globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 13 ნოემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Nov 13th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Foreign Affairs» (აშშ): რუსული „გათიშე და იბატონე“ საქართველოში

«Süddeutsche Zeitung» (გერმანია): საერთაშორისო ტრიბუნალი: ხანმოკლე ომის საშინელება

——————-

«Foreign Affairs» (აშშ), 12 ნოემბერი, 2015 წელი

https://www.foreignaffairs.com/articles/georgia/2015-11-10/divide-and-conquer-georgia

რუსული „გათიშე და იბატონე“ საქართველოში

„საქართველო, რომელიც არასდროს არ გამოირჩეოდა პოლიტიკური სტაბილურობით, კიდევ ერთხელ იძირება ქაოსურ მოვლენებში: ისმის ბრალდებები სახელმწიფო გადატრიალების განზრახვების შესახებ, მასმედიას შეზღუდვები უწესდება, მწვავდება ბრძოლა პარტიებს შორის და ეს ყველაფერი  უხილავი რუსული საფრთხის ფონზე მიმდინარეობს. მოკლედ, ადამიანებს ცუდი წინათგრძნობა ექმნებათ“, – ნათქვამია სტატიაში, რომელშიც ვრცლადაა მიმოხილულ და გაანალიზებული საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე პოლიტიკური პროცესები (ავტორი – მაიკლ ჩეჩირე).

„მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ „რუსთავი-2“-ის წინააღმდეგ დაწყებული ინტრიგა მხოლოდ ნაწილია იმ უფრო მასშტაბური პრობლემისა, რომელიც საქართველოს წინაშე დგას, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოების კვალობაზე. ამ დროს საკვანძო მნიშვნელობას იძენს რუსული გავლენის გაძლიერება“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში. „ქართული ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა და გამარჯვება მოიპოვა შედარებით უფრო ავტორიტარულ პარტია „ერთიან ნაცმოძრაობაზე“, ახლა თავის პოზიციებს ნელ-ნელა თმობს, რასაც ამას წინათ ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებიც მოწმობს – მმართველი კოალიციის რეიტინგი მინიმუმამდე დავარდა. თვით „ნაცმოძრაობა“ კი, რომელიც 2004 წლიდან დასავლეთზე ორიენტირებულ, მაგრამ იმავდროულად არც თუ ისე ლიბერალურ სახელმწიფოს აშენებდა, კვლავ აგრძელებს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს. ამ სიტუაციაში პრორუსული ძალები, პარლამენტის ყოფილი სპიკერის ნინო ბურჯანაძისა და პოპულისტური გამოხტომების მქონე „პატრიოტთა კავშირის“ სახით, ძალას იკრებენ. პრორუსული ორიენტაციის მქონე პარტიები თავიანთი გავლენის გაძლიერების დროს სარგებლობენ ქვეყნის გაჭიანურებული ეკონომიკური კრიზისით და მოსახლეობის იმედგაცრუებით ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. არადა, საქართველო უკვე გადაჭარბებითაც კი აკმაყოფილებს ნატოს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც ბლოკში გაწევრიანების მსურველი ქვეყნისათვისაა დაწესებული. მიუხედავად ამისა, ევროპა წინააღმდეგობას უწევს თბილისის მიღებას ალიანსში და ამის ძირითადი მიზეზი რუსეთის შესაძლო მკაცრ რეაქციაში გამოიხატება.

„ამ სიტუაციაში მოსკოვს ჩაფიქრებული აქვს, რომ თავისი მხარდამჭერები, „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ ხარჯზე, ხელისუფლებაში გაიყვანოს. ეს ორივე პარტია ერთმანეთს ექიშპება და ვერ გრძნობენ, რომ ამგვარი დაპირისპირებით მოსკოვის ანკესზე ეგებიან“, – წერს ავტორი და „რუსული სატყუარის“ ერთ-ერთ მაგალითად სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ რეფერენდუმს ასახელებს, საქართველოს ამ სეპარატისტული რეგიონის რუსეთის ფედერაციაში გაერთიანების მიზნით. „ოქტომბერში ცხინვალს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ეწვია, ადგილობრივ ლიდერებტან შეხვედრის სემდეგ კი რეფერენდუმის ცატარების იდეა გამოცხადდა. რუსეთისათვის სამხრეთ ოსეთის მიერთებას არანაირი აზრი არ აქვს, რადგან მოსკოვი ამ ღარიბი რეგიონის შთანთქმით ძალიან მცირე ეკონომიკურ სარგებელს თუ მიიღებს. გამორიცხულია რაიმე დამატებითი სამხედრო-სტრატეგიული უპირატესობის მოპოვებაც, რადგან ცხინვალში რუსული სამხედრო ბაზა ისედაც არსებობს. მთავარი აქ ისაა, რომ მოსკოვი ანექსიის საფრთხეს კარგად იყენებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და ამით ხელს უწყობს ქვეყანაში შიდაპოლიტიკური  უთანხმოების გაღრმავებას. გარდა ამისა, მსგავსი ქმედებები მიმართულია იქითკენ, რომ ხაზი გაესვას საქართველოს პროდასავლური ორიენტაციის მცდარობასა და უპერსპექტივობას და იმავდროულად მეტი ნდობა შექმნას ანტიდასავლური ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც რუსეთთან მოლაპარაკებისაკენ იხრებიან“, – აღნიშნავს მაიკლ ჩეჩირე და მიუთითებს, რომ სამხრეთ ოსეთის ფაქტორი რუსეთის ანტიქართულ სტრატეგიაში მხოლოდ ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ავტორი კიდევ ერთ ასე ფაქტორად ასახელებს უკრაინულ „ვიკილიქს“-ში ბოლო დროს გავრცელებულ ვიდეომასალებს, რომლებშიც საპყრობილეებში პატიმრების წამებაა ასახული. „ზოგიერთების ვარაუდით, რადგან „ვიკილიქსის“ საიტი რუსულ სერვერზეა განთავსებული, შესაძლოა ეს ყველაფერი რუსეთის პროპაგანდის ნაყოფი იყოს: არაა გამორიცხული, რომ იგივე მეთოდია გამოყენებული, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნების წინ განხორციელდა და რომელმაც „ქართული ოცნების“ გამარჯვება „ნაციონალებზე“ ბევრად განაპირობა“, – ნათქვამია სტატიაში და იქვე ვრცლდაა გადმოცემული აგრეთვე იმავე საიტის მიერ გავრცელებული სატელეფონო საუბრის ჩანაწერები მიხეილ სააკაშვილს, გიგა ბოკერიას და ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის გენდირექტორს გვარამიას შორის, რომლებშიც ისინი ხელისუფლებისადმი წინააღმდეგობის გაწევასა და მის შესაძლო დამხობაზე საუბრობენ. „თავდაპირველად იყო აზრი, რომ ესეც რუსული პროპაგანდამ შეთხზაო, მაგრამ მოგვიანებით აშკარა გახდა, რომ საუბარი მართლაც განხორციელდა და რუსებმა მისი ჩაწერა შეძლეს“, – წერს ავტორი.

პუბლიკაციაში მაიკლ ჩეჩირე დიდ ყურადღებას უთმობს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავას და მკითხველებს ქიბარ ხალვაშის ვინაობას აცნობს, რომლის აღზევება-დაცემა თავდაცვის ექს-მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთანაა დაკავშირებული (გადმოცემულია ყოფილი მინისტრის ბედი: კარიერა, რომელიც პატიმრობით შეიცვალა, შემდეგ პოლიტიკური თავშესაფარი საფრანგეთში…). ქიბარ ხალვაში „რუსთავი-2“-ის მფლობელი იყო, როცა ირაკლი ოქრუაშვილი „ნაციონალების“ მიერ შერისხულ იქნა. შესაბამისად, ბიზნესმენს ტელეკომპანია დაატოვებინეს, ახლა კი იგი ქონების დაბრუნებას (ზარალის ანაზღაურებას) ითხოვს სასამართლოს მეშვეობით. თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი სარჩელი განიხილა და ტელეკომპანიას შეზღუდვები დაუწესა. თავის მხრივ, „რუსთავი-2“ ასეთ ქმედებას ხელისუფლების მხრიდან არასასურველ, კრიტიკულად განწყობილ მასმედიაზე ზეწოლას მიიჩნევს.

მოკლედ, როგორც სტატიის ავტორი წერს, საქართველოში მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ ქართული პოლიტიკური ძალები ისეთ პოლიტიკას ახორციელებნ ერთმანეთის მიმართ, რომელიც წყალს მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს. სიტუაცია ასეთია: მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“, ისარგებლა რა „ნაცმოძრაობის“ მიმართ საზოგადოებაში არსებული სიძულვილით და სატელეფონო საუბრის ჩანაწერებით, შეეცადა მოწინააღმდეგისათვის საბოლოო დარტყმა მიეყენებინა და მისთვის წამყვანი საინფორმაციო საშუალება წაერთმია. თავის მხრივ, „ნაციონალები“ უარს აცხადებენ აღიარონ ის შეცდომები და უკანონო ქმედებები რაც მათ თავის დროზე მათ ხელისუფლებაში ყოფნისას ჩაიდინეს და ახლა, როგორც ჩანს, მზად არიან ძალის გამოყენებისათვის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. აშკარა ხდება, რომ თუ ასე გაგრძელდა, საქართველოს წინ მასშტაბური პოლიტიკური რყევები ელოდება.

„პროტესტები ძლიერდება და სამოქალაქო საზოგადოება მასმედიიაზე ზეწოლის გამო განგაშს სტეხს, ამ სიგიჟეში კი რუსეთის ფარული როლი ყველას დაავიწყდა. არადა, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირება უპირველესად ყველაზე მეტად რუსეთს და თბილისში მოქმედ „კრემლისკაცებს“ აწყობთ“, – აღნიშნავს ავტორი და წერს: „სხვათა სორის, ბოლო წლებში პოლიტიკური კულუარებში ჩამოყალიბდა ისეთი პარტიების წრე, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ სიმპათიებს აშკარად გამოხატავენ და დასავლეთისადმი უარყოფით პოზიციას ამჟღავნებენ. მათ საკმაო პოლიტიკური კონკურენტუნარიანობა აქვთ და ადგილობრივ არცევნებზე 2014 წელს 15%-მდე ხმები მოაგროვეს. ეს პარტიები სოლიდური და დროული ფინანსურ დახმარებას რებულობდნენ. ნინო ბურჯანაძე, რომლის პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ სულ უფრო მეტად იხრება კრემლის „ევრაზიული“ იდეოლოგიისაკენ, რეგულარულად დადის მოსკოვში რუსეთის უმაღლეს პირებთან მოლაპარაკების მიზნით, რაც პატარა საქართველოს ოპოზიციური ლიდერისათვის წარმოუდგენელი დაფასებაა. გარდა ამისა, საყუარდღებოა, რომ ანტიდასავლური „პატრიოტთა კავშირის“ მედიაპლატფორმა – ტელეარხი „ობიექტივი“ ბოლო დროს ძალიან დიდ სარეკლამო შემოსავლებს იღებს დაუდგენელი წყაროებისაგან და არაა გამორიცხული, რომ ამ წყაროებს რუს შუამავლებთან რაღაც კავშირი ჰქონდეთ. ასე რომ, რუსეთის როლს საქართველოს პოლიტიკურ კრიზისში ყურადღება უნდა მიექცეს. მოსკოვი იარარს აჟღარუნებს სამხრეთ ოსეთში, ავრცელებს კომპრომატებს „ნაციონალთა“ მიერ ჩაფიქრებული ინტრიგის შესახებ და ისედაც გაღიზიანებულ „ქართულ ოცნებას“ მათზე თავდასხმისაკენ უბიძგებს. სანამ საქართველოს ძირითადი პარტიები ერთმანეთს „ჭამენ“ და ერთმანეთის დისკრედიტაციით არიან გართულნი, მოსკოვი ცდილობს საფუძველი ჩაუყაროს თავისი მოკავშირებიის სწრაფ პოლიტიკურ აღმასვლას, რომლებიც ამომრჩეველს კონსერვატიულ სოციალურ ფასეულობებს, პოლიტიკურ სტაბილურობას პირდებიან და, შესაძლოა, რომელიმე სეპარატისტული რეგიონის ქვეყნის შემადგენლობაში დაბრუნებასაც. ბუნებრივია, საქართველოს რიგით მოქალაქეებს მსგავსი დაპირებები ძალიან მიმზიდველად ეჩვენებათ.

ამ ეტაპზე დასავლეთის ამოცანა იმაში გამოიხატება, რომ თავიდან იქნეს აცილებული ქართული ვიწროპარტიული პოლიტიკის ჩათრევა რუსული დათვის მიერ დაგებულ ხაფანგში. ასევე აუცილებელია, რომ აღიარებულ იქნეს მოსკოვის მადესტაბილიზებელი როლი [ქართულ პოლიტიკაში]. ამ ბოლო უთანხმოების ციკლმა ქარტველებს თვალი უნდა აუხილოს იმაზე, თუ როგორ ცდილობს რუსეთი საკუთარი ინტერესები განახორციელოს „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის დაწყებული დაპირისპირების ფონზე. 2008 წლიდან ქართველები უკიდურესად ფრთხილად მოქმედებენ, რომ რუსეთთან მორიგი კონფლიქტი არ გამოიწვიონ, ახლა კი პოლიტიკური სიფხიზლის გაორმაგების დროც დადგა, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი საბოლოოდ დაასრულებს იმ პროცესს, რომელიც მოსკოვმა იმ დროს დაიწყო, როცა საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოვიდა“, – წერს მაიკლ ჩეჩირე.

«Süddeutsche Zeitung» (გერმანია), 12 ნოემბერი, 2015 წელი

http://inosmi.ru/world/20151112/231336933.html

http://www.sueddeutsche.de/politik/internationales-strafgericht-das-grauen-eines-kurzen-krieges-1.2732299

საერთაშორისო ტრიბუნალი: ხანმოკლე ომის საშინელება

ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო, პირველად აფრიკის გარეთ, სამხედრო დანაშაულის გამოძიებას დაიწყებს. საკითხი ეხება სამხრეთ ოსეტში 2008 წელს მომხდარ კონფლიქტს, რომელშიც საქართველო და რუსეთის მონაწილეობდა.

სტატიაში განხილულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის ფატუ ბენსუდას ინიციატივა, რომლის თანახმად, მას წინასწარი მოკვლევის შედეგად უკვე გააჩნია საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ დაიწყოს 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში მომხდარი ომის გარემოებათა სრულყოფილი გამოძიება. პრაქტიკულად ეს იმას ნიშნავს, რომ ფატუ ბენსუდას სურს კონკრეტულ დამნაშავეთა ვინაობა დაასახელოს (ავტორი – ფრანკ ნინჰოიზენი).

როგორც გერმანიის ქალაქ გეტინგენის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი კაი ამბოსი ამბობს, ეს არის „დანაშაულის ინდივიდუალიზება კონკრეტული ეჭვმიტანილების არსებობის პირობებში“. მათ რიცხვში შედიან კონფლიქტის სამივე მხარის, ანუ საქართველოს, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები. ამ შემთხვევაში რუსული მხარის წარმომადგენლები მიუწვდომლები არიან იმით, რომ რუსეთის ფედერაცია ჰააგის ტრიბუნალის რომის სტატუტს არ შეერთებია. თუმცა, რადგანაც დანაშაულის ადგილად საქართველო ითვლება, რომელიც ჰააგის ტრიბუნალის წევრია, ეს გარემოება საქმის აღძვრისათვის სრულიად საკმარისია.

თუ სასამართლოს წევრები პროკურორის ინიციატივას მოიწონებენ (თუმცა დღემდე მათ არცერთი სხვა მსგავი ინიციატივაზე უარი არ უთქვამთ), მაშინ მალე დაიწყება მზადება სასამართლო პროცესის ჩასატარებლად, რომელიც იმის იდენტური იქნება, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს კონგოს მოვლენებზე – ტუტსის ტომის შეიარაღებული ფორმირებების მეთაურსა და კოტ-დივუარის პრეზიდენტს შორის.

ქართულმა მხარემ, ქვეყნის მთავრობის მტკიცებით, გამოძიებას უკვე გადასცა მასალები იმ გამოკითხების შესახებ, რომელიც  მოწმობს, რომ ომის გაჩაღებაში დამნაშავედ საპირისპირო მხარე, ანუ რუსეთი ითვლება. თბილისი ასევე მიიჩნევს, რომ დამნაშავეები არიან აგრეთვე სამხრეთ ოსეთის სეპარატისტები, რომელებთაც მხარს მოსკოვი უჭერს. „რა ტქმა უნდა, ჩვენ სასამართლოსთან ვითანამშრომლებთ“, – განაცხადა ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, კონფლიქტის ზონაში მდებარე ტერიტორიაზე, რომელმაც 2008 წელს [რუსეთმა] საქართველოსაგან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა, „ჩვენ მუშაობას ვერ შევძლებთ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ სასამართლო ამას მოახერხებს“. მინისტრისათვის საქმე სრულიად ნათელია: „რაც არ უნდა იყოს, საკითხი მხოლოდ ასე დგას: ოკუპაცია, რუსეთის ჯარების შემოჭრა და ეთნიკური წმენდა. ამჟამად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაახლოებით 400 ათასამდე იძულებით გადაადგილებული პირი [ლტოლვილი] ცხოვრობს. გარდა ამისა, ჩვენს ტერიტორიაზე ორი რუსული სამხედრო ბაზა გაჩნდა“.

თავის მხრივ, რუსეთიც მზადაა ჰააგის ტრიბუნალს დოკუმენტები მიაწოდოს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბისტრიკინმა რამდენიმე კვირის წინ, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის (უნივერსიტეტის)  სტუდენტებთან შეხვედრისას, უკვე განაცხადა, რომ მოსკოვს 500-ტომიანი მასალები აქვს, რომლებთაც ჰააგის სასამართლოს გადასცემს. თუმცა, მისი თქმით, მსოფლიო საზოგადოება დღემდე იგნორირებას უკეთებს რუსული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიების „რამდენიმე სერიოზულ შედეგს“, რომელთა მიხედვით, მოსკოვის აზრით, ქართული არმიის მოქმედება „სამხედრო დანაშაულად“ უნდა იქნეს ჩათვლილი.

ცხადია, რომ ჰააგის ტრიბუნალის მიერ რომელიმე მხარის „ეჭვმიტანილად“ მოხსენიებაც კი ამ უკანასკნელისათვის ერთგვარ „დამღად“ ითვლება. ასევე ნათელია ისიც, რომ ტრიბუნალის გამომძიებლებს აქვთ უფლება – შესაბამისი უფლებამოსილების მიღების შემთხვევაში – იმოქმედონ კონფიდენციალურად, ანუ მათ შეუძლიათ დაპატიმრების ორდერები  ისე გასცენ, რომ ვერავინ გაიგოს. ასეთ შემთხვევაში ის პირი, რომელიც დასაპატიმრებელია, თუ რომელიმე ქვეყნის აეროპორტში გამოჩნდება, მას ისე დაადებენ ხელბორკილებს, რომ არც ეცოდინება, მასზე საერთაშორისო ძებნა თუ იყო გამოცხადებული.

პროკურორის შუამდგომლობის თთანახმად, გამოძიებას ექვემდებარება ის დანაშაულობანი, რომლებიც ჩადენილია 2008 წლის პირველი აგვისტოდან ათ ოქტომბრამდე. სწორედ ამ პერიოდში მიდიოდა ბრძოლები საქართველოსა და რუსეთს შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო. ომის დასრულების (დაზავების) შემდეგ ორივე ქართულმა პროვინციამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რომელიც რუსეთმა დაუყონებლივ აღიარა. ევროკავშირის მიერ შექმნილმა მოვლენათა გამომკვლევმა კომისიამ, ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით, 20098 წლის შემოდგომაზე მომზადებული დასკვნაში ომის გაცაღებაში ქართული მხარე დაადანაშაულა: 2008 წლის 7 აგვისტოს, 23 საათსა და 35 წუთზე, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმას მიხეილ სააკაშვილმა ქართულ არმიას შეტევაზე გადასვლა უბრძანა. თუმცა აქვე ვიტყვით, რომ ჰააგის ტრიბუნალისათვის საკითხის პოლიტიკურ გარემოებებს პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს – ეს ორგანო, პირველ რიგში, დაკავებულია ომის დროს მომხდარი მოვლენებით. ბრალდების არსი მდგომარეობს 51-დან 113-მდე სამოქალაქო პირის დაღუპვაში,  სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენების დროს, რომლებშიც შესაძლოა მონაწილეობას რუსი სამხედრო მოსამსახურეებიც იღებდნენ.

ჰააგის სასამართლოსათვის ეს იქნება ის პირველი ნაბიჯი, რომელიც აფრიკის გარეთ იქნება გადადგმული და რომელსაც მსოფლიო საზოგადოება დიდხანს ელოდა. ტრიბუნალის დაარსებიდან იურისტებს უკვე ჰყავთ სამიზნეზე აყვანილი სამხედრო დანაშაულის ჩამდენი  32 პიროვნება რვა ქვეყნიდან, თუმცა ისინი ყველა აფრიკელები არიან, [ახლა კი მათ, სავარაუდოდ, ევრაზიული სივრციდანაც მიემატებიან].

შესაძლოა ზოგიერთს გაუკვირდეს, რატომ აირჩია პროკურორმა საქართველოში მომხდარი შედარებით მცირე კონფლიქტის გამოსაძიებლად, მაგრამ ტრიბუნალის წესდებით, მას უფლება აქვს თვითონ განსაზღვროს, თუ საით მიმართოს თავისი მოქმედება. ცხადია, ფატუ ბენსუდას შეეძლო სხვა საქმისათვის მოეკიდა ხელი, იურიდიული ბიბლიოთეკები ხომ სავსეა დოკუმენტებით, მაგრამ მისი სტრატეგია თავიდანვე ნათელი იყო: პროკურორს სურს ისეთი სანიმუშო და საჩვენებელი პროცესები გამართოს, რომლებიც შეიარაღებულ ფორმირებათა მეთაურებისათვის მკაფიო სიგნალი იქნება. ასეთი სასამართლო პროცესები უკვე ჩატარდა, მაგალითად, კენიაში მომხდარ ამბებზე, როცა სამხედრო ოპერაციებში ჯარისკაცებად ბავშვებს იყენებდნენ.

იმ შემთხვევაში, თუ ფატუ ბენსუდა საბოლოო არჩევანს საქართველოში მომხდარი ამბების გამოძიების სასარგებლოდ გააკეთებს [მას ჯერ სასამართლოს ნებართვა არ აქვს], მაშინ ამ სიტუაციას უკრაინული პრიზმითაც შეიძლება შევხედოთ, – ამბობს ჰააგის სასამართლოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელიც, სხვათა შორის, ბრალმდებლად არ ითვლება. საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომს მოსკოვის გეგმების რეალიზების ერთგვარ „მოთელვად“ მიიჩნევს, რომელიც რუსეთმა უკრაინის კონფლიქტამდე გგანახორციელა.

თუ რუსეთი დამნაშავედ იქნება აღიარებული, მაშინ ეს ფაქტი სერიოზული მხარდაჭერა იქნება საქართველოსთვის: თბილისს მოსკოვთან ჯერ კიდევ აქვს მწვავე დავა მოსკოვთან სამხრეთ ოსეთის გამო. თავის მხრივ, [სეპარატისტული რეგიონის] ხელმძღვანელობამ ამას წინათ რეფერენდუმის ჩატარების სურვილი განაცხადა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის მიზნით.

Comments are closed