globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 13 სექტემბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Sep 13th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): საქართველომ ახალი ძალის მოლოდინში ჩათვლიმა // ფეხბურთელს და პოლიტიკოსს კახა კალაძეს საარჩევნო „დუელის ხელთათმანი“ ცნობილმა ჟურნალისტებმა გადაუგდეს

«ABC Nyheter» (ნორვეგია): საქართველო: მომლოცველები იოსებ სტალინის მშობლიურ ქალაქში

—–

«Metro-Москва» (რუსეთი): უეჭველია, მიშიკო თავის ცხოვრებას ცუდად დაასრულებს

«Rzeczpospolita» (პოლონეთი): მიხეილ სააკაშვილის გამო შეიძლება პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობა გამწვავდეს, ვლადიმერ პუტინი კი სიამოვნებისაგან ხელებს იფშვნეტს

«Neue Zürcher Zeitung» (შვეიცარია): მიხეილ სააკაშვილი უკრაინას ანტისამთავრობო გამოსვლებისკენ უბიძგებს

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): მიაღწევს თუ არა მიხეილ სააკაშვილი საზღვრის გარღვევის შემდეგ პოლიტიკაში წარმატებას?

«Каспiй» (აზერბაიჯანი): შოუ «a la სააკაშვილი» // ყოფილმა პრეზიდენტმა და გუბერნატორმა თავისი დაპირება შეასრულა

«Новое время» (აზერბაიჯანი): მიხეილ სააკაშვილისა და პეტრო პოროშენკოს ტრიუმფალური კლოუნადა

—————-

«Независимая газета» (რუსეთი), 13 სექტემბერი, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-09-13/5_7072_gruzja.html

საქართველომ ახალი ძალის მოლოდინში ჩათვლიმა

ფეხბურთელს და პოლიტიკოსს კახა კალაძეს საარჩევნო „დუელის ხელთათმანი“ ცნობილმა ჟურნალისტებმა გადაუგდეს

სტატიაში მიმოხილულია საქართველოში დაწყებული საარჩევნო კამპანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევის მიზნით (ავტორი – იური როქსი).

პუბლიკაციაში საუბარია ცენტრალური საარჩევნო კომისიში გამართულ წილისყრაზე, რომლის შედეგად არჩევნებში მონაწილე სუბიექტების ნომრები დადგინდა. ამასთან, იმ პარტიებს, რომლებიც წინა არჩევნებში მეტ-ნაკლებ წარმატებას მიაღწიეს, ძველი ნომრები შეუნარჩუნდათ. არჩევნებში ამჟამად მონაწილეობს 24 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი 1 კანდიდატი.

„ექსპერტები ამ არჩევნებს ყველაზე პროგნოზირებულად მიიჩნევენ. სხვადასხვა გამოკითხვის შედეგების თანახმად, საარჩევნო კამპანიის აშკარა ფავორიტად მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ითვლება. ზოგიერთ რეგიონში მას კონკურენცია შეიძლება „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაუწიოს, რომელიც ბოლო ხანს გამოცოცხლდა თავისი ლიდერის – მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში მოქმედების გამო. შესაძლოა „ქართულ ოცნებას“ მცირე კონკურენცია გაუწიოს „პატრიოტთა ალიანსმაც“, რომელიც აგრესიული კამპანიით გამოდის. დანარჩენებს კი წარმატების მიღწევის მიზერული შანსი აქვთ.

ზუსტი პროგნოზირებულობის მოსაწყენ ფონზე მაინც მოჩანს გარკვეული ინტრიგები, განსაკუთრებით თბილისის მერის სავარძლისათვის ბრძოლაში. „ქართული ოცნების“ კანდიდატს კახა კალაძეს, გამოკითხვების თანახმად, თავისი კონკურენტები კილომეტრზე ჰყავს ჩამოტოვებული. მათგან, ვინც წარსულში ცნობილ ფეხბურთელს „დუელის ხელთათმანი“ გადაუგდო, ჟურნალისტებიც არიან – ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის პოპულარული წამყვანი ზაალ უდუმაშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი, რომელიც ცნობილი მას შემდეგ გახდა, როცა მან 2014 წელს თბილისის ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში ყველასათვის მოულოდნელად გაიმარჯვა.

ფავორიტების მიზანი პირველივე ტურში გამარჯვებაა, მათ კონკურენტებს კი იმედი აქვთ, რომ ელექტორატი უკვე დაიღალა „მეოცნებეებით“ და შესაძლოა კახა კალაძემ ხმების 50% +1 ვერ მიიღოს და თუ მართლაც ასე მოხდება, ამ შემთხვევაში მეორე ტურის მნიშვნელობა იზრდება იმასტან მიმართებით, თუ ვინ დაიკავებს მეორე ადგილს – ზაალ უდუმაშვილი თუ ალექსანდრე ელისაშვილი. ერთ-ერთი ვერსიით, მეორე ტური მხოლოდ ფორმალური იქნება, კახა კალაძე „ქალაქის თავი“ მაინც გახდება: ‘ნაციონალები“ ჯერ კიდევ არაპოპულარულები არიან და მეორე ტურში ზაალ უდუმაშვილს სხვა პარტიები ხმას არ მისცემენ. მაგრამ თუ ალექსანდრე ელისაშვილი გავა, მაშინ უკვე „მეოცნებეების“ წინააღმდეგ განწყობილი ყველა ოპოზიციური პარტია, „ნაციონალების“ ჩათვლით, ალექსანდრე ელისაშვილის ირგვლივ კონსოლიდირებას მოახდენს და კახა კალაძის თბილისის მერად არჩევის შანსი ეჭვქვეშ დადგება. აი, სწორედ მაშინ გამოჩნდება, თუ რამდენი ამომრცეველი ჰყავს სინამდვილეში ყოფილ ვიცე-პრემიერს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ქალაქის თავის“ სავარძლის დასაკუთრება „ქართული ოცნების“ სხვა ცნობილ წარმომადგენლებსაც სურდათ, რაც კულისებში თამაშების შესაძლებლობას ქმნის. ეს ყველაფერი კი კახა კალაძისათვის გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს: მის წინააღმდეგ ფარული მოქმედება შესაძლოა მისსავე თანაპარტიელებმა დაიწყონ – არა პირადი დივიდენდებისათვის, არამედ უფრო შურისძიებისათვის“, – აღნიშნულია სტატიაში.

«ABC Nyheter» (ნორვეგია), 12 სექტემბერი, 2017 წელი

https://www.abcnyheter.no/reise/2017/09/10/195330896/pilegrim-i-stalins-fodeby

საქართველო: მომლოცველები იოსებ სტალინის მშობლიურ ქალაქში

ბიორნ მუხოლდტი

(შემოკლებით)

80 წლის წინათ საბჭოთა დიქტატორმა იოსებ სტალინმა რეპრესიები დაიწყო, რომელიც ისტორიაში „დიდი ტერორის“ სახელით შევიდა. ამასთან დაკავშირებით ნორვეგიელი ტურისტებისთვის საინტერესო იქნება საქართველოში ყოფნისას ქალაქ გორს ეწვიონ. ისინი დარწმუნდებიან, რომ გორსი იოსებ სტალინი ძველებურად გმირად მიაჩნიათ და პატივისცემით მოიხსენიებენ.

საქართველო კავკასიური ქვეყანაა, რომელიც თურქეთსა და რუსეთს შორისაა მოქცეული. როგორც ამბობენ, საქართველო ღვინის სამშობლოა. ძალიან მაღალი გემოვნებითი თვისებებით გამოირჩევიან ქართული კერძებიც. გარდა ამისა, კავკასიის მთები ალპებს კონკურენციას ძალიან იოლად გაუწევენ. ამიტომაც იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმის ნახვა ერთადერთი მიზეზი არ არის, თუ რატომ უნდა გაემგზავროს ნორვეგიელი ტურისტი საქართველოში.

გორი თბილისიდან ერთი საათის სავალზე მდებარეობს. სხვადასხვა მონაცემებით, აქ დაბადებული იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილის (სტალინის) მმართველობის დროს საბჭოთა კავშირში განხორციელებული მკაცრი „წმენდების“ პერიოდში დაახლოებით 15 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. სტალინს ყველგან მტრებს ხედავდა. საინტერესოა გავიხსენოთ, რომ ფაქტიურად სტალინი ითვლება ამ ფრაზის ავტორად – „ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, მილიონებისა კი – სტატისტიკა“. რასაკვირველია, ასეთ რაღაცეებზე მუზეუმში არ ლაპარაკობენ, სამაგიეროდ, თვითონ მუზეუმის შენობის სახე გამცნობს იმას, თუ როგორ პატივს სცემენ გორში იოსებ სტალინს. ბევრი მნახველი იმ მომლოცველს ჰგავს, რომელიც იოსებ სტალინის საქმეებით აღფრთოვანებულია და მისი ყველაფერი მოსწონს. ზოგიერთს ცრემლებიც კი მოსდის, როცა ძლიერი საბჭოთა ბელადის ღარიბულ ქოხს და რკინიგზის ვაგონის ვიწრო კუპეს უყურებს. საერთოდ კი, თუ თქვენ გსურთ სტალინის მუზეუმის ნახვის შემდეგ რაიმე ალტერნატიული გაიგოთ, მაშინ ამ კაცის შესახებ სხვა თანამედროვე მასალებიც უნდა წაიკითხოთ.

საინტერესოა, რომ იოსებ სტალინი რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს, თვით ვლადიმერ პუტინსაც კი უწევს კონკურენციას, რაც დასავლეთში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს.

გორში მდებარე სახლ-მუზეუმის ნახვა თქვენ დაგეხმარებათ იმის გაცნობიერებაში, თუ რას ნიშნავდა იოსებ სტალინი იმ ქვეყნისათვის, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურების საფრთხის წინაშე იდგა. ამ თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ ბელადის სისხლიან მოქმედებას პოლიტიკა განაპირობებდა.

———-

«ABC Nyheter» – ნორვეგიული გამოცემა, დაარსდა 2007 წელს, გაზეთ Next Click-ის საფუძველზე, ოსლოში. მასში ხშირად ქვეყნდება ორიგინალური სტატიები და პარტნიორი გამოცემების პუბლიკაციები.

——————-

«Metro-Москва» (რუსეთი), 13 სექტემბერი, 2017 წელი

https://www.metronews.ru/kolumnisty/vahtang-dzhanashiya/reviews/vahtang-dzhanashiya-hohmy-nashego-maydana-1307896/

უეჭველია, მიშიკო თავის ცხოვრებას ცუდად დაასრულებს

ვახტანგ ჯანაშია

უკრაინული ცირკის ამბები: მიშიკო დაბრუნებულა! და თანაც როგორ – საქართველოს ექს-პრეზიდენტს მესაზღვრეების და პოლიციელების კორდონი გაურღვევია.

უეჭველია, მიშიკო თავის ცხოვრებას ცუდად დაასრულებს, კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანსო, ნათქვამია. საკითხავი მხოლოდ ისაა, რას გააფუჭებს მანამ, სანამ მიასიკვდილებენ?

პირველი, რაც უკრაინაში მისმა დაბრუნებამ აჩვენა, ისაა, რომ უკრაინის პრეზიდენტი უსუსურია. მიშიკოს გაქრობა ჯერ კიდევ საზღვარზე შეიძლებოდა, მაგრამ არცერთი რიგითი მესაზღვრე „ნაჩალნიკების“ გარჩევებში არ ჩარეულა. ისე გამოვიდა, რომ კიევის ხელისუფლება თვითონ გაუწია გამაყრუებელი პიარი ქვეყნის გადამრჩენელი მესიის – მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას. და თუ ლვოვში მყოფ ექს-გუბერნატორს ხელისუფლება არ დააპატიმრებს, მაში პეტრო პოროშენკოს საქმე ძალიან ცუდად წაუვა: მის მიერ დანიშნული გუბერნატორები თავიანთ პრეზიდენტს ჩამოწერენ – როგორ რეალური ძალის არმქონეს.

თვითონ მიშიკო კი ამ ავანტიურაში სულელურად სრულიადაც არ მოქმედებს: სანამ „გარღვევას“ დააპირებდა, მან ვაშინგტონში, ბრიუსელში და სხვა ევროპული დედაქალაქების პოლიტიკოსებში მხარდამჭერები გაიჩინა – დასავლური ისტებლიშმენტის პირველი პირები თუ არა, ისინი, მაინც, რომლებიც ასეთ დელიკატურ პროექტებს ხელმძღვანელობენ. და თუ ეს მართლაც ასეა, პეტრო პოროშენკო, როგორც ჩანს, თითქმის უკვე ჩამოწერილია. ამის კიდევ ერთი დადასტურებაა ის ფაქტი, რომ მიშიკოს საზღვრის „გარღვევისას“ თან იულია ტიმოშენკო ახლდა. ეს ქალი კი ფსონს ტყუილად არავისზე არ დადებს.

კიდევ ერთი გარემოება, რომელსაც არ შეიძლება ყურადღება არ მიექცეს – ეს არის მიხეილ სააკაშვილის კონტაქტები იგორ კოლომოისკისთან, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან უკრაინელ ოლიგარქს წარმოადგენს და ვისაც თავისი „არმია“ ჰყავს. მიხეილ სააკაშვილისათვის, რომელსაც ძალოვანი რესურსი არ აქვს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სხვათა შორის „გარღვევის“ წინ მიხეილ სააკაშვილი იგორ კოლომოისკის შეხვედრია და რაღაცეებზე მოულაპარაკნია.

მიშიკოს შემდგომი მარშრუტი ნათელია: წინ, კიევისაკენ!. რასაკვირველია, გასავლელ ქალაქებში მიტინგებით. კითხვა – მოძებნის თუ არა პეტრო პოროშენკო უკრაინის შიგნით ძლიერ მოკავშირეს, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს მიხეილ სააკაშვილის კიევში დაბრუნებას? შესაძლოა იგი გზაშიც კი მიასიკვდილონ. თუ მიშა კიევში ჩავა, ჩათვალეთ, რომ უკრაინელები ახალი მაიდნის მომზადების მოწმენი გახდებიან. შესაბამისად, ეს იქნება მორიგი უკრაინული  ფარსი, რომლის შესახებაც სიცილის სურვილი უკვე აღარავის ექნება.

——-

«Metro»რუსეთის ყოველდღიური საინფორმაციო გაზეთი, იბეჭდება მოსკოვში 1995 წლიდან, ვრცელდება უფასოდ (მეტროპოლიტენში, საავტომობილო საცობებში და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში). ტირაჟი – 510 ათასი ეგზემპლარი.

«Rzeczpospolita» (პოლონეთი), 12 სექტემბერი, 2017 წელი

http://www.rp.pl/Swiat/309119881-Bielecki-Putin-zaciera-rece.html

მიხეილ სააკაშვილის გამო შეიძლება პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობა გამწვავდეს, ვლადიმერ პუტინი კი სიამოვნებისაგან ხელებს იფშვნეტს

ანჯეი ბელეცკი

(შემოკლებით)

პოლონეთის ხელმძღვანელებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის ურთიერთობა დიდი ხანია დაძაბულია. მაგრამ მიხეილ სააკაშვილის საოცარმა ვოიაჟმა პოლონეთში და მის მიერ ჩვენი მხრიდან უკრაინის საზღვრის გარღვევამ შეიძლება ვარშავისა და კიევის დაპირისპირება ღია ფორმაში გადაიყვანოს.

მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩვენი მეზობლის – უკრაინის პრეზიდენტმა ჩამოართვა. არადა თავის დროზე ევროკავშირისაკენ გზა უკრაინას სწორედ პოლონეთმა გაუკვალა. კიდევ ერთ ჩვენს მოკავშირეს – საქართველოს თავის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნა აქვს გამოცხადებული და უკრაინისაგან მის დაკავება-ექსტრადირებას ითხოვს. ამის მიუხედავად, ჩვენმა ხელისუფლებამ მას პოლონეთის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების ნება მისცა, ჩვენივე საინფორმაციო სააგენტო კი პრეს-კონფრენციის გამართვაში დაეხმარა. მართალია, მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის რომელიმე მაღალჩინოსანს არ შეხვედრია, მაგრამ როგორც ჩვენი ევროპარლამენტარი იაცეკ საირუშ-ვოლსკი ამბობს, პოლონეთის საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრები მიხეილ სააკაშვილის მხარეს არიან. სწორედ მათი მითითებით გაუშვეს ჩვენმა მესაზღვრეებმა მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მიმართულებით. რით დასრულდა ეს ყველაფერი? ქართველ-უკრაინელი პოლიტიკოსის მხარდამჭერებმა საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის ტერიტორიაზე დემონტრაციულად გადაიყვანეს, რასაც სხვაგვარად ვერ შეაფასებ, თუ არა უკრაინის ხელისუფლების სამარცხვინო უსუსურობის გამოვლენას.

სხვათა შორის, ბოლო პერიოდში პოლონეთ-უკრაინის მოკავშირეობა კრიზისს განიცდის და ინგრევა.. ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე ტვის წინათ პოლონეტის მმართველი პარტიის ლიდერმა იაროსლავ კაჩინკიმ პეტრო პოროშენკოს მკაცრად უსაყვედურა – რას აქებთ და ადიდებთ „უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციასო“ (რომლის ლიდერი სტეპან ბანდერა იყო. სხვათა შორის, 1941-42 წლებში ბანდერელებმა ვოლინში, გერმანელების მიერ ოკუპირებულ პოლონეთის ტერიტორიაზე ათი ათასობით პოლონელი დახოცეს. პოლონეთის დღევანდელი ხელისუფლება ამ ფაქტს გენოციდად აფასებს – ს.კ.) ). პეტროს ძალიან სწყენია ასეთი საყვედური და სამაგიეროდ, თავის მხრივ, უარი უთქვამს „ვოლინის ხოცვა-ჟლეტის“ მსხვერპლთა საფლავების ექსგუმაციაზე, რითაც ხაზი გადაუსვა იმედს, რომ ჩვენი რთული ისტორიის საკითხების შესწავლის მიზნით რაიმე შეთანხმება დაიდება.

ძნელია იმის თქმა, რა სარგებლობას მიიღებს პოლონეთი მიხეილ სააკაშვილისათვის გაწეული მხარდაჭერით. ერთი რამ ცხადია: საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და უკრაინის ექს-პრემიერის კავშირი გვაფიქრებინებს ეჭვი შევიტანოთ იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გადამრჩენელი იქნება და რომ იგი უკრაინულ სახელმწიფოს კორუფციის სენისაგან იხსნის. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობის პრობლემების გაღრმავება სასიხარული იქნება ვლადიმერ პუტინისათვის.

——-

«Rzeczpospolita» - პოლონეთის ერთ-ერთი უდიდესი ყოველდღიური გაზეთი, იბეჭდება ვარშავაში 1982 წლიდან. ტირაჟი – 160 ათასი ეგზემპლარი.

«Neue Zürcher Zeitung» (შვეიცარია), 12 სექტემბერი, 2017 წელი

https://www.nzz.ch/international/unerlaubte-einreise-saakaschwili-ruft-zum-aufstand-in-der-ukraine-auf-ld.1315649

მიხეილ სააკაშვილი უკრაინას ანტისამთავრობო გამოსვლებისკენ უბიძგებს

პაულ ფლიუკიგერი

(შემოკლებით)

საქართველოს ექს-პრეზიდენტი და უკრაინის ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილმა ლვოვში ჩასვლისას განაცხადა, რომ მზადაა ხელისუფლების შეცვლისათვის იბრძოლოს. მან იულია ტიმოშენკოსთან და სხვა პროდასავლური ოიპოზიციური პარტიების ლიდერებთან მოლაპარაკება გამართა სამომავლო თანამშრომლობისა და კიევის მთავრობის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობისათვის სტრატეგიის შემუშავების მიზნით.

პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან დაპირისპირების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეობა დაკარგა. ექს-გუბერნატორი საზღვარგარეთ იმყოფებოდა და თუ იგი უკრაინაში შესვლას შეეცდებოდა, იუსტიციის სამინისტრო საქართველოში დეპორტაციით ემუქრებოდა, სადაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. თუმცა საქართველოს ექს-პრეზიდენტი არ შეშინებულა და სკანდალური აქციის შედეგად იგი უკრაინაში დაბრუნდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაქოვი მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლის საქმის აღძვრით დაემუქრა – საზღვრის დარღვევის გამო, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი გააფრთხილა – შენს მოქმედებას პოლიტიკური შედეგები მოჰყვებაო. თავის მხრივ, ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში კანონიერად იმყოფება და იგი ბრძოლას იწყებს.

ასე რომ, უკრაინაში, პირველად მაიდნის ღირსების რევოლუციის შემდეგ, ჩამოყალიბდა სიტუაცია, როცა პროდასავლური ოპოზიციურ პარტიებს კოალიციის შექმნა შეუძლიათ. თუმცა ამ კოალიციაში პოპულისტად შერაცხული იულია ტიმოშენკოს მონაწილეობის გამო უკრაინის სიტუაცია შეიძლება უკიდურესად სახიფათო გახდეს.

——–

«Neue Zürcher Zeitung» – შვეიცარიის მსხვილი გერმანულენოვანი ყოველდღიური გაზეთი. იბეჭდება ქალაქ ციურიხში 1780 წლიდან. ტირაჟი – 160 ათასი ეგზემპლარი.

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 12 სექტემბერი, 2017 წელი

http://ru.rfi.fr/ukraina/20170912-smozhet-li-saakashvili-posle-proryva-granitsy-prorvatsya-v-politiku

მიაღწევს თუ არა მიხეილ სააკაშვილი საზღვრის გარღვევის შემდეგ პოლიტიკაში წარმატებას?

„საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს“ კორესპონდენტი ქსენია გულია უკრაინელ პოლიტოლოგებს საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსპექტივის შესახებ ესაუბრება.

„მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ფაქტი უკრაინაში პოლიტიკურ არასტაბილურობას აძლიერებს. ამით ნათელი გახდა, რომ ხელისუფლება და მისი ინსტიტუტები სუსტია, მათ ვერ შეძლეს ამ დარღვევის თავიდან აცილება. ამასთან, უნდა ითქვას, რომ თვითონ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებისათვის რაიმე მნიშვნელოვან საფრთხეს არ წარმოადგენს. მისი რეიტინგი ძალიან დაბალია. მას არ შეუძლია პრეზიდენტის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენება, არ აქვს უკრაინაში ცხოვრების საკმარისი ცენზი. იმავდროულად შეინიშნება, რომ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ გარკვეული ოპოზიციური ძალები იკრიბებიან. მაგრამ ეს არა იმდენად მიხოს ერთგულების მიზნით, არამედ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ. მიხოს ხელით შექმნილი დესტაბილიზაცია ძალიან აწყობთ იულია ტიმოშენკოს, ანდრეი სადოვოის, ანატოლი გრიცენკოს და სხვებს“, – ამბობს ინტერვიუში პოლიტოლოგი რუსლან ბორტნიკი.

- არსებობს თუ არა იმის შანსი, რომ კიევმა მიხეილ სააკაშვილი დააპატიმროს და თბილისს გადასცეს?

- დღეს გამოკვეთილია ორი საკვანძო სცენარი: პირველი – სიტუაციის ესკალაცია მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებით და მეორე – კონფლიქტის გაყინვის მცდელობა ექს-გუბერნატორის საქმის სასამართლოში გადაცემა-განხილვის მეშვეობით. საზღვრის დარღვევის კვალიფიკაცია შეიძლება მოხდეს როგორც ადმინისტრაციული, ისე სისიხლის სამართლის კოდექსით. ასე რომ, მოსალოდნელია როგორც ჯარიმა, ისევე 10-12 წლიანი პატიმრობაც.

- რა როლს ასრულებს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი რუსეთისათვის?

- რასაკვირველია, რუსეთი ამ ყველაფერს ბოროტი სიამოვნებით უყურებს იმიტომ,რომ კრემლისათვის ორივე – მიხეილ სააკაშვილიც და პეტრო პოროშენკოც ძალიან შხამიან, გამაღიზიანებელ ფიგურებს წარმოადგენენ. მათ შორის მიმდინარე კონფლიქტი მოსკოვში უკრაინის დესტაბილიზაციის ელემენტად მიიჩნევა. რუსეთისათვის ეს ამბები სასიხარულოა.

———

„უკრაინაში არაფერი კატასტროფული არ მოხდება. ხელისუფლება უკვე მიხვდა იმას, რომ ძალიან აკურატულად უნდა იმოქმედოს. რაც შეეხება თვითონ მიხეილ სააკაშვილს, მისი როლი უკვე განსაზღვრულია: იგი ოპოზიციის გამაერთიანებელ ფუნდამენტს ყრის. დღემდე ხელისუფლება ოპოზციონერებს შორის შურსა და უთანხმოებას თესავდა. რასაკვირველია, ქარიზმატული და „ფეხებზემკიდია“ მიხეილ სააკაშვილი მობილიზატორ-მოტივატორის როლს კარგად შეასრულებს როგორც პოლიტიკური პარტიებისათვის, ასევე მოსახლეობისთვისაც. მძიმე სოციალური ფონი ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა“, – ამბობს ინტერვიუში პოლიტოლოგი ვადიმ კარასევი.

- ექნება თუ არა მიხეილ სააკაშვილს დასავლეთის მხარდაჭერა?

- ამ ეტაპზე დასავლეთის ოფიციალურმა წრეებმა ლოდინის ტაქტიკა აირჩიეს. ჯერ-ჯერობით, პეტრო პოროშენკოს საპირწონედ, მიხეილ სააკაშვილისათვის დემონსტრაციული მხარდაჭერა არავის გამოუხატავს. თუ დასავლურ მედიაზე ვილაპარაკებთ, დასავლური მედია სიმპათიებს უფრო მიხეილ სააკაშვილისადმი ამჟღავნებს. ზოგადად, ყველაფერი მოვლენების განვითარებაზე იქნება დამოკიდებული. შეიძლება პეწტრო პოროშენკომ შიდაპოლიტიკური ანტიდენოკრატიული ნაბიჯები რუსეთის წინააღმდეგ მიმართული რიტორიკით გადაფაროს, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. დასავლეთი დაინახავს, რომ ეს მხოლოდ კამუფლიაჟია და ჯერ არაოფიციალურად, შემდეგ კი საჯაროდ მხარს დაუჭერს მიხეილ სააკაშვილსა და მის ირგვლივ შეკრებილ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ევროოპტიმისტებს უწოდებენ.

———

«RFI – Radio France Internationale» - საფრანგეთის საზოგადოებრივი რადიოსადგური, მუშაობს 1931 წლიდან.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 13 სექტემბერი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/news.php?id=67058#.WbioLIqQzs0

შოუ «a la სააკაშვილი»

ექს-გუბერნატორმა თავისი დაპირება შეასრულა

ალი საიდოვი

(შინაარსი)

უკრაინის ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ხელისუფლებამ ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა, ყოველთვის გამოირჩეოდა არაადექვატური ნაბიჯებით და მოქმედებით, მაგრამ ამჯერად უკვე საკუთარ თავსაც კი გადააჭარბა – ნამდვილი შოუ მოაწყო ვოდევილის ელემენტებით და უკრაინის საზღვარი იოლად გაარღვია. უფრო ზუსტად, მას „გარღვევა“ არც კი დაჭირდა, იგი „მშვიდობიანმა ადამიანებმა“ ისე „მშვიდობიანად“ გადაიყვანეს, რომ მმესაზღვრეები არც განძრეულან.

ალბათ, აქ უპრიანი იქნება გავიხსენოთ: უკრაინის ხელისუფლება და პირადად პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ყოველთვის აცხადებდა: მოგვეცით ესა და ეს და ჩვენ მთელ მსოფლიოს გადავაბრუნებთ“. მიხეილ სააკაშვილმა კი თავისებურად გააკეთა: „არაფერი არ მინდა, ვიტყვი და შევასრულებ! თქვა და მართლაც შეასრულა, მან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ უკრაინის ხელისუფლება საზღვარს ვერ აკონტროლებს.

იბადება კითხვა: თუ ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილთან საქმის გამწვავებაზე წავიდა, მაშინ საწიროა მისი სასწრაფოდ დაპატიმრება და საქართველოში დეპორტაცია, ექსტრადირების მიზნით. რატომ იყო საჭირო პოლონეტში მატარებლის გაჩერება განცხადებებით – „ვაგონში არასასურველი პირია და ვერ დავიძვრებითო, თან გვარსაც არ ასახელებდნენ. და საერთოდ, როგორ გააჩერა უკრაინის ხელისუფლებამ მატარებელი პოლონეთის ტერიტორიაზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვს? ან რა საჭირო იყო საზღვარზე „სპეცნაზის“ გადასროლა, თუ კაცის დაჭერის თავი არ გაქვს? მოკლედ, გასაკვირი სიტუაციაა.

ყურადღება მიაქციეთ, როგორ მოქმედებდა თვითონ მიხეილ სააკაშვილი: ჟურნალისტებთან, მხარდამჭერებთან, ცოლ-შვილთან და… უკრაინის ექს-პრემიერთან ერთად. განა მომხდარი ამბები იმაზე არ მიანიშნებს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ერთი ხელის აქნევით უკრაინის საზოგადოება ორად გაჰყო?

კითხვები ძალიან ბევრია, მაგრამ ერთი მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია: რაში ჭირდებოდა პეტრო პოროშენკოს მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე შოუს მოწყობა, რომ ექს-პრეზიდენტმა ანკეტის შევსებისას თითქოსდა დამალაო საქართველოში მისი სისხლის სამართლებრივი დევნის ფაქტი? გამოდის, რომ მთელმა მსოფლიომ იცოდა, უკრაინის პრეზიდენტი კი გაგებაში არ იყო – ჯერ მოქალაქეობა მიანიჭა, შემდეგ ოდესის ოლქის გუბერნატორადაც დანიშნა… სასაცილოა, სატირელი რომ არ იყოს. პეტროს ეგონა, რომ დაფგან მიხოს მოქალაქეობას ჩამოართმევდა, პრობლემას გადაწყვეტდა, მაგრამ ნურას უკაცრავად! მიშა, როგორც ყოველთვის, ყინულმჭრელივით მოქმედებს. მის ირგვლივ უკვე მხარდაჭერის ინფრასტრუქტურა შეიქმნა. არაა გამორიცხული, რომ კიევის მოქმედებამ შესაძლოა დასავლეთის უკმაყოფილება გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლება შეიძლება რუსეთთან გარიგებაზეც კი წავიდეს – არის ამის რისკი.

მოცემულ მომენტში სიტუაცია ასეთია: პეტრო პოროშენკოსა და მის მთავრობას იმდენად ეშინია მიხეილ სააკაშვილისა, რომ მასთან კონტაქტებს ყოველნაირად გაურბიან. თავიანთი ბრიყვული მოქმედებით ისინი ექს-პრეზიდენტს ხელოვნურად უზრდიან რეიტინგს უკრაინულ საზოგადოებაში. არადა, შეიძლებოდა ყველაფერი ელემენტარულად გაკეთებულიყო, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება ხოლმე: მესაზღვრეები პიროვნებას საბუთებს უმოწმებენ და სხვადასხვა მიზეზის გამო უკან აბრუნებენ. ამაში ცუდი და არაბუნებრივი არაფერი არ არის. მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურებმა საქმე გააჭიანურეს, იყოყმანეს და მიხეილ სააკაშვილმაც სიტუაციით ისარგებლა, შოუ მოაწყო და უკრაინის ხელისუფლების იმიჯსაც წყალი შეუყენა, თანაც წყალი რუსეთის წისქვილზეც დაასხა – აი, რა უუნარო ხელისუფლება ჰყავს უკრაინასო.

ისმება კითხვები: რას გააკეთებს ოფიციალური კიევი? დაიჭერს მიხეილ სააკაშვილს და საქართველოს გადასცემს? თუ მასთან მოლაპარაკებას გამართავს და პროცესებს დაამუხრუჭებს?  აშკარაა, რომ ხელისუფლებისთვის არცერთი ვარიანტი უკვე მისაღები არ არის, რადგან ა) დაჭერისათვის დრო ხელიდან გაშვებულია და თუ დაპატიმრებას შეეცდებიან, შეიძლება მაიდანი თუ არა, მნიშვნელოვანი დაპირისპირება მოხდეს; ბ) მოლაპარაკებაზე კიევი არცერთ შემთხვევაში არ წავა, საქმის „დამუხრუჭებაც“ გამორიცხულია. მიხეილ სააკაშვილი კი „ცხენზეა ამხედრებული“ და არ გაჩერდება. უნდა ვივარაუდოთ, რომ მოვლენები სწრაფად განვითარდება.

«Каспiй»აზერბაიჯანის ყოველდღიური რუსულენოვანი გაზეთი, იბეჭდებოდა ბაქოში 1881-1919 წლებში, აღდგა 1999 წელს. ტირაჟი – 10 ათასი ეგზემპლარი.

«Новое время» (აზერბაიჯანი), 12 სექტემბერი, 2017 წელი

http://www.novoye-vremya.com/w105007/…/#.Wbiq6oqQx1s

მიხეილ სააკაშვილისა და პეტრო პოროშენკოს ტრიუმფალური კლოუნადა

„საცირკო წარმოდგენა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა საზღვრის „გარღვევით“ მოაწყო, გრძელდება და ყოველდღიურად ახალ-ახალი პიკანტური დეტალებით ფართოვდება“, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – რ.ველიევი).

პუბლიკაციაში მიმოხილულია უკრაინაში არსებული სიტუაცია, რომელიც საქართველოს ექს-პრეზიდენტის და უკრაინის ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მოქმედებით არის გამოწვეული:  მისი ჩანაფიქრი პოლონეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის მიზნით, სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით და ბოლოს, თვითონ საზღვარზე გადასვლის ფაქტი, რომელსაც რუსეთმა „პოლიტიკური კლოუნადა“ უწოდა.

ავტორი ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე მიხეილ სააკაშვილისა და პეტრო პოროშენკოს ურთიერთდამოკიდებულებაზე, ყოფილი მეგობრების მტრებად გადაქცევაზე, საქართველოს ექს-პრეზიდენტისადმი ამერიკელი მეგობრების მხარდაჭერაზე და სხვა მომენტებზე.

როგორი ბედი ექნება მიხეილ სააკაშვილს?

„ფაქტია, რომ ექს-გუბერნატორმა, რაც არ უნდა თქვას მავანმა, საზღვარი ნამდვილად დაარღვია. ისიც ფაქტია, რომ ყველამ დაინახა უკრაინის ხელისუფლების უსუსურობა: მთავრობას ქვეყნის წმინდათა-წმინდა სიმბოლოს – სახელმწიფო საზღვრის დაცვაც კი არ შეუძლია. რას გააკეთებს პეტრო პოროშენკო – დაიჭერს მიხეილ სააკაშვილს და საქართველოში გაგზავნის? ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. სასაცილოდ ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი და იულია ტიმოშენკო ერთად არიან: ეს ქალბატონი ხომ უკრაინის პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთი კონსტრუქტორია თავისი კორუმპირებული ისტორიებით… საინტერესოა, რამდენი ხნის შემდეგ დაუპირისპირდება მიშა იულკას და მას კორუფციონერს და დამნაშავეს უწოდებს? კიდევ ერთი საკითხია გასარკვევი: როგორ მოხდა, რომ მოქალაქეობაჩამორთმეული და ძალადაკარგული პასპორტით ხელში, მიხეილ სააკაშვილი ასე თავისუფლად დადიოდა ამერიკიდან ევროპის ქვეყნებში? ყველაფერი იმას აჩვენებს, რომ ამ ცირკის უკან დასავლეთი დგას“, – ასკვნის  ავტორი.

——–

«Новое время» – აზერბაიჯანის ყოველდღიური რუსულენოვანი გაზეთი, იბეჭდება ბაქოში 1999 წლიდან. ტირაჟი – 10 ათასი ეგზემპლარი.

Comments are closed