის წარსულზე, ურბანული დისკუსიები აწმყოსა და მომავალზე, ტიფლისის ისტორიული და ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაცია.

ყველაზე დიდი ბრძოლა კი წინაა, „ტფილისის ჰამქრის“ დამაარსებელი და პირველი უსტაბაში ალექსანდრე ელისაშვილი, როგორც დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატი, 11 ივლისს თბილისის მერობისთვის ბრძოლაში ოფიციალურად ჩაება: „ჩვენ ხანდახან ყელში ამოგვდის ხელისუფლების ძალადობა და გაზულუქებული ჩინოვნიკების თავნებობა. და, მაშინ ვცვლით ხოლმე ხელისუფლებას. რატომღაც დაავიწყდათ, როგორ შეიცვალა ხელისუფლება 2003 წელს, როგორ შევცვალეთ ხელისუფლება 2012 წელს, და, მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ჩვენ ყველა ერთად მოვახერხებთ და თბილისში ხელისუფლებას 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს შევცვლით“.

39 წლის ალექსანდრე ელისაშვილი, ყოფილი ჟურნალისტი და შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, თბილისის მთავარ პრობლემად დაბინძურებულ ჰაერსა და გარემოს, სამშენებლო და სატრანსპორტო ქაოსს, ავარიულ სახლებს, პარკინგის და მწვანე რეკრეაციული სივრცის მწვავე დეფიტს და უმუშევრობის მაღალ დონეს მიიჩნევს. საკუთარი გუნდის წარდგენას იგი მოგვიანებით აპირებს.

ალექსანდრე ელისაშვილი რიგით მეოთხე პოლიტიკოსია, რომელმაც თბილისის მერობაზე პრეტენზია განაცხადა. დანარჩენი სამი კანდიდატი: „ევროპული საქართველოდან“ – ელენე ხოშტარია, „ნაციონალური მოძრაობიდან“ – ზაალ უდუმაშვილი, ხოლო მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახი კალაძე წარმოადგენს.

ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის საკრებულოში ერთადერთი დამოუკიდებელი დეპუტატია. 2014 წლის თვიმმართველობის არჩევნებზე, მან ცენტრალური საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში აჯობა როგორც „ქართული ოცნების“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს.

ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი საგარეო-ეკონომიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი ამბობს, რომ სწორი სტრატეგიის შემთხვევაში, ალექსანდრე ელისაშვილს აქვს შანსი არჩევნების ფავორიტად შერაცხულ სახელისუფლებო კანდიდატს გეგმები სერიოზულად აურიოს: „ალექსანდრე ელისაშვილის გზავნილი არის ასეთი, რომ გავწმინდოთ თბილისი პარტიული და კლანური ინტერესებისგან. ეს არის სწორი, მოთხოვნადი გზავნილი თბილისელი ამომრჩევლისთვის და ამას თბილისი მისცემდა ხმას, მაგრამ კანდიდატმა უნდა შეძლოს ამომრჩევლის დარწმუნება, რომ მას არა მხოლოდ სურვილი აქვს, არამედ რეალურად შეუძლია ამ დაპირების შესრულება. ამ ეტაპზე, მე ვერ ვხედავ, რომ ალექსანდრე ელისაშვილს ამის შესაძლებლობა აქვს. თუმცა, ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტტექნოლოგიებზე. თუ იგი შეძლებს სერიოზული გუნდის ფორმირებას, თუ ამომრჩეველი დაინახავს, რომ ამ გუნდს შეუძლია ქალაქის მართვა ისე, რომ რეალურად გაიყვანოს მერიიდან პარტიული და კლანური ინტერესები, მაშინ კალაძემ შეიძლება წააგოს კიდეც არჩევნები“.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ზუსტ თარიღს და არჩევნების დანიშვნის აქტს აგვისტოს ბოლოს გამოაცხადებს. გადამხდელებს მომავალი არჩევნები 39 011 899 ლარი დაუჯდებათ. აქედან – 28 120 049 ლარი უშუალოდ არჩევნების ჩატარებას მოხმარდება; 7 619 000 – საარჩევნო სუბიექტების დაფინანსებას; 2 242 850 – სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯია, ხოლო 1 030 000 ლარი არჩევნებისათვის ცსკო-ს მოხელეთა გადამზადება დაჯდება.

«Radio Voice of America – Радио Голос Америки» (აშშ), 12 ივლისი, 2017 წელი

https://www.golos-ameriki.ru/a/nc-georgia-aliance-of-patriots-meets-at-duma/3941328.html

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის მიზნით სამუშაო ჯგუფი იქმნება? „პატრიოტების“ მიზნები და ოპოზიციის კრიტიკა

სტატიაში გადმოცემულია საქართველოს პარლამენტის წევრების (პარტია „პატრიოტთა ალიანსიდან“) მოსკოვში ვიზიტი, სახელმწიფო სათათბიროელ კოლეგებთან შეხვედრა და მოლაპარაკების შედეგები (არაფორმალური სამუშაო ჯგუფის შექმნა საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პრობლემების მოგვარების მიზნით), ასევე ქართველი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მიერ გამოთქმული კომენტარები (ავტორი – ნესტან ჩარკვიანი).

პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეების საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ლეონიდ კალაშნიკოვის განცხადებას, რომლის თანახმად, ქართველმა და რუსმა დეპუტატებმა იმსჯელეს რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გამარტივების, საქართველოს დასავლური ორიენტაციის, აგრეთვე საქართველოს კანონის „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი ბარიერია რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ-დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საქმეში.

„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატთა დელეგაციის მოსკოვური ვიზიტი ნეგატიურად იქნა შეფასებული როგორც საპარლამენტო უმრავლესობის (მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“) მიერ, ასევე ოპოზიციის მხრიდანაც. „მეოცნებეების“ განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის პირობებში რაიმე მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, მით უმეტეს, რომ უკვე არსებობს „აბაშიძე-კარასინის შეხვედრების“ და ჟენევის კონსულტაციების ფორმატი. „ნაციონალების“ თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ ნაბიჯი მოღალატურია.  „ევროპული საქართველოს“ წევრები კი მიიჩნევენ, რომ რუსეთთან მოლაპარაკება თბილისის საერთაშორისო პარტნიორების გარეშე საქართველოსთვის წამგებიანი და ზიანის მომტანი იქნება.

როგორც პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ამბობს, მოსკოვში ვიზიტით „პატრიოტებმა“ საქმე რუსეთის დასანახად ისე წარმოაჩინეს, რომ თითქოსდა მოსკოვს მათი სახით საქართველოში საყრდენი აქვთ. ექსპერტმა გაიხსენა, რომ რუსეთის დედაქალაქში ადრეც ბევრი პოლიტიკოსი დადიოდა, პრეზიდენტსაც შეხვდნენ, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ნიკა ჩიტაძემ ეჭვი გამოხატა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატების მოსკოვურ ვოიაჟს შეიძლება სულ სხვა მიზნები აქვს – კერძოდ, ვიზიტი პარტიულ ინტერესებს ემსახურება და ისინი სამომავლო დაფინასებისათვის წყაროებს ეძებენ. „2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „პატრიოტთა ალიანსმა“ მსხვილი ფინანსური შეწირულება მიიღო („ქართული ოცნების“ შემდეგ ყველაზე მეტი) და პარლამენტში მოხვდა. მაშინ ბევრს ეჭვები გაუჩნდა – როგორ მიიღო ამ შედარებით ნაკლებად ცნობილმა პარტიამ ამდენი ფული? სავარაუდოდ, „პატრიოტთა ალიანსის“ მოსვლა ხელისუფლებაში რუსეთს აწყობდა“, – აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ რადიო „ამერიკის ხმის“ რუსული სამსახურის კორესპონდენტთან ინტერვიუში.

ექსპერტ ზაალ ანჯაფარიძის აზრით, რასაკვირველია, საქართველო-რუსეთის დიალოგის არსებობას უპირატესობა აქვს, მაგრამ ბევრი რამ პოლიტიკურ კონტექტსზეცაა დამოკიდებული: „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ-დეპუტატთა შეხვედრებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში რაიმე შედეგი არ ექნება, რადგან ეს პარტია მმართველი ძალა არ არის, პარლამენტში კი მხოლოდ 6 წევრითაა წარმოდგენილი. შესაბამისად, „პატრიოტებს“ არავითარი გავლენა არ აქვთ ქვეყნის საგარეოპოლიტიკურ კურსზე. გარდა ამისა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ სამომავლოდ ხელისუფლებაში მოსვლისა და მთავრობის ჩამოყალიბების პერსპექტივა არ აქვს, ანუ რუსული მხარე „პატრიოტთა“ ვიზიტს და მათ ინიციატივებს სერიოზულად არ უყურებს.

„რუსეთის სათათბიროში არაფორმალური სამუშაო ჯგუფის შექმნა მხოლოდ რუსული მხარისთვისაა მომგებიანი, რათა მოსკოვმა შემდეგ საერთაშორისო არენაზე განაცხადოს – აი, საქართველოსთან საპარლამენტო დონეზეც დიალოგი მიმდინარეობსო. რაც შეეხება თვითონ „პატრიოტებს“, სათათბიროში ვიზიტით ისინი ცდილობენ თავი მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად წარმოაჩინონ. სინამდვილეში კი ყველამ იცის, რომ რუსეთის პოლიტიკა სახელმწიფო სათათბიროში არ იქმნება. ასე რომ, ქართველმა ოპოზიციონერებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და საკუთარ ქვეყანას ზიანი არ უნდა მიაყენონ“, – ამბობს ზაალ ანჯაფარიძე ინტერვიუში.

«Новое время» (აზერბაიჯანი), 12 ივლისი, 2017 წელი

http://www.novoye-vremya.com/w98187/…/#.WWbuUoqQzs0

თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის სამმხრივი კავშირი რეალური ხდება?

აზერბაიჯანი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია, თბილისი ენერგორესურსების ტრანზიტით უზარმაზარ მოგებას იღებს, მაგრამ თან სომხეთთანაც ურთიერთობას აღრმავებს – იმ ქვეყანასთან, რომელსაც აზერბაიჯანის მიწების 20% აქვს ოკუპირებული

სტატიაში საუბარია თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის სამმხრივ პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, რომელიც ახლო პერსპექტივაში შეიძლება „სამმხრივ კავშირად“ გადაიქცეს (ავტორი – არიფ მამედოვი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

მომავალ კვირას, 18-19 ივლისს, ბაქოში თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების – მევლუდ ჩავუშოღლუს, მიხეილ ჯანელიძისა და ელმარ მამედიაროვის შეხვედრა იგეგმება. მხარეებს განზრახული აქვთ განიხილონ რეგიონული პრობლემები, სამმხრივი თანამშრომლობისა და პროექტების რეალიზების საკითხები. ცხადია, მსგავსი შეხვედრები ადრეც გამართულა და არაერთხელ, მაგრამ სხვადასხვა კრიზისული მოვლენების მიმართ საერთო სტრატეგია არ შემუშავებულა. უნდა ვაღიაროთ, რომ ურთიერთნდობა და ურთიერთგაგება თანდათან მოდის, შევედრების გახშირების კვალობაზე. გარდა ეკონომიკური კავშირებისა, მტკიცდება სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობაც.

ორმხრივ აზერბაიჯან-თურქეთის ურთიერთობის ფორმატს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია. ერთმანეთთან უფრო ახლოს მდგომ ქვეყნებს ვერ მოძებნი. აი, სამმხრივ ფორმატში უკვე ყველაფერი სხვანაირად ჩანს. ერთი შეხედვით, თითქოსდა სამივე ქვეყანა ერთი გეოპოლიტიკური ცენტრისაკენ მიილტვიან, მაგრამ ამ ცენტრთან ურთიერთობას თითოეული თავისებურად ხედავს. მაგალითად, აზერბაიჯანი ნატოს ბევრ პროგრამაში მონაწილეობს, მათ შორის სამშვიდობო მისიებშიც, სამიტებს ესწრება და ცდილობს არმიაც კი ნატოურ სტანდარტებს მიუახლოვოს, მაგრამ ოფიციალურ დონეზე ნატოს გაწევრიანების სურვილს არ აცხადებს. თუმცა, კაცმა რომ თქვას, იქ მაინც არავინ არ გვეპატიჟება…

რაც შეეხება საქართველოს, თბილისმა ნატოსაკენ გზა დიდი ხანია გაკვალა და როგორც ექსპერტები ამბობენ, საქართველოს ალინსში გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია.

აი, თურქეთს კი, რომელიც ნატოს წევვრია, თავის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, თანანალიანსელებთან მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არ აქვს. სხვატა შორის, ამ დრეებში ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ თურქეტში მდებარე სამხედრო ბაზა „ინჯირლიყიდან“ თავისი სამხედრო მოსამსახურეების გაყვანა დაიწყო, რაც გერმანია-თურქეთს შორის მიმდინარე მწვავე კრიზისის დადასტურებაა. თურქეთი აშშ-ზეც ნაწყენია – ვაშინტონმა ანკარას უარი უთხრა ტერორისტად შერაცხულ ფეთულა გიულენის გადაცემაზე. გარდა ამისა, რეჯებ ერდოღანს არ ის სიამოვნებს, რომ ამერიკა სირიელ ქურთებს ეხმარება და მხარს უჭერს, იარაღს აწვდის. უფრო უარესი – ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთი ინიციატორია იმისა, რომ ჩრდილოეთ ერაყში რეფერენდუმი ჩატარდეს ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის შესახებ, რაც თურქეთისათვის კატეგორიულად მიუღებელია. ვაშინგტონი ყველანირად ხელს უშლის თურქეთის მცდელობასაც სირიისა და თურქეთის ქურთისტანს შორის ბუფერული ზონის შექმნის მიზნით. პირიქით, ვაშინგტონის მიზანია ქურთების ერთ მუშტად გაერთიანება ანკარის საპირწონედ. ბუნებრივია, ამ გეგმების რეალიზების კვალობაზე აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გართულდება. შესაბამისად, ეჭვქეშ დადგბა ანკარის მოკავშირეობა ნატოს ჩარჩოებში.

აი, ასეთ არასახარბიელო ფონზე ვითარდება სამი ქვეყნის – თურქეთის, საზერბაიჯანის და საქართველოს ურთიერთობა. ცხადია, აქ სომხური ფაქტორიც არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია, ყველა ჩვენი გაზ-ნავთობსადენები საქართველოს ტერიტორიაზე გადის და ეს ქვეყანა აზერბაიჯანული ენერგორესურსების ტრანზიტით უზარმაზარ მოგებას იღებს, საქართველო თავის ურთიერთობას სომხეთთან მაინც აღრმავებს – იმ სომხეთთან, რომელსაც აზერბაიჯანის მიწების 20% აქვს ოკუპირებული. გარდა ამისა, საქართველოში უკვე გაიხსნა ნატოს სასწავლო ცენტრი, რომელიც რუსეთის უკმაყოფილებას იწვევს. ეს კი ხელს უწყობს რეგიონში დაძაბულობის გამწვავებას.

როგორც ვხედავთ, ძნელია გეოპოლიტიკურ მორევში შეხების წერტილების პოვნა სამმხრივი კავშირის სასიცოცხლო ინტერესების უზრუნველსაყოფად… მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია. სამმხრივი კავშირი ხომ უკვე რეალობად იქცა.

«Аргументы и факты» (რუსეთი), 13 ივლისი, 2017 წელი

www.aif.ru/politics/world/pokazuha_i_raspil_byudzheta_svetit_li_ukraine_i_gruzii_vstuplenie_v_nato

„პოკაზუხა“ და ბიუჯეტის განიავება: გაწევრიანდებიან თუ არა ნატოში საქართველო და უკრაინა?

„უკრაინის ხელისუფლებამ ამ კვირაში მოსახლეობას გაახსენა, რომ ძალიან სურთ ნატოში გაწევრიანება: პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ეს თემა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგტან შეხვედრის დროსაც განიხილა, რომელიც კიევში „უკრაინა-ნატოს“ კომისიის სხდომის ჩასატარებლად ჩავიდა“, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – ვიტალი ცეპლიაევი).

როგორია უკრაინის ნატოში გაწევრიანების შანსი? ამ კითხვაზე პასუხისათვის გაზეთის კორეპონდენტმა ექსპერტ კონსტანტინ სივკოვს მიმართა.

- თქვენი აზრით, რა დგას უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე მორიგი აჟიოიტაჟის უკან? მიიღებენ თუ არა უკრაინას ალიანსში ტერიტოტიული პრობლემების – ყირიმისა და დონბასის გათვალისწინებით?

- ჩემი აზრით, უკრაინის მმართველი ელიტა ცდილობს მძიმე სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციასთან დაკავშირებით თავიდან აიცილოს მოსახლეობის აღშფოთება და ნატოსაგან მეტი უსაფრთხოების გარანტია ჰქონდეს, მეტი ფინანსური დახმარება მიიღოს დასავლეთისაგან. თვით ალიანსს კი უკრაინის ტერიტორიიის პლაცდარმად გამოყენება სურს, უკრაინის არმიისა კი – საზარბაზნე ხორცად ნატოს ჯარებისათვის იმ შემთხვევაში, თუ ალიანსი რუსეთში შეჭრას გადაწყვეტს. საერთოდ კი, უკრაინას ნატოში არავინ მიიღებს, უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება ხელსეკრულება გაუფორმონ თანამშრომლობის შაობაზე, რომ გვერდით იყოლიონ. დოკუმენტის მთავარი არსი იქნება ელიტისათვის უსაფრთხოების გარანტია და გარკვეული დაფინანსება. თავის მხრივ, უკრაინა ნატოს უფლებას მისცემს, რომ მის ტერიტორიაზე ჯარები განლაგდეს.

- ამ კვირაში გავრცელდა ცნობა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თითქოსდა აშშ-საგან იარაღის შესყიდვას გეგმავსო – საბჭოურ შეიარაღებას დასავლური სტანდარტების მქონე იარაღით ცვლის, კერძოდ, კალაშნიკოვის ავტომატს – ამერიკული შაშხანით. დაეხმარება თუ არა საქართველოს გადაიარაღება ნატოში გაწევრიანების დაჩქარების საქმეში? აქვე შევნიშნავ, რომ საქართველოსაც ტერიტორიული პრობლემები აქვს…

- ამ თვალსაზრისით საქართველოს მდგომარეობა უკრაინის მდგომარეობისაგან არ განსხვავდება. ავტომატის შაშხანით შეცვლას ნატოში შესვლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.. ჩეხეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის არმიებში დღემდე ჩვენი „კეთილი“ „ტ-72“ ტიპის ტანკები აქვთ და არავინ მათ შეცვლას არ ცქარობს. უფრო მეტსაც გეტყვით: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო მფრინავები ახლაც საბჭოთა „მიგ-29“-ებით დაფრინავენ, რომლებიც მათ დემოკრატიული რესპუბლიკის (გდრ) ეროვნული არმიისაგან მემკვიდრეობად მიიღეს. გადაიარაღება ქართულად – ეს, პირველ რიგში, ბიუჯეტის ქარისთვის გატანებაა, მეორე რიგში კი – ერთგვარი საჩვენებელი აქცია, ე.წ. „პოკაზუხა“. თბილისი ნატოში სრულფასოვანი გაწევრიანებისაგან ისევე შორს დგას, როგორც კიევი. ვფიქრობ, ალიანსს არ სურს საქართველოზე პასუხისმგებლობის აღება.

Comments are closed