«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): „ოცნებამ“ არჩევნების წინ „სისხლი გადაისხა“
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ არიელ კოენთან: „საქართველო ამერიკის საკვანძო მოკავშირეა“
«EurAsiaNet» (აშშ): უკრაინა და საქართველო: ორი კურდღლის მადევარი მიხეილ სააკაშვილი
«КП в Украине» (უკრაინა): მიხეილ სააკაშვილის პარტიას უკრაინულ პოლიტიკაში არანაირი პერსპექტივა არ ექნება
———————-
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 12 სექტემბერი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/georgia-dream-party-list-of-mp/3503197.html
„ოცნებამ“ არჩევნების წინ „სისხლი გადაისხა“
ზაზა წულაძე
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის თითქმის 70 პროცენტით განაახლა საარჩევნო სია – 155 კაციან სიაში მთავარი გამწევი ძალა და პირველი ნომერი, პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია. 2012 წლის არჩევნებზე, „ოცნების“ პირველი ნომერი კახა კალაძე კი ამჯერად სიაში მეორეა – ენერგეტიკის უკვე ყოფილი მინისტრმა და საარჩევნო შტაბის მეთაურმა მმართველ პარტიაში მნიშვნელოვანი პოზიციები შეინარჩუნა, რასაც ვერ ვიტყვით ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და მის გუნდზე: 2016 წლის სიაში მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილი თანაშემწე სავალან მირზოევი მოხვდა.
დაშლილი კოალიციიდან ახალ სიაშია კონსერვატიული პარტიის (ზვიად ძიძიგური), სოციალისტური პარტიის (გია ჟორჟოლიანი), მწვანეთა პარტიის (გია გაჩეჩილაძე) და ქალთა პარტიის (გუგული მაღრაძე) ლიდერები, ასევე მოქმედი პარლამენტის 36 წევრი. მათგან ოთხი (ოქრიაშვილი, მკოიანი, ენუქიძე, ბოლქვაძე), 2012 წლის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ სიით შევიდა, ვალერი გელაშვილი კი “რესპუბლიკური პარტიის” ქვოტით.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მათ არ აშინებთ არჩევნების წინ დიდი რაოდენობით „სისხლის გადასხმა“. პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შიდა სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, „ოცნებას“ ამომრჩევლის დიდი მხარდაჭერა აქვს: “ჩვენ გვაქვს, პროცენტულად, ზუსტად იმხელა მხარდაჭერა, რაც ყველა დანარჩენ პარტიას ერთად აღებულს. სწორედ ამაზე დაყრდნობით ვამბობთ ძალიან ხშირად, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებში შეძლებს ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობის მოპოვებას ანუ ზუსტად იმდენივეს, რასაც აიღებს ყველა დანარჩენი პოლიტიკური გაერთიანება. თუმცა ამით არ შემოიფარგლება ჩვენი ამბიცია, „ოცნების“ ამოცანა გახლავთ, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ მხარდაჭერა და ამისთვის ძალიან აქტიურად ვმუშაობთ.“
თავად „ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რომელიც გიორგი კვირიკაშვილთან და კახა კალაძესთან ერთად პასუხისმგებელი იყო პარტიული სიის ფორმირებაზე, სიაში მესამეა. მმართველი პარტიის სხვა ახალი სახეებიდან აღსანიშნავია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, რომელიც 2013-14 წლებში, პრემიერ ივანიშვილის თანაშემწე იყო; ბიზნესმენები ილია წულაია, კახა კუჭავა და თემურ გოცირიძე; ყოფილი ბიზნესომბუდსმენი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია, სასჯელაღსრულებისა მინისტრის ყოფილი მოადგილეები თამარ ხულორდავა და პაატა მხეიძე; ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინტელექტუალური თამაშის – „რა? სად? როდის?“ ორი ვარსკვლავი – გიორგი მოსიძე და ირინა ფრუიძე, „სოლიდარობის ფონდის“ დირექტორი მარიამ ჯაში და ჯანდაცვის სპეციალისტი აკაკი ზოიძე. სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ოთარ დანელია კი მარტვილი-აბაშაში მაჟორიტარადდ იყრის კენჭს.
„ოცნების“ სიაში კვლავ არიან კინოს, მწერლობის, შოუ ბიზნესისა და სპორტის წარმომადგენლები: ემიგრაციიდან დაბრუნებული პოეტი, როკ ჯგუფ „ვაკის პარკის“ ლიდერი, ყოფილი ალპინისტი (ქაშაკაშვილი), მოჭიდავეები (ხაბარელი, ხაბელოვი, ხუბულური, ვახტანგაძე, თოთლაძე, მეტრეველი, ნავერიანი), რაგბისტები (აბუსერიძე, გეგიძე) და ფეხბურთელები (კობიაშვილი, ყაველაშვილი).
ამის გამო, მმართველი პარტიის სია მკაცრად გააკრიტიკა, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა: „საჭიროა თუ არა პარლამენტში ოდნავ მაინც კვალიფიკაციასთან მიახლოებული პოლიტიკური ძალა? თუ საჭირონი არიან ფეხბურთელები, მომღერლები და კინორეჟისორები? პარლამეტში ძირითადად არის სამუშაო და არა სათამაშო გარემი. ამდენი ფეხბურთელის წინააღმდეგი ვარ ნამდვილად, ადრე პარლამენტში ოლიმპიური ჩემპიონებები მაინც გვყავდა და ახლა საქართველოს წარუმატებელი ნაკრების ფეხბურთელები შემოგვთავაზეს“.
ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვიდან სიაში მოხვდნენ არჩილ ხაბაძე – „ქართუ ბანკის“ ბათუმის ფილიალის ყოფილი მმართველი და აჭარის ავტონომიის ყოფილი თავჯდომარე; გრიგოლ ლილუაშვილი – „ქართუ ბანკის“ ყოფილი დირექტორი და თბილისის მერის მოადგილე; გურამ მაჭარაშვილი – „ქართუს“ იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე; ირაკლი ზარქუა – 2012 წელს “ბანკი ქართუს” დროებითი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; დავით მათიკაშვილი – „ბანკი ქართუს“ სამართლებრივი რეგულირების განყოფილების უფროსი და ბიზნესმენი შოთა შალელაშვილი, რომლისთვისაც 2014 წელს ბიძინა ივანიშვილი ბანკის მიყიდვას გეგმავდა.
ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პერიოდის მთავრობის წევრებიდან „ქართული ოცნების“ სიაშია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, მშენებლობისა და სათბობ-ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი რევაზ არველაძე და გენერალური პროკურატურის საგამოძიები ნაწილის პროკურორი ისკო დასენი, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში მოლდოვის საპატიო კონსული იყო.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 12 სექტემბერი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/georgia-us-key-ally-ariel-cohen/3503572.html
ინტერვიუ არიელ კოენთან: „საქართველო ამერიკის საკვანძო მოკავშირეა
მაია ქვარცხავა
ამერიკელი ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ დასავლეთისთვის და კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველოს მნიშვნელობა თანდათან იზრდება. “საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საკვანძო მნიშვნელობის მოკავშირეა”, – ამბობს ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი არიელ კოენი, რომელსაც „ჰაფინგტონ პოსტში” გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ. პუბლიკაციაში არიელ კოენი აღნიშნავს, რომ რუსეთს და ირანს შორის კავშირების გაღრმავების ფონზე, საქართველო, როგორც სამხრეთ კავკასიის წამყვანი ყვეყანა, დასავლეთისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
„ახლახან პრეზიდენტების – ვლადიმირ პუტინის, ილჰამ ალიევის და ჰასან როჰანის შეხვედრის მოწმე გავხდით. რუსეთი აშკარად ცდილობს, რომ სამხრეთ კავკასიის და კასპიის რეგიონებს საკუთარი ბეჭედი კიდევ ერთხელ დაასვას… გვაქვს უზარმაზარი დესტაბილიზაცია თურქეთში… ეს ყოველივე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს და, მითუმეტეს, საქართველოს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან საქართველო სამეზობლოში ყველაზე პროდასავლური, ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე რეფორმირებული სახელმწიფოა. ამასთან, ეს არის ქვეყანა, რომელსაც ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების გამოკვეთილი მიზანი აქვს, იმის მიუხედავად, თუ რა უნდა რუსეთს, ირანს და ზოგი იტყოდა, თურქეთსაც. ასე რომ, საქართველო ისტორიულად და გეოპოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია… ვაშინგტონში თითქმის 25 წელია ვიმყოფები და მაშფოთებს ის, რომ ახალი თაობის პოლიტიკოსებს, კონგრესის თანამშრომლებს, ახალგაზრდა დიპლომატებს და ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატსაც საქართველო და მისი მნიშვნელობა, შესაძლოა ბოლომდე კარგად არ ესმოდეთ“, – თქვა არიელ კოენმა „ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მანამდე კი, [როგორც ჩვენი მკითხველებისა და მსმენელებისთვისაა ცნობილი], ატლანტიკური საბჭოს კიდევ ერთ უფროს მკვლევარს, საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტს ჯორჯ ბენიტესსაც შევხვდით. მისი აზრით, ამერიკას და საქართველოს შორის ურთიერთობის განმტკიცება ორივე ქვეყნის ინტერესებშია. რაც უფრო სტაბილური და ძლიერი იქნება საქართველო, მით უფრო ძლიერი და სტაბილური გახდება მთელი კავკასიის რეგიონი: „ამერიკამ უნდა გააგრძელოს იმ რეფორმების მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს; გაგრძელდეს თანამშრომლობა სამხედრო სფეროში, რათა არამარტო სამხედრო, არამედ ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა მოხდეს. რაც უფრო ძლიერი და სტაბილური იქნება საქართველო, მით უფრო ძლიერი და სტაბილური გახდება მთელი კავკასია და შავი ზღვის აღმოსავლეთი. ვფიქრობ, ორივე ქვეყანას დაეხმარება, თუკი ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან ურთიერთთანამშრომლობას გააღრმავებს“.
არიელ კოენი თვლის, რომ ამერიკამ საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობა უნდა გააფართოვოს და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მისი მხარდაჭერა კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს.
მაგრამ რა გზებით შეუძლია ვაშინგტონს მოვლენებზე ზემოქმედება?
„ამერიკის შეერთებული შტატები ყველა პრობლემის და ბოლო 8 წლის წინაღობის მიუხედავად, ნატო-ს წამყვანი ქვეყანა, ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოა ევრო-ატლანტიკურ სფეროში და ვიტყოდი მთელ მსოფლიოშიც. იმას, თუ რას იტყვის, ან რას იზამს ამერიკა, დიდი წონა აქვს… შეერთებულ შტატებს რომ გარკვევით ჰქონდეს ჩამოყალიბებული, თუ როგორ მოხდება საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაცია, მითუმეტეს ვიზების ლიბერალიზაციის მნიშვნელოვანი ნაბიჯის ფონზე, ევროპელების დაყოლიება დიდი ალბათობით მოხდებოდა. ერთ რამეს დავამატებდი: ევროპელები რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის გამო უკმაყოფილების გამოხატვის საბაბს ეძებენ, მათ შორის, უკრაინასთან დაკავშირებით. საქართველოსთან უფრო ახლოს მუშაობა ერთ-ერთი ასეთი სიგნალი იქნებოდა. ასევე უკრაინასთან, ყაზახეთთან, უზბეკეთთან, იქ გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით და ზოგადად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პრიორიტეტად მიმაჩნია. ვნახოთ, რა მოხდება 2017 წლის 20 იანვრის შემდეგ“, – აღნიშნავს ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსი.
2017 წლის 20 იანვარი ის დღეა, როცა პრეზიდენტი ბარაკ ობამა თეთრ სახლს დატოვებს და მის ადგილს ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 45-ე პრეზიდენტი დაიკავებს. ბარაკ ობამას შემცვლელის ვინაობა კი სულ ორ თვეში გვეცოდინება.
«EurAsiaNet» (აშშ), 12 სექტემბერი, 2016 წელი
http://www.eurasianet.org/node/80466
უკრაინა და საქართველო: ორი კურდღლის მადევარი მიხეილ სააკაშვილი
პიტერ ზალმაევი
არის ერთი ასეთი ანდაზა: „ორი კურდღლის მადევარი ვერცერთს ვერ დაიჭერსო“. ეს ხატოვანი გამოთქმა პოლიტიკისაც ეხება და თუ დღევანდელ სიტუაციას გავითვალისწინებთ, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილზეა ზედგამოჭრილი, რომელიც, როგორც ცნობილია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ამჟამინდელი გუბერნატორი გახლავთ.
მიხეილ სააკაშვილი მრავალი წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ და არაერთგვაროვან პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენდა ევრაზიის სივრცეში. იგი იყო ისეთი ლიდერი, რომელიც დემოკრატიული მიზნების მიღწევაში ხშირად არადემოკრატიული მეთოდებს იყენებდა. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის პოსტი 2013 წელს დატოვა, ანუ მან მაქსიმალურად გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული ორი ვადით არჩევის უფლება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობა, ფაქტიურად, 2012 წლის 1 ოქტომბერს დასრულდა, როცა მისი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებში [პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან - ბიძინა ივანიშვილის] „ქართულ ოცნებასთან“ ჭიდილში დამარცხდა. პრეზიდენტის სავარძლის დატოვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი საქართველოდან აშშ-ში წავიდა, მოგვიანებით კი, 2014 წელს მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. იმ დროს ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა თავის დასასრულს უახლოვდებოდა, მაგრამ უკრაინაში მომხდარმა მოვლენებმა ყველაფერი შეცვალა: 2015 წელს უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მთელი მსოფლიო გააკვირვა იმით, რომ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა.
ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა კორუფციასთან ბრძოლა დაიწყო (მას აუტსაიდერის როლში ყოფნა არ სურდა), მაგრამ ბევრი პრობლემის წინაშე დადგა. ოდესის ოლქში მექრთამეობას ღრმად ჰქონდა გადგმული ფესვები, ამიტომ ბრძოლა უფრო ძნელი გამოდგა, ვიდრე მშობლიურ საქართველოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის მკაცრმა განცხადებებმა და ავტორიტარული სტილით მუშაობამ გარკვეული ნაყოფი გამოიღო – დაბალ დონეზე კორუფცია საკმაოდ შემცირდა, განსაკუთრებით საგზაო პოლიციის თანამშრომლებში. ამავე დროს მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოყენებულმა მეთოდებმა უარყოფითი გავლენა მოახდინეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაზე, ზოგჯერ კი უხეშად ირღვეოდა სამართლებრივი ნორმებიც.
მიხეილ სააკაშვილმა მალე დაინახა, რომ ბრძოლის მისეული მეთოდები, რომლებსაც იგი სამშობლოში იყენებდა, უკრაინაში, ოდესის ოლქში შედეგს არ იძლეოდა. რასაკვირველია, ის ფაქტი, რომ ექს-პრეზიდენტს ყველაფერი კარგად არ გამოუვიდოდა, შეიძლება იმ ობიექტური მიზეზებით აიხსნას, რომლებიც ოდესის ოლქში არსებული სიტუაციითა განპირობებული: აქ ხომ პოსტსაბჭოთა უკრაინის ვერცერთმა მთავრობამ ვერ შეძლო კორუფციის მოსპობა და ვითარების გამოსწორება…
კორუფციასთან ბრძოლაში წარუმატებლობა გასაგებია, მაგრამ უფრო ძნელად ასახსნელია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ამბიციები როგორც უკრაინაში, რომლის მოქალაქეობა ახლახან მიიღო, ასევე საქართველოშიც, სადაც ამომრჩევლებმა მისი პოლიტიკური ხედვები ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ უკუაგდეს და სადაც მისი ადმინისტრაციის კარგ და ცუდ საქმეებს დღემდე არჩევენ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები რვა ოქტომბერს უნდა ჩატარდეს, უკრაინაში კი დაახლოებით ერთი წლის შემდეგ. ექს-პრეზიდენტი სწორედ ამ ორ კურდღელს დასდევს.
მიხეილ სააკაშვილის პრობლემა (მას საქართველოშიც და უკრაინაშიც ხშირად უბრალოდ მიშას ეძახიან) იმაში გამოიხატება, რომ იგი ორივე ქვეყანაში კარგად არის ცნობილი, მაგრამ მაინცდამაინც პოპულარულ პიროვნებას არ წარმოადგენს. უკრაინაში მიშამ დიდი სკანდალები ატეხა, მაგრამ ოდესის ოლქში რაიმე კონკრეტულ წარმატებებს მაინც ვერ მიაღწია. უფრო მეტიც – გუბერნატორად მისი დანიშვნის ბრძანებას ჯერ მელანი არ შეშრობოდა, რომ მიშამ უფრო მაღალ თანამდებობაზე – თავისი ახალი სამშობლოს პრემიერ-მინისტრობაზე დაიწყო ფიქრი. ამგვარმა [ერთობ გადაჭარბებულმა] ამბიციებმა უკრაინელ ხალხზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის მოქალაქეობა შედარებით მცირე ხნის წინ მიიღო. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრობაზე ოცნებამ მიხეილ სააკაშვილს მტრებიც გაუჩინა იმ ლიდერების სახით, რომლებსაც უკრაინის პოლიტიკურ არენაზე საქმიანობის მასზე უფრო მეტი სტაჟი გააჩნდათ. ნაწილობრივ ეს შეიძლება ავხსნათ მიშას ანტიკორუფციული თავგამოდებით, მაგრამ ისიც ცხადია, რომ მის ბაგეთაგან წამოსული აგრესიული პრეტენზიები და უსაფუძვლო ბრალდებები თვითპიარად აღიქმებოდა და ზოგიერთ მძიმეწონიან, მნიშვნელოვან პიროვნებას აღიზიანებდა.
სულ ახლახან მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქში მომხდარი სკანდალის ფიგურანტი გახდა: ერთ-ერთ სოფელში გოგონა მოკლეს. სოფლის მოსახლეობამ ეჭვი იქვე არსებულ ბოშათა თემზე (ბანაკზე) მიიტანა, რასაც დარბევა მოჰყვა. მიხეილ სააკაშვილმა კი ამ ტრაგიკული ფაქტის კომენტირებისას, იმის ნაცვლად, რომ თვითგასამართლება დაეგმო, როგორც ჩანს, ცეცხლზე ნავთი დაასხა და ბოშები დამნაშავედ შერაცხა. და როცა მიშას ასეთი მოქმედება მასმედიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მათ შორის ამერიკულმა „ფორინ პოლისმა“ არაკორექტულად მიიჩნია, გუბერნატორმა ისინიც გააკრიტიკა და მათ მიკერძოებაში დასდო ბრალი.
მიხეილ სააკაშვილის მოქმედებას თუ დავუკვირდებით, შევამჩნევთ, რომ მას თავისი მიზნების განხორციელება უკრაინაშიც უნდა და იმავდროულად საქართველოშიც, სადაც მას დაბრუნება სურს და ხელისუფლებაში მოსასვლელად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ (ანუ საკუთარს თავსაც) ეხმარება.
საქართველოში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 2012 წლის არჩევნებში ნაგემები მძიმე დამარცხების მიუხედავად, კვლავ მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა აქვს. საპარლამენტო არჩევნებამდე თითზე ჩამოსათვლელი კვირეები დარჩა და როგორც სოციოლოგიური გამოკითხვები მოწმობს, „ნაციონალები“ მმართველი „ქართული ოცნების“ ფეხდაფეხ მიდიან. პარტიის რებრენდინგის ერთ-ერთი ფაქტორი ის გახლავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში წასვლით „ნაციონალებმა“ გარკვეულწილად შეძლეს დისტანცირება ახლო წარსულში ჩადენილი ქმედებისაგან და მოახერხეს მმართველი „ქართულ ოცნების“ პროდასავლურ ალტერნატივად ჩამოყალიბება. ამიტომაც თუ მიშა საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო რბოლაში ჩაბმას გადაწყვეტს (რაც სრულიად შესაძლებელია), ეს ფაქტი იქაურ (ანუ ქართველ) პროდასავლელ ლიბერალებს უხერხულ სიტუაციას შეუქმნის. ამასთან, შესაძლოა მიშას იმედები არ გამართლდეს: ერთი მხრივ, არჩევნებში „ნაციონალების“ სავარაუდო გამარჯვება ის ფაქტორი გახდება, რაც ამომრჩევლებს მეტ-ნაკლებად გადაავიწყებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ეპოქაში ჩადენილ დანაშაულობებს, მაგრამ თუ მიშა დაბრუნდება, მაშინ მოსახლეობისთვის იმ ყველაფრის დავიწყება ძნელი იქნება. მეორე მხრივ, თუ „ნაცმოძრაობა“ მიშას დაუხმარებლად არჩევნებში კარგ შედეგს მიაღწევს, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში ძნელადმისაღწევი გახდება. ორივე მომენტი ექს-პრეზიდენტს ხელს უშლის.
ამასობაში კი უკრაინაში გაჩნდა სიმპტომები იმისა, რომ ოდესის ოლქის გუბერნატორის პოპულარობის დაცემა ყველაზე ქვედა წერტილს უახლოვდება. ანუ შეიძლება ითქვას, რომ გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და მისი შეთავაზებები უკრაინას აღარ ჭირდება.
უკრაინა ძალიან ბევრი რთული პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. მათგან ყველაზე მთავარი რუსული აგრესიაა, რომლის გამოც კიევი ყირიმს ვერ აკონტროლებს, დონბასი კი კონფლიქტის რეგიონად იქცა. არანაკლებ მასშტაბური გამოწვევებია კორუფციასთან ბრძოლა და თანამედროვე ეკონომიკის შექმნა, რაც ყოველი უკრაინელის ინტერესებს ემსახურება. ამ პრობლემების მოგვარება უკრაინის ყოველი მთავრობისათვის ძალიან რთულ ამოცანას წარმოადგენს, ხოლო მიხეილ სააკაშვილის ოდესური „გამოხტომები“ ისედაც რთულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს: მიშას ამბიციები და პოლიტიკური მეთოდები, კერძოდ ის, რომ ვინც მას არ ეთანხმება, იგი ყველას რუსეთის აგენტებს და კრემლის ლაქიებს ეძახის, სრულიადაც არ უწყობს ხელს უკრაინაში პოლიტიკური სიტუაციის დაწყნარებას.
საქართველოში ამომრჩეველს მთელი ათი წელი დაჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ მიხეილ სააკაშვილში – ამ საკმაოდ კოლორიტულ, დრამატულ და აღმაფრთოვანებელ ლიდერში – არასტაბილური და ავტორიტარული მეთოდების მოყვარული პიროვნება იმალებოდა. აშკარაა, რომ უკრაინელ ხალხს და მის ლიდერებს ამისათვის შედარებით ნაკლები დრო დაჭირდებათ.
თუ მიშა მართლაც თავის პოლიტიკურ მემკვიდრეობაზე და საქართველო-უკრაინის კეთილდღეობაზე ზრუნავს, მაშინ მან ორი კურდღლის დევნა უნდა შეწყვიტოს და სხვა გზა აირჩიოს.
«КП в Украине» (უკრაინა), 13 სექტემბერი, 2016 წელი
http://kp.ua/politics/550771-kto-na-novenkykh
მიხეილ სააკაშვილის პარტიას უკრაინულ პოლიტიკაში არანაირი პერსპექტივა არ ექნება
სტატიაში მიმოხილული და გაანალიზებული უკრაინაში პოლიტიკურ ძალთა განლაგება და მათი გააქტიურების პერსპექტივა მიმდინარე შემოდგომასა და ზამთარში. პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის დასახელებულია პარტია „ხვილია“ („ტალღა’), რომელშიც ქართველები მოღვაწეობენ.
ვინ არიან პარტიის ლიდერები:
- უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილეები ვიტალი კასკო და დავით საყვარელიძე, დეპუტატები ვიქტორ ჩუმაკი და ნატალია ნოვაკი. არაოფიციალური ლიდერია აგრეთვე ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი.
პარტიის პოზიციები:
- ორიენტაცია მცირე და საშუალო ბიზნესზე, ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ.
ვინ აფინანსებს:
- ოფიციალური ვერსიის თანახმად, პარტია საზოგადოებრივი შეწირულობით არსებობს, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს თავისი პოლიტპროექტის ნაწილობრივი დაფინანსების შესახებ მოლაპარაკება ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსთან სერგეი ლავოჩკინთან.
დიდ პოლიტიკაში დარჩენის შანსები:
- მიხეილ სააკაშვილსა და მის პოლიტიკურ მოძრაობას ძალიან ხმაურიანი პოლიტიკური სტარტი ჰქონდა, ამჟამად კი პრაქტიკულად სრული სიჩუმე დგას. თუ ასე გაგრძელდება, ყოველი დღე „ხვილიასათვის“ წამგებიანი იქნება. საერთოდ, რა უნდა შეეთავაზებინა ამ პარტიას უკრაინელებისათვის, მიხეილ სააკაშვილის გარდა? არაფერი. და როგორც დრო აჩვენებს, არც მიხეილ სააკაშვილს არ აქვს რაიმე სატრაბახო თავისი მიღწევებში. ბევრი კითხვა იბადება საქართველოში მის მიერ განხორციელებული რეფორმების მიმართაც. ასე რომ, „ხვილიასათვის“ დიდ პოლიტიკაში ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშის პერსპექტივა მიზერულია.