globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 13 ოქტომბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Oct 13th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Евразия – Эксперт» (რუსეთი): საქართველოს რუხი კარდინალი: ბიძინა ივანიშვილი სამუდამოდ?

«Комсомольская правда» (რუსეთი): ლეგენდარული „მილანელი“ ფეხბურთელი ლიბერიის პრეზიდენტი ხდება // კიდევ ერთ „მილანელს“ კი თბილისის მერობა სურს

——————–

«Евразия – Эксперт» (რუსეთი), 13 ოქტომბერი, 2017 წელი
http://eurasia.expert/seryy-kardinal-gruzii-ivanishvili-navsegda/
საქართველოს რუხი კარდინალი: ბიძინა ივანიშვილი სამუდამოდ?

„საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებისათვის ბრძოლა დასრულდა. მართალია, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს, მაგრამ აშკარაა, რომ „აკრძალვის“ გადალახვა საკანონმდებლო ორგანოს არ გაუჭირდება. მოკლედ, საქართველოში კიდევ ერთი, რიგით მეოთხე პერსონალური პოლიტიკური რეჟიმის გაფორმების ეტაპი უკვე გავლილად შეიძლება ჩაითვალოს“, – ნათქვამია სტატიის დასაწყისში. მისი ავტორია ნიკოლაი სილაევი – მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსიტუტუტ/უნივერსიტეტის კავკასიის პრობლემების შემსწავლელი ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

ვრცელ სტატიაში განხილულია ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. ავტორი ყურადღებას ამახვილებს პრეზიდენტისა და „ქართული ოცნების“ დამაარსებელ ბიძინა ივანიშვილის შორის არსებულ დაპირისპირებაზე და ხაზს უსვამს, რომ მილიარდერმა, რომელმაც მორჩილ საპარლამენტო უმრავლესობას პრეზიდენტის უფლებები შეაკვეცინა, გადაწყვიტა საბოლოოდ ისეთი სამართლებრივი გარემო შექმნას, რომელიც მისთვის სამომავლოდ სრული უსაფრთხოების გარანტია იქნება. გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტად აღარ აირჩევენ. შესაბამისად, „ოცნების“ ლიდერმა თავიდან მოიშორა ადამიანი, რომელიც მას ეწინააღმდეგებოდა. ბიძინა ივანიშვილი შეცდომას აღარ დაუშვებს და ქვეყნის მომავალ პრეზიდენტად ისეთ პიროვნებას შეარჩევს, რომელიც ნაკლებად აქტიური და უფრო ლოიალური იქნება.

„ბიძინა ივანიშვილი ისეთ ოლიგარქს წარმოადგენს, რომელსაც საქართველოს მასშტაბით ამოუწურავი ფინანსური რესურსი აქვს. პარტიაში და პარტიის მიღმა არ არსებობს პოლიტიკოსი, რომელიც მას წინ აღუდგება და ბრძოლაში გამოიწვევს. უკვე თითქმის ხუთი წელია ბიძინა ივანიშვილს არანაირი თანამდებობა არ აქვს, საჯაროდაც ძალიან იშვიათად გამოდის, მაგრამ ფაქტია – სახელმწიფოს პრაქტიკულად მილიარდერი ხელმძღვანელობს. ბიძინა ივანიშვილი ძალიან ფრთხილობს საგარეო პოლიტიკის გატარებაში – ცდილობს რუსეთთან ურთიერთობა მაინცდამაინც არ გააფუჭოს, პარალელურად კი აშშ-ის ნაკარნახევი კალაპოტის ჩარჩოებში მოქმედებს. იგი გავლენიან საგარეო ძალებს არანაირ დისკომფორტს არ უქმნის, რომ მათ „ფარული პოლიტიკიდან“ მისი წასვლა მოისურვონ. მოკლედ, ასეთ სიტუაციაში ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მართვა თუ სამუდამოდ არა, ხანგრძლივი დროის მანძილზე ნამდვილად შეუძლია. ჭრელი ქართული ოპოზიცია მშვენივრად ხვდება იმას, ოლიგარქს და მის „ქართულ ოცნებას“ ვერაფრით ვერ შეედრება და ამიტომ ოპოზიციონერთა მცდელობები – წინ აღუდგნენ საკონსტიტუციო ცვლილებების ძალაში შესვლას – უმწეოთა გაბრძოლებას ჰგავს.

უკვე შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ საქართველოში მორიგი პერსონალური რეჟიმი დამყარდა: იყო ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმები, ახლა უკვე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი მტკიცდება.. რა თქმა უნდა, მის დროს ქვეყნის მართვის სისტემა უფრო ლიბერალური გახდა, ხოლო დასავლეთთან და რუსეთთან ურთიერთობები გაუმჯობესდა (თუმცა თბილისი ბოლო ხანებში ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზებას ხელს არ უწყობს).

ისიც ფაქტია, რომ სამი პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან, რომლებმაც ასოცირების შეთანხმება გააფორმეს ევროკავშირთან  და რომლებსაც ოლიგარქები მართავენ  (მოლდოვაში – ვლად პლახოტნიუკი, უკრაინაში – პეტრო პოროშენკო და საქართველოში – ბიძინა ივანიშვილი), ეს უკანასკნელი აღნიშნული სამეულიდან ყველაზე განათლებული და ზომიერია. მაგრამ ამავე დროს დამაფიქრებელია „ევროპული გზის ამრჩევი ქვეყნის“ – საქართველოს მოქალაქეთა დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილისადმი – იგი არ მიუღიათ და არც მიიღებენ თავისიანად „კარგ თბილისურ ოჯახებში“. საქმე იმაშია, რომ დედაქალაქი თავისი დიდი ხნის არისტოკრატული ტრადიციებით (რომელიც საბჭოთა პერიოდშიც გრძელდებოდა, საკმაოდ შეცვლილი სახით), მიჩვეულია ზემოდან უცქიროს პროვინციელებს, გინდაც ისინი მილიარდერები იყვნენ. მადლობა ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილის დამხობისათვის, მაგრამ სამუდამო ხელისუფლებაზე მილიარდერის პრეტენზია მიუღებელია.

კაფეებში უკმაყოფილო ლაპარაკსა და ქართული ოპოზიციის პრაქტიკულ ნაბიჯებს შორის დიდი დისტანციაა. ოპოზიციის მოქმედების შედეგი არ ჩანს. მაგრამ ოპოზიცია ხომ არც 2010 წელს არ ჩანდა, როცა მიხეილ სააკაშვილმა კონსტიტუცია თავის თავზე მოირგო? როცა მან პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერის სავარძელში სამუდამოდ გადაჯდომა მოისურვა? არ გასულა ორიოდე წელი  და ის სავარძელო სულ სხვა ადამიანმა დაიკავა, მიშას  კი მტკვრის მაღალ ნაპირზე აგებული პრეზიდენტის დიდებული სასახლის დატოვება მოუწია.

საქართველო არაა ძლიერი დემოკრატიული ტრადიციებითა და სხვა ინსტიტუტებით, მაგრამ ქართველები სამიდღემჩიო მოწყენილობას (ხელისუფლებას) ვერ ეგუებიან“, – აღნიშნულია პუბლიკაციის დასასრულს.

«Комсомольская правда» (რუსეთი), 13 ოქტომბერი, 2017 წელი

https://www.kp.ru/daily/26743/3771850/

ლეგენდარული „მილანელი“ ფეხბურთელი ჯორჯ ვეა ლიბერიის პრეზიდენტი ხდება, კიდევ ერთ „მილანელს“ კი თბილისის მერობა სურს

„ცნობილი ლიბერიელი სპორტსმენი ჯორჯ ვეა წუთი-წუთზე მშობლიური ქვეყნის პრეზიდენტი გახდება. ხმებს ისევ ითვლიან, მაგრამ უკვე აშკარაა – 51 წლის ლეგენდარული  ფეხბურთელი, იტალიური „მილანის“ ყოფილი მოთამაშე „აფრიკულ ოცნებას“ აისრულებს. იგი მილიონერია, მაგრამ ქველმოქმედების მიზნით ფულის ხარჯვა არ ენანებოდა. ამიტომაც ჯორჯ ვეა სამშობლოში უაღრესად პოპულარული კაცია“, – ნათქვამია სტატიაში, რომელშიც საუბარია სპორტიდან პოლიტიკაში მოსულ ცნობილ ადამიანებზე.

„მსოფლიოში საკმაოდ ბევრია იმის მაგალითი, თუ როგორ იკეთებდნენ კარიერას პოლიტიკაში პროფესიონალი სპორტსმენები. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ასეთი სპორტსმენების მთელი ბლოკი არსებობს, საქართველოში კი „მილანის“ კიდევ ერთი ყოფილი მოთამაშე კახა კალაძე ქვეყნის ვიცე-პრემიერი იყო, ამჟამად კი თბილისის მერის პოსტზე ასარჩევად ემზადება. კიევში ასეთი თანამდებობა მოკრივე ვიტალი კლიჩკოს უკავია. იქნება კიდევ მსოფლიოში რომელიმე სპორტსმენი, ნიგერიელი „მილანელის“ ჯორჯ ვეას მსგავსი, რომელიც პრეზიდენტის პოსტსაც შეეპოტინება? ამას მომავალი გვიჩვენებს…

Comments are closed